ინტერნეტგაზეთ „ქიზიყის“ ინფორმაციით, განათლების სამინისტროს საგანმანათლებლო პროექტის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ ფარგლებში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის რუსულ-ქართულ სკოლაში ინგლისური ენის უცხოელი პედაგოგის შესვლის საკითხი რამდენიმე თვით გადაიდო. ამის შესახებ გაზეთ „ქიზიყს“ რუსულ–ქართული სკოლის დირექტორმა ლალი გოჩიტაშვილმა აცნობა. გაირკვა, რომ პედაგოგმა დედოფლისწყარო ორ თვეში დატოვა. დედოფლისწყაროში გავრცელებული ინფორმაციით, ის პროტესტის ნიშნად წავიდა.
უცნობია, რას და როგორ აპროტესტებდა 22 წლის ინგლისურენოვანი პედაგოგი მერი სმიტი. რომელიც ამ სკოლაში განაწილდა და დედოფლისწყაროში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში იმყოფებოდა, ხოლო დედოფლისწყაროდან ვადაზე ადრე წავიდა. რუსულ–ქართული სკოლის დირექტორი „ქიზიყთან“ საუბარში ვერ აკონკრეტებს, რატომ გადაწყვიტა პედაგოგმა სოფლიდან წასვლა, თუმცა ამბობს, რომ სმიტი გურჯაანში გადავიდა. რატომ ამჯობინა მან გურჯაანი დედოფლისწყაროს, ასევე უცნობია. სამაგიეროდ, კარგად არის ცნობილი, თუ როგორ უყვართ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს ბიუჯეტის ხარჯზე საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება:
„მერი სმიტი ჯერ დედოფლისწყაროელ სამართალდამცველებს ამეცადინებდა. ჩვენს სკოლაში შემოსვლა თავდაპირველად ამ მიზეზის გამო დაუგვიანდა. სხვა სკოლებში უცხოელი პედაგოგები მაშინვე ჩაერთვნენ, თუმცა სმიტი ჩვენთან შემოსვლას ჯერ ვერ ახერხებდა. რაც ჩვენ გვევალებოდა, ყველაფერი მოვაგვარეთ, არანაირი დაბრკოლება არ შეგვიქმნია. მასპინძელი ოჯახის შერჩევა გვევალებოდა და საუკეთესო პირობები დავახვედრეთ. თუმცა, საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ ის გურჯაანის რაიონის ერთ–ერთ სკოლაში გადავიდა. ჩემთვის უცნობია, რატომ დატოვა დედოფლისწყარო, ან რა გახდა მისი გურჯაანში გადასვლის კონკრეტული მიზეზი. ამის შესახებ ნამდვილად არაფერი ვიცი. ისე კი, არა მგონია, რომ მომდევნო ნაკადის საქართველოში ჩამოყვანამდე ასე დავრჩეთ. როგორც ვიცი, სხვა უცხოელ პედაგოგს ჩვენს სკოლაში ამ თვეებში გამოგზავნიან,“ – აცხადებს რუსულ–ქართული სკოლის დირექტორი და დარწმუნებულია, რომ ახალი პედაგოგი მათთან სულ მალე განაწილდება.
დაახლოებით თვენახევრის წინ, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე სკოლის დირექტორი ინტერნეტგაზეთ „ქიზიყთან“ საუბრისას ირწმუნებოდა, რომ მერი სმიტი მათივე მოსწავლის, დავით მაძღარაშვილის ოჯახში იცხოვრებდა. დირექტორი მანამდეც არ უარყოფდა, რომ მათ სკოლაში პედაგოგის შესვლა ჭიანურდებოდა.
დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენმტრის ხელმძღვანელი მარინე მეხრიშვილი მერი სმიტის მიერ დედოფლისწყაროს დატოვების ფაქტს ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ ინგლისურენოვანი პედაგოგის უკმაყოფილების თაობაზე არაფერი სმენია. მისი თქმით, პედაგოგი სხვა რაიონში თავად განათლების სამინისტრომ გადაიყვანა და კონკრეტული მიზეზები მისთვის უცნობია. წელს დედოფლისწყაროში სამი უცხოელი პედაგოგი ჩავიდა, ორი – „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ პროგრამის, ხოლო 24 წლის ჯოუთენ ბერნსი „მშვიდობის კორპუსის“ ფარგლებში ქალაქ დედოფლისწყაროს #1 საჯარო სკოლაში ასწავლის.
თუ დედოფლისწაროს მოხელეები ბავშვების ხარჯზე ინგლისურად გართობას არ მოიშლიან, შეიძლება იქიდან დარჩენილი ორი პედაგოგიც სხვაგან გაიქცეს.