Home რუბრიკები პოლიტიკა უარყოფილი მარიონეტი

უარყოფილი მარიონეტი

1295

GEWORLD.GE:
ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა, რამაც სტაგნაციის პროცესში მყოფი ქართული პოლიტიკური ცხოვრება ელვისებურად გამოაცოცხლა და ქართველ ერს ისევ მომავლის და ხელისუფლების შეცვლის იმედი ჩაუსახა. თუმცა ივანიშვილის პოლიტიკური გააქტიურება მაღალი მიხეილისთვის ნამდვილი შოკი იყო, ვინაიდან ერთ დროს ჩრდილში მყოფმა პიროვნებამ, რომელსაც უდიდესი ფინანსური რესურსები გააჩნია, მისი რეჟიმის დემონტაჟისთვის რეალური კონტურები მოხაზა.
სააკაშვილი კარგად ხვდება, რომ ივანიშვილისთვის კონკურენციის გაწევა გაუჭირდება და მისთვის ჩვეული მეთოდებით ვერ გადაღუნავს. მიუხედავად გასული წლების პოლიტიკური კატაკლიზმებისა და მრავალათასიანი მიტინგებისა, ძალაუფლების დაკარგვის ასეთი რეალური საფრთხე მას არასოდეს დამუქრებია. უფრო მეტიც, მაღალ მიხეილს ბიძინა ივანიშვილის მსგავსი კონკურენტი ჯერ არ ჰყოლია, რადგან მას, გარდა მძლავრი ფინანსური რესურსებისა, პიროვნული რესურსი გაცილებით მეტი აქვს, ვიდრე ერთად აღებულ მთელ “ნაციონალურ მოძრაობას”. გარდა ამისა, რაც ყველაზე მეტად უშლის ნერვებს სააკაშვილს, ის არის, რომ ივანიშვილი არ არის ორიენტირებული ქუჩისკენ და რადიკალური მეთოდებით ხელისუფლების ცვლილებისკენ. მან მკაფიოდ განაცხადა, რომ რევოლუციის გზით პოლიტიკურ პროცესებს არ წაიყვანს: “ძალიან მეშინია, ქუჩის აქციები არ დაიწყოს, რაც ამათ აწყობს. არ უნდა ვითამაშოთ მათი თამაში. როგორმე არჩევნებამდე უნდა მივიდეთ… სიტყვა “რევოლუციის” გაგონებაც არ მინდა და არც სიტყვა “ქუჩის” ხსენება მინდა. ხელისუფლების არჩევნებით შეცვლის პირველი პრეცედენტი უნდა შევქმნათ. ეს ერთ-ერთი დიდი წარმატება იქნება”.

ივანიშვილის მიერ დეკლარირებული პოლიტიკური ბრძოლის სტრატეგია სწორი და გამართლებულია, თუმცა სააკაშვილისთვის _ არახელსაყრელი, რადგან ივანიშვილის ქუჩაში გაყვანას თუ ვერ შეძლებს, დასავლელ პარტნიორებს ვერ ეტყვის, რომ ის მარგინალი, კონსტიტუციური წესწყობილების წინააღმდეგ მებრძოლი “რუსეთის აგენტია” და მის მიმართ მკაცრი ზომების გატარებას სახელმწიფო ინტერესების დაცვა მოითხოვს. მაგრამ, თუ ამას მიაღწევს, მაშინ შეეცდება მის დაპატიმრებას ან ქვეყნიდან გაძევებას, როგორც ოქრუაშვილის შემთხვევაში მოხდა. ამიტომაც ხელისუფლების მიერ განხორციელებული ზეწოლისა და რეპრესიების მიზანს წარმოადგენს ივანიშვილის რაციონალური პოლიტიკიდან ქუჩის პოლიტიკაზე გადაყვანა, რის მიღწევაც, დიდი ალბათობით, მაღალ მიხეილს გაუჭირდება.
სტატიაზე მუშაობის დროს გონებაში სტანისლავ ეჟი ლეცის ფრთიანი ფრაზა ამომიტივტივდა: “მარიონეტის ჩამოსახრჩობად თოკის ძებნა საჭირო არ არის”. დიახ, საჭირო არ არის, რადგან მისი სცენიდან გაყვანა ზედვე მიბმული თოკით არის შესაძლებელი. შესაბამისად, ამერიკელებს სააკაშვილის პოლიტიკური ძალაუფლებიდან ჩამოსაშორებლად რაიმე სერიოზული ღონისძიების გატარება აღარ დასჭირდება და მას უპრობლემოდ “გადააყენებენ”, თუ საამისო მიზეზი იარსებებს, როგორც ეს მუბარაქის შემთხვევაში მოხდა.
სააკაშვილი, მართალია, მარიონეტია, მაგრამ აქტიური, ძალაუფლების მოყვარე მარიონეტი, რომელიც უკანასკნელ წუთამდე ეცდება ძალაუფლების შენარჩუნებას. ამის მისაღწევად ის ყველა გზას გამოიყენებს. ამ ეტაპზე სააკაშვილის მიზანია, მანამდე მოახდინოს პოლიტიკოს ივანიშვილის დისკრედიტაცია, სანამ ამერიკა და ევროპა მისით დაინტერესდება და დადებითად განეწყობა, ანუ სანამ გააანალიზებენ დასავლეთის ქვეყნის ლიდერები, რომ საქართველოში ძლიერი პოლიტიკური მოთამაშე გამოჩნდა, რომელსაც შესწევს უნარი, ხელი შეუწყოს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებასა და რაციონალური საერთაშორისო პოლიტიკის გატარებას, ამ უკანასკნელი საკითხისადმი ბიძინა ივანიშვილის ხედვა აბსოლუტურად სწორი და გამართლებულია. “მიმაჩნია, რომ რომელიმე ერთი ქვეყნის სატელიტი არ უნდა ვიყოთ; არ უნდა გავაუარესოთ და მხოლოდ უნდა გავაუმჯობესოთ ურთიერთობა ამერიკასთან, კიდევ უფრო გავაღრმავოთ ურთიერთობა ევროპასთან და დავალაგოთ ურთიერთობა რუსეთთან. ჩვენ ყველასთვის საინტერესო უნდა ვიყოთ და ამით ვიპოვოთ ჩვენთვის საინტერესო ადგილი ცის ქვეშ. დარწმუნებული ვარ, რომ ამას მოვახერხებთ… მაქვს იმედი, რომ გლობალურ პოლიტიკაში მოხდება დაახლოებები და ხისტი პოზიციები შერბილდება… საქართველოს შეუძლია იპოვოს როლი, რომელიც მისაღები იქნება აშშ-ისთვის, ევროპისა და რუსეთისთვის!” _ აცხადებს ივანიშვილი.
შეუძლებელია, არ დაეთანხმო, რადგან უკვე დადგა დრო _ საქართველო, როგორც სრულფასოვანი სახელმწიფო მარიონეტული მდგომარეობიდან აქტიურ მოთამაშედ გადაიქცეს და სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ დამიზნებულ ზარბაზანში მოთავსებული ყუმბარის როლს დაემშვიდობოს. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის “ოქროს შუალედი”, რაც მისცემს შესაძლებლობას საქართველოს, აღიდგინოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი და დაიმკვიდროს საკუთარი ადგილი საერთაშორისო არენაზე.
“ნაცმოკრატებისთვის” ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გააქტიურება საშიშია არა მარტო იმიტომ, რომ მას აქვს ბევრი ფული, არამედ ივანიშვილს შესწევს უნარი, მმართველ გუნდს გამოაცალოს ყველა ის რესურსი, რომელიც სააკაშვილის ერთპიროვნული ძალაუფლების უსაფრთხოებას განაპირობებს. კერძოდ, პროდასავლურ ძალებთან _ ალასანიასა და რესპუბლიკელებთან, ალიანსის შექმნით შეუძლია დასავლეთის მხარდაჭერა 180 გრადუსით თავისკენ შემოაბრუნოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქართულ პოლიტიკურ რეალობაში და დასავლეთის მეშვეობით აიძულონ სააკაშვილი, ჩამოშორდეს პოლიტიკურ სადავეებს. ივანიშვილი ცდილობს, ჩამოაყალიბოს ძლიერი ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი, რომელიც ხელისუფლების შეცვლაზე იქნება ორიენტირებული, მანამდე კი სააკაშვილის აბსოლუტურ ძალაუფლებას დააბალანსებს და საზოგადოებასაც მიეცემა სწორი არჩევანის გაკეთების საშუალება. ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლით საზოგადოებას დაუბრუნდა რწმენა, რომ არჩევნებით შესაძლებელია ხელისუფლების ცვლილების მიღწევა. გარდა ამისა, ივანიშვილის თამამ ნაბიჯს მიბაძავენ საქართველოში მოღვაწე სხვა ქართველი ბიზნესმენები, რომლებსაც, წლებია, სააკაშვილის რეჟიმი ატერორებს და ფულს სძალავს, და შეუწყვეტენ ხელისუფლებას დაფინანსებას.
დღეს სააკაშვილის რეჟიმი აგონიაშია, მან პოლიტიკური პროცესებისადმი ადეკვატური დამოკიდებულების უნარი სრულიად დაკარგა და მხოლოდ რეპრესიული მეთოდებით აგრძელებს “მოღვაწეობას”. ვინაიდან სააკაშვილის ყველაზე დიდი საფრთხე ამ ეტაპზე ივანიშვილია, მის მიმართ რეპრესიული მანქანა უკვე მთელი სიმძლავრით ამოქმედდა: პოლიცია ყაჩაღურად თავს დაესხა ბიზნესმენის კუთვნილ ბანკი “ქართუს” საინკასაციო მანქანას და ხუთ მილიონამდე უცხოური ვალუტა “დააპატიმრა”, მოქალაქეობა ჩამოართვეს ივანიშვილს და მის მეუღლეს, ბანკი “ქართუს” მომსახურებაზე უარი ათქმევინეს მეცნიერებათა აკადემიისა და ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლებს და ა. შ. ეს ყოველივე უსამართლო და არაგონივრული გადაწყვეტილებაა, რაც უფრო მეტად შეუწყობს ხელს სააკაშვილის ხელისუფლების აღსასრულის მოახლოებას.
სააკაშვილის რეჟიმის მიერ განხორციელებული რეპრესიული პოლიტიკა გარკვეულწილად უბიძგებს გამწარებულ ხალხს ქუჩისკენ, მაგრამ საზოგადოება უკვე კარგად აცნობიერებს, რომ სააკაშვილის ჩამოშორება ქუჩიდან ვერ მოხდება და ამისთვის აუცილებელია განხორციელდეს ხელისუფლების ცვლილება არჩევნების გზით და ამ პროცესში მიეცეს ივანიშვილს მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა.
წინააღმდეგ შემთხვევაში, მრავალწლიანი დიქტატურის პირობებში ცხოვრება გარდაუვალი იქნება, რაც გააღრმავებს კრიზისს ქვეყნის შიგნით და კიდევ უფრო მეტად დაძაბავს ურთიერთობას მეზობელ თუ პარტნიორ სახელმწიფოებთან.
უკვე ყველასთვის თვალშისაცემია ის ფაქტი, რომ ივანიშვილის პოლიტიკური გააქტიურების შემდეგ მაღალი მიხეილის მხარდამჭერთა წრე ვიწროვდება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. სააკაშვილისთვის სილის გაწნის ტოლფასი იყო აშშ-ის ელჩის, ჯონ ბასის მეთაურობით დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების დემონსტრაციული მისვლა საქართველოს მოქალაქეობა ჩამორთმეულ ივანიშვილის სასახლეში. “ბიძინა ივანიშვილი შედარებით ახალი ფიგურაა ქართულ პოლიტიკაში… ჩვენ ვმუშაობთ მთლიანად პოლიტიკურ სპექტრთან. მხოლოდ იმ ძალებთან არ ვითანამშრომლებთ, რომლებიც ძალადობის პოლიტიკურ ინტრუმენტად გამოყენებას შეეცდებიან. მნიშვნელოვანია, რომ იყოს ისეთი სათამაშო ველი, სადაც ყველა მონაწილისთვის თანაბარი შესაძლებლობა იქნება,” _ განაცხადა შეხვედრის შემდეგ ჯონ ბასმა, რაც იყო ირიბი აღიარება იმისა, რომ ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა უკანონო გადაწყვეტილება იყო.
სააკაშვილი კრიტიკას მისი გულმხურვალე პროპაგანდისტების _ ვალერია ნოვოდვორსკაიასა და კონსტანტინ ბარავოის მხრიდანაც ვერ ასცდა, რომლებმაც  სააკაშვილი, პუტინის მსგავსად, ავტორიტარული მმართველობის დამყარების მცდელობაში დაადანაშაულეს. არც ის უნდა დარჩეს ყურადღების მიღმა, რაც საქართველოში ვიზიტად მყოფმა ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ უილიამ ბერნსმა დაგვიბარა (ჩვენ რა… მიშას დაუბარა!): “მოვუწოდებთ საქრთველოს ხელისუფლებას, განახორციელოს საარჩევნო კოდექსისა და პოლიტიკური გარემოს რეფორმა, რათა უზრუნველყოფილი იქნას მომავალი ორი წლის განმავლობაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რისი შედეგიც იქნება 2013 წელს ხელისუფლების სრულად დემოკრატიული გადაცემა”.
საქართველოში პოლიტიკური პროცესების “კადაფიზაციის” თავიდან არიდების მიზნით, მოსახლეობის აქტიურობაზე არანაკლები მნიშვნელობა აქვს “გარე თვალს” და მათ ობიექტურ პოზიციას. ამ ეტაპზე ვითარება უკეთესობისკენ იცვლება, რადგან საერთაშორისო საზოგადოება თანდათან უფრო დიდ ინტერესს გამოხატავს პოლიტიკოსი ივანიშვილისადმი, რაც სააკაშვილისთვის ფეხქვეშ მიწის გამოცლის ტოლფასია. როგორც ჩანს, სააკაშვილის “ძალაუფლება” კართაგენის ბედს არც ისე შორეულ მომავალში გაიზიარებს.
საერთაშორისო საზოგადოებისა და ქართველი ერის აზრის გათვალისწინებით, სააკაშვილი იძულებული გახდება, მიანიჭოს მოქალაქეობა ივანიშვილს და მისცეს პოლიტიკურ პროცესებში სრულფასოვანი მონაწილეობის შესაძლებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში უმართავი გახდება, რომლის გაკონტროლებას სააკაშვილის რეჟიმი ვერ შეძლებს, თუნდაც “კუდიანებზე” ნადირობის საბაბით, რადგან “რუსეთის აგენტის” იარლიყის მიკერების მუქარა აზვირთებული ხალხის ძალას წინ ვეღარ დაუდგება და შესაძლოა, “არაბული გაზაფხული” “ქართულ შემოდგომად” გადაიქცეს.
სააკაშვილის რეჟიმი, რომელსაც კონსტიტუცია, კანონის უზენაესობის პრინციპი და საზოგადოების აზრი საერთოდ არ აინტერესებს, ხოლო პოლიტიკური ოპონენტების დასათრგუნად ყველანაირ უკანონო მეთოდს მიმართავს, თანდათან უკვე ყალიბდება სრულფასოვან დიქტატურად, ხოლო ყველა დიქტატორის საბოლოო “ნავსაყუდელი” პოლიტიკური სანაგვეა, სადაც ხალხის რისხვისა და სიძულვილის შედეგად აღმოჩნდება ხოლმე.
როგორც ჩანს, სააკაშვილი რთული არჩევანის წინაშე დადგა: ან ძალაუფლების შესანარჩუნებლად საკუთარი მოსახლეობის ტერორს გააგრძელებს და საქართველოს უგისოსო ციხედ გადააქცევს, რის შემდეგაც კადაფის ბედის გაზიარებისთვისაც მზად უნდა იყოს, ან სერიოზული დაპირისპირების გარეშე, როგორც ეს მისმა მეგობარმა ვიქტორ იუშჩენკომ გააკეთა, დათმობს ძალაუფლებას და ხელისუფლებას მის “კანონიერ” მფლობელს _ ხალხს დაუბრუნებს.
ზურაბ ჯამბურია
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here