Home რუბრიკები პოლიტიკა სააკაშვილის ხელისუფლებამ ზეევ ფრენკელის ქალიშვილსაც ინფარქტი დამართა

სააკაშვილის ხელისუფლებამ ზეევ ფრენკელის ქალიშვილსაც ინფარქტი დამართა

627

დაკავებული ებრაელ ბიზნესმენების, რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკელის მძიმე მდგომარეობა ქართულ საპატიმროებში, ალბათ, ყველასთვის კარგადაა ცნობილი. „საქართველო და მსოფლიო“ ბიზნესმენების ადვოკატს, არჩილ კბილაშვილს ესაუბრა:

– ებრაელ ბიზნესმენებს, რონი ფუქსს და ზეევ ფრენკელს დაპატიმრების შემდეგ სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნათ. ერთ–ერთმა ციხეში ინფარქტიც გადაიტანა. ეს ყველაფერი იმ ფონზე, როდესაც ისინი თავს დამნაშავედ არ ცნობენ. ფუქსის თქმით, საქართველოს სახელმწიფომ მისთვის ხაფანგის დადება განიზრახა, იმისათვის, რომ სისხლისსამართლებრივი ბრალდებები წაეყენებინა და საერთაშორისო არბიტრაჟის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილები, რომელიც მათთვის ფულის გადახდას ითვალისწინებდა, არ შესრულებულიყო.
– ის პრობლემები, რაც ებრაელ ბიზნესმენებს სექტემბერში შეექმნათ, მოგვარებულია. გაუმჯობესებული არ ეთქმის მათ მდგომარეობას, – უფრო ნორმალურია. ამ მხრივ პრეტენზიები აღარ გვაქვს. ერთი მათგანი ქსნის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაშია, ხოლო მეორე, რომელმაც ინფარქტი გადაიტანა, ზეევ ფრენკელი, რეაბილიტაციის კურსს გადის გლდანში, მე–18 დაწესებულებაში, ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. პატიმრობაში მყოფმა ებრაელმა ბიზნესმენმა ზეევ ფრენკელმა ინფარქტი მიიღო. მას ქუთაისის ერთ-ერთ ახალგახსნილ კლინიკაში შუნტირების ოპერაცია გაუკეთეს. ინფარქტის მიზეზი იმ მედიკამენტების არმიღება გახდა, რომელიც ადრესატამდე მისვლის ნაცვლად, ციხის ექიმის კაბინეტში დარჩა.

– მეორე ბიზნესმენსაც არანაკლები პრობლემები შეექმნა. თქვენ ერთ–ერთ ინტერვიუში აღნიშნეთ კიდეც, რომ მას სიცოცოხლისთვის საჭირო მედიკამენტების მიღებას უკრძალავდნენ და ნარკოტიკების ჩადებით აშინებდნენ. ახლა რა მდგომარეობაა ამ მხრივ?

– მეორე ზიბნესმენს, რონი ფუქსს უკრძალავდნენ სიცოცხლისთვის საჭირო მედიკამენტების მიღებას, გასეირნებას და კოკაინის ჩადებით აშინებდნენ. ვინაიდან რონი ფუქსი საარბიტრაჟო დავის მონაწილეა, რომელიც შეეხება იმ 100 მილიონს, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით, ხელისუფლებას მართებს ებრაელი ბიზნესმენების მიმართ. 30 ნოემბერს ლონდონში დანიშნულია სასამართლო პროცესი სწორედ ამ საქმესთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ბიზნესმენს სპეციალური უფლებები მიენიჭა და მას ექნება საკუთარი სამუშაო კაბინეტი ციხეში, რომელიც აღჭურვილი იქნება კომპიუტერული სისტემით. მე მასთან მიმოწერის საშუალება მექნება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. ასეთი რეჟიმი დაუწესდა მას, ვიდრე სამსამართლო საბოლოო განაჩენს გამოიტანს.

– იყო საუბარი იმაზე, რომ ისრაელის პოლიტიკური და საქმიანი წრეების მხრიდან საქართველოზე განხორციელებული ზეწოლის შედეგად, შესაძლოა, ზეევ ფრენკელი და რონი ფუქსი პრეზიდენტმა შეიწყალოს. თუ ეს თავად მსჯავრდებულების მოთხოვნით მოხდება, მათი მხრიდან საკუთარი ბრალეულობის აღიარებას ნიშნავს, რაც ბუნებრივია, მათ პრეტენზიებს, ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს სახელმწიფოსგან 100 მილიონი დოლარის მიღების თაობაზე, მნიშვნელოვნად ამცირებს.

– არაფერი მსგავსი ჩემთვის ცნობილი არაა. ასეთი საუბრები მსმენია, თუმცა ოფიციალური პირებისგან – არა. აპრილში მათი ოჯახის წევრებმა უკვე მიმართეს პრეზიდენტს შეწყალების თაობაზე, რაც უპასუხოდ დარჩა. ახლახანს, ფრენკელის ქალიშვილმა, რომელმაც მამის გამო ინფარქტი გადაიტანა, კიდევ ერთხელ მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, თუმცა შედეგი ჯერჯერობით არაა. ზეევ ფრენკელის ქალიშვილი ისრაელში ცხოვრობს. ის დაახლოებით 35 წლისაა. ჰყავს ოჯახი. მამის დაჭერის შემდეგ მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა.

– ისრაელის გამოცემა „მაარივის“ ცნობით, ბიზნესმენებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ღორის ხორცის ჭამას აიძულებდნენ. გამოცემის მტკიცებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებების ადმინისტრაციის წარმომადგენლები ზეევ ფრენკელსა და რონი ფუქსზე ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზეწოლას ახდენდნენ, რათა მათი აღიარებითი ჩვენებები მოეპოვებინათ.

– ამის ასე თქმა, რომ აიძულებდნენ ღორის ხორცი ეჭამათ, არ შეიძლება, თუმცა სექტემბრის მეორე ნახევარში, როდესაც მათდამი დამოკიდებულება კრიტიკული გახდა, მოუხსნეს ის შეღავათები, რომელიც საკვების შერჩევასთან დაკავშირებით ჰქონდათ. მათ ეძლეოდათ ღორის ხორცისგან დამზადებული საკვების კვერცხის, ან რძის პროდუქტებით შეცვლის საშუალება. სექტემბრიდან კი ეს შემცვლელი საკვები მოეხსნათ.

– თუმცა ეს იმას ნიშნავს, რომ შემცვლელი საკვები თუ არ ექნებოდათ, იძულებულნი იქნებოდნენ ღორის ხორცი ეჭამათ.

– ხო, მაგრამ ეს იძულებად არ შეიძლება ჩაითვალოს. ახლა ყველაფერი ნორმაში ჩადგა. მათ ეს პრობლემები აღარ აწუხებთ.
ლილი მიროტაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here