Home რუბრიკები პოლიტიკა მიშა ნიცშეს ჩაუჯდა «შიზოფრენია კლავს!»

მიშა ნიცშეს ჩაუჯდა «შიზოფრენია კლავს!»

1159

«ყველაფერი, რაც არ კლავს, აძლიერებს,» _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 25 ნოემბერს გლდანელ პედაგოგებთან შეხვედრაზე. მან, როგორც ჩანს, სცადა, გადაემღერებინა ფრიდრიხ ნიცშეს ცნობილი გამონათქვამი «Was mich nicht umbringt, macht mich starker»). ფართოდ გავრცელებულია თარგმანის კიდევ ერთი ვარიანტი: «ის, რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს». მისი გამოყენება განსაკუთრებით ფსიქიატრებს უყვართ, როდესაც დეპრესიაში ჩავარდნილ პაციენტებს ესაუბრებიან, მაგრამ ჩვენ არ შევუდგებით იმის დადგენას, თუ საიდან გაახსენდა სააკაშვილს ეს ფრაზა. თუ მის თაყვანისმცემლებს ესიამოვნებათ, შეუძლიათ წარმოიდგინონ, რომ ის ავლაბრის რეზიდენციის გამჭვირვალე გუმბათში ნიცშეს წიგნით ხელში დგას და თან ვაგნერის მუსიკას უსმენს; «Gotterdammerung»-ს, მაგალითად.

ზოგადად, პოლიტიკოსების მიერ ნიცშეს ციტატების აფრიალება, დადებით სიმპტომად მაინც და მაინც ვერ ჩაითვლება. კაცობრიობას, პრინციპში, მხოლოდ ერთი ასეთი ეპიზოდი ახსოვს. სერჟანტ ქანთარიას მაშინ ნახევარი კონტინენტის ფეხით გავლა და რაიხსტაგის ნანგრევებზე დროშის აღმართვა მოუწია. ამის შემდეგ, ნიცშეს ციტირება პოლიტიკურ წრეებში ცუდ ტონად ითვლება, რაც, ცხადია, დიდი ფილოსოფოსის ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობას სულაც არ აკნინებს. ცხონებულს რომ სცოდნოდა, თუ ვინ და რისთვის დაიწყებდა მისი ციტატების გამოყენებას, ახალგაზრდობაშივე იმავე ვაგნერს როიალის სიმს მოჰპარავდა და ზედ ბრანდენბურგის კარიბჭეზე თავს ჩამოიხრჩობდა; რადგან ერთია ზე ადამიანზე განყენებული მსჯელობა და სულ სხვაა საკუთარი თვალით იმის დანახვა, თუ რა იშვიათი და, ამასთანავე, საოცრად დაუცხრომელი დეგენერატები შეეცდებიან, ეს როლი მოირგონ.ძალიან საინტერესო იქნებოდა ამ თემაზე საუბრის გაგრძელება და იმის დადგენა, თუ რატომ ურჩევდა ვაგნერი ნიცშეს ცივი შხაპის რეგულარულ მიღებას, თუმცა ფორმატი გვიბიძგებს, დასაწყისისთვის ის გავარკვიოთ, თუ რისთვის მივიდა სააკაშვილი გლდანში და რატომ გადაადგილდება ის სხვადასხვა ობიექტებსა და აუდიტორიებს შორის ისე სწრაფად, თითქოსდა წარმოსახვითი თვითმფრინავი (როგორც მაშინ გორში, როდესაც სააკაშვილმა სპრინტში კარლ ლიუსის ყველა რეკორდი ერთბაშად მოხსნა) ან სულაც (რახან ვაგნერი ვახსენეთ) გამძვინვარებული ვალკირიების მთელი ესკადრილია მისდევს. ბოლო დღეებში მიხეილ სააკაშვილი ტელეეკრანებზე, შესაძლოა, უფრო ხშირად ჩნდება, ვიდრე «დიროლის» და «ოლვეის ულტრას» რეკლამა ერთად აღებული.

სააკაშვილი აშკარად მოწადინებულია, საზოგადოება ისევ საკუთარ თავზე აალაპარაკოს. ავანსცენაზე ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ, სააკაშვილმა მეორე პლანზე გადაინაცვლა, მისი გამონათქვამები, ქმედებები და მასთან დაკავშირებული სკანდალებიც კი, როგორც წესი, საზოგადოების ყურადღების პერიფერიაზე რჩება, რაზეც ნათლად მიანიშნებს განსახილველი საკითხების «დღის წესრიგი» სოციალურ ქსელებსა და დამოუკიდებელ მედიაში. სავარაუდოდ, სწორედ ამ სიტუაციის შესაცვლელად, სააკაშვილი ცდილობს, საინფორმაციო სივრცე საკუთარი თავით «შეავსოს» და მაქსიმალური რაოდენობის ახალი ამბები შექმნას. მაგრამ რაოდენობა ამ შემთხვევაში ამოცანის შესრულებისთვის საკმარისი წინაპირობა არ არის. მან აუდიტორიას გაცილებით მეტი უნდა შესთავაზოს, ვიდრე ფაქტის ჩვეულებრივი კონსტატაციაა (მაგ. «სააკაშვილი გლდანელ პედაგოგებს შეხვდა», «სააკაშვილმა მორიგი საპონჩიკე გახსნა» და ა. შ.). ვინაიდან, გასაგები მიზეზების გამო, ის მოკლებულია შესაძლებლობას, გლობალური ხასიათის რეზონანსული განცხადებები აკეთოს, მაგალითად, ქვეყნის გამთლიანების ან დემოკრატიული აღმშენებლობის შესახებ, იძულებულია, სოციალური თემატიკით შემოიფარგლოს, თანაც იმისთვის, რომ ყურადღება მიიპყროს, თავის განცხადებებში პარადოქსული (არაადეკვატურობის ზღვარზე) პასაჟები ჩააქსოვოს.

მაგალითად, გლდანში ტექნიკური სასწავლებლის აშენება-ამოქმედებაზე საუბრისას სააკაშვილმა შემდეგი რამ თქვა (ციტატა მისი ოფიციალური ვებ-საიტიდან): «ვაპირებ, რომ საკუთარ კონტროლზე ავიყვანო ეს სასწავლებელი და შეთავსებით მისი ხელმძღვანელი (კონსტიტუცია ამას არ უკრძალავს პრეზიდენტს, მაგრამ ამ ცენტრს ფორმალურად სხვა დირექტორიც ეყოლება) გავხდე. ჩვენ ავიყვანთ ათასობით ადამიანს და თითოეული მათგანის კარიერას ჩვენი ეგიდით გავაკეთებთ. ამით ვეცდებით, ამ ხალხს დასაქმებაში შევუწყოთ ხელი და წარმატების მიღწევის საშუალება მივცეთ».

დაკვირვებული ადამიანისთვის ეს ციტატა, ალბათ, სხვა არაფერია, თუ არა განაჩენი, რომელიც სააკაშვილმა საკუთარ რეჟიმს გამოუტანა. ქვეყანა, სადაც ტექნიკურ სასწავლებელს არ შეუძლია გამართულად ფუნქციონირება ისე, რომ მისი საქმეები ხელისუფლების პირველმა პირმა არ აკონტროლოს, დაღუპულია, ისევე, როგორც ქვეყანა, სადაც პირველ პირს აქვს დრო იმისთვის, რომ პარალელურ რეჟიმში სასწავლებელს უხელმძღვანელოს და ქვეყანა, რომელსაც უკიდურესი გაჭირვების ჟამს თურმე აქვს ფული იმისთვის, რომ «ფორმალურად სხვა დირექტორს» ხელფასი უხადოს. მაგრამ აქ გაცილებით საინტერესოა ქვეტექსტი, რომელიც, სავარაუდოდ, შემდეგი ფრაზის მიღმა დგას: «ავიყვანთ ათასობით ადამიანს და თითოეული მათგანის კარიერას ჩვენი ეგიდით გავაკეთებთ». ამ სიტყვებიდან, დიდი ალბათობით, გამომდინარეობს პირდაპირი კავშირი რეჟიმისადმი ერთგულებასა და დასაქმებას შორის; ხომ წარმოგიდგენიათ, თუ როგორ იმუშავებს ეს სისტემა?

შემდგომ სააკაშვილის გამოსვლაში მწყობრი აზრების გამოკვეთა ფრიად პრობლემური გახდა. შეიქმნა მყარი შთაბეჭდილება, რომ ფიგურანტი სადღაც შორს, უკიდეგანო კოსმოსური სივრცისკენ გაქანდა. თავად განსაჯეთ: «საქართველო ამ რეგიონის გზაგასაყარზე მდებარეობს და გლობალური მოთამაშე გახდა. ისეთი ქვეყნების პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები აპირებენ აქ ჩამოსვლას, რომ, სამწუხაროდ, ალბათ, ჩვენი ბავშვების უმრავლესობამ არ იცის რუკაზე ამ ქვეყნების არსებობა. თუ ჩვენ გვსურს, სინგაპურის მსგავსი ქვეყანა გავხდეთ, გლობალურად უნდა ვიაზროვნოთ. სინგაპური ჩვენზე ბევრად უფრო პატარა ქვეყანაა ტერიტორიით, მაგრამ ის არა მხოლოდ რეგიონის ცენტრია, არამედ _ მთელი სამყაროსი. უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ მსოფლიოში ცენტრალურ როლს ვასრულებთ, მაგრამ საამისოდ მსოფლიოს უნდა ვიცნობდეთ».

თავი დავანებოთ, სავსებით ბუნებრივ კალამბურს იმის თაობაზე, რომ სააკაშვილმა საქართველო გლობალურ მოთამაშედ კი არა, გლობალურ სათამაშოდ აქცია. სინგაპურიც დროებით გვერდზე გადავდოთ, მიუხედავად იმისა, რომ, სააკაშვილის მიხედვით, ის თურმე სამყაროს ცენტრია. საერთოდ, ოცნება სინგაპურზე, საბოლოო ჯამში, მონური ოცნებაა, რადგან ამ ქვეყანაში, ფაქტობრივად, ერთპარტიული მმართველობაა, შეზღუდულია სიტყვის თავისუფლება და ოპოზიციის წინააღმდეგ მუდმივი რეპრესიები ხორციელდება. ამასთანავე, სინგაპურში სხვადასხვა გადაცდომისთვის მოქალაქეები შეიძლება არა მხოლოდ სიკვდილით დასაჯონ, არამედ გაროზგონ (ასევე შეიძლება გაროზგონ სკოლის მოწაფეები). ალბათ, მხოლოდ მონას შეუძლია იოცნებოს ასეთ ქვეყანაზე და თუნდაც იდეაში შეეგუოს იმ აზრს, რომ ის შეიძლება ჯოხით ან მათრახით სცემონ, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად იქნება გაზრდილი მისი ყოველდღიური ულუფა. თუმცა, როგორც უკვე შევთანხმდით, თავი დავანებოთ ამას, მითუმეტეს, რომ საუბარი მსგავს მონურ მისწრაფებებზე თავისუფალი ადამიანების საქმე ნამდვილად არ არის.

აქ, ისევე როგორც ზოგადად სააკაშვილის გამოსვლაში, სხვა რამ არის საინტერესო: თავისუფალი ხტომა ერთი აზრიდან მეორეზე, მეგალომანიური განზოგადებები, მხოლოდ ერთი ადამიანისთვის გასაგები ლოგიკა, რასაც, სავარაუდოდ, ამ საკითხში ფრიად გაწაფული არისტოტელეც ვერ ჩასწვდებოდა. ათიოდე წლის წინ, ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მსგავსი ტექსტების სერიოზული განხილვა ან კომენტირება მოგვიწევდა.

ალბათ, დროა, დავუბრუნდეთ ნიცშეს გამონათქვამს და მის აჩრდილს ვკითხოთ: «შიზოფრენია, ერთი შეხედვით, არ კლავს, მაგრამ აძლიერებს თუ არა ის»? აჩრდილმა შეიძლება კარგად ვერ გაგვიგოს, რადგან აღნიშნული დაავადება მისი გარდაცვალებიდან 8 წლის შემდეგ აღწერეს, თუმცა იმედია, საერთო ძალებით პრობლემის არსს როგორმე გავაგებინებთ.

სხვათაშორის, ყოველთვის პროტესტს გამოვთქვამდი, როდესაც სააკაშვილს ხელაღებით შიზოფრენიკს უწოდებდნენ (ეს კი, როგორც ცნობილია, ძალიან ხშირად ხდება), რადგან ასეთი დიაგნოზი კვალიფიციურმა ექიმმა უნდა დასვას. დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის (ICD-10) თანახმად, შიზოფრენიის შემთხვევაში, წარმოდგენილი უნდა იყოს ოთხიდან ერთ-ერთი ნიშანი, მაგალითად, ასეთი: «მდგრადი ბოდვითი იდეები, რაც კულტურულად არაადეკვატურია, უაზროა, განსახორციელებლად შეუძლებელი და/ან შინაარსით გრანდიოზული». ამასთანავე, წარმოდგენილი უნდა იყოს ორი ე. წ. მცირე სიმპტომიც. მაგალითად, «მდგრადი ჰალუცინაციები, რასაც თან სდევს ლაბილური ან ბოლომდე ჩამოუყალიბებელი ბოდვა გამოკვეთილი აფექტის გარეშე, ან აკვიატებული, ზეღირებული იდეები», ან, მაგალითად, «საუბრის და აზრის გადმოცემის წყვეტა», ან კიდევ «ზოგადი აღგზნებულობა». იმ შემთხვევაში, თუ ყოველივე ეს სახეზეა, ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში, დიაგნოზი შემდეგ სახეს იღებს: «მწვავე, შიზოფრენიის მსგავსი ფსიქოტური დარღვევა», ხოლო თუ აღნიშნული სიმპტომები ერთ თვეზე მეტ ხანს ფიქსირდება, დიაგნოზი იცვლება და მასში საუბარი უკვე საკუთრივ შიზოფრენიის ამა თუ იმ ფორმაზე მიდის. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ განხილულ შემთხვევაში ყველა ჩამოთვლილი სიმპტომი, ერთი შეხედვით, ხილული და ხელშესახებია, მაინც აუცილებელია, დიაგნოზს ექიმის ხელმოწერა და შესაბამისი ბეჭედი ახლდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ დიაგნოზის აფრიალებისას ბოლომდე კორექტულები არ ვიქნებით.

საბოლოო ჯამში, ჩვენ ხომ პრობლემის არა სამედიცინო, არამედ ფილოსოფიურ ასპექტზე ვსაუბრობთ. სადღაც იქ, მოხუცებული ვაგნერის სახლში, სადაც ფრიდრიხ ნიცშე მასპინძლის მეუღლეს მისჩერებია და ფრჩხილებს ნერვულად იკვნეტს, თავად ვაგნერი კი ამას არ ამჩნევს (სინამდვილეში, ძალიანაც კარგად ამჩნევდა ყველაფერს) და ჩუმად უკრავს, თითქოსდა მხოლოდ საკუთარი თავისთვის უკრავდეს, იდეაში, ვაგნერმა რაიმე მონუმენტური უნდა შეასრულოს, თუმცა მრავლფეროვნებისთვის შეგვიძლია «Oh, du lieber Augustin» დავაკვრევინოთ. ბევრს ის მსუბუქი სენტიმენტალური სიმღერა ჰგონია. არადა, ის XVII საუკუნეში ვენაში გავრცელებულ შავი ჭირის საშინელ ეპიდემიაზე მოგვითხრობს და კატასტროფის ერთგვარ ჰიმნს წარმოადგენს.

სინამდვილეში ეს რთული საუბარი, ალბათ, დაგვირგვინდებოდა საზეიმო დასკვნით «შიზოფრენია კლავს»; არა პირდაპირ, როგორც მოულოდნელად ჩამოვარდნილი ბომბი ან რეფორმირებული პოლიციელის მიერ გასროლილი ტყვია, მაგრამ _ როგორც მთავარი მიზეზი, სადღაც ხელისუფლების მწვერვალზე მდებარე პირველწყარო იმისა, რომ ბომბი ჩამოვარდა, პოლიციელმა უიარაღო თანამოქალაქეს ესროლა, ხოლო ბევრმა სხვა ადამიანმა საშინელი, საბოლოო ჯამში, მომაკვდინებელი რამ ჩაიდინა. ყველაზე მძიმე გასააზრებელი კი ამ კონტექსტში ისაა, რომ ამის მიღმა (ჩვენს შემთხვევაში, როგორც ჩანს, ასეა და გერმანიისა რა მოგახსენოთ), სავარაუდოდ, არ იდგა რამდენადმე მდგრადი მსოფლმხედველობა ან თუნდაც მიუღებელი, კაცთმოძულე იდეოლოგია, არამედ მხოლოდ ერთი ადამიანის შიში, სიძულვილი და სიცრუე. ასეა თუ ისე, ახლა ქვეყნის ნანგრევებზე ვდგავართ და სადღაც შორიდან გაისმის: «Oh, du lieber Augustin, Alles ist hin!». თუმცა ისიც ფაქტია, რომ (ალბათ, მათ ჯინაზე) არ მომკვდარვართ და, ნიცშეს თქმის არ იყოს, შესაძლოა, გავძლიერდით კიდეც.

დიმიტრი მონიავა

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here