Home რუბრიკები სამართალი ნანა კაკაბაძე: როცა პატიმრები მოითხოვენ ექიმს, მათ უმოწყალოდ სცემენ და ეუბნებიან, აი,...

ნანა კაკაბაძე: როცა პატიმრები მოითხოვენ ექიმს, მათ უმოწყალოდ სცემენ და ეუბნებიან, აი, ეს არის შენი ექიმიო

GEWORLD.GE:
ციხეებში არსებულ მდგომარეობასა და, ზოგადად, ადამიანის უფლებების დარღვევის ბოლოდროინდელ ფაქტებზე “საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრება უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე.
_ ქალბატონო ნანა, სახალხო დამცველის ბოლო დასკვნაში საუბარი იყო იმაზე, რომ მსჯავრდებულთა სიკვდილიანობა კატასტროფულად იზრდება. რა შეიცვალა მას შემდეგ, მინიმალურად მაინც თუ გაუმჯობესდა მაჩვენებელი?
_ არანაირი გაუმჯობესების ნიშნები, სამწუხაროდ, არ ჩანს, იმ თვალსაზრისით, რომ გაუმჯობესება არ გამოიხატება მხოლოდ ციფრებში. საერთოდ, ციფრებით მანიპულირება ამ ხელისუფლებას ახასიათებს და ეს არის ამათი ერთ-ერთი ჩვეული მეთოდი, რითაც ხდება ხოლმე იმ უკიდურესად შემაშფოთებელი სტატისტიკის გაყალბება, რაც რეალურად არის ქვეყანაში.

_ კონკრეტულად რომელ მეთოდს გულისხმობთ?
_ მას შემდეგ, რაც ამათი ძალადობრივი პოლიტიკის შედეგად უკვე სამნიშნა ციფრებში გამოიხატებოდა გარდაცვლილ მსჯავრდებულთა რაოდენობა, ხელისუფლება მიხვდა, რომ საერთაშორისო რეაგირება იქნებოდა უკიდურესად მწვავე და მოიფიქრეს ამ ციფრების შემცირების სხვადასხვა მეთოდი. ერთ-ერთი მეთოდი კი იყო ის, რომ პატიმრები, რომლებიც უკვე გარდაცვალების პირას იყვნენ და რამდენიმე დღე ან საათი ჰქონდათ დარჩენილი, გადაჰყავდათ ქალაქის საავადმყოფოებში, უტარდებოდათ ვითომ მკურნალობა და გარდაცვალების შემდეგ უკვე ისინი ეწერებოდნენ არა პენიტენციარულ სისტემას, სადაც რეალურად მიჰყავდათ სიკვდილის პირამდე, არამედ ქალაქის საავადმყოფოებს.
ამით ციხეებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რასაკვირველია, შემცირდა, მაგრამ შემცირდა მხოლოდ ოფიციალურ მონაცემებში, ფორმალურად, რეალურად კი საპყრობილეებში ისევ გაუსაძლისი პირობებია, მსჯავრდებულების მიმართ ისევ ხშირია არაადამიანური მოპყრობა და შესაბამისად, პატიმართა სიკვდილიანობაც კატასტროფულად იზრდება. ეს არის პროცესი, რომელიც დღითიდღე სულ უფრო თვალშისაცემი ხდება და ამას ხედავს ყველა _ ადვოკატებიც და უფლებადამცველებიც, მაგრამ ამ ხელისუფლებას ეს, უბრალოდ, არ აინტერესებს და გაგონებაც არ უნდა, რომ არ შეიძლება ოცდამეერთე საუკუნეში ცივილიზებულ ქვეყანაში ასეთი რამ ხდებოდეს…
_ სახალხო დამცველის დასკვნაშიც ეწერა, რომ ავადმყოფ მსჯავრდებულებს არ უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა და მაღალი სიკვდილიანობის ერთ-ერთ მიზეზად სწორედ ეს იყო დასახელებული. ახლა რა მდგომარეობაა ამ თვალსაზრისით?
_ პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ დღესდღეობით ამ მხრივ ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობაა, ვიდრე, ვთქვათ, შარშან და შარშანწინ იყო. მეტსაც გეტყვით, ხშირია შემთხვევები, როცა ავადმყოფი პატიმრები მოითხოვენ ექიმს ან წამალს, ტკივილგამაყუჩებელს, გულის საშუალებას და ა.შ. და მათთან შედიან ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რომლებიც სცემენ იმის გამო, რომ მათ მოითხოვეს ექიმი და ეუბნებიან, აი, ეს არის შენი ექიმი, ეს არის შენთვის წამალიო. ასეთი მეთოდებით ხდება პატიმრობის დატერორება და გაჩუმება, რათა ამ ადამიანებმა ვერ გაბედონ ხმის ამოღება და შეეგუონ იმ რეჟიმს, იმ უსამართლობას, რომელიც საპყრობილეებში სუფევს…
_ არადა, ამასწინათ მონაკოს პრინცი რომ იყო ჩამოსული, კალმახელიძე ფეხდაფეხ დასდევდა და თავს აწონებდა, “საათივით აწყობილი” სასჯელაღსრულების სისტემა გვაქვსო.
_ ყველამ ვიცით, რომ ამ ხელისუფლების პოლიტიკა პიარია – გარეგნულად დემოკრატიული და შინაგანად ავტორიტარული. ზუსტად ასეა ციხეებშიც: ზოგიერთი საპყრობილე გარედან გალამაზდა, შეიღება, გადაიხურა და ა.შ. მაგრამ შიგნით ზუსტად იგივე მდგომარეობაა, რაც იყო მანამდე და უფრო უარესიც. ანუ იმის თქმა მინდა, რომ წამება, არაადამიანური მოპყრობა და შეურაცხყოფა ისევ ხდება ციხეებში და ხელისუფლების მხრიდან ამაზე არანაირი რეაგირება არ არის; ასე რომ, ცხადია, ესენი ყველანაირად ცდილობენ, ვიღაც-ვიღაცების თვალში ქულები დაიწერონ იმით, რომ სადღაც ფასადები შეღებეს თუ ჭერი გაარემონტეს, მაგრამ რეალურად ნათლად ჩანს და ყველამ ვიცით, რომ ის, რაც დღესდღეობით ციხეებში ხდება, დემოკრატიის ფარგლებსა და ჩარჩოებში არანაირად არ ჯდება.
_ ერთია, როცა გარკვეული ზემოქმედება ხორციელდება პოლიტპატიმარზე, რომლის მიმართაც ხელისუფლებას შეიძლება რამე ინტერესები გააჩნდეს, მაგრამ, თქვენი აზრით, რა მიზანს უნდა ემსახურებოდეს ჩვეულებრივი, რიგითი პატიმრის მიმართ ზეწოლა და მით უმეტეს, არაადამიანური მოპყრობა?
_ ეს არის ზოგადი პოლიტიკა, რომელიც ეხება არა მხოლოდ პოლიტპატიმრებს, არამედ ყველას, ვინც ციხეშია და სასჯელს იხდის. რაც შეეხება ამ პოლიტიკის მიზანს, ამით ხელისუფლება ცდილობს, მუდმივ ტერორსა და შიშში ჰყავდეს, პირველ რიგში, პატიმრები და შემდეგ ასევე საზოგადოებაც, ვინაიდან, როცა ადამიანმა იცის, რომ მისი ოჯახის წევრი, ახლობელი თუ ნათესავი, რომელიც ციხეშია, შეიძლება, სერიოზულ საფრთხეში აღმოჩნდეს, თუ ის რამე ისეთს გააკეთებს, რაც ხელისუფლებას ხელს არ აძლევს, ვთქვათ, აქციებზე, მიტინგებზე თუ გავა, მაშინ, რასაკვირველია, ის ადამიანი მუდმივად იქნება დაშინებული და დატერორებული. ეს ყველაფერი ამ ხელისუფლოებამ ძალიან კარგად იცის და ამიტომაა, რომ წამება და სისასტიკე ციხეებში დღითიდღე სულ უფრო ხშირდება…
_ წინა ხელისუფლების დროს პატიმართა რაოდენობა გაცილებით უფრო ნაკლები იყო და დანაშაულიც უფრო ხშირად ხდებოდა. თქვენი აზრით, ის ფაქტი, რომ ქვეყანაში მსჯავრდებულთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება, ერთის მხრივ, ხომ არ მიგვანიშნებს იმაზეც, რომ სამართალდამცავი სტრუქტურები ეფექტურად მუშაობენ?
_ ეს არის ამ ხელისუფლების ლოგიკა, რითაც ცდილობენ არსებული რეჟიმის გამართლებას, მაგრამ რეალურად ჩვენ ვხედავთ, რომ არანაირი სამართალი ქვეყანაში არ არის. თუ პოლიციელი არ იღებს ქრთამს და ქუჩაში მანქანებს არ იპარავენ, არ ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგადაა, ეს ასეც უნდა იყოს. ამდენად, როცა წესრიგსა და სამართლიანობაზეა საუბარი, პირველ რიგში, ის უნდა ითქვას, რომ ციხეები პოლიტპატიმრებითაა გატენილი, რომ სტატისტიკურად მსჯავრდებულთა რაოდენობა ყოველთვიურად ოთხასი პატიმრით იზრდება; რომ წამება და არაადამიანური მოპყრობა უკვე წარმოუდგენელ მასშტაბებს აღწევს და ა. შ.
რაც შეეხება წინა ხელისუფლებას, რომელიც თქვენ ახსენეთ, მინდა გითხრათ, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, მაშინ ციხეებში გაცილებით უკეთესი პირობები იყო შექმნილი, ადმინისტრაციაც გაცილებით უფრო ლმობიერად ექცეოდა პატიმრებს და სიკვდილიანობაც გაცილებით ნაკლები იყო.
_ სააკაშვილი კი კვლავაც გამუდმებით იმას გაიძახის, _ აი, როგორ იყო მაშინ და როგორაა ახლაო…
_ შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ 90-იან წლებშიც კი, როცა ქვეყანაში  არეულობა და სრული განუკითხაობა იყო, ციხეებში პატიმართა მიმართ მოპყრობა რაღაცნაირად უახლოვდებოდა იმ სტანდარტებს, რომელსაც ჰქვია ევროპული სტანდარტი. კომუნისტების დროს კიდევ საერთოდ არ იდგა საკითხი  არის თუ არა მსჯავრდებულის უსაფრთხოება გარანტირებული. მე, მაგალითად, როცა სასჯელს ვიხდიდი, ეს იყო 1983-85 წლები, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ციხის ადმინისტრაცია იყო გაცილებით უფრო ადამიანური და კანონმდებლობაც იყო გაცილებით უფრო ლიბერალური, ვიდრე დღესაა; რაც შეეხება სიკვდილიანობისა და დაავადებათა მაჩვენებელს, ეს მინიმუმამდე იყო დაყვანილი. გარდა ამისა, მაშინ თუ პატიმარი სასჯელს იხდიდა დახურული ტიპის ციხეში, ე.წ. კრიტში, ერთი დღე ეთვლებოდა სამ-ოთხ დღედ, ანუ მას ჰქონდა არჩევანის საშუალება, წასულიყო დახურული ტიპის ციხეში და უფრო მალე მოეხადა სასჯელი ან წასულიყო ღია ტიპის ციხეში და მოეხადა სასჯელი სრულად, თუმცა იქაც იყო გარკვეული შეღავათები; დღეს კი როგორ ხდება _ არანაირი არჩევანის უფლება პატიმარს არ აქვს, მან არ იცის, რომელ ციხეში მოუწევს სასჯელის მოხდა, ვინაიდან ამას ყველაფერს წყვეტს ციხის ადმინისტრაცია და თანაც ისე, რომ არანაირად მსჯავრდებულის ინტერესები, მისი მდგომარეობა არ არის გათვალისწინებული. აი, ეს არის ამათი ე. წ. ლიბერალური პოლიტიკის შედეგი…
_ საუბრის დასაწყისში თქვენ თქვით, რომ ხშირია ღირსების შემლახველი მოპყრობა. კონკრეტულად რაში გამოიხატება ეს ყველაფერი?
_ პირველ რიგში, ეს გამოიხატება იმ დამოკიდებულებაში, რაც ციხის ადმინისტრაციას, დაწყებული ბადრაგიდან, დამთავრებული მაღალი თანამდებობის პირებით, პატიმრების მიმართ გააჩნიათ. მსჯავრდებულთა სულ ცოტა 70 პროცენტს არ აქვს იმის უფლება, რომ იქონიოს პირველადი მოხმარების ნივთები, შესაბამისად, ისინი ვერ ახერხებენ პირადი ჰიგიენის დაცვას, რაც, ბუნებრივია, ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნით. პატიმართა უდიდეს ნაწილს ასევე არ აქვს უფლება, იქონიოს დანა, ჩანგალი, კოვზი და იძულებულია, წვნიანი საკვები, როგორც ცხოველმა, ისე მიიღოს. ციხის ადმინისტრაციას რომ ჰკითხოთ, ასე იმიტომაა, რომ ხშირია შემთხვევები, როცა პატიმარმა ეს ნივთები გამოიყენა ცივ იარაღად და ზიანი მიაყენა სხვას ან საკუთარ თავს, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არგუმენტი არ არის.
ნორმალურ და ცივილიზებულ ქვეყანაში, რომელსაც პრეტენზია აქვს დემოკრატიაზე, მსჯავრდებულს ყველა პირობა უნდა ჰქონდეს იმისთვის, რომ სასჯელი ადამიანურ გარემოში მოიხადოს. ხოლო, როცა საუბარია ისეთ პატიმარზე, რომელიც შეიძლება მართლა რამე საფრთხეს წარმოადგენდეს ვინმესთვის, ის უნდა მოთავსდეს ცალკე და მასზე უნდა იყოს განსაკუთრებული მეთვალყურეობა დაწესებული. სამწუხაროდ, ჩვენთან დღემდე არათუ ეს ვერ ხერხდება, არამედ პატიმრებს ისეთ პირობებში უწევთ სასჯელის მოხდა, რომ ზოგიერთი ამას ფსიქოლოგიურად ვერ უძლებს და ხშირია შემთხვევები, როცა მსჯავრდებულმა თავის მოკვლა სცადა, გარკვეული ზიანი მიაყენა საკუთარ თავს და ა.შ. არაფერს ვამბობ იმ დაავადებებზე, რომლებიც სწორედ ამ გაუსაძლისი და არაადამიანური პირობების გამო მოდებულია მთელ საპყრობილეებს…
_ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების მხრიდან თუ ხდება ადეკვატური რეაგირება ამ ყველაფერზე?
_ რა თქმა უნდა, ხდება. მაგალითად, თომას ჰამერბერგის ბოლო სამ დასკვნაში შავით თეთრზე წერია, რომ საქართველოს ციხეებში გაუსაძლისი პირობებია და ირღვევა პატიმართა უფლებები. ანალოგიური შინაარსისაა ხოლმე სხვა საერთაშორისო უფლებადამცველთა დასკვნებიც და ჯამში ეს სწორედ იმაზე მიგვანიშნებს, რომ ქვეყანაში ამ მხრივ მართლაც უმძიმესი მდგომარეობაა…
არაერთხელ მითქვამს და კვლავ ვიმეორებ, რომ დღეს ევროპა საქართველოსგან ელის მხოლოდ და მხოლოდ დემოკრატიას, ვინაიდან ჩვენ არ ვართ ქვეყანა, რომელიც ნავთობით ან სხვა რაიმე წიაღისეული სიმდიდრეებით შეიძლება აინტერესებდეს მსოფლიოს; აქედან გამომდინარე, ჩვენთვის, ბუნებრივია, ერთი-ორად მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებები და მიმაჩნია, რომ დღეს საქართველოსთვის სწორედ ეს უნდა იყოს ყველაზე პრიორიტეტული, თუმცა იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდეს, რათა დემოკრატიის განვითარება უზრუნველყოს, ჩვენ ვხედავთ, რომ არსებული რეჟიმი პირიქით, ახშობს ამ პროცესებს და ქვეყანას საბოლოოდ უსპობს განვითარების პერსპექტივას. ეს არის ტიპური ავტორიტარიზმის ნიშანი, რასაც ეს ხელისუფლება უკვე ვერ მალავს და, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ამას უკვე ხედავს მთელი მსოფლიო, მათ შორის ის პოლიტიკური ძალებიც, რომელთა იმედიც მიხეილ სააკაშვილსა და მის გარემოცვას ჰქონდა…
ესაუბრა 
ჯაბა ჟვანია 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here