Home რუბრიკები პოლიტიკა ციყვი ბორბალში, ანუ აგონიის მოკრძალებული ხიბლი

ციყვი ბორბალში, ანუ აგონიის მოკრძალებული ხიბლი

1122

GEWORLD.GE:
“ერთ-ერთი სერიოზული ოპოზიცია ცდილობს, წარსულში დაგვაბრუნოს. ვფიქრობ, წარსულში დაბრუნება აქ არავის უნდა, თუმცა შესაძლოა, მოქალაქეების 10-15%-ს უნდოდეს, მაგრამ ეს მომაკვდავი მენტალიტეტია და უკან დაბრუნების შანსი არ არსებობს,” _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 28 ოქტომბერს, უკრაინულ დელეგაციასთან შეხვედრაზე. კომენტატორების უმრავლესობამ ეს პასაჟი შეაფასა, როგორც სააკაშვილის პირველი საჯარო კომენტარი პოლიტიკურ არენაზე ბიძინა ივანიშვილის გამოჩენასთან დაკავშირებით. განხილული განცხადება, ალბათ, მკაფიოდ მიანიშნებს იმაზე, რომ სააკაშვილი საკონსტიტუციო უმრავლესობისა და შეუზღუდავი ძალაუფლების დათმობას ცოცხალი თავით არ აპირებს. ამ მიდგომამ კი შეიძლება გზა ძალიან ნეგატიური სცენარების რეალიზებას გაუხსნას.
როგორც ციყვი ბორბალში

რას აკეთებს დღეს სააკაშვილი? ერთის მხრივ, ის მთლიანად წინასაარჩევნო რეჟიმშია გადასული, პრაქტიკულად, ყოველდღიურად რეგიონებში ჩადის, ცინცხალ ინიციატივებს ახმოვანებს, ჰაერში ფერად ბუშტებს უშვებს და ა.შ. მეორეს მხრივ, მისი ხელისუფლება ახალი პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ მასირებულ შეტევას ახორციელებს. ამ შეტევას შეუძლებელია გააზრებული ან მომზადებული უწოდო; თუმცა ფაქტია, ის ფრონტალურ ხასიათს ატარებს და მასში პრაქტიკულად ყველა საინფორმაციო და პოლიტიკური რესურსია ჩართული.
სააკაშვილის ახალი ინიციატივები ექსპრომტის შთაბეჭდილებას ტოვებს. ავიღოთ თუნდაც 26 ოქტომბერს მთავრობის სხდომაზე გაკეთებული განცხადება: “თუ ნებისმიერი ბიზნესი სამსახურში 45-დან 60 წლამდე ადამიანს აიყვანს, გარკვეულ ფარგლებში გათავისუფლდეს საშემოსავლო გადასახადისგან”. ამ განცხადებიდან არ ჩანს, თუ როგორ უნდა მოხდეს პროცესის ადმინისტრირება, სხვადასხვა მაქინაციების პრევენცია, რომელთა შესაძლებლობა ზედაპირზე დევს. მოკლედ, გაუგებარია, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ამ ინიციატივის პრაქტიკული რეალიზება. როდესაც სააკაშვილი მსგავს ლოზუნგებს ახმოვანებს, მისი პარტიის წარმომადგენლები, როგორც წესი, წინასწარ მომზადებულები არიან და თავიანთი ბელადის იდეების განვრცობას და ინტერპრეტირებას ახდენენ. მაგრამ ამ შემთხვევაში ისინი მეტწილად დუმდნენ, მხოლოდ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ მელიქიშვილმა განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში “საგადასახადო შეღავათის დაწესებაზე მსჯელობა, როგორც იდეის ავტორთან, ასევე მეწარმეებთან უნდა შედგეს და გადაწყვეტილება ამის შემდეგ იქნება მიღებული”. ეს, ალბათ, ნათლად მიანიშნებს იმაზე, რომ სააკაშვილის ინიციატივა წინასაარჩევნო ექსპრომტია, რომელსაც მმართველი პარტიაც კი ერთობ მოუმზადებელი შეხვდა.
მთავრობის ამავე სხდომაზე ნიკა გილაურმა “მთავრობის 10-პუნქტიანი სტრატეგიული განვითარების გეგმის” პრეზენტაცია მოახდინა. თუ რამ განაპირობა ამ გეგმის ინიცირება, “ბევრი ექსპერტისთვის პასუხგაუცემელ კითხვად რჩება, _ აღნიშნავს “რადიო თავისუფლება”, _ მათ შორისაა ეკონომიკური და სოციალური კვლევების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი დავით ნარმანიაც. მისი განცხადებით, 10-პუნქტიანი გეგმის მსგავსია მთავრობის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების უკვე არსებული დოკუმენტი”. 10-პუნქტიან გეგმაში ახალი მართალაც არაფერია და ის, სავარაუდოდ, მხოლოდ ახალ ტიკში ძველი ღვინის ჩასხმის მცდელობას წარმოადგენს. მსგავსი აქტიურობა, ალბათ, მხოლოდ წინასაარჩევნო კონტექსტში უნდა განვიხილოთ, ისევე, როგორც სააკაშვილის ვიზიტები რეგიონებში; კახეთში, სადაც მან განაცხადა: “კახეთისთვის ძალიან დიდ სიურპრიზს ვამზადებთ” (ტერიტორიებს დააკარგვინებს?), გორში, სადაც სააკაშვილმა, ალბათ, საკუთარი “საბრძოლო დიდების” ადგილები მოინახულა, ტყიბულში და ა.შ.
შემდეგ, როდესაც ცესკო არჩევნების შედეგებს “დადებს” და, დიდი ალბათობით, “ნაციონალურ მოძრაობას” საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვებას მიანიჭებს, ამ პარტიის წარმომადგენლები, ალბათ, იტყვიან, რომ მოსახლეობასთან კარგი წინასაარჩევნო მუშაობა ჩაატარეს. ყველაზე საინტერესო კი ისაა, თუ რა მოხდება ამ მომენტიდან მოყოლებული. თუ ივანიშვილი თავის პოლიტიკურ პარტნიორებთან ერთად ჩაატარებს თუნდაც საშუალო დონის კამპანიას უხეში შეცდომების გარეშე, ალბათ, ყოვლად წარმოუდგენელი იქნება, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” საკონსტიტუციო უმრავლესობის აღება შეძლოს. მაგრამ ასევე წარმოუდგენელია, ხელისუფლება თუნდაც ტოტალური გაყალბების ფასად არჩევნების რაიმე სხვა შედეგს დასჯერდეს. მას ეს, უბრალოდ, არ ძალუძს. ალბათ, სწორედ აქედან მოდის სააკაშვილის წინმსწრები განცხადებები 10-15%-ზე (კიდევ კარგი, 7-8% არ თქვა); მან, როგორც ჩანს, მიანიშნა, რომ მეტის დათმობას არ აპირებს.
რა მოხდება ასეთი “არჩევნების” შემდეგ? პროცესების გადატანა ქუჩაში თუ ალასანია-უსუფაშვილის დაღვრემილი სახეები პრესკონფერენციაზე, სადაც ისინი განაცხადებენ, რომ პარლამენტში მაინც შევლენ და “ბრძოლას იქედან გააგრძელებენ”? თუ რით სრულდება “ბრძოლა იქიდან”, ფაქტობრივი ერთპარტიულობის პირობებში, გასულ კვირას თვალნათლივ ვიხილეთ, როდესაც ხელისუფლებამ ალასანიას ორ თანაგუნდელს _ ზურაბ აბაშიძესა და ვიქტორ დოლიძეს თბილისის საკრებულოში დაკავებული თანამდებობები დაატოვებინა; პოლიტიკური ანგარიშსწორების მსგავს ფაქტებს ადგილი, დიდიხანია, არ ჰქონია.
ვარაუდი, რომ დასავლეთი გაყალბებული არჩევნების შემდეგ სააკაშვილს სანქციებს დაუწესებს, ერთობ ოპტიმისტური და, ალბათ, ძლიერ უსაფუძვლოა. ვაშინგტონი კომიკურ სიტუციაში აღმოჩნდება, თუ ერთ-ერთი ყველაზე პროამერიკული რეჟიმის წინააღმდეგ სერიოზულ სანქციებს შემოიღებს. მაქსიმუმი, სავარაუდოდ, თითის რამდენიმე დაქნევა და რიგი პროგრამების შეჩერება იქნება; ასე, ალბათ, ევროკავშირიც მოიქცევა. თუ გაყალბებული არჩევნების შემდეგ არ დაიწყება უძლიერესი ზეწოლა რეჟიმზე ქვეყნის შიგნით, დაახლოებით ისეთი, როგორსაც ადგილი ეგვიპტეში ჰქონდა, ჯადოსნურ ფრაზას “სააკაშვილი უნდა წავიდეს” დასავლურ დედაქალაქებში “თავისით” არავინ წარმოთქვამს.
მაგრამ იმისთვის, რომ მსგავსი პროცესები წარმატებით დაგვირგვინდეს და მას მასშტაბური დესტაბილიზაცია არ მოჰყვეს (სამოქალაქო ომი ან რაიმე სხვა უბედურება), აუცილებელია, რომ ხელისუფლების შიგნით ბზარი გაჩნდეს. მმართველ ჯგუფში, რომელშიც ათიოდე ადამიანი შედის, განხეთქილება სავარაუდოდ, არ მოხდება, რადგან მასში შემავალ პირებს, სხვა რეჟიმის პირობებში არანაირი ხელშესახები პერსპექტივა არ აქვთ. თუმცა განხეთქილება მეორე-მესამე ეშელონში (ალასანიას თქმის არ იყოს), სავსებით რეალური ჩანს.
Вот апперкот –  я на полу, и мне нехорошо…
დღევანდელი სიტუაცია, ალბათ, განსხვავდება “ვარდების რევოლუციის” წინარე პერიოდისგან იმით, რომ მაშინ ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელს ოპოზიციისთვის (სინამდვილეში კი, ხელისუფლების კონტროლირებადი გადაცემისთვის) აქტიური წინააღმდეგობის გაწევა რომც დაეპირებინა, შევარდნაძე ამ მცდელობას, სავარაუდოდ, სწრაფად და ეფექტურად აღკვეთდა. სააკაშვილი განსხვავებულ მდგომარეობაშია. მას, ჯერ ერთი, ხელისუფლებიდან წასვლა არ სურს, მაგრამ ამას რომც დათანხმდეს, გაუჭირდება, თანაგუნდელები აიძულოს, “ვარდების რევოლუციის” მსგავსი სცენარის ჩარჩოებში იმოქმედონ.
სააკაშვილის კონტროლი საკუთარ გარემოცვაზე მეტწილად ეფემერულია. ასეთ თამაშებში მას შევარდნაძეზე გაცილებით ნაკლები გამოცდილება აქვს, ამიტომ ჩვენ, ალბათ, ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ ხვალ რომელიმე სახელისუფლო ჯგუფში შეთქმულება არ აღმოცენდება. ვინც რუსული რევოლუციის ისტორიას იცნობს, ალბათ,  გაიხსენებს, რომ თებერვლის რევოლუციის წინარე პერიოდში, ხელისუფლების მაღალ ეშელონებსა და ნიკოლოზ II-ს გარემოცვის წიაღში, სადაც აცნობიერებდნენ (ან გრძნობდნენ), რომ საქმე კრახისკენ მიდის, იბადებოდა უამრავი კომბინაცია, თითქმის რეალიზების სტადიამდე მიყვანილი შეთქმულება, რომელიც მიზნად ხელისუფლების შენარჩუნებას ისახავდა, თუნდაც ეს მონარქის ნების უგულებელყოფით ან კანონის დარღვევით მომხდარიყო. მსგავსი მისწრაფებები დესტაბილიზაციის საფრთხეს ზრდის.
ხელისუფლების დღევანდელი აქტიურობის მეორე მიმართულებას, მის ფრონტალურ შეტევას ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, უმეტესწილად, იდიოტიზმის ჭარბი გამოვლენა ახასიათებს. ივანიშვილს, ისევე, როგორც ნებისმიერ პოლიტიკოსს (ბიზნესმენს ან, ზოგადად, ადამიანს), სუსტი წერტილები ნამდვილად აქვს და მის წინააღმდეგ ეფექტური პროპაგანდისტული კამპანიის წარმოება შეუძლებელი სულაც არ არის. მაგრამ ხელისუფლება ამ სუსტ წერტილებს კი არ ურტყამს, არამედ, როგორც საინფორმაციო, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით, იმდენად არაპროფესიულ, უკიდეგანო ბოღმით სავსე შეტევას აწარმოებს, რომ, ძალიან დიდი ალბათობით, საპირისპირო შედეგს მიაღწევს და ივანიშვილის ისედაც სოლიდურ რეიტინგს კიდევ უფრო გაზრდის.
რამდენიმე კომენტატორმა ეჭვიც კი გამოთქვა _ ხომ არ არის ეს მხოლოდ წინააღმდეგობის იმიტაცია და არა რეალური წინააღმდეგობა, თუმცა საქმე, ალბათ, მაინც სხვა რამესთან გვაქვს: ივანიშვილის “გამოჩენიდან” არც ისე დიდი დრო გავიდა, ხელისუფლება შოკური მდგომარეობიდან ჯერაც არ გამოსულა და, შესაბამისად, კონტრმოქმედების გააზრებულ სტრატეგიას, სავარაუდოდ, ვერ შეიმუშავებდა. ის, ალბათ, შეიძლება, შევადაროთ მოკრივეს, რომელმაც უძლიერესი აპერკოტი “გაუშვა”, გონება დაუბნელდა და ახლა ხელებს ქაოტურად იქნევს, რათა შემდეგი დარტყმა როგორმე თავიდან აიცილოს (ვლადიმერ ვისოცკის ამ თემაზე გენიალური სიმღერა ჰქონდა), საინტერესოა, მისცემს თუ არა ივანიშვილი ამოსუნთქვის საშუალებას? ლოგიკით თუ ვიხელმძღვანელებთ, წესით, არ უნდა მისცეს.
ამასთანავე, არის კიდევ ერთი საინტერესო ნიაუნსი; სერიოზულ სიტუაციებში სააკაშვილის ხელისუფლება დამოუკიდებლად, პრაქტიკულად,
არასოდეს მოქმედებდა. თავის საქმეში ფრიად გაწაფული ამერიკელი მრჩევლები მუდამ მის გვერდით იყვნენ. ისინი ყოველთვის მოქმედებდნენ, როგორც ძიძა, რომელიც ბავშვს სიარულს ასწავლის. როდესაც ხსენებული ბავშვი დაუსხლტდებოდა და რაიმე შარში გაეხვეოდა, მისდევდნენ, ფეხზე აყენებდნენ, ტანსაცმელს უწმენდნენ და ისევ ხელს ჰკიდებდნენ და აქით-იქით დაატარებდნენ. მათი “მზრუნველი ხელი” საქართველოს შიდაპოლიტიკურ პროცესებში, სავარაუდოდ, საკვანძო როლს ასრულებდა. დღეს კი (ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით) ივანიშვილთან დაკავშირებული პროცესების მიღმა ძია სემის ხსენებული “ხელი”, რომელიც ადრე თითქმის მუდამ მზად იყო, რეჟიმისთვის დახმარება აღმოეჩინა, არ იგრძნობა. სააკაშვილის ხელისუფლება, როგორც ჩანს, ამ ეტაპზე დამოუკიდებლად მოქმედებს და ივანიშვილთან ბრძოლაში შეცდომას შეცდომაზე უშვებს. მისი ქაოტური აქტიურობიდან ეფექტურობა სულაც არ გამომდინარეობს; უფრო _ პირიქით.
გრძელი გზა რაიხსტაგისკენ
“სტრატეგიული თვალსაზრისით, ხელისუფლებას წაგებული აქვს. პრობლემა ის არის, ძალიან დაბლა არ შევაფასოთ ხელისუფლება, კიდევ ძალიან ბევრი ცუდის გაკეთება შეუძლია,” _ განაცხადა ფილოსოფოსმა კახა კაციტაძემ PRESAGE.TV-სთან საუბარში. ეს გასული მშფოთვარე თვის, ალბათ, ყველაზე ზუსტი კომენტარი იყო. მეორე მსოფლიო ომთან პარალელს თუ გავავლებთ, ფაქტობრივად, საქმე 1943-44 წლების მიჯნასთან გვაქვს, მაღალი რანგის პოლიტიკოსებისთვის და სამხედროებისთვის უკვე სავსებით ცხადია, რომ ომის ბედი გადაწყვეტილია, თუმცა უმრავლესობისთვის ცხადი ჯერ კიდევ არაფერი არ არის და ბერლინამდე გრძელი, მძიმე გზაა.
აშშ, დიდი ბრიტანეთი და საბჭოთა კავშირი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული სახელმწიფოები იყვნენ, მაგრამ მათ გააერთიანეს ძალები, რათა ნაცისტური გერმანია დაემარცხებინათ. უინსტონ ჩერჩილი, კომუნიზმის ერთ-ერთი ყველაზე თანმიმდევრული მოწინააღმდეგე მსოფლიოში, 1941 წლის 22 ივნისს პარლამენტში მივიდა და თავისი ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი სიტყვა წარმოთქვა. მასში, მათ შორის, ასეთი მონაკვეთიც იყო: “ჩვენ ერთადერთი შეუცვლელი მიზანი გვაქვს. ჩვენ მოწადინებულნი ვართ, ჰიტლერი და ნაცისტური რეჟიმის ყველა კვალი გავანადგუროთ. უარს ამაზე ვერაფერი გვათქმევინებს. ჩვენ არასოდეს გავურიგდებით, არასოდეს დავიწყებთ მოლაპარაკებებს ჰიტლერთან, ან მისი ბანდის რომელიმე წევრთან. ჩვენ ვიბრძოლებთ მის წინააღმდეგ ხმელეთზე, ჩვენ ვიბრძოლებთ მის წინააღმდეგ ზღვაზე, ჩვენ ვიბრძოლებთ მის წინააღმდეგ ჰაერში, ვიდრე, ღვთის შეწევნით, არ ვიხსნით სამყაროს მისი აჩრდილისაგანაც კი და ერებს მისი უღლისგან არ გავათავისუფლებთ. ნებისმიერი ადამიანი ან სახელმწიფო, რომელიც ნაციზმის წინააღმდეგ იბრძვის, ჩვენს დახმარებას მიიღებს. ნებისმიერი ადამიანი ან სახელმწიფო, რომელიც ჰიტლერის გზას მიუყვება, ჩვენი მტერია”.
ალბათ, არის ამქვეყნად სიტუაციები, როდესაც განსხვავებული შეხედულებებისა და მისწრაფებების ადამიანებმა უკანა პლანზე უნდა გადაწიონ ის, რაც ერთმანეთისგან აცალკევებს და გაუმაძღარ ბოროტებას ერთიანი ძალებით შეუტიონ. არანაირი პარალელები სააკაშვილსა და ჰიტლერს შორის, თუმცა მისი ხელისუფლება საზოგადოებასთან მიმართებაში, სავარაუდოდ, სწორედ ისეთივე პოზიციაში ჩადგა, როგორც ნაცისტური გერმანია დანარჩენ კაცობრიობასთან მიმართებაში და მათი თანაარსებობა, რაღაც მომენტში, შეუძლებელი შეიქნა. დღეს ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების წევრებს მიეცათ შესაძლებლობა, არა მხოლოდ შეხედონ ერთმანეთს როგორც პოტენციურ მოკავშირეებს, არამედ ეს პოლიტიკური მოკავშირეობა რეალობად აქციონ.
შემდეგ ისინი, ალბათ, ისევ დაშორდებიან ან სულაც დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, მაგრამ ეს, სავარაუდოდ, მოხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ერთად დაამარცხებენ ბოროტებას, რომელსაც ადამიანობასთან და სიცოცხლესთან შეუთავსებლად მიიჩნევენ და ერთმანეთს პირობით მდინარე ელბაზე შეხვდებიან.
თუ საზოგადოება ერთიანი ოპოზიციური ფრონტის იდეას გაიაზრებს და შეისისხლხორცებს, სააკაშვილს ხელისუფლების შენარჩუნების იოტისოდენა შანსიც არ დარჩება. ამიტომ მისი მთავარი დარტყმა, სავარაუდოდ, ამ იდეის ან, თუ გნებავთ, ამ განწყობის წინააღმდეგ იქნება მიმართული.
ისე საინტერესო დროში ვცხოვრობთ, ყველაფერი ცხადი კია, თუმცა ამავე დროს და პარადოქსულად ცხადი ჯერ კიდევ არაფერია.
დიმიტრი მონიავა
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here