Home რუბრიკები პოლიტიკა ,,ბანკი ქართუს“ განცხადება

,,ბანკი ქართუს“ განცხადება

715

სააქციო საზოგადოება ,,ბანკი ქართუ“ აცხადებს, რომ მიუხედავად ა.წ 18 ოქტომბერს ,,საქართველოს  ბანკის“ ტერიტორიაზე სამართალდამცველი ორგანოების მიერ   საზოგადოებისათვის საშიში ფორმით განხორციელებული სპეცოპერაციის დროს ბანკისათვის აბსოლუტურად უსაფუძვლოდ წართმეული დიდი ოდენობის ფულადი სახსრებისა, ჩვენ არ განვიცდით ფინანსურ პრობლემებს, უფრო მეტიც, დღეისათვის საქართველოს საბანკო სისტემაში ერთ–ერთი ყველაზე მაღალი ლიკვიდობის დონე  გვაქვს.

ბანკის პრობლემა სწორედ ისაა, რომ მისდამი საქართველოს ხელისუფლებისა თუ ეროვნული ბანკის დღევანდელ დამოკიდებულებაში გადამწყვეტია პოლიტიკური ფაქტორი და ჩვენი დამფუძნებლის ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური ანგარიშსწორების ვექტორი მნიშვნელოვნად ბანკისკენ არის მიმართული.
აღნიშნულს პირდაპირ ადასტურებს ბანკის  ინკასაციის მანქანაზე  ფულის გათეთრების აღკვეთის მოტივით განხორციელებული თავდასხმა, როდესაც ერთი წამითაც არ დამდგარა ეჭვს ქვეშ ხელისუფლებისადმი ლოიალური სს ,,საქართველოს ბანკის“, საიდანაც ვითომ ,,შავი“ ფულის ტრანპორტირებას ვახდენდით, პასუხისმგებლობის საკითხი.
მხოლოდ პოლიტიკური მოტივით შეიძლება აიხსნას ამ საკითხზე საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებებიც, თუმცა ცხადზე უცხადესია, რომ მსოფლიოს წამყვანი ბანკების მეშვეობით გატარებული ოპერაცია არ შეიძლება საქართველოში დაკვალიფიცირდეს ფულის გათეთრების მცდელობად და, გნებავთ, სს ,,ბანკ ქართუში“  მყისიერად დაწყებული შემოწმება, რომელიც აბსოლუტურად უსაფუძვლოდ, ფაქტობრივად დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმში ფუნქციონირებს და დღემდე არ აკეთებს დასკვნას  ფულის გათეთრების  ასე გახმაურებულ ოპერაციაზე.
პარალელურად მიდის სერიოზული ზემოქმედება ბანკის კლიენტებზე, რათა მათ გადაიტანონ ანგარიშები  და  ფულადი სახსრები სხვა ბანკებში და, ვფიქრობთ, თავად კომერციულ ბანკებზე, რომელთაც აშკარად შეცვალეს დამოკიდებულება სს ,,ბანკი ქართუს“ მიმართ.
სს ,,ბანკი ქართუს“ ხელმძღვანელობა კატეგორიულად მოითხოვს, შეწყდეს თავად ბანკსა და მის კლიენტებზე პოლიტიკურად მოტივირებული ზეწოლა, დაგვიბრუნდეს უსაფუძვლოდ ჩამორთმეული  ჩვენი კუთვნილი თანხები  და მოგვეცეს მშვიდად და სტაბილურად ფუნქციონირების შესაძლელობა, რაც სახელმწიფოსა  და, პირველ რიგში, საქართველოს ეროვნული  ბანკის წმინდათაწმინდა მოვალეობაა.
 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here