Home რუბრიკები პოლიტიკა «პოპ დივა» ივანა მელაი სახელმწიფო ბიუჯეტს 500 000 ლარი უჯდება

«პოპ დივა» ივანა მელაი სახელმწიფო ბიუჯეტს 500 000 ლარი უჯდება

გაიცანით საქართველოს პრეზიდენტის მეგობარი, უკრანიელი «პოპ დივა» ივანა მელაი. ის, უკვე ერთი წელიწადია, საქართველოში ცხოვრობს და, როგორც ამბობს, ჯერჯერობით მშობლიურ უკრაინაში დაბრუნებას არც აპირებს; ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ იმ სოლიდურ თანხას იღებს, რომლითაც სააკაშვილი მას დღემდე აფინანსებს. 
ქართველების სტუმართმოყვარეობით მოხიბლულმა ივანამ პირველად  საქართველო მაშინ ნახა, როცა განახლებული მესტია გაიხსნა. იმღერა, იცეკვა და  პირადად გაიცნო საქართველოს პრეზიდენტი. ამის შემდეგ მიატოვა მუსიკალური კარიერა, საავტორო გადაცემა პოპულარულ უკრაინულ არხზე და საცხოვრებლად თბილისში გადმობარგდა. ეს ის ოფიციალური ინფორმაციაა, რაზეც ივანა ღიად საუბრობს. სხვა დეტალები, რომლებიც საქართველოში ივანას «საინტერესო ცხოვრებას» ეხება, ჩვენთვის ცნობილი მასთან დაახლოებული პირისგან გახდა. წყაროს ვინაობას, ცხადია, შეგნებულად არ ვახმაურებთ, ინფორმაციის უტყუარობაში კი ეჭვის შეტანის საფუძველი ამ ეტაპზე არ გაგვაჩნია.

მაშ ასე, ივანა მელაი «მიშას გოგოა». ასე იცნობენ მას ეგრეთ წოდებულ ქართულ ბომონდში. მიშას კარის მომღერლებმა ივანა პირველად სვანეთში გამართულ კონცერტზე ნახეს, რომლის შემდეგაც ივანას უკრაინისკენ გახედვაც აღარ უნდა. მიზეზი მარტივია: მეგობრობა პრეზიდენტ სააკაშვილთან, ნახევარმილიონიანი კონტრაქტი ტელეკოპანია «პირველ კავკასიურთან», საქართველოს ბიუჯეტიდან დაფინანსებული სოლო კონცერტი ბათუმის პიაცაზე. ამას გარდა, ივანა მელაი ითხოვს მაღალი დონის გასართობ ღონისძიებებზე საპატიო სტუმრის სტატუსით დასწრებას და, როგორც მასთან დაახლოებული პირი ამტკიცებს, მიშას უკრაინელ მეგობარ გოგოს უფასოდ ემსახურება ბათუმის «შერატონი» და «ზარალას» «რადისონი», კერძოდ კი, იქ განთავსებული სპა ცენტრები და აუზი.

ერთი სიტყვით, ის, რაზეც ბევრი ქართველი ვარსკვლავი მხოლოდ ოცნებობს, ივანასთვის რეალური ცხოვრების წესია საქრთველოში. მიმზიდველ უკრაინელ ლამაზმანზე, რომლის შესახებაც ლეგენდები დადის, ზემოთ აღნიშნული ინფორმაციის შემოწმებას შევეცადეთ. ივანას ძალიან გაუკვირდა მის პირად ტელეფონზე ჩვენი ზარი, ინტერვიუ რუსულ ენაზე შედგა, ამ შემთხვევაში გთავაზობთ ამ საუბრის ქართულ ვერსიას.

_ ივანა, მოგესალმებით გაზეთიდან «საქართველო და მსოფლიო». შეგიძლიათ, რამდენიმე შეკითხვაზე გვიპასუხოთ?

_ გასაგებია… ასე ადვილი გახდა უკვე ჩემი ტელეფონის ნომრის მოპოვება საქართველოში? (იცინის).

_ ივანა, ჩვენ რამდენიმე შეკითხვა გვაქვს, პირველ რიგში, თქვენს გადაცემასთან დაკავშირებით: გვაინტერსებს, რამდენია ამ გადაცემის ბიუჯეტი?

_ ჟურნალისტი ხართ და, ალბათ, იცით, რომ მე ვარ მომღერალი, მსახიობი…

_ დიახ, მსმენია ამის შესახებ და როგორც ცნობილია, ასევე ხართ საქართველოს პრეზიდენტის მეგობარი…

_ არა, მე გითხარით, ხომ იცით, რომ მე ვარ მსახიობი, მომღერალი-მეთქი, ვწერ მუსიკას. მე ფულთან კავშირი არ მაქვს. არა იმიტომ, რომ არ მიყვარს ფულთან ურთიერთობა. ამას ჩემი ტელევიზიის ფინანსური მენეჯერი აკეთებს. მე ხომ არ ვარ ბუღალტერი?! ჰკითხეთ მას…

_ მე ვესაუბრე არხის ერთ-ერთ ხელმძღვანელს – კატია კოტრიკაძეს და ვერ გამცა ამ კითხვაზე პასუხი.

_ კატია კოტრიკაძე არხის გენერალური დირექტორია და, შესაძლოა, არც იცოდა…

_ ივანა, როგორც ამბობენ, თქვენ ამ არხზე საქართველოს პრეზიდენტის პროტექციით მოხვდით. თქვენ მას ძალიან ახლოს იცნობთ?

_ დიახ, ის ჩემი ნაცნობია.

_ მართალია, რომ პრეზიდენტი სვანეთში გაიცანით?

_ რა თქმა უნდა, სვანეთში. თქვენც გცოდნიათ ამის შესახებ (იცინის).

იმედია, ეს სიცილი ივანას არ ჩაშხამდება და ეს მცირე მოცულობის ინტერვიუ სააკაშვილთან არსებულ მის ურთიერთობაზე ნეგატიურად არ აისახება. არ ვიცი, ხვალ რა ჭკუაზე დადგება სააკაშვილი, დღეს კი, როგორც ამბობენ, სიამოვნებით ზრუნავს ივანას სასიამოვნო განწყობაზე ქვეყნის ბიუჯეტის დახმარებით.

რატომ აქვს ივანა მელაის ერთ-ერთი ყველაზე მაღალბიუჯეტიანი გადაცემა საქართველოში? და ვისი მითითებით გადაწყვიტა ტელეკომპანია «პიკის» ხელმძღვანელობამ უკრაინელი პოპ დივას არხზე მოწვევა? ამის გასარკვევად თავდაპირველდ არხის პიარსამსახურს, კერძოდ ინგა ნიკოგოსიანს დავუკავშირდით. მასთან საუბარში გავარკვიეთ, რომ ის ტელევიზიიდან გაუშვეს 200 კაცთან ერთად. ტელეკოპანია «პიკი» არ დაუტოვებია ივანა მელაის; იგი არხზე მუშაობას აგრძელებს მაღალი ანაზღაურებით. ისე, კაცმა რომ თქვას, არ არის გამორიცხული, ეს 200 კაცი ამ ტელევიზიაში არსებულ ფინანსურ კრიზისს შეეწირა, არხის დეფოლტი კი, ადვილად შესაძლებელია, ტელევიზიაში ივანას გამოჩენას გამოეწვია, რადგან მისი გადაცემის ბიუჯეტი მართლაც უპრეცედენტოა საქართველოში. რა მოხდა და როგორ, ამის გარკვევას არხის გენერალურ დირექტორთან შევეცადეთ. ცხადია, პირველ რიგში, ის ვიკითხეთ, ივანას ხომ არ შეექმნა რაიმე პრობლემა არხზე არსებული რეორგანიზაციის გამო.

ეკატერინე კოტრიკაძე, «პიკის» გენერალური დირექტორი:

_ ივანა მელაი ისევ მუშაობს ჩვენს არხზე.

_ რამდენია მისი გადაცემის ბიუჯეტი, ხომ არ შეგიმცირებიათ?

_ იცით, რაა, არც მცალია და საერთოდ არც ვარ მზად ამ საკითხზე სასაუბროდ.

_ არხის გენერალური დირექტორი ხართ და არ იცით, რამდენია ამ გადაცემის ბიუჯეტი? ჩვენი ინფორმაციით, ივანას გადაცემას წლიურად ნახევარი მილიონი ლარი აქვს გამოყოფილი.

_ ვერ დავადასტურებ, არ ვიცი.

_ ქალბატონო ეკა, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი თქვენი ყოფილი თანამშრომლისგან, 200 კაცი გაგიშვიათ სამსახურიდან.

– 200 არა, მაგრამ რეორგანიზაცია მიმდინარეობს არხზე და, სავარაუდოდ, ერთ თვეში დასრულდება.

_ და ივანა მელაი დარჩა?

_ კი, რამდენიმე საინტერესო პროექტი დარჩა, მათ შორის _ ივანას გადაცემაც.

_ ვინ მოიწვია არხზე და რა იყო ამის მიზეზი?

_ როგორ ფიქრობთ, რა უნდა გამხდარიყო მისი მოწვევის მიზეზი?

_ დიახ, სწორედ ამას გეკითხებით: რამ განაპირობა ივანას მოწვევის აუცილებლობა?

_ ივანა მელაი არის წარმატებული მომღერალი. მას ჰქონდა გადაცემა უკრაინულ არხზე. მე და წინა ხელმძღვანელობამ შევთავაზეთ ოდნავ განსხვავებული გადაცემა ჩვენს არხზე. ივანას ძალიან უყვარს საქართველო და დაგვთანხმდა.

_ რამდენადაც ცნობილია, სვენეთში პრეზიდენტის მოწვევით იყო ჩამოსული.

_ სვანეთში პრეზიდენტის თუ ვისი მოწვევით იყო, არ ვიცი. მესტიაში გამართული კონცერტის შემდეგ შევთავაზეთ გადაცემის გაკეთება. ჩემი აზრით, საინტერესო გადაცემა გამოვიდა, ყოველ შემთხვევაში, _ იმაზე უკეთესი, უკრაინულ არხზე რომ კეთდებოდა.

_ ის პრეზიდენტის პროტექციით მოვიდა არხზე?

_ ამას მე მეკითხებით? ვერ დავადასტურებ… ივანა მელაი ჩვენთვის არის მომგებიანი პროექტი, საინტერესო მომღერალი და წამყვანი… მის პოპულარობას განსაზღვრავს მარკეტინგული კვლევები, რომლებიც ჩავატარეთ უკრაინაში…

რამდენად პოპულარულია ივანა მელაი თავის ქვეყანაში, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ მისი პოპულარობა საქართველოში რომ ნულის ტოლია, ამის მაგალითად მისი უფასო სოლო კონცერტიც გამოდგება, ამ ზაფხულს ბათუმში რომ გაიმართა და მაყურებლის სიმცირის გამო ლამის ჩაიშალა. როგორც ცნობილია, კონცერტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა, ისევე, როგორც ივანას სხვა კაპრიზები.

პიაცაზე გამართული კონცერტის  მსგავსად, ივანას კიდევ ერთი წარუმატებელი პროექტის შესახებ გახდა ჩვენთვის ცნობილი. ამბიციურ უკრაინელ ტელეწამყვანს ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავის _ შერონ სტოუნის მოწვევა მოუნდომებია თავის გადაცემაში, რაზეც მას უარი უთხრეს. ამის შემდეგ გაბრაზებულ ივანას მისი მეგობარი პრეზიდენტისთვის დაურეკავს და დახმარება უთხოვია. როგორც ამბობენ, ეს ის ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა ივანას ყოვლისშემძლე მფარველმა უარი უთხრა. შერონ სტოუნთან ჩავარდნილი ინტერვიუს ფაქტი ჩვენთან საუბარში არხის გენდირექტორმაც დაადასტურა.

მაგრამ ეგ არაფერი, რაც მთავარია, ივანას სააკაშვილთან არ ჩაუვარდეს პროექტი, რომელიც ჩვენი ბიუჯეტის ხარჯზე ხორციელდება და სანაცვლოდ მიშა რას სთხოვს ივანას, კაცმა არ იცის. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, შორიდან ვუცქიროთ, როგორ ანებივრებს ოთხმილიონიანი მშიერი ქვეყნის პრეზიდენტი მიმზიდველ უკრაინელ «პოპ დივას». ერთი ბედნიერი შეხვედრის შემდეგ, რომელიც მესტიაში შედგა, უკრაინელი მომღერლის შემოქმედება გაცილებით მეტად დაფასდა, ვიდრე რეალურად იმსახურებდა. პატარა საქართველოში მას დღეს 2-ჯერ მეტ თანხას უხდიან, ვიდრე მრავალმილიონიან უკრაინაში სთავაზობდნენ.
ირაკლი მამალაძე
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here