Home რუბრიკები საზოგადოება ვიღებდი, მაგრამ აღარ ავიღებ, აღარ ავიღებ, არა!

ვიღებდი, მაგრამ აღარ ავიღებ, აღარ ავიღებ, არა!

789

მოჭადრაკემ და შეთავსებით, საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის – გიგა ბოკერიას დედამ, ნანა ალექსანდრიამ, ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდიდან ყოველთვიურად გამოყოფილ თანხაზე უარი განაცხადა. ეს ინფორმაცია თავად ქალბატონმა ნანა ალექსანდრიამ დაადასტურა. სამაგიეროდ, იგი არ აზუსტებს, დააბრუნებს თუ არა იმ ფულს, რომელიც წლების განმავლობაში მიიღო ივანიშვილისგან.

მან ამ დღეებში „ქართუ ბანკში“ არსებული ანგარიში გააუქმა. რაც შეეხება ნანი ბრეგვაძეს, მან ბუბა კიკაბიძის მსგავსად, საკუთარ ანგარიშზე დაგროვილი თანხა მთლიანად გამოიტანა და მის შემდგომ მიღებაზე უარი ჯერ არ უთქვამს. ნანა ალექსანდრიას მსგავსად, “ქართუ ბანკში” ანგარიშის გაუქმებას აპირებენ: ფრიდონ თოდუა, დილარ ხაბულიანი, გიორგი ასანიძე, დავით გობეჯიშვილი და კიდევ რამდენიმე ადამიანი, რომლებიც წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდიდან ყოველთვიურად გამოყოფილ საკმაოდ სოლიდურ თანხას იღებდნენ. 
გუშინ უკვე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ივანიშვილის ფულადი დახმარება ნაციონალურ ხელისუფლებაში დიდი გაწევ–გამოწევის საბაბად იქცა.

თავად ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი კი 17 ნოემბერს, 15:00 საათზე რეგიონული მედიის წარმომადგენლებს შეხვდება. მას სურვილი აქვს, გაეცნოს რეგიონებში არსებულ სიტუაციას დამოუკიდებელი მედიის საქმიანობის თვალსაზრისით. ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოს ინფორმაციით, ჟურნალისტებს საშუალება მიეცემათ, პირადად ბიძინა ივანიშვილისგან მიიღონ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე. პრესკონფერენცია ივანიშვილის რეზიდენციაში გაიმართება. ასე თუ გაგრძელდა, მის რეზიდენციაში ერთხელ მაინც ყველა ჟურნალისტი მოხვდება.

ჟურნალისტებამდე კი ივანიშვილი პატრიარქს შეხვდა. „ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება, – ეს განცხადება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქოში, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილთან გამართული ერთსაათიანი შეხვედრის შემდეგ გააკეთა. „მოხარულები ვართ, რომ დღეს ბატონი ბიძინა ივანიშვილი მობრძანდა საპატრიარქოში. ჩვენ ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, განსაკუთრებით საქართველოს მომავალსა და დღევანდელ დღეზე. ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება”, – ბრძანა პატრიარქმა. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით კი, დღეს იყო ერთ-ერთი ბედნიერი დღე მის ცხოვრებაში. “რამდენჯერმე ვარ შეხვედრილი უწმინდესთან. დღეს იყო საინტერესო შეხვედრა, მივიღე ბევრი რჩევა მისგან, რომლებსაც გავითვალისწინებ და რომლებიც დამეხმარება ჩემს მომავალ მოღვაწეობაში”, – აღნიშნა ივანიშვილმა.

წინა დღეს, საკვირაო ქადაგებისას ილია მეორემ ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის შესახებ ისაუბრა და ბრძანა, რომ ივანიშვილი საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორისადმი უდიდეს პატივისცემას ადასტურებს, თუმცა უწმინდესის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენას შეხებოდა, კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.

თავშეკავება ვერ მოახერხა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა: ველოსიპედიდან გადავარდა და მარცხენა ხელი მოიტეხა. ამის გამო მას რამდენიმე მნიშვნელოვანი ღინისძიების გადადება მოუწია. იგი „ნატო-რუსეთის“ საბჭოს სხდომაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ამ სხდომაზე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემების საკითხი უნდა განხილულიყო. რასმუსენი ფეისბუკზე, თავის ოფიციალურ გვერდზე წერს:

„ძვირფასო მეგობრებო, სამთო-ველორბოლა სახიფათო სპორტია. გუშინ მე ჩემი ველოსიპედიდან გადმოვვარდი და სამწუხაროდ, მარცხენა მხარზე მოტეხილობა აღმენიშნება. მარცხენა ხელი მთლიანად თაბაშირში მაქვს ჩასმული. მოძრობა აკრძალული მაქვს. გამოჯანსაღების პროცესს გარკვეული პერიოდი დაჭირდება. საუბედუროდ, მე მომიხდა ესტონეთში, ლატვიასა და ლიტვაში დაგეგმილი ტურნეს გადადება. მალე დავბურნდები“, – ვკითხულობთ რასმუსენის განცხადებაში.

მალე დაბრუნდება დიმიტრი შაშკინიც, რომელმაც კემბრიჯის უნივერსიტეტში ლექცია წაიკითხა და განათლების გლობალურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა.

მინისტრმა სტუდენტებსა და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას საქართველოში მიმდინარე რეფორმები გააცნო. კემბრიჯის უნივერსიტეტში გამართული შეხვედრა გადაიცემოდა პირდაპირ ეთერშიც, რომელსაც 2000 სტუდენტი და განათლების საკითხებით დაინტერესებული პირები ადევნებდნენ თვალს, მათ შეეძლოთ მოესმინათ მინისტრისთვის და დაესვათ კითხვები მათთვის საინტერესო საკითხებზე.

მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ყურადღება გაამახვილა ზოგადი განათლების სფეროში გატარებული რეფორმების შედეგად, საქართველოში სწავლის ხარისხის ამაღლებაზე, საქართველოში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნასა და ჩამოყალიბებაზე. აგრეთვე, ისაუბრა, ისეთ მნიშვნელოვან პროექტებზე, როგორიცაა „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“, რომლის ფარგლებშიც წელს 1500 ინგლისურენოვანი მოხალისე პედაგოგი ჩამოდის საქართველოში. ეს ზღაპრები საქართველოში აღარ ჭრის და ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები უცხოელებთან ტრაბახით იოხებენ გულს. როგორც ჩანს, აღარც ვიცესპიკერობა ჭრის, რადგან „ცენტრ-პოინტის“ მიერ დაზარალებულმა მოქალაქეებმა პარლამენტში შეაღწიეს. მათ საპარლამენტო ფრაქციის „ერთობა სამართლიანობისთვის“ წევრი გია ცაგარეიშვილი შეხვდა. იგი „ცენტრ-პოინტის“ მიერ დაზარალებული მოქალაქეების წინაშე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. ცაგარეიშვილმა აღნიშნა, რომ „დროა, აღნიშნულ პრობლემაზე ღია საუბარი დაიწყოს და განხილვები პარლამენტშიც გაიმართოს“.

„ცენტრ-პოინტმა“ 6 200-მდე ოჯახი, ანუ 20 000-მდე ადამიანი ხელისუფლების ხელშეწყობით ფაქტობრივად გაძარცვა, ეს კი სახელმწიფოებრივი დანაშაულია. აშკარაა, რომ წლების მანძილზე რამდენიმე ჯგუფის მიერ ძალიან ოსტატურად შენიღბული თაღლითური სქემა მოქმედებდა. ათასობით ოჯახი ფაქტობრივად უსახლკაროდაა დარჩენილი. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს გამოძიება. წინააღმდეგ შემთხვევაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით, რომ ზოგიერთი ფირმა იმდენად არის შეკრული ხელისუფლებასთან, რომ გამოძიება მათი ინტერესი არაა“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

„ცენტრ-პოინტისგან“ განსხვავებით, ევგენი ჩიჩვარკინი საქართველოს ბოდიშს უხდის.

„ევროსეტის“ ყოფილი მფლობელი, ლონდონში მცხოვრები ევგენი ჩიჩვარკინი მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო, რომ მან თავისი კომპანიის სალონი ცხინვალში გახსნა, რითაც საქართველოს უკმაყოფილება გამოიწვია. ეს განცხადება ჩიჩვარკინმა ტელარხ “პიკის” ეთერში გააკეთა.

„ევროსეტის“ მაღაზია ცხინვალში 2008 წელს გაიხსნა, მას შემდეგ, რაც ქართულმა მხარემ ძალით სცადა სამხრეთ ოსეთზე კონტროლის მოპოვება. ოფიციალურმა თბილისმა, რომელიც კვლავინდებურად თვლის სამხრეთ ოსეთს საქართველოს ტერიტორიად, ჯერ კიდევ მაშინ გამოხატა უკმაყოფილება “ევროსეტის” მაღაზიის ცხინვალში გახსნასთან დაკავშირებით.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა განაცხადა, რომ უცხოური კომპანიების მიერ ბიზნესის წარმოება ქართული მხარის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე შეიძლება მხოლოდ თბილისის ნებართვით.

ჩიჩვარკინმა განაცხადა, რომ „ქართული მხარისთვის ბოდიშის მოხდა სურს“ და ამიტომაც „მე ვცადე „ბორჯომის“ რეკლამირება. ეს იყო ფსიქოლოგიური მცდელობა, ფსიქოლოგიური ზარალის ასანაზღაურებლად. თუმცა მივხვდი, რომ ეს საკმარისი არ იქნებოდა, სანამ არ ვიტყოდი: ბოდიში, მე საკუთარი ბიზნესი გადავარჩინე“, – განაცხადა ბიზნესმენმა.
მთავარი „პიკის“ ამ ინტერვიუში მაინც ის იყო, რომ ჩიჩვარკინმა სააკაშვილის რეჟიმი აქო და ადიდა, ხოლო დღევანდელ საქართველოს „ლიბერალური ოცნება“ უწოდა. ამაზეა ნათქვამი – მაგ სიმართლით იარეო!
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here