Home რუბრიკები საზოგადოება ბოცო ბატონო, თვალში ხომ არ გეპატარავებით?

ბოცო ბატონო, თვალში ხომ არ გეპატარავებით?

689

სომხური მედია (არ აგერიოთ სომხურ რადიოში) ამტკიცებს, რომ გრიგოლ ვაშაძე ერევანში ბოდიშის მოსახდელად ჩადის. მანამდე სომეხი ჟურნალისტები წერდნენ, რომ სერჟ სარგსიანი განაწყენდა სომხეთში ჩამოწოლილ მეწყერთან და სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის განცხადებების გამო და სწორედ ამიტომ გადაიდო სარგსიანის ვიზიტი, რომელიც 1-ელ ნოემბერს იგეგმებოდა. ვაშაძის მოადგილე ნინო კალანდაძე კი კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, თითქოს ვაშაძე სომხეთში დაძაბულობის განმუხტვისთვის ჩადის. მან ჟურნალისტებს განუმარტა, რომ მხარეებს შორის ვიზიტის თარიღი შეთანხმებული არ იყო და ვიზიტი შედგება მაშინ, როდესაც ორივე მხარე შეთანხმდება.
სომხურ რადიოს ჰკითხეს, რომელი ქალაქია ყველაზე ლამაზი კავკასიაში. სომხური რადიო პასუხობს: – რა თქმა უნდა, ერევანი! ჰოდა, ნატო ბომბარდირებას სწორედ ერევნით დაიწყებსო, – მიუგეს სომხურ რადიოს. სომხური რადიოს დაზუსტება: – თბილისიც ლამაზი ქალაქია და გაითვალისწინეთო! ვიდრე ქსენოფობობას დაგვაბრალებენ, აქვე ვიტყვით, რომ ეს ძველი საბჭოთა ანეკდოტია , მაშინ კი ქსენოფობია ისევე არ არსებობდა, როგორც სექსი. რაც შეეხება სააკაშვილსა და სარგსიანს, მანამ არაფერი გეტკინოთ, სანამ ეგენი ერთმანეთს არ აწყენინებენ!
დავით ბაქრაძემ კი ნამდვილად აწყენინა ნატოს; თურმე ნატო მისგან იმართება და ბაქრაძეც ამშვიდებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს: „ საქართველო ნატო-ს რუსეთთან ომში არ ჩაითრევს“. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ The Washington Times-ისთვის მიცემულ ინტრვიუში განაცხადა. მეტიც:  ბაქრაძის განცხადებით, საქართველოს რეგიონებში რუსული ჯარების ყოფნა ნატო-ში საქართველოს გაწევრიანებას ვერ დააბრკოლებს. იგი იმედოვნებს, რომ ნატო-ს ჩიკაგოს სამიტი, რომელიც მაისშია დაგეგმილი, საქართველოს პროგრესს მოუტანს. თუმცა ბაქრაძე აქვე აღნიშნავს, რომ საქართველო გააგრძელებს ავღანეთის მისიაში მონაწილეობას ნატო-ს გადაწყვეტილების მიუხედავად.
ერთი სიტყვით, მერე რა, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დავკარგეთ, ეგ ვერც ნატოში საქართველოს  შესვლას დააბრკოლებს და ვერც ბაქრაძეს, – რომ პოლიტიკაში დარჩეს. ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ აპირებს 2013 წლის არჩევნებში მონაწილეობით შეცვალოს პრეზიდენტი, რომელსაც ვადა ეწურება, ბაქრაძე პასუხობს, რომ დაინტერესებულია პოლიტიკაში დარჩენით. „დაინტერესებული ვარ პოლიტიკაში დარჩენით და როცა პოლიტიკაში დარჩენა გსურს, არაფერი უნდა გამორიცხო“, – განაცხადა ბაქრაძემ.
ეჰ, საქართველოს გამთლიანებითა და ხალხის ბედითაც ასე რომ იყოს დაინტერესებული ბაქრაძე, ჩვენს ბედს ძაღლი არ დაყეფდა!
ამასობაში კი, ვიდრე ბაქრაძე პოლიტიკაში საკუთარი ადგილის მოზომვით იყო დაკავებული,  რუსმა ოკუპანტებმა და სეპარატისტებმა 22 წლის ირაკლი ხურცია ცემეს. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ახალგაზრდა ენგურის ხიდზე გადმოდიოდა და მობილური ტელეფონით სამახსოვრო კადრებს იღებდა. ხურცია ჯერ ოთხმა ჯარისკაცმა საგუშაგოზე ცემა, მოგვიანებით კი გალის იზოლატორში გადაიყვანეს და ცემა კვლავ გააგრძელეს. ამ ინციდენტს ირაკლი ხურციას დედა შეესწრო, რომელმაც დახმარება თავის აფხაზ ნაცნობებს სთხოვა. ერთსაათიანი ტყვეობის შემდეგ დედას შვილის ნახვის საშუალება მიეცა და 22 წლის ახალგაზრდა გაათავისუფლეს. ქართულმა მხარემ აღნიშნული ფაქტი ევროკავშირის დამკვირვებლებთან ერთად დააფიქსირა.
ასე გააგრძელეთ, ბიჭებო! ვიდრე ჩვენებს ცემენ, თქვენ ევროპელებთან ერთად დააფიქსირეთ ეს ამბავი და ხურციასაც აღარ ეტკინება!
სამაგიეროდ, ძალიან ტკივათ პატიმრებს, ვინაიდან მათ ცემა–წამებას ევროპელები  ვერ აფიქსირებენ. სწორედ ევროპისთვის მიმართვის გამო აწამებენ სასჯელაღსრულების გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში მყოფ პატიმრებს – ბადუაშვილსა და მირზაშვილს. ისე, უბრალოდ კი არ ცემენ, სტრასბურგის ევროპული სასამართლოდან საჩივრების გამოტანას აიძულებენ. პატიმრების წამების პროცესში დაწესებულების დირექტორი ვაჟა ცხვედიანი, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ავსაჯანიშვილი და რეჟიმის უფროსი ალექსი თოლორდავა უშუალოდ არიან ჩართულები.
„ბადუაშვილს, რომლის წამებაში ცხვედიანი უშუალოდ მონაწილეობდა, უკვე ორი კვირაა, საწოლი არ აქვს და გათბობის არარსებობის პირობებში იატაკზე უწევს წოლა. აღსანიშნავია, რომ ის ტუბერკულოზითა და “ც” ჰეპატიტით არის დაავადებული. რაც შეეხება ტუბერკულოზითა და სიმსივნით დაავადებულ მეორე პატიმარ მირზაშვილს, მას ლეიბი დღეს მიაწოდეს, მაგრამ ცხვედიანი, ავსაჯანიშვილი და თოლორდავა ფიზიკური ლიკვიდაციით დაემუქრნენ. უთხრეს, შენს ოჯახის წევრებს მივაწვდით ინფორმაციას, თითქოს თავი მოიკალიო. მას აღმსარებლობას უშლიან და ეკლესიური ნივთები, თვით  ნაკურთხი წყალიც კი ჩამოართვეს. პატიმარმა საკუთარ მოძღვარს განუცხადა, რომ თავის მოკვლას არ აპირებს. იგივე გაიმეორა ჩემთან საუბრის დროსაც“,- განუცხადა “პირველს” ადვოკატმა, რომელიც აღნიშნულის შესახებ სახალხო დამცველის აპარატისთვის მიმართვას დღეს გეგმავს.
მიმართეთ, ბატონო ადვოკატო, მომავალ წელს პარლამენტში რომ მივა სახალხო დამცველი, ანგარიშში ამ პატიმრებსაც ახსენებს და მათაც ტკივილი გადაუვლით!
ლეიბორისტები კი ჩიოდნენ პარლამენტის შენობის წინ, რომ 7 ნოემბერი მათ გარდა არავის ახსოვს, მაგრამ, როგორც ხშირად ხდება, ეს სიმართლე არ ყოფილა:  დღეს რუსთავის #17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ორმა პატიმარმა, 2007 წლის 7 ნოემბერს განვითარებული მოვლენების პროტესტის ნიშნად, შიმშილობა დაიწყო.
,,რუსთავის #17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პოლიტპატიმრებმა მელორ ვაჩნაძემ და ლევან გოგიჩაიშვილმა ერთდღიანი შიმშილობა გამოაცხადეს. შიმშილობის მიზეზი 2007 წლის 7 ნოემბერს განვითარებული მოვლენებია. 7 ნოემბერს საქართველოს ხელისუფლებამ უკანონოდ დაარბია მომიტინგეები პარლამენტთან და რიყეზე, ასევე უკანონოდ დაარბია ტელეკომპანია „იმედი“. მაშინ უამრავი ადამიანი დააკავეს პოლიტიკური ნიშნით. დაარღვიეს საერთაშორისო სამართალი და საქართველოს კონსტიტუცია, როდესაც ადამიანებს საშუალება არ მისცეს გამოეხატათ თავიანთი აზრი. ამის მიუხედავად დღესდღეობით ამის გამო არავინაა დასჯილი, არავის უგია ამ მოვლენებზე პასუხი და ხალხსაც გადაავიწყდა ის დანაშაული, რაც ხელისუფლებამ 2007 წლის 7 ნოემბერს ჩაიდინა“- განაცხადეს მოძრაობა „არას“ ლიდერებმა.
თავისებურად აპროტესტებენ არსებულ ვითარებას არასამთავრობოებიც. სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაზუსტების მიზნით შესაქმნელ სპეციალურ კომისიაში წევრის სტატუსით საქმიანობაზე უარი განაცხადა.
როგორც პარლამენტში საარჩევნო კოდექსზე მომუშავე სარედაქციო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, ესენი არიან: „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „სამართლიანი არჩევნები“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“.
„იმის გათვალისწინებით, რომ ეს სამი ორგანიზაცია არჩევნების დროს მონიტორინგს ახორციელებს, მათ მიაჩნიათ, რომ საარჩევნო სიების გადამოწმების მიზნით შესაქმნელი კომისიის წევრობის შემთხვევაში მათი მხრიდან ინტერესთა კონფლიქტი იქნება. თუმცა ეს ორგანიზაციები კომისიის მუშაობაში მონაწილეობას მაინც მიიღებენ და ექსპერტულ დახმარებასაც გაუწევენ. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ამ რესურსს აუცილებლად გამოვიყენებთ“, – აღნიშნა პავლე კუბლაშვილმა.
გამოიყენებთ, აბა, რას იზამთ! პირველი შემთხვევაა, თუ? 2003 წლიდან მოყოლებული სულ მათი გამოყენებით ხართ დაკავებული და ახლა რა, სინდიდი დაგიშლით, თანამდებობა, თუ ეგ „ენჯეობეი“ გეტყვიან უარს?
სამაგიეროდ, კატეგორიულად უარყოფს ბიძინა ივანიშვილის განცხადებას „ქართული პარტია“. ბიძინა ივანიშვილმა კი დღევანდელ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, სოზარ სუბარმა პარტიის დატოვებაზე განცხადება უკვე გააკეთა.  „ქართული პარტიი მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ: „მიუხედავად ბოლო დროს გარკვეულ მედიასაშუალებებში აგორებული კამპანიისა, თითქოს სოზარ სუბარმა პარტია დატოვა, მისგან ამის დამადასტურებელი განცხადება არავის უნახავს. ბიძინა ივანიშვილის განცხადება აღნიშნულის შესახებ აშკარად პროვოკაციულ ხასიათს ატარებს და, რბილად რომ ვთქვათ, გვაგონებს რუსეთში 90-იან წლებში ბიზნესის კეთების პრინციპს – “თუ ვერ ყიდულობ ქარხანას, უნდა იყოდო მისი დირექტორი”. ჩვენი მიდგომა სააკაშვილის წინააღმდეგ მაქსიმალურად ეფექტურად ბრძოლის შესახებ გვაიძულებს, შევინარჩუნოთ კონსტრუქციულობა და არ ჩავერთოთ ოპოზიციურ ჯგუფებს შორის ისეთ პოლემიკაში, რაც საერთო მიზნის მიღწევისაგან დაგვაშორებს. ამიტომ მივმართავთ ბიძინა ივანიშვილს, ფაქტობრივ გარემოებებზე მისი შეფასაბები ნუ დაემსგავსება მკითხაობას, რაზეც ის ზოგიერთ ტელეკომპანიას თვითონ მიუთითებდა”, – ნათქვანია განცხადებაში.
რა გინდათ, კაცო, ივანიშვილმა თვითონ განაცხადა, მკითხავებს ლუკმას ვერ წამართმევო და ამ ბრალდებებს არ გირჩევნიათ, სოზარ სუბარი ერთხელ მაინც გამოაჩინოთ, თუნდაც სკაიპში და თვითონ თქვას, რას აპირებს?
აი, სწორედ ამიტომ ესმის საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს, ნუგზარ წიკლაურს ხმები „პოლიტიკური სამარიდან“. თუმცა – რა, სამარის ამბავი წიკლაურს უკეთ ეცოდინება: მთელი საპარლამენტო უმრავლესობა, 3–4 კაცის გარდა ისე დუმს, როგორც მიცვალებული სამარეში. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ნუგზარ წიკლაურმა ბიძინა ივანიშვილის მიერ ნინო ბურჯანაძეზე გაკეთებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, სრულიად მოსალოდნელი იყო, საზოგადოებას ჰქონოდა კითხვები, იქნებოდა თუ არა ბიძინა ივანიშვილსა და „ყველაზე უფრო მიუღებელ ოდიოზურ ძალებს“ შორის თანამშრომლობა. მისი თქმით, ზოგს შეიძლება ჰქონოდა რწმენა, რომ ასეთი თანამშრომლობა არ შედგებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. „ივანიშვილის პასუხი მათ კითხვაზე არის ის, რომ აპირებს თანამშრომლობას კრემლთან პირდაპირ დაკავშირებულ პოლიტიკურ ლიდერებთან. ცხადია, რომ ივანიშვილის ახალი პოლიტიკური ძალის წარმომავლობა, პირდაპირ დაკავშირებულია კრემლთან. ჩემთვის სრულიად გასაგებია, რომ ეს არის ხმა ღრმა პოლიტიკური სამარიდან და ვერასოდეს რუსული ინტერესი საბჭოთა კავშირის აღდგენის, რუსული ე.წ გრავიტაციური ველის გავრცელების, ოდიოზური პოლიტიკოსების მხრიდან საქართველოში ვერ განხორციელდება“, – განაცხადა წიკლაურმა.
მოკლედ, კრემლი რომ არ არსებობდეს, ნაცმოძრაობა მოსკოვში ნაკვეთს იყიდდა და ააშენებდა. აბა, ვინმეს ხომ უნდა დააბრალონ, რაც სჭირთ, თორემ ისიც კარგად გვახსოვდ, დღეს „ყველაზე უფრო მიუღებელი ოდიოზური ძალები“ გუშინ თუ არა, გუშინწინ სწორედ ნაცმოძრაობის ნათელი სახეები რომ იყვნენ!
რაკი საბჭოთა ანეკდოტით დავიწყეთ, ისევ საბჭოთა ანეკდოტით დავასრულოთ: მუშების დიდი ჯგუფიდან  რაიკომის სხდომათა დარბაზში ერთ–ერთი გაძვრა, გამოძვრა და პირველი მდივნის სკამზე დაჯდა. მოიხედეს დანარჩენებმა და ჰკითხეს: – აბა, როგორიაო! მანაც, გაბღენძილმა უპასუხა: – ნეტა იცოდეთ, რა პატარები ჩანხართ აქედანო!
ნუგზარ, ბიძია, (ბოცო ბატონო) თვალში ხომ არ გეპატარავებით?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here