Home რუბრიკები პოლიტიკა რას წერს The Times სააკაშვილის გასაგონად

რას წერს The Times სააკაშვილის გასაგონად

694

ბრიტანულმა The Times-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით „დაე, პუტინი თავად რუსებმა დაამხონ“, რომელშიც ნათლად ჩანს დასავლური პრაგმატული მიდგომა რუსეთისადმი. დასავლეთს სულაც არ სურს საკუთარ თავზე იმ ვალდებულების აღება, რომელსაც ვერა და ვერ ელევა მიხეილ სააკაშვილი. მას ხომ „რუსეთის ჩამოშლისკენ“ მანიაკალური სწრაფვა ჩვევაში გადაუვიდა. ჩვენზე გაცილებით შორს მდებარე სახელმწიფოები ფრთხილობენ, ხოლო სააკაშვილი და მისი რეჟიმი კვლავაც ანტირუსული რიტორიკით ერთობიან.

ბრიტანული The Times-ის მიმომხილველის ვიქტორ სებესტიენის აზრით, დასავლეთი ვერაფრით შეეწევა რუს დემოკრატებს პუტინთან ბრძოლაში. „კიდევაც რომ ვცადოთ, ეს მხოლოდ გაამყარებს მის პოზიციებს, რადგან პუტინი მოხერხებულად ათამაშებს ნაციონალისტურ კარტს“.

ამერიკის შეერთებული შტაების, ევროკავშირისა და რუსეთის მეზობელი სახელმწიფოებისთვის საკითხი ასე დგას: აქვთ თუ არა საფუძველი, ეშინოდეთ პუტინის და მისი პოლიტიკური კურსის? იგი დასავლეთისთვის არ არის ისეთი სახიფათო, როგორც კრემლის ადრინდელი დიქტატორები. „ჩვენ თითქოს მიგვავიწყდა, რომ სულ რაღაც 20 წლის წინ ჩვენი კონტინენტის მესამედი აგრესიული ზესახელმწიფოს 750 ათასი სამხედროს მიერ იყო ოკუპირებული“, – მიუთითებს ავტორი. კომუნისტური რეჟიმის გავრცელების აღკვეთა ცივილიზაციურ შეჯახებას წარმოადგენდა. ამასთანავე, კომუნისტური იდეოლოგია დიდი ხნის განმავლობაში მიმზიდველი იყო, რადგან იდეალიზმს ეყრდნობოდა, თუმცა ექსპერიმენტმა არ გაამართლა.სტატიის ავტორი პუტინს დემოკრატიის ხარისხს უწუნებს, მაგრამ იქვე აღნიშნავს, რომ პუტინი არ არის ისეთი სახიფათო, როგორც მისი წინამორბედები, რადგან „ალტერნატიულ კონცეფციებს არ გვთავაზობს“ და არ ჰგავს „მესიას, რომელიც მსოფლიოს შეცვლას ესწრაფვის“. იგი ძველი სკოლის ავტოკრატია, რომელიც ტრადიციულ ნაციონალიზმს იყენებს და არა იდეოლოგიას. ნავთობისა და გაზის კონტრაქტებით პოტენციური დაშანტაჟება კი „დაპყრობილ ხალხებში“ ტოტალიტარული იდეოლოგიის დამკვიდრებასთან შეუდარებელია.

ავტორის აზრით, რუსეთს დემოკრატიისა და თავისუფალი ბაზრის შანსი ჰქონდა, მაგრამ ელცინმა ის ხელიდან გაუშვა. ბორის ნემცოვმა ობამას მოუწოდა, პუტინისთვის დიქტატორი საჯაროდ ეწოდებინა, მაგრამ დასავლეთის ლიდრები ამაზე ჯერ არ თანხმდებიან. ავტორის შეფასებით, ეს მართებულია, რადგან ამგვარი განცხადებები კონტრპროდუქტიულია. საბჭოთა კავშირი ამერიკას და დასავლეთს არ დაუმარცხებია, არამედ ერთბაშად რამდენიმე შიდა კრიზისმა დაშალა. ავტორს მიაჩნია, რომ პუტინის დამარცხება ეკონომიკურ კრიზისს შეუძლია. „ნებისმიერ შემთხვევაში იგი ხელისუფლებას რუსების მოქმედების წყალობით დაკარგავს, ჩვენ კი დასავლეთში არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია“, – დაასკვნის სებესტიენი.

სამაგიეროდ, „მესია, რომელიც მსოფლიოს შეცვლას ესწრაფვის“, საქართველოში გვყავს. იგი ანაკლიასა და ყულევს შორის ახალი ქალაქის აშენებას გეგმავს, როცა ახალგახსნილ „პლეხანოვზე“ სახურავებში წყალი ჩადის; 2015 წლის გეგმებზე საუბრობს, როცა საპრეზიდენტო ვადა 2013 წელს უმთავრდება; „რუსეთის ჩამოშლას“ წინასწარმეტყველებს, როცა მისი ქვეყნის ტერიტორიის 20% სწორედ იმ რუსეთის ხელშია. იგი პუტინს ეტოლება, რომლის მიმართ სიფრთხილეს ევროპელები და ამერიკელები იჩენენ, რადგან, როგორც სამართლიანად აღნიშნავს The Times-ის მიმომხილველი, მისი ყოფნა ხელისუფლებაში რუსი ხალხის გადასაწყვეტია და არა სააკაშვილისა და მისი თანამოაზრეების.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here