Home რუბრიკები პოლიტიკა სოსო ცისკარიშვილი: რევოლუცია არის იძულებითი ნაბიჯი და არა საზოგადოების არჩევანი

სოსო ცისკარიშვილი: რევოლუცია არის იძულებითი ნაბიჯი და არა საზოგადოების არჩევანი

750

ბოლო პერიოდში ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ ურთიერთობებში განვითარებული პროცესების შეფასება ცნობილ ანალიტიკოსს _ სოსო ცისკარიშვილს ვთხოვეთ.

_ უწინარეს ყოვლისა, თქვენი აზრი მიხეილ სააკაშვილს ყოველდღიური ტელემოვლენების შესახებ, იმ სიტყვაუხვობის მდინარებაზე, რომელიც ელემენტარული წესიერების ჩარჩოების გადალახვასაც არ ერიდება.

_ ჩემი აზრით, ყოველივე, რასაც ტელეეკრანზე ვხედავთ, უპირველეს ყოვლისა, შორს არის იმ მორალური სტანდარტებისგან, რაც უნდა გააჩნდეს ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლებას. საკუთარი დაბნეულობის აგრერიგად გამოვლენა გამოწვეულია იმით, რომ დიახაც ჯერაც ვერ მიუგნიათ ცივილიზებული საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად მისაღები ისეთი ფორმისთვის, რომელმაც შეიძლება ძალაუფლება შეუნარჩუნოს დღევანდელ სახელისუფლო გუნდს. ისინი თანდათან ეჩვევიან საკუთარი თავხედობის გაფართოებას ახალი ჩარჩოების პირობებში, უფრო აგრესიულები ხდებიან და სულ უფრო ნაკლებ ანგარიშს უწევენ როგორც საკუთარი მოქალაქეების, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის აზრს, მათ მოლოდინს, რითაც მხოლოდ ამძაფრებენ იმ გამოწვევებს, რომლებიც ხელისუფლების მიმართ არსებობს ჩვენს ქვეყანაშიც და ქვეყნის გარეთაც._ «თავხედობის ასეთი შეჩვეული გაფართოება», როგორც თქვენ ბრძანეთ, ვითომ შეიძლება იყოს რაიმე კუთხით დადებითი შედეგის მომტანი მათთვის?

_ ასეთ პირობებში გამორიცხულია დადებითი შედეგი როგორც დღევანდელი ხელისუფლებისთვის, ასევე ქვეყნის ავტორიტეტისთვის. «დადებითი შედეგი» შეიძლება დადგეს მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებაზე ორიენტირებული პოლიტიკური გუნდისთვის, რომელიც არად დაგიდევს არც საკუთარ, არც სახელმწიფოებრივ თავმოყვარეობას და ძალაუფლების დაკარგვას ლამის სიცოცხლის დამთავრებად აღიქვამს.

_ ხელისუფლების დაბნეულობის თუ «სიცოცხლის ფასად ძალაუფლების შენარჩუნების» სურვილით გამოწვეულ უნიჭო და, რაც მთავარია, უკანონო ქმედებათა მთელი კასკადი სააკაშვილის პროპაგანდამ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართა, მაგრამ ამ უკანასკნელის მხრიდან ქმედითი რეაქციის გარეშე დატოვება ზოგიერთმა მიმომხილველმა მის სისუსტედ წარმოგვიდგინა, მის სისუსტედ და ხელისუფლების სიძლიერედ, ხალხში ივანიშვილისადმი ნდობა კლებულობსო.

თქვენ რას იტყვით ასეთ პესიმისტურ დასკვნებზე?

_ ჩემი აზრით, უწინარეს ყოვლისა, ასეთ რეაქციას გრძნობს, და საკმაოდ მწვავედაც, თავად ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც დღეს პოლიტიკურ რინგზე იქცევა როგორც ნოკდაუნში მყოფი მოკრივე, უმისამართოდ იქნევს მუშტებს და მოსალოდნელია, საკუთარ ყბაში მოირტყას.

თუ ამ შემთხვევაში სისუსტეზე შეიძლება ლაპარაკი, რა თქმა უნდა, ხელისუფლებაზე ითქმის. ჭკვიანი მოკრივე ნოკდაუნში მყოფის სუმბურულ შეტევებს მოქნილი მანევრირებით იცილებს, რაც მაღალი ტექნიკის მაჩვენებელია, და საჭირო მომენტში ქანცგაწყვეტილ მოწინააღმდეგეს ისეთ ღრმა ნოკაუტში ჩააგდებს, რომ ექიმებს საკაცით მოუწევთ მისი რინგიდან გატანა.

_ ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაწყებული მოძრაობა «დაიპყარი უოლ სტრიტი», რომელიც საპროტესტო აქციების სახით მსოფლიოს დიდ ქალაქებს მოედო, აღიქმება როგორც კაპიტალისტების წინააღმდეგ «ფერადი რევოლუციის» წინამორბედი ქარიშხალას გადაფრენა.

რევოლუცია თუ არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა? დგას ასეთი ალტერნატივა ჩვენს წინაშე?

_ თუ ადამიანებს აქვთ საშუალება, გააკეთონ არჩევანი რევოლუციასა და არჩევნებს შორის, მხოლოდ პროვოკატორები და ექსტრემისტები შეეცდებიან რევოლუციის გზით სიტუაციის შეცვლას. ხოლო როცა რეჟიმი და დიქტატურა არჩევნებს გამორიცხავს, რევოლუცია არის იძულებითი ნაბიჯი და არა საზოგადოების არჩევანი. ასეთ ვითარებაში სხვა კანონები მოქმედებს, რომლებიც საქართველოს პირობებში უფრო მეტ სკეპტიციზმს იწვევს იმის გამო, რომ ჩვენ ვართ მოწმენი, ჩვენ მიერ დიდი აღტკინებით არჩეულმა სამივე პრეზიდენტმა დროზე ადრე როგორ დათმეს საკუთარი სავარძელი.

_ სამივემ?

_ დიახ _ სამივემ, რადგან მიხეილ სააკაშვილი საკონსტიტუციო ვადამდე ერთი წლით ადრე გადადგა და დანიშნა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები. ასეთი არარჩევითობის გზით მოსული ხელისუფლება, რაგინდ დიდი მოლოდინით სარგებლობდეს საზოგადოებაში, ქართული მენტალობის გათვალისწინებით, უმალ იქცევა საკუთარი პოლიტიკური ძალის პრეზიდენტად და არა მთლიანად ქვეყნის.

ეს უნდა გავითვალისწინოთ მაშინ, როცა დგება საკითხი _ არჩევნები თუ რევოლუცია, და შევეცადოთ დავრჩეთ დემოკრატიული ცვლილებების ფორმატში, როცა საქმე ეხება ქვეყნისა და მისი მოსახლეობისთვის მიუღებელი ხელისუფლების შეცვლას.

_ პოლიტიკური პარტიები, მოძრაობები, მათ შორის «სახალხო კრება» გვპირდებოდა ამ შემოდგომისთვის თავიანთი პროგრამების ან სამოქმედო გეგმების გამოქვეყნებას, მაგრამ ეს დაპირებანი პრაქტიკულად შეუსრულებული დარჩა. ამან, ბუნებრივია, მათ ავტორიტეტზე უარყოფითად იმოქმედა.

«ქართული ოცნების» პროგრამის საჯაროდ გამოტანა რომ ჭიანურდება, ხომ არ მოჰყვება ამას მსგავსი იმედგაცრუება თუ არა, უპირობო ნდობის, რაც ახლა ასე საგრძნობია, ხარისხის დაქვეითება?

ხომ არ იკარგება ტემპი?

_ რაიმე ტიპის აჩქარება ბატონ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან იქნებოდა ნაკლებად სერიოზული. თუ ადამიანი, რომელსაც არ გააჩნია საქართველოს მოქალაქეობა, არ დაუფუძნებია პარტია, დაიწყებს საუბარს საკუთარ პოლიტიკურ პარტიაზე და გამოაქვეყნებს რაიმე პროგრამას, ეს შეიძლება ბელეტრისტიკისადმი მიდრეკილებად უფრო ჩაითვალოს, ვიდრე სოლიდურ პოლიტიკურ ნაბიჯად, მითუმეტეს, როცა არჩევნებამდე ჯერ კიდევ საკმაო დროა დარჩენილი.

_ თქვენ კი განმარტეთ დაყოვნების მიზეზი, მაგრამ იგივე ახსნა რომ არ მოდის ბიძინა ივანიშვილის გუნდიდან; ეს იწვევს იმ უარყოფით ლექს, რომლის გამოც დაგისვით შეკითხვა.

_ გეთანხმებით, რომ ძალიან დიდი მოლოდინის გამო, რომელიც საზოგადოებაში გაჩნდა, უწინარეს ყოვლისა, ბიძინა ივანიშვილის მიმართ, მწირად აღიქმება ინფორმაცია, რომელიც მისი შტაბიდან ჩვენამდე აღწევს. ყველა ინტერესის დაკმაყოფილება, რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ, ალბათ, ინფორმირების რაღაც სისტემაა შემოსაღები. არ არის აუცილებელი, რომ ამას ყოველთვის ერთი და იგივე პირი აკეთებდეს. ჩემი აზრით, დასახვეწი და ასაწყობია საზოგადოებასთან ურთიერთობის სისტემატიზაციის ფორმა.

_ ბატონ ბიძინას მიერ თავის «ფეისბუკზე» დაინტერესებული საზოგადოების მიპატიჟება უთუოდ შეიძლება ჩაითვალოს ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯად.

_ რა თქმა უნდა… ბატონ ბიძინას მხოლოდ ერთხელ შევხვდი, მაგრამ საკმაოდ დიდხანს ვისაუბრეთ. იგი უაღრესად მაღალი პასუხისმგებლობის, ანგარიშვალდებულების მქონე ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, ადამიანისა, რომელიც ცდილობს, რომ არსებულ საზოგადოებაში მის მიმართ გაჩენილი მოლოდინები იყოს რეალური და არა ცალკეული ინდივიდის სურვილიდან გამომდინარე, არა ყალბი და ნაუცბათევი.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი კოლეგების მონაყოლით გარკვეული წარმოდგენა მქონდა ბიძინა ივანიშვილზე, პირადი შეხვედრისას ჩემი შთაბეჭდილება მაინც მოულოდნელად პოზიტიური იყო. მას გავარდნილი ჰქონდა მდუმარე მილიარდერის სახელი, მაგრამ ჩემთან საუბრისას (პირველად შევხვდი და ვესაუბრე ნამდვილ მილიარდერს) აშკარა გახდა, რომ იგი თავისუფალი იყო ყოველგვარი კომპლექსებისგან. ჩემი აზრით, ყველა მისი დასკვნა ლოგიკურია, ემყარება რეალობას, არ აქვს მიდრეკილება ფანტაზიით გატაცებისკენ, ახასიათებს თავმდაბლობა, გამოირჩევა დემოკრატიული ურთიერთობით, უდავო სიმპათიით ოჯახის, როგორც საზოგადოების ძირითადი ერთეულის, მიმართ და აქვს მოსმენის მაღალი კულტურა. ამავე დროს, სრულიად მკაფიოდ აყალიბებს საკუთარ აზრს. მთავარი მისი თვისება, როგორც ჩანს, კაცთმოყვარეობაა, ჰუმანიზმი, რის გარეშეც ვერანაირი ქველმოქმედება, რომელსაც იგი საქართველოს მიმართ იჩენს, ვერ იქნებოდა ღვთის მადლით მოსილი.

_ თქვენი ასეთი შეფასება რაღაც არ ემთხვევა ვინმე ნუგზარ წიკლაურისეულ შედარებას «აღზევებულ მდაბიოსთან»…

_ (იცინის) უფ, უფ, უფ… ასეთები ყოველთვის ცდილობენ მიბაძონ საკუთარ ბელადს. თუმცა ერთი რამაა პრობლემური: ნიჭი, რომელიც აქვს სააკაშვილს, სხვა საკითხია, როგორ იყენებს ამ ნიჭს, მის გუნდში ადვილად მოსაძიებელი არ არის. ჭორვილელობა სრულიად არასაკმარისი მახასიათებელია იმისთვის, რომ ადამიანი მოიხსენიო ან ინტელექტუალად, ან მდაბიოდ. ვიდრე ამა თუ იმ ადამიანის კლასიფიცირებას შეუდგები, ჯერ უნდა გააცნობიერო, რომ ნაკითხობა განათლებულობას არ ნიშნავს. რამდენიც გინდა, წიგნის გამოცემაში მიიღო მონაწილეობა და სამსახურეობრივად გევალებოდეს წიგნის კითხვა, თავს განათლებულად ვერ ჩათვლი, თუ ვერ განასხვავებ გონიერებას სიბრიყვისგან, და მზად ხარ, საკუთარი ბრიყვული გამონათქვამებით გამოიწვიო შენ მიმართ ზიზღის ქარიშხალი. წიკლაური სწორედ ასეთი შემთხვევაა.

_ ამავე რიგისაა ხელისუფლებისგან წახალისებული კამპანია, როცა ამ დღეებში ბრიყვნი შეეცადნენ, ლაფი შეესხათ ჩვენი პატრიარქისთვის რუსეთში მისი ვიზიტის გამო.

_ ყველა და ყველაფერი, რაც არ ემორჩილება «ნაციონალური მოძრაობის» ხელმძღვანელის ნებას, არ არის მისი ინტერესების ასპროცენტიანი გამომხატველი, მიუღებელია და ამათ მიერ სააკაშვილის ხელისუფლების საფრთხედაა აღქმული. განსხვავებული პოზიციის მქონეთა მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულება უზნეობაზეა დამყარებული. ხოლო, როცა ადამიანს ზნეობა არ გაწუხებს, როგორც უსინდისობის შემაფერხებელი ფაქტორი, ასეთი გამოხდომები სინდისგარეცხილობად უნდა იქნას შეფასებული. ეს არის მორიგი უსინდისობა, მცდელობა, რომ ჩრდილი მიაყენონ იმ სტრუქტურას, პიროვნებას, იდეას, რომელიც საფრთხეს უქმნის ამათ ძალაუფლებას.

_ ესე იგი, უნდა დავრჩეთ მოლოდინის რეჟიმში?

_ არსებობს მოლოდინი ნებიერი, თავქვეშ მუთაქაამოდებული, და არსებობს მოლოდინი აქტიური, როცა საკუთარ თავსაც ხედავ შემოქმედად იმ მომავლისა, რომლის მოლოდინიც გაქვს.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here