Home რუბრიკები პოლიტიკა ანდერს ფოგ რასმუსენი სტუდენტებს რევოლუციისკენ მიანიშნებს

ანდერს ფოგ რასმუსენი სტუდენტებს რევოლუციისკენ მიანიშნებს

770

დღეს ქართული ისტებლიშმენტი ანდერს ფოგ რასმუსენის ვიზიტით ცოცხლობს. ნატომდე ვერმისული ხელისუფალნი მის გენერალურ მდივანს ეფერებიან და საქართველოს მოსახლეობას მის კეთილგანწყობას აჩვენებს, – აქაოდა, ნახეთ რა მაპზე უკეთესი მივიღეთ და იმაზე კიდევ უკეთესსაც გვპირდებიანო! თუმცა, რასმუსენი ფრთხილად შეახსენებს მათ, რომ  ნატო-ში გაწევრიანებას ნებისმიერი ქვეყნისგან ძალისხმევა სჭირდება. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, დავით ბაქრაძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა .

„გაწევრიანება ნებისმიერი ქვეყნისგან საჭიროების ძალისხმევას, მუშაობას, რეფორმებს, მზაობას და პარლამენტი აგრძელებს ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლის შესრულებას. მოთმინებით და თანმიმდევრული მუშაობით ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია. საქართველოს სურს ამის გაკეთება და ნატო ამის გაკეთებაში დაგეხმარებათ”, – განაცხადა რასმუსენმა. ოღონდ როდის, ეს რასმუსენს არ დაუზუსტებია.
„ დემოკრატია არის საფუძველი საქართველოს წარმატებისა. საქართველოს სურს, იცხოვროს თანამედროვე განვითარებულ დემოკრატიაში, ისევე, როგორც ალიანსი ცხოვრობს. ეს ალიანსი დაფუძნებულია ამ ფასეულობებზე და ღირებულებებზე“, – განაცხადა რასმუსენმა. მისივე თქმით,  საქართველოს ჯერ კიდევ ელის გამოწვევები.

„მომავალ წელს საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ ახალ პარლამენტს. ეს არჩევნები იქნება საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების სიმყარის მნიშვნელოვანი მაჩვენებელი და ინდიკატორი. საქართველო უკვე არის ძლიერი პარტნიორი და მე მოველი იმ დღეს, როცა თქვენ იქნებით ძლიერი წევრი ჩვენი ალიანსისა, როგორც ამაზე ბუქარესტის სამიტზე შევთანხმდით 2008 წელს“, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

დავით ბაქრაძე, როგორც იქნა მიხვდა, რომ ნატოში შესვლა კარგა ხანს არ გვემუქრება და ამიტომ უფრო ფრთხილ გამოთქმებს არჩევს: „იმედი გვაქვს, რომ ჩიკაგოს სამიტზე მოხდება კიდევ ერთი ნაბიჯის წინ გადადგმა და საქართველოს კიდევ უფრო დაახლოება ნატო-სთან. გვესმის ისიც, რომ ეს არ არის ცალმხრივი გზა და საქართველომ ამ პროცესთან დაახლოებისთვის ბევრი რამ უნდა გააკეთოს. ამიტომ, საქართველოს განვითარება და დემოკრატიულ, ევროპულ, ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება, დემოკრატიის, ეკონომიკური რეფორმების გაძლიერება შექმნის წინაპირობას, რომ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია იყოს წარმატებული პროცესი. მე ვფიქრობ, ეს ნატო-ს ინტერესშიც შედის და იმედი მაქვს, რომ ერთობლივი ძალისხმევით მის განხორციელებას მოვახერხებთ”.

ცხადია, ხელისუფლება მიხვდა, რომ ნატოში შესვლაზე გაუთავებელ ლაპარაკს მოსახლეობის გაღიზიანების გარდა, არაფერი მოაქვს და ამიტომ, აქცენტს   საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის  გამართვის მნიშვნელობაზე აკეთებს. ისევ გაისმის შეფასებები: „ეს იმ განსაკუთრებულ ურთიერთობას ასახავს, რომელიც ნატო-სა და პარტნიორ სახელმწიფოს შორის არსებობს“; „ ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ბუქარესტის სამიტის შემდეგ საქართველო უფრო ახლოს არის ნატოს-თან, ვიდრე ის ოდესმე ყოფილა“; „დღეს უფრო ახლოსა ვართ ნატოსთან, ვიდრე თუნდაც ბუქარესტის სამიტის დროს, სამი წლის წინ“; ჩვენთვის უაღესად მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს დაახლოების პროცესი, გაგრძელდეს თანამშორმლობის პროცესი, რომლის საბოლოო ამოცანაც საქართველოს ნატო“ში გაწევრიანებაა“. ამასთან, არც ის ავიწყდებათ, რომ ნატოს გენერალურ მდივანს საქართველოსადმი მხარდამჭერი განცხადებების გამო მადლობა გადაუხადონ.

თავად რასმუსენი კი ავღანეთიდან დაბრუნებულ ქართველ სამხედროებს სამშვიდობო მისიაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა უხდის. იგი 33-ე ქვეითი ბატალიონის ჯარისკაცებს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე შეხვდა, ავღანეთის სამშვიდობო მისიაში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობის, წვლილისა და მასშტაბების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ძირითადი წვლილის შემტანია იმ საქმეში, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ავღანეთი ტერორისტებისა და ექსტრემისტების თავშესაფარი აღარ იყოს. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის შეფასებით, 1 000-მდე ქართველი სამხედრო, რომელიც ISAF-ის ურთულეს სამშვიდობო ოპერაციაშია ჩართული, თავის საქმეს ბრწყინვალედ ასრულებს.

„თქვენი სამსახური ჰელმანდის პროვინციაში განსაკუთრებით მძიმე იყო, თუმცა ამ გამოწვევას ღირსეულად გაუძელით და სიმამაცის ძალიან მაღალი ნიმუში გვაჩვენეთ. თქვენით არა მხოლოდ თქვენი ბატალიონი, არა მხოლოდ თქვენი დანაყოფები, არამედ მთელი ქვეყანა უნდა ამაყობდეს” – აღნიშნა რასმუსენმა. იქვე მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ავღანეთში დამატებითი ძალების გაგზავნის შემდეგ საქართველო მისიაში ყველაზე დიდი წვლილის შემტანი ქვეყანა გახდება, რომელიც ამავდროულად ალიანსის წევრი არ არის. ეს არის უდიდესი წვლილი, რომლის გამოც ნატო-ს წევრი ქვეყანები საქართველოს მადლიერნი არიან“.

ერთი სიტყვით, ჩვენი მადლიერნი არიან, როცა მათი საქმე ჩვენი ჯარისკაცების სისხლის ხარჯზე კეთდება, მაგრამ ეს მადლიერება იმხელა მაინც არ არის, რომ საკუთარ ოჯახში შეგვიპატიჟონ! სიტყვით გამოსვლის დასასრულს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა ავღანეთის სამშვიდობო მისიის შესრულებისას დაღუპულ ქართველ სამხედროებს მიაგო პატივი და იმედი გამოთქვა, რომ მათ მიერ გაღებული მსხვერპლი ფუჭად არ ჩაივლის.

თუმცა ყველაზე საინტერესო მაინც რასმუსენის მიერ ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცხრა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებთან შეხვედრაზე გაკეთებული განცხადებები აღმოჩნდა. ნატო-ს გენერალური მდივნის აზრით, ქართველმა სტუდენტებმა მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ისეთივე შემართება უნდა გამოიჩინონ, როგორიც – მათმა თანატოლებმა 8 წლის წინ, „ვარდების რევოლუციის“ დროს გამოიჩინეს.

რასმუსენის შეფასებით, ქართული დემოკრატიის ხარისხი მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე გამოჩნდება. მისივე თქმით, საამისოდ ქართველ ახალგაზრდებს შთაგონება დასჭირდებათ და მან მაგალითად ილია ჭავჭავაძე დაასახელა. რასმუსენის აზრით, ილია ჭავჭავაძე იყო საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის და თავისუფლების სიმბოლო.

„მისი „მგზავრის წერილები“ 150 წლის წინ დაიწერა, მაგრამ ის იდეები დღეს ისევე მნიშვნელივანია, როგორც – მაშინ იყო“, – აღნიშნა რასმუსენმა.მისივე თქმით, საქართველომ დიდი გზა გაიარა, მაგრამ გზა ჯერ არ დასრულებულა, დემოკრატიის შენება და თავისუფლების დაცვა არასოდეს დასრულდება. „წინ გელით საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები მკაფიო საარჩევნო კოდექსს საჭიროებს, რათა ყველა კანდიდატმა დაუბრკოლებლად მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ დემოკრატია მხოლოდ საარჩევნო ყუთი არ არიის. ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ყველა შრე უნდა იყოს ჩართული, პოლიტიკა მხოლოდ პოლიტიკოსებს არ უნდა მივუტოვოთ“, – განაცხადა რასმუსენმა და დასძინა, რომ საქართველომ დაწყებული რეფორმები უნდა გააგრძელოს.

რასმუსენის აზრით, პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა გამოავლინონ შემდგომი რეფორმების ნება. თუმცა, მოროგო დემოკრატიული რიტორიკის მიღმა კარგად იკითხება მინიშნებები იმის შესახებ, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს. უნდა შეიცვალოს არჩევნების გზით. ცვლილებებში ახალგაზრდობა უნდა ჩაერთოს და „შემართება გამოიჩინოს, როგორც 8 წლის წინ“. 8 წლის წინ კი საქართველოში „ვარდების რევოლუცია“ მოხდა. ერთი სიტყვით, ემზადეთ რევოლუციისთვის, ოღონდ დასავლეთიდან დაფინანსებას ნუ ელით – იქ კრიზისია! ხოლო რაც შეეხება ილია ჭავჭავაძის ხსენებას, არც ეს არის შემთხვევითი: როგორც ჰილარი კლინტონმა იცოდა რაიმე თამარ მეფეზე, ისევე აქვს წაკითხული რასმუსენს „მგზავრის წერილები“. ან იქნებ მან იმაზე მიანიშნა, რომ დღეს ილია ჭავჭავაძე ლარსს რომ მოსდგომოდა, შესაძლოა, საქართველოში არც შემოეშვათ, – ცარიზმის აგენტი ხარო!
ასეა თუ ისე, იქნებ ქართველმა სტუდენტებმა მას შემდეგ მაინც წაიკითხონ ყურადღებით ილია ჭავჭავაძის თხზულებები, როცა თვით ნატოს გენერალურმა მდივანმა ინება მისი ხსენება და ისიც დააყოლა, რომ ილიას იდეები დღესაც ისევე აქტუალურია, როგორც 150 წლის წინ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here