Home რუბრიკები პოლიტიკა ომი თუ მშვიდობა?!

ომი თუ მშვიდობა?!

1181

საქართველოს ხელისუფლების მიერ გასულ კვირას მიღებულმა გადაწყვეტილებამ, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, 44,6 მლნ ლარი «უფეშქაშოს» თავდაცვის სამინისტროს, საზოგადოება შოკში ჩააგდო. ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ ეს ნაბიჯი უსაფრთხოების უზრუნველყოფის საჭიროებით ახსნა: «ქვეყნის უსაფრთხოება ისეთივე პრიორიტეტია, როგორც ეკონომიკისა და ბიზნეს-სექტორის განვითარება. შესაბამისად, თავდაცვის სამინისტროს ასიგნებების გაზრდა 45 მილიონით არ არის სავალალო. ეს არის აბსოლუტურად ადეკვატური გადაწყვეტილება… ეს ის აუცილებელი დონეა, რაც საჭიროა იმისთვის, რომ ქვეყნის უსაფრთხოება იქნას უზრუნველყოფილი».

ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის უზრუნველსაყოფად ხელისუფლება მნიშვნელოვან თანხებს რომ უნდა ხარჯავდეს, ამაზე არავინ დავობს, მაგრამ ამ მიმართულებით რაციონალური პოლიტიკის გატარებაა აუცილებელი, ვინაიდან გამალებული მილიტარიზაციის პირობებში ხელისუფლების ყურადღების მიღმა არ დარჩეს ქვეყნის განვითარებისა და საზოგადოების კეთილდღეობისთვის აუცილებელი სხვა სფეროები (განათლება, ჯანდაცვა და ა.შ.), რაც თავდაცვაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია.თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის დაფინანსებამ ყველაზე მაღალ ნიშნულს 2008 წელს მიაღწია, სწორედ მაშინ, როცა ხელისუფლებაში მილიტარისტული რიტორიკა საკმაოდ ძლიერი იყო და მუდმივად რუსეთთან შესაძლო ომზე იყო საუბარი. როგორც ჩვენთვის ცნობილია, აგვისტოს ომამდე თავდაცვის მიმართულებით კოლოსალური თანხები იხარჯებოდა, მაგრამ აგვისტოში განვითარებულმა ტრაგიკულმა მოვლენებმა დაგვანახა, რომ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა ამით სულაც არ გაუმჯობესებულა. ჩვენი პრეზიდენტის საყვარელ სიტყვებს თუ გავიმეორებთ, «ურწმუნო თომებმა» ცრუ ინფორმაციის გავრცელება რომ არ დაგვაბრალონ, არგუმენტად ფინანსთა მინისტრის, ბატონ დიმიტრი გვინდაძის სიტყვებს მოვიშველიებ: «ბოლო წლების ტენდეციის მიხედვით, სამინისტროს დაფინანსება მუდმივად იზრდებოდა და 2008 წელს მისმა დაფინანსებამ მთლიანი ხარჯების 23%, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის 8,1% შეადგინა. 2009 წლიდან თავდაცვის სამინისტროს დაფინანსების ოდენობა შემცირდა და მიმდინარე წელს მთლიანი ხარჯების 9,3 % გახდა. მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტით, თავდაცვის სამინისტროს ასიგნებები დამტკიცებულთან შედარებით 44 მილიონი 600 ათასი ლარით იზრდება და 704 მილიონ 631 ათასი ლარი ხდება».

ხელისუფლების ამ ნაბიჯთან დაკავშირებით საზოგადოებაში ბევრი მოსაზრება გამოითქვა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც პასუხგაუცემელი დარჩა ორი მთავარი კითხვა: რატომ მიიღო ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება? და როგორ აპირებს თავდაცვის სამინისტრო 45 მლნ-ის ერთ თვეში ათვისებას?

ერთმნიშვნელოვნად სწორი პასუხის გაცემა და რამის მტკიცება ძალიან რთულია ინფორმაციის არარსებობის გამო, ამიტომ შეგვიძლია ვისაუბროთ მხოლოდ ვარაუდების დონეზე: 1. თავდაცვის სამინისტროს ეს თანხა, სავარაუდოდ, უკვე გახარჯული აქვს არამიზნობრივად და ამ გადაწყვეტილებით უკვე გაწეული ხარჯები გადაფარა;

2. ხელისუფლებას ეს თანხა სჭირდება გასამხედროებული დაჯგუფებების შესაქმნელად, რასაც საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს, მის მიერვე მართული შიდადესტაბილიზაციის პროვოცირების მიზნით, რათა კანონის ძალით მიეცეს შესაძლებლობა, უზრუნველყოს «სტაბილურობა» და აღადგინოს «წესრიგი». ამ ვარაუდს ამყარებს ხელისუფლების ახალი ინიციატივის, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის სრულიად უსარგებლო «ნებაყოფლობითი ხუთდღიანი რეზერვის» პროგრამის ამოქმედება. გავრცელებული მოსაზრების მიხედვით, ხელისუფლება ცდილობს, ამ «პროგრამის» ფარგლებში მოახდინოს საეჭვო რეპუტაციის მქონე პირების მობილიზება და გამოიყენოს ისინი მაშინ, როცა ძალაუფლების დაკარგვის საფრთხის რეალურობას დაინახავს.

თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხელისუფლებას ძალაუფლების შენარჩუნების უზრუნველსაყოფად, გასამხედროებული დაჯგუფებების გარდა, ჰყავს საკმაოდ სერიოზული და პოლიტიზებული ძალოვანი სტრუქტურები (სპეცსამსახურები, პოლიცია), რომლებიც ნებისმიერ დროს მზად არიან, მმართველი რეჟიმის ძალაუფლება ყველანაირი გზით დაიცვან, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა გასული წლების განმავლობაში;

3. ჩვენ, რიგითმა მოკვდავებმა, შეიძლება არ ვიცით, მაგრამ არ არის გამორიცხული, ხელისუფლება მორიგ ავანტიურისტულ სამხედრო აქტივობასა და თავდაცვის უწყებისთვის ხარჯების გაზრდით წინასწარ იჭერდეს მომავალი მოქმედებებისთვის თადარიგს. ამ ეჭვს ამყარებს ის გარემოებაც, რომ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების მიმართულებით ხელისუფლება მოქნილი დიპლომატიის გატარებას არ ჩქარობს და კვლავინდებურად მილიტარული რიტორიკით ცდილობს ფონს გასვლას.

მთელი უბედურება ისაა, რომ რუსეთის მხრიდან გააქტიურება არ შეინიშნება, შესაბამისად, კონფლიქტის ესკალაციის საფრთხეც მინიმალურია. მაშინ რატომ ცდილობს ხელისუფლება, დაუბრუნდეს აგვისტოს ომამდე არსებული გამალებული მილიტარიზაციის პოლიტიკას და მილიონობით თანხები უმისამართოდ გახარჯოს, აბსოლუტურად გაუგებარია.

მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც ის არის, რომ ხელისუფლების ეს ნაბიჯი გამაოგნებელი და მიუღებელია საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, ვინაიდან მოქალაქეთა კეთილდღეობაზე არ არის ორიენტირებული, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა ქვეყანაში სოციალური პრობლემების მოგვარების მიმართულებით არაფერი გაკეთებულა _ საბავშვო ბაღები ფასიანი გახდა, ხოლო ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა ისევ დიდ პრობლემად რჩება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ გაუმჯობესებულა მოსახლეობის ცხოვრების დონე და ათი ათასობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი მოქალაქე ელოდება ხელისუფლების გონივრულ გადაწყვეტილებებს, რამაც უნდა უზრუნველყოს ცხოვრების პირობების გაუმჯობესება, მაგრამ ამაოდ.

ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გათვალისწინებით, ექსპერტებისა და ოპოზიციის მიერ ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება არაადეკვატურ ნაბიჯად შეფასდა. მითუმეტეს, ეჭვს იწვევს ის გარემოება, რომ აღნიშნული თანხა თავდაცვის უწყებამ ერთ თვეში გასახარჯად მოითხოვა, მაგრამ რამდენად მოასწრებს მის ათვისებას, ძნელი სათქმელია.

ასეთ დროს ბუნებრივად ჩნდება კითხვა: რატომ იხარჯება თავდაცვაში ასეულობით მილიონი ლარი, თუკი ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფის მიმართულებით პოზიტიური ძვრები არ არის? დიახ, აქ ჩნდება დიდი კითხვის ნიშანი, მაგრამ ნებისმიერი პასუხი შეიძლება მკითხაობას დაემსგავსოს, ვინაიდან, მმართველი რეჟიმის მიერ გაპიარებული «მიშუშული» შენობების მიუხედავად, რომლებიც თითქოს ხელისუფლების გამჭვირვალობის სიმბოლოს წარმოადგენს, დღეს თავდაცვის სამინისტრო ერთ-ერთი ყველაზე დახურული სტრუქტურაა საქართველოში, რომლის ბიუჯეტი აბსოლუტურად გაუმჭვირვალეა და, შესაბამისად, საზოგადოებისთვის ძნელია, გაარკვიოს, თუ რაში იხარჯება ეს თანხები. ხელისუფლების წარმომადგენლები კი «რკინის ლოგიკას» მიმართავენ და ამ ფაქტს სახელმწიფო საიდუმლოებით ხსნიან.

ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე ალექსანდრე ჭაჭია ჯერ კიდევ 2005 წელს გამოხატავდა შეშფოთებას თავდაცვის სამინისტროს გაზრდილი ბიუჯეტისა და ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელი სხვა სასიცოცხლო სფეროების (მაგ. სოფლის მეურნეობა, განათლება და ა. შ.) დაუფინანსებლობის გამო და სამართლიანად აღნიშნავდა, რომ ხელისუფლების ეს პოლიტიკა საქართველოს კარგს არაფერს მოუტანდა: «ეს დაუშვებელი ფუფუნებაა ღატაკი ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს პარალიზებული ეკონომიკა და უმუშევრობის კოლოსალური დონე. ამის «დაშვება» კიდევ შეიძლება, დაკარგული ტერიტორიების ძალის გამოყენებით დაბრუნება ჩვენი პირველხარისხოვანი ამოცანა რომ იყოს, მაგრამ ხომ კარგად ვიცით, რომ რუსეთთან და ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ჩვენი ამჟამინდელი ურთიერთობების პირობებში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ძალის გამოყენებით დაბრუნების ნებისმიერი მცდელობა მარცხისთვის არის განწირული. მეტიც, საქართველოს ვერასოდეს ეყოლება არმია, რომელიც ისეთ მოწინააღმდეგეს შეერკინება, როგორიც რუსეთია».

ამ გაფრთხილებიდან სამი წლის შემდეგ ყველამ ვნახეთ, რომ ბატონ ალექსანდრე ჭაჭიას პროგნოზი გამართლდა. რუსული კალაშნიკოვის წინააღმდეგ ამერიკული «M16» უძლური აღმოჩნდა, ხოლო წლების მანძილზე თავდაცვის მიმართულებით დახარჯული ასეულობით მილიონი ლარი კი _ წყალში გადაყრილი. ვინაიდან 2008 წლის რუსულ-ქართული ომის დროს ამერიკულად გადასტანდარტებულმა ქართულმა არმიამ ხუთი დღეც ვერ შეძლო პოზიციების შენარჩუნება. მაგრამ მთელი უბედურება ისაა, რომ აგვისტოს ომში განცდილი მარცხის შემდეგ დამატებით დავკარგეთ ქვეყნის ტერიტორიის ოცი პროცენტი, ხოლო საქართველო მხოლოდ ვირტუალურ სამყაროში ან ლამაზ მოგონებებში ინარჩუნებს ერთიანობას, რაც, უპირველესად, ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის შედეგია.

მაშინ, როცა თავდაცვის სამინისტროს განათლებისა და ჯანდაცვის უწყებაზე დიდი ბიუჯეტი აქვს, ასევე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის არასაკმარისი თანხებია გამოყოფილი, ძნელია, ისაუბრო ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასა და საზოგადოების კეთილდღეობაზე. უფრო მეტიც, ჩამორჩენილი ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის, დამშეული და დაავადმყოფებული საზოგადოების პირობებში ქვეყანაში ჭარბად არსებული იარაღი და გამალებული მილიტარიზაცია კარგს არაფერს მოუტანს საქართველოს. სამწუხაროდ, თავდაცვის ბიუჯეტის მატებასთან ერთად, მილიტარისტული რიტორიკაც იწყებს გამოღვიძებას, მაგრამ რამდენად მზად არის ან გაუძლებს თუ არა გაღატაკებული და დამშეული მოსახლეობით სავსე ქვეყანა მორიგ იარაღის ჟღარუნს, ამაზე ხელისუფლებას პასუხი არ აქვს.

ნებისმიერ შემთხვევაში ხელისუფლება ვალდებულია, საზოგადოებას ნათლად და ცხადად განუმარტოს, თუ რა საფრთხეებმა და გამოწვევებმა განაპირობა თავდაცვის ბიუჯეტის ზრდა და რა მიზანს ისახავს ეს ნაბიჯი. მაგრამ არგუმენტად იმის მოშველიება, რომ 40 კმ-ში რუსი ოკუპანტები დგანან და ჩვენი ჯარისკაცები ამერიკული «M16»-ით უნდა აღვჭურვოთ, კიდევ ერთი სისულელე და საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრის მცდელობა იქნება.

მიუხედავად ამისა, «ნაცპროპაგანდისტული» მანქანა ეცდება, საზოგადოება დაარწმუნოს, რომ 45 მლნ ლარის თავდაცვის მიმართულებით გადამისამართება რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებმა განაპირობა, რასაც ჩვენი ჯარი სათანადოდ მომზადებული უნდა დახვდესო. თუმცა ხელისუფლება ამას ვერ აცნობიერებს, ეკონომიკურად სუსტი და გაღატაკებული ქვეყანა, რომლის ჯარიც, რაც უნდა თანამედროვე იარაღით იყოს აღჭურვილი, რუსეთის ფართომასშტაბიან აგრესიას, თუნდაც იმ დოზით, როგორიც 2008 წლის აგვისტოში განხორციელდა, სერიოზულ წინააღმდეგობას რომ ვერ გაუწევს და რეალურად მივიღებთ არა რუსული ჩექმით გაკონტროლებულ ტერიტორიის ოც პროცენტს, არამედ სრულად ოკუპირებულ საქართველოს, რაც კატასტროფულ შედეგს მოუტანს ჩვენს ქვეყანას.

ზურაბ ჯამბურია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here