Home რუბრიკები პოლიტიკა ევრაზიული კავშირი _ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთადერთი შანსი

ევრაზიული კავშირი _ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთადერთი შანსი

1200

გასული თვის დასაწყისში გამოქვეყნებული სტატიით ვლადიმერ პუტინმა, რომელიც მესამე ვადით პრეზიდენტობას აპირებს, პოსტსაბჭოთა სივრცის რეკონსტრუქციის ახალი გეოპოლიტიკური გეგმა წარმოადგინა და  «ევრაზიული კავშირის» შექმნის იდეით გამოვიდა.

სახელისუფლო პოლიტიკურ ელიტაში ამ სტატიამ არც თუ დიდი გამოხმაურება ჰპოვა, რაც, ალბათ, გამოწვეული იყო ობიექტური პოლიტიკური რეალობით. იგი ხომ საფრანგეთის პრეზიდენტის _ ნიკოლა სარკოზის ვიზიტსა და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ არენაზე გამოჩენას დაემთხვა. მაგრამ ეს ფაქტი კომენტარის გარეშე არ დაუტოვებიათ ქვეყნის პირველ და მეორე პირებს. მათ რატომღაც ვლადიმერ პუტინის ამ ახალ წამოწყებას საბჭოთა კავშირის აღდგენის მცდელობა უწოდეს: «ევრაზიული გაერთიანების შექმნის შესახებ გაკეთებული განცხადება ნიშნავს, რომ ხელისუფლების პირველ პირად დაბრუნების შემდეგ პუტინი საბჭოთა კავშირს პრაქტიკულად აღადგენს. ასეთ პირობებში საქართველოს ევროპასთან დაახლოება ჩვენთვის არჩევანი და ფუფუნება კი არა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია…» (დ. ბაქრაძე). 
ჯერ ერთი, როდესაც ევროპის მხარდაჭერაზე საუბრობს, თითქოს ევროპელები ძალით მიგვათრევდნენ ევრო სტრუქტურებისკენ და მეორე, ვინც ეს სტატია წაიკითხა, დამეთანხმება, ალბათ, რომ ვ.პუტინი არავითარი საბჭოთა კავშირის აღდგენას არ აპირებს.

ევრაზიული კავშირი სულაც არ ნიშნავს მხოლოდ ეკონომიკური ორგანიზაციის შექმნას. იგი ეფუძნება სამი უმთავრესი ეკონომიკური, გეოპოლიტიკური და იდეოლოგიური პრინციპების კომპლექსს, რაც განასხვავებს მას საბჭოთა კავშირისგან. გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, იგი გულისხმობს მრავალპოლუსიანი მსოფლიოს შექმნას, სადაც ევრაზიული სივრცე წარმოდგენილი იქნება როგორც ერთ-ერთი პოლუსი.

საბჭოთა კავშირის არსებობის დროს კი მსოფლიო პოლიტიკური სისტემა ორპოლუსიანი იყო, სადაც ორი პოლუსი ებრძოდა ერთმანეთს მსოფლიოში გაბატონებისათვის. რაც შეეხება იდეოლოგიურ განსხვავებას, ორპოლუსიანი მსოფლიო გულისხმობდა ორი მოდერნისტული, გლობალისტური იდეოლოგიის დაპირისპირებას. დასავლური სამყარო თუ იცავდა ინდივიდის უფლებებს, კომუნისტური იდეოლოგიის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენდა, მუშათა კლასის, ანუ პროლეტარიატის ინტერესების დაცვა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. საფუძველშივე ორივე იდეოლოგია უარყოფდა ერების, როგორც ისტორიულ-კულტურული ერთობის, არსებობას.

ევრაზიული იდეოლოგია კი არის ანტიმოდერნისტული, ანტიმატერიალისტური ფილოსოფია, რომელიც ტრადიციული ერების, როგორც კოლექტიური ერთობის, პრიმატს აღიარებს ინდივიდებთან და მუშათა კლასთან მიმართებაში. ეს ზემოთ ჩამოთვლილი პრინციპები არის ის, რაც განასხვავებს მას საბჭოთა კავშირისგან.

არ შევუდგები მთლიანი სტატიის განხილვას, მაგრამ ყურადღება მინდა გავამახვილო რამდენიმე დეტალზე, რაც, ჩემი აზრით, გარკვეულ გზავნილებს იძლევა ეთნოპოლიტიკური კონფლიქტების მოსაგვარებლად და ძალიან საინტერესო უნდა იყოს მკითხველისათვის. პირველ რიგში, აუცილებელია, ყურადღება გავამახვილოთ იმ კონფლიქტებზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზეა, განსაკუთრებით _ აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების შანსებზე.

«ევრაზიული კავშირის» შექმნა და მასში საქართველოს გაერთიანება, ჩემი აზრით, ერთადერთი შანსია, რამაც, შესაძლოა, ხელი შეუწყოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესს, სხვა შანსი საქართველოს არ აქვს. ნურავის ექნება იმის მოლოდინი, რომ ამერიკელები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბირთვულ ომს გააჩაღებენ რუსეთთან ან ამერიკული გავლენის ქვეშ მყოფ საქართველოს რუსეთი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს დაუთმობს.

საქართველოს ნებისმიერი ხელისუფლების უმთავრეს ამოცანას უნდა წარმოადგენდეს და ნაციონალური იდეის რანგში უნდა იყოს აყვანილი დაკარგულ ტერიტორიებზე კონტროლის აღდგენა და არა ევროატლანტიკური სტრუქტურების ჰიპოთეტური წევრობა. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ევრო კავშირში გაწევრიანების არავითარი შანსი არ აქვს. დღევანდელი ეკონომიკური ვითარებისა (ევროკავშირში არსებული ფინანსური კრიზისიდან გამომდინარე, შეუძლებელია, ამ გაერთიანებამ კიდე ერთი ღატაკი ქვეყანა მიიღოს) და ჩვენი გეოგრაფიული ადგილმდებარეობის გათვალისწინებით. ჩვენი მეზობელი ქვეყანა თურქეთია, რომელსაც, რამდენიმეწლიანი მცდელობის მიუხედავად, არ იღებენ ამ ევროპულ გაერთიანებაში, საქართველოს კი ადგილს ვერ შეუცვლიან.

ახლა დავუბრუნდეთ უშუალოდ სტატიის ანალიზს, საიდანაც რუსეთის პრემიერ-მინისტრის სიტყვებიდან რამდენიმე პასაჟს გამოვიყენებ და შევეცდები იმის ახსნას, თუ რა კავშირშია «ევრაზიული კავშირის» იდეა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან.

ვლადიმერ პუტინის სტატიას თუ გადავხედავთ, ირკვევა, რომ იგი პოსტსაბჭოთა სივრცეში ეცდება ევროკავშირის ტიპის ორგანიზაციის შექმნას ზე ნაციონალური სტრუქტურებით და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შენგენის ხელშეკრულების ტიპის გამოცდილების გამოყენებას, რაც ერთიანი ევრაზიული მოქალაქეობისა და ერთიანი ეკონომიკური-პოლიტიკური და კულტურული სივრცის შექმნას გულისხმობს. ეს კი თავისთავად ნიშნავს ამ კავშირში მცხოვრები მოქალაქეების მიერ ამ სივრცის ფარგლებში თავისუფალ გადაადგილებასა და მათ მიერ საკუთარი ნების შესაბამისად საკუთარი საცხოვრებელი ადგილის არჩევის შესაძლებლობას: «მოქალაქეებისათვის მიგრაციული, სასაზღვრო და სხვა ბარიერების მოხსნა… ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე აირჩიონ, სად იცხოვრონ, სად მიიღონ განათლება და იმუშაონ» (ვ. პუტინი).

თუ ვლადიმერ პუტინის სტატიიდან ამ სიტყვებს თანამედროვე ქართულ რეალობას მოვარგებთ, შეიძლება დავასკვნათ, რომ, საქართველოს ამ გაერთიანებაში გაწევრიანების შემთხვევაში,  ნებისმიერ ქართველს  შესაძლებლობა ექნება (საუბარია უპირატესად დევნილებზე), ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე, დაუბრუნდნენ მშობლიურ რეგიონს და დაიკავონ ის გამოთავისუფლებული ადგილები, რომლებიც მრავლადაა კონფლიქტურ რეგიონებში სეპარატისტული რეჟიმების მიერ ქართველების გამოდევნის შემდეგ. საერთოდ, ქართველებს თუ გვინდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ჩვენს უმთავრეს ამოცანას უნდა წარმოადგენდეს განდგომილ რეგიონებში დღეს არსებული ეთნიკური ბალანსის შეცვლა ეთნიკურად ქართველების სასარგებლოდ.

დემოგრაფიული სურათის შეცვლა კი ჩვენს თანამოქალაქეებს შეუქმნის ნორმალურ საარსებო პირობებს და შესაძლებლობას მისცემს, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივ პოლიტიკურ პროცესებში. პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვით, უმრავლესობის შექმნის შემთხვევაში, არ არის გამორიცხული,  მოხდეს ქართველებით დაკომპლექტებული და საქართველოსთვის მისაღები პოლიტიკური ელიტის ფორმირება, რაც, დიდი ალბათობით, კონფლიქტურ რეგიონებში ცენტრისკენული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, რაც დააჩქარებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესსაც.

აფხაზეთის მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ ომის შემდგომი დე ფაქტო მმართველები შიშით უყურებდნენ ყოველთვის დემოგრაფიულ ცვლილებებს და ყოველ ღონეს ხმარობდნენ, XIX საუკუნეში თურქეთში გადასახლებული მუჰაჯირების შთამომავლების რეპატრიაციისათვის სამართლებრივი ფონის შექმნას. ამ მიზნით აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა 1997 წელს მიიღო კანონი «აქტი დეპორტაციის შესახებ _ აფხაზები XIX საუკუნეში.

აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლება ყოველ მოლაპარაკებაზე წინა პლანზე აყენებდა აფხაზი რეპატრიანტების დაბრუნების საკითხს. მათი უმთავრესი მიზანი იყო და არის დღეს არსებული  სიტუაციის  შენარჩუნება, როცა ქართველები უმცირესობაში არიან, ხოლო აფხაზები და მათი მხარდამჭერი ეთნიკური ჯგუფები კი – უმრავლესობაში. ეს მათ ხელ-ფეხს უხსნის დღევანდელი პოლიტიკური ვითარების შესანარჩუნებლად. დევნილი ქართველების დაბრუნება კი (ომამდე არსებული რაოდენობა, რომელიც 240 ათასი იყო, 1989 წლის აღწერით) მკვეთრად შეცვლიდა პოლიტიკურ ძალთა კონფიგურაციას აფხაზეთში ქართველების სასარგებლოდ, რაც დააჩქარებდა ამ რეგიონის ინტეგრაციას ერთიან ქართულ სახელმწიფოში.

უნდა აღინიშნოს, რომ აფხაზი რეპატრიანტების აფხაზეთში დაბრუნებას ეწინააღმდეგება რუსეთის ფედერაციაც. მას არ სურს ისლამური ფაქტორის გაძლიერება აფხაზეთის ტერიტორიაზე. ამაზე თვითონ აფხაზებიც კი ამახვილებენ ყურადღებას. «საერთოდ რუსები ტრადიციულად ნეგატიურად არიან განწყობილნი რეპატრიაციასთან დაკავშირებით, ვინაიდან მათ არ სურთ ისლამური და ანტირუსული კომპონენტების გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში» (აფხაზი პოლიტოლოგი ირაკლი ხინთბა). რუსეთის წინააღმდეგობა რეპატრიანტების დაბრუნებასთან დაკავშირებით, ერთის მხრივ, და მეორეს მხრივ, «ევრაზიული კავშირის» იდეა, ჩვენ ხელსაყრელ სიტუაციას გვიქმნის დემოგრაფიული ცვლილებების განსახორციელებლად კონფლიქტურ რეგიონებში.

როდესაც საუბარია ასეთი მასშტაბური გაერთიანების შექმნაზე,შეუძლებელია მისი არსებობა ერთიანი უსაფრთხოების სისტემის გარეშე. მართალია, ამ სტატიაში არაფერია ნათქვამი ამ საკითხზე, მაგრამ ნებისმიერი გეოპოლიტიკური პროექტი, რომელიც მიმართულია მსოფლიო პოლიტიკურ სისტემაში დამოუკიდებელი პოლუსის შექმნისაკენ, თავისთავში მოიცავს ამდაგვარი სისტემის არსებობას. რა კავშირი უნდა ჰქონდეს ჩვენს თემასთან ერთიანი უსაფრთხოების სისტემას? ამ შემთხვევაში ყურადღება გასამახვილებელია იმაზე, რომ უსაფრთხოების ერთიანი არეალის შექმნის შემდეგ, რომელმაც შეიძლება მოიცვას მთლიან ევრაზიული სივრცესთან ერთად სამხრეთ კავკასია (საქართველოს გაწევრიანების შემთხვევაში), აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუსეთისათვის დაკარგავს იმ სტრატეგიულ მნიშვნელობას, რომელიც დღეს აქვს (ბუფერის ფუნქციას მისი საზღვრებისაკენ მომავალი გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგის შესაკავებლად). ამ შემთხვევაში, რუსეთი ხელს არ შეუშლის იმ შესაძლო მიგრაციულ პროცესებს, რომელზეც ზემოთ გვქონდა საუბარი. კერძოდ, ამ სტრატეგიის განხორციელების შემთხვევაში, დღეს არსებული გავლენის სფეროების დამაფიქსირებელი საზღვრები მოიშლება, რაც ხელს შეუწყობს ამ სივრცის შიგნით მოქალაქეთა თავისუფალ გადაადგილებას.

არავისთვის არ უნდა იყოს დასამალი, რომ ევრაზიული კავშირის მსგავს ორგანიზაციებში გაწევრიანებული პოლიტიკური სუბიექტის სუვერენიტეტი იზღუდება ზემდგომი ზე ნაციონალური სტრუქტურების  სასარგებლოდ, თუნდაც ეს იყოს ევროკავშირი. მოდით, საკითხს შევხედოთ რეალურად და დავუსვათ ჩვენს თავს შეკითხვა: არის კი დღეს საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფო? საქართველოში ბევრი ერთმანეთისგან ვერ არჩევს საერთაშორისო სამართლის სუბიექტს საერთაშორისო ურთიერთობათა სუბიექტისაგან. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც მხოლოდ ქაღალდზე არის დაფიქსირებული, რომელსაც სრულად და ტოტალურად აკონტროლებენ ამერიკელები. შეიძლება, თვალიც დაგვეხუჭა ამაზე, თუ ამერიკელები დაგვეხმარებოდნენ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში, მაგრამ 2008 წლის აგვისტოს მოვლენებმა ყველას დაგვანახა, რომ ამერიკელებს არ შეუძლიათ უზრუველყონ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. დღევანდელი საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის ლოგიკა შემდეგნაირია, სხვათა შორის არამარტო ხელისუფლების: არც _ დამოუკიდებლობა და არც _ ტერიტორიული მთლიანობა.

აქედან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ საქართველოს აქვს ორი გზა: ან ვუერთებით ახალ პროექტს, რითაც, ჩვენ მიერ ზემოთ ჩამოყალიბებული არგუმენტებიდან გამომდინარე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსი იზრდება, ან ვაგრძელებთ დღევანდელ საგარეო პოლიტიკას და ამ შემთხვევაში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსი ნულამდე დავა, მაგრამ ამავე დროს საქართველო გააგრძელებს კოლონიურ მდგომარეობაში არსებობას, რომელსაც ამერიკულ-თურქული ტანდემი გააკონტროლებს.

ირაკლი უბილავა
 

1 COMMENT

  1. ირაკლი ბატონო, რუსეთთან ქართველებს არანაირი ურთიერთობა აღარ გვინდა. არაფერს არ გვთავაზობს ეგ თქვენი რუსეთი ცუდის გარდა. ავტორიტარულ ქვეყანასთან გაერთიანება რატომ უნდა იყოს მომგებიანი საქართველოსთვის ეგ აგვხსენით, ძალიან დაგვავალებთ. რა მნიშვნელობა აქვს, საბჭოთა კავშირის აღდგენას ცდილობს თუ არა? ევრაზიული კავშირი ერქმევა თუ ‘საოცარი ქვეყნების გაერთიანება’ მაგასაც არ აქვს დიდი მნიშვნელობა. ეგ იგივეა, რომ ჟიგულის ბეემვე დაარქვა. შეგვეშვით რა.

  2. კატეგორიული წინააღმდეგი ვარ იმ მონაბოდის რომ აღდგეს სსრკ. ის ქართველი ვინც ამას მიემხრობა მაგარი გასატისკია.

  3. მტკნარი სიცრუეა ის ფაქტი, რომ რუსეთის დომინირებით შექმნილ რაიმე კავშირში გაერთიანებით ჩვენი ტერიტორიული პრობლემები მოგვარდება. პირიქით, ჯერ შეგვათრევენ იმ კავშირში, მერე კი სეპარატისტული ოლქების დამოუკიდებლობას გვაღიარებინებენ. ისტორია წაგიკითხავთ ალბათ და იცით, რომ როდესაც საქართველო გაასაბჭოეს და სსრკ-ს შემადგენლობაში შეიყვანეს მხოლოდ ერთი ავტონომიური ოლქი გააჩნდა, ხოლო მისი რიგები 3 კონფლიქტური ავტონომიური ოლქით დატოვა, რომლიდანაც მხოლოდ ერთი დარჩა მის იურისდიქციაში, დანარჩენი ორი კი "მეგობარი და მოკავშირე კრემლის" ნებით დღესაც დამოუკიდებლობას იჩემებს. ახლა კი ქადაგებთ იმისათვის, რომ საქართველო ისევ "დიადი მეზობლის" შემოთავაზებულ ევრაზიის კავშირში გააერთიანოთ და სამცხე-ჯავახეთში "კავახკის" სახით კვლავ ერთი პრობლემური ავტონომიური ოლქი დაუმატოთ ისედაც დაშლილ-დანაწევრებულ სამშობლოს. ისტორიის მწარე გაკვეთილი მეტყველებს, რომ რუსეთის ინიცირებული ნებისმიერი კავშირი (სსრკ და დსთ) საქართველოს დაშლის კიდევ ერთი მექანიზმია.

  4. მოგესალმებით, მე ვარ საქართველოს მოქალაქე, 25 წლის, იურიდიული განათლების მქონე. მე მომხრე ვარ შეიქმნას ევრაზიული კავშირი და განსაკუთრებით მომხრე ვარ საქართველო რომ გაწევრიანდეს! რატომ? მოვიყვან ციტატას – "ნაციონალური იდეის რანგში უნდა იყოს აყვანილი დაკარგულ ტერიტორიებზე კონტროლის აღდგენა და არა ევროატლანტიკური სტრუქტურების ჰიპოთეტური წევრობა." – თქვენ, ჩემი მშობლების, ბებია-ბაბუების თაობამ, ხომ იცხოვრეთ ერთიან საქართველოში?! მეც მინდა რომ ჩემი ქვეყნის სიყვარული აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ჩათვლით გავიზიარო და რუკაზე არ ვხედავდე ზემოაღნიშნულთ "დე-ფაქტო" ზონებად! პირდაპირი მნიშვნელობით, მოტყუებულები ვართ ევროპისგან, რომ ჩვენ ნატოს წევრები გავხდებით! ამერიკა კი "გვფარველობს" და თვეს არ აგდებს, რომ არ შეგვახსენოს ის, რომ ისინი აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და რომ საქართელო აუცილებლად შევა ნატოში… იქნებ მიხვდეთ, რომ წლები გადის და ოცნება ნატოზე გვრჩება ოცნებად! ამის ფონზე, გვავიწყდება უკონტროლო ტერიტორიების პრობლემაც, რომელმაც რატომღაც უკანა პლანზე გადაინაცვლა… ნუ ვიოცნებებთ უაზროდ, ცოტა წინ გავიხედოთ და პოლიტიკურად ვიაზროვნოთ! მორჩა იმედების და ლოდინის ეპოქა! მე თანახმა ვარ, რომ საქართველომ გადადგას სწორი ნაბიჯი, რომელიც ერთ-ერთი დიდი გარანტი იქნება ამ ტერიტორიების შემოერთების! რუსეთი სულ ვლადიმერ პუტინის არ იქნება! რას ჰქვია რუსეთი არ გვინდა??? ამერიკა გვინდა, იმიტომ რომ ამერიკას ვუნდივართ? ცოტა თვალები გაახილეთ და რეალურად იაზროვნეთ! "ის მიყვარს-ეს არ მიყვარს" პრინციპი მოიშალეთ და იფიქრეთ ქვეყანაზე და თქვენს შვილებზე!

  5. იცი რა არ მესმის იმ ყველაფრის შემდეგ რაც რუსეთმა გაუკეთა საქართველოს მთელი 200 წლის "მონობის" დროს როგორღა ენდობით ამ ნაბოდვარს, რომ შევალთ კავშირში და რუსეთი თავისი ნებით დაგვითმობს ტერიტორიებს, ხო ალბათ სოჩასაც და ქლუხორს და მერე საინგილოს და ლორესაც დაგვიბრუნებენ ბონუსების სახით არა, კარგით რა ცოტა გამოფხიზლდით და რეალურად იაზროვნეთ ვინც გაწევრიანებას ემხრობით, რუსეთი იყო და არის სახელმწიფო რომელოიც შენ საქართველოს გთვლის უბრალო ტერიტორიულ წარმონაქმნად, ტიფლისის გუბერნიად. შეიძლება თქვან რომ გაწევრიანების შემდეგ აფხაზეთში და სამაჩაბლოში შესვლა შეგვეძლება და ეს როგორ მოხდება იცითთ საქართველოს მთლიანად დაიპყრობენ ფორმალურად ან არაფორმალურად. ეს თუ გვინდა ქართველებს დაღუპულა საქართველო მაშინ, რამდენი მაგალითი მოგვცა ისტორიამ რომ რუსეთს არ უნდა ვენდოთ და ამ ყველაფრის შემდეგ იგივე შეცდომებს ვუშვებთ, ტერიტორიების დაბრუნებას რაც შეეხება ადრე თუ გვიან გავერთიანდებით და ეს შესაძლებელი იქნება მაშინ როცა რეალურად და ერთად ვიმოქმედებთ საქართველოსათვის და ყველა თავის საქმეს გააკეთბს.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: თომა Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here