31 მარტს საქართველომ დამოუკიდებლობას მისცა ხმა და იმავე 31 მარტს ქვეყანას მანქურთებს  არ დაუთმობს!

    1991 წლის 31 მარტს საქართველოს ხელისუფლებამ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის, ზვიად გამსახურდიას, ხელმძღვანელობით საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 28 თებერვლის დადგენილების საფუძველზე  სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საკითხზე ჩაატარა რეფერენდუმი. ამ დადგენილებითვე გაუქმდა საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს მიერ 1991 წლის 17 მარტს დანიშნული რეფერენდუმი საბჭოთა კავშირის შენარჩუნების საკითხზე და 1991 წლის 31 მარტს დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის რეფერენდუმი კითხვით –  „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?“ რეფერენდუმი სრულიად საქართველოს მასშტაბით ჩატარდა, მასში მონაწილეობდა სამაჩაბლოსა და აფხაზეთის მოსახლეობაც. მონაწილეთა რაოდენობა  3 302 572 ადამიანს შეადგენდა.  ეს ამომრჩეველთა 90,3 პროცენტი იყო და მათგან 98, 08 პროცენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. იმავე წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

    ეს ყველაფერი იმიტომ მოგიყევით, კარგად რომ მივხვდეთ, როგორი დღეა საქართველოსთვის 31 მარტი და რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ თარიღს საქართველოს ისტორიაში. ჰოდა, რა  პარადოქსულიც უნდა იყოს, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივითა და ორგანიზებით ამ დღეს საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. პარადოქსული კი იმიტომ არის, რომ ქალბატონი სალომე მათგან ერთ-ერთი  იყო, ვინც გამსახურდიას ებრძოდა და, რაც მთავარია, ახლა დაანონსებული აქცია სწორედ სახელმწიფოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ არის მიმართული. ჰო, ზურაბიშვილი და მისი მეგობრები ცდილობენ, საქართველო დასავლეთს ხონჩით მიართვან,  თან ისე წარმოაჩინონ ეს ყველაფერი, თითქოს  სახელმწიფო გადაარჩინეს.

    მოკლედ, 31 მარტს დაგეგმილი აქციისთვის ოპოზიციის ლიდერები ფულს უკვე აგროვებენ და სურთ,  გულგატეხილ მხარდამჭერებს თავი მოუყარონ  და, ვისაც ვერ „დააბოლებენ“, მათ გარკვეული თანხა გადაუხადონ, რათა ასევე გულგატეხილმა დასავლეთმა დაინახოს, რომ ოპოზიცია ბოლომდე  არ დაჩაჩანაკებულა და რაღაცის „ერთი ადგილი“ კიდევ აქვს. ფონდების დახურვის ფონზე, ოპოზიციას ჯიბეზე ხელის გვარიანი გაკვრა მოუწევს, მაგრამ აქაც არის ერთი საჩოთირო საკითხი: „ნაციონალურ მოძრაობასა“ და  სხვებს ზურაბიშვილი აღარ მოსწონთ და  არ სურთ, რომ 31 მარტს მსვლელობის სათავეში იხილონ. არადა, ანონსი და ორგანიზება სალომესია და როგორ გინდა, უკანა პლანზე გადასწიო?! არის მცდელობა, რომ, თუ ქალი უნდა იდგეს მსვლელობის სათავეში, ეს ქალი ნანუკა ჟორჟოლიანი იყოს, რომელსაც ჯერ პრემიერობა უწინასწარმეტყველეს, მერე მიხვდნენ, რომ პრემიერის პოსტს ერთბაშად რამდენიმე ლიდერი იზომებს და ინფრასტრუქტურის მინისტრობას დააჯერეს. ისე, საინტერესოა, რატომ არავინ კითხულობს, ნანუკა დაყადაღებულ 400 ათას ლარს რომ დასტირის, ეს თანხა საიდან არის და, რაც მთავარია, რისთვის იყო განკუთვნილი. ასეა თუ ისე, 31 მარტისთვის სერიოზული მზადება და უფრო სერიოზული ამბისთვის ტრენინგებიც კი მიმდინარეობს. რამდენიმე დღის წინათ ჯერ ნიკა გვარამიამ თქვა, სერბებმა და თურქებმა გვაჯობესო, მერე ოპოზიციის სხვა ლიდერებიც გაეტირნენ ბელგრადსა თუ ანკარაში მიმდინარე პროცესებს, აქაოდა, იქ  პრინციპული მომიტინგეები იყვნენ და მეტს მიაღწევენ, ჩვენც უფრო უნდა გავაქტიურდეთო. მერე რა, რომ იმავე თურქეთში ოთხასამდე ადამიანი უკვე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს?! მერე რა, რომ ბელგრადში ვიღაც დაიღუპა?! მთავარი ხომ ოპოზიციის მიზანი და სურვილია, ვინმე თუ მოკვდება, პირიქით, უფრო მეტად აძლევთ ხელს!  ჩვენი ინფორმაციით, ოპოზიცია პროვოკაციის მოსაწყობად ემზადება. ერთ-ერთი მთავარი მოწოდება, რუსთაველის გამზირის 24-საათიანი პიკეტირება იქნება, ანუ როგორც ადრე, ისინი ახლაც შეეცდებიან, მოსახლეობას (და არა ხელისუფლებას) შეუქმნან დისკომფორტი, ისევ გაანადგურონ ინფრასტრუქტურა, დაარბიონ მაღაზიები და  დაანთონ ცეცხლი. მერე კი ეგებ ეს დანთებული ცეცხლი  უკრაინულ მაიდანში გადაიზარდოს და, საქართველოს მაიდანიზაცია რომ მათი აუხდენელი ოცნებაა, კი იცით. რაც მთავარია, ამ ყველაფრის სათავეში არ უნდა იდგეს ზურაბიშვილი.  ყოფილი პრეზიდენტი როგორმე განზე უნდა გასწიონ, ამისთვის ნაციონალებმა უკვე გაუხსენეს „შარშანწინდელი“ წყენა, აქაოდა, მიხეილ სააკაშვილი რომ შეგეწყალებინა, ახლა ამ დღეში არ ვიქნებოდითო.

    თავის მხრივ, სააკაშვილი  კლინიკა „ვივამედიდან“ მოძღვრავს მრევლს: არ გაჩერდეთ, ბოლომდე იბრძოლეთ, მე თქვენ გვერდით ვარო. მიშას რა ენაღვლება, გამოჭიმულია პალატაში, გარეთ თუ შიგნით დაცვა ჰყავს, არც ფულის პრობლემა აქვს და არც ჯანმრთელობის; კარგად იცის, თუ რამე შეიცვლება, ფარას თავისკენ მოატრიალებს და სათავეშიც მოექცევა, თუ არა და, იჯდება და ხან მზეთუნახავს დაუძახებს თავის თავს და ხან  ნაცარქექიას, რომელი არ უხდება?! ჰო, ფულზე გამახსენდა, დაჯარიმებული ხალხი ატირდა: ჯარიმებს ვერ ვიხდით და ეგებ გვიშველოთო. ოღონდ ისინი ოპოზიციის ლიდერებს კი არ სთხოვენ ფულს, სოციალურ ქსელში ანგარიშებს აქვეყნებენ, აქ დაგვირიცხეთო. განსაკუთრებით ერთ-ერთი მსახიობი გააქტიურდა: მესამედ დამაჯარიმეს და პირველი ჯარიმის აღსრულების ქვითარი უკვე მომიტანეს, არ მაქვს გადახდის საშუალება და თქვენი იმედი მაქვსო.  მსახიობი რომ ხარ და თავი ხელოვნების სფეროს წარმომადგენლად მოგაქვს, ერთხელ რომ დაგაჯარიმეს და მიხვდი,  რომ შენი გადასახდელი იყო, მეორედ რომ დაგაჯარიმეს და მესამედაც იგივე გააკეთე, რატომ ვერ მიხვდი, რომ მაგ აქციების ორგანიზატორებს ფეხებზეც კი არ ჰკიდიხართ?! რატომ მაშინ არ მოგვიხადე ბოდიში, როცა ჩვენ შვილები მოვიყვანეთ სპექტაკლზე და სწორედ შენი და შენისთანების არყოფნის გამო  ბავშვები იმედგაცრუებული გაბრუნდნენ უკან?  ამ დროს სწორედ თქვენი შვილები სოციალურ ქსელებში მოგიწოდებენ, რომ, რასაც აკეთებთ, არასწორია; რომ არ იყავით მართლები, როცა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მიერ სომხეთში მოპოვებული გამარჯვება არ აღნიშნეთ; რომ ქვეყნის წარმატება არ გიხარიათ… ამ შვილებით ვაჭრობთ და პირდაპირ ამბობთ, რომ, თუ თანხას გადაიხდით, შვილების გამოსაკვებად აღარ გექნებათ ფული და მოსახლეობის გრძნობებზე თამაშობთ;  იმ მოსახლეობის, რომელსაც, აგერ უკვე მესამე თვეა, უდიდეს დისკომფორტს უქმნით და არ გაინტერესებთ, სად არიან ის ადამიანები, რომლებიც გაქეზებდნენ და გეუბნებოდნენ, მიდით, თქვენ გვერდით ვართო.  ის ხალხი სად არის, ვითომ რეგიონებში რომ უნდა ევლო და უფასო წარმოდგენები გაემართა? მოგშივდათ, ბატონებო, და მიხვდით, რომ საკუთარი თავის გარდა პატრონი არ გყავთ? მიხვდით, რომ ვიღაცის პოლიტიკური ამბიციების მსხვერპლნი ხართ?

    31 მარტს სწორედ ასეთი ადამიანების იმედად იქნება ოპოზიცია, კიდევ ერთხელ შეეცდება მათ გაბრიყვებას და იმაზე, რომ ადამიანებს იყენებენ, შემდეგ კი სანაგვეზე მოისვრიან ხოლმე, ყველაზე კარგად ლაზარე გრიგორიადისის მაგალითი მიუთითებს. ვინმეს ახსოვს, გმირად შერაცხილი ბიჭი, რომელსაც მოლოტოვის კოქტეილი ასროლინეს პოლიციელებისთვის  და ლამის ცოცხლად დააწვევინეს? ციხიდან გამოსულს დიდის ამბით დახვდნენ, მაგრამ შემდეგ, საქმე საქმეზე რომ მიდგა და ლაზარემ ანალოგიურის ჩადენაზე   უარი თქვა, მათი ინტერესის სფეროდან გაქრა, გადამალეს, დაკარგეს. თავისი გაჭირვება ჰყოფნიდა იმ უბედურს და… სად არის ის ხალხი, თვალებს რომ ლაზარეს სტილში იხატავდა და მკლავზე მის მსგავს  სვირინგებს იკეთებდა? ვეღარ გააბრიყვეთ? ვეღარ ააღებინეთ ხელში სასიკვდილო იარაღი? ხომ გმირი იყო არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ დასავლეთისთვისაც? რატომ არ გყავთ აქციების ავანგარდში? ეტყობა, მიხვდა, რა შარშიც იყო და, როცა კითხვების დასმა დაიწყო, მოიშორეთ.

    გვერწმუნეთ, კითხვებს კიდევ ბევრი დაგისვამთ და ამის ბრალიც არის, აქციებზე ხალხი ყოველდღიურად რომ გაკლდებათ. 31 მარტს დიდი წერტილის დასმა გსურთ და ეჭვი გვაქვს, გამოგივათ კიდეც, ოღონდ ისე კი არა, როგორც თქვენ გინდათ, არამედ ისე, როგორც ხალხს სურს და როგორი რეალობაც გვაქვს დღეს. 31 მარტს საქართველომ დამოუკიდებლობას მისცა ხმა და იმავე 31 მარტს ქვეყანას მანქურთებს  არ დაუთმობს!

    ბესო ბარბაქაძე

                                                                                                                        

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here