Home რუბრიკები საზოგადოება არქიმანდრიტი ბართლომე: იუდა ისკარიოტელი პირველ რიგში უმადური იყო…

არქიმანდრიტი ბართლომე: იუდა ისკარიოტელი პირველ რიგში უმადური იყო…

არქიმანდრიტი ბართლომე, ერისკაცობაში ნუკრი ფირცხალაიშვილი, ვისაც დღეს ვესაუბრები, თერჯოლის რაიონის სოფელ გოდოგნიდანაა, მაგრამ მშობლიურ კუთხედ მაინც საჩხერის რაიონის სოფელი ჭორვილა მიაჩნია. რატომ? ნუ ვიჩქარებთ. გვეტყვის. საშუალო სკოლის დამთავრებიდან მესამე დღეს მონასტერში წავიდა და 1996 წელს ბერად აღიკვეცა. სამი წლის თავზე – 12 ივნისს მღვდლად იქნა ხელდასხმული იმ სოფელში, რომელიც ეს-ესაა ვახსენეთ – ჭორვილაში.
ურთულესი ვითარება დახვდა იქ, ზუსტად ისეთი, როგორიც მთელ იმდროინდელ საქართველოში იყო. მაგრამ საჩხერის რაიონში, ეგებ, ყველაზე მეტად იგრძნობოდა: მწირი, უმოსავლო მიწა, საქონელი _ «ბაწარზე დაბმული», რადგან საძოვრები არა აქვთ, გაპარტახებული მეურნეობა და გაძარცვულ-განიავებული სახალხო ქონება.
სრული სიდუხჭირე!
ამ დროს განსაკუთრებით სჭირდება ადამიანებს სულიერი სიმხნევის შენარჩუნება. და დადიოდა ახალგაზრდა მღვდელი სოფელ-სოფელ, მრევლთან მიდიოდა მამა ბართლომე, აღასრულებდა მსახურებას რვა სოფლის რვა ტაძარში, რადგან ხალხს საშუალება არ ჰქონდა, მისულიყო ჭორვილის მაცხოვრის აღდგომის ტაძარში, რომელიც ძირითად ეკლესიად იყო მიჩნეული.
ყვირილის გამოღმა სოფლებზე გადიოდა ღვთისმსახურის მისიონერული მარშრუტი: ჭორვილა (რამდენიმე ტაძრით), საირხე, ქორეთი, კალვათა, ჯალაუთა, გორისა და ივანწმინდა. მოძვშიც დადიოდა.
რა სახელებია «ჯორჯიან ვოტერ პაუერებისა» და «ლიბერთი ბანკების» ფონზე: დილის ცვარივით სუფთა და შეურყვნელი!
თავიდან უკვირდა მოსახლეობას ასეთი აქტიური საქმიანობა მამა ბართლომესი.
_ ერთხელ ორღობეში რომ მივდიოდით, იმსოფლელი კაცი შემოგვხვდა და შეიცხადა, _ ვაიმე, ვინ მოკვდაო? მღვდელი მიცვალებულისთვის წესის ასაგებად მისული თუ წარმოედგინათ.
ან _ ნათლობაზე.
შემდეგ თანდათან გაერკვნენ, რომ ჩვენი საქმიანობა ადამიანის მხარში დგომაცაა, განწმენდაც და ღმერთის სიტყვის მიტანაცაა ხალხამდე.
კეთილად განეწყო მოსახლეობა მის მიმართ.
_ ამიტომ უფრო მეტად მიყვარს ის კუთხე. იქ გავიგე და გავითავისე ადამიანების ტკივილი, სიხარული. მიმაჩნია, რომ სასულიერო პირმა თავისი მოღვაწეობა სწორედ სოფლიდან უნდა დაიწყოს, სადაც ქართული ძირია შენარჩუნებული.
_ და ასეთ გარემოში შეხვდით ბიძინა ივანიშვილს.
_ პირველად ბატონი ბიძინა ვნახე მისი ბებიის დაკრძალვის დღეს. მაშინ უკვე ცნობილი ბიზნესმენი და დიდი შესაძლებლობების ადამიანი იყო.
მისმა თავმდაბლობამ გამაკვირვა და გამახარა. რამდენიმე წუთი ვისაუბრეთ. ვკითხე, ჯვარს თუ ატარებდა. აღმოჩნდა, რომ არ ჰქონდა. ბერობის ჩემი ჯვარი მოვიხსენი და გულზე დავკიდე.
_ იმაზე რას იტყვით, ბატონ ბიძინას რომ დააბრალეს, შავ მაგიას მისდევსო?
_ ესენი ამტკიცებენ, რომ ბატონი ბიძინა არის ურწმუნო, არ სჯერა სულის უკვდავების. ახლა კიდევ შავი მაგია მოუგონეს. ჯერ ერთი, ვისაც სულის უკვდავების არ სჯერა, ის არც შავ მაგიას მისდევს და, აქედან გამომდინარე, არ ებრძვის იმას, რაც არ სწამს.
ეს არის შავი პიარი, რომელიც მასაზეა გათვლილი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ხალხზე ეს არ იმოქმედებს.
ისიც მინდა ვთქვა, რომ 2000-2001 წლებში ბატონმა ბიძინამ საჩხერის ეპარქიას გამოუყო გარკვეული დაფინანსება, რამაც საშუალება მოგვცა, ეპარქიაში გაგვეხსნა სასულიერო სემინარია, სადაც 29 სტუდენტი სწავლობდა. მათგან 23 დღეს უკვე სასულიერო პირია, უმრავლესობა ტაძრებისა და მონასტრების წინამძღვრები არიან. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, როცა ოკულტიზმსა და შავ მაგიას აბრალებენ ადამიანს, რომელმაც ასეთ საღმრთო საქმეს ჩაუყარა საფუძველი. ეს არის ავისმდომთა უდიდესი ცოდვა და სირცხვილი.
_ ახლახან მიცემულ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ქრისტიანი ვარ და ჯვარს ვატარებო.
_ ჩვენი შეხვედრიდან ერთი წლის შემდეგ დაბრუნდა ჭორვილაში და თავის ახლადაგებულ სახლში დაფუძნდა.
მეუბნებოდნენ _ მიდი, ნახე, დაგეხმარებაო.
მაგრამ მიმაჩნდა, რომ ამ კაცს ჩემი ვალი არ ჰქონდა; არც მე მმართებდა რამე და რატომ უნდა შემეწუხებინა?
_ და მაინც განახლდა თქვენი ურთიერთობა.
_ რომ გითხრათ, მესიზმრე ვარ, მართალი არ ვიქნები… მაგრამ ერთხელ, 2000 წლის 4 აპრილის ღამეს ვნახე სიზმარი: მე ვწევარ ერთ კუთხეში, მეორე კუთხეში მოზაიკური კენჭებით გამოისახა თევზები და სხვადასხვა რამ, მესამე კუთხეში _ პატრიარქის ფიგურა, მეოთხე კუთხეში _ უზარმაზარი ტაძარი. და გაისმა ხმა, რომელიც იმეორებდა: ქრისტე, ქრისტე, ქრისტე! შეიძლება ექო იყო _ ჩემი წამოძახილის ანარეკლი: ქრისტე, ქრისტე, ქრისტე!
შემეშინდა. გამომეღვიძა. იმდენად შევშინდი, რომ გარეთ ვეღარ გამოვედი.
გათენდა. ფეხით გავუყევი გზას, მოვინახულე ჭორვილის მშენებარე მონასტერი წმიდა ივანე ზედაზნელის და მისი ათორმეტი მოწაფისა, რომელსაც ივანიშვილი აშენებდა, რათა ბიძინასთან მიმეტანა ინფორმაცია, თუ რა მდგომარეობა იყო იქ იმ დღისთვის.
მივედი ბიძინას სახლის ჭიშკართან. გამობრუნება დავაპირე, იმდენად მერიდებოდა. დაცვამ შემაჩერა და მკითხა, ვინ გნებავთო. ვუთხარი, რომ ციცინო ბებოს ნახვა მინდოდა, ბიძინას დედისა, რომელთანაც ახლოს ვიყავი და ვარ. ძალიან კარგი ქალბატონია, მიყვარს და პატივს ვცემ, ასეთი თბილი ადამიანი მეორე არ შემხვედრია.
შეატყობინეს და დაუყოვნებლივ შემიშვეს. ეზოში შემომეგება დედა-შვილი: _ კერიას ნახშირი, რახან შენ გამოჩნდიო, სად დაიკარგეო, _ მითხრა ციცინო ბებომ, _ ასე ვეძახი. დავსხედით, ვისაუბრეთ. ბოლოს ბატონი ბიძინა მეკითხება, რა გიჭირთ, რით დაგეხმაროთო.
ვუთხარი, რომ არაფერი მიჭირდა.
_ რით დადიხართ?
_ ფეხით, _ ეს იმდენად ბუნებრივი იყო ჩემთვის, რომ არც მიფიქრია, რომ შეიძლება თხოვნის შეფარულ ფორმად მიეღო მასპინძელს.
ახალთახალი «ნივა» რამდენიმე დღეში კარს მომაყენა. მაგრამ ეს მოხდება შემდეგ.
_ ახლა რა შეიძლება გაგიკეთოთოთ? _ ჩამეკითხა.
ვუპასუხე, რომ მე პირადად არაფერი მინდა, მაგრამ ვიცი პატრიარქის სურვილი, რომელსაც უნდა, რომ წმინდა სამების ტაძრის მიწისქვეშა დონის სართულის მშენებლობა რაც შეიძლება მალე დასრულდეს, რათა 2000 წლის შობის ბრწყინვალე დღესასწაულის წირვა სწორედ იქ, მომავალი კათედრალის ფუძეზე აღასრულოს.
ბიძინა ივანიშვილმა ამაზე მიპასუხა, რომ, თუ ვინმე ხელს არ შემიშლის, ამ ტაძარს თავიდან ბოლომდე მე ავაშენებო.
_ და ააშენა კიდეც მორწმუნეთა შემოწირულობების, არ ვიტყვი ფარდად, მაგრამ ერთად _ კი. მისი წილი განუზომლად დიდია, მაგრამ კეთილი გულით მიძღვნილი, მით უფრო, საღმრთო საქმისთვის, მცირედიც შეიწირების, მოგეხსენებათ.
_ ჩემთვის მისი განცხადება უდიდესი სიხარული იყო. 5 აპრილს მოხდა ეს ყოველივე. 7 აპრილს, ხარება დღეს ვაკურთხეთ მისი სახლი, 8-ში უკვე თბილისში ვიყავი, რათა პატრიარქისთვის მომეხსენებინა ჭორვილაში ნათქვამი და გადაწყვეტილი საღმრთო საქმის შესახებ.
როცა პატრიარქს ვუამბე ეს ყველაფერი, ძალიან გაეხარდა და თან შეწუხდა:
_ მე რომ იქ ვერ ჩავალო?
ბიძინას ნათქვამი ჰქონდა, სადაც პატრიარქი იტყვის, იქ ვეახლებიო.
გადაწყდა, რომ მათი შეხვედრა შედგებოდა 2000 წლის 11 აპრილს, სამშაბათ დღეს.
ასეც მოხდა.
საპატრიარქოში შეხვდნენ მისი უწმინდესობა, ბატონი ბიძინა და მეუფე აბრაამი. თხუთმეტ წუთში გადაწყდა სამების ტაძრის მშენებლობის გაგრძელების საკითხი.
ეს იყო, ჩემი აზრით, ჩვენი ერის სიმტკიცისა და სიძლიერის დასტურის დღე.
_ მაგრამ ბატონმა ბიძინამ თავის ტელეინტერვიუში განაცხადა, რომ სამების კათედრალი არ იყო მისი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი.
_ რამდენიმე საუკუნე უნდა გავიდეს, რომ წმინდა სამების ტაძარმა შეიძინოს ისტორიული ღირებულება, თუმცა შინაარსით იგი დღესაც არის უდიდესი.
ვეთანხმები ბატონ ბიძინას, რომ მისი სიხარულია იმ მრავალი ეკლესიის, მონასტრისა თუ ტაძრის აღდგენაში მონაწილეობის მიღება, რომელთა რაოდენობა, როგორც ვიცი, ხუთასზე მეტია. ამ ადამიანმა საქართველოს ისტორიული მემკვიდრეობა გადაურჩინა. ჩამოთვლა რომ დავიწყოთ, ვეჭვობ, ბოლომდე შევძლოთ გასვლა. პირველ მაგალითად დავასახელებდი წმინდა აღდგომის ტაძარს ჭორვილაში, სადაც მსახურება დავიწყე, შემდეგ აქ აშენდა მონასტერი. ვიცი, რომ ორ მილიონზე მეტი გაიღო მან ალავერდის ტაძრის აღდგენაზე, მილიონზე მეტი _ გელათისთვის, ფიტარეთი აღადგინა, აკაფრთა _ ვახტანგ გორგასლის დროინდელი უძველესი ტაძარი… და ასე შემდეგ… უამრავია (გაზეთ«საქართველო და მსოფლიოს» მომდევნო ნომერში, რომელიც ოთხშაბათს, 2 ნოემბერს  გამოვა, ქვეყნდება ბიძინა ივანიშვილის მიერ ქველმოქმედებაზე, მათ შორის, ეკლესია-მონასტრების სარესტავრაციო სამუშაოებისთვის გაღებული სახსრების დეტალური ნუსხა).
განსაკუთრებით მრავლისმთქმელია, რომ სამაჩაბლოში, ნიქოზის ეპარქიაში ომამდეც და ომის შემდგომაც მიმდინარეობდა ტაძრების რეაბილიტაცია. როგორც ვიცი, ახალგორის ტერიტორიაზეც გრძელდება, ისევე, როგორც _ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და მანგლისის ეპარქიებში და ასე შემდეგ. საქართველოში არ არსებობს ეპარქია, რომელსაც მისი მადლიანი ხელი არ შეხებია… კაცხის სვეტზე აგებული ტაძარი მისი ფონდის სახსრებით აშენდა.
ერთ, ნაკლებად ცნობილ ფაქტსაც დავუმატებდი. 2004 წელს აღდგომის ცეცხლის ჩამოტანა საქართველოში მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის დახმარებით მოხერხდა, მისი შენაწირი ფულით დაიქირავა ეკლესიამ თვითმფრინავის ჩარტერული რეისი.
(აქ უპრიანი იქნება ერთი მამალი ტყუილის გაშიფვრა, რომელიც ტელეკომპანია «იმედმა» გასულ შაბათს, 29 ოქტომბერს «სპეციალურ რეპორტაჟში» შემოგვაპარა.
ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების უშურველობისთვის კრიმინალური ელფერის მისაცემად, თითქოს დიდ საიდუმლოებას ახადა ფარდა, ამ პროგრამის წამყვანმა უტყუარი სამხილივით დადო ბრალდების მაგიდაზე: «ქართუ ჯგუფმა» მხოლოდ ახლა გამოაქვეყნა ივანიშვილის მიერ ქველმოქმედებაზე დახარჯული სახსრების სიაო.
მაგრამ სინამდვილეში ასეთი ანგარიშები დიდი ხანია ქვეყნდება ქართულ პრესაში. მაგალითად, იხილეთ: გაზეთები: «ახალგაზრდა ივერიელი» _ 2006 წლის ##8-9; 2007 წლის ##2-3; 2008 წლის ##1-2; «საერთო გაზეთი» _ 2009 წლის #10, 2010 წლის #8, 2011 წლის #11).
ეკლესიები _ თავისთავად, მაგრამ ვერ წარმოიდგენთ, რა სიხარული იყო მოსახლეობისთვის თითოეული ახალი სკოლის მშენებლობის დასრულება, აღჭურვა ყველა სასწავლო საშუალებით, კეთილმოწყობა. აფინანსებდა მასწავლებლებსაც, რაც მათთვის არა მარტო მატერიალური, არამედ დიდი მორალური სტიმული იყო.
_ და ამ ყველაფერს ხელისუფლება მიიწერდა. დღეს კი ყველას, ვინც იღებს რაიმე სახის შემწეობას ბიძინა ივანიშვილისგან, აიძულებენ, უარი თქვას ნებისმიერ ხელის გამართვაზე, რომელიც მისგან მოდის.
_ ამ შემთხვევაში უარის თქმა არის სიმხდალე, გარკვეულ წილად, _ ცოდვაც. რატომ უნდა თქვას ადამიანმა უარი? უკეთეს ალტერნატივას ვინმე სთავაზობს? უარის თქმა იმ დახმარებაზე, რომელსაც ბატონ ბიძინასგან იღებენ, არის უსამართლობა, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის მიმართ.
როცა ეკლესიების აღდგენა-მშენებლობაზე ვლაპარაკობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს მისი ღვაწლი, რომელიც მან ქართულ თეატრებსა და თეატრის მოღვაწეებს, საერთოდ ქართულ კულტურას, მეცნიერებას, განათლებას დასდო.
ადამიანებმა, ვისაც ბატონი ივანიშვილი ხელს უმართავს, უარი რომ თქვან დახმარებაზე, ან თვითონ ბიძინამ შეწყვიტოს ამ სიკეთის გაცემა, დამერწმუნეთ, არც ერთ მათგანს არ დარჩება არავითარი რესურსი, გააგრძელოს ღირსეული ცხოვრება.
_ ხომ არ უთქვამს მას თქვენთან საუბრისას, როდის დაებადა სურვილი სიკეთის უშურველად გაცემის? როდის და რატომ?
_ ბატონი ბიძინა ტრადიციული ქრისტიანია, მართლმადიდებელი. დედამისი, შეძლებისდაგვარად, მისი ასაკის მიუხედავად, ეკლესიურად ცხოვრობს _ მარხულობს, ლოცულობს, ეზიარება. მისი ოჯახის წევრები _ დები და ძმები, არაჩვეულებრივი ადამიანები და მორწმუნენი გახლავან. ეკლესია მათი ცხოვრების ნაწილია, ცხოვრების წესია.
_ და ასეთ რწმენის გარემოში ბუნებრივად იბადება მოწყალების გაცემის მოთხოვნილება?
_ რა თქმა უნდა. ბატონ ბიძინასგან მომისმენია: მე რომ სულის უკვდავებამდე მივიდე, ჩემზე ბედნიერი ადამიანი არავინ იქნებაო.
ვუთხარი, რომ იგი დღეს ბედნიერი ადამიანია.
მიპასუხა, რომ ბედნიერი ვიქნები მაშინ, როცა საქართველოს მოქალაქეთა 80 პროცენტი იცხოვრებს ისე, როგორც მე ვცხოვრობ და დანარჩენ 20 პროცენტს ჩვენ შევინახავთ და ხელის გულზე ვატარებთო.
სულის უკვდავება, მარადიული სიცოცხლის შეგრძნება, მოგეხსენებათ, ამქვეყნიური სიცოცხლით იწყება.
ერთხელ ვკითხე, დიდი რწმენის გარდა, რა არის მისი ქველმოქმედების საფუძველი? იცით, რა მიპასუხა? დედაჩემის უსაზღვრო სიყვარული! იგია სიკეთის წყაროსთვალი. ყველა დედას ვეთაყვანები, მაგრამ დედაჩემს _ ყველაზე მეტადო.
_ ეჭვობენ, რომ ჭორვილასა და საჩხერეში შეიძლება გამოძებნონ ადამიანები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გამოვლენ. რამდენად საფუძვლიანად მიგაჩნიათ ასეთი ეჭვი?
_ მე, როგორც ერთი კერძო პირი, ჩემ დამოკიდებულებას ასეთი ადამიანებისადმი მოკლედ ასე გამოვხატავდი: მათ მენტალობაში არის დიდი პრობლემა.
უმადურობა ყველაზე დიდი ცოდვაა. იუდა ისკარიოტელი, პირველ რიგში, უმადური იყო. ადამიანი ვერ იქნება ღირსეული თუ უმადურობა გაუჯდება. ადამიანს მადლიერების დაფასების უნარი უნდა ჰქონდეს, მაგრამ არავის მონად არ უნდა იქცეს. ამას ხაზს ვუსვამ. მადლიერების გამოხატვა უნდა შეძლოს და მადლიერებაზე წიხლით არ უნდა შედგეს.
_ ღირსეული ადამიანის წინააღმდეგ უღირსად გალაშქრება, როგორც დღეს ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის მიმართ ირჯება, რაღაა?
_ უწესობაა.
_ ცოდვა არ არის?
_ ამაზე უკვე აღარ ვლაპარაკობ! როცა ღირსეული ადამიანის წინააღმდეგ ილაშქრებ, უდიდეს ცოდვას სჩადი. მნიშვნელობა არ აქვს, რატომ იქცევი ასე: იმიტომ, რომ ვიღაცას აამო, იმიტომ, რომ არ დაკარგო შენი ამჟამინდელი მდგომარეობა, იმიტომ, რომ ვიღაცას დაუმტკიცო, მონა არ ხარ. სულერთია. ყველა შემთხვევაში ეს არის დიდი ცოდვა.
მე, როგორც ერთ კონკრეტულ პიროვნებას მრცხვენია, რომ ადამიანს, რომელსაც ამდენი ღვაწლი აქვს ქართული საზოგადოების, ქართული სახელმწიფოს, მართლმადიდებლური ეკლესიისა და თითოეული მოქალაქის წინაშე, არ ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეობა. როცა ვიღაცა მისი მოქალაქეობის კანონიერებას ეჭვქვეშ აყენებს, ეს არის სირცხვილი და ტრაგედია ჩვენი ერისა.
_ მით უფრო იმის, ვინც კანონიერების გარანტი უნდა იყოს…
_ მე მიკვირს იმ ადამიანების, რომლებმაც ბიძინას დამსახურება იციან და საქართველოს მოქალაქეობის მისთვის წართმევის გამო ხმას არ იღებენ. ზოგადი საუბარი რომ არ გამომივიდეს, დავასახელებ მიხეილ მაჭავარიანს, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, რომელმაც შემოსავლების მინისტრის თანამდებობაზე ყოფნიდან მოყოლებული შესანიშნავად იცის, რა უკეთებია ბატონ ბიძინას ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ. მიკვირს ასეთი დუმილი.
_ როგორი კაცია ბატონი ბიძინა _ მასთან შეხვედრებიდან როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ?
_ დიდი ხანია, მასთან კონტაქტი არ მქონია. მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ იგი არის ძალიან დადებითი პიროვნება, ბუნებით _ დემოკრატი. ჰყავს არაჩვეულებრივი მეუღლე, კეთილი განწყობის, თბილი ადამიანი.
ყოველთვის მაოცებდა შვილებთან მათი დამოკიდებულება. განსაკუთრებით დამამახსოვრდა მისი გამონათქვამი: ძიძა ბავშვთან მშობელზე მეტ დროს არ უნდა ატარებდესო. ბავშვს მშობელთან კონტაქტი არასოდეს არ უნდა გაუწყდეს. დღევანდელ საზოგადოებაში არის პრობლემა შვილების და მშობლების ურთიერთგაუცხოების.
ბატონი ბიძინა გულთბილი ადამიანია და ვაჟკაცი გახლავთ; ოჯახიშვილია, ნათესავების მოყვარული და პატივისმცემელი.
მისი შვილები თავისუფალ ადამიანებად იზრდებიან. თავისუფლება, თქვენს მკითხველებს მოეხსენება, არის საკუთარი თავის მართვა. ამ დროსაა ადამიანი ყველაზე უფრო თავისუფალი. ბატონი ბიძინა თავის შვილებს ზრდიდა ისე, რომ მათ შეძლებოდათ საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვა თავიანთი ასაკის ნებისმიერ ეტაპზე.
_ ესე იგი, ბატონი ბიძინა არის ადამიანი და არავითარ შემთხვევაში _ მესია?
_ არა, რას ამბობთ! საზოგადოებას ახასიათებს ადამიანისგან შექმნას მესია. ბიძინა ივანიშვილი ჩვეულებრივი ადამიანია, უბრალოზე უბრალო, ძალიან თავმდაბალი. მესიად რომ წარმოიდგინოს თავი, ასეთ შეურაცხყოფას არასოდეს მიაყენებს საკუთარ თავს.
საზოგადოებრივ ასპარეზზე ბატონ ბიძინას გამოჩენის პირველივე ნაბიჯებიდან აშკარა გახდა, რომ იგი ყველაფერს აკეთებს საქართველოს ერთიანობის, ძლიერებისა და მისი წარმატებული მომავლისათვის.
მან კარგად იცის ისტორია, ერკვევა აწმყოში და შორს განსჭვრეტს მომავალს.
მისი საქმიანობის სინთეზურობა _ ადამიანების მატერიალური უზრუნველყოფა და სულიერი ნავსაყუდელის შენება _ მიგვანიშნებს, რომ თავისი მენტალობით, გონებითა და შორსმჭვრეტელობით არაორდინალური პიროვნებაა. მისი თითოეული ნაბიჯი სიცოცხლის სიყვარულით არის ნაკარნახევი, მას ეფუძნება და მისგან გამომდინარეობს.
ძალიან უყვარს სიცოცხლე და ეს სიცოცხლე უხარია ყველათი, ყველასთან ერთად. სიყვარულით და სიხარულით დატკბობის საშუალებას, რა ძალაც შესწევს, ყველას აძლევს.
ესაუბრა
არმაზ სანებლიძე 
 
P.S. უტყვი სულით შეპყრობილის მამა, შვილის განსაკურნავად მაცხოვართან მისული, დაეჭვებით, მაგრამ მაინც იმედით შეევედრება იესოს: «…თუკი რამე შეგიძლია, შეგვიბრალე და დაგვეხმარე».
ხოლო იესომ უთხრა: «თუკი რამე შეგიძლია?» _ მორწმუნისათვის შესაძლებელია ყველაფერი» (მარკ. 9, 22-23).

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here