Home რუბრიკები პოლიტიკა სკლეროზს ცრემლების არ სჯერა, ანუ რას გვეტყვი ახალს, კონდოლიზა?

სკლეროზს ცრემლების არ სჯერა, ანუ რას გვეტყვი ახალს, კონდოლიზა?

656

ხანდახან წარსულის აჩრდილები ბრუნდებიან, მოულოდნელად გვახსენებენ თავს და მონდომებით ცდილობენ, დაგვიმტკიცონ, რომ სინამდვილეში გაცილებით გონიერები, გაცილებით გამჭრიახნი იყვნენ. განსაკუთრებული აქტიურობით, ამ მხრივ, ახლო წარსულის აჩრდილები გამოირჩევიან. ნოემბერში მათ მრავალხმიან ექოს ყოფილი სახელმწიფო მდივნის _ კონდოლიზა რაისის ხმა შეემატა. აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უხეირო ადმინისტრაციის ამ წარმომადგენელმა გამოაქვეყნა წიგნი «No Higher Honor», რომელშიც ხელისუფლებაში გატარებული წლები აღწერა. ცხადია, ქართული საზოგადოება ამ მემუარებში, უპირველესად, იმ მონაკვეთებმა დააინტერესა, რომლებიც ჩვენს ქვეყანას, კერძოდ კი 2008 წლის ომს, ეხება.ხანდახან წარსულის აჩრდილები ბრუნდებიან, მოულოდნელად გვახსენებენ თავს და მონდომებით ცდილობენ, დაგვიმტკიცონ, რომ სინამდვილეში გაცილებით გონიერები, გაცილებით გამჭრიახნი იყვნენ. განსაკუთრებული აქტიურობით, ამ მხრივ, ახლო წარსულის აჩრდილები გამოირჩევიან. ნოემბერში მათ მრავალხმიან ექოს ყოფილი სახელმწიფო მდივნის _ კონდოლიზა რაისის ხმა შეემატა. აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უხეირო ადმინისტრაციის ამ წარმომადგენელმა გამოაქვეყნა წიგნი «No Higher Honor», რომელშიც ხელისუფლებაში გატარებული წლები აღწერა. ცხადია, ქართული საზოგადოება ამ მემუარებში, უპირველესად, იმ მონაკვეთებმა დააინტერესა, რომლებიც ჩვენს ქვეყანას, კერძოდ კი 2008 წლის ომს, ეხება.

საქართველოსთან დაკავშირებული ციტატების გამოქვეყნებას მცირე სკანდალი მოჰყვა. პირველად ისინი «EurasiaNet»-ში ჯოშუა კუცერამ გამოამზეურა სტატიაში სათაურით «კონდოლიზა რაისი: სააკაშვილმა რუსეთს პროვოცირების საშუალება მისცა». შემდეგ კუცერას მასალა «The Atlantic»-მა გადაბეჭდა, ოღონდაც მას საკუთარი სათაური დაურთო: «კონდოლიზა რაისი საქართველოს ლიდერს რუსეთთან ომის გამო ადანაშაულებს». რაისი შეშფოთდა და განაცხადა: «არაფერი არ შეიძლება ასე შორს იყოს სიმართლისგან, როგორც ის აზრი, რომ მე შეიძლება ქართველები დამედანაშაულებინა». «Weekly Standart»-თან საუბარში რაისი კუცერას წერილსაც გადასწვდა და მწვავედ გააკრიტიკა ის. «The Atlantic»-მა სათაური შეცვალა, ხოლო კუცერამ «EurasiaNet»-ში რაისის კომენტარს ერთობ მკვახე პასუხი მოაყოლა. ყოველივე ამის აღწერა იმისთვის დაგვჭირდა, რომ ერთმანეთისგან გავმიჯნოთ ციტატები წიგნიდან «No Higher Honor», რომელთა ავთენტურობაზე არავინ დავობს. ჩვენ ვისაუბრებთ მხოლოდ იმაზე, რაც რაისმა თავის წიგნში დაწერა და არა კუცერას შეფასებებზე, რაისის შემდგომ კომენტარებზე ან მათ პოლემიკაზე.

რამდენად სანდო ინფორმაციას შეიცავს რაისის წიგნი? ერთ-ერთმა ეპიზოდმა მისი მემუარებიდან, შეიძლება დაგვაფიქროს, რომ მას ან მეხსიერებასთან პრობლემები აქვს, ან ფაქტებს შეგნებულად ამახინჯებს. ციტატა (აქ და შემდგომ «foreignpress.ge»-ს თარგმანი): «მე ვღელავდი საქართველოს ჭირვეულ, ემოციურ და გადაღლილ პრეზიდენტზე და იმაზე, რა შეეძლო მას ეთქვა. «ბატონო პრეზიდენტო, უბრალოდ, გადაუხადეთ მადლობა ევროპელებსა და ამერიკელებს თანადგომისთვის. თქვენს ხალხს, ომის დამთავრებასთან დაკავშირებით, რაიმე გამამხნევებელი უთხარით. რუსეთზე კომენტარი მთლიანად მე დამიტოვეთ,» _ ვუთხარი მე. პრესკონფერენცია მშვიდად დაიწყო, მაგრამ ის ლაპარაკობდა და ლაპარაკობდა და ვხედავდი, რომ ქართველს სისხლის წნევა უწევდა. მან ბორძიკით განაგრძო გამოსვლა, თითქოს იმაზე ფიქრობდა, თუ რა ეთქვა კიდევ. სააკაშვილი მშვენივრად ლაპარაკობს ინგლისურად, ასე რომ, ვიცოდი აქ ენის პრობლემა არ იდგა. და უეცრად ის აგრესიულ ენაზე ალაპარაკდა, ამბობდა, რომ რუსები ბარბაროსები არიან, რომ მათი ტანკები წინ მიიწევენ და არ გაჩერდებიან. კარგი, ვფიქრობდი მე, რუსებზე მკაცრ სიტყვებს ველოდი, ასე რომ, საქმე ჯერჯერობით ცუდად არ მიდის, მაგრამ მერე ის ევროპელებზე გადავიდა, ახსენა მიუნჰენი და დაშოშმინება… ისე გავცეცხლდი სააკაშვილზე, ვეღარც კი ვლაპარაკობდი…»

სინამდვილეში მოვლენები ცოტა სხვაგვარად განვითარდა. იმ პრესკონფერენციის სტენოგრამა ხელმისაწვდომია ინტერნეტში და ნებისმიერ მსურველს შეუძლია ნახოს, რომ სააკაშვილმა ევროპელების კრიტიკა (მშვიდი რეაქციისთვის რუსეთის წინასაომარ სამზადისზე) თავიდანვე დაიწყო და «ახალი მიუნჰენი» საუბრის დასაწყისშივე ახსენა (ევროპელებისთვის 1938 წლის მიუნჰენის შეთანხმების შეხსენება, როდესაც ჰიტლერს ჩეხოსლოვაკია ხონჩით მიართვეს, მართლაც ძალზე გამაღიზიანებელია). სააკაშვილმა თქვა, რომ ნატო-ს ბუქარესტის სამიტი, სადაც საქართველოს მაპ-ი არ მიანიჭეს, «რუსეთმა აღიქვა როგორც ახალი მიუნჰენი». საუბარი ბარბაროსებზე და აგრესიული რიტორიკის გამოყენება მან მოგვიანებით დაიწყო. რაისის მემუარებში კი ყველაფერი თავდაყირაა. რეალობაში იმ განცდებს, რომელსაც ის აღწერს, ადგილი ძნელად თუ ექნებოდა, რადგან სააკაშვილის განცხადებებს სხვა თანმიმდევრობა ჰქონდა.

მეხსიერებამ ადამიანს შეიძლება ადრეულ ასაკშიც უღალატოს, თუმცა გამორიცხული არც ისაა, რომ რაისი ფაქტებს განგებ ამახინჯებს, რათა მკითხველამდე გარკვეული გზავნილი მიიტანოს. ამასთან დაკავშირებით შეგვიძლია შემდეგი მაგალითი განვიხილოთ: ჰენრი კისინჯერი, თავის ფუნდამენტურ ნაშრომ «დიპლომატიაში» ასევე უშვებს შეცდომებს, რომლებიც ზედაპირზე დევს და ეს, სავარაუდოდ, გარკვეულ მიზანს ემსახურება. კისინჯერი სარაევოში ერცჰერცოგ ფრანც ფერდინანდის მკველობასა და I მსოფლიო ომის დაწყებაზე საუბრისას წერს: «საბაბი ომისთვის იმდენადვე შემთხვევითი იყო, რამდენდაც მთელი წინარე დიპლომატიური აქტიურობა _ უგუნური… მკვლელობის გარემოებებიც კი ტრაგედიისა და აბსურდის წარმოუდგენელი ნაზავი იყო… ახალგაზრდა სერბმა ტერორისტმა ფრანც ფერდინანდზე პირველი თავდასხმისას წარუმატებლობა განიცადა და მის ნაცვლად მისი მძღოლი დაჭრა. გუბერნატორის რეზიდენციაში მისვლის და ავსტრიელი ადმინისტრატორების გაკიცხვის შემდეგ ფრანც ფერდინანდმა მეუღლესთან ერთად ჰოსპიტალში დაზარალებულის მონახულება გადაწყვიტა. სამეფო წყვილის ახალმა მძღოლმა არასწორად შეუხვია და უკან გამოსვლისას ღია კაფესთან შეჩერდა, სადაც გაკვირვებული მკვლელი თავის იმედგცრუებას ლიქიორში ახრჩობდა. ვინაიდან განგებამ მსხვერპლი მასთან მიიყვანა, მკვლელმა მეორედ არ ააცილა».

მიუხედავად იმისა, რომ სარაევოს მკვლელობა დეტალებშია აღდგენილი და შეუსაბამობები ძალზე იოლი აღმოსაჩენია, კისინჯერი ყველაფერს მაინც თავდაყირა აყენებს. მისი ტექსტიდან არ ჩანს, რომ საქმეში ჩართული იყო ტერორისტების მთელი ჯგუფი (შემსრულებლები ექვსნი იყვნენ, ხოლო მათ უკან უამრავი ადამიანი და საეჭვო კავშირი იდგა), არამედ საუბარი თითქოსდა ერთ ტერორისტზე მიდის (ნებისმიერ შემთხვევაში, «რაღაც უმნიშვნელოზე»). ამ ქვეტექსტის გადასაფარად «პატარა უზუსტობების» მთელი სერია გამოიყენება. მაგალითად, პირველი თავდასხმისას ერცჰერცოგის მძღოლი, ლეოპოლდ ლოიკა არ დაუჭრიათ და, შესაბამისად, არ გამოუცვლიათ, დაიღუპა სხვა, კორტეჟის მომდევნო მანქანის მძღოლი, ხოლო ოცამდე ადამიანი დაიჭრა. მკვლელი არ სვამდა ალკოჰოლს ღია კაფეში (იმ ვიწრო ქუჩაზე კაფე, უბრალოდ, არ დაეტეოდა), არამედ შენობის შიგნით, ერთ-ერთ მაღაზიაში ყავას მიირთმევდა (ან, უფრო ფართოდ გავრცელებული ვერსიის თანახმად, ბუტერბროდს ყიდულობდა). გუბერნატორის რეზიდენციაში ერცჰერცოგი და მისი მეუღლე მომაკვდავები მიიყვანეს, ხოლო პირველი თავდასხმის შემდეგ ისინი ქალაქის რატუშას სტუმრობდნენ და ა.შ. კისინჯერი, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო ფაქტებს ამახინჯებს, შესაძლოა იმისთვის, რომ მაქსიმალურად გაუსვას ხაზი მომხდარის შემთხვევითობასა და აბსურდულობას; ის ცდილობს მკითხველი «დიდი შეთქმულების» თეორიას დააშოროს, ხოლო საუბარს მკვლელობაზე შემდეგი ფრაზით ასრულებს «საბოლოო ჯამში ეს მხოლოდ ტერორისტული შეთქმულება იყო». კისინჯერს, როგორც ჩანს, უნდა, რომ მკითხველმა ამ მკვლელობის მიღმა ზესახელმწიფოების კვალის ძებნას თავი დაანებოს და მომხდარს ბალკანური გროტესკული ტრაგიკომედიის რაკურსით შეხედოს.

თუმცა კისინჯერი გროსმაისტერია და მისი რებუსების ამოხსნა საინტერესოა; კონდოლიზა რაისის შემთხვევაში, საქმე, სავარაუდოდ, შედარებით მარტივადაა. მის მემუარებს თუ დავეყრდნობით, პრესკონფერენციის წინ მან სააკაშვილს დეტალური ინსტრუქტაჟი ჩაუტარა, რა ილაპარაკოს და რა არა, თუმცა ფიგურანტი გაცეცხლდა და ერთ სისულელეს მეორე მოაყოლა (ყალბი კონსტრუქცია «წნევამ აუწია, ჯერ რუსებს შეუტია, შემდეგ ევროპელებზე გადავიდა”, რაისმა, როგორც ჩანს, მეტი ფსიქოლოგიური დამაჯერებლობისთვის გამოიყენა). შემდგომ კი, რაისი თითქოსდა ირიბად ცდილობს, მაპ-ის არმინიჭება სააკაშვილის იმპულსურობას და ევროპელების გაღიზიანებას დაუკავშიროს: «შეთანხმების ხელმოწერიდან რამდენიმე დღის შემდეგ ბრიუსელში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ჩავატარეთ (19 აგვისტო. _ ავტ.). აღმოვაჩინე, რომ მოკავშირეები საოცრად გულმოწყალენი იყვნენ სააკაშვილისადმი, მაგრამ რამდენიმემ თქვა, რომ მან უკვე აჩვენა, თუ რატომაა მაპ-ის მინიჭება მისთვის არცთუ კარგი იდეა». ერთი შეხედვით, პირდაპირი კავშირი მაპ-ის არმინიჭებასა და სააკაშვილის იმპულსურ ქმედებებსა და განცხადებებს შორის (რაც მათ ზოგად სისულელეს, ცხადია, არ გამორიცხავს) არ არსებობს. ევროპელებმა საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭება ომამდე დაბლოკეს და ეს, უპირველესად, გეოპოლიტიკურმა ფაქტორებმა და არა სააკაშვილის ნაბიჯებმა (თუნდაც 7 ნოემბერმა) განაპირობა. მაგრამ რაისი, შესაძლოა, ცდილობს, თუნდაც ქვეტექსტის დონეზე, რომ ბუშის ადმინისტრაციის წამოწყების (საქართველო ფორსირებულად გააწევრიანოს ნატო-ში) უპერსპექტივობა, რომელსაც ევროპელი მოკავშირეები ნებისმიერ შემთხვევაში წინ აღუდგებოდნენ, სხვა ფაქტორებით ახსნას ან გადაფაროს. მკითხველს ვაშინგტონის სტრატეგიული შეცდომების ანალიზის ნაცვლად, სააკაშვილისა და ევროპელების ტაქტიკურ წინდაუხედაობაზე საუბარს სთავაზობს.

ბრძოლის ყიჟინა მოესმათ

რაისი, ამასთანავე, ერთ საინტერესო თათბირს აღწერს, რომელსაც ომის დღეებში დაესწრო: «შეხვედრა ცოტა არ იყოს რთულად სამართავი იყო. ბევრი რუსების გამო გულში მჯიღს იცემდა. ერთ მომენტში სტივ ჰედლი (მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. _ ავტ.) ჩაერია, რასაც ის იშვიათად აკეთებდა ხოლმე. ამ დროს იმაზე ლაპარაკობდნენ, თუ რით შეიძლება დაიმუქროს აშშ. «ერთი შეკითხვა მინდა დავსვა, _ თქვა ჰედლიმ თავშეკავებით, _ მზად ვართ იმისთვის, რომ საქართველოს გამო რუსეთს ვეომოთ?» ხმაური ჩაწყნარდა და მან ადგილი დაუთმო კონსტრუქციულ საუბარს იმაზე, თუ რის გაკეთება შეგვეძლო რეალურად». უდროოდ გარდაცვლილი რონალდ ასმუსი, წიგნში «პატარა ომი, რომელმაც შეძრა მსოფლიო», ასევე აღწერს თათბირს, სადაც კონფლიქტში აშშ-ის შესაძლო ჩარევა განიხილებოდა. ასმუსის მიხედვით, ეს თათბირი 11 აგვისტოს გაიმართა; მასში ბუში და ჩეინი მონაწილეობდნენ. გამორიცხული არაა, რომ საუბარი ერთსა და იმავე თავყრილობაზე მიდის. ასმუსის ვერსიით, საკითხის განხილვის ინიციატორი თავად ჰედლი იყო. «ასმუსი წერს, რომ ჰედლი მიიჩნევდა, რომ სამხედრო მოქმედებები მეტად სარისკო იქნებოდა, მაგრამ მან მაინც წამოაყენა ეს საკითხი 11 აგვისტოს შეხვედრაზე ბუშთან, ჩეინისთან და სხვა მაღალჩინოსნებთან, რათა გამოეწვია «ღია განხილვა» და აეძულებინა ჩეინი და სხვები პროტოკოლისთვის განცხადებები გაეკეთებინა» («Pოლიტიცო»). ამ გამოცემასთან საუბარში ჰედლიმ თქვა, რომ «იყო მსჯელობა თემაზე «შეიძლება თუ არ განვიხილოთ სამხედრო მოქმედება ჩვენი მიზნების მიღწევისთვის?» და საერთო აზრი მდგომარეობდა იმაში, რომ ეს მიმზიდველი ვარიანტი არ არის… ყოველივე ეს ძალიან შორს ხდებოდა და რუსეთთან პირდაპირ სამხედრო შეტაკებაში გადაიზრდებოდა». ასმუსი წერს, რომ თათბირზე «როკის გვირაბის დაბომბვა და გადაკეტვა» და «სხვა წერტილოვანი დარტყმები» განიხილებოდა.

ვინ მოიგებდა ყველაზე მეტად იმ შემთხვევაში, თუ აშშ და რუსეთი ერთმანეთს დარტყმებს მიაყენებდნენ? (ბირთვულ აპოკალიფსამდე საქმე, ალბათ, არ მივიდოდა და რაღაც მომენტში ორივე მხარე, სავარაუდოდ, გაჩერდებოდა, თუმცა ზარალიც ძალიან დიდი იქნებოდა). ყველაზე მეტად ამით, სავარაუდოდ, იხეირებდა პეკინი და ის ტრანსნაციონალური ფინანსური ჯგუფები, რომლებიც XXI საუკუნეში ფსონს ჩინეთის გლობალურ ლიდერობაზე დებენ. მათ ორივე მხარის მარცხი აწყობდათ: რუსეთის მძიმე მარცხის შედეგად ჩინეთის გავლენის სფეროში რესურსებით მდიდარი შუა აზია და ციმბირი შევიდოდა, აშშ-ს მძიმე მარცხის შემთხვევაში პეკინი, დაგეგმილზე ადრე, უკან ჩამოიტოვებდა მთავარ გლობალურ კონკურენტს და ფრთებს წყნარი ოკენის თავზე გაშლიდა. ყაიმიც კი (ეს ყველაზე სავარაუდო შედეგი იყო) პეკინისთვის მეტად მომგებიანი იქნებოდა. ერთმანეთის მიერ «დალურჯებული», გამწარებული აშშ და რუსეთი, გარკვეული (პეკინისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი) დროის განმავლობაში მის წინაააღმდეგ ალიანსს ვერ შეკრავდნენ, მეტიც, მისი კეთილგანწყობის მოპოვებას შეეცდებოდნენ. და ყოველივე ამას, სუნ ძი რომ იტყოდა, ჩინელები «ქარქაშიდან ხმლის ამოუღებლად» მიაღწევდნენ.

ეს შტატებისთვის მეტად არასახარბიელო შორეული პერსპექტივა იყო, ხოლო ახლო პერსპექტივაში, 11 აგვისტოს თათბირს თუ დავუბრუნდებით, მათ ელოდათ ომი (თუნდაც «წერტილოვნი დარტყმების» გაცვლის სახით) ისეთ ძლიერ და ნაკლებად პროგნოზირებად ქვეყანასთან, როგორიცაა რუსეთი. ნუთუ ვინმე, ყოველივე ამის გათვალისწინებით, ფიქრობს, რომ არსებობდა თუნდაც მცირე შანსი იმისა, რომ ამერიკელები აგვისტოს ომში სამხედრო საშუალებების გამოყენებით ჩაერეოდნენ? უბრალოდ, სტივენ ჰედლიმ, როგორც ჩანს, მოაწყო პატარა შოუ, სადაც ყველა მსურველს შესაძლებლობა მისცა «ორთქლი გამოეშვა» და სხვადასხვა ჰეროიკულ პოზაში დამდგარიყო. თვითონ კი, სავარაუდოდ, სხვა ჩინოვნიკების განცხადებებსა და შესაძლო მოტივებს აკვირდებოდა. არადა, სააკაშვილის ხელისუფლება სერიოზულად იმედოვნებდა, რომ აშშ უშუალო სამხედრო დახმარებას აღმოუჩენდა.

თქვა და ხელებიც დაიბანა

«ბატონო პრეზიდენტო, რაც არ უნდა მოხდეს, არ მისცეთ რუსებს თქვენი პროვოცირების საშუალება. გახსოვდეთ, პრეზიდენტი ბუშიც ამბობდა, რომ მოსკოვი შეეცდება, სისულელე ჩაგადენინოთ. არ ჩაითრიოთ რუსეთის შეიარაღებული ძალები. ვერავინ დაგეხმარებათ და თქვენ დამარცხდებით,» _ ვუთხარი მე მკაცრად», _ წერს რაისი. ვინ იცის, იქნებ ზოგიერთი ამერიკელი მაღალჩინოსანი სააკაშვილს საპირისპირო მიმართულებით უბიძგებდა და არწმუნებდა, რომ გადამწყვეტ მომენტში აშშ დაეხმარება?! ხომ იყვნენ ვაშინგტონში ადამიანები, რომლებიც 11 აგვისტოს როკის გვირაბზე შეტევის იდეებს ავითარებდნენ და რატომ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ისინი (ან სხვები) იმავეს სააკაშვილის თანდასწრებით ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე არ აკეთებდნენ? საინტერესოა, თუ რატომ უთხრა რაისმა სააკაშვილს ყოველივე ეს «მკაცრად»? ძალიან შეაწუხა? ხომ არ მიანიშნებს ეს ციტატა დისტანცირების სურვილზე?

აქ კი, ალბათ, პრესკონფერენციასთან დაკავშირებულ მონაკვეთს უნდა დავუბრუნდეთ. იქ რაისი (მისი თქმით) სააკაშვილს ინსტრუქციას აძლევს, შემდეგ კი სააკაშვილი ჯერ მწარედ აკრიტიკებს რუსებს (პირველად არღვევს ინსტრუქციას), შემდეგ კი ევროპელებს (მეორედ არღვევს). რა რეაქცია აქვს ამ დროს რაისს? «კარგი, ვფიქრობდი მე, რუსებზე მკაცრ სიტყვებს ველოდი, ასე რომ საქმე ჯერჯერობით ცუდად არ მიდის», ანუ ის შინაგანად თანხმდება მისი ინსტრუქციის (ზრდილობის გულისთვის მას შეიძლება «თხოვნა» ვუწოდოთ) დარღვევას, შემდეგ კი გულწრფელად უკვირს, რომ სააკაშვილი ინსტრუქციას მეორედაც არღვევს და მხოლოდ ამის შემდეგ მწარდება. ერთობ უცნაური ლოგიკაა. თუ ამ სიტუაციის პროეცირებას პოლიტიკაზე მოვახდენთ, ვნახავთ, რომ სააკაშვილმა აქაც დაარღვია ინსტრუქცია, შესაძლოა იმის იმედით, რომ რეაქცია ამაზე შემოიფარგლებოდა სიტყვებით «საქმე ჯერჯერობით ცუდად არ მიდის». საბოლოო ჯამში კი ამ სტრიქონების მიღმა იმპულსური, უკონტროლო ფიგურის სილუეტი იკვეთება, რომელმაც შეიძლება ვაშინგტონის პოზიცია (მათ შორის მკაცრი ტონით გაჟღერებული) უგულებელყოს. სააკაშვილის ასეთად წარმოჩენა რაისისთვის მომგებიანია; ის შესაძლებლობას აძლევს, მოახდინოს საკუთარი თავის (და აშშ-ის) დისტანცირება იმ უბედურებისგან, რომელიც 2008-ში მოხდა. კიდევ ერთი მსგავსი ქვეტექსტის მქონე ფრაზა: «ის ამაყია და შეიძლება იმპულსურიც იყოს, ამიტომ ვშიშობდით, რომ მოსკოვს საკუთარი თავის პროვოცირების საშუალებას მისცემდა და ძალას გამოიყენებდა».

საერთოდ წარუმატებელი პოლიტიკოსების მოსმენა, რაღაც მომენტში შეიძლება ფრიად მოსაწყენი გახდეს. ძნელი ასატანია, როდესაც ერთი «ლუზერი» მეორესთვის საკუთარი ან მათი საერთო წარუმატებლობის გადაბრალებას ცდილობს. ალბათ, ჯობს, ისინი წარსულში დავტოვოთ (ბუშის ადმინისტრაცია უკვე იქაა, სააკაშვილი ცოტა შეყოვნდა, თუმცა ეს, სავარაუდოდ, დროებითია) და მათი პირდაპირი თუ ირიბი, ერთობლივი თუ ერთპიროვნული ნაბიჯების შედეგად დანაწევრებულ, დასახიჩრებულ საქართველოს მივხედოთ; ეს, ალბათ, გაცილებით კონსტრუქციული იქნება.

დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here