Home რუბრიკები საზოგადოება ირაკლი პეტრიაშვილი: შუასაუკუნეობრივი შრომის კოდექსი უნდა შეიცვალოს

ირაკლი პეტრიაშვილი: შუასაუკუნეობრივი შრომის კოდექსი უნდა შეიცვალოს

721

GEWORLD.GE:
რამდენად უზრუნველყოფს მოქმედი შრომის კოდექსი დასაქმებულთა უფლებების დაცვას, როგორ იცავს საქართველოს პროფკავშირები მშრომელთა ღირსებას და რა ხდება ამჟამად ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანა “ჰერკულესის” ირგვლივ, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ხელმძღვანელი ირაკლი პეტრიაშვილი გვესაუბრება.
_ ბატონო ირაკლი, სულ ახლახან მსოფლიოში საუკეთესო პროფკავშირების ლიდერის წოდება მოგანიჭეს. გილოცავთ ესოდენ მნიშვნელოვან ჯილდოს. როგორ ფიქრობთ, რა დამსახურებისთვის დაგაჯილდოვეს?

_ პირადად ჩემს დამსახურებებზე მე ვერ ვილაპარაკებ, ეს, ალბათ, იმათ უნდა ვკითხოთ, ვინც ღირსად ჩამთვალა, ეს საპატიო ჯილდო მიმეღო. თუმცა შეფასების ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი ისაა, თუ რა გარემოში უწევთ მუშაობა პროფკავშირების ლიდერებს, რადგან სულ სხვაა, იყო პროფკავშირების ხელმძღვანელი ბრიტანეთში ან საბერძნეთში და სულ სხვა _ საქართველოში, სადაც შენი საქმიანობა თავისუფლებისა თუ სიცოცხლისთვის სახიფათო რისკს შეიცავს. თავადაც ნახეთ, რა მოხდა ქუთაისში, როცა ქარხანა “ჰერკულესის” თანამშრომლები აბსოლუტურად კანონიერი ქმედების გამო დააპატიმრეს.
_ ქარხანაში არსებული უმძიმესი პირობების გამო, ქუთაისის მეტალურგიული ქარხანა “ჰერკულესის” თანამშრომლებმა საპროტესტო აქციები მოაწყვეს, რასაც ზოგიერთი მათგანის დაპატიმრება და სამსახურიდან გათავისუფლება მოჰყვა. რა ვითარებაა ამჟამად და რას აკეთებს თქვენი ორგანიზაცია მათ დასახმარებლად?
_ ჩვენი ორგანიზაცია მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედებს და ის დაპატიმრებული ადამიანებიც ჩვენი ორგანიზაციის წევრები არიან. შემიძლია წარმოგიდგინოთ უამრავი სტატია თუ საპროტესტო წერილი, რომელიც აღნიშნული ფაქტის გამო ხელისუფლებას გაეგზავნა. საკითხი იხილება ევროკავშირში, ამერიკის შეერთებული შტატებიდან გამოუგზავნეს საპროტესტო წერილები საქართველოს მთავრობას. ქარხნის დირექტორი სამსახურიდან გაათავისუფლეს. არ ვიცი, რამდენად ობიექტურად წარიმართება გამოძიება, მაგრამ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და ფაქტია, რომ უკან დაიხიეს. თანამშრომლების უმრავლესობა ისევ აღდგენილია სამსახურში, ხოლო მათი მოთხოვნების დაახლოებით 80% უკვე შესრულებულია. აქვე მინდა გითხრათ, რომ ეს მოთხოვნები იმდენად ელემენტარული იყო, ცივილიზებული ქვეყნების პროფკავშირების წარმომადგენლებს შეიძლება ღიმილი მოჰგვაროს იმის გაგებამ, რომ 21-ე საუკუნეში მეტალურგები საშხაპეებს ითხოვდნენ.
საინტერესოა, რომ სასადილოში შესვლის უფლება ჰქონდათ ინდოელებს და არ ჰქონდათ ქართველებს. ეს ადამიანები ასევე ითხოვდნენ მეტალურგისთვის შესაფერის სპეცტანსაცმელს, ტრანსპორტირებას, ღამის ცვლებში მედპუნქტების მუშაობას… სურდათ მათი ჯიბიდან ამოღებული მოპარული ხელფასის დაბრუნება.
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სწორედ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების აქტიურობის შედეგად გამოუშვეს ეს ადამიანები ციხიდან, ვინაიდან მთელ მსოფლიოს გავაგებინეთ, რა უსამართლობაც ხდებოდა ქარხანაში და საერთაშორისო ორგანიზაციებიც ჩავრიეთ.
_ თუმცა, გავრცელებული მოსაზრებით, ქართული პროფკავშირები სუსტია და მშრომელთა უფლებების დაცვას სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს.
_ საქართველოს პროფკავშირები რომ სუსტია, პირველი ამას მე ვაღიარებ. უსუსტესია, მაგრამ ეს ჩემი ბრალი არ არის. ვინც ამას ამბობს გონებაჩამორჩენილია. პროფკავშირების სიძლიერეს ყველა მისი წევრის აქტიურობა განაპირობებს.
როცა შრომის კოდექსს ვაპროტესტებდით, მხოლოდ 14 ათასი კაცი გამოვიდა და ეს მაშინ, როცა ამ ორგანიზაციაში 300 ათასი წევრი იყო გაერთიანებული. წარმოიდგინეთ, 300 ათას კაცს რომ გაეპროტესტებინა შრომის კოდექსი, მაშინ ხომ არ იქნებოდა სუსტი? პროფკავშირებს რეაგირების გარეშე არ დაუტოვებია არც ერთი განცხადება, კანონი თუ ქმედება, რაც დასაქმებულთა წინააღმდეგ იქნა დაშვებული, თუმცა, პირველ რიგში, აუცილებელია სოლიდარობა.  ყოველთვის მესიის მოლოდინში ვართ, ვიღაც ერთი კაცის მოლოდინში, რომელიც საქართველოს გაათავისუფლებს. ამ დღეებშიც ამ რეალობაში იმყოფება საქართველო. მესიის მომლოდინე ხალხი კი, შევარდნაძეს რომ უჩოქებდა და ცრემლებს აღვარღვარებდა, მუდამ ასე გაწბილებული დარჩება, სანამ უკანონობაზე ხმას თავად ხმას არ ამოიღებს. ყველა სოლიდარული უნდა იყოს _ ქარხნის მუშა იქნება ის თუ სკოლის მოსწავლე.
ცოტა ხნის წინათ ვნახეთ, 53-ე სკოლის დირექტორმა, ავადმყოფმა ტარიელ შავშიშვილმა როგორ გადასცა პოლიციას სკოლის მოსწავლეები, თითის სიგრძე ბავშვები. ეს ადამიანი არის ავადმყოფი, არადა, სკოლის დირექტორია. ტარიელ შავშიშვილი ხელისუფლების ხელის ბიჭია, ჩინოვნიკების მეშვეობით პროფკავშირები ჩამოაყალიბა, რადგან, თუ საერთაშორისო ორგანიზაციები უსაყვედურებდნენ ხელისუფლებას, სათქმელი ჰქონოდათ, აი, შავშიშვილი მშვენივრად თანამშრომლობს ხელისუფლებასთანო. სასათბურე პირობებს უქმნიდნენ და ამ “დამსახურებების” გამო 53-ე სკოლის დირექტორად დანიშნეს.
მოსწავლე, რომელმაც თანატოლი დაიცვა, მარტო დარჩა. მშობლებმა არ მისცეს ბავშვს საშუალება, მეგობრის გვერდით დამდგარიყო. არადა, ორივე ბავშვი ხომ ითრგუნება ამ ყველაფრის შედეგად? როგორ უნდა დამიბრუნოს მომავალში ამ ბავშვმა აფხაზეთი? როგორღა უნდა გააერთიანოს საქართველო? თქვენი გაზეთის საშუალებით ჩემს შვილსაც მინდა ვუთხრა, როგორც არ უნდა დაისაჯოს, სკოლიდანაც რომ გარიცხონ, მისი თანატოლების გვერდით უნდა დადგეს _ მათ გვერდით, ვინც უსამართლოდ იჩაგრება.
ხელისუფლებას დისკრედიტაციის ორი მეთოდი აქვს: ან რუსეთის აგენტობას აბრალებენ ადამიანებს, ან ქურდული მენტალიტეტის ქონაში სდებენ ბრალს. ვინაიდან ამ ბავშვებზე ვერ იტყოდნენ აგენტები არიანო, ისევ კრიმინალური მენტალიტეტი დააბრალეს, რადგან ეს ბავშვებიც ისეთივე კოლბაში ჩამოსხმული მძორები არ არიან, როგორც ტარიელ შავშიშვილია, და საკუთარი აზრი და პროტესტის გრძნობა გააჩნიათ.
_ თქვენ, დიდი ხანია, მოქმედ შრომის კოდექსს აპროტესტებთ, რამდენად უზრუნველყოფს ის დასაქმებულთა უფლებების დაცვას და რა არის დღევანდელ შრომის კოდექსში ყველაზე მიუღებელი?
_ დღეს მოქმედი შრომის კოდექსი შუა საუკუნეების აზრობრივი სიმახინჯეა. უკვე  ხუთი წელიწადია, ამ შრომის კოდექსს ვაპორტესტებთ და იმას მივაღწიეთ, რომ ჩვენი აქტიურობის შედეგად რამდენიმე მუხლი შესწორდა. მაგალითად, 15-დღიანი შვებულება შეიცვალა 24-დღიანით; ასევე უნდა ყოფილიყო 48-საათიანი სამუშაო კვირა და ახლა არის 41-საათიანი, რაც ისევ ჩემი და იმ 14 000 ადამიანის დამსახურებაა, რომლებიც ამ კოდექსთან დაკავშირებით პროტესტს გამოვხატავდით. დანარჩენებმა სახლში ჯდომა ამჯობინეს, 14 000 ადამიანის აქტიურობამ კი მეტი ვერ შეძლო.
ვცდილობთ, ეს კოდექსი 21-ე საუკუნის შესაბამისი გახდეს და იმ ევროპულ ნორმებთან და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოვიდეს, რომლისკენაც საქართველო დეკლარირებულად მიისწრაფვის, რეალურად კი ამისთვის არაფერი კეთდება. ჩვენი შრომის კოდექსით შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციები, ევროპის სოციალური ქარტია, აღმოსავლეთ პარტნიორობის ხელშეკრულება საერთოდ იგნორირებულია. უგულებელყოფილია GCP plus-ი, რომელიც  ქართველ მეწარმეებს საშუალებას აძლევს, ევროკავშირის ქვეყნების ბაზარზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების მსგავსი შეღავათებით ისარგებლონ.
შუასაუკუნეობრივი შრომის კოდექსი უნდა შეიცვალოს და საქართველოში დასაქმებული ადამიანი _ ჩაითვალოს ადამიანად და არა ნივთად ან რობოტად. 37-ე მუხლის თანახმად, დამსაქმებელს სრულიად უმიზეზოდ შეუძლია გაათავისუფლოს სამსახურიდან დასაქმებული; მაგალითად, _ თუნდაც იმიტომ, რომ მისი თმის ფერი ან საყურე არ მოეწონა, ან მისი სექსუალური სურვილები არ დააკმაყოფილა. ის დაწერს, რომ 37-ე მუხლის საფუძველზე გაათავისუფლა. სამსახურიდან დათხოვნილი ადამიანი კი ვერსად დაამტკიცებს, ყველა ზემოჩამოთვლილი უზნეო მიზეზიდან რეალურად რა გახდა სამსახურიდან მისი გათავისუფლების მიზეზი.
რა თქმა უნდა, კოდექსში კიდევ სხვა უამრავი უმსგავსობა წერია, რაც ზეგანაკვეთურ შრომასა თუ სამსახურში მიღების წესებს ეხება, მაგრამ განსაკუთრებით დისკრიმინაციული და საშიში 37-ე მუხლია. უფრო მეტიც, შემიძლია გითხრათ, დასაქმებული შეიძლება სამსახურიდან პროფკავშირების წევრობის გამოც კი გაათავისუფლონ. სწორედ ასე მოხდა “ჰერკულესში”.
_ მართლაც, დასაწყისში ადმინისტრაციის ასეთი მძაფრი რეაქცია “ჰერკულესის” პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის შექმნას მოჰყვა. ის იატაკქვეშა ორგანიზაციად გამოაცხადეს და ექვსი თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. არადა, ქარხნის თანამშრომლებს არ დაურღვევიათ კანონი არც მაშინ, როცა პროფკავშირებს აარსებდნენ, და არც მაშინ, როცა აქციებს მართავდნენ. რამ გამოიწვია ადმინისტრაციის აღშფოთება?
_ იმიტომ აღშფოთდნენ, რომ პროფკავშირი არის ორგანზიაცია, რომელიც საწარმოსა თუ ორგანიზაციაში მომხდარ უმსგავსობებს არავის პატიობს და ყველაფერი სააშკარაოზე გამოაქვს, ანუ გამოდის, რომ არის პროფკავშირი _ არის პრობლემა, არ არის პროფკავშირი _ არ არის პრობლემა. ზოგიერთ სამსახურში ადამიანები იმ მოვალეობებსაც ასრულებენ, რაც მათ კომპეტენციაში არ შედის. პროფკავშირები კი ფარდას ხდის შუა საუკუნეების აზროვნების მქონე ადამიანებს, რომლებსაც ისეთივე აზროვნება გააჩნიათ, როგორიც ესპანელ კოლონიზატორებს ჰქონდათ. ზოგიერთებს ჩვენი მოქალაქეები აფრიკიდან ჩაყვანილი ზანგები ჰგონიათ, რომლებსაც, რასაც უნდა, იმას უზამენ თავიანთ პლანტაციებში, როგორც ეს ლათინური ამერიკის ქვეყნებში ხდებოდა და, სამწუხაროდ, აი, ასეთი ადამიანები არიან მეწარმეებიც და მთავრობაშიც ასეთი ხალხია.
_ “საიას” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხელისუფლებამ აგრესიულად ჩაახშო პროტესტი და დაკავებულებს ხელწერილები დააწერინეს, რომ ქარხანაში არსებულ პირობებს აღარ გააპროტესტებდნენ. მეტიც, ერთი თვის განმავლობაში მათ პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ უწევდათ მუშაობა. რატომ ერევა ხელისუფლება ასე უხეშად ქარხნის საქმიანობაში?
_ იმიტომ, რომ ხელისუფლების რიგით წარმომადგენლებს ან თავიანთი საწარმოები აქვთ, ან ამ მეწარმეებს ართმევენ დამატებით თანხას არჩევნებისთვის, კონცერტებისთვის. ამ შემთხვევაში “ჰერკულესს” არ ვგულისხმობ, ზოგადი სურათია ასეთი. ეს მეწარმეებიც ჩივიან, რამდენს ვუხადოთ ფული _ ხელისუფლებას თუ მუშებსო, ამდენი საშუალება არ გვაქვსო. მეწარმეები რომ ჩივიან, ხელისუფლებაც ერევა, ამიტომაც იყო, რომ “ჰერკულესის” აქციის დარბევას იმერეთის გუბერნატორი ლაშა მაქაცარია ხელმძღვანელობდა.
ქურდულ მენტალობას ვებრძვითო, რომ იძახიან, ეგეთი ქურდული მენტალიტეტი აქვს ხელისუფლებას და “ობშიაკსაც” თავად კრებს.
_ გავრცელებული ინფორმაციით, ქარხანაში მომუშავე ინდოელებს პასპორტები ჩამოართვეს და ქვეყნიდან გასვლის საშუალებას არ აძლევდნენ. რამდენად კანონიერია ქარხნის ადმინისტრაციის ქმედება?
_ გამოდის, რომ ტრეფიკინგთან გვაქვს საქმე. მე და ჩემი მოადგილე პირადად შევხვდით ინდოელებს, რომლებმაც ეს ფაქტი დაგვიდასტურეს, მაგრამ, რადგან არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია და ვინაიდან მე ხელთ არ მქონდა ამ ყველაფრის დამადასტურებელი დოკუმენტები,  მივმართეთ პროკურატურას, კეთილი ინებონ და სიმართლე გაარკვიონ, თუმცა მგონია, რომ ეს ყველაფერი მოჩვენებითია _ საზოგადოების თვალის ახვევის მიზნით დაიბარეს და დაკითხეს ხელმძღვანელობა პროკურატურაში, რადგან მაქვს ინფორმაცია, რომ, როგორც კი ეს საქმე დასრულდება, შემდეგი ნაბიჯი პროფკავშირების ლიდერებისა და პირადად ჩემი დისკრედიტაცია იქნება.
_ ინფორმაცია გაქვთ, რომ თქვენს დაჭერას აპირებენ?
_ ჩემი უცხოელი მეგობრებისგან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისგან ზუსტი ინფორმაცია მაქვს, რომ ჩემს დისკრედიტაციას აპირებენ. მათი აზრით, სახელმწიფოსთვის საფრთხეს წარმოვადგენ და სასწრაფოდ ჩემი განეიტრალება უნდა მოხდეს. მიუხედავად ამისა, არსად გაქცევას არ ვაპირებ. მე ვარ ამ ქვეყანაში და ზუსტად ვაცნობიერებ იმ რისკებს, რასთანაც ჩემი საქმიანობა არის დაკავშირებული, და, სადაც საჭირო იქნება, ისევ სიმართლეს ვიტყვი. მე ვერ მოვიგებ ამ ბრძოლას, მაგრამ იმის საფუძველს მაინც შევქმნი, რომ ამ ქვეყანაში სამართლიანობა დამკვიდრდეს.
ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here