Home რუბრიკები საზოგადოება ვაჟა აზარაშვილი: ჩაიკოვსკი, რახმანინოვი, გლინკა და კიდევ სხვები თუ ამოვიღეთ სასწავლო რეპერტუარიდან,...

ვაჟა აზარაშვილი: ჩაიკოვსკი, რახმანინოვი, გლინკა და კიდევ სხვები თუ ამოვიღეთ სასწავლო რეპერტუარიდან, ჩათვალეთ, რომ აღარაფერი დარჩება

1285

ვაჟა აზარაშვილის შემოქმედება ჟანრობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩევა, მის შემოქმედებით ინდივიდუალობას იშვიათი გულწრფელობა, ნატიფი გამომსახველობა და თვითგამოხატვის თავისუფლება ახასიათებს. ის ჩინებულად გრძნობს როგორც ინსტრუმენტულ, ასევე ვოკალურ ფაქტურას, მოქნილად უკავშირებს ერთმანეთს კომპოზიციური სტრუქტურის ლოგიკურობას და თავისუფალ იმპროვიზაციას. ცნობილია, რომ საქართველოში აგვისტოს მოვლენების შემდეგ რუსული მუსიკის მიმართ მტრული პოლიტიკა ტარდება, ამ საკითხზე «საქართველო და მსოფლიოს» კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი ესაუბრება. 
_ ბატონო ვაჟა დღეს ბევრს საუბრობენ, რომ ახალგაზრდების მუსიკალური გემოვნება დეგრადირებულია… თუმცა ყველას მაინც ვერ დააძალებ, სისტემატურად უსმინოს ერთსა და იმავეს, დავუშვათ _ მოცარტს, ბახს, ბეთჰოვენს… ბატონო ვაჟა, იქნებ გაგვიმხილოთ, ვის ან რომელ მუსიკალურ სტილს, მიმდინარეობას ვერ მოუსმენდით?

_ ალბათ, ვერასოდეს მოვუსმენ მძიმე როკს. ძალიან მიკვირს, როგორ უსმენენ… არც რეპის მიმართ ვარ მაინცდამაინც კარგად განწყობილი და, საერთოდ, როგორ შეიძლება ამგვარ მუსიკაში ხელოვნება დაინახო?!

_ არ შემიძლია, არ გკითხოთ ქალაქური სიმღერების შესახებ, კომპოზიტორისთვის რამდენად მისაღებია მსგავსი ტენდენცია?

_ თბილისში არსებობდა ფოლკლორული ანსამბლი «კავკასიური», ძალიან მომწონდა მათი სიმღერები. ქართული სუფრა წარმოუდგენელია ქალაქური და სუფრული სიმღერების გარეშე. საიათნოვა სამ ენაზე წერდა, ეს ჯერ კიდევ როდიდან მოყოლებული ტრადიციაა. რას ამბობთ, ეს როგორ შეიძლება ვინმეს არ მოსწონდეს! გრიშა ქსოვრელის, მორის ფოცხიშვილისა და ჩემი დაწერილია «ქსოვრელები მღერიან», 1984 წელს.

_ რუსულ რომანსებზე რას გვეტყვით, ბატონო ვაჟა?

_ საოცარი ფენომენია, რა სჯობს მის მოსმენას. ქალბატონი ნანი რომ უბადლო შემსრულებელია, ამაზე საუბარიც ზედმეტა, მაგრამ, იცით, ნაკლებად ცნობილი მომღერლების მიერ შესრულებული რომანსებიც მომისმენია და გაოგნებული დავრჩენილვარ… მიფიქრია კიდეც, ეს ბატონ პუტინს რომ მოასმენინა, ალბათ, თვალის დახამხამებაში გადაწყდებოდა ჩვენ შორის არსებული კონფლიქტი-მეთქი… თამარ წერეთელი, ქეთი ჯაფარიძე… რომელი ერთი დაგისახელოთ, რუსული რომანსების უბადლო შემსრულებელი ოსტატები.

_ რუსული რომანსების შესახებ შემთხვევით არ მიკითხავს. რუსული სიმღერები ყოველთვის წარმატებული იყო ქართულ სცენაზე და ქართველ მსმენელებში, ქართული რესტორნების რეპერტუარი კი ძირითადად რუსული სიმღერებით სულდგმულობდა, ახლა კი ქართულ რესტორნებში აკრძალულია რუსული სიმღერა. ძალიან საინტერესოა თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით…

_ მოდით, რესტორანს დროებით დავანებოთ თავი… და გავიხსენოთ რუსული ლიტერატურა. ჩეხოვი, ლერმონტოვი, პუშკინი და ა. შ. არ წავიკითხოთ, არ ვასწავლოთ სკოლებში და, საერთოდ ამოვიღოთ ყველაფერი რუსული ჩვენი ცხოვრებიდან და ცნობიერებიდან? რა გამოვა მერე ამით, რა შედეგს მივიღებთ? ისეთ საშინელ შედეგს მივიღებთ, ამის გაფიქრებაც კი წარმოუდგენელია ჩემთვის. მეორე მსოფლიო ომის დროსაც კი არ იყო მსგავსი მარაზმი,  მაშინ არ აკრძალულა სებასტიან ბახი საბჭოთა კავშირში და ჩაიკოვსკი _ გერმანიაში. ეს რა დრო მოვიდა! რას ლაპარაკობთ, ყოვლად დაუშვებელი და წარმოუდგენელი რამ ხდება… ჩაიკოვსკი, რახმანინოვი, გლინკა და კიდევ სხვები თუ ამოვიღეთ სასწავლო რეპერტუარიდან, ჩათვალეთ, რომ აღარაფერი დარჩება! ნურავინ მიწყენს, მაგრამ მათი შემოქმედება ძირითადი ფუძე და საყრდენია კონსერვატორიისა და არა მარტო საქართველოში.

_ საინტერესოა, კონკრეტულად ვინ აკეთებს ამას, ვის კომპეტენციაში შედის ამგვარი აკრძალვები?

_ ვიღაც უცოდინარი, უვიცი და უინტელექტო, დაბალი დონისა და დაბალი ფენის წარმომადგენელი რომ გასცემს ამგვარ განკარგულებებს, ეს ფაქტია. ისიც ფაქტია, რომ ამგვარი განკარგულებების გაცემის უფლება მხოლოდ მთავრობიდან შეიძლება მოდიოდეს. სხვა რაღა გითხრათ, ეს პოლიტიკისა და კულტურის  სამარცხვინო აღრევის სავალალო შედეგია! რაღაც უნდა შეიცვალოს აუცილებლად, სისტემა უნდა შეიცვალოს.

ცრემლების გარეშე ვერ ვიხსენებ სოხუმის კომპოზიტორთა სახლს. განა ცუდი იყო, როცა ძმები და მეგობრები ვიყავით?! რუსეთთან, ამ უზარმაზარ სახელმწიფოსთან, მტრობა სჯობს თუ მეგობრობა?! მე არ განვიხილავ საკითხს, თუ რომელი მხარე მეტად სცოდავს და რომელი ნაკლებად ამ ურთიერთობების გაფუჭებაში, მაგრამ დიდ და უძლიერეს სახელმწიფოსთან ურთიერთობაში ჩვენ მეტი დაფიქრება და მოზომვა გვმართებს, რადგან ჩვენი წინდაუხედაობით  გაცილებით მეტად ვზარალდებით. იმეგობრე, იმეზობლე, რატომ გავიწყდება, ეს ხომ ის მეზობელი, მართლმადიდებელი რუსეთია, რომელთანაც უზარმაზარი ისტორია გვაკავშირებს! ნუთუ ეს არაფერს ნიშნავს?! იცით, ზოგჯერ ვზივარ და ვფიქრობ, ეს რა მოგვივიდა! საინგილო წაღებულია… ტაო-კლარჯეთი აღარ გვეკუთვნის, აფხაზეთი, სამაჩაბლო… იქნებ დროა, დავფიქრდეთ, იქნებ დროა, გავიაზროთ, იქნებ ჩვენი ბრალია, იქნებ ჩვენ არ ვივარგეთ?! იმის მაგივრად, რომ შევრიგდეთ, დახმარება ვითხოვოთ, ამახელა სახელმწიფოს ვებრძვით? ვომობთ? და შედეგი რაში მდგომარებობს?  ვიგებთ? გამარჯვებული ვართ? პირიქით _ საშინელი მდგომარეობაა: ვიღუპებით, ვიძირებით! ხედავ, რომ არაფერი გამოგდის, ხომ? წადი, დაუთმე ადგილი მას, ვისაც ეს საქმე უკეთესად გამოუვა.

თუ ჩვენ მაგალითს ვიღებთ სხვა ქვეყნებიდან, ამერიკიდან, თუ გნებავთ, გასდის დრო ადამიანს თანამდებობაზე და უთმობს ადგილს სხვას. ასეა, არა? სხვა რამეში თუ ვბაძავთ, მივბაძოთ ამ კუთხითაც. ხომ შეიძლება ომისა და დავიდარაბის გარეშე წავიდეს ერთი და მოვიდეს მეორე?!

მე პოლიტიკოსი არ გახლავართ, თუმცა ვხედავ, რომ, თუ პოლიტიკური ვითარება არ შეიცვალა ქვეყანაში, რუსეთთან საერთო ენა თუ ვერ გამოვნახეთ, არაფერი გამოგვივა.

_ წიგნს, რომელიც შარშან გამოეცით, ასეთი სათაური აქვს _ «უკან მოხედვის არ მეშინია». ალბათ, შემთხვევით არ აქვს ასეთი სათაური…

_ ამ წიგნში შევიტანე მთელი ჩემი შემოქმედება _ კონცერტები, აფიშები, რეცენზიები, სიგელები, ორდენები, ფოტოები, თუკი ვინმესთან პროფესიული კავშირი მქონია, ვინ რას წერს ჩემზე, ჩემი მოგონებები… გარდა ამისა, წიგნს ახლავს დისკი, რომელზეც ჩაწერილია მთელი ჩემი შემოქმედება. მთავარი კი, თქვენ სწორად ბრძანეთ, წიგნის სათაურია და მე ხმამაღლა შემიძლია განვაცხადო, რომ ეს მართლაც ასეა. ჩემი ცხოვრების მანძილზე, ჩემ მიერ განვლილ გზაზე უკან მოხედვის არ მრცხვენია და არ მეშინია!

 

მარიამ აბუთიძე: ნებისმიერ რესტორანში თამამად შეიძლება იმღერო თურქული, არაბული და გერმანული სიმღერა… მხოლოდ რუსული სიმღერებია აკრძალული

რუსული სიმღერების აკრძალვასთან დაკავშირებით საინტერესო იქნება იმ მომღერლების აზრიც, რომლებიც რესტორნებში მღერიან… ქალბატონი მარიამ აბუთიძე ინტერვიუზე სიამოვნებით დაგვთანხმდა.

_ თითქმის ათი წელია, რაც რესტორნის სცენაზე ვდგავარ. რეპერტუარი მრავალფენოვანია, რესტორნებში საღამო, ძირითადად, ქართული სიმღერებით იხსნება, ქალაქური სიმღერებით. საღამოს მეორე ნახევარი კი  განსხვავებულია, გადავდივართ უფრო თანამედროვე რეპერტუარზე _ ქართულ თანამედროვე სიმღერებსა და, აგრეთვე, უცხოურზეც…

_ რუსულ სიმღერებს არ ასრულებთ?

_ მე პირადად  რუსულ სიმღერებზე გავიზარდე და, ტრაბახში თუ არ ჩამითვლით, ძალიან კარგადაც ვასრულებ, თუმცა ბოლო ერთი წლის განმავლობაში რესტორნების ნაწილში, სადაც მიმუშავია, კატეგორიულად აგვიკრძალეს რუსული სიმღერების შესრულება…

_ ამჯერად სადაც მუშაობთ, იქაც აკრძალულია?

_ ახლა ქალაქ რუსთავში ვმუშაობ და აქ, საბედნიეროდ, ჯერ კიდევ გვაქვს საშუალება, რომ რუსულ ენაზე ვიმღეროთ. ამიტომ მოგახსენეთ, არ მესმის, რატომ ხდება, რომ რუსული სიმღერები აკრძალულია ზოგიერთ რესტორანში.  რუსულ სიმღერებს თუ კანონი კრძალავს, მაშინ ის ყველგან უნდა იკრძალებოდეს… ჩვენ, მომღერლები, ძირითადად რუსული სიმღერებით ვარსებობთ, რადგან ისინი ძალიან პოპულარულია მსმენელებში. როდესაც ვითხოვდით განმარტებას იმის შესახებ, თუ რატომ გვიკრძალავენ, პასუხი ყველგან სტანდარტული იყო: აკრძალულია, მორჩა და გათავდა!

_ ვისგან იღებდით ამგვარ პასუხს?

_ დირექტორებისგან. არადა, თქვენ წარმოიდგინეთ, არც ერთ რესტორანს ეს არ აწყობს  და იცით, რატომ? რუსულ სიმღერებს ითხოვენ მსმენელები, ზოგიერთისთვის რუსული სიმღერა ნოსტალგიურ განწყობილებასთანაა დაკავშირებული, ზოგიერთისთვის _ სასიამოვნო მოგონებებთან, ვისთვის, უბრალოდ, სასიამოვნო მოსასმენია… და რაც უფრო მეტი მოთხოვნა და შესრულებაა, მით მეტია შემოსავალი როგორც მუსიკოსებისთვის, ასევე რესტორნისთვისაც… გაუგებარია, რატომ გაიგივდა ასე პოლიტიკა და კულტურა? ქართველებს უამრავი მტერი გვყავდა ისტორიულად. სპარსელები, თურქები, არაბები… ასიათასობით ქართველის სიცოცხლე შეეწირა მათ შემოსევებს, ხომ ასეა, არა? ეს ყველაფერი დაგვავიწყდა? დღეს ნებისმიერ რესტორანში თამამად შეიძლება იმღერო თურქული, არაბული და გერმანული სიმღერა… მხოლოდ რუსულ სიმღერებს ადევს ტაბუ. მე ეს არასწორად მიმაჩნია. პოლიტიკა და კულტურა, პოლიტიკა და ხელოვნება უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან.
ნინო კვარაცხელია
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here