Home რუბრიკები პოლიტიკა აუცილებელი განმარტება ირაკლი ალასანიასთან ინტერვიუს გამო

აუცილებელი განმარტება ირაკლი ალასანიასთან ინტერვიუს გამო

524

გაზეთ „საქართველო და მსოფლიოში“ (#33, 21–27 სექტემბერი) გამოქვეყნებული „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ირაკლი ალასანიას ინტერვიუ სახელისუფლებო მედიის ყურადღების ცენტრში უკვე ორჯერ მოექცა.

ჯერ კიდევ 15 ნოემბერს სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ ხელისუფლების აქტიურმა მხარდამჭერებმა არაერთხელ ახსენეს ჩვენი გაზეთი და ეს ინტერვიუ. გამოითქვა მოსაზრებები, რომ ირაკლი ალასანიას ინტერვიუს დროს ფრაზა – „აგვისტოს ომის შემდეგ, ნატოში გაწევრიანება განუხორციელებელი ამოცანაა“ – არ უთქვამს. ზოგიერთს კი კითხვაც გაუჩნდა, რესპონდენტს ეს სიტყვები ჟურნალისტმა ხომ არ მიაწერა.

სოციალურ ქსელში გამართულ დისკუსიას გავეცანი, თუმცა ცალკეული ინდივიდების მიერ გამოთქმული ეჭვების საფუძველზე რაიმეს მტკიცება მიზანშეწონილად არ მივიჩნიე, მით უფრო, ჩემთვის მიუღებელია ჟურნალისტის მიერ რესპონდენტის შესახებ კომენტარების გაკეთება. იმავე დღეს, 15 ნოემბერს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“–ის პროდიუსერმა გიორგი ლაფერაშვილმა მთხოვა კომენტარის გაკეთება, რაზეც ვუპასუხე, რომ ინტერვიუში რესპონდენტის ნათქვამი ზუსტად იყო გამოქვეყნებული, სატელევიზიო კომენტარზე კი უარი ვუთხარი, სანამ ბატონი ირაკლი ალასანიას კომენტარს არ მოვისმენდი. იმავე საღამოს, „რუსთავი 2“–მა და „იმედმა“ ამ ინტერვიუზე დაყრდნობით მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში სიუჟეტები შემოგვთავაზეს.25 ნოემბერს ეს ინტერვიუ კვლავ გაიხსენეს. ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკის“ ეთერში ირაკლი ალასანიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ გიორგი გაბაშვილს შორის გამართული ტელედებატების დროს ისაუბრეს 21 სექტემბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუში ნახსენებ ფრაზაზე. წამყვანმა ჩემი განმარტებაც მოიშველია, თუმცა „იმედის“ წარმომადგენელთან არ მისაუბრია.

ამჯერად „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა უარყო, რომ ინტერვიუს დროს ნათქვამი სიტყვები – „განუხორციელებელი ამოცანაა“ – მას ეკუთვნის. ამიტომ იძულებული ვარ, ეს განმარტებაც შემოგთავაზოთ და ინტერვიუს ფრაგმენტიც.

ფრაგმენტი ინტერვიუდან:

კითხვა: – საქართველომ უარი უნდა თქვას ნატოში შესვლაზე?

პასუხი: – საერთოდ, რეალისტური პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ. დღეს და, მით უმეტეს, სააკაშვილის ნაბიჯების და 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ნატოში გაწევრიანება არის განუხორციელებელი ამოცანა. მაგრამ, მეორე მხრივ, ნატო თვითონ განიცდის ტრანსფორმირებას. ნატო ვერ იქნება იგივე, რაც იყო 50 წლის განმავლობაში. ისიც შეიცვლება…

ბონდო მძინარაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here