Home რუბრიკები საზოგადოება აფუნქციონირებული პრიმიტივიზმი წამურტლულ ქვეყანაში

აფუნქციონირებული პრიმიტივიზმი წამურტლულ ქვეყანაში

„ადამიანები, რომლებიც გაზეთებს არ კითხულობენ,
ადგილზე მორალურად უნდა მოკლა“.
ილია ილფი და ევგენი პეტროვი, „ოქროს ხბო“
პრობლემებით გადახნულ და დაფარცხულ საქართველოს მიწაში დრომ და ამერიკელებმა ახალი ჯიშის პოლიტიკოსების ისეთი ჩითილები ჩარგეს, იმდენი მწვანე–მწვანეები მიუყარეს სასუქად, რომ მივიღეთ გაზეთების არმკითხველი ბელადების უდღეური პოპულაცია.
სუპერსტარი უწიგნურები, რომელთა ხელშია ჩვენი ბედიც და ქვეყნის ყოფნა–არყოფნის საკითხიც.
გართულებული სიტუაციის გამო, სააკაშვილის ინტენსიურ ტელეგამოსვლებს რომ უსმენს და უყურებს რაგინდარა უპრეტენზიო ობივატელი, ისიც კი ხვდება, რომ ამ კაცის პიარმენეჯერები „კლიპური აზროვნების“ პრიმიტიულობაში არიან ჩარჩენილები და ჭიანჭველების სამყაროს წვრილ–წვრილი იდეებით გვკვებავენ.
წამურტლეს ქვეყანა.
თუ იმას, რასაც მათი გაწვრთნილი მიხეილი ტელეეკრანებზე სჩადის, სახელწიფოს მართვა ჰქვია, მაშნ რას ერჩით ვლადიმერ ლენინს, რომელსაც მიაწერენ დებულებას – „Любая кухарка способна управлять государством“?!
Кухарка – მზარეული ქალი.
მაგრამ ლენინს ასე არ უთქვამს. პირიქით: „Мы не утописты. Мы знаем, что любой чернорабочий и любая кухарка не способны управлять государством“.
ასე კი იმიტომ თქვა, რომ ნანახი არ ჰყავდა ვერონიკა ქობალია, თორემ უსიტყვოდ მიიწერდა იმას, რასაც მიაწერენ. ნებისმიერი ვერონიკა, ხათუნა და, მით უფრო, ნინა წკრიალაშვილი რეფორმირებულ საქართველოში სახელმწიფოს მართვის ეტალონური ნიმუშებია, „სამი წყარო და სამი შემადგენელი ნაწილი“.
ვლადიმირ ილიჩი ყოველთვის ცოტას აჭარბებდა და ცდებოდა აქედან გამომდინარე, მიხაილ ნიკოლაევიჩიც ცოტას აჭარბებს, მაგრამ არ ცდება.
ორიოდ დღის წინათ, 26 ოქტომბერს ბათუმიდან გვაცნობა (თბილისში ცუდი სმენადობაა),  რომ ყველა გლეხს, ვინც ამერიკული ჰიბრიდული სიმინდის დათესვით იზარალა, ვათავისუფლებთო ყოველგვარი ვალისგან!
ამოისუნთქა გლეხობამ, იმან, ვინაც მიშას „მოხალისეთა ლაშქარში“ ჩაეწერა, როცა ჰიბრიდული ჰანიბალი კარს იყო მიმდგარი. მაგრამ კრედიტების ამნისტიის გამოცხადების მეორე დღესვე გაირკვა, რომ მარმარილოში ნაკვეთი იმპერატორის ეს გულუხვობა ვცრელდებოდა მხოლოდ იმ გლეხებზე, ვინაც ერთ ჰექტარამდე ფართობი მოაცდინა ოქროსფერი კლონდაიკის სასწაულის ექსპერიმენტისთვის.
დანარჩენებმა ჯიბეს გაიკარით ხელიო.
მაგრამ ჯიბეც რომ გახეულია?!
ახლა გულზე მჯიღს ირტყამს სიმინდის გამპიარებელი სუპერვაიზერი: გლეხებისთვის უნდა გაგვეცნო ამ უჯიშო ჯიშის მოყვანის აგროწესებიო. უკაცრავად, მაგრამ ის სწავლული აგრონომები რა უყავით, ეგვიპტეში კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე ბუკითა და ნაღარით რომ გააცილეთ?
სულ ცოტა მოგვატყუა სააკაშვილმა.
ხელისუფლების სათავეში რომ მოვიდა, გახსოვთ ალბათ,  განაცხადა –  მთავრობაში უმრავლესობა ქალთა სქესის წარმომადგენლები გვეყოლებაო.
გახსოვთ.
დღეს ორად ორით კმაყოფილდება და ისიც ვერონიკა ქობალიათი და ხათუნა კალმახელიძით.
თუ ვინმე იცით სხვა, დაამატეთ!
სულ ცოტა ვერ გათვალა, როცა ლტოლვილებს დაუფიცა –  ჩემი პრეზიდენტობის მეორე ვადის დასრულებამდე შინ დაგაბრუნებთო.
სულ ცოტა… ცოტ–ცოტაობით იყო პატარძალი რომ დაორსულდა.
ცოტ–ცოტაობით ლტოლვილები ჯერ აქ აჰყარა, შემდეგ იქ აუკრძალა გარევაჭრობა და ციური მანანას იმედად დატოვა.
ისინიც და ჩვენც – დანარჩენები.
სამაგიეროდ, 26 ოქტომბერს ბათუმში გამართული მთავრობის სხდომაზე 10–პუნქტიანი საეტაპო პროგრამა – „მწვანე წიგნი“– ლიბიის მოკლული ლიდერის თეორიული ნაშრომის ანალოგი – როგორ ვიცხოვროთ უკეთესად წარმოგვიდგინა.
ერთი საათით ხალიფას პროგრამა მოულოდნელი პასაჟებით იყო გაჯერებული, მაგალითად, ბიოლოგიური სიმბოლიკით, საიდანაც შევიტყვეთ, რომ კუსა და ჭიანჭველას ნაბიჯები ერთნაირად ზანტია: საერთაშორისო ბაზარზე ჩვენი სვლა თურმე „ეს არის ჭიანჭველის ნაბიჯები, კუს ნაბიჯები“(!).
როცა აღნიშნული პროგრამის პრეზენტაციის დროს ჯერი რუსეთის ბაზარზე მიდგა, რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმი გენადი ონიშჩენკო ხომ მანიაკად გამოაცხადა, პარალელურად ალბერტ აინშტაინის ფარდობითობის თეორიასაც შეურყია ძირი და საფუძველი: კი არის ყველაფერი ფარდობითი, მაგრამ არ არისო.
აბა, მოუსმინეთ: „რეალურად… არ უნდა ვიყოთ ჩამოკიდებული ვიღაცის მართლა…და, კიდევ კარგი, აღარ ვართ ჩამოკიდებული“(დაიხსომეთ: აღარ ვართო ჩამოკიდებული!)… მაგრამ ის საერთოდ აღარ უნდა იყოს ეს კითხვა ისმებოდეს, გავალთ თუ არა, ვთქვათ, რუსეთის ბაზარზე, სადაც, მოლდაველებს ველაპარაკე, ვითომ შეუშვეს და არაფერიც არ შეუშვეს, და სისხლი აქვთ, სიცოცხლე აქვთ გამწარებული“.
სისხლი აქვთ გამშრალიო, ბოლომდე ვერ გაქაჩა, „კითხვის სმა“, არ გაგვიშიფრა. ჩვეულებრივ, სმა დალევის მნიშვნეობით იხმარება. მიშას ქართულით, თუ კითხვას დალევ, შეგერგება!
დაბოლოს, ასე დაასრულა ეს ჩიქორთული ტირადა ჩამოკიდება–ჩამოკიდებულის თემაზე: „ვიღაც მანიაკ ონიშჩენკოზე უნდა ვიყოთ ჩამოკიდებული“.
მოდი და არკვიე – ვართ, არ ვართ, თუ უნდა ვიყოთ ჩამოკიდებული?
ხოლო ცხელ გულზე, პირდაპირ ეთერში, მოხსნის თუ არა სააკაშვილი „სამტრესტის“ მმართველს დაკავებული თანამდებობიდან, ხალხს ისევე ჰკიდია, როგორც აქამდე ეკიდა…
ფეხებზე.
დადგეს ახლა მინისტრი გოროზია რუსეთის ბაზრის კარებთან და იმღეროს:
«Купите бублики
Для всей республики,
Гоните рублики
Вы поскорей».
თუმცა, რა ვიცი, წაადგება კი პროლეტარიატის დიქატატურის დროინდელი ეს მოწოდება – იყიდეთ! – კაპიტალიზმის ნათელი მწვერვალებისკენ მიმავალ გზაზე შემდგარ საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქტების გასაღების მენეჯმენტს.
არ წაადგება და, აგერ არა გვყავს თბილისის მერი უგულავა, რომელიც დაგვპირდა, რომ მისი მორიგი ინიციატივა (რა მნიშვნელობა აქვს, რომელი) სულ მალე აფუნქციონირდება და განგვეხვნება სამოთხის კარი.
აფუნქციონირდებაო…
P.S. ასეთ შემთვევაში ირონიულად შენიშნავდა დიდი კომბინატორი ოსტაპ ბენდერი: „როცა ამ ახალ ცხოვრებას ვხედავ, ამ ძვრებს, გაღიმება კი არა, ლოცვა მინდება“.
ბენჟამენ იგარკა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here