Home რუბრიკები საზოგადოება გიგა ლორთქიფანიძე: ნუ გადავიქეცით შოვინისტებად და ნაციონალისტებად!

გიგა ლორთქიფანიძე: ნუ გადავიქეცით შოვინისტებად და ნაციონალისტებად!

1074

GEWORLD.GE:
დიდ ხელოვანთან, თანამედროვეობის დიდ რეჟისორთან გიგა ლორთქიფანიძესთან შეხვედრა უმაღლეს ღირებულებებსა და მაღალ მატერიებზე სასაუბროდ განგაწყობს _ იმდენად მდიდარია მისი შემოქმედებითი სამყარო, იმდენად ძლიერია მისი პიროვნული ხიბლი. მორევივით ჩაგითრევს. მაგრამ საგაზეთო დავალების მათრახი კანჭებში მწარედ რომ მოგხვდება, უკანვე შეგაგდებს A-3-ის ფორმატის ლახტის წრეში.
_ შეაფასეთ, თუ შეიძლება, ხელისუფლებისა და საზოგადოებრიობის რეაქცია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლასთან დაკავშირებით.
_ მიმაჩნია, რომ საქართველოს ერთადერთი ხსნა დღეს ბიძინა ივანიშვილია.

ძალიან სასაცილოა, როცა ლაპარაკობენ, რომ ის ბიზნესმენია და არა პოლიტიკოსი. ამით უნდათ ჩრდილი მიაყენონ მას და ხალხს იმედი გადაუწურონ. თქვენს მკითხველებს შევახსენებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სენატში არ აგირჩევენ, გარკვეული ქონების პატრონი თუ არ ხარ. ჩვენ ხომ ვამბობთ, რომ ამერიკა დემოკრატიის საჩვენებელი მაგალითია?
_ დიახ, ვამბობთ და ვცდილობთ მივბაძოთ.
_ მაშ, რატომ უნდა მივიჩნიოთ ბიზნესმენ ივანიშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა ანომალიად?
_ რადგან ასე სურს ხელისუფლებას.
_ ბიძინა ივანიშვილი ფანტასტიური ნიჭიერების კაცია. მან სწორედ ამ ნიჭის წყალობით შეძლო ბიზნესში წარმატების მიღწევა.
განა არ შეუძლია ბიძინა ივანიშვილს არხეინად, მშვიდად გაატაროს თავისი ცხოვრება? რატომ აიტეხა პოლიტიკა?
პასუხი ერთადერთია: იგი უდიდესი პატრიოტია თავისი ქვეყნის. მან კითხვის ქვეშაც კი დააყენა საკუთარი სიცოცხლე და შევიდა ბრძოლაში.
ცოტა იუმორიც გავურიოთ.
დავუშვათ კაცი არის ჩემპიონი კრივში. ამ დროს მეორე კაცი აცხადებს ჩემპიონს უნდა შევეჯიბროო. იმან რომ თქვას, ეგ ცუდი ბიჭია და არ ვეჩხუბებიო, ხომ გამასხარავდება? თუ ცუდი ბიჭია, ცემე რა, კაცო, გადი რინგზე და მოუგე, თუ შნო გაქვს.
ასეთ სასაცილო მდგომარეობაში ჩაიყენა ხელისუფლებამ საკუთარი თავი. ხომ წერენ და ამბობენ, რომ ჩვენი მოსახლეობის 75 პროცენტი სააკაშვილისა და ამ ხელისუფლების მომხრეაო? ამბობენ. არჩევნების დროს თითო-ოროლა პროცენტს სხვა პარტიებიც აიღებენ, რა დარჩება “საწყალ” ბიძინას? რატომ მიაჩნიათ, რომ დიდი საშიშროების წინაშე დგანან?!
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ჩემთვის არის შეურაცხმყოფელი. გუშინ ვუსმენდი “კავკასიის” ეთერში, საუბედუროდ, ნიჭიერ კაცს _ დარჩიაშვილს. შეურაცხყოფილი ვიყავი იმით, რასაც ის ლაპარაკობდა, მისი დემაგოგიით: იგი თავის განათლებას და ნაკითხობას იყენებდა, ხელისუფლების უხერხული მდგომარეობიდან გამოსაყვანად.
იმასაც გეტყვით, რომ ქვეყანა საოცრად მძიმე მდგომარეობაშია. ამ ვითარებაში ხალხმა დაინახა, რომ, ერთადერთი გამოსავალი, ერთადერთი ხსნა  არის ბიძინა ივანიშვილი.
ტოტალურად გავრცელდა ასეთი დამოკიდებულება, ყოველგვარი პროპაგანდისა და რეკლამის გარეშე. მარტო იმიტომ კი არა, რომ იგი ქველმოქმედია. არა! ვთქვათ, ერთ მილიონ ადამიანს დაეხმარა, ორი მილიონი ხომ დარჩება ხელისუფლების მხარეს? დარჩება.
რატომ ეშინიათ?
ივანიშვილის ეშინიათ იმიტომ, რომ ამ კაცში დაინახეს უპირველესი თვისება, რომელიც ქვეყნის ხელმძღვანელს უნდა ჰქონდეს _ სიკეთე, ადამიანის სიყვარული, სურვილი იმისა, რომ ხალხს მოუტანოს მხოლოდ სიხარული, მხოლოდ ბედნიერება.
ამიტომაა ძნელი და საშიში მასთან ბრძოლა. ამ შიშით შეპყრობილები სრულიად გაუგებარ და გაუმართლებელ გადაწყვეტილებებს იღებენ.
_ საქართველოს მოქალაქეობას ართმევენ.
_ დიახ! ერთი წლის წინათ მოგეცი საქართველოს პასპორტი და დღეს გართმევ იმიტომ, რომ არჩევნებში არ მიიღო მონაწილეობა?!
სხვათა შორის, ამით მიშა სააკაშვილმა ყველა დიქტატორს მისცა მაგალითი (ულვაშებში ეღიმება): ვინც კი განაცხადებს მათ ადგილზე მოსვლის პრეტენზიას, დაუყოვნებლივ შეუწყვიტონ მოქალაქეობა და მორჩა საქმე!
_ მიშას “ნოუ ჰაუა”?
_ ეგრე გამოდის. მაგრამ ასე იოლად არ არის საქმე და ხალხს ეს ესმის. ხელისუფლების საუბედუროდ ხალხი ძალიან გაერკვა პოლიტიკაში.
_ ამ ხელისუფლებას თქვენ ყოველთვის კრიტიკულად ეკიდებოდით, განსაკუთრებით, კულტურის შეუფასებლობისა და მისი იგნორირების გამო. მაგრამ ერთ პერიოდში მთავრობამ თქვენი დაახლოება მოინდომა და შემოგთავაზათ მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობა. თქვენ დათანხმდით. მაგრამ მალევე დაცილდით. რატომ გაიყარა თქვენი გზები? არადა, მაშინ თქვით, რომ კულტურის მინისტრი ნიკა რურუა ისეთი კაცია, ვისთანაც შეიძლება ლაპარაკი.
_ მოზარდ მაყურებელთა თეატრის, რომელიც მაშინ იწოდებოდა ნოდარ დუმბაძის სახელობის ცენტრალურ საბავშვო თეატრად, სამხატვრო ხელმძღვანელობას თავი დავანებე იმიტომ, რომ დირექტორმა, ვინმე მიშა ანთაძემ თეატრიდან გააგდო ყველაზე ნიჭიერი მსახიობები. თხუთმეტი ადამიანი, რომლებიც შერჩეული მყავდა, ვისთან ერთადაც შეიძლებოდა რამის გაკეთება.
_ რატომ გააგდო?
_ იმიტომ, რომ ისინი არ ეგუებოდნენ იმ უბედურებას, რომელიც წლების მანძილზე მოზარდ მაყურებელთა თეატრში ხდებოდა ამ ანთაძის მეთაურობით. მას უფლება არ ჰქონდა, ჩემი ნებართვის გარეშე გაეშვა ისინი. ჩემი პროტესტი თეატრიდან წამოსვლით გამოვხატე.
რაც შეეხება ნიკა რურუას, გეტყვით, რომ როცა მას ამ პრობლემაზე ველაპარაკებოდი, პირდაპირ სახეზე ეწერა _ ჩემზე არ არის ეს დამოკიდებულიო.
საინტერესო კაცია, მაგრამ იმდენად დაემონა იმ საშინელ მდგომარეობას, რომელიც ქვეყანაშია, რომ, რა თქმა უნდა, მის მიმართ პატივისცემა, მასთან თანამშრომლობის სურვილი დამეკარგა და აღარც გამჩენია.
_ რუსთავის თეატრში დადგმულ სპექტაკლს _ კოროსტილოვის “ასი წლის შემდეგ” (“დეკაბრისტები”) დღეს თუ დაუბრუნდებოდით, როგორი მთავარი აქცენტით?
_ ჩემი აზრით, კოროსტილოვის ამ პიესის მთავარი თემა ყველა დროისთვის აქტუალურია, ის დიდი პრობლემაა, რომელიც დღესაც დგას ჩვენს წინაშე _ ხელმწიფე და ხალხი, ძალაუფლება და სიმართლე.
ვადიმ კოროსტილოვის ნიკოლოზ პირველი ნიჭიერი, ძლიერი პიროვნებაა. მაგრამ მას უპირისპირდება სიმართლე დეკაბრისტების სახით, რომლებიც ზრუნავენ არა საკუთარ აღზევებაზე, არამედ ხალხის, ერის ხვალინდელ დღეზე.
ამ თემას კვლავ წამოვწევდი. ეს სპექტაკლი ჩემი უსაყვარლესი სპექტაკლია და მაყურებელმაც, ხალხმა ფანტასტიურად მიიღო.
რახან რუსთავის თეატრზე ჩამოვარდა სიტყვა, გეტყვით, რომ არასოდეს შემშინებია, თავიდან დამეწყო ცხოვრება, არასოდეს მიზრუნია, შემენარჩუნებინა ის, რაც იმ მომენტისთვის მქონდა. ჩემთვის არავის უთქვამს, წადიო მარჯანიშვილის თეატრიდან, მაგრამ იქ თაობები დაუპირისპირდა ერთმანეთს. მე არ შემეძლო, ერთ თეატრში რომელიმე ერთი თაობის მხარეს დავმდგარიყავი. უფროს თაობას მაშინ გენიალური არტისტები წარმოადგენდნენ _ ვერიკო ანჯაფარიძე, ვასო გოძიაშვილი… ამიტომ გაცლა ვამჯობინეთ ახალგაზრდებმა. მაგრამ იმასაც ვიტყვი, რომ ერთადერთი ადამიანი, ვინც უფროსი თაობიდან რუსთავში გადმოგვყვა, სესილია თაყაიშვილი იყო. ძალიან გვიჭერდა მხარს მედეა ჯაფარიძე, რომელიც ბოლომდე იბრძოდა ჩვენს პოზიციაზე.
27 კაცმა დატოვა მაშინ მარჯანიშვილის თეატრი და რუსთავში წამომყვა. ის მსახიობები დღემდე ითვლებიან საუკეთესო ძალად მარჯანიშვილის თეატრის ისტორიაში.
არაფერი დაშავებულა ამით. პირიქით, ახალგაზრდა ქალაქ რუსთავში შეიქმნა თეატრალური კულტურის ახალი კერა, რომელმაც თანდათან დიდი სიყვარული და პატივისცემა მოიპოვა.
_ ახალი ცხოვრების დაწყება ჩემთვის პრობლემა არასოდეს ყოფილაო, ბრძანეთ თქვენ, არც ძველის დავიწყება? ენციკლოპედიებში თქვენ მოიხსენიებით საქართველოს სსრ და სსრ კავშირის სახალხო არტისტად, სსრ კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატად. დღეს ეს თქვენთვის წარსულის მძიმე ტვირთია? საბჭოთა სიმბოლიკა საქართველოში ხომ კანონით აკრძალეს?
_ კაცო, მე საბჭოთა კავშირის კაგებეს უფროსი ხომ არ ვიყავი?! (იცინის). სახალხო არტისტი ვიყავი! და ეს წოდება ჩემს თაობაში და ცოტა უფროსშიც ერთ-ერთმა პირველმა მივიღე. ბევრი რამ მაკავშირებდა რუსეთთან, იქ ვსწავლობდი, იქაურ თეატრებში ვმოღვაწეობდი… აქსიომაა, რომ არის და ყოველთვის იყო განსხვავება მმართველებსა და რუს ხალხს შორის… შეიძლება არ გიყვარდეს პუშკინის, ტოლსტოის, დოსტოევსკის, გოგოლის, ლერმონტოვის და ა.შ. მშობელი ერი?! ყოველთვის ვიყავი და ვარ მომხრე, ნორმალური ურთიერთობა გვქონდეს ამ ერთან. ნუ გადავიქეცით შოვინისტებად და ნაციონალისტებად!
თქვენ, ალბათ, გახსოვთ, რომ საქართველოს, ქართული კულტურის მოღვაწეთა განუყრელი მეგობრები იყვნენ ევგენი ევტუშენკო, ბელა ახმადულინა, ანდრეი ვოზნესენსკი, როგორი თაყვანისმცემლები იყვნენ ისინი ქართული პოეზიის, ქართული ლიტერატურის; თარგმნიდნენ, ჩვენებსაც გადმოჰქონდათ ქართულ ენაზე მათი შესანიშნავი ნაწარმოებები.
_ პასტერნაკი!
_ პასტერნაკმა, ტიციან ტაბიძე რომ დააპატიმრეს, მოსკოვიდან თბილისში დაურეკა გამომცემლობის დირექტორს _ ზლატკინს და სთხოვა, ჰონორარი, რომელიც მას ეკუთვნოდა თბილისში გამოცემული ლექსების კრებულისთვის _ 25 ათასი მანეთი (მაშინ ეს ფანტასტიური ფული იყო), მთლიანად გადაეცით ტიციანის ოჯახს, ოღონდ არ უთხრათ, რომ ჩემგან არის, რადგან თავმოყვარე ხალხია და არ გამოგართმევენო. უთხარით, რომ ტიციანის ჰონორარიაო…
რამდენად გონივრულია ამ ერთან, ამ ხალხთან და ქვეყანასთან დაპირისპირება?
ნუ ვკარგავთ თავგანწირვის უნარს და ნუ გადავიქეცით შარლატანებად _ ცრუპენტელებად, მატყუარებად!
ღრმადა ვარ დარწმუნებული, _ დღეს სასწორზე დევს ჩვენი ქვეყნის ბედი, ამიტომ გვმართებს საოცარი გონიერება და პრაქტიკული აზროვნება, სრული მობილიზება, რათა გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა.
_ თქვენ თქვით და ფაქტია, რომ ხელისუფლება ანგრევს ქვეყანას. უცოდინარობით მოსდით, თუ შეგნებულად აკეთებენ?
_ ძალიან კატეგორიული იქნებოდა, მეთქვა, რომ მათ სძულთ ქართველი ხალხი. არა მგონია, ასე იყოს. მაგრამ ღმერთმა თუ არ მოგცა უნარი, ჭკვიანურად გაუძღვე ქვეყანას, ამის შემძლე კაცი რომ გამოჩნდება, მაშინ მაინც დაიხიე უკან, განზე გადექი. იფიქრე, სხვამ, ეგებ, უკეთესად შეძლოს ქვეყნის მართვა!
უყურეთ, სადამდე მიდის დემაგოგია: ბიძინა ივანიშვილს არსად, არც ერთ გამოსვლაში არ უთქვამს, რომ რუსეთის მთავრობა კარგი მთავრობაა და პუტინი კარგი კაციაო. ამბობს, რომ ვალდებული ვართ, თანასწორი ურთიერთობა აღვადგინოთო. არადა, აბრალებენ, პუტინს აქებსო…
ერთი ტრაგიკული ფრაზა მახსენდება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან. როცა სოლომონ ლიონიძემ ერეკლე მეორეს დაეჭვებით ჰკითხა, ხომ არ ვცდებით რუსეთისკენ გეზი რომ ავიღეთო და პატარა კახი უპასუხებს: ქრისტიანი ხალხია და, იქნებ, ბოლომდე არ გაგვწიროსო.
_ თქვენ მიერ გადაღებული ფილმებიდან რომლის გადაღებაზე იტყოდით დღეს უარს?
_ არც ერთზე. მაგრამ, ალბათ, გულისხმობთ ფილმს “წიგნი ფიცისა”, რომელიც გიორგიევსკის ტრაქტატს მიეძღვნა.
_ დიახ.
_ ბევრი ტკივილი მომაყენეს “წიგნი ფიცისა” გამო. პირდაპირ გეტყვით, ვინც ამ უგვანო საქმეში აქტიურობდა, იმას ეს სურათი ნანახიც არ ჰქონდა.
ფილმი საკავშირო ცენტრალური ტელევიზიის დაკვეთით იყო გადაღებული. მოსკოვში ჩასაბარებლად რომ ჩავიტანე, ნახეს და არ მიიღეს: შოვინისტურიაო. ისეთი ხაზია გატარებული, რომ საქართველო იძულებული იყო, რუსეთის მფარველობა მიეღო და არა _ ბედნიერი.
მაშინ ვუთხარი: ერთი მითხარით, სად და როდის დაუკარგია ერს თავისუფლება სიხარულით-მეთქი?!
მაპატიეთ, მაგრამ თავდაჯერებით განვაცხადებ, რომ ეს ფილმი პატრიოტულია და არა კონიუნქტურული.
ჩემი უსაყვარლესი ფილმი, რა თქმა უნდა, არის “დათა თუთაშხია”. მაგრამ ეს ცალკე თემაა და შეიძლება ინტერვიუს ძირითადი ხაზიდან ამოგვაგდოს…
ყველაზე დიდი პრეტენზია ამ ხელისუფლების მიმართ ჩემი პროფესიიდან გამომდინარეა. არავითარი სურვილი პოლიტიკოსობისა არ მქონია: ყოველთვის ვიყავი რეჟისორი და ახლა ვარ ბებერი რეჟისორი (ეღიმება).
განადგურდა ქართული კულტურა ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. გაქრა ქართული კინოს ფენომენი (უცხოელების შეფასებაა ასეთი), მხოლოდ ისტორიაში დარჩა ქართული თეატრის უდიდესი წარმატებები.
როდესაც ბათუმში დადგმულ “ქეთო და კოტეს” დროშად ააფრიალებენ და მთავარ წარმატებად გამოაცხადებენ, ნათელი ხდება, რა მოთხოვნებს უყენებს დღევანდელი ხელისუფლება ქართულ თეატრსა და ქართულ კინოს. დიდ ნაწყვეტებს ვუცქირე ამ ოპერის, რაც ტელევიზიით გადმოიცა. ეს იყო შემზარავი!
მეც მაქვს “ქეთო და კოტე” ოპერის თეატრში დადგმული და 30 წელიწადი სცენიდან არ ჩამოსულა…
_ თქვენი პასუხი ასე გავიგე _ წავიდეთ თეატრში, მაგრამ… თეატრი არ გვაქვს?
_ გვაქვს თუ არა, მაინც უნდა წავიდეთ, რადგან უნდა შევინარჩუნოთ ქართული თეატრისა და კინოს ფენომენი, ტრადიცია შემოქმედებასთან ზიარების.
ტელეკომპანია “იმედში” რომ მივდიოდი, ხომ უნდა გამევლო კინოსტუდიის _ “ქართული ფილმის” ეზო, და ვხედავდი დიდი კინემატოგრაფისტების დაობლებულ ძეგლებს; უკაცრიელობა იყო ირგვლივ; იდგა ცარიელი შენობა, სადაც ერთ დროს დუღდა ცხოვრება, იქმნებოდა მსოფლიო შედევრები, ბრწყინვალე ფილმები… ეს ყველაფერი უნდა გაანადგურო, არაფერს არ მოერიდო, არაფერს არ გაუწიო ანგარიში?!
_ სხვის ხელზე მომსახურე ერად გვაქცევენ და რად გვჭირდება კულტურა, მეცნიერება?
_ ესენი სამუშაო ადგილებზე რომ ლაპარაკობენ, ოფიციანტებისა და დამლაგებლების ადგილებს გულისხმობენ და არა _ რეჟისორებისა და მსახიობების…
თქვენს გაზეთში წავიკითხე, რა დღეშია საქართველოს მეცნიერებათა აკადემია _ “ცოცხალთა პანთეონიო”, გიწერიათ კიდეც.
ჩვენი მეცნიერებისა და კულტურის ყველა დარგში მიმდინარეობს საშინელი დაკნინება და დაცემა, რაც მთავარია _ აზროვნების უნარის მოსპობის მცდელობაა. ვიყავით დაპყრობილი ქვეყანა, მაგრამ მონები არასოდეს ვყოფილვართ. ახლა ასეთებად უნდათ გვაქციონ…
_ ბებერი რეჟისორიო კი ბრძანეთ, ბატონო გიგა, მაგრამ სიბერისა არა გეტყობათ რა და, უთუოდ შემოქმედებითი გეგმებიც გაქვთ.
_ ფიზიკურად თუ შევძელი და თუ ვიშოვე ფული (ეცინება), იქნებ მოვასწრო კიდევ ერთი ფილმის გადაღება და ერთი სპექტაკლის დადგმა.
_ რაზე იქნება ფილმი?
_ ახლა ვერ ვიტყვი.
ესაუბრა
არმაზ სანებლიძე
P.S. 19 ოქტომბერს ბატონი გიგა ლორთქიფანიძე 84 წლის გახდა. ვულოცავთ!
“ხანდაზმულობის მიუხედავად, საკუთარ იმიჯს მტკიცედ ინარჩუნებს. ლიდერისათვის დამახასიათებელი ამბიციურობაც შვენის” (ამონარიდი მონოგრაფიიდან “გიგა ლორთქიფანიძე”).
“საქართველო და მსოფლიოს” მკითხველი ამ ინტერვიუდანაც დარწმუნდება, რომ მართლაც ინარჩუნებს და მართლაც შვენის!
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here