Home რუბრიკები საზოგადოება მეუფე ილარიონი: “საკუთარი ხალხის ასე გამეტება, ასეთი სისასტიკით ხოცვა-ჟლეტა კაენის ცოდვაზე უფრო...

მეუფე ილარიონი: “საკუთარი ხალხის ასე გამეტება, ასეთი სისასტიკით ხოცვა-ჟლეტა კაენის ცოდვაზე უფრო მეტია!.. ამხელა ბოროტება ღვთისაგან დაუსჯელი არ დარჩება

910

GEWORLD.GE:
“საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრება მესტიისა და ზემო სვანეთის მთავარეპისკოპოსი მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი).
_ მეუფე ილარიონ, პირველ ყოვლისა, მადლობა მინდა გადაგიხადოთ საუბარზე დათანხმებისთვის. დღეს საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს სურვილი აქვს, გაიგოს იერარქიის ხმა ეკლესიასა თუ სახელმწიფოში მიმდინარე ძალიან ბევრ მტკივნეულ საკითხთან დაკავშირებით. ეკლესია სასულიერო იერარქიისა და მრევლის ერთობლიობაა. აქვს თუ არა მრევლს უფლება, ჩაერიოს ეკლესიისთვის საჭირბოროტო საკითხებში?

_ დაგლოცოთ ღმერთმა! ეკლესია, რა თქმა უნდა, სასულიერო იერარქიისა და მრევლის ერთობლიობაა. ერიც და ბერიც ერთი ჰაერით სუნთქავს. ეკლესიაში მხოლოდ იერარქია კი არ მყოფობს, არამედ ის მრევლიც, რომლისთვისაცაა ის იქ დადგენილი. ეკლესია ცოცხალი ორგანიზმია, თავი ეკლესიისა მაცხოვარია, ჩვენ ყველანი კი მისი ორგანული ნაწილები ვართ. აქედან გამომდინარე, ერის ადამიანს გარკვეულწილად აქვს უფლება, ჩაერიოს ეკლესიის არა კანონიკურ საკითხებში, არამედ იმაში, თუ რით ცხოვრობს, რით სუნთქავს ეკლესია, სასულიერო პირი, არ აქვს მნიშვნელობა დიდი იერარქია იგი თუ პატარა!
ვფიქრობ, ჩვენ, სასულიერო პირები, ვალდებულნიც კი ვართ, ჩავაბაროთ ანგარიში ჩვენს სამწყსოს, რათა მან გვიერთგულოს, დაგვიჯეროს, უფლისთვის სათნოდ იცხოვროს. მრევლმა დიახაც უნდა იცოდეს მღვდელმსახურის ცხოვრების წესი, თვითონ რამდენად ასრულებს იმას, რასაც ამბიონიდან უქადაგებს მრევლს, რადგან, თუ თვითონ არ ხარ ზნეობრივი, თუ თავად არ ასრულებ უფლის სიტყვას, თუ თავად არ ხარ რწმენით, ზნეობით, სიყვარულით აღჭურვილი, პატიოსანი, მაშინ უფლება არ გაქვს, მიუთითო მრევლს და ამბიონიდან ჭკუა დაარიგო და ზნეობა უქადაგო. თუ ხარ უზნეო, ღალატობ უფალს, შენ არავინ გამოგყვება, არავინ დაგიჯერებს! თვითონ უნდა იდგე იმ ზნეობრივ სიმაღლეზე, რომ რწმენა, ერთობა და სიყვარული უქადაგო მრევლს.
ეკლესია ერთი მისტიური სხეულია ქრისტესი, ჩვენ, ყველანი _ ერიც და ბერიც, ამ სხეულის ნაწილი ვართ. როცა რომელიმე ნაწილი სტკივა ამ სხეულს, ეს მთლიანად ამ ცოცხალი ორგანიზმის სატკივარია, ამიტომ ვერანაირად ვერ გამოვყოფ მრევლს ეკლესიიდან. ძალიან ფაქიზად უნდა მკურნალობა, რამეთუ ეკლესია წმინდაა და იგი წმინდად დარჩება მარად, როგორ უღირსადაც არ უნდა მოვიქცეთ თითოეული ჩვენგანი. ჩემი უღირსი საქციელით ეკლესიის სიწმინდეს ვერ შევლახავ, ისევ მევე ვიქნები შეურაცხყოფილი, საკუთარ თავს ვავნებ და იმ სამწყსოს, რომელიც მე შემომცქერის, ჩემი იმედი აქვს, რომ გავუკვალო გზა უფლისკენ მიმავალი. “არა არს კაცი, რომელიც სცხონდეს და არა სცოდოსო,” _ ნათქვამია, მაგრამ ცოდვასაც ხომ გააჩნია. და როდესაც ხედავ, რომ ამ ცოდვას შეგნებულად, მიზანმიმართულად სჩადიან, მიხვიდე და არ ამხილო, არ გააჩერო, ეს დანაშაულია!
_ მეუფეო, თქვენ, სასულიერო პირები, ცდილობთ, თქვენი ცხოვრებით წმინდანებს მიემსგავსოთ; ჩვენ, უბრალო ადამიანები, მრევლი კი თქვენ შემოგყურებთ, თქვენს ცხოვრებას, რადგან თქვენ ხართ ხიდი ჩვენსა და უფალს შორის. ამიტომაც გვინდა, სასულიერო პირები იყვნენ ზნეობრივები, სუფთები, რათა ადვილად დაგეყრდნოთ და მივიდეთ უფალთან. ასე მტკივნეულად ამიტომაც რეაგირებს ხალხი ყველაფერზე, რაც ეკლესიისა და სასულიერო პირთა სიწმინდეს ეხება. თუმცა მუდმივად ის გვესმის, რომ სასულიერო პირის განკითხვის უფლება მხოლოდ იერარქიას აქვს და არა მრევლსო. უზნეობაზე ხმის ამოღება მხილება უფრო მგონია, ვიდრე განკითხვა. ვიცი, განკითხვა უდიდესი ცოდვაა, მაგრამ სად გადის ზღვარი განკითხვასა და მხილებას შორის?
_ ძალიან საინტერესო კითხვაა და მასზე ცალსახა პასუხი მაქვს _ უფალი წმინდა წერილში ბრძანებს, თუ ძმაი შენი შესცოდავს, მიდი და ამხილე; თუ ის მოისმენს, კარგია და გადარჩება; თუ არ შეისმინა, მიდი და სამ ადამიანთან ერთად ამხილე; თუ მაშინაც არ შეისმინა, მაშინ საქვეყნოდ ამხილე კრებულის წინაშე; თუ ამის შემდეგაც არ შეისმინა, იყოს ურჯულო და წარმართი და მოშორებული წმინდა ეკლესიიდან, რომელიც არის ჩვენი მაცხონებელი და გადამრჩენელიო. ჩვენ, სასულიერო პირებს, გვმართებს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რადგან, ვისაც მეტი მიეცა, მას უფრო მეტი მოეთხოვება. ეს დიდი პასუხისმგებლობა ფიცის დადებამდე ყველას უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული. მე, მღვდელმთავარი, ასჯერ მეტად ვაგებ პასუხს უფლის წინაშე, ვიდრე თქვენ, რადგან ასჯერ მეტი მომეთხოვება.
რაც შეეხება სარწმუნოებრივ და ზნეობრივ საკითხებს, აქ კომპრომისი ჩემთვის დაუშვებელია! დავით მეფსალმუნე ბრძანებს: “კაცი პატივსა შინა იყო, არა გულისხმა ჰყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყვსა უგუნურსა და მიემსგავსა მას”. ადამიანი პირუტყვს რწმენის უქონლობით, უზნეო ცხოვრებით ემსგავსება. ადამიანის ღირსება არ განისაზღვრება არც მისი იერარქიული და არც მისი თანამდებობრივი მდგომარეობით. ღირსება _ ეს არის რწმენა და ზნეობრივი ცხოვრება. უღმერთობას მიჰყავს ადამიანი გადაგვარებამდე, შინაგან დეგრადაციამდე, მას ზნეობა და მორალი ვეღარ აკავებს და აშკარად, დაუფარავად მიექანება უფსკრულისკენ და ირგვლივ მყოფთაც ღუპავს. არ შეიძლება, მშვიდად უყურო, თავიანთი უზნეო საქციელით როგორ ცდილობენ, დაღუპვის გზისკენ წაიყვანონ ადამიანი და საზოგადოება. “ქმნა მართლისა სიმართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლადო,” _ ნათქვამია.
ჩვენი საქციელით ადამიანის დაბრკოლებას უფალი არ გვაპატიებს. უფალი ბრძანებს: “ვაი იმას, ვინც ერთი მათგანი დამიბრკოლოს, მაშინ წისქვილის ქვა შეიბას, ზღვაში ჩავარდეს და შთაინთქასო”. მართალია, ეს ძალიან ფაქიზი თემაა და ძალიან სათუთად უნდა მივუდგეთ, მაგრამ თევზის მდგომარეობაში ყოფნასაც არ გვაპატიებს უფალი _ იცოდე სიმართლე და არ თქვა, დიდი ცოდვაა. ლამაზად დავხატოთ ყველაფერი მაშინ, როცა ეს ასე არაა, არ გვეპატიება. ყველაფერი განკითხვა არაა. ნაკლი უნდა გამოსწორდეს, მაგრამ, თუ არ ამხილე, დადუმდი, თვალი დახუჭე, ის არ გამოსწორდება, პირიქით, უსასრულოდ გაგრძელდება. მე ვფიქრობ, დღეს სიმართლის დამალვა იუდას ცოდვის ტოლფასია. იუდა ზუსტად ამ თამაშით მივიდა იმ დონემდე, რომ გასცა ქრისტე. მხილებასა და განკითხვას შორის ძალიან დიდი ზღვარია. ყველაფერს განკითხვას ნუ დავარქმევთ.
_ მეუფეო, იმ ავადსახსენებელი კანონპროექტის მიღების შემდეგ ვნებათაღელვა არ ცხრება და, როგორც უნდა აგვიკრძალონ მასზე საუბარი, მისგან გამომდინარე, ქვეყნისთვის სავალალო შედეგებს ვერსად გავექცევით _ ორასამდე მეჩეთია რეგისტრაციაში გატარებული, სომხები ექვსასზე მეტ ეკლესიას გვედავებიან. თუკი ადრე თურქები აჭარაში ოთხი მეჩეთის აშენებას ითხოვდნენ და ამის საპირწონედ შეგვეძლო ტაო-კლარჯეთში ჩვენი ტაძრები მოგვეთხოვა, ახლა ეს ბერკეტიც დავკარგეთ _ რამდენსაც უნდა, იმდენს ააშენებენ საპატრიარქოსთან შეთანხმების გარეშე. შედეგების მიხედვით ჩანს, რომ საზოგადოების, ერის ვნებათაღელვა ამ ანტიეროვნული, ანტისარწმუნოებრივი კანონის წინააღმდეგ საფუძვლიანი იყო…
_ მე ჩემს აზრს მოგახსენებთ ამ კანონთან დაკავშირებით. ჩემთვის ეს კანონი ცალსახად მიუღებელია და ჩემი დამოკიდებულება მკვეთრად უარყოფითია, რამეთუ ამ კანონით, იურიდიულად ერთ სიბრტყეში მოექცა ყველა კონფესია. ეს კანონი ძალიან ბევრი საფრთხის შემცველი იყო და ამიტომაც სინოდზე  მოვითხოვეთ, რომ შემდგარიყო ორმხრივი _ საპატრიარქოსა და სახელისუფლო კომისია, რათა ამ კანონში ჩვენთვის, მართლმადიდებლებისთვის, ჩვენი ეკლესია-მონასტრებისთვის დამცავი მექანიზმები შემუშავებულიყო, რომ სხვა ეკლესიებს, თუნდაც სომხურს, ჩვენს საკუთრებაზე პრეტენზიის გამოთქმის უფლება არ მისცემოდა.
ჯერ კიდევ წინა მთავრობის დროს, კათოლიკებს ჰქონდათ ანალოგიური სურვილი და მოთხოვნა, რომ მათი სტატუსი მართლმადიდებლობას გათანაბრებოდა, მაგრამ ეკლესიის ძალიან მკაცრი პოზიციის შემდეგ მაშინდელმა მთავრობამ ამ კანონს ვეტო დაადო და ეს საკითხი ეკლესიის სასარგებლოდ დამთავრდა. დღეს კი რა რეალობის წინაშე ვართ, ყველა ვხედავთ.
ვიცით, რომ სომხური ეკლესია ექვსასზე მეტ ტაძარს ითხოვს, უკვე ორასზე მეტი მეჩეთია რეგისტრაციაში გატარებული, ეს იმ ფონზე, როცა არაერთგზის თქმულა, იმავე საინგილოში ეთნიკურ ქართველებს ქართული სახელების დარქმევის უფლებასაც არ აძლევენ, სხვაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
მე სულ ახლახან მოვილოცე ტაო-კლარჯეთი. რომ ნახოთ, იქ რა მდგომარეობაშია ჩვენი ტაძრები, აგეტირებათ _ იავარქმნილი და შეურაცხყოფილია ჩვენი საუნჯე. თურქეთში ყველა უცხო ქვეყნის ძეგლი _ სომხური, ბერძნული კარგად მოვლილი და ნაპატრონებია, მხოლოდ ქართული ძეგლებია განადგურების პირას.
თურქეთს ევროკავშირში შესვლასთან დაკავშირებით პირობები წაუყენეს, რომ მან სხვისი ტაძრები დააბრუნოს. მათ უკვე დაუბრუნეს იმავე სომხებს, ბერძნებს თავიანთი კულტურული მემკვიდრეობა. მისმა უწმინდესობამ თურქეთის პრემიერ-მინისტრს თხოვნით მიმართა, ჩვენი ტაძრები _ ოშკი, ხახული, იშხანი და სხვა საქართველოს დაუბრუნდეს და ყურადღება მიექცეს. იმედი მაქვს, უფლის ნებით, ეს საკითხი ჩვენთვის სასიკეთოდ გადაწყდება.
ქართულ ეკლესიას ტაო-კლარჯეთში ჩვენი ძეგლების საკითხი უყურადღებოდ არასოდეს დაუტოვებია, წლების განმავლობაში აყენებდა თხოვნას თურქეთის ხელისუფლებასთან. რამდენად მიიღო და გაითვალისწინა მეორე მხარემ, ეს სხვა საკითხია. აქ სახელმწიფოს ჩარევის გარეშე მხოლოდ ეკლესიას გაუჭირდება შედეგის მიღწევა. სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს თავისი დიპლომატიური ბერკეტები და ეკლესიასთან შეთანხმებით უნდა იმოქმედოს, რომ თურქეთში ანალოგიური სტატუსი მიიღოს ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ და ჩვენც ისევე დაგვიბრუნდეს ჩვენი ტაძრები, როგორც სხვებს დაუბრუნდა. ჩვენ უნდა მოგვეცეს საშუალება, მივხედოთ და ვილოცოთ ჩვენს ტაძრებში, გადავურჩინოთ ისინი მომავალ თაობებს. თუ თურქეთის ხელისუფლება ამას არ გაითვალისწინებს, ძალიან ცუდი იქნება ისევ მათთვის, რადგან უფალი თავისი სახლის ასეთ უპატივცემულობას არავის აპატიებს!
_ მეუფეო, სახელმწიფო რომ ეკლესიის გარეშე არ უნდა წყვეტდეს ეკლესიის საქმეებს, ეს დღესავით ნათელია, თუმცა ეს უკვე სახელმწიფო მოხელეებს ჩვევად ექცათ. ცნობილია, რომ სვანეთში დიდი ვნებათაღელვაა ატეხილი საგანძურთან დაკავშირებით, რომელიც მუზეუმიდან ეკლესიასთან შეუთანხმებლად კონტეინერებში გადაიტანეს. რა მდგომარეობაა ახლა და სად ბრძანდება ის უნიკალური ხატები და საეკლესიო სიწმინდეები?
_ სვანეთში მართლაც მთელი ქართველი ერის უდიდესი სიმდიდრე, საუნჯე და საეკლესიო სიწმინდეებია შემონახული; თვითონ ეკლესიებსა და ტაძრებში უნიკალური ფრესკებია შემორჩენილი. ეს მეტყველებს იმაზე, რომ სვანეთში დიდი რწმენა იყო და როცა მეკითხებიან, არიან თუ არა სვანები მორწმუნეები, ამის პასუხია სწორედ ის ტაძრები, რომლებიც იქ ასე მრავლადაა. ეს სიწმინდეები _ უნიკალური ჭედური თუ ფერწერული ხატები, ჯვრები, სხვა საეკლესიო სიწმინდეები იმყოფებოდა მესტიის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში. დაახლოებით 3 თვის წინ გადაწყვიტეს მუზეუმის რესტავრაცია, დაიწყო შენობის დემონტაჟი. ეროვნული მუზეუმის თანამშრომლებმა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მიიღეს გადაწყვეტილება _ საგანძური მუზეუმიდან გამოიტანეს და განათავსეს სპეციალურად მომზადებულ კონტეინერებში. სამწუხაროდ, ეკლესია და პირადად მე, როგორც ადგილობრივი მღვდელმთავარი, არ ჩაგვაყენეს საქმის კურსში, რომ ერთობლივად მიგვეღო გადაწყვეტილება, ამ ხატებისა და სიწმინდეებისთვის გარემოს შექმნის შესახებ.
ჩემი აზრით, მიუღებელია, რომ ხატს თავისი დანიშნულება წაართვა. ეს უნდა ესმოდეს ადამიანს, ვინც გინდა იყოს ის. ხატი მადლით სავსეა, სიწმინდეა და იგი კუთვნილებაა მთელი ხალხისა, ერისა. ამ საკითხთან დაკავშირებით, უწმინდესთან შედგა შეხვედრა, მოიწვიეს მეცნიერები, ხელოვნებათმცოდნეები, კომპეტენტური პირები, რომელნიც გარკვეულნი არიან ამ საქმეში და გადაწყდა, რომ ამ კომისიამ შეამოწმოს, თუ რა მდგომარეობაშია ახლა ეს სიწმინდეები. ჩვენი მხრიდან იყო მოთხოვნა, რომ ამ ეტაპზე მაინც მოხდეს მათი გადაბრძანება მესტიის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში. ხატები და სიწმინდეები უნდა იყოს ეკლესიაში, სადაც მათი ადგილია, იქაც შევძლებთ მათთვის სათანადო პირობების შექმნას. 200-ზე მეტ სიწმინდეზეა საუბარი. მე შესაძლებლად მივიჩნევ, რომ წმინდა გიორგის საკათედრო ტაძარში მოხდეს მათი გადაბრძანება. ვნახოთ, კომისია რას გადაწყვეტს.
_ ვინ არიან ამ კომისიის წევრები?
_ ესაა სამმხრივი კომისია: საპატრიარქოს მხრიდან მიტროპოლიტი დავითი, ამბა ალავერდელია თავმჯდომარე, ასევე ვარ მე; სახელმწიფოს მხრიდან არიან ხელოვნებათმცოდნეები ეროვნული მუზეუმიდან და მესამე მხარე _ საზოგადოების წარმომადგენლები _ ადგილობრივი სვანები.
_ ანუ იმედი გაქვთ, რომ ეს სიწმინდეები დაბრუნდება იქ, სადაც მათი ადგილია _ ტაძარში?
_ ამ ეტაპზე ასე ჩანს, მომავალში რა იქნება, ამაზე ახლა საუბარი ძნელია. მაგრამ მე ყველაფერს გავაკეთებ, ბოლომდე ვიბრძოლებ, რომ ხატები მათ ნამდვილ ადგილსამყოფელს დაუბრუნდეს!
_ აქედან გამომდინარე, ერთ კითხვას დავსვამ: უამრავი ხატი, მათ შორის, ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, ანჩის ხელთუქმნელი ხატი, რომლის სახელობის ტაძარიც გვაქვს, ჯერ ისევ მუზეუმში ბრძანდება. მრევლის მოთხოვნაზე, რომ ხატი ტაძარში გადააბრძანონ, სახელწიფო პასუხობს, რომ იქ ხატი “გაფუჭდება” შესაფერისი პირობების უქონლობის გამო. არ დადგა დრო, რომ ეკლესიამ დააყენოს საკითხი და ყველა ეს ხატი თუ საეკლესიო სიწმინდე ტაძრებში დაბრუნდეს?
_ რა თქმა უნდა, ცალსახად! ყველა ხატის, ჯვრის ადგილსამყოფელი ტაძარია, სადაც დაიბადა და ცოცხლობს. ხატთან მიდის ადამიანი და მადლს იღებს მისგან. ლოცულობს. რატომაა, რომ ხატებს მირონი, ცრემლი და ზოგჯერ სისხლიც სდით? მეცნიერებისთვის ეს მოვლენა დღემდე აუხსნელია. ხატი ცოცხალია და იმიტომ! როცა ეს დატყვევებული ხატები და საეკლესიო სიწმინდეები ეკლესიას გადმოგვეცემა, ჩვენ არავისზე ნაკლებ პირობებს არ შევუქმნით მათ. სამების საპატრიარქო ტაძარში შესანიშნავი პირობებია ამ სიწმინდეებისთვის და პატრიარქმა შესანიშნავად, ყველაზე უკეთ იცის ხატების მოვლაც, სიყვარულიც და მათი პატრონობაც.
_ მეუფეო, თქვენ ძალიან რთულ რეგიონში ბრძანდებით, მთას თავისი მკაცრი კანონები აქვს. იქ სიწმინდე ბევრია, თუმცა მთის ადამიანის ხასიათი ისეთივე გოროზია, როგორც ის ბუმბერაზი მთები, სადაც ისინი გაიზარდნენ. არ გაგიჭირდათ სვანურ ხასიათთან შეგუება?
_ რომ მივდიოდი, მერწმუნეთ, წინასწარ არ მიფიქრია, თუ სად და რა სირთულის რეგიონში მივდიოდი. ბოლომდე უფალს მივენდე. სვანები ვაჟკაცი ხალხია, მათ ბევრ საკითხზე განსხვავებული ხედვა აქვთ. ალბათ, წინასწარ რომ მოვმზადებულიყავი, უფრო მეტი პრობლემები შემექმნებოდა. მივედი იმის რწმენით, რომ უნდა გამეკეთებინა ჩემი საქმე. სულ მახსოვდა უწმიდესის სიტყვები _ ეპისკოპოსად კურთხევისას სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში რომ მითხრა _ შენ მიდიხარ ისეთ მხარეში, სადაც არის დიდი რწმენა, მაგრამ მათ ეკლესიური ცხოვრება უნდა ასწავლოო. უწმინდესის ეს სიტყვები ახლაც მაქვს გონებაში ჩაბეჭდილი.
თავდაპირველად მართლაც დიდი წინააღმდეგობები იყო, მაგრამ არ მიმიქცევია ყურადღება. ადამიანი ხარ და ამ სირთულეებს ასე ადვილად ვერც დაიტევ, ვერც მიიღებ, ვერც შეძლებ, რომ გადალახო, მაგრამ სიყვარულით მივედი და უფლისგან, ღვთისმშობლისგან უდიდეს მფარველობას ვგრძნობდი. სვანეთში დავანებული სიწმინდეების მადლი მეწეოდა და მაძლიერებდა.
სვანებს ძალიან ბევრი ისეთი ტრადიცია აქვთ, რომელიც არაა ქრისტიანული და უჭირთ ძვალსა და რბილში გამჯდარი მამა-პაპათა ამ ტრადიციების დათმობა. სვანი კაცის ბუნების ჩამოყალიბებაში მართლაც უდიდესი როლი ითამაშა სვანურმა ბუნებამ, მკაცრმა კლიმატმა, ცაში აზიდულმა მთებმა. მათ ძალიან მტკიცე ხასიათი აქვთ, მეგობრობაც იციან, გატანაც და გვერდით დგომაც. უყვართ თავიანთი კუთხე, სამშობლო. მათგან უდიდეს სითბოს ვგრძნობ. სხვათა შორის, ძალიან დაკვირვებულები არიან, ვერ გამოაპარებ ვერაფერს. გაკვირდებიან, გსწავლობენ, შენი ცხოვრების წესი თუ ემთხვევა იმას, რასაც ქადაგებ ამბიონიდან. მათ იმხელა სამართლებლივი ინსტიტუტი ჰქონდათ მახვშის სახით. ის კაცი საზოგადოების მიერ იყო არჩეული, მიუკერძოებელი, განსასჯელი თუნდაც თავისი ახლობელი ყოფილიყო. სამართლიანობა იყო მათთვის მთავარი და უპირველესია.
_ საზოგადოების ერთგვარი გულდაწყვეტა და ტკივილი ეკლესიის მიმართ ძალიან მძაფრად გამოვლინდა 26 მაისის მოვლენების შემდეგ, როცა იერარქიის მხრიდან ხალხი უფრო მკაფიო განცხადებებს ელოდა. მაშინ მეუფე ეფრემმა 26 მაისის ღამეს კაენის ცოდვა უწოდა. ამ კითხვის დასმის გამო მე ლამის შემაჩვენეს, მეუფესაც “ამკობდნენ” კულუარებში. ხშირად ისმის გულდაწყვეტილი ამოძახილები, რომ დაგვავიწყდა ეს ბართლომეს ღამე. მე ის საშინელი კადრები _ ხელ-ფეხშეკრული, სიკვდილამდე ნაცემი, დასისხლიანებული ჩემი მოძმეები არასოდეს დამავიწყდება. თქვენ რას ფიქრობთ?
_ მე სავსებით ვეთანხმები ამ შეფასებას, ეს გაუმართლებელი იყო! საკუთარი ხალხის ასე გამეტება, ასეთი სისასტიკით ხოცვა-ჟლეტა კაენის ცოდვაზე უფრო მეტია! ყველაფერი შეიძლებოდა უფრო სხვანაირად მოეგვარებინათ, რომ ადამიანები არ დაეხოცათ. თქვენ და, ალბათ, ის დავალების შემსრულებლები ვერც კი წარმოიდგენენ, რამხელა პასუხისმგებლობა ეკისრებათ! “არა კაც ჰკლა” _ ეს ხომ ათ მცნებაში გვიდევს. ვაი იმ ადამიანებს, იმ საშინელების ჩამდენებს, თუ მათ ძალიან დიდი სინანული არ ექნებათ! ეს მათთვის საშვილიშვილო, მომაკვდინებელი ცოდვაა, რომელიც, ადამიანის გარშემო რაცაა, ყველაფერს ანადგურებს. ეს ცოდვა ნელ-ნელა ავიწროვებს იმ წრეს, რომელშიც მას უხდება ცხოვრება და ყოფა და როცა იქნება, მოაშთობს. ამხელა ბოროტება ღვთისაგან დაუსჯელი არ რჩება და მე გულწრფელად მინდა იმ ადამიანებმა შეინანონ!
_ დღეს საზოგადოებას უიმედობა სჭირს. უფალი ჩვენი სიხარულისთვის მოვიდა ამქვეყნად, ჩვენი სიცოცხლისა და გადარჩენისთვის ევნო, მაგრამ ხანდახან ადამიანებს, ჩვენი სისუსტის გამო, გვიჭირს უფლის წიაღში ყოფნა, მასზე სასოება. როგორ უნდა ვიცხოვროთ, რომ ამ უკიდურესად რთულ დროში უფალი, ერთმანეთის სიყვარული და იმედი არ დავკარგოთ, სასოწარკვეთილებაში არ ჩავვარდეთ?
_ პავლე მოციქულის სიტყვებს გავიხსენებ _ რწმენა, იმედი და სიყვარული, რაც ყველაზე უპირველესია. ადამიანი სულდგმულობს რწმენით, ცოცხლობს იმედით და სასუფეველში უკვე სიყვარულში შედის და მარადიულობას იმკვიდრებს. რწმენა და იმედი აქ გვჭირდება ჩვენ. ეს ორი რამაა აუცილებელი და იქ უკვე აღარაა რწმენა და იმედი საჭირო, რადგან სიყვარულში და მარადიულობაში ხარ. მთელს ჩვენს ერს ვუსურვებ, რომ ღვთის რწმენა განამტკიცონ საკუთარ თავში. ყველაზე მთავარი _ სახელმწიფოს მოხელეებსაც ვუსურვებ, უფლისკენ მიბრუნდნენ, რადგან უმაღლესი ხელისუფალი თვითონ ღმერთია, ღმერთთან ბრძოლას კი ვერავინ მოიგებს, რადგან სამყაროში უფალი მეფობს, მხოლოდ უფლის მეუფებაა მარადიული!
როცა დავით მეფსალმუნე გამარჯვებული შედიოდა იერუსალიმში, ქნარზე უკრავდა. მას დიდი სიხარულით, პატივისცემით შეეგებნენ, რადგან მან, ღვთისმოყვარე დავითმა, ერი შეკრა, გააერთიანა. განადიდეს დავითი. მან კი ისრაელის მკვიდრთ მიუგო _ უფალი განვადიდოთ და უფალს ვცეთ თაყვანი, რადგან უფალი მეფობსო. ეს ყველა ხელისუფალმა უნდა შეიგნოს და გააცნობიეროს _ ხარ ჭეშმარიტ ღმერთთან? მაშინ გექნება მშვიდობა! მშვიდობა დაგვიტოვა უფალმა ამ ქვეყანაზე, “მშვიდობა თქვენდაო,” _ ბრძანებს. ჩვენ ადამიანურად ვცდილობთ და გვგონია, რომ ჩვენი ძალებით დავამყარებთ მშვიდობას. ადამიანი სულ შფოთშია, დღეს თუ დაწყნარებულია, ხვალ ომს იწყებს. ახლაც რა ხდება ჩვენ გარშემო მსოფლიოში, ხომ ხედავთ? რაშია მთელი სიღრმე, აზრის საიდუმლო? მაღლა უნდა აიხედო, რომ ღმერთი არსებობს! მარადიულად დაბლა, დედამიწაზე არ უნდა იხედებოდეს ადამიანი და მხოლოდ მიწიერზე არ უნდა ფიქრობდეს.
ნურავინ იფიქრებს, რომ ძალაუფლება სულ ექნება. ადრე თუ გვიან ამ ცხოვრების დატოვება ყველა ადამიანს მოუწევს. არავინ იცის, ეს როდის მოხდება. დრო ჩართულია, წამი, წუთი, საათი, დღე თუ წელიწადი გავა, მაინც ყველა იქით წავა, ან ამ ქვეყნიდან ვის რა წაუღია, გარდა ორი რამისა _ სიკეთისა და ცუდისა? ეს იქნება საზომი და საწონი “იქ” ღვთის წინაშე. მაგრამ ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ არ სწამთ იმქვეყნიური ცხოვრებისა.
ერთ წმინდა მამას მოჰყავს საოცარი მაგალითი _ როდესაც ბავშვი მყოფობს დედის წიაღში, იმ ბავშვს გონება რომ მისცე და ჰკითხო, გინდა სხვაგან წასვლაო, ის აუცილებლად გიპასუხებს, არაო. ის იმ თბილ გარემოს, დედის თბილ წიაღსაა შეგუებული და იქიდან წასვლა არ უნდა. როცა ბავშვი იბადება, სხვა გარემოში ხვდება და ტირილს იწყებს. ანალოგიურად, ჩვენ ვიმყოფებით დედამიწაზე, ამ დედამიწის წიაღში და იმ ბავშვივით აღარ გვახსოვს, რომ ოდესღაც მოგვიწევს ამ წიაღის დატოვება, რომ ის ქვეყანა არსებობს და მოგვიწევს ყველას იქ წასვლა, ვებღაუჭებით ამ წიაღს, მაგრამ გვინდა თუ არა, გარდავიცვლებით _ ამაზე ფიქრი არც ერთ ადამიანს არ უნდა ტოვებდეს! გახსოვდეს სიკვდილი და გადარჩები!
დღეს ადამიანებმა ერთმანეთის ნდობა და რწმენა დაკარგეს. მიმტევებლობა დავკარგეთ, ერთმანეთს მტრად მოვეკიდეთ! ეს იმიტომ, რომ ამას წინ უსწრებდა უფლის რწმენის დაკარგვა. გაცივდა სიყვარული. დაპატარავდა ადამიანში სიყვარული და თვითონ ადამიანიც დაპატარავდა! სიყვარულს ისევ უფალი გააცოცხლებს, გაზრდის და ადამიანიც გაიზრდება! ღმერთია თვითონ სიყვარული! ადამიანი კი დაიბნა, გზას ასცდა, ღმერთისკენ _ სიყვარულისკენ მიმავალი გზა შეეშალა. ჩვენზე, სასულიერო პირებზე, ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული, მაგრამ ადამიანმა თუ თვითონ არ მოინდომა უფალთან ყოფნა, ის ვერ ცხონდება.
არის ორი ნება _ ნება ღვთისა და ნება ადამიანისა. ადამიანს აქვს თავისუფალი არჩევანის უფლება. თუ ის უღმერთობას ირჩევს, მას ვერავინ უშველის! თუმცა ადამიანი ღმერთმა თავისი ნებით, ადამიანის უკითხავად შექმნა, მაგრამ მისი ნების გარეშე არ აცხონებს. უფალთან მყოფობა კი პირველ რიგში, მოყვასის სიყვარულში ვლინდება. უნდა ვისწრაფვოდეთ ზევით, ღვთისკენ, ანუ მარადიული სიყვარულისკენ!
უფალმა ორი მთავარი მცნება დაგვიტოვა, რომ გიყვარდეთ ღმერთი მთელი თქვენი არსებით, მთელი გონებით და გიყვარდეთ მოყვასიო. მე მინდა, ქრისტესი ვიყო. უფალი ამბობს, თქვენ იცით, რითი შეიცნობით? ერთმანეთის სიყვარულითო. ჩვენ კი ერთმანეთს რაღაცას ვწიწკნით, ვართმევთ, ვმტრობთ, სიტყვით ვკლავთ. ადამიანი მხოლოდ ტყვიით ხომ არ კვდება? ხანდახან ტყვიას გადარჩენილი ადამიანი სიტყვის მსხვერპლი გამხდარა. ამიტომ, სანამ რამეს ვეტყვით ერთმანეთს, კარგად დავფიქრდეთ.
_ მეუფეო, უფლის იერუსალიმში დიდებით შესვლა ამ ბოლო დროს ხშირად მახსენდება, ერთმა მამაომაც გამახსენა ამას წინათ, მას “ოსანაო” ეძახდნენ და ბზას, ბაიას და საკუთარ ტანსაცმელს უფენდნენ, თუმცა ამას იმავე ხალხისთვის ხელი არ შეუშლია, ერთი კვირის შემდეგ მაცხოვარი ჯვარზე გაეკრა. “ჯვარს აცუ ეგეო,” _ ყვიროდნენ, თუმცა ბევრი ჩუმადაც იყო და ამ სიჩუმით თანხმობა მისცა უფლის ჯვარცმას. ქრისტე დუმილით გაიყიდა! მინდა გკითხოთ _ დღეს უსამართლობაზე, უზნეობაზე, ვისი მხრიდანაც უნდა იყოს ეს გამოვლენილი, გაჩუმება ქრისტეს ღალატი, მისი ჯვარცმის ტოლფასი არ არის?
_ რა თქმა უნდა, ასეა! დუმილზე მინდა გავიხსენო საიდუმლო სერობის მაგალითი. უფალმა იცოდა, რომ მას იუდა გაყიდდა. 12 მოციქული მყოფობდა უფალთან ერთად საიდუმლო სერობაზე, დამწუხრდა უფალი, როდესაც პირიქით, მოციქულები უნდა გაეძლიერებინა. ის დამწუხრდა იმიტომ, რომ იცოდა, იქ ერთ-ერთი გამცემი იყო. “ერთ-ერთი თქვენთაგანი მე გამცემსო,” _ ბრძანა უფალმა! დუმილით უპასუხა იუდამ! იოანე ღვთისმეტყველი ახლოს იყო და პეტრემ უთხრა _ შენ ჰკითხე, ვისზე ამბობსო. იოანემ თავი მიაყრდნო უფალს, ჰკითხა და პასუხიც მიიღო. უფალს იმდენად დიდი სიყვარული ჰქონდა იუდასი, რომ კიდევ მისცა შესაძლებლობა, ეთქვა, უფალო შემინდეო, მაგრამ მან დუმილი ამჯობინა, ეზიარა, მადლობაც არ გადაიხადა, წავიდა, 30 ვერცხლი მიითვალა და გეთსამანიის ბაღში გასცა ქრისტე. უსამართლობაზე თვალის დახუჭვა და დუმილი არის გამცემობა და ღალატი ქრისტესი!
_ დაგვლოცეთ, მეუფეო!
_ ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ! ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ თქვენ რას იტყვით. ყველას ჩვენი ადგილი გვაქვს, რომელიც უფალმა მოგვცა, რა ნიჭიც გვიბოძა, ის ტალანტი უნდა გავამრავლოთ, ამიტომ ღმერთმა გაგაკეთებინოთ ბევრი სასიკეთო საქმე. შეიძლება ეს კითხვები ადვილად საპასუხო არაა, მაგრამ ძალიან კარგია, რომ გვისვამთ, რადგან რაკი კითხვები იბადება, პასუხიც უნდა გაეცეს, რაოდენ მტკივნეულიც უნდა იყოს ისინი. გისურვებთ წარმატებებს, სიკეთესა და მშვიდობას. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ უფალმა თქვენ _ ამ გაზეთის მკითხველები და სრულიად საქართველო, ამინ!
ესაუბრა
შორენა სიხარულიძე
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here