Home რუბრიკები პოლიტიკა «ნაღდი კახელი» _ პლეხანოვზე, მოპარული რეიგანი _ რიყეზე

«ნაღდი კახელი» _ პლეხანოვზე, მოპარული რეიგანი _ რიყეზე

621

«თავისუფლების შენარჩუნება ყოველი თაობის საზრუნავი უნდა იყოს» – ეს წარწერა რონალდ რეიგანის ძეგლზე ქართულ და ინგლისურ ენებზეა ამოტვიფრული. უფრო სწორად, მის ზურგსუკან – სკამის საზურგეზე. ძეგლი კი რიყის პარკში დგას, ოღონდ ჯერ არ ხსნიან, ამერიკელი კონგრესმენების დელეგაციას ელიან, რომელიც გიორგობის, სინამდვილეში კი, «ვარდების რევოლუციის» მორიგი წლისთავის აღსანიშნავად უნდა ჩამოვიდეს.«თავისუფლების შენარჩუნება ყოველი თაობის საზრუნავი უნდა იყოს» – ეს წარწერა რონალდ რეიგანის ძეგლზე ქართულ და ინგლისურ ენებზეა ამოტვიფრული. უფრო სწორად, მის ზურგსუკან – სკამის საზურგეზე. ძეგლი კი რიყის პარკში დგას, ოღონდ ჯერ არ ხსნიან, ამერიკელი კონგრესმენების დელეგაციას ელიან, რომელიც გიორგობის, სინამდვილეში კი, «ვარდების რევოლუციის» მორიგი წლისთავის აღსანიშნავად უნდა ჩამოვიდეს.

ეს ამერიკის უკვე მეორე პრეზიდენტია, რომელსაც სააკაშვილი უკვდავყოფს. ჯერ მელაანის ქუჩას ჯორჯ ბუში-უმცროსის სახელი უწოდა, ახლა კი რიყეზე «საბჭოთა კავშირის დანგრევაში წვლილის შეტანისთვის» რეიგანის «ორიგინალურ» ძეგლს დგამს. მისი ორიგინალურობა თურმე იმაშია, რომ სკამზე რეიგანის გვერდით ადგილია, რათა მსურველმა მის გვერდით ფოტოს გადაღება შეძლოს. ჩვენი სულსწრაფი ხელისუფლება ყველაფერს სახელდახელოდ აკეთებს. ახლაც ბევრი არ უფიქრია და ძეგლის კონცეფცია ლონდონის ბონდ-სტრიტიდან მოიპარა, სადაც, კარგა ხანია, ზუსტად ასეთი, ბრინჯაოში შესრულებული ძეგლი დგას, ოღონდ იქ სკამზე უინსტონ ჩერჩილი და ფრანკლინ დელანო რუზველტი სხედან, მათ შორის კი თავისუფალი ადგილია, სადაც მოცლილი ტურისტები იღებენ სურათებს. ცნობისთვის, ჩერჩილი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი იყო და მისი ძეგლის დადგმა ლონდონის ცენტრში სულაც არ იყო გასაკვირი. გასაკვირი სულ სხვა რამ არის – ამ ძეგლს «მოკავშირეები» ჰქვია, მაგრამ სტალინი მათ შორის არ არის.

რეიგანს თუ ძეგლი «საბჭოთა კავშირის დანგრევაში წვლილის შეტანისთვის» დაუდგა «ჩვენმა მაღალმა» (არადა, სხვა საბაბიც იყო – წელს რეიგანს 100 წელი შეუსრულდებოდა), მაშინ სამართლიანობა მოითხოვს, მის გვერდით, თუ გორბაჩოვი არა, შევარდნაძე მაინც დაესვათ, მათ რეიგანზე არა ნაკლები (თუ მეტი არა) წვლილი მაინც მიუძღვით საბჭოთა კავშირის დაშლაში! თუმცა «ვარდების რევოლუციის მოედანზე» ველოსიპედის ძეგლს რომ დადგამ, აღმაშენებლის ძეგლს კი ქალაქის ბოლოს გადაიტან, აღარც მარტოსული რეიგანის სახელდახელო პლაგიატი უნდა გაგიკვირდეს რიყეზე.

სხვათა შორის, ამ ზაფხულს რეიგანის 7-მეტრიანი ქანდაკება უნგრეთის დედაქალაქშიც დადგეს, ოღონდ იმ სკვერში, სადაც 1945 წელს უნგრეთის გამათავისუფლებელი საბჭოთა ჯარისკაცის ძეგლი დღემდე შენარჩუნებულია. ისე, რაკი საბჭოთა კავშირის დანგრევაზეა ლაპარაკი, ჩვენ რომ ქუჩა გვაქვს, იმ პრეზიდენტის მამამ – ასევე ჯორჯ ბუშმა 1991 წელს მუხლისჩოქვით შემოიარა საბჭოთა რესპუბლიკები, რომ სსრკ-ს დაშლა რამენაირად შეეჩერებინა. არ გამოუვიდა. სამაგიეროდ, შვილი გამოადგა და ერაყსა და ავღანეთში მისი შეტანილი დემოკრატია დღესაც სისხლს ანთხევს.

ბუში-უმცროსი მიშასაც გამოადგა; სულ «დემოკრატიის შუქურა» უძახა და მაგალითად დაუსახა დანარჩენ მსოფლიოს. ისე, თუ ექსტრავაგანტულ ძეგლებზე მიდგა საქმე, შორს არ არის დღე, როცა ავლაბრის რეზიდენციის წინ კახური ქუდის ძეგლი დაიდგმება. აი, ისეთის, ყვარელში მიპატიჟებულმა მეზობლებმა რომ აჩუქეს სააკაშვილს, თან სიტყვაც ჩამოართვეს, _ კახელი უნდა გახდეო! «ყოველთვის მეგონა, რომ კახელი ვარ,» – გაეპასუხა სააკაშვილი. რობერტ სტურუას კი სომეხი ეგონა. ეჰ, ბატონო რობერტ, არ არის ეს კაცი სომეხი. სომეხი რომ ყოფილიყო, ვიდრე მინასიანების ოჯახის გადარჩენილ წევრებს მიიღებდა, სანდრო გირგვლიანის ერთადერთ გადარჩენილ ოჯახის წევრს მაინც შეხვდებოდა. ყველა ჭკვიანი სომეხი ასე იზამდა, მაგრამ ეს კაცი ან სომეხი არ არის, ან _ ჭკვიანი. შემოხაზეთ სწორი პასუხი.

კახელებმა «ზაოდობაზე» სულ «ჯოს, ჯოს» უძახეს სააკაშვილს და თან აწ განსვენებული ლეხ კაჩინსკი გაიხსენეს. ჩვენმა ნორჩმა ტელეჟურნალისტებმა არ იციან, რომ მიცვალებულის სადღეგრძელოზე დამთავრება არ შეიძლება და სიუჟეტიც ამით დაასრულეს. სამაგიეროდ, სააკაშვილმა იცის კარგად, რომ ყვარლიდან სანოვაგის საყიდლად თელავის ბაზარზე უნდა წავიდეს, თითქოს ყვარელში ღორის ხორცი, ყველი და მწნილი არ იშოვებოდეს! დიდი საიდუმლო არ არის, რომ ყვარელში სააკაშვილი თბილისიდან დადის, თუ ყვარლის ბაზრის არჩევანი დაიწუნა, თავისუფლად შეეძლო, სანოვაგე თბილისიდან გაეყოლებინა, მაგრამ თბილისში «ბედნიერი ხალხის» იმედი არ ჰქონდა და თელავი არჩია. სააკაშვილის აღმა-დაღმა უპროგნოზო სიარული არახალია, მაგრამ, თუ მანამდე თბილისელებს ეშლებოდათ გადაადგილებაში ხელი, ახლა თელაველებმა საკუთარი პროდუქტის ყიდვა-გაყიდვა ვერ შეძლეს. სააკაშვილის ვიზიტამდე და ვიზიტის დროს თელავის ბაზარში დაცვის განსაკუთრებული ზომები იყო მიღებული, მიმდებარე ქუჩები კი გადაკეტილი იყო.

მავანი იკითხავს: გურჯაანის ბაზარში რატომ არ წავიდაო? გიპასუხებთ: სამიოდე დღით ადრე გურჯაანის ბაზარში 500 ლარის ღირებულების ხორცი და 150 ლარი მოიპარეს. ჯიხურის მეპატრონეები თანხის ანაზღაურებას დარაჯების ან ადმინისტრაციისგან ითხოვენ. ვინ რას მისცემს, ეს ხომ გასაგებია, მაგრამ სააკაშვილმა მოხერხებულად აარიდა თავი მომჩივანთ, თანაც, თუ იქ ხორცი აღარ იყო, რისთვის მივიდოდა? გურჯაანელები კი ხელებს შლიან და რიტორიკულ კითხვას სვამენ: «მა, ვანო ხერხემალიაო»?

ახლა სხვა მავანი ინტრიგანი იკითხავს: რა გაუჭირდა პრეზიდენტს ისეთი, რომ ბაზარში არ ყიდულობდეს პროდუქტს, დაილია სუპერმარკეტები? მავანს ვუპასუხებ: «სუში-ბარის» ამბავი გახსოვთ? არ ესმის ამ ჩვენს მდაბიო ხალხს უმი თევზის ფილოსოფია და ამიტომაც, ღორის მწვადი, თუშური ყველი და მწნილი ირჩია პრეზიდენტმა. სიტყვამ მოიტანა და ის თუშური ყველი, რომელიც პრეზიდენტმა თელავის ბაზარში იყიდა, შეიძლება მომავალ წელს საერთოდ აღარც იშოვებოდეს. ვიდრე თელავის ბაზარში ვაჭრობდა (სიტყვის მასალად, თორემ ვაჭრობას ვინ შეჰკადრებდა _ უფასოდ დანებდნენ კახელები), ალვანური ყველის შეძენისას განაცხადა, რომ რამდენიმე წლის წინ ალვანელებმა საძოვრების პრობლემასთან დაკავშირებით წერილობით მიმართეს და ეს პრობლემა მაჟორიტარმა დეპუტატმა მოუგვარა.

ადგილობრივები კი ამბობენ: «კარგი იქნებოდა, პრეზიდენტმა იცოდეს, რომ ალვანელებისთვის საძოვრების პრობლემა დღეს უფრო მწვავედ დგას, ვიდრე მაშინ, როდესაც ის პეტრე ცისკარიშვილს ავალებდა ამის მოგვარებას. ტყუილად ჰგონია პრეზიდენტს, რომ ეს პრობლემა მოგვარებულია. პირიქით, სულ ცოტა ხნის წინ მოგვადგნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელით და საძოვრების გადახვნა დაიწყეს ფრანგული ჯიშის კაკლის ხეების გაშენების მოტივით. საძოვრების პრობლემა ძალიან მწვავედ დგას არა მარტო ალვანში, არამედ თუშეთის საზაფხულო და შირაქის ზამთრის საძოვრებზე, სადაც ფერმერებს გადასახადი, ფაქტობრივად, გაუსამმაგეს. ასე რომ, ის თუშური ყველი, რომელიც პრეზიდენტმა თელავის ბაზარში იყიდა, შეიძლება გაისად საერთოდ აღარც იშოვებოდეს ან ცეცხლის ფასი დაედოს».

ბაზრიდან სააკაშვილი ახალი სახლისკენ გაემართა და «ზაოდობაზე» მიპატიჟებული მეზობლები სათითაოდ გადაკოცნა, მერე სახლში შეიყვანა, მარანი დაათვალიერებინა და ჰკითხა: «რას იტყვით, ხომ არის კახურად გაკეთებულიო»? ეჰ, ქართულ სტუმართმოყვარეობას რა ვუთხრა, თორემ, წესით, ვიდრე ააშენებდა, მანამდე უნდა ეკითხა ეს კახელებისთვის. «ნაციონალურ» არხებს ისე აუჩუყა გული «ხალხურმა» პრეზიდენტმა, რომ ერთმანეთს ეცილებოდნენ მისი ღირსებებით აღტაცებაში.

«პრეზიდენტი რეგიონის განვითარებაზე საუბარსაც ასწრებდა და გლეხების გამოკითხვასაც. საუბარი რომ უშუალო იყო, კადრებშიც კარგად ჩანდა. «მონაკოს პრინცმა თქვა, სად არ ვყოფილვარ, რანაირი ღვინო არ დამილევია, მაგრამ ყველაზე საუკეთესო ღვინო ჩემს ცხოვრებაში კახეთში დავლიეო. რა დაალევინეთ ამისთანა?» – იკითხა მიხეილ სააკაშვილმა და ამ კითხვამ საყოველთაო მხიარულება გამოიწვია. პრეზიდენტმა მეზობლები სუფრასთან მიიწვია, მანამდე კი სამლიტრიანი ქილიდან, სწორედ «ზავოდობის» შესაფერისად, ცალკე ჭურჭლის გარეშე ჩამოასხა თლილ ჭიქებში «ჭაჭა» და სტუმრებს მისი დაჭაშნიკება სთხოვა. საუბარი და სასმელის დაჭაშნიკება ეზოში გაშლილ სუფრასთან გაგრძელდა».

კახეთში ქეიფი სააკაშვილს კარგად აქვს დაცდილი. ბევრი კი იქილიკეს მისმა მტრებმა წინანდალში ნიკიტა მიხალკოვის შვილის ქორწილში სააკაშვილის დაუპატიჟებლად მისვლაზე, მაგრამ ფაქტია, რომ სააკაშვილმა, როგორც ეს ჭეშმარიტ პოლიტიკოსს სჩვევია, მტერი მოყვრად აქცია. თუ მანამდე მიხალკოვი იმას განიცდიდა, რომ რუსის ჯარი თბილისში არ შევიდა და სააკაშვილი კვერცხებით არ დაკიდა, სააკაშვილმა მასთან წინანდალში «წაიმუშავა» და აგერ, ასტანაში ჟურნალისტთა საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებს «დამტკბარმა» მიხალკოვმა განუცხადა: «ევრაზიის კავშირი საქართველოს გარეშე ღარიბი იქნება. წარმოიდგინეთ, შეიქმნას ევრაზიული კავშირი და მასში საქართველო არ შევიდეს. ერთმანეთის გარეშე რას გავხდებით? ჩვენი ურთიერთსაჭიროება მხოლოდ პოლიტიკურ ხასიათს არ ატარებს, მე პირადად, ქართული იუმორი ძალიან მაკლია».

მიხალკოვს რომ ბათუმის პლაჟზე დადგმული კვერცხები და ზედ შემოდებული რეზინის ქოშები ენახა, მიხვდებოდა, რომ ქართული იუმორი სააკაშვილსაც აკლია. საფიქრალია, რომ თორმეტი კვერცხი იმ შემთხვევისთვის არის მომზადებული, რომ, თუ ხელახლა გაპრეზიდენტებულ პუტინს წყენა არ გაუვლის, «ჩამოსაკიდებელი» ობიექტები არ შემოაკლდეს, ან სულაც, სააკაშვილის მეტისმეტად მაღალ წარმოდგენას ასახავს საკუთარი თავის (უკაცრავად, სხეულის სხვა ნაწილი უნდა მეხსენებინა) შესახებ.

«ნაღდი კახელი», მართალია, იმაში ვერ ერკვევა, რომ სიმინდი ითესება და არ ირგვება (სულ «რამდენ ჰექტარზე დარგეთ სიმინდიო», _ ასე ეკითხებოდა ადგილობრივებს), სამაგიეროდ, ზუსტად იცის, რომ ქართველები მას ტრაბახას და ბაქიას უწოდებენ. «მე რეპუტაცია მაქვს, რომ ხანდახან ბევრს ვტრაბახობ საქართველოზე, მაგრამ მე ევროპაში არსად მინახავს ასეთი კულტურული და ტურისტული ცენტრები, როგორიც საქართველოშია,» _ განაცხადა სააკაშვილმა. ჩვენი დავალება იყო, რომ «პლეხანოვი» უნდა დამთავრებულიყო «ვარდების რევოლუციის» წლისთავისთვის და წუთი წუთზე დამთავრდება. «პლეხანოვი» არასოდეს ყოფილა ასეთი ლამაზი». მერე რა, რომ ამ გამზირს, უკვე ოცი წელია, დავით აღმაშენებლის სახელი ჰქვია? სააკაშვილს 2008 წლის შემდეგ აღმაშენებლის ხსენება აღარ ხიბლავს.

აღმაშენებლის არა, მაგრამ ჰარუნ-ალ-რაშიდის დარად, «ჩვენი მაღალიც» ღამ-ღამობით გადაიცვამს ხოლმე გლახაკის ტანსაცმელს და ქალაქში დაიარება, რომ ხალხის სატკივარი გაიგოს. «გუშინწინ გამოვიარეთ აქ დილის 4 საათზე. წინა დღეებში ძალიან ციოდა. ძალიან მძიმე სამუშაოები იყო, რადგან ღამით ყინვებია, მაგრამ ერთი წუთით არ გაჩერებულა სამუშაოები. მუშაობენ 24 საათი».

თუმცა არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც სააკაშვილი ჯიუტად უწოდებს აღმაშენებლის გამზირს «პლეხანოვს»: ძველ, კორუმპირებულ, ძირგამომპალ საბჭოთა კავშირში თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის (აბა, კორუფცია იქ გენახათ!) პრორექტორის შვილიშვილმა სააკაშვილმა სწორედ «პლეხანოვზე», პარაზიტოლოგიის ინსტიტუტში დაიწყო თავისი კომკავშირული კარიერა _ კომკავშირის მდივანი იყო. მოეძალა საბჭოთა კავშირის ნოსტალგია და ამან აძახებინა «პლეხანოვი». რა გასაკვირია: ყოფილ კომკავშირის მდივანს მარქსიზმის თეორეტიკოსი და რსდმპ-ს (რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია) დამფუძნებელი გაახსენდებოდა და არა დღევანდელ საქართველოზე ხუთჯერ დიდი სახელმწიფოს შემომმტკიცებელი!

თამარ დავითულიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here