Home რუბრიკები პოლიტიკა ბიძინა ივანიშვილი: სააკაშვილს დღეს საკუთარი დედაც კი არ მისცემს ხმას!

ბიძინა ივანიშვილი: სააკაშვილს დღეს საკუთარი დედაც კი არ მისცემს ხმას!

642

როგორც სააკაშვილს უყვარს ხოლმე თქმა, ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციაზე ჯერ არნახული ვითარება სუფევდა. ჟურნალისტები ისე გლეჯდნენ ერთმანეთს ხელიდან მიკროფონს, როგორც არასდროს და არავისთან. ყველაზე მეტად «ნაციონალური» არხების ჟურნალისტები აქტიურობდნენ. წინასწარ მომზადებული «ჩამჭრელი» კითხვები ერთი ხელით ნაწერს ჰგავდა, სახის მიმიკა და ინტონაციაც _ ერთი სარკის წინ ნავარჯიშევს.
ბიძინა ივანიშვილი იმაზე უფრო მშვიდი და მობილიზებული ჩანდა, ვიდრე ამას «პოლიტიკოსობაზე» თავგამოდებული «ნაციონალი» დეპუტატები ახერხებენ ხოლმე. მათი ბანაკის წევრი ჟურნალისტები თავისივე დეზინფორმაციების შესახებ უსვამდნენ კითხვებს ივანიშვილს, ის კი ღიმილით ურჩევდა, დამშვიდებულიყვნენ, ერთმანეთისთვის ესმინათ და საკუთარი პროფესიისთვის ეცათ პატივი.
მისი პასუხებიდან გაირკვა, რომ იგი კარგად არის ინფორმირებული საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებში, იცნობს «მეინ-სტრიმს» და მისი «წამოკიდება» არც ისე იოლი ყოფილა. ერთი სიტყვით, მათ, ვისაც იმედი ჰქონდა, რომ მილიარდერი პოლიტიკაში დილეტანტია, მძიმე დარტყმა მიიღეს. ივანიშვილი იმდენად ეფექტიანად იგერიებდა ჟურნალისტთა თავდასხმებს (სწორედ თავდასხმებს, რადგან ეს, მისივე სიტყვებით, «ზემოდან დავალებული კითხვები იყო და არა ის, რაც ჟურნალისტს უნდა აინტერესებდეთ»), რომ ვერავინ იფიქრებდა, თუ ეს მისი პირველი და თანაც ასეთი მასშტაბური პრესკონფერენცია იყო.
ბიძინა ივანიშვილმა პრესკონფერენციაზე ფარისევლური პოლიტკორექტულობის გარეშე მოუწოდა ჟურნალისტებს, იყვნენ გულწრფელები და ბრძანებებისგან გათავისუფლდნენ. პირველი შეკითხვა, შეთანხმებისამებრ, «საზოგადოებრივი მაუწყებლის» წარმომადგენელმა დასვა, უფრო სწორად, საყვედურებით აავსო ივანიშვილი «მედიაზე თავდასხმისთვის»; უსაყვედურა პრესკონფერენციაზე შესვლისას ჟურნალისტების შემოწმებისთვის, დაინტერესდა, მომავალშიც ხომ არ აპირებს ამ მეთოდით ჟურნალისტებთან ურთიერთობას და არის თუ არა ეს ის დემოკრატია, რითაც ივანიშვილს ევროპის გაოცება სურს.
ბიძინა ივანიშვილმა გოგონას უპასუხა, რომ მისი სურვილია, ჟურნალისტი «ასე არ დაიძაბოს», პრესკონფერენციაზე ასეთი «მომზადებული» არ მივიდეს, თავისუფალი იყოს და დასვას ის კითხვები, რაც პირადად მას აინტერესებს და არა _ რაც დაუკვეთეს.
«ჩემი მიზანია ნამდვილი დემოკრატიული გარემოს შექმნა, ნამდვილი მედია და არა ის, რასაც წარმოადგენს «პირველი არხი», «რუსთავი 2» და «იმედი». თავი დავანებოთ ერთმანეთის მოტყუებას, თვალებში შევხედოთ ერთმანეთს, გავუღიმოთ და სიმართლე ვთქვათ», – განაცხადა მან. ივანიშვილი არც იმას მორიდებია, რომ «იმედის» ჟურნალისტისთვის ეთქვა: «იყავით საქართველოს იმედი და არა _ სააკაშვილისა»!
«მაესტროსთან» და «კავკასიასთან» დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, ისინი ობიექტურები უნდა იყვნენ და არა ნახევრად ობიექტურები. «მე ვიქნები გულწრფელი თქვენს შეკითხვებზე პასუხისას და თქვენც შეეცადეთ, იქნებ დღეს რაღაც ახალს მივაღწიოთ. მე მოვედი არა ვინმეს დასამარცხებლად, არამედ საქართველოს გასამარჯვებლად. მე მოვალე ვარ, ყველას ვუთხრა, რაც ხდება».
ჟურნალისტის ტირადაზე (ეს კითხვა კი არა, პოზიციის დაფიქსირება უფრო იყო) იმის შესახებ, რომ ივანიშვილმა 2008 წლის ომის დაწყებაზე პასუხისმგებლობა ქართულ მხარეს დააკისრა, მან ასე უპასუხა: «მოვიშველიებ ტალიავინის მოხსენებას და სპეციალური რეზოლუციის ტექსტს, რომელშიც წერია, რომ ქართულმა მხარემ დაიწყო საომარი მოქმედება. მე შემიძლია დაგიზუსტოთ იმ ქართველებს, ვისაც ეს საწყენად მიგაჩნიათ და შეგახსენოთ, როგორ ვითარდებოდა პროცესი _ როგორ იბომბებოდა ლიახვის ხეობა გაუგებარი ფორმირებების მიერ. იმის ნაცვლად, რომ სააკაშვილს მოსახლეობა გამოეყვანა, საერთაშორისო ორგანიზაციები მოეწვია და დაეფიქსირებინა, რაც ხდებოდა, მან დაიწყო რეგიონის გაუაზრებელი დაბომბვა და ეს ფიქსირდება ყველგან».
«სამი ტელევიზია ამ ყველაფერს ისე გადმოგვცემს, თითქოს ომი დაიწყო რუსეთმა და გაიმარჯვა საქართველომ. ნუთუ ქართველი ხალხი ასეთი ბრიყვია?!
განა არ გვახსოვს, რის შემდეგ წამოვიდა რუსეთისგან დიდი აგრესია? მსოფლიოში ყველამ ყველაფერი იცის, ნუ ვცდილობთ ხალხის გაბრიყვებას. ასეთი იყო სიტუაცია. ასე გვახსოვს ჩვენ და ამას ვერ წაშლიან მეხსიერებიდან, ვერ მოახდენენ ჩვენს ზომბირებას,» _ აღნიშნა ივანიშვილმა.
უკვე მობეზრებულ შეკითხვაზე, არის თუ არა იგი «კრემლის უკანასკნელი იმედი», ივანიშვილმა მშვიდად განმარტა: «ის, რომ მე კრემლის პროექტი, აგენტი და უკანასკნელი იმედი ვარ, მოგონილია, რადგან ხელისუფლებას ჩემ წინააღმდეგ ხელჩასაჭიდი არაფერი აქვს. კრემლის პროექტი, აგენტი, იმედი _ ჩემზე ძირითადი შეტევა ამ კუთხით ხორციელდება. მუდმივად ამ თემას ატრიალებენ და აჟიტირება ხდება, თითქოს მე საქართველოში მტრული განზრახვით ვარ გამოგზავნილი. ამის საპასუხოდ ვთქვი, რომ, 9 წელია, რუსეთში არ ვყოფილვარ, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს საკმარისი პასუხი არ აღმოჩნდა.
ასეთ შემთხვევაში, მინდა მოგმართოთ, ქმედებით შემაფასოთ _ 20 წლის წინ საქართველოში 450 ტრაქტორი გამოვგზავნე და იქიდან მოყოლებული სიკეთის მეტი არაფერი მიკეთებია. რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ მე შეიძლება საქართველოსთვის საშინელება ჩავიდინო? თუ მტრების გეშინიათ, შეხედეთ სააკაშვილს. განა მასში არ ჩანს ის, რაც გინდათ, რომ მე მომაწეროთ?! განა მტრული არაა ამდენი ძალადობა?! გარდა ამისა, ორ კარგ მაგალითს მოვიყვან _ კახა ბენდუქიძეს, რომელიც პირდაპირ რუსეთიდან წამოსული მინისტრად დასვეს, და გრიგოლ ვაშაძეს, რომელიც ასევე რუსეთიდან წამოსული დღეს საგარეო საქმეთა მინისტრია. მათ მიმართ რატომ არ დაისვა ეს შეკითხვები?! მინდა მივმართო საქართველოს მოსახლეობას – ჩემზე, როგორც რუსეთის პროექტზე, აგენტზე თუ იმედზე ლაპარაკობენ იმიტომ, რომ ჩემ საწინააღმდეგოდ არაფერი აქვთ ხელჩასაჭიდი. არ არსებობს ჩემ მიერ ჩადენილი არანაირი კანონდარღვევა».
ბიძინა ივანიშვილმა რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის აღდგენაზეც ისაუბრა. მისი თქმით, რუსული ბაზარი უაღრესად საინტერესოა და მისკენ მთელი მსოფლიო ისწრაფვის. «რუსული ბაზარი ჯერ კიდევ რუსეთ-საქართველოს ომამდელ პერიოდში დაიკარგა. სააკაშვილმა თავისი არადიპლომატიური და გაუაზრებელი განცხადებებით მიაღწია იმას, რომ რუსული ბაზარი მარტო საქართველოსთვის დაიკეტა. ეს მოხდა ომამდე. მისი გაუაზრებელი განცხადებების შედეგად საქართველოს მოსახლეობამ უდიდესი ბაზარი დაკარგა. დღეს მთელი მსოფლიო ახერხებს რუსეთთან სავაჭრო- ეკონომიკური ურთიერთობების დამყარებას და ჩვენც უნდა შევძლოთ ეს,» _ აღნიშნა ივანიშვილმა.
მან «იუკოსის» ყოფილი ხელმძღვანელის, მიხეილ ხოდორკოვსკის საქმესთან დაკავშირებით «გულშემატკივრულ» კითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ ამ საქმის დეტალებს უშუალოდ იცნობს. «ცივილიზებულმა სამყარომ გვიან დაიწყო ამ საკითხის განხილვა. მე კარგად ვიცი, რომ აუქციონის გამართვისას, დასაწყისშივე იყო დიდი შეცდომები. თუმცა, ხოდორკოვსკი შერჩევითად დაისაჯა, რაც მართებულად არ მიმაჩნია».
არაერთი ჟურნალისტი დაინტერესდა ივანიშვილის შემდგომი ნაბიჯებით მოქალაქეობის ჩამორთმევის შემდეგ. «მოქალაქეობა უკანონოდ ჩამომართვეს, მაგრამ ვერ ჩამომართმევენ ქართველობას და სამშობლოს სიყვარულს, რომელიც ძალიან დიდია,» _ განაცხადა მან.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ვერანაირი ქმედება, ვერც კანონიერი და ვერც უკანონო, მას ვერ შეუშლის ხელს, «მივიდეს არჩევნებამდე». «არჩევნებზე კი, გარწმუნებთ, რომ შევცვლით მთავრობას».
ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ თანამშრომლობას ყველა ოპოზიციურ პარტიასთან აპირებს, თუმცა თანამშრომლობა არ ნიშნავს გაერთიანებას. იგი საკუთარ გუნდში აქცენტს ახალ სახეებზე აკეთებს.  ჟურნალისტები დაინტერესდნენ, ხელისუფლებაში  მოსვლის შემთხვევაში, ივანიშვილის თანაგუნდელები და ახლობლები ხომ არ ისარგებლებენ ხელშეუხებლობის იმუნიტეტით. ამის იმედი ივანიშვილმა ძირშივე მოსპო: «არავინ დაიზოგება, არც ერთი ჩემი თანამოაზრე არ მიიღებს ინდულგენციას. ვიქნები დაუნდობელი ელიტურ კორუფციასთან ბრძოლაში. არ დავუშვებ არავითარ კორუფციას და მასთან ბრძოლა უმაღლესი ეშელონებიდან დაიწყება. უპირველეს ყოვლისა, ელიტური კორუფცია უნდა აღმოიფხვრას,» _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მმართველი გუნდის სიხარულს ნამდვილად ვერ გამოიწვევდა ივანიშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ პარლამენტში უმრავლესობით მოსვლის შემთხვევაში იგი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის იმპიჩმენტის საკითხის დაუყოვნებლივ დაყენებას აპირებს: «მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილმა კონსტიტუცია მაქსიმალურად მოირგო საკუთარ თავზე, პარლამენტში უმრავლესობით მოსვლით მყისიერად დავიწყებთ მისი იმპიჩმენტის საკითხის განხილვას, თუ თვითონ ვერ მოახერხებს განცხადების დაწერას».
ამ უპრეცენდენტოდ ხალხმრავალი და მღელვარე პრესკონფერენციის ტრანსლაცია, დაპირებული 40 წუთის ნაცვლად, თითქმის ორ საათს გაგრძელდა. მმართველი პარტიის მაღალ-დაბალი ეშელონები ტელეეკრანებსა და კომპიუტერებს არ მოშორებიან.
საპარლამენტო უმრავლესობის დაზაფრულმა წევრმა ვახტანგ ბალავაძემ ბიძინა ივანიშვილის სახით «პუტინის მესიჯების ასე ღიად გამხმოვანებელი პირველად ნახა».
მისი თქმით, ქართულ საზოგადოებას ბევრი პოლიტიკური ძალა ახსოვს, რომლებიც რუსულ ინტერესებს ემსახურებოდნენ, მაგრამ «ასეთი ღია» არ უნახავს.
«მან არამარტო ომში დაგვადანაშაულა, არამედ ემბარგოშიც. მე ვურჩევდი, დაელაპარაკოს იმ ადამიანებს, ვინც გამოყარეს რუსეთიდან, მაშინ, როდესაც თავად იქ მშვიდად იყო და მილიონებს და მილიარდებს შოულობდა პუტინთან ერთად,» _ განაცხადა ბალავაძემ. მან კიდევ ერთხელ მიმართა ივანიშვილს, რომ «ქართული საზოგადოება ფულზე, განსაკუთრებით, რუსულ ფულზე არ იყიდება».
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა პავლე კუბლაშვილმა კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თავდაპირველად პრესკონფერენციას თვალყურს ადევნებდა, მაგრამ მისი მოსმენა აღარ გაუგრძელებია მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა თქვა, რომ ომი საქართველომ დაიწყო (რა თქვა სინამდვილეში ივანიშვილმა, შეგიძლიათ ზემოთ წაიკითხოთ). რაც შეეხება ტალიავინის დასკვნას, რომელიც ივანიშვილმა მოიყვანა არგუმენტად და რომელიც, საქართველოს ხელისუფლების მიერაც არის მოწონებული, კუბლაშვილი აცხადებს: «მან თქვა, ასე წერიაო, სინამდვილეში იქ სხვა რამ წერია. მან ისე თქვა, როგორც თვითონ უნდოდა». ამაზეა ნათქვამი, «ჩემი შენ გითხარიო»!
ამ ორ «უმრავლესს» არც შოთა მალაშხია ჩამორჩა: იგი ბიძინა ივანიშვილში საქართველოს მტერს ხედავს, ოღონდ რატომ აიგივებს საკუთარ თავს საქართველოსთან, უცნობია.
მისი აზრით, მხოლოდ საბჭოთა მენტალიტეტის ადამიანს შეუძლია თქვას, რომ საქართველომ დააწესა ემბარგო და რომ ხოდორკოვსკისთან დაკავშირებით საქმე არც ისეა, როგორც მსოფლიო ლაპარაკობს.
«არაფერზე პასუხი არ აქვს. არ იცის, როგორი იქნება საგადასახადო სისტემა. არ იცის, როგორ მოხდება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. არ იცის, ავღანეთში გაუშვებს თუ არა ჯარს, ნატო-სთან როგორ ითანამშრომლოს და ა.შ.,» _ განაცხადა მალაშხიამ და დასძინა, რომ ივანიშვილი შეკითხვებს ვერ იტანს და სურს, ისეთი კითხვები დაუსვან, რაც თავად აწყობს. მალაშხია დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლებაში მოსვლის თეორიული შანსიც არ აქვს.
ეჰ, ისტორიულ ძნელბედობას რა ვუთხრათ, თორემ მალაშხია პირველია იმ სიაში, რომლის წარმომადგენლებსაც ქართულ პოლიტიკაში არაფერი ესაქმებათ! თუმცა მას რას ვერჩით, როცა საპარლამენტო უმრავლესობის უმრავლესობა სწორედ ამგვარია!
P.S. პრესკონფერენციის კულმინაცია ის მომენტი აღმოჩნდა, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა სრული სერიოზულობით განაცხადა: «მათ აქვთ მექანიზმები და ემზადებიან ტოტალური გაყალბებისათვის… ნუ აქვთ ილუზია, ნუ აქვს იმის განცდა სააკაშვილსა და მის გარემოცვას, რომ მოხდება რამე მსგავსი. რეალობა მე ასე წარმომიდგენია რომ სააკაშვილს დღეს საკუთარი დედაც კი არ მისცემს ხმას, საკუტარ გარემოცვასაც აღარ სჭირდება დღეს სააკაშვილი!” დარბაზის დიდი ნაწილი ამ სიტყვებს ტაშით შეხვდა, თუმცა კუბლაშვილს, ბალავაძეს, მალაშხიასა და მისთანებს ეს ან არ მოუსმენიათ, ან სააკაშვილისთვის დედის მაგივრობის გაწევას აპირებენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here