Home რუბრიკები საზოგადოება მამა თეოდორე (გიგნაძე): რასიზმი, ფაშიზმთან და ჰომოსექსუალიზმთან ერთად, ადამიანის დაცემული ბუნების ერთ-ერთი...

მამა თეოდორე (გიგნაძე): რასიზმი, ფაშიზმთან და ჰომოსექსუალიზმთან ერთად, ადამიანის დაცემული ბუნების ერთ-ერთი გამოვლინებაა და მასაც უნდა ებრძოლო!

1582

«საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება თბილისის ჯვართამაღლების ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი თეოდორე (გიგნაძე).

 _ მამა თეოდორე, ერთ-ერთ პერიოდულ გამოცემაში თქვენ პირდაპირ გდებენ ბრალს «რასიზმში, ბიბლიის სახელით». ბიბლიიდან ქამსა და ქანაანელებზე თქვენს განმარტებას არაერთგვაროვანი კომენტარები მოჰყვა. როგორ ფიქრობთ, რატომ მიიჩნევენ, რომ თქვენი ეს ქადაგება რასისტული ელემენტების შემცველი იყო? 
_ შეგვეწიოს ყველას უფალი! ვეცდები, ჩვენს საუბარში ნაკლებად გავაკრიტიკო ადამიანები, ვინც თავს ჩვენს ოპონენტად წარმოაჩენს, არც მათ ოპონირებას ვაპირებ. ვეცდები, სრულად წარმოვაჩინო ის სურათი, რამაც გამოიწვია ჩემი ამგვარი პასუხი და, მათ შორის, ჩემი შეცდომებიც დავინახო. როდესაც ჩემი პასუხის მერე, რომელიც ერთ-ერთი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებთან ლექციაზე გაჟღერდა, ერთი ამბავი ატყდა, დამაბრალეს რასიზმი. გამეცინა, რადგან ვიცი, რომ რასისტი არ ვარ და ძალიან კარგად ვიცი ჩემი დამოკიდებულება ნებისმიერი ადამიანის მიმართ, იმის მიუხედავად, რა სარწმუნოების, რა ეროვნებისა თუ კანის ფერისაა იგი. ჩემთვის ყოველი ადამიანი, განურჩევლად სქესისა, ეროვნებისა, აღმსარებლობისა და კანის ფერისა, ქრისტეს ხატია. აქედან გამომდინარე, ჯერ გამეცინა, მერე ცოტა გავბრაზდი კიდეც, იმიტომ, რომ ვიფიქრე, ზედმეტი მოსდით, ხომ იციან, რომ არ ვარ რასისტი მეთქი. ამ ემოციებმა რომ გადამიარა და ეს ვნებათაღელვა კიდევ არ შეწყდა, მერე ჩავუფიქრდი, ხომ არ არის აქ ჩემი ბრალეულობა მეთქი და მართლაც აღმოვაჩინე ჩემი შეცდომები, რომლებზეც ახლა მოგახსენებთ.

პირველ რიგში, შეცდომა დავუშვი, როცა სიტყვა «რასა» გამოვიყენე. ეს ჩემი მხრიდან არაკორექტული იყო, იმიტომ, რომ, როგორც შემდგომ გავეცანი, თანამედროვეობაში ცდილობენ, არა მხოლოდ «რასიზმი,» არამედ «რასაც» კი არ იქნეს გამოყენებული და სავსებით სამართლიანადაც. აღმოჩნდა, რომ სიტყვა «რასა» ეტიმოლოგიურად «ჯიშს» ნიშნავს. ჩვენ ათეისტურ ეპოქაში სკოლაში მართლაც გვასწავლიდნენ ასე და ეს სიტყვა შეიძლება, ათეისტური სწავლების ნაწილად მივიჩნიოთ. ადამიანების დაყოფა ჯიშებად ქრისტიანულად მიუღებელია. მე ეს ტერმინი, როგორც ტექნიკური საშუალება, ისე გამოვიყენე, რათა ადამიანთა ჯგუფები დამეხასიათებინა.

ქრისტიანობა და რასიზმი იმდენად შორსაა ერთმანეთისგან, რომ მათი ერთმანეთთან დაკავშირება ვერანაირად მოხდებოდა და, თუ მღვდელი უფლის, ქრისტიანული სწავლების ერთგულია, ის იდეოლოგიურად, მსოფლმხედველობრივად ვერ იქნება რასისტი, რადგან რასისტი მღვდელი არ არსებობს! ისევე, როგორც არ შეიძლება არსებობდეს დარვინის მოძღვრების გამზიარებელი ათეისტი მღვდელი. უკვე აქედანაც ჩანს, რომ ეს ბრალდება ჩემ მიმართ უსაფუძვლოა. უბრალოდ, გაუგებრობას ჰქონდა ადგილი და გაუგებრობის მიზეზი, რა თქმა უნდა, მე ვარ _ სიტყვა «რასა» არ უნდა გამომეყენებინა.

_ მამაო, თქვენი შეცდომა მხოლოდ ისაა, რომ სიტყვა «რასა» გამოიყენეთ, თუ სხვა შეცდომებიც დაუშვით იმავე ბიბლიის განმარტებაშიც?

_ მხოლოდ ეგ არაა ჩემი შეცდომა. ჩემს პასუხს გარკვეული გენეზისი ჰქონდა კითხვიდან გამომდინარე. კითხვა იყო დასმული ასე: «ადამი თუ თეთრი იყო, რატომ არიან ზანგები შავები»? რა თქმა უნდა, ამაზე ბიბლიური პასუხი არსებობს. როგორც მღვდელი, თავისთავად ცხადია, ბიბლიას დავეყრდნობოდი და ვიტყოდი, რომ, ადამი ერთია, მისი ძირიდან წამოვიდა მთელი კაცობრიობა, ევაც კი მისგანაა შექმნილი, მაგრამ წარღვნის შემდეგ მხოლოდ ნოე და მისი ოჯახი გადარჩა. ნოეს სამი შვილი ჰყავდა და ბიბლიური სწავლების მიხედვით, თითოეული შვილი ადამიანების გარკვეული დაჯგუფების მამამთავარი ხდება. არსებობენ სემიტები, ქანაანელები (ქამიტები) და იაფეტის მოდგმა.

კითხვა უშუალოდ კანის ფერს ეხებოდა და, რადგან იქ ზეპირი კითხვა-პასუხი იყო, ანუ ბლიცრეჟიმი, იქ არ არის იმის შესაძლებლობა, რომ დიდხანს დაფიქრდე, ბიბლია გადაშალო, საკითხს ჩაუღრმავდე. იმ დროს ჩემი გონება იწყებს არასწორი ლოგიკით განსჯას _ ეს არასწორი ლოგიკა კი წარმოშვა ფერზე აქცენტმა და ვიფიქრე, რატომ არიან აფრიკელები შავები _ აფრიკელები არიან ქამის მოდგმისანი. ქამის მოდგმა დაიწყევლა, ეს წყევლა რას ნიშნავს? წყევლა ნიშნავს, რომ ის უნდა ყოფილიყო მსახურთ-მსახური, თეთრკანიანების მონობაში მყოფი. ისტორია აჩვენებს, რომ ასე ხდებოდა და ლოგიკური შეცდომა დავუშვი, რაც ბიბლიაში მართლაც არ არის _ ასეთი შეცდომა მე, როგორც მღვდელს, არ უნდა დამეშვა _ კანის ფერი, როგორც წყევლის შედეგი, ამას პლიუს ჩემ მიერ გამოყენებული სიტყვა _ «რასა» და იმ წამსვე მერგო რასისტი მღვდლის სახელი. ეს ორივე შეცდომა იყო და მე ადრეც ვთქვი და ახლაც ვამბობ, რომ თუ მე რომელიმე აფრიკელს, შავკანიანს ამ ჩემი ნათქვამით გული ვატკინე, შეურაცხყოფა მივაყენე, ყველას შენდობას ვთხოვ. მაგრამ, ამავე დროს, ვინც ამ ვიდეორგოლებს ატრიალებს, ყველას ვეუბნები _ თუ მიიჩნევთ, რომ მე იმ ჩემი ნათქვამით ადამიანების გარკვეულ რაოდენობის სულიერ სამყაროს უხეშად შევეხე, მაშინ ამ ვიდეორგოლებს ნუღარ ატრიალებთ. ჩემი ლანძღვით განა რა შეიცვლება?

როგორც ქრისტიანი, მღვდელი ასევე შენდობას ვთხოვ იმ ადამიანებსაც, ვისთვისაც ახლა იწყება სულიერი ცხოვრების პირველი ეტაპი, ძიების პროცესშია და ჩემმა ამ გამონათქვამმა დააბრკოლა!

კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ბიბლიაში პირდაპირი კავშირი, პირდაპირი მინიშნება არ არის ნოეს წყევლასა და კანის გაშავებას შორის, მაგრამ, როცა მაკრიტიკებენ, პრესასა თუ სოციალურ ქსელებში, მეორე უკიდურესობაში ვარდებიან და ბიბლიას, მის ღვთისსულიერებას საერთოდ უარყოფენ. აბსოლუტურ მკრეხელობაში ვარდებიან, რაც მე, როგორც ღვთისმსახურს, მტკივა. როცა ამ სტატიის ავტორი ამბობს: «ჩვენ არ ვიცით, კონკრეტულად რა ცოდვით სცოდა ქამმა _ იყო ეს მამისადმი უღირსი მოპყრობა თუ მისდამი სექსუალური ხასიათის დანაშაული»-ო. ეს უკვე მკრეხელობაზე მეტია! თუ მე რასიზმში მადანაშაულებენ, ბიბლიის სიუჟეტის ამგვარი დანახვა დამახინჯებული ცნობიერების შედეგი მგონია! მე ქამისთვის მსგავსი რამ არ დამიბრალებია, თუმცა, რაც მან დააშავა, ეს მისი ბრალეულობისთვის სავსებით საკმარისია. ასევე წმინდანს, ძველი აღთქმის მამამთავარზე ამბობს, რომ: «ამის შემდეგ, კაცობრიობის ისტორიაში პირველ ნაბახუსევზე, ანუ მას შემდეგ, რაც გამოფხიზლდა, ნოემ წარმოთქვა წყევლა: «წყეულიმც იყოს ქანაანი! თავისი ძმების მორჩილთა მორჩილი იყოს!»… აქ რასთან გვაქვს საქმე? რომ ნოემ, რომლის კურთხევა და სიტყვა ღვთის განგებულებას მოასწავებს, ნაბახუსევზე დაწყევლა თავისი შვილი!

აქვე მინდა განვმარტო ბიბლიური წყევლა _ ღმერთმა დასწყევლა ადამი და ევა. მაშინ ჩემი ოპონენტების ლოგიკით რა გამოდის? ღმერთისკენ გავიშვირო ხელი, რომ იგი კაცთმოძულეა, რადგან ადამისა და ევას დაწყევლით მთელი სამყარო დაიწყევლა? ბიბლიური წყევლა დედაბრულ წყევლა-კრულვას სულაც არ ნიშნავს. ბიბლიური წყევლა _ ეს არის ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის შინაგანი მდგომარეობის სიტყვიერად წარმოჩენა. ეს თითქოს ერთგვარი დიაგნოზია, რომელიც აფრთხილებს მათ, თუ რა მდგომარეობაში იმყოფებიან.

ერთი ადამიანის დაზიანებული ბუნება მის შთამომავლობაზე გადადის _ ადამის ბუნება დაზიანდა. ამიტომ თითოეული ჩვენგანი დაზიანებული ბუნებით იბადება. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ რომელიმე ჩვენთაგანი პიროვნულად პასუხს აგებს ადამის ცოდვაზე.

სხვათა შორის, დღეს მართლმადიდებლობას თავს ესხმიან და კათოლიციზმის აპოლოგიას ეწევიან. ნაკლებად აცნობენ ჩვენს საზოგადოებას იმას, რომ სწორედ კათოლიციზმში არსებობს ის საშინელი სწავლება, რასაც ცოდვისა და გამოხსნის იურიდიული გაგება ჰქვია. ტერმინი «პირველქმნილი ცოდვა» კათოლიციზმში გულისხმობს, რომ ადამმა შესცოდა და თითოეული ადამიანი ადამთან ერთად პასუხისმგებელია ადამის ცოდვაზე, ანუ დამნაშავე გამოვდივარ წინაშე ღვთისა. მართლმადიდებლობა კი გარკვევით ამბობს, რომ ჩვენი ბუნებაა დაზიანებული, თორემ პიროვნულად ადამის ცოდვაზე პასუხს არ ვაგებთ. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს: ჩვენ სულ ახლახან გამოვიარეთ სამოცდაათწლიანი უღმერთობის პერიოდი. ბევრი ადამიანის წინაპარს ჩადენილი აქვს საშინელი ცოდვა _ ტაძრების ნგრევისა, სიწმინდეების შელახვისა. მართლმადიდებლობა ხაზგასმით ამბობს, რომ არც ერთი შთამომავალი ამ ცოდვის ჩამდენისა, პიროვნულად პასუხს არ აგებს ბაბუის ცოდვაზე. ასევე, ვამბობდი ჩვენს წინა ვრცელ ინტერვიუშიც და ახლაც გავიმეორებ _ ქამის არც ერთი შთამომავალი, ქანაანი, პიროვნულად პასუხს არ აგებს ქამის ცოდვაზე. დედამიწაზე ყველა ადამიანი, განურჩევლად კანის ფერისა, ღვთის წინაშე პიროვნულად სუფთა იბადება, თუმცა ადამის ცოდვის გამო _ დაზიანებული ბუნებით.

_ ამ პუბლიკაციაში არის ფრაზები, რამაც მკითხველთა მნიშვნელოვანი ნაწილი გაურკვევლობაში ჩააგდო, ბევრის კი, უბრალოდ, რისხვა გამოიწვია: «იმ დროს, როცა აღნიშნული ტექსტი დაიწერა, ებრაელებს მტრობა ჰქონდათ ქანაანელებთან. ისინი «გარყვნილებად» მიიჩნეოდნენ. ისტორიის მანძილზე ქანაანელები არა ერთხელ ქცეულან ებრაელების მონებად. სავარაუდოა, რომ ბიბლიის კონკრეტული თავის ავტორი, სწორედ პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, წყევლის არა კონკრეტულ პიროვნებას _ ქანაანს, არამედ მის შთამომავლებს _ ქანაანელებს. ბიბლიის ძველ ინტერპრეტაციებში I საუკუნემდე არავითარი მინიშნება «გაშავებაზე» არ გვხვდება». მამაო, ამაზე რას გვეტყვით?

_ ამაზე ზემოთაც მოგახსენეთ, რომ კანის ფერის წყევლასთან პირდაპირი კავშირი ბიბლიაში არ არის და ჩემი ამ შეცდომის გამო შენდობა ვითხოვე.

როცა მოსე ქორების მთიდან ჩამოდის, ღმერთთან ურთიერთობის შემდეგ მისი სახე ისე ელვარებს, რომ სახეში ვერ უყურებენ და იგი პირს იბურავს, რადგან  თვალისმომჭრელ, ხელთუქმნელ ნათელს ახივებს. რას ნიშნავს ეს? იმასაც, რომ ეს მართლაც ასე იყო და იმასაც, რომ სწავლება იმდენად დიდია, რომ მისი დატევნა არც ისე იოლია. მოსეს ხუთწიგნეული დაწერილია მოსეს მიერ და, როგორც უნდა ეცადონ, რომ იქ მთელი რიგ პასაჟებში პოლიტიკური მიზნები დაინახონ, მის სიდიადეს ჩრდილს ვერ მიაყენებენ. ეს არის დაწერილი იმ ადამიანის მიერ, რომლის ღმერთთან ურთიერთობა ისეთი ხარისხის იყო, რომ მას სახეშიც ვერ უყურებდნენ! ადამიანი, რომლის ლოცვითაც ზღვა შუაზე იყოფა, რომელსაც ღმერთი უშუალოდ ესაუბრება და სამყაროს შემოქმედი ქვის ფილებზე თვითონ უწერს ათ მცნებას. როდესაც ასეთი ადამიანის მიერ დაწერილ წიგნს კითხულობ და გარკვეულ საკითხებში პოლიტიკურ მიზნებს, გარყვნილ აზრებს ხედავ, როცა წმინდანს _ ნოეს შეურაცხყოფ, ასეთ ადამიანებთან პოლემიკის სურვილიც არ მაქვს. მე ერთი რამ ვიცი _ ყოველი ადამიანი, რომელიც ღმერთს ეძებს, სიწმინდეს მიჰყვება. ჩვენთვის, ქრისტიანებისათვის, ბიბლია წმინდაა. ბიბლიის კომენტირებას რაც შეეხება, ამაზე ტომებია დაწერილი, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნებისმიერ ბიბლიოთეკაში ძველი თუ ახალი აღთქმის განმარტებები ნებისმიერ ენაზე ნახოს, თუ მაინცა და მაინც ასე აინტერესებთ, მაგრამ ერთი რამ უდავოა _ ამგვარი სიტყვების ავტორი ბიბლიის ღვთივსულიერებას აშკარად უარყოფს!

საერთოდ, ურწმუნო ადამიანს აქვს თვისება, რაც კაცობრიობის  ისტორიაში საღვთო განგებულებით ხდება, ამაში ღვთის ხელს, ღვთის განგებას კი არ ხედავს, არამედ ყველაფერს პოლიტიკურ ბატალიებს და რეალიებს მიაწერს. კაცობრიობა ცხოვრობს, არსებობს, ადამიანი ამ სოციუმშია და, რა თქმა უნდა, ეს ურთიერთობები პოლიტიკად იწოდება. შეუძლებელია, ადამიანის, ერის ცხოვრება ამოვგლიჯოთ პოლიტიკიდან, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკაა განმსაზღვრელი საღვთო განგებულებისა. პირიქით, საღვთო განგებულებაა განმსაზღვრელი ყველაფრისა. ეს უკვე მსოფლმხედველობრივი პრობლემაა. ათეისტები ამბობდნენ _ ყოფიერება განსაზღვრავს ცნობიერებას. ქრისტიანები კი მიიჩნევენ, რომ ზე რეალობა, ანუ ღმერთი განსაზღვრავს რეალობას _ მეტაფიზიკა განსაზღვრავს ფიზიკას. ეს რწმენის და იმის საკითხია, თუ როგორი მსოფლმხედველობა აქვს ადამიანს. ადამიანს, რომლისთვისაც არაფერს წარმოადგენს წმინდა წერილის ავტორიტეტი, მასთან სარწმუნოებრივ საკითხებზე მსჯელობა პრაქტიკულად წარმოუდგენელია! მე მხოლოდ ის შემიძლია, ამ შემთხვევაში, თავი დავიცვა. მღვდელი ვერ იქნება რასისტი, იმიტომ, რომ მაშინ ის ვერ იქნება მღვდელი. შეცდომისთვის შენდობა ვითხოვე. ამის იქით _ ბიბლია ჩემთვის წმიდათაწმიდაა და ამას ვერაფერი შეცვლის!

_ ამავე სტატიაში ცინიკურად არის მოყვანილი თქვენი ფრაზა ჰომოსექსუალებთან დაკავშირებით. მე პირდაპირ მოვიყვან ციტატას: «ინტერვიუში მამა თეოდორე ჰომოსექსუალისტებსაც გადასწვდა და ქრისტიანობისთვის სრულიად შეუფერებელი ცოდვის გაზომვის მეთოდი შემოგვთავაზა: «ჰომოსექსუალიზმი არის სასიკვდილი ცოდვა და ბიბლიაში იგი სასიკვდილო ცოდვადაც კია მიჩნეული, რადგან ეს არის არაბუნებრივი ცოდვა, რომელსაც პრაქტიკულად არანაირი გამართლება არ აქვს». თუ ამოსავალ წერტილად საეკლესიო კანონიკის მიხედვით მკვლელობისა და ჰომოსექსუალური აქტისთვის შეფარდებულ სასჯელს ავიღებთ, მამა თეოდორეს კონცეფცია, უბრალოდ, აბსურდი აღმოჩნდება. შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ ახალგაზრდა მართლმადიდებელი, რომელიც ამგვარი ანტიჰუმანური კონცეფციის წამოყენებისას მიდის ჰომოსექსუალთან, სცემს და ამით მადლის მოხვეჭას ცდილობს _ სამყარო ხომ მოსიარულე ცოდვისგან თავისუფლდება. რასაკვირველია, ვერც ერთი მკითხველი ვერ იტყვის, რომ ბიბლია ჰომოსექსუალობას ცოდვად არ მიიჩნევს, მაგრამ ამ საკითხზე საუბრისას აუცილებელია, მღვდელმა განმარტოს, რომ არც ერთი ადამიანი შეურაცხყოფის ან აგრესიის ღირსი არ არის, რასიზმი და ჰომოფობია კი ცოდვაა».

_ უცნაურია! არც ჩემს რომელიმე ქადაგებში და არც თქვენთან საუბრისას არსად მითქვამს მსგავსი რამ! ეს ჩემი სიტყვების შეგნებული დამახინჯებაა. ათ მცნებაში გვიწერია _ არა ცილი სწამოო, ამ სტატიის ავტორი (ლევან სუთიძე) ცილს მწამებს. თითოეული ჩვენი სიტყვა ღვთის წინაშეა და, როცა რაიმე გეშლება, ერთია და, როცა ცილს შეგნებულად, წინასწარგანზრახულად სწამებ, ეს მეორეა. მე არსად არასოდეს მითქვამს, რომ ჰომოსექსუალისტი უნდა სცემო. ეს არ მითქვამს მრავალი მიზეზის გამო: ჯერ ერთი, ამას ქრისტიანობა არ გვასწავლის. მე როცა ვთქვი, რომ ჰომოსექსუალიზმი მკვლელობაზე უფრო დიდი ცოდვაა, ახლაც ამასვე ვადასტურებ _ ჰომოსექსუალიზმი მკვლელობაზე უფრო დიდი ცოდვაა, იმიტომ, რომ ის არაბუნებრივი ცოდვაა!

შეიძლება ვინმემ კითხვა შემომიბრუნოს _ რა, მკვლელობა ბუნებრივი ცოდვაა? მკვლელობა, თავისთავად ცხადია, არაა ბუნებრივი ცოდვა, მაგრამ, მეორეს მხრივ, როცა ერთი ადამიანი მეორეს კლავს, მას შეიძლება რაღაც მოტივაციები ჰქონდეს _ არის მკვლელობის ისეთი სახე, რომელიც შეწყნარებულია ღვთის მიერ და ბიბლიის მიერ, როცა სამშობლოს იცავ, ამ შემთხვევაში მტერი შეიძლება ამ ბრძოლაში მოკვდეს. არსებობს შურისძიება, რომელიც არ არის ღვთისაგან კურთხეული და დაშვებული და დიდი ცოდვაა, მაგრამ შურისმაძიებელ ადამიანს მოტივაცია ის აქვს, რომ სამართლიანობა აღადგინოს, თუ მიიჩნევს, რომ უსამართლოდ მოექცნენ.

ძველ აღთქმაში ამის პრეცენდენტები არის _ კბილი კბილის წილ, თვალი თვალის წილ. თუმცა, იქვე იყო ძველ აღთქმაში მცდელობაა იმისა, რომ ადამიანები დაეცვათ, სპეციალურ ქალაქებს აშენებდნენ, სადაც ადამიანებს შეეძლოთ თავის შეფარება. ახალმა აღთქმამ შურისძიება ადამიანებს აუკრძალა, სამართლიანობის აღდგენა მხოლოდ ღვთის ხელშია და ღვთის უფლებამოსილებაში შედის. მაგრამ, რაც შეეხება ჰომოსექსუალიზმს, მას აბსოლუტურად არანაირი გამართლება არ აქვს, გარყვნილებიდან გამომდინარე ცოდვაა. როგორც თვითონ მედიკოსები ამბობენ, ყოველი ასი ჰომოსექსუალისტიდან მხოლოდ სამი შეიძლება იყოს დაბადებიდან დამახინჯებული ფსიქიკით, მაგრამ ეს არის ავადმყოფობა, რომლის წახალისება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რადგან, თუ იმ სამ პროცენტს წაახალისებ და მისცემ გასაქანს, ის იმ ოთხმოცდაჩვიდმეტსაც გარყვნის. წადი და ჰომოსექსუალისტი სცემე-მეთქი მხოლოდ იმიტომაც არ ვიტყოდი, რომ ბიბლია, ქრისტიანობა კატეგორიულად ეწინააღმდეგება ერთი ცოდვის მეორეთი აღმოფხვრას.

როგორც მღვდელი გეტყვით _ ჩემს პრაქტიკაში არც ერთი ჰომოსექსუალისტისთვის, რომელიც ჩემთან სინანულით მოსულა, ხელი არ მიკრავს, თვით ისინიც კი, ვინც ჩემამდე არ მოსულან, მათთან მე მივსულვარ, მისაუბრია და მიცდია, რომ სინანულში ჩამეგდო და ამ ცოდვისთვის თავი დაენებებინათ. არა თუ ხელი მიკრავს, ისინი გულშიც ჩამიკრავს და მათ მიმართ, როგორც მღვდელს, ძმური თანადგომა გამომიხატავს. გარდა ამისა, მქონია შემთხვევები, ეს ცოდვა ჯერ კიდევ ჩანასახის სტადიაში იყო, ადამიანში იწყებოდა ამ ცოდვის გენეზისი და, მადლობა ღმერთს, ჩემი ჩარევის შემდეგ, უფლის მადლით, გადავრჩით და არ განვითარდა ბოლომდე. იყო შემთხვევები, როცა ადამიანი ამ ცოდვაში უკვე იმყოფებოდა, მერე ამ ცოდვას თავი დაანება და ახლა ღრმა სულიერი ცხოვრებით ცხოვრობს. მიხარია, რომ მქონია შემთხვევა, როცა ამ ცოდვაში რეალურად მყოფმა ორმა ადამიანმა, ღვთის მადლით, დასძლია ეს ცოდვა, დაქორწინდა და შვილებიც ჰყავს.

საზოგადოების გარკვეული წრეები ამ ადამიანებს უბიძგებენ, რომ ამ ცოდვაში დარჩნენ, ეს ცოდვა განუვითარდეთ! თვითონ არხეინად ცხოვრობენ _ ცოლებიც ჰყავთ, ქმრებიც, შვილებიც, სხვებს კი უკიჟინებენ, რომ პრობლემა არ გაქვთ და გააგრძელეთ ასე ცხოვრებაო! ამ დროს ეკლესია სხვანაირად ეკიდება ამ საკითხს და მას ადამიანის სასარგებლოდ აგვარებს _ ჰომოსექსუალიზმს ავადმყოფობად მიიჩნევს. ხელს არ კრავს ჰომოსექსუალისტს და არავის აძლევს უფლებს, არავის მოუწოდებს, რომ ცოდვის გამო ის ცემოს და ფიზიკურად გაუსწორდეს.

თუ ამგვარი ლოგიკით უნდათ პოლემიკა და ოპონირება, ეს მათი საქმეა, მაგრამ ისინი ამ შემთხვევაში ცილს გვწამებენ და სიცრუეს ემსახურებიან, რაც, სხვათა შორის, ასევე მძიმე ცოდვაა.

_ თქვენ ჩემთან წინა საუბარში თქვით, რომ ბიბლიაზე დაყრდნობით გაქვთ პასუხი, თუ რატომ იყო შავკანიან ადამიანებზე მონობის უღელი დადგმული ვიდრე XX საუკუნემდე და იმასაც ბრძანებთ, რომ, თუ ვინმეს სხვა პასუხი გააჩნია, ამასაც მოისმენდით. აქვე მინდა დავძინო, რომ ჩვენს წინა საუბარში თქვენ პირდაპირ აღნიშნეთ, რომ არც ერთი ზანგი პიროვნულად პასუხს არ აგებს ქამის მიერ ჩადენილ ცოდვაზე, ის არ არის ქამის ცოდვის გენეტიკური მატარებელი. თქვენს საპასუხო პუბლიკაციაში «პასუხს გცემენ», რატომ იყვნენ შავკანიანები დაჩაგრულები: «შავკანიანების დამონება დიდწილად იმან განაპირობა, რომ საუკუნეების მანძილზე აბრაამიანული რელიგიები მათ წყევლას სწორედ ქამის წყევლის მაგალითით ამართლებდნენ. ამისთვის კი სწორედ იმ ბნელ მითს იყენებდნენ, რომლის მოხმობაც მამა თეოდორემ XXI საუკუნეში გადაწყვიტა. თუ მათი ჩაგვრა ღვთაებრივი ინსტანციით არის დაშვებული, იქნებ სეგრეგაციისა და ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაც ღვთის ნების წინააღმდეგ წასვლაა?» _ აი, მამაო, დაგანახეს ალტერნატიული პასუხიც…

_ მე არსად მითქვამს, რომ რასიზმი კარგია და მის წინააღმდეგ არ უნდა გავილაშქროთ. «თუ მათი ჩაგვრა ღვთაებრივი ინსტანციით არის დაშვებული, იქნებ სეგრეგაციისა და ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაც ღვთის ნების წინააღმდეგ წასვლააო,» _ ეს თავიდან ბოლომდე დამახინჯებული ლოგიკა და აზროვნებაა. მაგალითად, როცა ადამი დაეცა, ადამის გამო სამყარო იწყევლება, წყევლა, კიდევ ვიმეორებ, ბიბლიური ტერმინია და ნიშნავს არა დედაბრულ წყევლა-კრულვას, როცა ადამიანს ცუდს უსურვებ, არამედ ეს არის ფაქტის, რეალობის სიტყვაში გამოხატვა. ღვთის მიერ დასმული დიაგნოზია _ იცოდე, რა გჭირს. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სტიქიურ უბედურებებს, გვალვას, წყალდიდობებს, რომლებიც ამ ყველაფრის შედეგია, ან ადამიანებისთვის მავნებელ ცხოველებს არ ვებრძოლო. ცოდვის შედეგია ასევე ის, რომ ადამიანში არის შური, ანგარება, ეგოიზმი, უსიყვარულობა, სიამაყე, ამპარტავნება, სიძულვილი _ ეს ყველაფერი იმის გამოა, რომ მთელი სამყარო, კაცობრიობა იწყევლება ადამის ცოდვის გამო. მაგრამ ქრისტიანობა მეუბნება, რომ ამ ყველაფერს უნდა ებრძოლო. რასიზმი, ფაშიზმთან და ჰომოსექსუალიზმთან ერთად, ადამიანის დაცემული ბუნების ერთ-ერთი გამოვლინებაა და მასაც უნდა ებრძოლო! თუ უნდა ებრძოლო რასიზმს, რომელიც არის დისკრიმინაცია ადამიანთა ჯგუფისა, კანის ფერის გამო, რატომ არ უნდა ებრძოლო ჰომოსექსუალიზმს, პედოფილიას, რომელიც არის დისკრიმინაცია მოზარდი ბავშვებისა, რომელნიც შეიძლება გარყვნან. რატომ არ უნდა ებრძოლო აბორტს, რომელიც არის ჩვილი ბავშვების დახოცვა მუცელში _ ამას ქრისტიანობა სიტყვით ებრძვის, ეს ე. წ. ლიბერალები კი უკვე ქრისტიანობას ებრძვიან და ფაქტობრივად, ამ ბრძოლით იმ წისქვილზე ასხამენ წყალს, საიდანაც წარმოიშობა რასიზმიც, ფაშიზმიც, პედოფილიაც, ჰომოსექსუალიზმიც, აბორტიც.

სხვათა შორის, მოვუწოდებ, თუ არ იციან, კარგად წაიკითხონ, როგორ იბრძოდნენ ფაშისტი იდეოლოგები, რომლებიც მესამე რაიხში მუშაობდნენ იმისათვის, რომ მაშინ სკოლებში რელიგიური სწავლება არ ყოფილიყო. რადგან ისინი მიიჩნევდნენ, რომ ბავშვების რელიგიურად აღზრდა ზიანის მომტანი ოყო მათი სახელმწიფოსთვის და მათი სახელმწიფოებრიობისთვის. ამას მესამე რაიხის ცნობილი იდეოლოგები ამბობდნენ. ასე რომ, ვინც ეკლესიის წინააღმდეგ ასე იბრძვის, კარგად გაიხსენოს, ვინ ებრძოდა ეკლესიას _ კომუნისტები, ლენინის მოდგმა და ფაშისტები! დღეს კი ქრისტიანობის წინააღმდეგ ვინც იბრძვის, ვხედავთ! ასე რომ, თვითონ არიან იმ იდეოლოგიისა და სულის მატარებლები, რასაც ფაშიზმი და კომუნიზმი ჰქვია. რასიზმის საფუძველი კი არის ათეიზმი და არა ქრისტიანობა. ესენი თავიანთი დებულებების გასამართლებლად ყველაფერს კადრულობენ. აგერ ბიბლიის პოლიტიზირების მაგალითიც ვნახეთ. სინამდვილეში კი ათეიზმი და დარვინიზმი არის საფუძველთ-საფუძველი რასიზმისა.

სხვათა შორის, რაც შეეხება ჩემ მიმართ წამოყენებულ ბრალდებებს სხვადასხვა მხრიდან _ ულტრანაციონალისტებიდან, ნაციონალისტებიდან, რომლებიც შეიძლება მიიჩნევდნენ, რომ, თუ რომელიმე ქართველ მწერალს აკრიტიკებ, ესე იგი ქართველთმოძულე ხარ; თუ უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობ, სოროსელი ხარ. ახლა რაღას იტყვიან, უნივერსიტეტში რომ აღარ ვარ? ყველაზე გულსატკენი კი ის იყო, რომ მთელ ამ კამპანიაში ჩართული იყვნენ ადამიანები, რომელთაც სასულიერო სასწავლებლები ჰქონდათ დამთავრებული, რომელთაც კარგად იციან სახარება. თუ მათ დაინახეს, რომ რომელიმე მღვდელს, ქრისტიანს შეეშალა, უნდა მოსულიყვნენ და ეთქვათ _ მამაო თუ ძმაო, მგონი, აქ რაღაც არასწორად თქვი და მართლა ასე ფიქრობ? მეც შენდობას ვითხოვდი და ამით დამთავრდებოდა. იმ ვიდეორგოლებსაც ამოიღებდნენ.

«ეძიებდეთ და ჰპოვებდეთო,» _ ნათქვამია. ვინც რასაც ეძებს, იმას პოულობს. ვინც ცუდს ეძებს, რომ როგორმე ქრისტიანობა ამოძირკვოს, ის, რა თქმა უნდა, მღვდლის კი არა, ქრისტეს სიტყვებში დაინახავს ცუდს. ქრისტეს სიტყვებშიც შეიძლება არატოლერანტობა დაინახონ, როცა ის ეუბნება ფარისევლებს, გველის ნაშობნი ხართო. ამას, სხვათა შორის, ფარისევლები «დიდი წარმატებით» აკეთებდნენ კიდეც _ მათი მიზანი ხომ ქრისტეს «დამცირება» იყო. კითხვებსაც ისეთს უსვამდნენ, რომ «გამოეჭირათ» მაცხოვარი. დღეს კი ცდილობენ, მღვდლების საუბარში იპოვონ ისეთი რამ, რითაც ეკლესიას «დააკნინებენ». ცდილობენ, ყველა სასულიერო პირს როგორმე ტალახი ესროლონ, ჩირქი მოსცხონ. ვინც სასულიერო პირის სიტყვაში ცოცხალ ღმერთს ეძებს, ვისთვისაც ცხოვრების საზრისი და მიზანი ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობა და ადამიანად მოსული ღვთის მოწაფეობაა, ის მღვდელმსახურის სიტყვაში კიდეც იპოვის სულიერ საზრდოს! ჩვენ თუ რამე შეგვეშლება, გვქონდეს იმის ძალაც, ვაჟკაცობაც და სიმდაბლეც, რომ შენდობა ვითხოვოთ, მაგრამ, მეორეს მხრივ, ჩვენ ჩვენს გზას ვაგრძელებთ!

ქრისტიანობას მტრები არასოდეს დალევია და არც ახლა დაელევა, მაგრამ ჩვენი მიზანი არის ერთადერთი _ მთელ სამყაროში ყველას გავაგებინოთ, რომ ცხოვრების მიზანი ცოცხალი ღმერთია, და ჩვენი ბედნიერება არის ცოცხალ ღმერთთან, ადამიანად მოსულ ღმერთთან ურთიერთობა, მასთან ერთობაში ყოფნა, მისი მოწაფეობა და ქრისტეს თვალებით ყურება ამ სამყაროსთვის, რაც არის დასაწყისი მარადიული სიცოცხლისა. ჩვენი მიზანია, ნებისმიერ თემას, რასაც არ უნდა შევეხოთ, მხოლოდ ერთი მიზანი აქვს _ ქრისტე ვიპოვოთ და ჩვენი სიტყვით ძე ღმერთი იდიდებოდეს. ვისაც სხვა მიზანი აქვს, ის იმას იპოვის, რაც უნდა. ჩვენ, პირველ რიგში, ვქადაგებთ იმათთვის, ვინც ცხოვრების მიზანს, ცხოვრების საზრისს ეძებს, და ვცდილობთ, რომ ეს საზრისი ყველას ჰქონდეს, მათ შორის _ ჩვენს მტრებსაც.

_ თქვენი კრიტიკა და, მე ვიტყოდი, უკვე აკვიატებულიც კი, იქამდე მივიდა, რომ თქვენს წარმომავლობას შეეხნენ _ გვარად გიგნაძე კი არაა, კალოვიო…

_ ჩემი წინაპრების საფლავები თბილისშია _ ერთი საბურთალოს სასაფლაოზე და მეორე _ შავნაბადას მხარეს. წავიდნენ და ნახონ! ამაზე მხოლოდ გავიცინებ და სხვა კომენტარს აღარ გავაკეთებ…

ღმერთი ყველას შეგვეწიოს, ამინ!
ესაუბრა შორენა სიხარულიძე
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here