Home რუბრიკები საზოგადოება “იმედის” დარბევა ამერიკაში გადაწყდა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის გეგმით განახორციელა გიგა ბოკერიამ

“იმედის” დარბევა ამერიკაში გადაწყდა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის გეგმით განახორციელა გიგა ბოკერიამ

GEWORLD.GE:
2007 წლის 7 ნოემბერს ტელეკომპანია “იმედის” სპეცრაზმით დარბევის დეტალები, რომელთა გამოაშკარავებაც ცხადყოფდა, თუ რატომ მიმართა ხელისუფლებამ ჟურნალისტთა წინააღმდეგ ასეთ ვანდალურ ქმედებას და რატომ გათიშა “იმედი” ანძიდან; ანდა, რატომ არ გათიშეს “იმედი” თავად ტელეკომპანიაში მოკალათებულმა ხელისუფლების აგენტებმა? შემდგომში განვითარებულმა მოვლენებმა ხომ ცხადყო, რომ გიორგი თარგამაძე _ “იმედის” საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების დირექტორი, ლევან ვეფხვაძე _ არხის მთავარი პროდიუსერი და “იმედის” სხვა ხელმძღვანელი პირებიც ხელისუფლების ნების აღმსრულებელნი იყვნენ და მათ თავისუფლად შეეძლოთ მაუწყებლობის გათიშვა. ამას ისე გააკეთებდნენ, მათზე ეჭვს ვერავინ მიიტანდა (2008 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე _ 21 მაისამდე მაინც). რატომ წავიდა ვაბანკზე ხელისუფლება, რატომ აიტკივა აუტკივებელი თავი, როცა უპრობლემოდ შეეძლო “იმედის” გათიშვა? ამ კითხვებს ამ წერილში ვუპასუხებ.

მიხეილ სააკაშვილის იმჟამინდელი უახლოესი გარემოცვის შესახებ ბევრი დაწერილა და თქმულა. დღემდე უცნობია ის კულუარული ამბები, რასაც ამ გარემოცვის ერთ-ერთი წევრი იხსენებს. იმ დროს, როცა სპეცრაზმელებმა რიყეზე აქცია დაარბიეს, ხოლო მომიტინგეთა ნაწილმა სამების ეკლესიასთან გადმოინაცვლა, მიხეილ სააკაშვილი შავნაბადაზე იმყოფებოდა. ამ დროს მასთან ერთად იყვნენ გელა ბეჟუაშვილი, ვანო მერაბიშვილი, კახა ბენდუქიძე, ძმები ახალაიები, გივი თარგამაძე, ერეკლე კოდუა, ამირან მესხელი, ზურაბ ადეიშვილი, კახა ლომაია, გიორგი პაპუაშვილი და ნინო ბურჯანაძე. სააკაშვილისთვის ცხადი იყო, რომ რევოლუცია კარს იყო მომდგარი, ამიტომ თითქმის ყველაფერზე იყო წამსვლელი. წყარო აცხადებს, რომ სააკაშვილს და იქ თავმოყრილ ჩინოსნებს ხალხის კრიტიკული მასისა ეშინოდათ, არადა, “იმედიც” და “კავკასიაც” უკვე მოუწოდებდა ხალხს, შეერთებოდნენ აქციის მონაწილეებს. ამ დროს ორივე ტელეკომპანიაში ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ექსპერტები და ინტელიგენციის ცნობილი წარმომადგენლები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ერთადერთი მოწოდებით _ ხალხო, შემოგვიერთდით და დავასრულოთ ეს ხელისუფლება!
მიხეილ სააკაშვილი და მისი გარემოცვა უმძიმეს დღეში იყო. ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრებით გამოწვეული საპროტესტო პროცესი, რომელსაც ოსტატურად მართავდა ბადრი პატარკაციშვილი, ჩანდა, იმ ტალღად უნდა ქცეულიყო, რომელსაც ხელისუფლება უნდა ჩაეძირა. სააკაშვილი ვანო მერაბიშვილს სთხოვდა, სასწრაფოდ მოეფიქრებინა რაიმე, რითაც პროტესტანტ ტელეკომპანიებს შეაჩერებდა.
ამ დროს პარლამენტში გიგა ბოკერია, ლევან რამიშვილი და “თავისუფლების ინსტიტუტის” წარმომადგენლები ხელისუფლების მაღალი შტოებიდან ცალკე თათბირობდნენ ბოკერიას კაბინეტში. მათაც იგივე პრობლემა ჰქონდათ _ “იმედის” როგორმე განეიტრალება. მაგრამ ჩვენთვის უცნობია, პარლამენტში თავშეყრილი ბოკერია და მისი გუნდი რას და როგორ თათბირობდა.
შავნაბადაზე კი სიტუაცია იძაბებოდა. სააკაშვილი მერაბიშვილს უკვე უყვიროდა, _ რამე მოიფიქრე სასწრაფოდო. მერაბიშვილმა შესთავაზა, რომ ერთადერთი გამოსავალი ტელევიზიის გათიშვა იყო; ისიც უთხრა, ამის გაკეთება ანძიდანაც შეიძლება და თავად “იმედის” ტექნიკური ჯგუფიც მოახერხებს. მე მყავს “იმედის” ხელმძღვანელობაში ხალხი, რომლებიც არა მარტო ტექნიკურ ჯგუფს აკონტროლებენო (თარგამაძე, ვეფხვაძე და სხვები). სააკაშვილი თანახმა იყო, რომ თავად “იმედელებს” გაეთიშათ ტელევიზია და ამით, “იმედში” ჩანერგილი აგენტურა გამოეაშკარავებინა.
საკითხი თითქმის გადაჭრილი იყო, მერაბიშვილი ამირან მესხელთან, ერეკლე კოდუასთან და დათა ახალაიასთან ერთად, ცალკე კაბინეტში აპირებდა გასვლას სპეცოპერაციის დეტალების დასაზუსტებლად. უთხრა კიდეც ამ სამეულს _ წავიდეთ, დავაზუსტოთ ყველაფერიო. მიშამ უთხრა ვანოს, ოღონდ შენ ეგ ისე გააკეთე, რომ ოდნავ მაინც ჰგავდეს სიმართლეს, თითქოს “იმედის” ტექნიკურმა ჯგუფმა, პროტესტის ნიშნად, სახელმწიფოს გადატრიალების თავიდან ასაცილებლად გათიშა ტელევიზია და დანარჩენს მოვაგვარებო. დანარჩენი ამერიკის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისგან ამ პოლიტმაქინაციების “გაპრავებაზე” ზრუნვა იყო. სააკაშვილს მხედველობაში ჰყავდა მეთიუ ბრაიზა; ამერიკის ელჩი საქართველოში, ჯონ ტეფტი და აშშ-ის პრეზიდენტის _ ჯორჯ ბუშის გავლენიანი თანაშემწეები. ამ საკითხის მოგვარებას, სააკაშვილთან ერთად, ნინო ბურჯანაძე და გიგა ბოკერია შეეცდებოდნენ. სააკაშვილმა ნინო ბურჯანაძეს უთხრა კონდოლიზა რაისის ერთ-ერთი თანაშემწის გვარი _ დაურეკე, უთხარი, რომ სხვა გზა არ გვაქვს, ან დაგვამხობენ, ან “იმედი” უნდა გავთიშოთ და მერე არ ატეხონ აყალმაყალი, თავისუფალ მედიას რატომ შეეხნენო.
გიგა ბოკერია ახსენა სააკაშვილმა და რამდენიმე წამში კაბინეტში ფერდაკარგული ბოკერია და ლევან რამიშვილი შემოცვივდნენ. გარეთ რამდენიმე ადამიანი უცდიდა მათ. ერთ-ერთი ნინო კალანდაძე იყო. ბოკერიამ იკითხა _ მიშა, რას აპირებ, სანამ არ გადაგვივლიან, მანამდე ხელს არ გაანძრევო? მიშა გაბრაზდა _ “სპეცრაზმმა” ხალხი ჩახოცა ცემით, გაზი, წყლის ჭავლი და “დუბინკა” არ დავაკელი, სხვა რა ვქნაო? ეგ, ხომ ხედავ, არ შველის, უფრო მეტი ხალხი გროვდება, რაიონებიდან დაიძრა ისევ ხალხი, მთავარია, “იმედი” გაითიშოსო. მიშა გაჩუმდა და გიგას უთხრა, ვანოს მოუსმინეო. ვანომ მოკლედ უთხრა, თუ როგორ აპირებდა ტელევიზიის გათიშვას. ლევან რამიშვილმა ჩაილაპარაკა _ მაგარი სისულელეა, გაყიდული ამბავია, ეგ ერთი; მეორეც, რამდენჯერაც გათიშავ, იმდენჯერ ჩაგართვევინებენ, გარედან ზეწოლა იქნება ისეთი, რომ ჩაგართვევინებენ, იმ შენს აგენტურას კი, “იმედში” რომ გყავს, შარში გახვევ არაფრის გამოო.
გიგა ბოკერიამაც იგივე გაიმეორა და თან დასძინა _ “იმედი” სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს, თანაც ისე, უნდა გაითიშოს, გულით რომ სურდეთ, მინიმუმ 1 კვირა ვეღარ ჩართონ, ეს ერთი კვირა გვინდა დროის მოსაგებადო. მიშამ იკითხა _ რა ვქნათო? ბოკერიამ უთხრა _ ტელევიზიაში “სპეცნაზი” უნდა შევარდეს, იქაურობა უნდა მილეწ-მოლეწოს. ნიღბებით ისეთი ხალხი გაუშვით, ვისაც ტელევიზიაში უმუშავია ან მისი სპეციფიკა იცის, რომ, რაც შეიძლება ძვირადღირებული აპარატურა დაამტვრიონ ან ისეთი, ურომლისოდაც “იმედი” ვერც შიდა მაუწყებლობას შეძლებს და ვერც სატელიტზე გავა კარგა ხნითო. ბოკერიამ დასძინა _ ეს სამაგალითო სასჯელი იქნება იქაური ჟურნალისტებისთვისო.
მიშა წინააღმდეგი იყო ამ ოპერაციისა _ ამერიკელებისა ეშინოდა, ამას არ მაპატიებენო. ბოკერიამ უთხრა, რომ საკითხი უკვე შეთანხმებული იყო ჯონ მაკკეინთან და რიჩად ჰოლბრუკთან. თუ გინდა, გადაურეკეო, _ უთხრა მიშას. სააკაშვილმა ორივეს დაურეკა, ორივესგან დასტური მიიღო. ამის მერე მიშამ ბრაიზასთან და ტეფტთან დარეკვაც სცადა, მაგრამ ტეფტმა არ უპასუხა, ბრაიზას კი ესაუბრა. საუბრის დასრულების მერე, მიშამ გიგას უთხრა _ მეთიუმ მითხრა, მე ხელი დამიბანია, რადგან, როგორც ვიცი, დიკ ჩეინიც კი დაიყაბულეს მაკკეინმა და ჰოლბრუკმა “იმედის” დარბევაზე, მე არავინ მეკითხებაო. ბოკერიამ მხოლოდ ამის მერე განაცხადა, რომ დიკ ჩეინიც საქმის კურსში იყო.
ცოტა ხანში სააკაშვილთან დარეკა ჯონ ტეფტმა და მცირე ხნით ესაუბრა. სააკაშვილმა განაცხადა, ტეფტი შედეგებზე პასუხისმგებლობას იხსნის, თუ “იმედში” სისხლი დაიღვარა და მსხვერპლი იქნა, თუ არადა, ხვალ დილით გამოვა და განაცხადებს _ სახელმწიფოს გადატრიალება ხდებოდა, “იმედი” ამ პროცესში იყო ჩართული და ეს იყო დემოკრატიის გადასარჩენად გაკეთებული იძულებითი ქმედებაო. გიგამ დასძინა _ მეთიუც, ალბათ, ამასვე იტყვის, რადგან ტეფტისგან განსხვავებულ განცხადებას ვერ გააკეთებსო.
ამ სპეცოპერაციის წინააღმდეგი, რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, ვანო მერაბიშვილი იყო. მას საკუთარი ვერსია მოსწონდა, მიუხედავად იმისა, რომ მათი მფარველები ამერიკიდან კარტ-ბლანშს იძლეოდნენ. თავიდან სააკაშვილი უყოყმანოდ იყო თანახმა, მაგრამ უეცრად, შეიცვალა პოზიცია. გიგა, თუ რამე მოხდა გაუთვალისწინებელი, მე მომთხოვენ პასუხს შინაც და გარეთაც და არა შენო. ბოკერია გაბრაზდა _ ხვალ ამ დროს პასუხის მომთხოვნი აღარავინ ვიქნებით, დროზე თუ არ ვიმოქმედეთ, გადაგვივლიანო. მერაბიშვილიც ცდილობდა ბოკერიას დარწმუნებას _ გიგა, იქნებ გავთიშოთ “იმედი”, “სპეცნაზი” მაინც “სპეცნაზია”, რამე უბედურება არ დატრიალდესო. დაახლოებით 5 წუთს გაგრძელდა კამათი, ბოკერია-რამიშვილი თავიანთ არგუმენტებს ასახელებდნენ, ძირითადად, მიშას აშინებდნენ, მალე აქ კაბინეტში შემოგივარდება ხალხი, იმ საკანში კი, ოქრუაშვილი რომ ზის, შენ ჩაგსვამენო.
მერაბიშვილი უკვე აღარ აქტიურობდა, ბოკერიამ გააჩუმა, რამდენჯერაც რამის თქმა დააპირა. მიშა მაინც თავისაზე იდგა _ არა, გავთიშოთ “იმედიო”. ბოლოს _ ბოკერიამ უთხრა: თუ მაგათ არ დაარბევ სასწრაფოდ, მე ჩემი გუნდით გადავდივარ ოპოზიციაში და, რაც გინდა, ის ქენიო _ კაბინეტიდან გავიდა. მას მიჰყვა ლევან რამიშვილი. უცებ სიჩუმე ჩამოვარდა, მიშას მიტკლის ფერი დაედო, შუა ბრძოლაში მტოვებს, ეს ხომ არ გაგიჟდაო, _ თქვა ბოკერიას მისამართით. მერე ბურჯანაძეს მიუბრუნდა, გიგა თუ წავიდა, საერთაშორისო მხარდაჭერას დავკარგავთ; ეგ ერთი უბედურება და მეორე უბედურება კიდევ _ ბოკერია იქნება ოპოზიციაშიო. ბურჯანაძემ უთხრა, მართალი ხარ, მაგის მხრიდან წასვლა ახლა ღალატია, მაგრამ არ ესმის და, ხომ იცი, თუ აიჩემა, ვერ გააგებინებო.
ამის მერე მიშამ ვანოს უთხრა, _ “სპეცნაზი” გაამზადე, გაუშვი “იმედში” და დალეწონ იქაურობა, ოღონდ, მსხვერპლი არ იყოსო. თავად კი გიგა ბოკერიას დაურეკა _ ამობრუნდი, ყველაფერზე ნუ იბუტები, ვანო უკვე ამზადებს “სპეცნაზს” “იმედში” გასაგზავნადო. ბოკერია და რამიშვილი, ეტყობა, შენობიდანაც არ იყვნენ გასული და მალევე შემობრუნდნენ უკან. მათ მოსვლამდე კი მერაბიშვილი, გივი თარგამაძე, ამირან მესხელი, დათა ახალაია და ერეკლე კოდუა გავიდნენ კაბინეტიდან. ეს ის დროა, როცა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გამო, დათა ახალაია ძიების დასრულებამდე “გადააყენეს” პოსტიდან. არადა, თავიდან ბოლომდე  იქ იყო, პროცესის დაწყებიდან ბოლომდე.
სწორედ ახალაიას და კოდუას დაევალათ “იმედის” იმ ხელმძღვანელთა და ჟურნალისტთა უსაფრთხოდ გამოყვანა დარბევის დროს, ვინც ხელისუფლების აგენტი იყო. სხვათა შორის, ვანო მერაბიშვილმა თავად დაურეკა გოკა გაბაშვილსა და მაია ნადირაძეს და სთხოვა _ “იმედში” თქვენი “ჟურნალისტების” გვარები მითხარითო. ცხადია, ეს აგენტები “იმედში” დამატებითი უსაფრთხოების ზომებით უზრუნველყვეს, რადგან, როცა “სპეცნაზი” შედის სადმე, სპეცოპერაციის ჩასატარებლად და თან ობიექტზე შეიარაღებული დაცვაა, კაცმა არ იცის, რა მოხდება.
აი, ასეთია “იმედის” დარბევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების რეალური ისტორია. დასკვნის სახით, იმის თქმა შეიძლება, რომ ამერიკელებმა მიხეილ სააკაშვილიც გადააგდეს და გიგა ბოკერიაც. 8 ნოემბერს მეთიუ ბრაიზაც და ჯონ ტეფტიც აკრიტიკებდნენ სააკაშვილს, “დამოუკიდებელ ტელეკომპანიაში სპეცდანიშნულების რაზმის შეჭრის, ჟურნალისტთა დევნისა და “იმედის” კუთვნილი ტექნიკის მწყობრიდან გამოყვანის გამო”. თითქმის ანალოგიური განცხადება გააკეთა კონგრესმენმა რიჩარდ ჰოლბრუკმაც. იმავე დღეს, საღამოს სააკაშვილი ამერიკელებმა აიძულეს, გადამდგარიყო და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დაენიშნა. თავად კი ხელები დაიბანეს. წყარო აცხადებს, რომ, მიუხედავად მრავალგზისი მცდელობისა, სააკაშვილი 8 ნოემბერს ვერც ჯონ მაკკეინს დაუკავშირდა და ვერც დიკ ჩეინს. ამასვე ცდილობდა გიგა ბოკერიაც, მაგრამ ამაოდ. რიჩარდ ჰოლბრუკმა კი უმნიშვნელოვანესი შეხვედრა მოიმიზეზა და მათთან ლაპარაკს თავი აარიდა, თუმცა მალე გააკეთა სააკაშვილის ხელისუფლების ქმედების დამგმობი განცხადება.
მოკლედ, “იმედის” დარბევა ამერიკაში გადაწყდა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, დიკ ჩეინის გეგმით განახორციელა გიგა ბოკერიამ, ხოლო მერე უგანეს სააკაშვილს, რადგან ევროპული საზოგადოებრივი აზრი და მედია დაუპირისპირდა საქართველოს ხელისუფლებას. ამერიკის ადმინისტრაციაც იძულებული გახდა, გადაწყობილიყო ევროპელთა ჰანგებზე. სააკაშვილს კი განაჩენი უკვე თბილისში გამოუტანეს, ოღონდ _ ისევ ამერიკელებმა, ჯონ ტეფტმა და მეთიუ ბრაიზამ კატეგორიულად მოსთხოვეს, გადამდგარიყო.
სააკაშვილი მართალი გამოდგა _ მომხდარზე პასუხისგება მას მოუწია და გადადგა, გიგა ბოკერიამ კი კიდევ ერთი ქულა ჩაიწერა ამერიკელ პატრონებთან დავალების უზადოდ შესრულების გამო.
ლევან ჯავახიშვილი 
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here