Home ახალი ამბები საქართველო 32  ქართველი ბიჭი შეეწირა ომს, რომელსაც  სარგებელი ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ქვეყნისთვის მოაქვს ...

32  ქართველი ბიჭი შეეწირა ომს, რომელსაც  სარგებელი ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ქვეყნისთვის მოაქვს  და მას ამერიკის შეერთებული შტატები ჰქვია

ზელენსკის პარტია „ხალხის მსახური“ ამერიკელებს ძალიან მოეწონათ, მაგრამ მისი სახელისგან მხოლოდ ერთი სიტყვა დატოვეს - „მსახური“, ხალხი კი ჩამოაჭრეს, რადგან ამერიკელებისთვის ხალხი არასდროს ყოფილა პრიორიტეტი და ეს ქართველებმა საკუთარ თავზეც არაერთხელ ვიწვნიეთ

296

გასულ კვირას  უკრაინა და მისი სტრატეგიული პარტნიორები  ბოლო ხმაზე გაჰკიოდნენ: ომი მოვიგეთ, რუსეთი დამარცხებულიაო. მაგრამ  ახლა ვითარება რადიკალურად შეიცვალა და კიევის რეჟიმი კვლავ ითხოვს დახმარებას;  თანაც უბრალო დახმარებას კი არა, კოლოსალურს, რათა მარცხს გადაურჩეს. არადა, ზუსტად ერთი კვირის წინათ ხერსონში ჩასული ზელენსკი კამერების წინ პოზირებდა და რუსეთს მუშტს უქნევდა.

„ჩვენ უნდა გავაძლიეროთ დახმარება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ომი წაგებულია“, – ეს განაცხადა ამერიკელმა სენატორმა ჯიმ რიშმა. ეს ის რიშია, რომელიც არც ისე  დიდი ხნის წინათ ამბობდა, რუსეთი მალე მარტივ ნაწილებად დაიშლება და ამისთვის მსოფლიო მზად უნდა იყოსო. ჰოდა, ეს დასაშლელად გამზადებული სახელმწიფო ახლა აღარ იშლება თურმე და უკრაინას თუ არ უშველეს…

„ახლა სასწრაფოდ გვჭირდება შველა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, მაგრამ ჩვენი ძალები  საკმარისი არ არის. ვწუხვარ, რომ მსოფლიოში დასრულდა დისკუსია რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვარზე. მიიღეს გადაწყვეტილება, რომელიც საკმაოდ კომფორტულია რუსეთისთვის. რუსეთმა უკვე კოლოსალური ზარალი მიაყენა მსოფლიოს ყველა ქვეყანას ენერგეტიკული ბაზრის შეგნებული დესტაბილიზაციით, მაგრამ მსოფლიოს მაინც არ შეუძლია მისი ნამდვილი ენერგეტიკული განიარაღება. ნავთობზე ამ ფასით რუსეთი წლიურად 100 მილიარდ დოლარზე მეტს მიიღებს“, – ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის ეკუთვნის.

რატომღაც გვგონია, რომ ზელენსკი ბევრ რამეს ვერ ხვდება. მას არ სურს, აღაროს, რომ, როცა ომია, მეორე სახელმწიფო ხელებს არ ჩამოუშვებს და არ ეტყვის, – მოდი, შემომიტიეო, და  ყოველ პასუხზე  პანიკა ეწყება, რუსეთი არ ჩერდებაო. ანუ, ზელენსკის, სავარაუდოდ, დაჰპირდნენ, ოღონდ  შენ ომი დაიწყე და თეთრ ცხენზე ამხედრებული შეხვალ მოსკოვში და წითელ მოედანზე „კომედი არხის“ პავილიონს დაგიდგამთო,  ახლა კი უკვირს, ასე რომ არ ხდება. ზელენსკის, ალბათ, ისიც ჰგონია, რომ მსოფლიომ სანქციები უნდა დაუწესოს რუსებს და სამაგიერო რეაქცია არ იქნება.  ზელენსკის სურს,  რუსეთმა მის ხელთ არსებული არანაირი რესურსი არ გამოიყენოს და მშვიდად უყუროს, როგორ გაანადგურებს ამერიკა და ევროპა. რაც შეეხება ნავთობის ფასს, დასავლეთმა იმსჯელა და დაადგინა, რომ რუსული ნავთობის ფასი საუკეთესო შემთხვევაში ბარელზე 60 დოლარი უნდა იყოს, ანუ არც ერთმა სახელმწიფომ არ უნდა გადაუხადოს რუსეთს 60 დოლარზე მეტი. ბალტიის ქვეყნები 30 დოლარს ითხოვდნენ, რაც თავისთავად სასაცილო თანხაა და ასეც რომ ყოფილიყო, ამას ამერიკა არ დაუშვებდა. რატომ? იმიტომ, რომ ამერიკის მთავარი მიზანი ბებერ კონტინენტზე რუსული პროდუქციის (იქნება ეს ენერგომატარებლები თუ სურსათი) მთლიანად ჩანაცვლებაა და, რაც მთავარია, ამერიკელები ამ ყველაფერს ევროპაში გაცილებით ძვირად ყიდიან, ვიდრე რუსები ყიდდნენ. ახლაც ბარელი ნავთობის ოფიციალური ფასი 69 დოლარია, რუსეთს კი მხოლოდ 60 დოლარს გადაუხდიან, მაგრამ… იცით, რა არის საინტერესო? ის ქვეყნები, რომლებიც ამ დოკუმენტის შემუშავებაში არ მონაწილეობდნენ და მასზე ხელი არ მოუწერიათ, იზიარებენ თუ არა ევროკავშირის ამ გადაწყვეტილებას? ანუ, ზამთარში ბარელი ნავთობის ფასმა 90-100 დოლარს რომ მიაღწიოს, რუსეთმა კი 70 დოლარად დააპიროს გაყიდვა, ვერ გაყიდის? მაგალითად, საქართველოს აუკრძალავენ 60 დოლარზე მეტის გადახდას? დიდი ქვეყნებისთვის ეს კოლოსალური თანხა იქნება და ისინი, უბრალოდ, ძალიან იზარალებენ, რუსეთს კი შეუძლია თქვას, რომ არ აპირებს ნავთობის 60 დოლარად გაყიდვას და საკუთარი პროდუქცია ბაზარზე საერთოდ არ გაიტანოს. რუსეთს მარტივად შეუძლია ამის გაკეთება და ბიუჯეტს სასურსათო პროდუქციიდანაც შეავსებს, მაგალითად, ხორბლიდან. სხვათა შორის, ზელენსკიმ ისიც დაიწუწუნა, რუსეთმა მილიარდი დოლარის ხორბალი მოგვპარა და  ყიდისო. ანუ, უკრაინელებს რომ ჩაუვარდებათ ხელში ნაალაფარი, ეგ კარგია, და თუ რუსეთს ჩაუვარდა ხელში რამე, უკან უნდა დააბრუნოს: თქვენი ყოფილა, ბატონებო, ბოდიშიო. აქამდეც ცხადი იყო, რომ მასხარას ომის არაფერი გაეგებოდა, არც სახელმწიფოს მართვის იცოდა რამე, მაგრამ დასავლეთის ხელშეწყობით, ევროპის უდიდესი სახელმწიფოს პრეზიდენტი გახდა და ხუმრობა-ხუმრობაში უკრაინა ომში ჩააბა. ზელენსკის  პარტია „ხალხის მსახური“ ამერიკელებს ძალიან მოეწონათ, მაგრამ მისი სახელისგან მხოლოდ ერთი სიტყვა დატოვეს – „მსახური“, ხალხი კი ჩამოაჭრეს, რადგან ამერიკელებისთვის  ხალხი არასდროს ყოფილა პრიორიტეტი, და ეს ქართველებმა საკუთარ თავზეც არაერთხელ ვიწვნიეთ. ეს „მსახური“ კი ჯერჯერობით ერთგულად ემსახურება დასავლეთს და, როგორც კი ურჩობას გაბედავს, ისევე გაწევენ გვერდზე, როგორც ადრე სხვები გაუწევიათ. ნავთობს დავუბრუნდეთ. დასავლეთს რეალურად სანქციების პაკეტი ამოეწურა – რუსეთს დაუწესეს ყველა შეზღუდვა, რომელთა დაწესებაც კი შეიძლებოდა, და ახლა ფასზე თამაში დაიწყეს. ანუ, მივიდნენ იქამდე, რაც ჩაფიქრებული ჰქონდათ: რუსეთმა, ამ უდიდესმა სახელმწიფომ, მსოფლიო ბაზარზე თავისი პროდუქცია ან იაფად უნდა გაყიდოს, ან შეზღუდული რაოდენობით. პრინციპში, ერთი მეორეს ხელს არ უშლის, მაგრამ დასავლეთმა ვერ გათვალა მთავარი –  რუსეთს ბოლო წლებში აქცენტი არა ნავთობზე, არამედ ხორბალზე ჰქონდა გადატანილი და ეს გათვლა უზუსტესი აღმოჩნდა – მსოფლიოში სასურსათო კრიზისის ფონზე რუსული ხორბალი ყველასთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და, თუ ნავთობზე  ამერიკა ევროპას ევაჭრება, ხორბლის მიმართულებით საქმე გაცილებით რთულადაა. საკვები პროდუქტის გაძვირებაზე მოსახლეობა  მძაფრად რეაგირებს და ეს ევროპული ქვეყნების ლიდერებმაც იციან. მათ ისიც იციან, რომ მთლიანად ამერიკულ ხორბალს რომ ჩამოეკიდონ და პური არ გააძვირონ, სახელმწიფო ფინანსების  გვარიანად შეთხელება მოუწევთ. ამიტომ იყო, როცა რუსეთმა უარი თქვა ხორბლის გატანაზე (ყირიმის ხიდზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ), ლამის მთელი ევროპა ქადაგად დავარდა: ოღონდ ხორბლის ექსპორტი აღადგინე და ხმას არ ამოვიღებთო. რუსეთს  შეეძლო, უარი ეთქვა და საამისო მიზეზიც ჰქონდა, მაგრამ დათანხმდა  და ევროპა შიმშილისგან იხსნა,  სიცივისგან კი…  ევროკავშირის ქვეყნებს ხელს ჯერჯერობით ამინდი უწყობს, რადგან ჯერ დიდი  თოვლი არ მოსულა, მაგრამ ზამთარი ახლახან დაიწყო და თოვლი აუცილებლად მოვა. სწორედ ამის შემდეგ მოხდება ის, რისიც ევროპას ეშინია…  ამერიკას იმედი აქვს, რომ მისი ნავთობის ფასი ევროპის ბაზარზე მოიმატებს,  მაგრამ მედალს მეორე მხარეც აქვს – რა ურჩევნია იმავე ევროპას: რუსული ნავთობი 60 დოლარად  იყიდოს თუ ამერიკულში გაცილებით მეტი გადაიხადოს და, რაც მთავარია,  კიდევ უფრო  ძვირი დაუჯდეს ტრანსპორტირება? მოკლედ, ეს ზამთარი იქნება გარდამტეხი არამხოლოდ ომში, არამედ დასავლეთისა და რუსეთის პაექრობაში. ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ უპირატესობა  რუსეთის მხარესაა და,  დასავლეთი საინფორმაციო ომს რომ იგებს, ბევრს  არაფერს ნიშნავს. ამინდი რომ რუსეთის მხარესაა, ყველამ იცის, მაგრამ ისიც ნათლად გამოჩნდა, რომ ერთი კვირისწინანდელი უკანდახევა ტაქტიკური სვლა იყო და ამ ანკესს არამხოლოდ უკრაინელები, არამედ მათი ევროპელი და ამერიკელი კურატორებიც წამოეგნენ. შედეგად კი მივიღეთ ის, რომ ახლა ყველა ერთ ხმაში გაჰკივის: სასწრაფოდ რამე თუ არ მოვიფიქრეთ, ამ ომს ვაგებთო. რეალურად, ჩვენ თუ გვკითხავთ, ომს გამარჯვებული არასდროს ჰყავს, ომს ჰყავს დამარცხებული და დაღუპული ადამიანები.

წერილის დასაწყისში  ჯიმ რიში ვახსენეთ.  ამ სენატორმა ისიც თქვა, – ავღანეთში ადგილობრივ მოსახლეობას არამხოლოდ ვეხმარებოდით, არამედ იარაღის გამოყენებასაც ვასწავლიდით და ასე უნდა მოვიქცეთ უკრაინაშიცო. ეს უსინდისობის პიკია!  მისტერ რიშ, რომელ ავღანეთში? ამას წინათ კუდამოძუებულება რომ მოკურცხლეთ და მილიარდობით დოლარის ტექნიკა დაუტოვეთ ტერორისტებად აღიარებულ თალიბებს? რომელ ავღანეთში? სხვადასხვა ქვეყნის ჯარისკაცები ნატოს მისიაში მონაწილეობის საფარქვეშ  რომ წაიყვანეთ და თქვენი ინტერესებისთვის უხილავ მტერს შეაკალით? რომელ ავღანეთში, სადაც დღეს განათლების მინისტრი კაბინეტში ავტომატით ზის და ინფრასტრუქტურის მინისტრს მხარზე ამერიკული „ჯაველინი“ აქვს გადებული? ზუსტად ასეა ახლა უკრაინის შემთხვევაში – ამერიკა მსოფლიოს მოუწოდებს, იქ იომონ და ეს მათ ქვეყანას წაადგება. უკვე „წაგვადგა“ _  32  ქართველი ბიჭი შეეწირა ომს, რომელსაც  სარგებელი ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ქვეყნისთვის მოაქვს  და მას ამერიკის შეერთებული შტატები ჰქვია!

  ლევან გაბაშვილი                                                                                   

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here