Home რუბრიკები პოლიტიკა ჯონ ბასი: სასურველია, ჟურნალისტებმა მეტი კითხვა დასვან და ნაკლები განცხადებები გააკეთონ

ჯონ ბასი: სასურველია, ჟურნალისტებმა მეტი კითხვა დასვან და ნაკლები განცხადებები გააკეთონ

590

1 ნოემბერს ბიძინა ივანიშვილის მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე პროვოკაციის მოსაწყობად მისულმა სააკაშვილის ზოგიერთმა ჯიბის ჟურნალისტმა იმდენი იყაყანა, რომ თვით ამერიკის ელჩმა ჯონ ბასმაც კი, რომელიც «ნაცმოძრაობის» უკანასკნელ იმედად მოიაზრებოდა, შეშფოთება ვერ დამალა და გასულ კვირას ერთ-ერთ გამოსვლაში პირდაპირ განაცხადა: «სასურველია, ჟურნალისტებმა მეტი კითხვა დასვან და ნაკლები  განცხადებები გააკეთონო». ამით მან, ფაქტობრივად, ხაზი  გაუსვა იმას, რომ ქვეყანაში დამოუკიდებელი მედია არ არსებობს და ის ჟურნალისტები, რომლებსაც განცხადებების გაკეთება უფრო ეხერხებათ, ვიდრე  კითხვის დასმა, ხელისუფლების მზა ტექსტებით საუბრობენ.
შეიძლება, გაგიკვირდეს, მაგრამ ამერიკის ელჩმა მარტივად და გასაგებად უთხრა სააკაშვილის ავტორიტარულ რეჟიმს, ჟურნალისტიკა მერცხლებზე და პინგვინებზე სჯა-ბაასი არ არის და ტინგიცა გოგო-ბიჭებს ტყუილად ნუ აყაყანებო…

თავისთავად ამ განცხადებაში ახალი და დღემდე ართქმული, ცხადია, არაფერია. საზოგადოების  უდიდესმა ნაწილმა უბასოდაც კარგად იცის, რომ დღესდღეობით საქართველოში თავისუფალი მედია მკვდარია, მაგრამ ჯონ ბასისგან, რომელიც, ელჩად გამწესების დღიდან ლამის სააკაშვილის პირად მცველად და მეხოტბედ გვევლინებოდა, რა თქმა უნდა, ამ განცხადებას სულ სხვა წონა და მნიშვნელობა აქვს; ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ამით ხელისუფლებამ ისეთ მომენტში ისეთი დარტყმა მიიღო, რომლის დროსაც ლოგიკურია ხოლმე ისტორიული ფრაზა: «შენც ბრუტუს?!», თუმცა სააკაშვილს, რომელსაც პოლიტიკურ ასპარეზზე ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ იმის თავიც კი არ აქვს, რომ ქოჩორი  შეიღებოს, ბასის განცხადებისთვის არ ცხელა და ამიტომ რეაგირებაც არ მოუხდენია.

მეტიც, იმ დღეს, როცა ბასმა ეს განცხადება გააკეთა, «ნაცმოძრაობის ბელადი» ყვარელში საკუთარი ვენახებიდან ჩაგვერთო და ამაყად მოგვახსენა, რომ ის, რასაც რუსეთთან მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე თანხმობის სანაცვლოდ მივაღწიეთ, თურმე ჩვენი უდიდესი დიპლომატიური გამარჯვება ყოფილა. ამით სააკაშვილმა არამხოლოდ ბასის განცხადების გადაფარვა სცადა, ზოგადად ბოლოდროინდელ მნიშვნელოვან მოვლენებს გაუკეთა იგნორირება, თუმცა მსგავსი «დიპლომატიური გამარჯვებებით» განებივრებული საზოგადოებისთვის, ცხადია, ამ «გამარჯვებას», მით უმეტეს დღევანდელ ვითარებაში, ჩალის ფასიც არ ჰქონდა.

მოკლედ, მთელი ის თითქმის ერთსაათიანი შოუ, რომელიც ელდანაცემმა პრეზიდენტმა, ზაზა გოროზიას თანხლებით, ყვარლიდან პირდაპირ ეთერში შემოგვთავაზა, სრული ამაოება აღმოჩნდა და საბოლოოდ ამან კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილს რეალობის შეგრძნება სრულიად დაკარგული აქვს.

რაც შეეხება ისევ ბასის შეფასებას,  ეს კომენტარი რომ მოვისმინე,  ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, უილიამ ბერნსის მიერ ამასწინათ გაკეთებული განცხადება გამახსენდა, _ 2012-2013 წლების არჩევნების შედეგად უნდა მოხდეს ხელისუფლების სრულად დემოკრატიული გადაცემაო; თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ორივე განცხადებამ (განსაკუთრებით ბერნსის გაკეთებულმა) «ნაცმოძრაობის» რიგებში ერთგვარი პანიკა და ისტერიული კომენტარების ბუმი გამოიწვია, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სააკაშვილსა და მის ამერიკელ პარტნიორებს შორის განხეთქილების ვაშლი უკვე გაგორდა ან სადაცაა, გაგორდება. მხოლოდ ერთია საკითხავი _ ეს ვაშლი მალე იქცევა თუ არა ქვად, რომელსაც ვაშინგტონი შემდგომ ეტაპზე უკვე პირდაპირ გამოიყენებს სააკაშვილის ჩასაქოლად? დიდწილად ეს, რა თქმა უნდა, თავად სააკაშვილზეც იქნება დამოკიდებული,  ამიტომ, ბუნებრივია, მას უკვე პირდაპირ აფრთხილებენ თავისი უახლოესი პარტნიორებიც, თუ არ გინდა, კადაფივით ხიშტზე გაფრიალებულს მოგიწიოს პოსტის დატოვება, ჩაი დალიე და სახლში დროზე წადიო.

მოკლედ, საქმეს ისეთი პირი უჩანს, «ნაცმოძრაობის მამამთავარს» მალე მოუწევს გადაწყვეტილების მიღება, არჩევანი კი ასეთია – დალიოს ჩაი და წავიდეს სახლში ან გამოიყენოს ძალა და ბოლოს მაინც წავიდეს, როგორც უკვე გითხარით კადაფივით ხიშტზე გაფრიალებული…

ნებისმიერ შემთხვევაში, ცხადია, სააკაშვილს ხალხის რისხვა არ ასცდება, მაგრამ, რისხვაც არის და რისხვაც… თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში ჩაიდალეულებს (მათ შორის მათაც, ვინც დალევა ვერ მოასწრო) არ ასამართლებენ და ჯერჯერობით არც საქართველო დამსგავსებია ლიბიას, ვფიქრობ, «ბელადს» არჩევანის გაკეთება არ უნდა გაუჭირდეს…

ჯაბა ჟვანია
P.S.  იმ განცხადების შემდეგ, რომელიც გასულ კვირას ჯონ ბასმა გააკეთა, იმედს ვიტოვებ, მასაც რუსეთის აგენტად არ შერაცხავენ და კოჭოიას ბიძაშვილს ან მამიდაშვილს, ამჯერად უკვე აშშ-ის დავალებით, შვეიცარიის საელჩოსთან ტერაქტის მოწყობის ბრალდებით არ დააკავებენ; ასევე, იმედს ვიტოვებ, რომ 1 ნოემბერს ივანიშვილის პრესკონფერენციაზე უკიდურესად აღგზნებულ მდგომარეობაში წარმოდგენილი გოგო-ბიჭები ცივილიზებულმა სამყარომ ჟურნალისტებად არ აღიქვა _ საბედნიეროდ, ბასის განცხადებამ ნაწილობრივ უკვე დაგვარწმუნა ამაში და სამწუხაროა, რომ ეს, ლამის ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც პირველი დიპლომატი სიმართლეს ამბობს…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here