Home რუბრიკები პოლიტიკა ანზორ მაისურაძე: ხელისუფლებას მიცემული აქვს ინსტრუქცია _ ივანიშვილს ხელი არ ახლოთ!

ანზორ მაისურაძე: ხელისუფლებას მიცემული აქვს ინსტრუქცია _ ივანიშვილს ხელი არ ახლოთ!

617

ბიძინა ივანიშვილის გამოჩენით საქართველოში შექმნილი ახალი პოლიტიკური ვითარება არაერთ შეკითხვას ბადებს, მათ შორის ისეთებიცაა, რომლებზეც პასუხის მიღება სპეცსამსახურების პროფესიონალებისგან იქნებოდა კომპეტენტურიც და საინტერესოც. დღეს «საქართველო და მსოფლიოს» სტუმარია უშიშროების გენერალ-მაიორი ანზორ მაისურაძე.
_ სიტუაცია, რბილად რომ ვთქვათ, ფრიად არაკომფორტულია დღევანდელი ხელისუფლებისთვის: ხალხის მასობრივმა სიმპათიამ მყისიერად ბიძინა ივანიშვილისკენ გადაინაცვლა. უნდა ველოდოთ თუ არა, რომ ამ დისკომფორტის გასანეიტრალებლად, მაშასადამე, ძალაუფლების შესანარჩუნებლად ძლიერნი ამა ქვეყნისა მიმართავენ რეპრესიულ ღონისძიებებს ბიძინა ივანიშვილისა და ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ? რას გიკარნახებთ თქვენი პროფესიული ალღო და გამოცდილება?
_ მოდით, ერთ რამეზე შევთანხმდეთ: ამ ქვეყანაზე თავისთავად არაფერი ხდება. მიმაჩნია, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილის მოსვლა პოლიტიკაში შეთანხმებულია იმ ძალებთან, რომლებიც მსოფლიო პოლიტიკურ სივრცეს განაგებს, წარმართავს მსოფლიო პოლიტიკურ პროცესებს.
ბიძინა ივანიშვილი პრაგმატული მოღვაწეა, ანალიტიკური აზროვნების კაცია და საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილებას ჰაიჰარად არ მიიღებდა.
_ ესე იგი, ბიძინა ივანიშვილი მაინც პროექტია?
_ ასე თქმა არ შეიძლება. ეს არის ის იშვიათობა, როცა ინტერესების დამთხვევა მოხდა _ მსოფლიო თანამეგობრობის განმსაზღვრელი პოლიტიკური ძალისა და პერსონალურად ბიძინა ივანიშვილის ინტერესების, მისი პატრიოტული, მოქალაქეობრივი მისწრაფებების ურთიერთდამთხვევა. ამ ორიდან რომელი იყო პირველადი და რომელი მომდევნო, ამაზე მსჯელობა იგივე იქნება, რაც ამაო კამათი _ კვერცხი გაჩნდა პირველად თუ ქათამი.
და რახან შეთანხმებულია, მაშასადამე, დღევანდელ ჩვენს ხელისუფლებას მიცემული აქვს ინსტრუქცია _ ივანიშვილს ხელი არ ახლოთ!
_ და, მიუხედავად ამისა, როგორც ვნახეთ, მას და მის ცოლს საქართველოს მოქალაქეობა წაართვეს, ე.ი. ქვეყნის სათავეში მოსვლის გზა მოუჭრეს.
_ დაუბრუნებენ მოქალაქეობას.
_ გამორიცხავთ, რომ გამწარებულმა ხელისუფლებამ ჯავრი ხალხზე იყაროს?
_ არა მგონია, ასეთ სისულელეზე წავიდეს. ჯერ ერთი, არ მინდა, ასე მოხდეს; მეორეც, არა მგონია, არ ესმოდეთ უაზრობა ისეთი ნაბიჯების, რასაც ქართული ანდაზა მიესადაგება: ცხენს ვერ მისწვდნენ და უნაგირს დაუწყეს მტვრევაო. ხალხი რა შუაშია, თუ მართლა სურთ სიკეთე ხალხისთვის?!
_ რასაც ყოველ დღე გვიმტკიცებენ.
_ ცდილობენ, რომ დაგვიმტკიცონ… დღეს რეალურად გაჩნდა შანსი ახალ ეტაპზე მშვიდობიანი გადასვლის. ამჟამად დაპირისპირებული მხარეები ხომ იყვნენ წლების მანძილზე ერთად? მაშასადამე, ერთმანეთის უნდა ესმოდეთ. მოილაპარაკონ და ნუ დააყენებენ ხალხს, ქვეყანას კატასტროფის წინაშე.
_ თქვენ შესანიშნავად იცით, რომ მსოფლიოში სააკაშვილის ხელისუფლება მიჩნეულია არაპროგნოზირებად ხელისუფლებად. ეს, ალბათ, ნიშნავს, რომ ვერ გამოვრიცხავთ ალოგიკურ მოქმედებას მისი მხრიდან. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილის საქართველოში ყოფნა გარკვეულ საფრთხეებთან არის დაკავშირებული.
_ გამორიცხვა, არაფრის შეიძლება. მაგრამ… მოდით, ერთად განვსაჯოთ.
როგორც ვიცი, ყველა ქვეყნის სპეცსამსახურები ბიძინა ივანიშვილისთანა პიროვნებებს განსაკუთრებული გამოწვლილვით შეისწავლიან: მისი მოღვაწეობის პრინციპულ დეტალებს, პოლიტიკურ სიმპათიებს, სუსტსა თუ ძლიერ მხარეებს, მის ნიჭიერებას და ა.შ.
ასეთ შესწავლას, ბუნებრივია, დაექვემდებარა ის ადამიანი, რომელზეც ვლაპარაკობთ. დასავლეთის სპეცსამსახურებმა და, უწინარეს ყოვლისა, აშშ ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ დეტალური ანალიზის შედეგად დაასკვნეს, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის ცალმხრივად რუსული ორიენტაციის მოღვაწე, მიუხედავად იმისა, რომ მისი ბიზნესი რუსეთშია, თითქმის მთელი ქონება იქ შეიძინა.
ბატონი ბიძინა პროქართულად მოაზროვნეა, ფიქრობს ქვეყნის სუვერენიზაციის გაძლიერებაზე, ქვეყნის სიკეთის გამრავლებაზე, თანამემამულეთა ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე, ჭეშმარიტი დემოკრატიის აღზევებაზე.
უმაღლეს დონეზეა შესწავლილი.
გვინდა თუ არ გვინდა, საქართველოს პრეზიდენტობა მხოლოდ ორი ვადით არის შესაძლებელი. ეს ვადა იწურება და თავისთავად დგება ახალი ძალის მოსვლის საკითხი.
ადვილი შესაძლებელია, რომ ფსონი სწორედ ბიძინა ივანიშვილზეა დადებული (პაუზა). დარწმუნებული ვარ, რომ ასეა!
_ თქვენი მსჯელობიდან გამომდინარეობს, რომ ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა ქართულ პოლიტიკაში მნიშვნელოვანი საერთაშორისო მოვლენაა და არა კერძო ფაქტი. ასეა?
_ დიახ, ასეა.
ვიმეორებ, ეს იდეა შეთანხმებულია ყველა წამყვანი ქვეყნის ხელისუფლების ხელმძღვანელებთან, მათ შორის, რუსეთის ხელმძღვანელობასთანაც.
_ თქვენ მიიჩნევთ, რომ რუსეთი მხარს დაუჭერს ბიძინა ივანიშვილს?
_ მე მგონი, დაუჭერს მხარს. ასე ვფიქრობ.
_ შეთანხმება შეთანხმებად, მაგრამ უსაფრთხოების გარანტია?
_ თქვენს მკითხველებს კარგად მოეხსენება, რომ საქართველოს ხელისუფლება პრაქტიკულად ყველა ნაბიჯს დგამს აშშ-ის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით. ამიტომ, თუ ისინი ჩვენს ხელმძღვანელობას ნებას არ დართავენ, გაკეთდეს ის, რაც გასაკეთებელი არ არის, ესენი ვერ გაბედავენ ურჩობას.
_ ესე იგი, საქართველოს სპეცსამსახურები დაიცავს ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოებას?
_ დარწმუნებული ვარ, რომ ასე იქნება.
_ მაგრამ მისი დაცვის წევრებს იარაღი რომ წაართვეს?
_ მე მგონი, ეს ვიღაცის ერთპიროვნული შეცდომაა, ან ტაქტიკური ლაფსუსია. ეს არ უნდა გაეკეთებინათ, არც მოქალაქეობა არ უნდა ჩამოერთმიათ, «ბანკი ქართუს» ფული არ უნდა გაეტაცათ და სხვა ასეთი უაზრობა არ უნდა ჩაედინათ.
არაპროფესიული გადაწყვეტილებებია.
_ იქნებ, ეგოისტური გაბრძოლებაა სკამის შესანარჩუნებლად და ივანიშვილის პოზიციების შესარყევად? თუმცა რა შერყევაა, როცა ხალხი ბატონ ბიძინას მასობრივად მხარდაჭერას უცხადებს!
_ ფაფხურია, რაც, სხვათა შორის, არ მუშაობს ქვეყნისა და ხელისუფლების სასარგებლოდ.
_ შეიძლება დავასკვნათ, რომ უსაფრთხოების გარანტორად წარმოგვიდგება აშშ ელჩი საქართველოში ჯონ ბასი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს რეზიდენციაში ეწვია?
_ თვრამეტი ელჩი მივიდა. ასეთი რამ ისტორიას არ ახსოვს. ქვეყნების პირველი დიპლომატები ესტუმრნენ იმ კაცს, რომელმაც საკუთარი თავი წამოაყენა ქვეყნის მომავალ ხელმძღვანელად.
_ თანაც _ ამ ქვეყნის მოქალაქეობა ჩამორთმეულმა.
_ მიდიან მასთან, საუბრობენ, მსჯელობენ. მართალია, არ ვიცი, რა საუბარი გაიმართა, მაგრამ თვით ფაქტია იმის დამადასტურებელი, რომ ბიძინა ივანიშვილს ანთებული აქვს მწვანე შუქი.
_ ამერიკის ელჩის მისვლა მაინც განსაკუთრებულია.
_ არ შეგეკამათებით. იცით, რა უძღოდა წინ მის სტუმრობას ბიძინა ივანიშვილთან?
_ აბა, საიდან?
_ პირველ ინფორმაციას, როგორც ყოველთვის, დაზვერვის სამსახური აწვდის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს ლენგლიში, ინფორმაცია  სამხედროების ხაზით იგზავნება პენტაგონში, დიპლომატები უგზავნიან სახელმწიფო დეპარტამენტს, მათი მოხსენებები შედის ამერიკის ეროვნული უშიშროების საბჭოში, რომელსაც უზარმაზარი ანალიტიკური სამსახური აქვს. მზადდება დასკვნები, რის საფუძველზეც იღებენ გადაწყვეტილებას. ამ გზით მიღებულმა გადაწყვეტილებამ გაუხსნა გზა ჯონ ბასს ბიძინა ივანიშვილისკენ.
მაგრამ მარტო სხვის იმედად ყოფნა, მოგეხსენებათ, დამღუპველია. წინა კაცი უკანას ხიდიაო, ნათქვამია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შესანიშნავად იცის ბატონმა ბიძინამ და რა შეცდომებიც დაუშვა ცხონებულმა ბადრი პატარკაციშვილმა, ისეთს არ გაიმეორებს.
_ რა შეცდომებს გულისხმობთ?
_ ბადრიმ დასავლეთს ვერ დაუმტკიცა, რომ იგი პრორუსული ორიენტაციის არ იყო.
დღეს ყველას დაგვავიწყდა, როგორი უმძიმესი წლები გადავიტანეთ _ არ იყო პური, სინათლე, გაზი… ჩვენი მოქალაქეები სადარბაზოებში, ეზოებში კოცონს ანთებდნენ და მის ცეცხლზე ამზადებდნენ საჭმელს. ქალაქში ტრანსპორტი არ მოძრაობდა, ქურდობა და ყაჩაღობა დღისით, მზისით ხდებოდა და ა.შ.
ჩვენ შეიძლება დაგვავიწყდა, მაგრამ ახსოვს ამერიკას, რომელმაც ხელი გაგვიმართა, დაგვეხმარა და, რა თქმა უნდა, გავლენაც მოიპოვა საქართველოში.
ამ გავლენას შტატები არ შეელევა, არ დაკარგავს, ყველაფერს გააკეთებს, რათა კავკასიაში თავისი პოზიციები შეინარჩუნოს.
_ მაგრამ რუსეთის იგნორირება შეიძლება?!
_ იგნორირებაზე ლაპარაკი არ არის. ჩვენ დიდ მეზობელს ანგარიში უნდა გაეწიოს. მაგრამ არა კურსის შეცვლით _ ჩრდილოეთისკენ დასავლეთის ნაცვლად.
_ რუსეთიც დასავლეთთან დასაახლოებელ კურსს მიჰყვება.
_ გონიერ ბალანსზეა ლაპარაკი. გაიხსენეთ, რომ საბჭოთა კავშირი დაშალეს ელცინმა, შუშკევიჩმა და კრავჩუკმა, რომლებმაც ბელოვეჟსკაია პუშჩაში ხელი მოაწერეს შესაბამის შეთანხმებას.
_ და ეს იყო ამერიკის პროექტი?
_ რა თქმა უნდა! რუსეთს მაშინ თავისი გასჭირვებოდა და ჩვენს პატრონობაზე ვერც იფიქრებდა. ასე არ იყო?
_ იყო ასე.
_ უფრო მეტიც _ შემდეგ ჩვენ დაგვაბრალეს, რომ არაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ საბჭოთა კავშირი არ დაშლილიყო! ვინ ეკითხებოდა საქართველოს საბჭოთა კავშირის დაშლა-არდაშლას?!
_ დავიშალეთ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, მათ შორის, სამხრეთ კავკასიაში _ საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი. მინდა, შეგეკითხოთ თქვენი პროფესიიდან _ დაზვერვიდან გამომდინარე: აგზავნიან თუ არა ეს სახელმწიფოები ჯაშუშებს მეზობელ ქვეყნებში?
_ ამას ოფიციალურად არც ერთი სახელმწიფო არ აცხადებს. საერთოდ არ ხდება ამის გასაჯაროება, მაგრამ ფარულად ხორციელდება.
_ სომეხს, დაზვერვის მიზნით, აზერბაიჯანში ვინ შეუშვებს და პირიქით _ აზერბაიჯანელს სომხეთში აგენტობას ვერ დაავალებ, საზღვარზევე დააკავებენ. მოგეხსენებათ, ორივე ეროვნების წარმომადგენლები ცხოვრობენ საქართველოში. ხომ შეიძლება, რომ ისინი გამოიყენონ ჯაშუშებად?
_ რა თქმა უნდა, შეიძლება გამოიყენონ ინფორმაციის მისაღებად.
_ თუ გაიშიფრება, არ იმოქმედებს ეს სახელმწიფოთა შორის ურთიერთობაზე? კერძოდ, საქართველოს პრესტიჟზე?
_ ამის გაკონტროლება პრაქტიკულად შეუძლებელია, ამიტომ საქართველოს ვერავინ დაადანაშაულებს, თუმცა არასასიამოვნო ფაქტი იქნება.
_ გამორიცხავთ პროვოკაციებს კოჭოიების მონაწილეობით?
_ არა მგონია, რომ გამეორდეს, რადგან  «ოპერაციები», სადაც მთავარ ჯაშუშებად კოჭოია და მისთანანი იყვნენ წარმოდგენილები, არასერიოზულად მეჩვენება. მათი გახმაურება კი საღ აზრს იყო მოკლებული, მიმაჩნია, რომ ეს მომგებიანი არ იყო ჩვენი ქვეყნისთვის.
ასეთ რამეს სხვა არ გაიმეორებს, იმედი მაქვს, _ არც ჩვენ.
ასეთი სკანდალები საჯაროდ არსად არ გამოაქვთ. საზღვარგარეთ რომ ვმუშაობდი, მახსოვს მსგავსი შემთხვევა, რამდენიმე კაცზე ეჭვი გაუჩნდა ადგილობრივ სპეცსამსახურებს. დაუძახეს ჩვენს ელჩს და უთხრეს, რომ ეს ხალხი ხელს უშლის სახელმწიფოთა შორის მეგობრულ ურთიერთობას და თანამშრომლობას და ამიტომ გთხოვთ, ორი კვირის განმავლობაში გაიწვიოთ ისინი ჩვენი ქვეყნიდანო. ერთდროულად ხუთი კაცი გამოუშვეს ისე, რომ ამას არ გამოუწვევია ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის გართულება.
ასეთია მიღებული წესი, და იგი უნდა დაიცვა, თუ არ გინდა შეურაცხყო სხვა ქვეყანა.
_ ისევ ივანიშვილს დავუბრუნდეთ, ბატონო ანზორ, კერძოდ, გახმაურებულ ფაქტს, როცა თვით ბატონმა ბიძინამ განაცხადა, რომ მისი ერთ-ერთი უახლოესი თანამშრომელი გიგა ჩრდილელი ვანო მერაბიშვილის მიერ ჩანერგილი აგენტი იყო. ესე იგი, ადამიანს, რომელიც ახალი ხელისუფლების არა მარტო მომხრე, არამედ უდიდესი ფინანსური ინიექციების წყარო იყო, თავიანთი ჯაშუში ჩაუსვეს?
_ ხელისუფლების მხრიდან ასეთი რამ მოსალოდნელია. ბიძინა ივანიშვილი გამონაკლისი ვერ იქნებოდა, რადგან, მიუხედავად მისი განცხადებებისა, რომ არ აპირებდა პოლიტიკაში მოსვლას, ყოველთვის მიჩნეული ჰყავდათ შესაძლო კონკურენტად, რომელიც, ადრე თუ გვიან, მაინც ჩაებმებოდა პოლიტიკურ ცხოვრებაში, ამიტომაც აკონტროლებდნენ. მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარი ისაა, რომ ბიძინამ გადაბირებული კაცი არა მარტო გაშიფრა, არამედ თავისი _ ბიძინასეული თამაში ათამაშა და მოიგო კიდეც.
_ თქვენს დროსაც იყო ასეთი «ჩანერგვები»?
_ რა თქმა უნდა.
_ მინისტრების დონეზე, მაგალითად?
_ დიახ. როგორ არ იყო.
_ ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი ვინ იყო, ვისაც უთვალთვალებდით?
_ ყველა (იცინის).
_ სახელმწიფოს ხელმძღვანელობაში მყოფი პირებიც?
_ წესით, არ შეიძლებოდა. კანონიც კი მიიღეს, რომლითაც აკრძალული იყო პარტიის ცენტრალურ კომიტეტში მომუშავე ნომენკლატურული მუშაკების მოსმენა და თვალთვალი.
არაოფიციალურად კი კეთდებოდა.
_ რადგან უშიშროება ქვეყნის თვალი და ყური იყო?
_ რა თქმა უნდა. ყველგან ასეა, ყველა ქვეყანაში.
ესაუბრა არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here