Home რუბრიკები საზოგადოება გურამ ფირცხალავა: ვერანაირი ჯონ ბასები და კლინტონები ხალხის ნებას წინ ვერ აღუდგებიან

გურამ ფირცხალავა: ვერანაირი ჯონ ბასები და კლინტონები ხალხის ნებას წინ ვერ აღუდგებიან

GEWORLD.GE:
ბოლო დროს განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებზე “საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრება მსახიობი გურამ ფირცხალავა.
_ ბატონო გურამ, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულმა სკანდალურმა განცხადებამ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები, ფაქტობრივად, მკვდრეთით აღადგინა, თუმცა დღემდე ამ პროცესებში “სახალხო კრება” არ მონაწილეობს. როგორ უნდა ავხსნათ თქვენი მხრიდან ასეთი პასიურობა ესოდენ რთულ და დაძაბულ პერიოდში?
_ ვერ დაგეთანხმებით, რომ “სახალხო კრება” პროცესებში არ მონაწილეობს, ჩვენ ვართ ივანიშვილთან, გამოვუცხადეთ მას ნდობა და ვდგავართ მის გვერდით. რაც შეეხება პროცესების გამოცოცხლებას, 26 მაისის იმ ავადსახსენებელი მოვლენების შემდეგ, სიმართლე გითხრათ, არ მეგონა, ქართველის გულში რამე იმედს თუ ჩასახავდა, მაგრამ ეს ადამიანი, ივანიშვილს ვგულისხმობ, რასაკვირველია, როგორც ჩანს, მართლა ღმერთმა გამოუგზავნა საქართველოს და მიმაჩნია, რომ დღეს თითოეული ჩვენგანი მის გარშემო უნდა გაერთიანდეს…

_ რა აზრის ხართ იმაზე, რომ ივანიშვილმა ოპოზიცია კატეგორიებად დაჰყო: ერთი, ვისთანაც შეიძლება თანამშრომლობა; და მეორე, ვისთანაც რამე ურთიერთობას გამორიცხავს? ბევრმა ამის გამო გააკრიტიკა იგი.
_ იცით რა, ეს დაყოფა კი არ არის, არამედ, ჩემი აზრით, ამით მან გამოხატა საკუთარი დამოკიდებულება ზოგიერთი პარტიისა და მათი ლიდერებისადმი; მიმაჩნია, რომ ამაში ცუდი და უადგილო არაფერია, ვინაიდან დღესდღეობით საქართველოში უამრავი პოლიტიკური პარტიაა ისეთი, რომელიც ნამდვილად არ იმსახურებს საზოგადოების ნდობასა და მხარდაჭერას, იმის მიუხედავად, რომ, როგორც ქრისტიანები, ვალდებულნი ვართ, მიმტევებლები ვიყოთ.
_ ე.ი. თქვენ ფიქრობთ, რომ ივანიშვილმა სამართლიანად გამოუცხადა უნდობლობა ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიას?
_ მე ივანიშვილის ადვოკატი არ ვარ და არც ვინმეს მსაჯულად გამოვდგები, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, იმ პარტიების უმეტესობა, რომელთაც ამ ადამიანმა უნდობლობა გამოუცხადა, ქართულ პოლიტიკაში მხოლოდ სამარცხვინო ლაქას წარმოადგენს, ვინაიდან მათი დიდი ნაწილი, ფაქტობრივად, “ნაციონალური მოძრაობის” ფილიალია და ხელისუფლების მითითებებს ასრულებს. ამას დადასტურება არ სჭირდება. ასე რომ, თქვენ წარმოიდგინეთ, პირიქით რომ მომხდარიყო და ივანიშვილს მათთვის თანამშრომლობის ხელი გაეწვდინა, რა აზრის იქნებოდა ხალხი ამ ყველაფერზე. მისდამი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, მე პირადად მის გულწრფელობაში ეჭვი შემეპარებოდა…
_ როგორ ფიქრობთ, გადაჭარბებული ხომ არ არის ბიძინა ივანიშვილის განცხადების გარშემო ატეხილი მთელი ეს აჟიოტაჟი და ზოგადად ის მოლოდინები, რაც მასთან დაკავშირებით გაჩნდა?
_ ერთადერთი შემთხვევა, როცა ქართველი ხალხი საბედისწერო ეიფორიამ მოიცვა და სწორედ ამ ეიფორიის ფონზე გაუაზრებელი გადაწყვეტილება მიიღო, ეს იყო სააკაშვილისა და მისი გარემოცვის ხელისუფლებაში მოყვანა. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მას ჩვენ, დიდი ხანია, ვიცნობთ და ვიცით, რისი გამკეთებელია რეალურად. ასე რომ, რა მოლოდინიც მასთან დაკავშირებით არსებობს, ეს არ არის რაღაც მოზღვავებული ემოციის ფონზე გაჩენილი იმედი, არამედ ეს ყველაფერი ეფუძნება იმ ასობით და ათასობით კეთილ საქმეს, რომლებიც ამ ადამიანს რეალურად აქვს გაკეთებული.
_ რამდენიმე დღის წინ, ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოში ამერიკის ელჩის, ჯონ ბასის განცხადება რომ მოვისმინე, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ იგი მხარს უჭერს სააკაშვილის ხელისუფლების პოლიტიკას. თქვენი აზრით, ასეთ პირობებში რა შანსი აქვს თუნდაც ისეთი მძლავრი ფინანსური რესურსების მქონე ადამიანს, როგორიც, მაგალითად, ბიძინა ივანიშვილია?
_ ძალა, ამ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი ან რომელიმე ცალკე აღებული ერთი პიროვნება კი არა, ქართველი ხალხია, რომელიც უნდა გაერთიანდეს სწორი იდეის გარშემო. თუ ჩვენ ამას მივაღწევთ, მერწმუნეთ, ვერანაირი ჯონ ბასები და კლინტონები ხალხის ნებას წინ ვერ აღუდგებიან. ისე, ეს ამერიკის ელჩი უკვე მართლა ყველას ყელში ამოუვიდა და ბოლოსდაბოლოს უნდა მიხვდეს ეგ დალოცვილი, რომ საქართველო არ არის მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი. თუ ვერ მიხვდება, მაშინ ჩვენ უნდა მივახვედროთ და დარწმუნებული ვარ, ხალხს ჯერ კიდევ შესწევს ძალა საამისოდ.
_ ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ივანიშვილმა ხელისუფლებასთან დაახლოებულ ე. წ. ოპოზიციონერებთან ერთად ისეთი პარტიებიც გააკრიტიკა, რომელთა ჭეშმარიტ ოპოზიციონერობაშიც აქამდე ეჭვი არავის შეჰპარვია. მათ შორის იყო ლეიბორისტული პარტიაც. თქვენ რა აზრის ხართ ამაზე?
_ ივანიშვილმა დაასახელა ის პარტიები, რომლებიც, მისი აზრით, ხელისუფლების დაკვეთით მოქმედებენ. ამიტომ, სიმართლე გითხრათ, თავიდან ცოტა გამიკვირდა, მათ შორის ლეიბორისტებიც რომ იყვნენ, მაგრამ, მეორეს მხრივ, ის ფაქტი, რომ გამოქვეყნდა თუ არა ივანიშვილის განცხადება, შალვამ მაშინვე მისი კრიტიკა დაიწყო, ვფიქრობ, ძალიან ბევრ რამეზე მიგვანიშნებს…
_ მაინც რაზე?
_ არ მინდა, ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ მიმაჩნია, რომ დღესდღეობით ბიძინა ივანიშვილის კრიტიკა, პირდაპირ თუ ირიბად, ხელისუფლების მხარდაჭერას ნიშნავს.
_ გინდათ თქვათ, რომ შალვა ნათელაშვილი ხელისუფლების საქმეს აკეთებს?
_ ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე, თუ კი ვინმეს ხელს აძლევს ივანიშვილის კრიტიკა, პირველ რიგში, ეს არის ხელისუფლება. ამდენად, რა თქმა უნდა, ნათელაშვილი აკეთებს ხელისუფლების საქმეს. სხვათა შორის, ეს ადამიანი, დიდი ხანია, ბიძინა ივანიშვილს ებრძვის და თავიდან მე ეს არ მესმოდა, დღეს კი, როცა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა, ყველაფერი ნათელია…
_ რა აზრის ხართ ეკლესიის პოზიციაზე იმავე ივანიშვილის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიასთან და, ზოგადად, ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით?
_ სიმართლე გითხრათ, ვერასოდეს ვიფიქრებდი, ეკლესიაზე პრეტენზიული ტონით თუ გავბედავდი საუბარს, მაგრამ დღეს, როცა ქვეყანაში ამდენი უმსგავსობა ხდება, როცა ხელისუფლება პირდაპირ ქუჩაში ხოცავს ადამიანებს და ჩვენი სამღვდელოება ამაზე ხმას არ იღებს, მე პირადად არ შემიძლია, ჩუმად ვიყო… ამასწინათ რეზო ამაშუკელი ამბობდა ერთ-ერთ ინტერვიუში, ფოთში რომელიღაც მღვდელს თუ მეუფეს დავურეკე და ვუთხარი, მაგ ანაფორას თავზე გადაგახევო. თავიდან, ცოტა არ იყოს, გამიკვირდა რეზოსგან ასეთი განცხადება, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ მას ჰქონდა გულისწყრომის მიზეზი…
_ სასულიერო პირის მისამართით, ვფიქრობ, მაინც არ არის მსგავსი განცხადება მისაღები, არ მეთანხმებით?
_ როცა საქმე მართლა სასულიერო პირს ეხება, გეთანხმებით, მაგრამ იმ ადამიანმა, ვისაც რეზო თავზე ანაფორის გადახევით ემუქრებოდა, იცით, რა ქნა? ფოთში ერთადერთი უნიკალური მოედანი შემოღობა და თავის ეკლესიას შეუერთა. ამით თვითონ ეკლესიის ეზოც დაამახინჯა და ქალაქის იერ-სახეც. ახლა მე თქვენ გეკითხებით, არის ის ამის შემდეგ სუფთა სინდისის ადამიანი? ეკლესიებს აქეთ ართმევენ მიწებს და მას რომ მოედნის შემოღობვის უფლება მისცეს, ეს არ მიგვანიშნებს იმაზე, რომ ამ ადამიანს რაღაც კავშირი აქვს ხელისუფლებასთან?!
_ “ნაცმოძრაობის” აგენტობაში სდებთ ბრალს?
_ ბრალის დადება რა შუაშია, ჩადით ფოთში და ნახეთ, რას ჰგავს იქაურობა _ ქალაქი სოფლის ორღობეს დაემსგავსა. მერე კიდევ რეკლამებს გვიჩვენებენ ტელევიზორში, დაგვირეკეთ, ეკლესიის მშენებლობაა დასამთავრებელიო. იმ ეკლესიას რომ რკინის ღობე შემოავლეს, რაც ის დაჯდა, სამჯერ დაამთავრებდა მშენებლობას. ერთი სიტყვით, ეს არის უვიცობა, უზრდელობა და უპატივცემლობა ქალაქის მიმართ და უბედურებაა, როცა სწორედ ასეთი ადამიანები არიან დიდწილად ეკლესიას დაპატრონებულნი…
_ თქვენ თქვით, რომ ეკლესიამ ხმა უნდა აიმაღლოს იმ უსამართლობაზე, რაც თუნდაც ბიძინა ივანიშვილის მიმართ ხორციელდება. კონკრეტულად როგორ და რა ფორმით წარმოგიდგენიათ ეს ყველაფერი?
_ როცა ვამბობ, რომ ეკლესიამ ხმა უნდა ამოიღოს, ცხადია, იმას არ ვგულისხმობ, რომ სასულიერო პირებმა ხელისუფლების ლანძღვა-გინება დაიწყონ, მაგრამ მათი მხრიდან მკაფიოდ უნდა იყოს დაფიქსირებული პოზიცია, _ მოსწონთ და ეთანხმებიან, ქვეყანაში რაც ხდება, თუ არა. ამასწინათ ერთი ჩემი მეგობარი მეუბნებოდა, მოძღვარს ვკითხე, როგორ უნდა მოვიქცეთო და იმან მიპასუხა, უნდა მოვითმინოთო. კი, მაგრამ როდემდე? სანამდე შეიძლება ასე ვიყოთ?.. არაერთხელ მითქვამს და კვლავ ვიმეორებ, როცა ყოველ ნაბიჯზე უკანონობას ხედავ, როცა ადამიანის ღირსებას ფეხქვეშ თელავენ და შენ ამაზე ხმას არ იღებ, მაშინ არც ღმერთთან ხარ მოციქული და მით უფრო არც ერისკაცად გამოდგები. ასე რომ, მაპატიოს უფალმა, მაგრამ არ მწამს იმ ხალხის, ვინც ამბობს, რომ უნდა მოვითმინოთ, უნდა დავუყვავოთ და ა.შ. ამდენმა მოთმინებამ სანამდეც მიგვიყვანა, აგერ უკვე ყველა ვხედავთ…
ესაუბრა
ჯაბა ჟვანია
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here