Home რუბრიკები საზოგადოება ჩვენ ვლოცულობთ პოლიციაზე

ჩვენ ვლოცულობთ პოლიციაზე

660

ეს სიტყვები ბუბა კიკაბიძე ეკუთვნის. ესეც: „რობერტ  სტურუა რუსთაველის თეატრიდან არავის გაუგდია“. ამის შესახებ განცხადება მომღერალმა და მსახიობმა ვახტანგ კიკაბიძემ ოკუპანტების ჟურნალ „ოგონიოკისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
კიკაბიძის თქმით, სტურუას თეატრში დარჩენა და დიდი ხელფასი შესთავაზეს, რადგან იგი დიდებული რეჟისორია. „მაშინაც ვთქვი, მას შესაძლოა, რუსეთში წასვლა სურს და ვფიქრობ, ეს ასეციქნება“.

კიკაბიძე დარწმუნებულია, რომ ჭუჭყის სახლს გარეთ გატანა არ შეიძლება. როცა გარდაქმნა მიმდინარეობს, ბევრი ადამიანი ნაწყენდება ამით, ეს ხდება ყველა ქვეყანაში. მაგალითად, ერთ დღეს გავიღვიძეთ დააღარ იყო საგზაო პოლიცია. იქ დასაქმებული ადამიანებიდან კი ზოგიერთი პენსიაზე გავიდა, ზოგმა სამსახური ვეღარ იშოვა… ახლა ჩვენ გვყავს ახალგაზრდა, ლამაზად ჩაცმული პოლიციელები. ჩვენ ვლოცულობთ პოლიციაზე. საბოლოოდ ყველა წყენა გაივლის და ამის დამახსოვრება არ ღირს“, – აღნიშნა კიკაბიძემ.
ეჰ, რა კარგი იქნებოდა, კიკაბიძეს 20 წლის წინაც ასე რომ ეფიქრა, თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს!
სამაგიეროდ, პოლიცია, რომელზეც კიკაბიძე ლოცულობს, არსად აგვიანებს.
თბილისში ლოტკინის დასახლებაში მომხდარი მკვლელობა ორიოდ საათში გახსნეს და 26 წლის გელა ვარძელაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს. დაკავებულიც 26 წლისაა. მკვლელობა ლოტკინზე გამთენიისას მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, უბანში მეგობრები ალკოჰოლურ სასმელს სვამდნენ, როდესაც მათ შორის შელაპარაკება მოხდა. გელა ვარძელაშვილი ბასრი იარაღით გულ-მკერდის არეში მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზე დაიღუპა.
თუ ვინმეს შეიძლება, იღბლიანი უწოდო, ეს უთუოდ ზუგდიდის მატარებლის მიერ გატანილი ავტომობილის მგზავრები არიან. ზუგდიდის სადგურიდან გამოსული მატარებელი ფიატის მარკის ავტომობილს დაეჯახა, რომელიც ლიანდაგს კვეთდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მანქანას რკინიგზაზე გადასვლისას ძრავა ჩაუქრა. ამ დროს მანქანაში 5 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან სამმა გადმოსვლა მოასწრო, მძღოლი და ერთი მგზავრი კი ადგილზე დარჩნენ. მატარებელმა მსუბუქი ავტომანქანა რამდენიმე ათეული მეტრი ათრია. ავტომობილში მსხდომნი გადარჩნენ და ზუგდიდის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
ამასობაში სააკაშვილის ავლაბრის რეზიდენციასთან ბინათმოსარგებლეთა (ე.წ. “ატსტუპნიკების”) საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორი „ბინათმოსარგებლეთა უფლებების დაცვის ასოციაცია და „თავისუფალ ასოციაციათა კავშირი“ არიან. აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა კანონმდებლობაში იმ მუხლის გაუქმებაა, რომლის თანახმად, თუკი ბინით მოსარგებლე – ე.წ. „ატსტუპნიკი“ მესაკუთრესთან რაიმე შეთანხმებას ვერ მიაღწევს, მან ბინა 2012 წლის 1 იანვრიდან უნდა დატოვოს. „თავისუფალ ასოციაციათა კავშირის“ ხელმძღვანელის ალექსანდრე შალამბერიძის განცხადებით, „აღნიშნული მუხლი ახალ წელს ბინათმოსარგებლეების ქუჩაში გაყრისა და მშობლიურ ქალაქში დევნილებად ქცევის საფუძველია“. აქციის ორგანიზატორები კანონის ამ ნორმის მოქმედების სულ მცირე, სამი წლით გადავადებას ითხოვენ. „აღნიშნული ბინები კომუნისტების დროს ვიყიდეთ და წლებია, იქ ვცხოვრობთ. კანონის მიხედვით, 1 იანვრამდე ბინების მფლობელებს ბინის ღირებულების 25% უნდა გადავუხადოთ, თუმცა ამის შესაძლებლობა არ გვაქვს და ქუჩაში დარჩენის საფრთხე გვემუქრება“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
რა მოხდა, თქვე კაი ხალხო, ალეკო შალამბერიძე ჯერ „ტრადიციონალისტებიდან“ გაიყვანეს, მერე – „აღორძინებიდან“, მერე – „ნაციონალებიდან“, მერე – „ხალხის პარტიიდან“ და თქვენ ერთი ბინიდან გაყვანა აღარ გეკადრებათ?
ვიდრე „ატსტუპნიკები“ რეზიდენციას ალყას ავლებდნენ, გაირკვა, რომ „რუსებზე აცრილმა“ სააკაშვილმა წინანდალში ნიკიტა მიხალკოვის ქალიშვილისა და რეჟისორ გიგინეიშვილის ქორწილში მოილხინა. ნუგზარ კვაშალმა „გააბაზრა“, რომ სააკაშვილი ცნობილ რუს რეჟისორს ჩაეხუტა. არადა, იანვარში სააკაშვილმა საჯაროდ განაცხადა: „ნიკიტა მიხალკოვი და მისნაირი ნაციონალისტები არ დაეთანხმებიან, რომ აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია“! სამში ერთია: ან მიხალკოვი დაეთანხმა, ან სააკაშვილმა დაუთმო, ან აფხაზეთი დაგვიბრუნდა, ოღონდ ჯერ არ ვიცით!
აზერბაიჯანის მილი-მეჯლისის პირველი ვიცე-სპიკერის, ზიაფეტ ასკეროვის განცხადებით კი, საქართველოს და სხვა სახელმწიფოების ტერიოტორიების მიტაცებას რუსეთი კი არა, სომხეთი ლამობს.  „სომხეთი არა მხოლოდ აზერბაიჯანის, არამედ თურქეთის და საქართველოს ტერიტორიების მიტაცებას ცდილობს“, – ასეთია ასკეროვის აზრი. თუმცა, ჩვენგან განსხვავებით, იგი იმედიანადაა: „ადრე თუ გვიან, სომხეთი შეურიგდება იმას, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიაა და მას უკან აუცილებლად დააბრუნებს. სომეხ ხალხს აზერბაიჯანისთვის ოკუპირებული ტერიტორიის დაბრუნება სურს და ამაზე ის სიტუაციაც მეტყველებს, რომ მილიონობით სომეხი მოქალაქე ტოვებს საკუთარ ქვეყანას, სადაც შიმშილი და ქაოსი მეფობს“, – აღნიშნა მან. ამის შემდეგ კი აზერბაიჯანელმა ვიცე–სპიკერმა სომხებს ბოლომდე დააჭირა წიხლი: „სომხეთის ხელისუფლებამ შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და შეეგუოს იმას, რომ აზერბაიჯანი ყველა – პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო პარამეტრით რეგიონული ლიდერია. სომხეთში სისტემური მმართველობის არარსებობაა. პოლიტიკა – ეს მაღალი კულტურაა, სომხეთში კი ეს კულტურა არ აქვთ“, – განაცხადა ასკეროვმა.
ვიდრე აზერბაიჯანი სომხეთს „პრესავს“, მიშას ხელიდან „დაქცეული“ რუსეთი ევროკავშირს ფინანსურ დახმარებას სთავაზობს. დიდი ოცეულის წევრი სახელმწიფოების მეთაურები და მთავრობის ხელმძღვანელები მეორე დღეა კანში საბერძნეთისთვის დახმარების მოცულობაზე მსჯელობენ. სამიტზე რუსეთის პრეზიდეტნმა დიმიდრი მედვედევმა აღნიშნა, რომ რუსეთი მზადაა ფინანსური დახმარება აღმოუჩინოს ევროკავშირს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მექანიზმის ფარგლებში. ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა დღეშია ევროპა, თუ ნიკოლა სარკოზის გამონათქვამს გავიხსენებთ. გუშინ მან სამიტზე განაცხადა, რომ თუ „აფეთქდება ევრო, აფეთქდება ევროპაც”.
ევროსა და ევროპისგან განსხვავებით, ქართული ეკონომიკა მდგრადია და სტაბილური. ვერონიკა ქობალიას განცხადებით, „დუბაის მხრიდან საქართველოში ინვესტიციების განხორციელების კუთხით ინტერესი ძალიან დიდია“. ამის შესახებ ქობალიამ დღეს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ქართულ ბაზარზე ახალი ავიაკომპანიის – Fly Dubai-ს შემოსვლასთან დაკავშირებით გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. „ინვესტორების ინტერესის სფეროს როგორც სოფლის მეურნეობა, ისე ლოჯისტიკა და სამშენებლო სექტორი წარმოადგენს. ბუნებრივია, თუ მხარეებს შორის კავშირი არ იქნება, ინვესტიციებიც ვერ ჩაიდება, ხოლო დუბაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი რეისის დანიშნვა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა ქობალიამ.
ერთი სიტყვით, ჯერ უნდა ვიფრინოთ, მერე კი ინვესტიციების წვიმა წამოვა და ყელას გვეშველება. სააკაშვილისგან განსხვავებით, რომელსაც აქეთ–იქით ფრენა ძვირი უჯდება, ჩვენ ორივე გზაზე 270 დოლარს გადავიხდით. ქობალია მორცხვად დუმს იმაზე, რომ თბილისი–დუბაის რეისზე ბილეთის ამღებმა ათი მაგდენი თან უნდა წაიღოს, იქ დახარჯოს და დუბაის ეკონომიკის ინვესტირებას შეუწყოს ხელი. 
ახალ ბაზარზე შემოსვლა Fly Dubai-მ მარტივად მოახერხა. არაბეთის გაერთიანებული საემიროების ეროვნული ფედერალური საბჭოს წევრმა ჯამალ ალ ჰაიმ აღმოსავლური სიბრძნე მოიშველია და სააკაშვილის მთავრობას თავი მოუქონა: „რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკის განვითარება შეძლო და გლობალურ ეკონომიკაში თავისი წვლილი შეაქვს. საქართველოში კორუფციის დამარცხება შეძლეს და ეს უცხოელი ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანი სიგნალია“, – განაცხადა მან.
ვირტუალური ინვესტიციების ნაცვლად სრულიად რეალურზე კი „ქართუბანკის“ გენერალურმა დორექტორმა ნოდარ ჯავახიშვილმა განაცხადა: „ბანკ “ქართუში” მეანაბრეთა რაოდენობა ყოველდღიურად გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. პირველ დღეს გაიხსნა 732 ანგარიში, მეორე დღეს თითქმის 1200, მესამე დღეს კი 2 000-ზე მეტი“. მისივე თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში ბანკიდან ანაბრების გადინების პროცესიც შეჩერდა. იმ კომპანიებსა და ბიზნესმენებს, რომლებმაც ბანკიდან ანაბრები გაიტანეს ან სხვა ბანკში გადაიტანეს, ნოდარ ჯავახიშვილი არ ასახელებს. „ბანკთან ურთიერთობის შეწყვეტა პოლიტიკური ზეწოლის საფუძველზე მოხდა. ბანკის კლიენტურის ერთმა ნაწილმა ჩათვალა, რომ 18 ოქტომბერს მომხდარი ფაქტი იყო სიგნალი იმისა, რომ ხელისუფლება „ქართუს“ ებრძვის. მათ იფიქრეს, რომ არ ღირდა ფულის რისკის ქვეშ დაყენება. გვაქვს ასევე ინფორმაცია, რომ კლიენტურის დიდ ნაწილზე იყო პირდაპირი ზეწოლა ხელისუფლების ამა თუ იმ ოდიოზური წარმომადგენლისგან – მათ ეუბნებოდნენ, დახურეთ ანგარიშები ან სხვა ბანკში გადაიტანეთ, „ქართუში“ კი დატოვეთ კრედიტები და ნუ დაფარავთ. როცა ჩვენ გავიმარჯვებთ, ნახევარს აღარ გადაგახდევინებთო. ამ კლიენტებს შორის საკმაოდ ბევრი იყო ე.წ სახელისუფლებო კომპანიები. მაგრამ ამ ტალღამ გაიარა და ბოლო დღეებში გადინების ფაქტები აღარ გვაქვს“, – აღნიშნა ჯავახიშვილმა.
სამაგიეროდ, სერიოზული „გადინება“ აქვს „ქართულ პარტიას“. მისი პოლიტსაბჭოს უკვე ყოფილი წევრი ბესიკ კურტანიძე არ გამორიცხავს, რომ სოზარ სუბარმა პარტიის თავმჯდომარეობაზე უარი თქვას. „სუბარი თავის განცხადებაში ისაუბრებს, თუ რას აპირებს, არ გამოვრიცხავ, რომ მან მსგავსი გადაწყვეტილება მიიღოს“,- აღნიშნა კურტანიძემ.  ამასთან, კურტანიძემ პარტიიდან წასვლის მიზეზებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭოს გუშინდელი სხდომის შემდეგ მიიღო, რომელზეც პარტიიდან კოტე გოგელიას გარიცხვის შესახებ მსჯელობდნენ. „გუშინ დადგა საკითხი, რომ პარტია, პოლიტსაბჭო გამიჯვნოდა კოტე გოგელიას. მე პოლიტსაბჭოს წევრებს მოვთხოვე, აეხსნათ, რატომ ემიჯნებოდნენ მას, მყარი არგუმენტები მათი მხრიდან ვერ მივიღე. პარტიის სხდომას ესწრებოდნენ ეროსი კიწმარიშვილი, თეო ტლაშაძე, სოფო ხორგუანი და ირაკლი დოლაბერიძე, ასევე, სხდომაში სკაიპის საშუალებით მონაწილეობდა ირაკლი ოქრუაშვილი“,- განაცხადა კურტანიძემ.  მისივე თქმით, პარტიიდან წამოსვლის მიზეზი, გოგელიას ფაქტორის გარდა, ისიც გახდა, რომ „ქართული პარტია“ სამომავლოდ ქვეყანაში სამართლებრივი ცვლილებების განხორციელებას ვერ შეძლებს“.
ცვლილებების განხორციელებას ვერც ლეიბორისტები შეძლებენ, მაგრამ 7 ნოემბერზე ხალხის მიპატიჟებას არ ეშვებიან. ისინი ახლა უკვე საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსსაც მოუწოდებენ, 7 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, საპროტესტო აქციაზე გამოცხადდნენ.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ლეიბორისტული პარტიის იდეოლოგიურმა მდივანმა კახაბერ ძაგანიამ განაცხადა, 7 ნოემბერს პარლამენტის წინ სანქცირებული საპროტესტო მიტინგი გაიმართება. ,,მივმართავთ საქართველოში აკირედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის ინტერესები და მათთან მეგობრობა და არა არსებული რეჟიმის ადვოკატობა-პატრონაჟი, მობრძანდეთ ამ მიტინგზე, რათა უშუალოდ დარწმუნდეთ, თუ რა დამოკიდებულება არსებობს საზოგადოებაში სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმის წინააღმდეგ“, – განაცხადა ძაგანიამ. ლეიბორისტები საპროტესტო აქცია 7 ნოემბრის შემდეგ, 23 ნოემბერს ვაშინგტონშიც გეგმავენ. საინტერესოა, პარლამენტის წევრ ლეიბორისტებს მივლინებას „ნაცპარლამენტი“ მისცემს თუ N1 ლეიბორისტი, კობა დავითაშვილივით, ბინას გაყიდის და პარტიას მოახმარს?
ნათელაშვილისგან განსხვავებით, პატიმართა ოჯახებს, შეიძლება, მართლაც ბინების გაყიდვა დასჭირდეთ. ციხეებში ძვირი სურსათის მაღაზიებისა და გასამმაგებული სატელეფონო ტარიფის შემდეგ „ავერსის“ აფთიაქებიც შევიდა.
სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, პენიტენციურ სისტემაში არსებულ სერტიფიცირებულ აფთიაქებს, დამატებითი სერვისის სახით, ალტერნატიული საშუალება – სამოქალაქო სექტორში არსებული ,,ავერსის“ აფთიაქი დაემატა.
აფთიაქების ამოქმედების პირველ დღეს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე,  „ავერსის“ დამფუძნებელ პაატა კურტანიძესთან და ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა თორდიასთან ერთად, გლდანის №8 დაწესებულებაში გახსნილ ,,ავერსის“ აფთიაქში იმყოფებოდა. ამბობენ, რომ ბედნიერებისგან აქვითინებული პატიმრები მათ ხელებსა და მუხლებს უკოცნიდნენ და გაჰყვიროდნენ: „მიშა მაგარია“ და „ჩვენ ვენდობით სასამართლოს“!
ასევე ენდობა საქართველოს ხელისუფლებას ნატო, რომელიც გაუგებრობების თავიდან სასცილებლად საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე ჩრდილოატლანტიკური საბჭოსა და გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის საქართველოში ვიზიტის ოფიციალური პროგრამას აქვეყნებს. როგორც ვებგვერდი იუწყება, 9-10 ნოემბერს ვიზიტი საქართველოს ხელისუფლების მიწვევით შედგება. რასმუსენი 9 ნოემბერს თბილისში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას უხელმძღვანელებს, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური მიიღებს მონაწილეობას.  10 ნოემბერს გენერალური მდივანი და ნატო-ს ქვეყნების ელჩები პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძეს და პარლამენტარებს, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს შეხვდებიან. დაგეგმილია ღონისძიებები, რომლებშიც ელჩები ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას. 10 ნოემბერს კი, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნატო-ს მუდმივ წარმომადგენლებს და რასმუსენს ბათუმში შეხვდება. გენერალური მდივანი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს პრეზიდენტთან, პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან.  რასმუსენი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სიტყვით გამოვა; გარდა ამისა, შეხვდება და მიესალმება იმ ქართველ ჯარისკაცებს, რომლებიც ავღანეთში მსახურობდნენ.
ვარაუდი არ სჭირდება იმას, რომ რასმუსენს ჯანზე მყოფ „საიმედო“ ჯარისკაცებს შეახვედრებენ, ხოლო მათ, ვინც დასახიჩრდა და კომპენსაციაც ვერ მიიღო, თვალს მოაფარებენ.  ასე ხდება ხოლმე ქვეყანაში, რომელშიც „პოლიციელებზე ლოცულობენ“, ხოლო „სასამართლოს 72% ენდობა“.  
 
 
 
 
 
 
 
 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here