Home რუბრიკები პოლიტიკა მანანა მანჯგალაძე საკდესის გენერალურ დირექტორად დაინიშნა

მანანა მანჯგალაძე საკდესის გენერალურ დირექტორად დაინიშნა

802

ТАСС уполномочен заявить – „საკდესი უფლებამოსილია განაცხადოს“ – ასეთი გრიფით ვრცელდებოდა უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური განცხადებები საბჭოთა კავშირში და მის ფარგლებს გარეთ. ბრეჟნევის გამონათქვამები რაც უფრო რთულად აღსაქმელი და გასაგები იყო, მით უფრო ხშირი ვრცელდებოდა საკდესის განცხადებები. ასეთივე ვითარებაა ბრეჟნევიზაციის გზაზე შემდგარ სააკაშვილის ხელისუფლებაში; ომზე, მშვიდობაზე, არჩევნებზე, ნატოსთან და ევროპულ სტრუქტურებთან ურთიერთობებზე სულ უფრო ხშირად განცხადებებს პრეზიდენტის ნაცვლად მისი პრესსპიკერი მანანა მანჯგალაძე აკეთებს. სააკაშვილი კი „კრემლის აგენტების“ ქორწილებში დაუპატიჟებლად დადის, კომპიუტერებს არიგებს, ბავშვებს ზღაპრებს უყვება და, მოკლედ, – ერთობა.
პოლონური EurActiv-ის მიერ გამოქვეყნებული სააკაშვილის ინტერვიუსთან დაკავშირებით, უფრო სწორად, „მიხეილ სააკაშვილის შესაძლო პრემიერ-მინისტრობასთან დაკავშირებით გაცემულ პასუხთან მიმართებაში“ (სტილი დაცულია) მანანა მანჯგალაძეს მორიგი განმარტების გაკეთება მოუწია. კერძოდ, მანჯგალაძის ვერსიით, ინტერვიუს ეს ნაწილი არასრულია და ზუსტად არ გადმოსცემს იმას, რაზეც პრეზიდენტმა ჟურნალისტთან ისაუბრა.

„მიხეილ სააკაშვილისთვის მნიშვნელოვანია არა ის, თუ სად იქნება იგი 2013 წლის შემდეგ, არამედ ის, თუ როგორი იქნება ჩვენი ქვეყანა ორი წლის შემდეგ და როგორ გაგრძელდება ის რეფორმები, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს. პრეზიდენტი ორიენტირებულია საქართველოს განვითარებასა და იმ პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც ბოლო წლებში დაიწყო. საქართველოს პრეზიდენტი თავისი მომავალი – პირადი კარიერის თემაზე კომენტარს არ აკეთებს, ამიტომაც, გვსურს განვმარტოთ, რომ ნებისმიერი სახის საუბარი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, არის ჩვეულებრივი სპეკულაცია”, – აცხადებს მანანა მანჯგალაძე.

ახლა ვნახოთ, რა უპასუხა სააკაშვილმა EurActiv-ის პოლონურ ბიუროს:

კითხვა – მართალია, რომ 2013 წელს, თქვენი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ აპირებთ გახდეთ საქართველოს პრემიერმინისტრი?

პასუხი – ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები გვაქვს მისაღები პარლამენტის მხრიდან 2013 წლისთვის. ჩვენი ახალი კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი მნიშვნელოვან ძალაუფლებას ინარჩუნებს და პრემიერმინისტრიც მნიშვნელოვანია, მაგრამ მთლიანად პარლამენტზეა დამოკიდებული. არცთუ საინტერესო პოზიციაა იმ ადამიანისთვის, რომელიც დღეს პრეზიდენტია.

რაში გამოიხატება „მოცემული ფრაგმენტის არასრულობა“, – სრულიად გაუგებარია. ან როგორ „არ აკეთებს პრეზიდენტი თავისი მომავალი – პირადი კარიერის თემაზე კომენტარს“, როცა გარკვევით ამბობს, რომ პრემიერმინისტრის თანამდებობა არცთუ საინტერესო პოზიციაა ადამიანისთვის, რომელიც დღეს პრეზიდენტია?
სხვათა შორის, მანანა მანჯგალაძე არ განმარტავს, თუ კერძოდ, რა მნიშვნელოვანი რეფორმები უნდა გაატაროს პარლამენტმა 2013 წლისთვის. ერთადერთი, რაც უდავოდ გასაგებია, ის არის, რომ შეუზღუდავი პრეზიდენტობის შემდეგ სააკაშვილს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული პრემიერის პოსტი არ ხიბლავს. იგი ან კვლავ კონსტიტუციის ახალ რეალობაზე (ივანიშვილის გამოჩენის შემდგომ) მორგებას ფიქრობს, ან, სულაც, წასვლას შეეგუა, მაგრამ მანჯგალაძე „არ უშვებს“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here