Home რუბრიკები პოლიტიკა ექსჰი-ბიძინიზმი, ანუ იგინივე და ივანიშვილი

ექსჰი-ბიძინიზმი, ანუ იგინივე და ივანიშვილი

672

ასი წლის წინ ქართველი დრამატურგები რემარკებში ახალი მოქმედი პირის შემოსვლისას უთითებდნენ – იგინივე და (მაგალითად, პელაგია, ტუფია, ნატალია…) დღეს ქართულ პოლიტიკაში ამ რემარკის ერთადერთი ვარიანტი მუშაობს: იგინივე და ბიძინა. მართლაც, მანამდე არსებული ყველა პოლიტიკოსი მის ორბიტაზე მიიზიდება და მხოლოდ მას შეუძლია გადაწყვიტოს, მიიღებს თუ არა მათ თანამგზავრებად.

აქაც, როგორც მზის სისტემაში, მსხვილი პლანეტების გარდა, მცირე სხეულებიც ტრიალებენ, მათ კი, თავის მხრივ საკუთარი თანამგზავრები ჰყავთ. აქვე არიან ასტეროიდები, მეტეორიტები, კუდიანი ვარსკვლავები და კოსმოსური მტვერიც კი. ერთი სიტყვით, ყველაფერი მზის (უკაცრავად, _ ბიძინას) გარშემო ტრიალებს, ხოლო მის ზედაპირზე მომხდარი აფეთქებები ქართულ მედიაში სერიოზულ მაგნიტურ ქარიშხალს იწვევს ხოლმე.
მზის შესახებ სრული ინფორმაცია დღემდე არ გვაქვს. პარადოქსია, მაგრამ არც ბიძინა ივანიშვილზე ვიცით ბევრი. განცხადებებიც და ის რამდენიმე ინტერვიუც, რომლებიც მან შერჩევით რამდენიმე ჟურნალისტს მისცა, არანაირად არ აზუსტებს მის მსოფლმხედველობას. ერთი, რაც ნათლად გამოიკვეთა, ის არის, რომ ივანიშვილი ისევე ისწრაფვის ნატოსა და ევროკავშირისკენ, როგორც ხელისუფლება, და თითქმის მთელი ოპოზიციური სპექტრი: «ჩვენ ვიმუშავებთ და ვიმუშავებთ ძალიან აქტიურად ნატოში გაწევრიანებისთვის, რადგან მას ალტერნატივა არ აქვს».

უალტერნატივოა ასევე მემარჯვენე იდეოლოგიაც, თუმცა ის, რასაც ივანიშვილი დღემდე აკეთებდა, რეალური მემარცხენეობაა. მაშ, რა მივიღეთ? ერთიანად პროდასავლური, ნატოსკენ მომზირალი მემარჯვენე ოპოზიცია, ანუ იგინივე და ბიძინა ივანიშვილი?! ზოგადად, საქართველოში აღარავის უკვირს ერთ ღამეში შეხედულებაშეცვლილი პოლიტიკოსების ქცევა; არც _ ის, რომ სხვისი ხელიდან წყალობის მომლოდინენი გუშინდელ «მამა-მარჩენალს» გაჭირვებაში სიტყვას არ შეაწევენ; არც _ ის, რომ ჯერ ნათქვამი არ არის და უკვე იმ პარტიებს ემიჯნებიან, რომელთა სახეებსაც ჯერ კიდევ გუშინ წარმოადგენდნენ.

ამ დაუფარავი ექსჰი-ბიძინიზმის შემხედვარე, ბევრს ხასიათი უფუჭდება, მაგრამ არ იმჩნევს, რადგან დღეს ივანიშვილის მიმართ რაიმე საყვედურის თქმა ისეთივე მტრობაა, როგორიც 2003 წელს სააკაშვილის ძაგება. ადამიანები ამბობენ, რომ იმედი გამოჩნდა, თუმცა იქვე ივიწყებენ, რომ «იმედი» 2007 წელს დაარბიეს და გაანადგურეს. აღარც იმას იხსენებენ, რომ დღეს მზის (უკაცრავად, ბიძინას!) ორბიტაზე მოტრიალე პოლიტპერსონები მაშინ «იმედიანი» პატარკაციშვილის გარშემო ბზრიალებდნენ.

პოლიტიკოსებისგან ქალწულებრივ კდემას არავინ მოითხოვს, მაგრამ არც უზომო გულუბრყვილობაა კარგი თანამგზავრი. გულწრფელობა, საზოგადოდ, კარგი თვისებაა, მაგრამ ისიც გვახსოვს, ხალხმა რა იმედიანად უძახა ლევან გაჩეჩილაძეს «ლევან გულწრფელი» და მერე როგორი გულწრფელობით მოიძულა იგი. დღეს ყველა, ვის გამოც ქართულ საზოგადოებას უიმედობის სენი შეეპარა, ახალი იმედისკენ – ბიძინა ივანიშვილისკენ ისწრაფვის. ზოგსაც ლოდინმა გამოუღამა თვალები. რიგის გვერდის ავლითაც ბევრი შედის. დანარჩენები კი უიმედოდ ეკითხებიან ერთმანეთს: «ხომ არ დაურეკავს»?

ის კი, ვისაც «ჯერ არ დაურეკავს», პოლიტიკურ ანბანს შიფრავს: «ეს ნაკლი კი არა, შეიძლება ჩემი კოზირიც იყოს. სიტყვის კაცი ვარ. ჩემგან ვერ გაიგონებთ ტყუილს. პოლიტიკოსისთვის, შესაძლოა, ეს გარკვეულწილად სისუსტედაც მივიჩნიოთ. გამოცდილ პოლიტიკოსებს ხშირად უწევთ უარის თქმა საკუთარ ნათქვამზე, კურსის შეცვლა. ჩემი ცხოვრების ეს წესი დამაბრკოლებელი იყო პოლიტიკაში ჩემი მოსვლისთვის, რადგან პოლიტიკოსს მანევრირება უნდა შეეძლოს. თუმცა არ ვაპირებ პოლიტიკაში ლავირებას, ვნახოთ, როგორ გამომივა».

«წამოვიდა ცილისწამებები, რომ «ახალი მემარჯვენეები» მილიონზე გაიყიდნენ და იმ ფონზე, როდესაც ქართულ პოლიტიკაში მილიარდები გამოჩნდა, ჩვენი კრიტიკოსები ისე ერთხმად და ისეთი აჟიოტაჟით გადაეშვნენ მილიარდერის უბეში, რომ პირდაპირ გაგვკვირვებია,» _ რამხელა სევდა და სინანულია დავით გამყრელიძის ამ სიტყვებში! მართლაც, მან ამჯერადაც იჩქარა და, როგორც ხალხური სიბრძნე გვეუბნება, «მოუგვიანდა».  დიახაც, «რთულია მიიღო მილიონი ლარი დაფინანსება და ამისთვის არჩევნებში მინიმუმ 100 ათასი თანამოქალაქის მხარდაჭერაა საჭირო, მაშინ, როდესაც მილიარდებთან მიახლოებას მხოლოდ ერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის მეხოტბეობა სჭირდება,» _ განაცხადა დავით გამყრელიძემ.

არც ასე იოლია «მილიარდებთან მიახლოება»,  _ მარტო მეხოტბეობა არ შველის. თუ არადა, გამყრელიძე პატარკაციშვილთანაც იყო დაახლოებული, მაგრამ საფლავში არ ჩაჰყოლია. მისი ორი დისთვის «მემარჯვენეების» კარის გაღება აღმოჩნდა ის ოქროს გასაღები, რომელმაც 2004 წელს პარლამენტის კარი შეუღო. ისე, ბურჯანაძემაც დიდხანს არწმუნა სააკაშვილი, «ახლები» პარლამენტში შეუშვი, თორემ ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარეობას არ ვაპირებო და ასე მოხვდა გამყრელიძე თავისი გუნდით იქ, საიდანაც იმავე სააკაშვილმა გამორეკა 2003 წლის 22 ნოემბერს.

გამოხდა ხანი და ერთპარტიული პარლამენტი ისევ იქ არის, ბურჯანაძე და გამყრელიძე კი _ მის მიღმა. აჩქარდა გამყრელიძე და ერთ მილიონს დაყაბულდა, როცა თურმე მილიარდები კარს იყო მომდგარი. არადა, ბიძინა ივანიშვილი «ახალ მემარჯვენეებზე» უფრო მემარჯვენეა; როგორც აცხადებს, ნატოსკენ მასაც გეზი აქვს აღებული (ამ გეზს გაცდენილი არც ჩვენი ხელისუფლებაა და არც ოპოზიცია) და, მაშ, რა განსხვავებაა მათ შორის? განსხვავება, როგორც ირკვევა, მაინც არის:

«მე კადრების მომზადებისა და შერჩევის ოსტატი ვარ, სიტყვის კაცი ვარ, ჩემგან ვერ გაიგონებთ ტყუილს. არასოდეს სინდისისთვის არ მიღალატია, შვილებსაც ასე ვზრდი. სხვის უბედურებაზე კაპიკიც არ გამიკეთებია,» _ ასე დაახასიათა საკუთარი თავი ივანიშვილმა.

კადრების საკითხი სულ მალე გაირკვევა. მით უფრო, რომ ამ კადრებს, ივანიშვილისგან განსხვავებით, ქართული საზოგადოება უკეთ იცნობს. რამდენადაც ჩვენთვის უცნობია, სრულყოფილად ახერხებს თუ არა გარემოცვა საზოგადოებაში არსებული განწყობების შესახებ მის ინფორმირებას, სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ზოგიერთ შეფასებას შემოგთავაზებთ:

ფიფქებს ბიძინას ფორმა აქვთ.

ბიძინოგენული მდგომარეობაა ქვეყანაში.

ბიძინას 11 მეგობარი

(«ოუშენის 11 მეგობრის მოტივებზე»).

309 სირცხვილი მიხოისა და

309 სიქველე ბიძინაისი.

ბიძინასთან შეხვედრის ადგილი უცვლელია!

სად არის შენი ბედნიერება, ბიძინა?

ბიძინა ყველას უნდა!

ვინ შეკაზმავს ბიძინას?!

«ჭორვილელო კაცო, რა დიდგულა ხარო,

წამოგყვები სახლში, დედა გავახარო…»

«ვარდზე მეტი ეკლები აქვს ბიძინას».

ბიძინობის თვე.

გაბიძინებულს, ჯერ არნახულს,

ჯერ არგაგონილს…

ბიძინა, ბიძინა, ბიძინა ჩქარა!!!

ბიძინა გრიგორევიჩი იცვლის პროფესიას.

«მიშიკომ თქვა, ჩირგვში ვზივარ,

ვერვინ მოვა ჩემზედაო,

გაიხედა სერზედაო,

ბიძინა ზის ცხენზედაო».

გზები მაინც გამინათე, ბიძინა…

«ბიძოს გულის ძგერა მესმის,

მთაწმინდაზე შენთან ერთად ვმაღლდები».

«ძველად აქ ჯარებს უხმობდნენ

დაფდაფითა და ბუკითა,

ახლა ბიძინა შემომხვდა

მილიარდების შუქითა».

ბიძინაა მთელი ჩემი ქონება…

«არ გეწყინოს, მიხუნა,

უცებ რომ გიღალატო» («ნაცმოძრაობის» წევრების გულისთქმა).

«ვარდს შემოაჭკნა კოკორი,

გადახვეოდა მიხოსა,

ნუგზარსაც ჩასძინებოდა

და თავს უხრიდა ვანოსა.

აყვავდი, ტურფა ქვეყანავ,

ილხინე, ივერთ მხარეო,

და შენც, ბიძინა, მოსვლითა

სამშობლო გაახარეო!»

ქართული საზოგადოების კეთილგანწყობა ხშირად მატყუარაა, მეტისმეტად დიდი იმედების მოლოდინი – სახიფათო, თუმცა საამისო გამოცდილება ბიძინა ივანიშვილს ნამდვილად უნდა ჰქონდეს. ჩვენთვის კი უფრო ის «იგინივე» არიან საინტერესო, ვინც ამჯერადაც ყველას მიასწრო ახალ იმედთან და ისევ იმას გვთავაზობს, რასაც _ ბოლო 20 წლის განმავლობაში.
ნანა დევდარიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here