Home რუბრიკები პოლიტიკა რა საფრთხეების შესახებ აფრთხილებდა ალექსანდრე ჭაჭია ყოფილ და მოქმედ ხელისუფლებას?

რა საფრთხეების შესახებ აფრთხილებდა ალექსანდრე ჭაჭია ყოფილ და მოქმედ ხელისუფლებას?

1533

წინამდებარე ინტერვიუ პოლიტოლოგ ალექსანდრე ჭაჭიასთან 2005 წელს ჩაიწერა. მაშინ ჰორიზონტზე არც 2008 წლის აგვისტოს მოვლენები ჩანდა და არც მსოფლიო ფინანსური კრიზისი; მაშინ ხელისუფლება ომახიანად გვპირდებოდა ახალი წლის «მალე» აღნიშვნას ხან ცხინვალში, ხანაც სოხუმში და აზრადაც არ მოსდიოდა, რომ თავადვე გახდებოდა მოვლენათა ტრაგიკული ჯაჭვის ინიციატორი, რასაც საქართველოს ტერიტორიების დამატებით დაკარგვა და აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება მოჰყვა… თუმცა ჩვენი რესპონდენტი ამ საფრთხეებზე, მოსალოდნელ კატასტროფაზე ღიად და მკაფიოდ მიანიშნებდა როგორც ხელისუფლებას, ასევე საზოგადოებას. ექვსი წლის წინანდელ ამ ინტერვიუს მკითხველს უცვლელად ვთავაზობთ. – ბატონო ალექსანდრე, სამწუხარო ფაქტია, მაგრამ დამოუკიდებლად არსებობის მთელი დროის მანძილზე საქართველომ ვერ მოახერხა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების სტაბილიზება და ვერ შეუდგა თანმიმდევრულ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას. ასე არასახარბიელოდ რატომ გამოვირჩევით ყველა სხვა პოსტსაბჭოთა და პოსტსოციალისტური ქვეყნებისგან?

– დიახ, შევარდნაძის მმართველობის დასაწყისიდან დღემდე საქართველო წარმოადგენს დაშლილ, არშემდგარ სახელმწიფოს. ეს განსაზღვრება მეტად სწყინდა ყოფილ ხელისუფლებას, სწყინს დღევანდელსაც, მაგრამ ეს ფაქტია. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე ჩვენ დაშლილი სახელმწიფო ვართ და ეს უდავოა… განა შეიძლება, შემდგარად მიიჩნიო სახელმწიფო, სადაც ხელისუფლების ცვლა მხოლოდ სახელმწიფო გადატრიალების გზით ხორციელდება და, თანაც, უცხოეთიდან ფინანსდება?

თუმცა ყველაზე მთავარი ის არის, რომ საქართველოს პოლიტიკური წრეები დღემდე ვერ აცნობიერებენ ტრაგიზმს იმ მდგომარეობისა, რომელშიც ქვეყანა აღმოჩნდა. ტყუილად კი არ ვაცხადებ სისტემატურად, რომ არც პრეზიდენტი და არც მთავრობა არ წარმოადგენენ საქართველოს პრეზიდენტს და მთავრობას. ისინი არიან საქართველოს მხოლოდ ნაწილის პრეზიდენტი და მთავრობა, რადგან აფხაზეთის გარეშე ქვეყანას არ აქვს უფლება, საქართველოდ იწოდებოდეს, ხოლო მის ხელმძღვანელობას – საქართველოს ხელმძღვანელობა ერქვას. გამსახურდია იყო საქართველოს პირველი და ჯერჯერობით უკანასკნელი პრეზიდენტი.

– ამიტომ დაუდგით მას ძეგლი ზუგდიდში?

– დიახ, და მზადა ვარ, ძეგლი დავუდგა ქვეყნის იმ ლიდერს, რომელიც დაუბრუნებს მას უფლებას, ერქვას საქართველო.

სამწუხაროდ, დღეს ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომელთათვის აფხაზეთი ცოცხალი ტკივილი არ არის. ასაკის გამო მათ ვერ მოასწრეს აფხაზეთის, როგორც საკუთარი სამშობლოს განუყოფელი ნაწილის, აღქმა და გაცნობიერება, ამიტომ ლაპარაკობენ «ტერიტორიების დაბრუნებაზე», არადა, სამშობლოს დაბრუნებაზე უნდა იყოს ლაპარაკი.

რეალობიდან მოწყვეტა, წარსულის არცოდნა, გამოუცდელობა და ზედაპირული განათლება – აი დღევანდელი ხელმძღვანელობის მთავარი ნაკლოვანებანი. ახალგაზრდულ ენთუზიაზმზე, შესაძლებელია, საგრძნობლად გამოაცოცხლო საზოგადოებრივი, თუნდაც ეკონომიკური აქტივობა, წარმატებით გადაწყვიტო რიგი ტაქტიკური ამოცანებისა, მაგრამ ეს მოკლევადიან ეფექტს იძლევა. ქვეყნის რეალური განვითარება მხოლოდ სტრატეგიის საფუძველზე ხდება, ხოლო სტრატეგიის შემუშავებისა და რეალიზაციისთვის საჭიროა სიღრმისეული ცოდნა, თაობათა გამოცდილების გათვალისწინება, ქვეყნისა და ერის ადგილის, როლის, ისტორიული დანიშნულების გაცნობიერება. ახლახან ვუსმენდი ტელევიზიით სოფლის მეურნეობის მინისტრის ანგარიშს ქვეყნის არსებობისათვის ამ უმნიშვნელოვანეს, სასიცოცხლო დარგში არსებული მდგომარეობის შესახებ და უნებლიეთ შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ეს ადამიანები რომელიღაც სხვა ქვეყანაზე, სხვა ეკონომიკაზე, სხვა სოფლის მეურნეობაზე ლაპარაკობდნენ. იგივე შეიძლება ითქვას ყველა სხვა ხელმძღვანელზე, რომლებიც ტელევიზორის ეკრანებიდან თავისი დარგის «არნახულ წარმატებებზე» მოგვითხრობენ. ასე ცრუობდა მრავალი წლის განმავლობაში შევარდნაძე. სამწუხაროდ, ეს პოლიტიკურ ტრადიციად იქცა.

ყოველთვის ვცდილობ, აღვნიშნო დადებითი მომენტები ხელისუფლების საქმიანობაში. მუდამ მაღიზიანებდა ყველა ჯურის ოპოზიციონერის სწრაფვა, ერთიანად, ხელაღებით გაეშავებინათ ყველა და ყველაფერი, სახელმწიფო ხელისუფლების ყველა ნაბიჯში მხოლოდ ცუდი და მავნე დაენახათ. შევარდნაძის მმართველობის დროსაც კი ვცდილობდი, გარკვეულ პროცესებში პოზიტივი დამენახა, რადგან ხშირად ოპოზიციის სწრაფვას, კატეგორიულად უარყოს ხელისუფლების საქმიანობა, იქამდე მივყავართ, რომ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლად იქცევა. შევარდნაძის პერიოდთან შედარებით, დღეს მართლაც არის პოზიტიური მომენტები ხელისუფლების საქმიანობაში, რასაც მივესალმები. შაკმარისია, თბილისის, ბათუმის შეცვლილ იერს შეხედო, გზების მშენებლობას, კორუფციასთან ბრძოლას ქვედა და საშუალო დონეზე და სხვ. მაგრამ ყველა ეს მოვლენა კოსმეტიკური ხასიათისაა და გავლენას ვერ ახდენს ქვეყნის სტრატეგიულ განვითარებაზე, ვერ ცვლის შევარდნაძის დროს დამკვიდრებულ ქვეყნის განვითარების დამღუპველ ვექტორს. დღემდე არ არსებობს ეკონომიკური განვითარების ერთიანი მოდელი, რაც ქვეყანას ეკონომიკური ჩიხიდან გამოიყვანდა. და მთავარი – ხელისუფლების ქმედება არანაირად არ გვაახლოებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემის გადაწყვეტასთან. ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მოგვარებისა და თანამედროვე ეკონომიკური ბაზის ფორმირების გარეშე კი საქართველოს მომავალი არ აქვს.

– ცნობილია, რომ მეორე ევროპულ ფორუმზე მოსკოვში თქვენ – მონაწილეთაგან ერთადერთი – ე. წ. კონფლიქტების მოგვარების კოსოვოს სქემის წინააღმდეგ გამოხვედით. რატომ?

– კოსოვოს სქემა სერბეთის ისტორიულ ტერიტორიაზე მოსული მუსლიმების დამოუკიდებელი ალბანური სახელმწიფოს შექმნას ითვალისწინებს. კოსოვო სერბული მართლმადიდებლური კულტურის აკვანია, სერბი ერის გულია. იქ ეთნიკურად და რელიგიურად უცხო ხალხი დასახლდა, რომელსაც იქვე, გვერდით, საკუთარი სახელმწიფო აქვს, ამერიკელების დახმარებით სერბი მოსახლეობა განდევნა, 200-ზე მეტი მართლმადიდებლური ტაძარი დაანგრია და ახლა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებას მოითხოვს. არ შემიძლია ამ მოთხოვნას დავუჭირო მხარი, პირველყოვლისა იმიტომ, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ, იმიტომ, რომ სერბი და ქართველი ხალხები სულიერი ძმები არიან.

ჩვენ ისედაც სამარცხვინო, მოუშორებელი ლაქა გვადევს: შევარდნაძე იყო პირველი სახელმწიფოთა მეთაურებს შორის, რომელმაც ოფიციალურად დაუჭირა მხარი ნატო-ს ავიაციის მიერ სერბეთის დაბომბვას, რასაც ასობით უდანაშაულო ადამიანი, ათობით ეკლესია და მონასტერი შეეწირა. ხოლო ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ არ დაგმო ამის გამო ედუარდ-გიორგი, ანათემას არ გადასცა იგი.

მეორეს მხრივ, «კოსოვოს სქემის» უნივერსალურობის აღიარება ავტომატურად ნიშნავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამოყოფის უფლების აღიარებას. მეტიც: ეს ანალოგიურ პერსპექტივებს შეუქმნის საქართველოს სხვა რეგიონებსაც, რომლებიც, ძირითადად, მოსული უცხოტომელებით არის დასახლებული. «კოსოვოს სქემა» სახიფათოა ევროპის ბევრი ქვეყნისთვისაც და მის შესახებ ევროპელ მოღვაწეთაგან არაერთი მწვავე შეფასება მომისმენია. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ «კოსოვოს სქემის» უკან ამერიკის შეერთებული შტატები დგას. მას კონკრეტული მიზანი აქვს – მაქსიმალურად დაასუსტოს გაძლიერების გზაზე დამდგარი ევროპა, ამიტომ ქმნიან ევროპის ცენტრში მძლავრ მუსლიმურ ანკლავს დიდი ალბანეთის სახით. ამასთანავე, ანტიმართლმადიდებლური ტენდენციების დაკმაყოფილებაც ხერხდება, რაც მეტად ძლიერია როგორც კათოლიკურ, ისე პროტესტანტულ ქვეყნებში. მაგრამ მთავარი, რა თქმა უნდა, ევროკავშირის დასუსტებაა. სწორედ ამიტომ გაიტანეს თავისი ამერიკელებმა და ევროკავშირში აღმოსავლეთევროპული პოსტსოციალისტური სახელმწიფოები მიაღებინეს. უფრო მეტიც, – იუგოსლავიის დაშლა აიძულებს ევროკავშირს, თავის შემადგენლობაში ყველა ახალი ბალკანური სახელმწიფო მიიღოს. ეს უდავოდ სერიოზულ გავლენას იქონიებს გაერთიანებული ევროპის ეკონომიკაზე, ევროს, როგორც დოლარის კონკურენტის კურსზე, დაძაბულობას შეიტანს წამყვანი ევროპული ქვეყნების საშინაო ცხოვრებაში.

მათ მილიონობით აღმოსავლეთევროპელ მიგრანტთან საკუთარი შრომის ბაზრის გაყოფა მოუწევთ. ამიტომ ევროკავშირის ძირითადი წევრები ყველა ახალი პრეტენდენტისთვის კარის დასაკეტად მზადყოფნას გამოხატავს. მაგალითად, თურქეთის ევროკავშირში მიღების საკითხი, პრაქტიკულად, 10-15 წლით გადაიდო და, ალბათ, არასდროს მოხდება, სხვათა შორის, ანალოგიური ვითარებაა ნატო-შიც. ევროპელებს მკაფიოდ ესმით, რომ ნატო ამერიკის მსოფლიო ჰეგემონობის ინსტრუმენტია. ნატო-ს გაფართოება, არსებითად, ამერიკის შეერთებული შტატების გავლენის გაფართოებას ნიშნავს, ევროპა კი იძულებულია, ამის საფასური იხადოს, ამიტომ ევროპის წამყვან სახელმწიფოებს ნატო-ს გაფართოების პერსპექტივისადმი უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ. მაგალითად, გერმანია, საფრანგეთი, ჰოლანდია კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან საქართველოს ჩართვას «ინტენსიური დიალოგის» პროგრამაშიც კი, ანუ ნატო-სთან ურთიერთობაში საქართველოს ახალ საფეხურზე გადასვლას.

– მაგრამ საქართველოს ხელმძღვანელობა მალე ნატო-ში შესვლას გვპირდება…

– ამ დაპირებას, მრავალი წელია, ვისმენთ. ევროკავშირსაც გვპირდებოდნენ, თუმცა ბოლო დროს აღარ ახსენებენ: მეტისმეტად სასაცილოდ ჟღერს. რაც შეეხება ნატო-ს, ქართველებისთვის მეტად მნიშვნელოვანია, გააცნობიერონ რეალური სურათი. ევროპა არ იწვის ნატო-ს გაფართოებისა და ამით, ფაქტობრივად, ამერიკელთა ინტერესების მომსახურების სურვილით. გარდა ამისა, ევროპა არ არის დაინტერესებული რუსეთთან ურთიერთობის გამწვავებით. ამერიკის შეერთებულ შტატებს, რა თქმა უნდა, შეუძლია აიძულოს ევროპა, ეს ნაბიჯი გადადგას. საქართველოს ნატო-ში შესვლას ყოველმხრივ შეუწყობს ხელს თურქეთი, რადგან ეს თურქეთის შეიარაღებულ ძალებისთვის გახსნის საქართველოს ტერიტორიას, რაც შექმნის ჩრდილოეთ კავკასიაზე პირდაპირი გეოპოლიტიკური გავლენის პერსპექტივას. მაგრამ ნატო-ს ევროპელი წევრები, კიდეც რომ დაეთანხმონ ამერიკისა და თურქეთის მოთხოვნას, ყოველ მიზეზგარეშე წამოაყენებენ უმთავრეს მოთხოვნას – ნატო-ს წესდების მკაცრ დაცვას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნატო-ს წევრ ქვეყანას ტერიტორიული პრობლემები არ უნდა ჰქონდეს.

აშშ, ისევე, როგორც მთელი მსოფლიო თანამეგობრობა, დაჟინებით მოითხოვს ჩვენი კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას, მაგრამ მშვიდობიანი მოგვარება შეუძლებელია ამ პროცესში რუსეთის დაინტერესებული მონაწილეობის გარეშე. რუსეთი კი ამაში მონაწილეობას არ მიიღებს, ვინაიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ჩვენთვის დაბრუნება ამ ტერიტორიის ნატო-ს კონტროლის ქვეშ გადაცემას ნიშნავს, რადგან საქართველოს ხელმძღვანელობა არ იღებს საკუთარ თავზე ვალდებულებას, არ განათავსოს თავის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზები. ნატო-ს კატეგორიული წინააღმდეგია, აგრეთვე, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობაც.

რა და რისთვის უნდათ ამერიკელებს საქართველოში? ამერიკას სჭირდება ნატო-ს ეგიდით საქართველოში თურქული სამხედრო ბაზის განლაგების შესაძლებლობა იმ მიზნით, რომ გააძლიეროს დაძაბულობა რუსეთის სამხრეთ საზღვრებზე; მეორეც – მთლიანად აკონტროლოს ნავთობ და გაზსადენები; მესამე – ირანთან სამხედრო მოქმედების გაშლის შემთხვევაში, გამოიყენოს ქართული სამხედრო აეროდრომები, რომელთაც, უკვე კარგა ხანია, თურქები აკონტროლებენ. ამ ამოცანების გადასაჭრელად არც აფხაზეთი, არც სამხრეთ ოსეთი საჭირო არ არის.

ამიტომ ძალიან მაწუხებს, თუ როგორ აპირებს საქართველოს ხელმძღვანელობა ნატო-ში შესვლის საკითხის მოგვარებას, უფრო სწორად, რა პირობებს უკარნახებს მას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი. ძალიან მაფიქრებს, რომ სოხუმში ყოფნისას აშშ-ის ელჩმა ტეფტმა მოიწონა და პროგრესული უწოდა კონფლიქტის მოგვარების აფხაზურ გეგმას, რომელიც შემდეგ თბილისში სერგეი შამბამ ჩამოიტანა. გეგმის პირველივე პუნქტი აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას ითვალისწინებს. მაშ, ვისთვის არის ეს გეგმა პროგრესული? არ გამიკვირდება, თუ სააკაშვილის ვაშინგტონში ვიზიტის შემდეგ გოგო-ბიჭები არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, ე. წ. დემოკრატიული საზოგადოებრიობის წარმომადგენლები დაიწყებენ «რუსთავი 2»-ის ეთერში გამოსვლებს ნატო-ში ნებისმიერ, თუნდაც სადავო ტერიტორიებზე დროებით უარის თქმის, ფასად შესვლის შესახებ, რომელთაც შემდეგ ნატო აუცილებლად დაგვიბრუნებს. წლის ბოლოსთვის კოსოვოს პრობლემაც ამერიკული სცენარით გადაწყდება. ასე რომ, «მსოფლიო თანამეგობრობა» ტერიტორიული დავის «ცივილიზებული გადაწყვეტის» რეალურ პრეცენდენტზე ლაპარაკს შეძლებს. ქართველი დემოკრატები კი, როგორც ცნობილია, ყველაზე უფრო ცივილიზებულნი არიან…

ძალზე სახიფათოა, რომ რუსულ პოლიტიკურ წრეებშიც მატულობს კოსოვოს სცენარის მხარდაჭერა კონფლიქტების მოგვარებაში. არსებობენ ძალიან გავლენიანი ადამიანები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ საქართველო უნდა გაიყოს, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი კი მათი გავლენის ქვეშ დარჩეს. მეც და ჩემი ბევრი მეგობარი ვცდილობთ, დავარწმუნოთ რუსი პოლიტიკოსები, რომ აფხაზეთის მოწყვეტა დანარჩენი საქართველოსგან ვერ გადაწყვეტს რუსეთის სამხრეთის სტრატეგიული უსაფრთხოების პრობლემას. თურქეთის ხელისუფლების გახშირებული კონტაქტები აფხაზეთთან, პირდაპირი მიმოსვლის აქტივიზაციის სურვილი მეტყველებს თურქეთის განსაკუთრებულ ინტერესზე ამ რეგიონის მიმართ. უეჭველია ისიც, რომ დამოუკიდებელი აფხაზეთი სერიოზულ სტიმულად იქცევა ჩრდილოეთ კავკასიის გაერთიანების პროცესისთვის ამ რეგიონის შემდგომი სეპარატიზაციის მიმართულებით, რაც, დიდი ხანია, თურქეთის პოლიტიკური ისტებლიშმენტის სტრატეგიულ გეგმებში შედის. მაგრამ ყველა ეს არგუმენტი – ნატო-სკენ სწრაფვასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების მანიაკალური განცხადებების ფონზე – ყოველგვარ ძალასა და დამაჯერებლობას კარგავს. თუ რუსეთი და შეერთებული შტატები საქართველოს გაყოფაზე მოილაპარაკებენ, ეს დიდი უბედურება იქნება.

– სააკაშვილისა და პუტინის პეტერბურგში შემდგარმა შეხვედრამ ვერანაირად ვერ იმოქმედა რუსულ-ქართული ურთიერთობების ხასიათზე?

– ვერ იმოქმედა და ვერც იმოქმედებდა. მაოცებს, როგორ შეიძლებოდა ამ შესაძლებლობის გამოუყენებლობა. შეხვედრა აბსოლუტურად მოუმზადებელი იყო. ასეთი რამ იშვიათია სახელმწიფოთაშორის ურთიერთობათა პრაქტიკაში. მე ვიცი, რომ საქართველოს საელჩო რუსეთში, დიპლომატიური სამუშაოს გარდა, ყველაფრით არის დაკავებული, მაგრამ გაუგებარია, რას აკეთებს საგარეო საქმეთა სამინისტრო და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

ნათელია, რომ სერიოზული შეთანხმებისთვის ბაზად შეიძლება გამოდგეს მხოლოდ საქართველოს თანხმობა, რუსეთ-საქართველოს ჩარჩო ხელშეკრულებაში ჩაიდოს ქართული მხარის ვალდებულება იმის შესახებ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სამხედრო კონტინგენტები არ განთავსდება. ამგვარი საერთაშორისო ვალდებულების გარეშე აფხაზეთისა და ოსეთის პრობლემა ვერ მოგვარდება. ისიც ნათელია, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა ამაზე ვერ წავა, რადგან ეს, ასე ვთქვათ, ამერიკული კომპეტენციის საკითხია. რა თქმა უნდა, საწყენია, რომ საქართველო ფორმალური დამოუკიდებლობის 15 წლის თავზეც ვერ გახდა საერთაშორისო ურთიერთობათა დამოუკიდებელი სუბიექტი, მაგრამ ეს ფაქტია და ამას ანგარიში უნდა გავუწიოთ. თუმცა, მიუხედავად ამისა, ორმხრივი თანამშრომლობის გარკვეული საკითხები (ქართული პროდუქციისთვის ბაზრის გახსნა, ერთობლივი ეკონომიკური პროექტები, სავიზო რეჟიმის შემსუბუქება, პუტინის თანხმობა საქართველოში სტუმრობაზე და სხვ.) წარმატებით შეიძლებოდა გადაწყვეტილიყო ვიზიტის სათანადო მომზადებისა და სხვადასხვა დონის მხარდაჭერის ამოქმედების შემთხვევაში. მაგრამ, როგორც ჩანს, დღევანდელი ხელისუფლების რეალური პოლიტიკა პრიმიტიული პიარაქციების დონეზეა დასული, რაც, ცხადია, ქვეყნისთვის დამღუპველია. თუმცა ბუტაფორია საქმიანობის ყველა სფეროს განუყოფელ ნაწილად იქცა.

– როგორ მოგეწონათ სამხედრო აღლუმი?

– მე მახსოვს სამარცხვინო აღლუმი, რომელიც შევარდნაძემ აფხაზეთის ჩაბარების შემდეგ გამართა და იმის შემდეგ აღლუმებს აღარ ვუყურებ. რა ეაღლუმება ქვეყანას, რომელსაც ტერიტორიის მესამედი დაკარგული აქვს? არმიის ძალა მწყობრ ნაბიჯში და საბრძოლო შეძახილებში კი არ არის, არამედ მის უნარში – უზრუნველყოს ქვეყნის ერთიანობა და უსაფრთხოება.

– ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ ახალ წელს ცხინვალში შევხვდებით. როგორ ფიქრობთ, თუ ეს არ მოხდა, გადადგება?

– მახსოვს, აფხაზეთში გაგანია ომისას მაშინდელი სახელმწიფო მინისტრი ხაინდრავა იფიცებოდა, ახალ წელს ბიჭვინთაში შევხვდებითო და სინდისმა არ დაუშალა, ახალ ხელისუფლებაშიც კონფლიქტების მოგვარების სახელმწიფო მინისტრის პოსტი დაეკავებინა.

რაც შეეხება ჯარს, პრობლემა გაცილებით ღრმა და არსებითია, ვიდრე ბუტაფორული აღლუმების ჩატარება. ჩვენ დღემდე არ ვიცით, რა საჭიროა არმია და, შესაბამისად, როგორი უნდა იყოს იგი. დღეს საქართველოს სამხედრო ბიუჯეტი, რამდენადაც ვიცი, 200 მილიონ ევროს, ანუ თითქმის 500 მილიონ ლარს შეადგენს. ეს დაუშვებელი ფუფუნებაა ღატაკი ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს პარალიზებული ეკონომიკა და უმუშევრობის კოლოსალური დონე. ამის «დაშვება» კიდევ შეიძლება, დაკარგული ტერიტორიების ძალის გამოყენებით დაბრუნება ჩვენი პირველხარისხოვანი ამოცანა რომ იყოს, მაგრამ ხომ კარგად ვიცით, რომ რუსეთთან და ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ჩვენი ამჟამინდელი ურთიერთობების პირობებში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ძალის გამოყენებით დაბრუნების ნებისმიერი მცდელობა მარცხისთვის არის განწირული? მეტიც, – საქართველოს ვერასოდეს ეყოლება არმია, რომელიც ისეთ მოწინააღმდეგეს შეერკინება, როგორიც რუსეთია. მე მგონი, ეს ცხადია. გარდა ამისა, აშშ, ნატო, ევროპული სტრუქტურები კატეგორიულად გამორიცხავენ ჩვენი კონფლიქტების ძალის გამოყენებით გადაწყვეტას. თუმცა, ამავე დროს, ქართული არმიის მშენებლობასა და წვრთნას აფინანსებენ. რაში სჭირდება ნატო-ს 12 ათას 500 ქართველი ჯარისკაცი? ბუნებრივია, ეს ნატო-ს არ სჭირდება, მაგრამ ერთი ქართული ბატალიონის ერაყში გაგზავნა ამერიკელებს წელიწადში 300 მილიონი დოლარის ეკონომიას აძლევს, ანუ საკუთარი ჯარისკაცების გაგზავნა და შენახვა მათ 300 მილიონი დოლარით უფრო ძვირი დაუჯდებოდათ. სხვათა შორის, ჩვენს ჯარისკაცებს საყარაულო ფუნქციისთვის წვრთნიან. დღეს ერაყში 852 ქართველი სამხედროა. იაპონელებმა კი ამ დღეებში ერაყიდან საკუთარი კონტინგენტის გაყვანის შესახებ განაცხადეს. ბუნებრივია, ამერიკელებს ხელს აძლევს საკუთარი მიზნებისთვის სხვისი, მით უფრო, იაფი ჯარისკაცების გამოყენება. ვფიქრობ, მალე ქართული კონტინგენტი გაიზრდება.

არმიასთან დაკავშირებით კიდევ ერთ კაზუსთან გვაქვს საქმე. საქართველოს ხელმძღვანელობა კონფლიქტის ზონებიდან სამშვიდობო ძალების გაყვანას მოითხოვს, ამის პარალელურად კი არმიის გაძლიერების, ცხინვალში ახალი წლის შეხვედრის და სხვა ამის მსგავს განცხადებებს აკეთებს. ამით ჩვენ მსოფლიო საზოგადოებრიობას ვამცნობთ, რომ მშვიდობისმყოფელთა გაყვანის შემდეგ ომს დავიწყებთ. განა ეს ნორმალურია? გამოდის, სამშვიდობო ძალების გაყვანას იმიტომ მოვითხოვთ, რომ ისინი ომის დაწყებაში გვიშლიან ხელს, მაგრამ მათი მოვალეობა ხომ სწორედ ეს არის!

– თქვენ ერთადერთი ქართველი პოლიტიკოსი ბრძანდებით, რომელმაც აშშ-ის საელჩოსთან საპროტესტო მიტინგი გამართა ერაყში ომის დაწყების წინააღმდეგ. რა გამოძრავებდათ?

– ერაყში ომის წინააღმდეგ ნახევარი მსოფლიო გამოდის – იმ სახელმწიფოთა მთავრობები, რომლებიც თავისუფალი არიან აშშ-ზე კოლონიური დამოკიდებულებისგან, არაანგაჟირებული საერთაშორისო ორგანიზაციები, უბრალოდ, წესიერი ადამიანები სხვადასხვა სახელმწიფოდან ამ ომს ეწინააღმდეგებიან. ყველაზე მძლავრი დემონსტრაციები, სხვათა შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ინგლისში, საფრანგეთში, გერმანიაში გაიმართა. საქართველოში მთავრობაც და პოლიტიკური პარტიებიც ამერიკელებს შესციცინებენ თვალებში და ამ მხეცურ აგრესიას მიესალმებიან. ერაყში შეჭრა ყველა პატიოსანი ადამიანისთვის მრავალი მიზეზის გამო არის მიუღებელი. ჯერ ერთი, ამერიკელებმა ეს თვითნებურად – გაეროს სანქციის გარეშე ჩაიდინეს, ანუ ფეხქვეშ გათელეს მსოფლიო მართლწესრიგი, საერთაშორისო სამართალი, რომელიც ასე თუ ისე, უზრუნველყოფდა მსოფლიოში სტაბილურობასა და გლობალურ უსაფრთხოებას. მეორეც, ამერიკელებმა იმის დემონსტრირება მოახდინეს, რომ ცალკეული ქვეყნების სუვერენიტეტი ფიქციაა და სხვა სახელმწიფოზე თავდასხმა შეიძლება მხოლოდ «ძალის უფლებით», ანუ მსოფლიო საყოველთაო ქაოსის საფრთხის წინაშე დააყენეს. მესამეც, ისინი ატყუებდნენ საკუთარ ხალხსაც და მთელ მსოფლიოსაც, რომ სადამი მასობრივი განადგურების იარაღს ფლობს, თუმცა დანამდვილებით იცოდნენ, რომ ეს ასე არ იყო. ისინი მხოლოდ საკუთარი ნავთობინტერესებით ხელმძღვანელობდნენ, მათ შორის, ოჯახური ბიზნესის ინტერესებით, როგორც, მაგალითად, პრეზიდენტი ბუში და ვიცეპრეზიდენტი ჩეინი. ახლახან აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა ბოდიში მოიხადა მსოფლიო საზოგადოებრიობის წინაშე იმის გამო, რომ იძულებული იყო, საჯაროდ ეთქვა ტყუილი ერაყში მასობრივი განადგურების იარაღის არსებობის შესახებ. სინდისმა შეაწუხა კაცი. სხვათა შორის, იმ პერიოდში შევარდნაძემ მთელი მსოფლიოს გასაგონად განაცხადა, რომ თავისი დაზვერვის მიერ მოპოვებული უცილობელი მონაცემები აქვს ერაყში მასობრივი განადგურების იარაღის არსებობის შესახებ. მაშინ ევროპაში ბევრი იცინეს მლიქვნელი მარიონეტის ყალბ ტიტინზე. დარწმუნებული ვარ, შევარდნაძეს სინდისი ვერ აიძულებს, ბოდიში მოიხადოს. მეოთხეც, ერაყში შეჭრით ამერიკელებმა სტიმული მისცეს მსოფლიოში ბირთვული შეიარაღების ახალ რბოლას, რადგან ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელსაც არ უნდა ამერიკის კოლონიად იქცეს, ნათელი გახდა, რომ ამერიკის თავდასხმისგან თავის გადასარჩენად ბირთვული იარაღი უნდა იქონიონ. ერაყს რომ მართლაც ჰქონოდა ბირთვული იარაღი, ამერიკელები არასდროს შეყოფდნენ იქ ცხვირს. ერაყის ბედი აიძულებს დღეს ირანს ბირთვული პროგრამის ფორსირებას. მეხუთეც, ერაყის ომით ამერიკელებმა გააღვივეს ცივილიზაციური წინააღმდეგობანი ქრისტიანულ და ისლამურ სამყაროს შორის, რომლის შემდგომმა ესკალაციამ მსოფლიო საყოველთაო კატასტროფამდე შეიძლება მიიყვანოს. მისი ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი, შესაძლოა, სწორედ საქართველო გახდეს. მეექვსეც, ამერიკელებმა სრულიად და დიდი ხნით მოახდინეს არა მარტო დემოკრატიის იდეის, არამედ თვით სიტყვა «დემოკრატიის» დისკრედიტაცია; როცა 50-100 მშვიდობიანი ერაყელის ყოველდღიური დაღუპვის ფონზე ბუში «ერაყული დემოკრატიის» ფორმირებაში ამერიკელთა წარმატებებზე საუბრობს, «დემოკრატია» და «კაციჭამიობა» ადამიანთა ცნობიერებაში იდენტურ ცნებებად იქცევა. მეშვიდეც, გარდა ათი ათასობით ადამიანის მკვლელობისა, ამერიკელებმა დაბომბვებით კაცობრიობის ისტორიის უდიდესი ძეგლები, ფაქტობრივად, მსოფლიო ცივილიზაციის აკვანი გაანადგურეს, მსოფლიო მნიშვნელობის მუზეუმები გაძარცვეს, კაცობრიობას, პრაქტიკულად, წაართვეს მისი ისტორიის მთელი პლასტი. კიდევ ბევრი ფაქტორის ჩამოთვლა შეიძლება, რამაც ამ ომის დანაშაულებრივი, ანტიადამიანური ხასიათი განაპირობა და რომელიც კიდევ დიდხანს გაგრძელდება. ჩემი ღრმა რწმენით, საქართველო ამ ომში არ უნდა მონაწილეობდეს.

– როგორ ფიქრობთ, ამერიკელები ირანის წინააღმდეგ ომს დაიწყებენ?

– რთულია რაიმეს პროგნოზირება, როცა ისეთ კურიოზულ ფენომენს ვეხებით, როგორიცაა ბუში და მისი გარემოცვა. ახლახან შეერთებულ შტატებში სოციოლოგიური გამოკითხვა ჩაატარეს, რათა გაერკვიათ, ვის მიიჩნევს ამერიკის მოსახლეობა ყველაზე სულელად. პირველ ადგილზე მომღერალი მაიკლ ჯეკსონი გავიდა, მეორეზე – ვიცეპრეზიდენტი ჩეინი, მესამეზე – თავდაცვის მინისტრი რამსფელდი, მეოთხეზე – პრეზიდენტი ბუში. ამერიკელ ჟურნალისტებს გაუკვირდათ, თუ რატომ არ აღმოჩნდა ბუში პირველ ადგილზე. ამიტომ რთული განსასჯელია, რამდენად ჭკუის სასწავლებელი აღმოჩნდა ერაყული გამოცდილება ამგვარი გონებრივი შესაძლებლობის ადამიანებისთვის. თუმცა ვფიქრობ, რომ ამერიკის საზოგადოება არ მისცემს მათ საშუალებას, ჩაითრიონ ქვეყანა კიდევ ერთ სამხედრო ავანტიურაში. ამერიკელებს ხომ არაფერი გამოსდით ერაყში. ამერიკელი ჯარისკაცები ყოველდღე იღუპებიან, ერაყელებს სძულთ ისინი, ნავთობის გატანა მეტად გართულებულია, ქვეყანას შინაგანი წინააღმდეგობანი ანგრევს, ბოლოს და ბოლოს იგი სამ ფსევდოსახელმწიფოდ დაიშლება და სამივე მტრული იქნება როგორც ამერიკის, ისე მთელი ქრისტიანული სამყაროს მიმართ. ანალოგიური ვითარებაა ავღანეთშიც. ამერიკელები მხოლოდ ქაბულს აკონტროლებენ, დანარჩენი ტერიტორია თალიბების ხელშია; და თუ ამერიკელების შეჭრამდე ავღანეთიდან ყოველწლიურად 20 ტონა ნარკოტიკები გაიზიდებოდა, ახლა ეს მაჩვენებელი 300 ტონამდე ავიდა. ორი ომიდან არც ერთმა არ მოიტანა ის შედეგი, რასაც ბუში ელოდა. ხელისუფლების უკან მდგომ ტრანსნაციონალურ კორპორაციებსაც, მათ შორის ნავთობკომპანიებსაც, ალბათ, ესმით, რომ ამ მეთოდით პრობლემებს ვერ მოაგვარებ, დაკარგვით კი ბევრს დაკარგავ, თუ ყველაფერს არა. მაგალითად, ცნობილია, რომ ირანის დაბომბვის შემთხვევაში ნავთობის მსოფლიო ფასი 3-5-ჯერ გაიზრდება. თუმცა ომის დეტალური გეგმა, რომელიც 70 ირანული ობიექტის დაბომბვას ითვალისწინებს, უკვე შემუშავებულია. ღმერთმა ნუ ქნას, რომ საომარი მოქმედებების მსვლელობისას თუნდაც ერთი ირანული რაკეტა ჩამოვარდეს საქართველოში ან ისლამურმა სამყარომ საქართველო ამ ომში ამერიკის მოკავშირედ მიიჩნიოს.

– რა დამოკიდებულება გაქვთ უმნიშვნელოვანესი სამეურნეო ობიექტების უცხოელ მესაკუთრეებზე გაყიდვის მიმართ?

– რადიკალური ლიბერალური ეკონომიკის მომხრე არა ვარ, ფრიდმანისა და საქსის თაყვანისმცემელი არ გახლავართ, მათ ეკონომიკურ მეცნიერებათა ავანტიურისტებად მივიჩნევ, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციების შემსრულებელ მათ მომხრეებს – საკუთარი ქვეყნების დამღუპველებად. სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკის მომხრე ვარ, სახელმწიფო რეგულირების დიდი წილით. მეტიც, დარწმუნებული ვარ, რომ სახელმწიფო უნდა ფლობდეს უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ ობიექტებს, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებას განსაზღვრავს, ამიტომ ვარ საქართველოს სახალხო მეურნეობის მთლიანი პრივატიზაციის წინააღმდეგი. მესმის, რომ ხელისუფლებას ბიუჯეტის შევსება სჭირდება, ხოლო მკვდარი ეკონომიკის პირობებში ერთადერთი საშუალება ეროვნული სიმდიდრის გაყიდვაა, მაგრამ უბედურება ის არის, რომ ეს რეზერვი ძალიან მალე ამოიწურება, გასაყიდი აღარაფერი დარჩება. მერე რაღა ვქნათ? ამიტომ 90-იანი წლების შუახნიდან ვთავაზობდი ეკონომიკური განვითარების მოდერნიზაციულ მოდელს, ანუ ეროვნული ეკონომიკის მოდელს, რომელიც დამოუკიდებელი სახელმწიფოს პირობებში უნდა განვითარდეს. მაშინ ჯერ კიდევ გვქონდა სერიოზული პოტენციალი, მაგრამ შევარდნაძემ მისი საფუძვლამდე დანგრევა მოახერხა. რაც დარჩა, დღევანდელმა ხელისუფლებამ გაყიდა. ამიტომ შემდგომ ხელისუფლებას, თუ იგი ეროვნულად ორიენტირებული იქნება, უკვე ეკონომიკის სამობილიზაციო მოდელის რეალიზება მოუწევს, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ იმ დროისთვის საქართველო საბოლოოდ არ გადაიქცევა კოლონიად, რომელსაც საკუთარი ეკონომიკა არ სჭირდება.

– მაგრამ ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ქვეყანაში არნახული ეკონომიკური ზრდაა და მალე საქართველო ტურისტულ სამოთხედ იქცევა… – ტურიზმი და ტრანზიტი საქართველოს ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნად ვერ აქცევს. ეს ედუარდ ბაბუს ზღაპრებია. გარდა ამისა, ეს სფეროები არ ეთანხმება ქართველი ხალხის ეროვნულ თავისებურებებს და ისტორიულ მისწრაფებებს; საჭირო გახდება ერის სულიერ-ზნეობრივი საფუძვლების ნგრევა, ამას კი ერის დეგრადაცია, მისი გადაგვარება მოჰყვება.

რა თქმა უნდა, ტურიზმისა და ტრანზიტის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ეს ეროვნული ეკონომიკის მხოლოდ ნაწილი უნდა იყოს. საქართველოში არასოდეს იქნება იმდენი ტურისტი, რამდენიც დღეს ესპანეთში ჩადის, მაგრამ იქაც ტურიზმის შემოსავლები ესპანეთის მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 10 პროცენტს შეადგენს, თანაც ესპანეთი სულაც არ არის მდიდარი ქვეყანა. ეროვნული განვითარება შესაძლებელია მხოლოდ იმ ქვეყანაში, რომელსაც კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოება შეუძლია. ეს თანამედროვე მსოფლიოს აქსიომაა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ გავუწევთ კონკურენციას დიდ ქვეყნებს ბევრ საწარმოო დარგში: ამისთვის შესაბამისი ბუნებრივი, ადამიანური და ფინანსური რესურსები არ გაგვაჩნია, მაგრამ ჩვენ გვაქვს ერთი რამ: საბჭოთა დროიდან დარჩენილი სამეცნიერო და შემოქმედებითი პოტენციალი. ჯერ კიდევ გვყავს უმაღლესი კვალიფიკაციის სამეცნიერო-ტექნიკური კადრები, ფუნდამენტური მეცნიერების დიდი ტრადიციები და საკადრო ბაზა. ეს პოტენციალი საკმარისია იმისთვის, რომ შეიქმნას თანამედროვე, კონკურენტუნარიანი სამრეწველო წარმოების ორი-სამი მეცნიერებატევადი, მაღალტექნოლოგიური დარგი. ამ ამოცანის გადაჭრისთვის 10-15 წლის წინ რომ მოეკიდებიათ ხელი, დღეს საქართველო ღირსეული სახელმწიფო იქნებოდა, თუმცა ჯერაც არ არის გვიან.

ყურადღება მიაქციეთ: ჩვეულებრივ, ახლადწარმოქმნილი ქვეყნები, რომლებიც სახელმწიფოებრივ მშენებლობას იწყებენ, პირველ ეტაპზე ტურიზმსა და ტრანზიტს ავითარებენ, სასარგებლო წიაღისეულს ყიდიან, რათა თანხები დააგროვონ და ჩადონ მეცნიერებასა და განათლებაში, ჩამოაყალიბონ ეროვნული სამეცნიერო-ტექნიკური კადრები, ხოლო შემდეგ საკუთარი სამრეწველო პოტენციალი შექმნან. ვისაც ეს გამოსდის, იგი დამოუკიდებელი, ეკონომიკურად განვითარებადი სახელმწიფო ხდება. ვინც ვერ ახერხებს, იგი სამარადისოდ ჩამორჩენილ კოლონიად იქცევა. ჩვენ რას ვაკეთებთ? საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტისთვის საქართველო განვითარებული აგრარულ-ინდუსტრიული სახელმწიფო იყო მძლავრი სამეცნიერო-საგანმანათლებლო ბაზით და სამეცნიერო, საინჟინრო-ტექნიკური კადრების კოლოსალური კორპუსით. დამოუკიდებელი (!) სახელმწიფოს ხელისუფლებამ, შევარდნაძის ხელმძღვანელობით, ჯერ გააჩერა სამრეწველო წარმოება, გაყიდა ქარხნებისა და ფაბრიკების აღჭურვილობა, ქუჩაში გაყარა სამეცნიერო-ტექნიკური კადრები, შემდეგ გადაკეტა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გასაღების ბაზარი და ამ სფეროს დაფინანსება შეწყვიტა, გააკოტრა მსხვილი სასოფლო-სამეურნეო წარმოებები და ამით ეკონომიკის აგრარული სექტორი მოსპო. შემდეგ, პარალიზებული ეკონომიკის პირობებში და სპეციალისტებზე მოთხოვნის არარსებობის პირობებში კომერციული უმაღლესი სასწავლებლების სისტემა შემოიღო, რითაც უმაღლესი განათლება გააუფასურა და პარალელურად ტრადიციული უმაღლესი სასწავლებლების სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების დაქსაქსვა გამოიწვია, რითაც კოლექტიური სამეცნიერო შრომა მოკლა. უმაღლესი სკოლისა და აკადემიური ინსტიტუტების დაფინანსების შეწყვეტასთან ერთად, ეს ქართული მეცნიერების სიკვდილს ნიშნავდა. ახალმა ხელისუფლებამ მხოლოდ ლოგიკური დასასრულისკენ წაიყვანა ეს პროცესი, როცა მისი უკანასკნელი სტადიის რეალიზაციას მიჰყო ხელი: კვალიფიციური სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების საბოლო განდევნა, უმაღლესი განათლების ბაკალავრიატად ქცევა, უმაღლესი სასწავლებლებისა და აკადემიური მეცნიერების, როგორც ასეთის, განადგურება. ქვეყნის დეინდუსტრიალიზაციის, დეზინტეგრაციის და დეგრადაციის პოლიტიკა ლოგიკურ დასასრულს უახლოვდება. პარალელურად მცირდება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების რაოდენობა, მცირდება მასწავლებელთა კორპუსი. მიგიქცევიათ ყურადღება ექიმების დისკრედიტაციის მიზანმიმართული პროპაგანდისტული კამპანიისთვის? თურმე «უმაღლესი ინსტანციიდან» შეხსენება მოვიდა, რომ საქართველომ ექიმების რაოდენობა 30 პროცენტით უნდა შეამციროს. განვითარებად ქვეყანას, რომელთა კატეგორიაში შევარდნაძემ შეგვიყვანა, სტატუსით არ ეკუთვნის ბევრი სკოლა, სრულყოფილი უმაღლესი სასწავლებლები და ამდენი ექიმი. საქართველომ საკუთარ თავზე აიღო ფუნქცია – ტრანზიტისა და ტურისტების მომსახურება. მომსახურე პერსონალს კი რაში სჭირდება მეცნიერება და განათლება?

უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროცესები მხოლოდ დღევანდელი საქართველოსთვის როდია დამახასიათებელი. მართალია, ამდენად არა, მაგრამ ეს ყველა იმ პოსტსოციალისტურ ქვეყანას ახასიათებს, რომელთა ხელმძღვანელობა ე. წ. რეფორმებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციებით და ამერიკელი მრჩეველების ხელმძღვანელობით ახორციელებდა. აკადემიური მეცნიერება, ფაქტობრივად, განადგურებულია პოლონეთში, რუმინეთში, ბულგარეთში, ჩეხეთსა და სხვა აღმოსავლეთევროპულ ქვეყნებში. ელცინის პერიოდში ანალოგიური საფრთხის წინაშე დადგა მეცნიერება რუსეთშიც. ეს გასაგებიცაა, რადგან თანამედროვე მსოფლიოში კონკურენციის უნარი მხოლოდ ისეთ ქვეყნებს აქვთ, რომელთაც სამეცნიერო კვლევების მაღალი დონე და მეცნიერებატევადი მაღალტექნოლოგიური წარმოება გააჩნიათ. მომავალი ამ ქვეყნებისაა. რაც უფრო ნაკლები იქნება ასეთი ქვეყანა, მით უფრო ძლიერი იქნება ის სახელმწიფოები, რომლებიც თავისთან მოუყრიან თავს მძლავრ სამეცნიერო პოტენციალს. ცნობილია, რომ პოსტსოციალისტურ ქვეყნებში მეცნიერების ნგრევის შემდეგ მსხვილ მეცნიერთა უმრავლესობა შეერთებულ შტატებში წავიდა. ასეთივე ტენდენციაა მაღალტექნოლოგიური წარმოებების მხრივაც. ჩეხეთი სოციალისტურ პერიოდში 1 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების მხოლოდ შეიარაღების ექსპორტს ახორციელებდა, დღეს კი მისი ექსპორტი 50 მილიონ ევროს არ აღემატება, ვინაიდან ამერიკელებს იარაღის ბაზარზე კონკურენტი არ ესაჭიროება. «ნარინჯისფერი რევოლუციის» შემდეგ უკრაინამ «რეკომენდაცია» მიიღო, შეამციროს ავიამშენებელი, აეროკოსმოსური მრეწველობა და გააფართოვოს მეტალურგიული და ქვანახშირის წარმოება.

– მახსოვს თქვენი სტატია «გეწყინთ? გეწყინოთ!», რომელშიც მეტად მწვავედ წერდით ინტელიგენციის პასიურობაზე თანამედროვე საქართველოში. აზრი ხომ არ შეგეცვალათ? როგორი დამოკიდებულება გაქვთ უკანასკნელ მოვლენებზე თბილისის უნივერსიტეტში?

– დიახ, ეს 7-8 წლის წინანდელი სტატიაა, რომელშიც ვეცადე ე. წ. ქართული ინტელიგენციის ავანგარდის ყურადღება მიმექცია იმისთვის, რომ ქვეყნისთვის დამღუპველი პროცესების მიმართ პასიური დამკვირვებლის პოზიცია დაუშვებელია. ვწერდი, რომ შევარდნაძის პოლიტიკა მიგვიყვანს ეკონომიკის, მეცნიერების, განათლების სრულ განადგურებამდე, ეროვნული სულიერ-ზნეობრივი ფასეულობების სრულ დევალვაციამდე და, საბოლოოდ, ქართველი ერის, როგორც კულტურულ-ისტორიული ფენომენის, დეგრადაციამდე. ინტელიგენციას მოვუწოდე, გაეხსენებინა საკუთარი ზნეობრივი მისია ქართული საზოგადოების წინაშე, ხმა აემაღლებინა, დამდგარიყო ერის სასიცოცხლო ინტერესების, მისი მომავლის დასაცავად. შევუძახე ქართველ მწერლებს, აკადემიკოსებს, ვეცადე ამეხსნა, რომ მალე მათი წიგნების წამკითხავი, მათი სამეცნიერო მიღწევებით მოამაყე აღარავინ დარჩებოდა, რადგან საქართველოში აღარ იქნება უნივერსიტეტები, აკადემიური ინსტიტუტები, განათლებული საზოგადოების ფართო წრე და ელემენტარულად, წერა-კითხვის მცოდნე მოსახლეობაც კი. მაშინ მეგონა, რომ ფერებს ვამუქებ, მაგრამ სინამდვილემ ყველაზე მძიმე წინათგრძნობასაც კი გადააჭარბა. იმ სტატიის პასუხად პრესაში რამდენიმე წერილი გამოქვეყნდა, მათ შორის კოლექტიურიც, რომელსაც ხელს ინტელიგენციის ტიტულოვანი წარმომადგენლები აწერდნენ. ამ წერილებში «კრემლის აგენტს» (რა შუაში იყო კრემლი?), ქართული სახელმწიფოებრიობის მტერს, სინამდვილის გამყალბებელს მიწოდებდნენ, რომელიც ხელს უშლის პრეზიდენტს ქვეყნის ევროპაში შეყვანის საქმეში.

რაც შეეხება უკანასკნელ მოვლენებს თბილისის უნივერსიტეტში, ეს ქართული ინტელიგენციის მრავალწლიანი მდუმარების კანონზომიერი შედეგი და, ამავე დროს, ბევრი ჩვენი ინტელიგენტის შინაგანი არსის გამოვლინებაც არის. აღმოჩნდა, რომ მათი აღშფოთება მხოლოდ სამსახურიდან დათხოვნასა და ხელფასის დაკარგვას შეუძლია. შევარდნაძემ კარგად იცოდა მათი ბუნება და სარგებლობდა ამით. განსაკუთრებით ეს ე. წ. ელიტურ ინტელიგენციას ეხებოდა. ზოგს სამარშრუტო ტაქსების ხაზი ჰქონდა, ზოგს – კომერციული უმაღლესი სასწავლებელი, ზოგსაც – რაიმე გრანტი. საბჭოთა დროში ეს იყო ბინები, მანქანები, საზღვარგარეთ მოგზაურობები, მათი ნაწარმოებების მრავალათასიანი ტირაჟები და ა.შ. ასე ხერხდებოდა სამეცნიერო და შემოქმედებითი ელიტის ლოიალობის ყიდვა, რაც, თავის მხრივ, შესაბამისად ზემოქმედებდა ინტელიგენციის სხვა ფენებზე. სიტყვამ მოიტანა და ვხედავ, რომ შევარდნაძის მიმკვიდრეებმა წარმატებით აითვისეს მათი მასწავლებლის გაკვეთილები. ყურადღება მიაქციეთ: უნივერსიტეტის რექტორმა პროტესტის გამომხატველებისგან გამოყო ყველაზე აქტიური და ავტორიტეტული პროფესორები, უბოძა თანამდებობები, მაღალი ხელფასიც დაუნიშნა და მათაც მაშინვე შეწყვიტეს პროტესტი. ასაკოვანი ხალხია და არც კი შერცხვათ…

რა თქმა უნდა, უნივერსიტეტის პედაგოგებს შორის ბევრია პრინციპული ადამიანი, რომელთაც მეცნიერებისა და განათლების «რეფორმის» დამღუპველობა ესმით. მათ გვიან, მაგრამ მაინც დაიწყეს ბრძოლა ერის მომავლისთვის. საპროტესტო განწყობილებებს სახელისუფლო სტრუქტურების შეურაცხმყოფელი ქცევაც უწყობს ხელს. საბჭოთა დროს მილიციის თანამშრომლებს უფლება არ ჰქონდათ, უნივერსიტეტის შენობაში ფორმით შესულიყვნენ. დაუსწრებელი ფაკულტეტის სტუდენტებიც კი, რომლებიც მილიციაში მუშაობდნენ, უნივერსიტეტში სამოქალაქო ტანსაცმლით უნდა გამოცხადებულიყვნენ. დღეს დამოუკიდებელ დემოკრატიულ საქართველოში პოლიციელები კინწისკვრით ყრიან პროფესორებს უნივერსიტეტიდან, განათლების მინისტრი კი იმავე პროფესორებს ხულიგნებს უწოდებს!

– თქვენ მრავალი წლის განმავლობაში მოუწოდებდით ხელისუფლებას რუსეთთან ურთიერთობების მოგვარებისკენ, რის გამოც პრორუსული პოლიტიკოსის რეპუტაციაც დაიმსახურეთ. ეს ხშირად ვნებდა თქვენს იმიჯს. ისევ იმ აზრზე ხართ?

– იმავე აზრზე ვარ, უპირობოდ, რადგან საქართველოს პატრიოტად ვრჩები. რუსეთთან მეგობრული ურთიერთობის დამყარება ყველაზე პროქართული პოლიტიკაა. არასოდეს მიზრუნია საკუთარ პოლიტიკურ იმიჯზე და ამიტომ ყოველთვის სიმართლეს ვამბობდი, მაშინაც კი, როცა ეს სიმართლე არაპოპულარული იყო. სამწუხაროდ, ზოგჯერ საზოგადოება ტკბილ სიცრუეს ამჯობინებს, ვიდრე მწარე სიმართლეს. დავიღალე იმის გამეორებით, რომ რუსეთი ის სახელმწიფოა, რომლის კეთილ ნებაზეც ჩვენი სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა დამოკიდებული. მის ბაზარში შესვლაზეა დამოკიდებული საქართველოს სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო განვითარება. სწორედ რუსეთში ცხოვრობს მილიონზე მეტი ჩვენი თანამემამულე, რომელთათვისაც საქართველოში ადგილი არ მოიძებნა. ისინი, საკუთარი თავის გარდა, ნათესავებსა და მეგობრებს არჩენენ სამშობლოში; მათ მიერ რუსეთიდან გამოგზავნილი ნაღდი ვალუტა უზრუნველყოფს ქვეყანაში ფულის ბრუნვის უმეტეს ნაწილს. მითხარით, განა ნორმალური ადამიანი, პატრიოტი შეიძლება ასეთ მეზობელ სახელმწიფოსთან ურთიერთობის გამწვავებას ესწრაფვოდეს? გარდა ამისა, რუსეთთან ჩვენ საერთო ისტორიული ბედი, ერთი სარწმუნოება, ათასობით კულტურული, სამეცნიერო, პირადი ურთიერთობის ძაფი გვაკავშირებს, რაც საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა. რაც უნდა ილაპარაკონ, ჩვენ, ქართველები, რუსეთშიც და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც შინაურები ვართ, შესაძლოა ყველგან ძველებურად მეგობრებად არა, მაგრამ კარგ ნაცნობებად მაინც დავრჩით. მთელი დანარჩენი მსოფლიოსთვის კი ჩვენ უცხოები ვართ. ბევრი მიმოგზაურია მსოფლიოში და ვიცი. სად მიდის ქართველი სამუშაოდ, ან ბიზნესის ასაწყობად? რუსეთში. სად მიჰყავს სამკურნალოდ თავისი მძიმედ ავადმყოფი ნათესავი? რუსეთში. სად არიან პოპულარული ქართველი მომღერლები, ქართული სამზარეულო, ქართული ღვინო? რუსეთში და დსთ-ს ქვეყნებში. სხვაგან მათ შესახებ არაფერი იციან. რატომ უნდა დავკარგოთ ეს ყველაფერი და მტრად მოვიკიდოთ უზარმაზარი, უმდიდრესი მეზობელი სახელმწიფო? ნუთუ ეს საქართველოს ინტერესებშია? ჩვენი უვიცი პოლიტიკოსები 15 წლის განმავლობაში ამტკიცებენ, რომ რუსეთის აღსასრული სულ მალე დადგება, დაიშლება, ქაოსში გადავარდება და ა.შ. ამ ადამიანებს ჰგონიათ, რომ რუსეთის დაშლა საქართველოსთვის სიკეთეა. წარმოგიდგენიათ, რას ნიშნავს საქართველოსთვის რუსეთისგან გაუკონტროლებელი ჩრდილოეთ კავკასია? პარლამენტართა შორის განათლებულობა იშვიათი ხილია, მაგრამ ხალხმა ხომ იცის საკუთარი ისტორია. მე-19 საუკუნის დასაწყისში, როცა რუსეთთან ქართული სამეფოების შეერთების პროცესი დაიწყო, აღმოსავლეთ საქართველოში 240 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, ხოლო დასავლეთში – 500 ათასამდე, ანუ სულ 740 ათასი ადამიანი. მათგან რამდენი იყო ეთნიკურად ქართველი? დავუშვათ, ნახევარი მილიონი. ეს უნდა გვახსოვდეს.

თანამედროვე რუსეთის ისტორიაში იყო დეგრადაციისა და გახრწნის 10-წლიანი პერიოდი, როდესაც ხელისუფლებაში კორუმპირებულ კოსმოპოლიტთა ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი ჯგუფი მოვიდა. მათ მთლიანად აკონტროლებდნენ ამერიკული პოლიტიკური და საერთაშორისო საფინანსო წრეები. ამ ჯგუფმა უდიდესი ზიანი მიაყენა რუსულ-ქართულ ურთიერთობებს, ისევე, როგორც რუსეთის ურთიერთობებს სხვა ახლო ქვეყნებთან, მაგრამ კიდევ უფრო დიდი ზიანი ამ ჯგუფმა თავად რუსეთს და რუს ხალხს მიაყენა. რუსეთის ისტორიის ეს სამარცხვინო პერიოდი დასრულდა, თუმცა დარჩა მრავალრიცხოვანი რეციდივები, მაგრამ გადაიჭრა მთავარი პრობლემა, რომელიც რუსეთის ისტორიას ახასიათებს – ლიდერის პრობლემა. დღეს ქვეყნის სათავეში ეროვნულად ორიენტირებული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ძლიერი ლიდერია, რომელმაც უმოკლეს ვადაში მოახერხა ამოუწურავი შიდა რესურსების მობილიზება და ქვეყნის ფეხზე დაყენება. მას უმძიმს, ბევრი მტერი ჰყავს როგორც მსოფლიოში, ისე ქვეყანაშიც, მაგრამ განუხრელად აკეთებს თავის საკეთებელს. სწორედ ამას ვეუბნებოდი თავის დროზე ქართულ საზოგადოებას: რუსეთში პოლიტიკური ნების დეფიციტია, მაგრამ გამოჩნდება ღირსეული ლიდერი და ქვეყანა აღორძინდება. ამ აღორძინებულმა ქვეყანამ ჩვენში მტრულად განწყობილი სახელმწიფო არ უნდა დაინახოს. არადა, საბჭოთა კავშირის არც ერთ ხალხს არ ჰქონია ისეთი მტკიცე პოზიციები რუსეთში, როგორც ქართველებს. ჩვენ კი თითქმის ყველაფერი დავკარგეთ, ისე, რომ საქართველოს სასიკეთოდ ვერაფრით ვიხეირეთ. ყველაზე საშინელი ის არის, რომ ჩვენ განვლილმა წლებმა ვერაფერი გვასწავლა და ისევ კონფრონტაციის კურსს ვაგრძელებთ. ეს არის პროქართული პოლიტიკა, ჩემი პოზიცია კი – პრორუსული?

თუ საკუთარი ისტორია ვერაფერს გვასწავლის, სხვა ქვეყნებისა და ხალხების გამოცდილებას მივუბრუნდეთ. მაგალითად, ფინეთი ავიღოთ, საქართველოს დარი ქვეყანა როგორც ტერიტორიით, ისე მოსახლეობით, ბუნებრივი რესურსებით და რუსეთთან მეზობლობით. 1918 წლამდე იგი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო ( მანამდე – შვედეთის ნაწილი, საკუთარი სახელმწიფოებრიობა არ გააჩნდა). 1917 წლის რევოლუციის შემდეგ ლენინისგან დამოუკიდებლობა მიიღო და ეროვნული სახელმწიფოებრიობა ჩამოაყალიბა. 30-იან წლებში საბჭოთა კავშირთან მეტად დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, 1939 წელს იომეს კიდეც და ტერიტორიები დაკარგეს. მიწის ეს ზოლი სასიცოცხლო იყო ლენინგრადის მომავალი თავდაცვისთვის. სტალინი მის სანაცვლოდ ოქროს უზარმაზარ რაოდენობას სთავაზობდა, შემდეგ – სამჯერ მეტ ტერიტორიას, მაგრამ გერმანელების ზეწოლით ფინეთმა ამაზე უარი თქვა. სტალინმა ომი დაიწყო და ტერიტორია ძალით წაართვა. მეორე მსოფლიო ომის დროს ფინელები, მწარე გამოცდილებით, ძალიან თავშეკავებულად იქცეოდნენ და ამიტომ სტალინს ისინი არ დაუსჯია. ნატო-ს, მოგვიანებით კი ვარშავის ბლოკის შექმნის შემდეგ, დასავლეთსა და საბჭოთა კავშირს შორის მზარდი დაპირისპირებისას, ფინეთმა უარი თქვა ნატო-ში შესვლაზე და ნეიტრალიტეტი გამოაცხადა. ქვეყანა მონაწილეობდა დასავლურ ეკონომიკურ პროექტებში, იღებდა დასავლურ ინვესტიციებს, მაგრამ პარალელურად საბჭოთა კავშირთან ხაზგასმით მეგობრულ პოლიტიკას ატარებდა. სამაგიეროდ, შეუზღუდავად მიიღო უზარმაზარი საბჭოთა ბაზარი. ფინური საქონელი ვერ აკმაყოფილებდა ევროპულ სტანდარტს და დასავლეთში ვერ იყიდებოდა. საბჭოთა კავშირი კი ყველაფერს შეუზღუდავი რაოდენობით ყიდულობდა. შედეგად, რამდენიმე წელიწადში ფინეთი მდიდარი, სწრაფად განვითარებადი სახელმწიფო გახდა. განა ეს მაგალითი არ უნდა იყოს საქართველოსთვის?

ძალიან ვშიშობ, რომ საქართველო ვერ მოასწრებს, ისარგებლოს პუტინის პერიოდით რუსეთის ისტორიაში – როგორც მისი პირადი მეტად პოზიტიური დამოკიდებულებით საქართველოსა და ქართველების მიმართ, ისე რუსი პოლიტიკოსების ახლანდელი თაობის მენტალობით, რომელთათვისაც ჩვენ უცხონი არ ვართ. რუსული ელიტის შემდეგი თაობა (როგორც პოლიტიკური, ასევე კულტურული და სამეცნიერო) ისევე იქნება განწყობილი საქართველოს მიმართ, როგორც ტაჯიკეთის, მონღოლეთის ან ზიმბაბვესადმი. იმ პოლიტიკოსებისგან ვეღარ მოისმენ იმ სიტყვებს, რომლებიც პუტინმა თქვა: «ქართველები ჩვენთვის ყველაზე ახლობელი ხალხია». რუსეთის სამხედრო-ეკონომიკური გაძლიერება კი აუცილებლად მოიტანს გავლენის სფეროთა გადანაწილებას ევრაზიაში. რუსეთი და დასავლეთი კვლავ მოილაპარაკებენ და დასავლეთი წავა სამხრეთ კავკასიიდან. ამერიკელები წავლენ ისევე, როგორც 1921 წელს გარბოდნენ ინგლისელები, გერმანელები და საკუთარ ქართველ ცოლებსაც კი ტოვებდნენ. ჩვენ ისევ ერთი-ერთზე დავრჩებით რუსეთთან. და ეს აღარ იქნება მეგობრული რუსეთი. იმ რუსეთის სათავეში იქნება თაობა, რომლისთვისაც ჩვენ უცხონი ვართ. რომელი საერთაშორისო პროექტის გამტარებელი იქნება ის რუსეთი? ღმერთმა არ ქნას, რომ ეს ჩუბაისის «ლიბერალური იმპერიის» პროექტი იყოს, ანუ ამერიკული ტიპის იმპერია, რომელსაც აშშ 50-60-იან წლებში ლათინურ ამერიკაში ქმნიდა. აი, მაშინ კი მივხვდებით, რას ნიშნავს, – იყო კოლონია და მეორეხარისხოვანი ერი.

თბილისი, 2005 წ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here