Home რუბრიკები საზოგადოება სპეციალური რეპორტაჟი ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლიდან

სპეციალური რეპორტაჟი ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლიდან

GEWORLD.GE:
ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლამ საჩხერის რაიონში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. რაიონის მოსახლეობის უმრავლესობა ივანიშვილის ამ ნაბიჯს მიესალმება, მასზე უკეთესი ქვეყნის მმართველი დღევანდელ საქართველოში არ ეგულება. თუმცა უმცირესი ნაწილი, ერთეულები შიშობენ, რომ ივანიშვილის პოლიტიკოსობა მისგან სოლიდურ ფინანსურ რესურსს მოითხოვს და საჩხერეში იმ საქველმოქმედო პროექტების შეწყვეტას გამოიწვევს, რომელთაც, უკვე 15 წელია, ანხორციელებს. ამ ადამიანებს მერკანტილური დამოკიდებულება აქვთ იმ საქვეყნო და მასშტაბური პროცესების მიმართ, რომლებშიც ბიძინა ივანიშვილი ჩაერთო და რომელთაც პირობითად “საქართველოს გადარჩენა” ჰქვია, თუმცა მათაც უნდა გავუგოთ, ვისთვისაც სამშობლო საკუთარი სახლის ჭიშკართან სრულდება. საბედნიეროდ, ასეთები ერთეულები არიან, უმრავლესობა მზადაა, ბიძინა ივანიშვილს ყველაზე მძიმე და უკომპრომისო ბრძოლაში გაჰყვეს.

საჩხერეში თუ რაიმე სასიკეთო გაკეთებულა, ყველაფერი ივანიშვილის ფულით კეთდება. ბატონი ბიძინა ან საკუთარი ხელით, საკუთარი სამშენებლო კომპანიის მეშვეობით აშენებს საჩხერეში, ან ადგილობრივ თვითმმართველობას ეხმარება ფინანსურად, ისინი აკეთებენ ივანიშვილის ფულით, საკუთარი კადრებით, რომელთაც ისევ ქველმოქმედის ფულს უხდიან ხელფასად და არა _ საბიუჯეტოს. ივანიშვილმა საკუთარი სამშენებლო კომპანიით, საკუთარი ხარჯით საჩხერეში ააშენა პროკურატურის, სასამართლოს შენობები, კინოთეატრი, მოსწავლეთა და ახალგაზრდული კულტურის ცენტრი, 2 სტადიონი, საცურაო აუზი; პოლიციის შენობა და კულტურის სახლი გაარემონტა; საჩხერის საფეხბურთო კლუბ “ჩიხურას” ფეხბურთელებიან-მწვრთნელებიანად ინახავს და დღეს “ჩიხურა” პირველ ლიგაში ლიდერობს; გაისად, ალბათ, უმაღლეს ლიგაში ითამაშებს. კლუბს თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი ბაზა მოუწყო. ეს პროექტი ყოველწლიურად 2 მილიონი ლარი უჯდება. ამას გარდა, შექმნა ბავშვთა საფეხბურთო სკოლა, სადაც 300 ბავშვი დადის და მწვრთნელებს ხელფასს ივანიშვილი უხდის.
ბიძინა ივანიშვილმა ყველა სოფელში შეიყვანა გაზი, დააგო ასფალტი. საჩხერეში, ერთადერთი, პერევის საშუალო სკოლაღა დარჩა ასაშენებელი და ისიც იმიტომ, რომ რუსის ჯარი იდგა პერევში, რუსები გავიდნენ და სასწავლო პროცესს ხომ არ ჩაშლიდა _ სკოლას ხომ არ დაანგრევდა, ახალი უნდა ავაშენოო? ზაფხულში, როცა სწავლა დასრულდება, პერევშიც ახალ სკოლას ააშენებს _ ეს უკვე 35-ე სკოლის შენობა იქნება ქველმოქმედის მიერ აშენებული. მაშინ, როცა ქვეყანაში ერთმანეთის მიყოლებით იხურება სკოლები, საჩხერეში ერთი სკოლაც არ დახურულა, პირიქით, სადაც არ იყო, იქაც ააშენა. 34-ვე სკოლაში ყველა პედაგოგი, სახელმწიფო ხელფასის გარდა, ივანიშვილის დანამატს იღებს: 11 სასწავლო საათზე _ 200 ლარს, 11-ს ზემოთ _ 300 ლარს. ცოტა მეტი აქვს დირექციის წარმომადგენლებს.
მთელს რაიონში გაკეთდა საკანალიზაციო სისტემა, რომელიც მანამდე არ იყო. მალე ხალხს უგრაფიკოდ ექნება წყალი. ელექტროენერგიის პრობლემა კი ბიძინა ივანიშვილმა მაშინ მოუგვარა საჩხერლებს, როცა დანარჩენ საქართველოში ბნელი და უკუნი მეფობდა.
გოჩა გუდაძე ბიძინა ივანიშვილის სამშენებლო-სამრეწველო კომპლექს “ატუ”-ში იმ პერიოდიდან მუშაობს, როცა მან თავისი საქველმოქმედო საქმიანობის ფართოდ გაშლა დაიწყო; მშობლიური ჭორვილის პარალელურად, საჩხერესა და რაიონის სხვა სოფლებშიც ანხორციელებდა ინფრასტრუქტურულ პროექტებს.
_ აუგს საჩხერეში კაცი ვერ იტყვის ბატონ ბიძინაზე, ან ვის მოუბრუნდება ენა, რომ მასზე გადაბრუნებული თქვას, ერთ კაცს ამდენი გაეკეთებინოს, მსგავსი არსად მსმენია. ერთს გეტყვით მხოლოდ: რამდენიმე წლის წინ 5 ათას კაცზე მეტი იყო დასაქმებული სამუშაოებზე; კარგად მახსოვს, 5 დღე უნდებოდა 2 მოლარე დასაქმებული ხალხის ხელფასების დარიგებას, მაშინ გადარიცხვები არ იყო. ვიმეორებ, მხოლოდ ხელფასებს 5 დღე არიგებდნენ. მე საქველმოქმედოდ გაცემულ თანხებს არ ვგულისხმობ. და ეს მშენებლობის ბუმი 4-5 წელიწადს გრძელდებოდა. პირადად შევხვედრივარ ბატონ ბიძინას, ისე შემხვდება და მომიკითხავს, თითქოს უახლოესი მეგობარი ვიყო. თან, აუცილებლად უნდა გკითხოს, რამე ხომ არ გიჭირს, რამეში ხომ არ დაგეხმაროო.
_ მერე, არ თხოვეთ არაფერი?
_ რა ნამუსით მეთხოვა? კაცმა დამასაქმა, ხელფასს მიხდის, მთელ ოჯახს უფასოდ გვმკურნალობს, 5 წელი გაზისა და დენის ფული გვიხადა და, რავა, ჩემზე გაჭირვებული აღარ არის საჩხერეში? იმათ თხოვონ. ისე, ვინც რამე სთხოვა ამ კაცს, გაწბილებული არავინ დაუტოვებია. მთავარი მაინც ისაა, რომ იშვიათად მიდის ხალხი მასთან რაიმეს სათხოვნელად _ თუ ვინმეს რაიმე უსაშველოდ გაუჭირდა და მაინც და მაინც ბიძინა ივანიშვილის ჩარევაა საჭირო, ეს კაცი სხვაზე ადრე გებულობს ყველაფერს, თხოვნამდე ასწრებს და იმაზე მეტით ეხმარება, ვიდრე რომელიმე გაჭირვებული აპირებდა რაიმეს თხოვნას მისთვის.
სოსო ჭიღლაძე: _ საჩხერეში თითო-ოროლა თუ გამოერევა ისეთი, რომელიც ამბობს, თუ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ხელისუფლებაში მოვა, ჩვენ რა გვეშველება, პრივილეგიებს დავკარგავთო. საბედნიეროდ, ასეთები ძალიან ცოტანი არიან. ვინც ამ ადამიანს იცნობს, ყველამ იცის, რომ უდიდესი პატრიოტია. თუ პირველი კაცი გახდა, ეშველება ქვეყანას. შინ რომ არ წაიღებს საქვეყნო ფულს, ამას, აბა, რა ლაპარაკი უნდა? 15 წელია, შინიდან ეზიდება და ქვეყანასა და ხალხს ახმარს. არც სხვას დაანებებს, რომ ბიუჯეტიდან ერთი თეთრი მაინც მოიპაროს და, რაც არ ეკუთვნის, მიითვისოს. სამართლიანი ადამიანია.
გოჩა ერაძე ერთი იმ საჩხერელთაგანია, რომლისთვისაც სამშობლო უფრო ფართო მცნებაა, ვიდრე საკუთარი ბაღ-ბოსტანი. ეს ახალგაზრდა სავანელი კაცი მზადაა, ბიძინა ივანიშვილს ყველაზე სარისკო საქმეში გაჰყვეს.
_ კი, მაგრამ მთელი ცხოვრება ამ კაცის კმაყოფაზე ხომ არ უნდა ვიყოთ საჩხერლები? უამრავი რამ გაგვიკეთა, თან მადლობასაც არ გვათქმევინებს. უამრავია ისეთი ადამიანი, რომელთაც სახლები აუშენა; როცა დაოჯახდნენ, ქორწილი გადაუხადა და სამ-სამი ათასი დოლარი საქორწინო საჩუქრად მისცა; უნივერსიტეტები დაამთავრებინა _ 5-5 წელი უხადა სწავლის გადასახადი. ახლა გეკითხებით, ჩვენში რამდენი მამა ვერ ახერხებს, ამის ნახევარი გაუკეთოს საკუთარ შვილებს. სხვა სიკეთეებზე, რომლებიც რაიონული მასშტაბით განხორციელდა და ყველას შეეხო, არაფერს ვამბობ.
ასეთ კაცს, ჯერ ერთი, იმიტომ უნდა უერთგულო, თან რომ გადაგყვა წლების მანძილზე, და, თუ ერთხელ დასჭირდება შენი თანადგომა, არც უნდა დაფიქრდე, ისე უნდა გაჰყვე და არც უნდა ჰკითხო _ ბატონო ბიძინა, საით მივდივართო. ცუდ გზაზე და ცუდ ადგილას ეს კაცი არ წაგიყვანს. მეორეც, იმიტომ უნდა უერთგულო, რომ ასეთი დიდი ადამიანია. ასეთ ხალხს უნდა გავუფრთხილდეთ და უნდა გავიტანოთ. იმიტომაც უნდა ვუერთგულოთ კიდევ, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის მარტო საჩხერელი ბიზნესმენი, მან უამრავი რამ გააკეთა თბილისში, ბათუმში, ურეკში, სიღნაღში. მისი სიკეთე მთელ საქართველოს გადასწვდა. ახლა მეტი რა გითხრათ, დანარჩენი კი იცით თავადაც. მოკლედ, ამ კაცს გაჭირვებაში არავინ მიუტოვებია და მე პირადად მზად ვარ, ყველაფერი გავაკეთო, თუ ჩემგან დაჭირდება რაიმე. უკეთეს პრეზიდენტს ვის ინატრებ კაცი?! პოლიტიკა არაა ჩემი საქმე, მარა ავის და კარგის გარჩევა ვიცი და ვერ დავიბრმავებ ახლა თვალს!
ბიძინა ივანიშვილმა მთელი საჩხერე გაზის 15 მილიონი მეტრი პოლიეთილენის მილით დაქსელა, მთელ რაიონს კანალიზაციის სისტემა გაუკეთა, თანაც _ სუპერთანამედროვე, რაზეც გერმანული კომპანიები მუშაობენ. 3 მილიონ ლარს ყოველთვიურად მარტო სამშენებლო-ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დასაქმებულ ხალხს უხდის ხელფასის სახით და ლამის ათი წელია, ეს პროცესი მიმდინარეობს.
ჭორვილა _ ქართული ზღაპარი
ბუნებრივია, კაცი როცა მატერიალურად ზურგს მოიმაგრებს, ცოტა ფულს იშოვის და, თუ ვინმეს დაეხმარება, უპირველესად, თავის ნათესავ-მეგობრებს, მეზობლებს… იმ ხალხს, ვის გარემოცვაშიც გაიზარდა. ვიღაცამ ამაგი დასდო ბავშვობაში და სიჭაბუკეში და მის წინაშე მოვალედ თვლის თავს, ვიღაცამ მის ოჯახს გაუმართა ხელი გაჭირვებისას, ბუნდოვნად ახსოვს, გადმოცემით იცის და, უნდა, ერთი ასად გადაუხადოს. საკუთარ კლასელს, რომელთანაც წლები ერთ მერხზე გაატარა, ავი სენი შეყრია და, ცხადია, უნდა უმკურნალოს… ქართველი კაცი სხვაგვარად ვერ მოიქცევა, საკუთარ ფესვებს ვერ მოსწყდება და სიკეთის თესვასაც სწორედ იმ ადგილიდან იწყებს, სადაც გაიზარდა, დაკაცდა, ავისა და კარგის გარჩევა ისწავლა, ცნობიერება ჩამოუყალიბდა და მერე, ამ უკუღმართი ცხოვრებისკენ მიმავალ დიდ და მრუდე გზას გაუყვა.
ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების შესახებ ჭორვილაში არაერთხელ დაწერილა და ყველაფრის ჩამოთვლას გაზეთის რამდენიმე გვერდიც არ ეყოფა. მხოლოდ, ზოგიერთ მნიშვნელოვან ფაქტზე გავამახვილებ მკითხველის ყურადღებას. ჭორვილაში 500-მდე კომლი ცხოვრობდა, ვიდრე ბატონი ბიძინა ხალხს დახმარების ხელს გაუწოდებდა, ახლა 1000 კომლზე მეტი ცხოვრობს. ხალხი ზესტაფონიდან, ქუთაისიდან, ჭიათურიდან, რუსთავიდან, თბილისიდან დაბრუნდა. ყველას, ვინც მშობლიურ სოფელს მიაშურა, ბიძინა ივანიშვილმა ან სახლი შეუკეთა კაპიტალურად, ანდა ახალი აუშენა. ყველა “ემიგრანტ ჭორვილელს” ყოველთვიური დახმარება _ 200 ლარი და 100-პროცენტიანი ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისი მისცა; უხდიდა დენისა და გაზის გადასახადს. მოკლედ, ძველი და ახალი თანასოფლელები არ გაურჩევია ერთმანეთისგან. ბევრს, ცხადია, საერთოდ არ იცნობდა; არც ის იცის, ვინ როდის წავიდა ჭორვილადან და როდის დაბრუნდა, მაგრამ ახალი კომლი შეემატებოდა თუ არა სოფელს, მყისიერად მის საქველმოქმედო ფონდშიც ახალი ადამიანები ჩნდებოდნენ და ხარჯი მატულობდა.
საახალწლოდ, 31 დეკემბერს, 8 ახალი ოჯახი შევა ახალ აშენებულ სახლში. სახლი აშენდა ახლადდაქორწინებულთათვის _ ეს მათი საქორწინო საჩუქარია. ბატონი ბიძინა ცარიელ სახლებს კი არ ჩუქნის, ყველა სახლი ავეჯითაა გაწყობილი, სააბაზანო და სამზარეულო მოწყობილია, მაცივარი, ტელევიზორი (სახლზე დამონტაჟებული სატელიტური ანტენით), გაზის გამათბობელი და დენზე მომუშავე ღუმელი. მოკლედ, შედი და იცხოვრე, ხელის გატოკება აღარ გინდა, დიდი-დიდი, ავეჯის წყობა არ მოგეწონოს და დივანი ოთახის ერთი კუთხიდან მეორეში გადადგა და ტელევიზორი გადაანაცვლო. ჯამ-ჭურჭელი და დანა-ჩანგალიც კი არ აქვს ახლადდაოჯახებულ (და არა მარტო მათ) ოჯახებს საყიდელი. თან, ყოველთვიური დახმარება, მინიმუმ იმდენია, რომ თავი ირჩინო. აი, ასე იწყებენ ჭორვილაში ახლადშექმნილი ოჯახები ცხოვრებას.
ახლახან სარიტუალო სასახლე ააშენა ბიძინა ივანიშვილმა სოფელში, 300-კაციანი დარბაზით. ქორწილია თუ ქელეხი, ნებისმიერ ჭორვილელს შეუძლია, 300 კაცზე შეუკვეთოს სუფრა, იქორწინოს, მიცვალებული გააპატიოსნოს და ერთ თეთრსაც არ გადაიხდის _ არც დარბაზის ქირას, არც სასმელ-საჭმელისას და არც _ მომსახურე პერსონალისას. ესეც ბიძინა ივანიშვილის საჩუქარია სოფლისთვის.
არის, რა თქმა უნდა, შემთხვევები, როცა ბიძინა ივანიშვილი თავად ვერ გებულობს თანასოფლელთა გასაჭირს და მის ოჯახში მიდიან დახმარების სათხოვნელად. ბოლო ასეთი შემთხვევა ამ რამდენიმე დღის წინ მოხდა. ბიძინა ივანიშვილის დედას შინ თანაკლასელი, ალიოშა ხეტელიშვილი ესტუმრა. ბატონ ალიოშას სიძე ახალი დაღუპული ჰყავდა და ქალბატონ ციცინოსთვის უთხოვია, ჩემს ქალიშვილს სახლისთვის სამზარეულოს მიშენება უნდა, ფული არ აქვს და ეგებ, ბიძინა დაეხმაროსო; თან დაუძენია: ციცინო, კლასელებიდან მარტო მე და შენ დავრჩით ცოცხალი და იმედია, უარს არ მეტყვიო. ქალბატონ ციცინოს გაუცილებია თანაკლასელი, იმავე წამს დაურეკია ბიძინასთვის _ ასე და ასეა საქმეო და რას იზამო? დედა, რა უნდა ვქნა, თავად არ იცი, უარი ვისთვის ან რაზე მითქვამს, ახლა შენს ერთადერთ კლასელს არ დავეხმარებიო? მეორე დღეს, დილაადრიან, სამშენებლო ბრიგადა მიადგა ალიოშა ხეტელიშვილის ქალიშვილის სახლს, სამზარეულოც მიუშენეს, კიდევ ორი ოთახის მიშენებას აპირებენ და, თუ რამეა სარემონტო, იმასაც მიხედავენ. ბრიგადირს უთქვამს, ციცინომ გვითხრა, თუ თავად მოისურვეს, მეორე სართულიც დაადგითო. ალბათ, დაადგამენ მეორე სართულსაც.
ბიძინა ივანიშვილი როცა იცლის, ხშირად თავად აკონტროლებს სამშენებლო პროცესს. ცხადია, საკუთარი ახალი სახლი რომ აიშენა ჭორვილაში, მუდამ იქვე ტრიალებდა, თუმცა ბუნებით სადა და უბრალო ადამიანი მუშებში ისე გაერეოდა, ვერც ამჩნევდნენ. ერთხელ “ტელეგრეიკა” და ჩექმები ეცვა, ციოდა და თავზეც ნაქსოვი თბილი ქუდი ეხურა. საჩხერელი მუშები სახეზე ვერ ცნობდნენ ბიძინას. ერთ მუშას რაღაც კონსულტაცია დასჭირდა და იქვე, ეზოში, შავტყავისპიჯაკიან, ჰალსტუხიან ჯეელს მიეჭრა: ბატონო ბიძინა, ეს ასე გავაკეთო, თუ ისეო? ეს ახალგაზრდა კაცი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დაცვის წევრი აღმოჩნდა. მან მუშას მიანიშნა _ აი, ის კაცია ბიძინა, მაგას ჰკითხეო. საჩხერელი მუშა გაკვირვებული უცქეროდა თურმე “ტელეგრეიკასა” და ტალახიან ჩექმებში გამოწყობილ კაცს, რომელიც ერთ-ერთ მუშას ელაპარაკებოდა. იმ საჩხერელმა არ დაიჯერა დაცვის წევრის ნათქვამი და განაწყენებულა: _ რას მემასხრებით, კაცო, ეგ ბიძინა ივანიშვილი როგორ იქნება, “ტელეგრეიკა” და ჩექმები აცვია და ჩემსავით ტალახს ზელსო. თავად ბიძინას დაუწყნარებია ეს კაცი.
ჭორვილის სკოლის მშენებლობისას ბიძინა ივანიშვილი სოფელში იყო. მიაკითხა მშენებლებს, მანქანა მოშორებით გააჩერა, დაცვაც მანქანასთან იდგა, თავად კი მშენებლებში გაერია. ზაფხული იყო, სპორტული შარვლით, მაისურით, კეპით და ბოტასებით _ მსუბუქად იყო გამოწყობილი. ნაცნობებს დაელაპარაკა, მერე, იქვე დადგა და თვალყურს ადევნებდა მოფუსფუსე ხალხს. ერთმა კორბოულელმა მუშამ (სოფელია საჩხერეში), უქმად მდგარი კაცი დაინახა, იფიქრა, ესეც მუშააო და შესძახა _ აბა, ძმობილო ეს “ბალკა” ამატანინე მეორე სართულზეო. ბიძინამ აღარ გაამეორებინა, “ბალკის” მეორე მხარე აიტაცა და აიტანეს მეორე სართულზე. ჭორვილელები გაოგნებულნი უცქერდნენ ამ ამბავს, თან კორბოულელ მუშაზე ბრაზობდნენ _ როგორ გაბედა და ბიძინა დაასაქმაო. ხუთი “ბალკის” ატანაში მიეხმარა ბიძინა მუშას. ჩამოვიდა ძირს, ხელები დაიბანა, ოფლი შეიმშრალა და ისევ იმ ადგილას დადგა, სადაც არ დააყენეს. გაიგო მერე ამ კორბოულელმა, ვინც დაასაქმა და თურმე თავში წაიშინა ხელი. ბიძინასთან მივიდა, _ ბოდიში, ბატონო ბიძინაო, _ ერთი ესღა მოასწრო, როცა ბიძინამ მხარზე გადახვია ხელი _ რას ჯავრობ, ჩემო ძმაო, რა, პირველად ავწიე რკინა და სიმძიმე? რაც მე მშენებლობებზე მიმუშავია, ვინ მოთვლის მაგას. ეგეც არ იყოს, ეს სკოლა ჩემი შვილებისა და შვილიშვილებისთვის შენდება და მოვალეც ვარ, კიდეც მოგეხმაროთო. ამ ამბის გახსენებაზეც ხალისობენ ჭორვილელები.
კლასელი
ტარიელ გოგოტიშვილი ბიძინა ივანიშვილთან ჭორვილის სკოლაში სწავლობდა. თანასოფლელები ერთად გაიზარდნენ. ბატონ ტარიელს “ქუცურას” ეძახდნენ ბავშვობიდან და ეს მეტსახელი დღემდე შემორჩა. ჭორვილაში მიმავალს, პირველი ტარიელ გოგოტიშვილის სახლი შეგხვდებათ ხელმარცხნივ. მასპინძელმა რომ გაიგო, ბიძინა ივანიშვილზე სასაუბროდ მივედი, სახე გაუნათდა. დილამდე ვილაპარაკებ ბიძინაზე, მაგრამ ყველაფერს მაგ კაცზე მაინც ვერ მოგიყვებიო.
შინ შემიპატიჟა. სახელდახელოდ გაშალა სუფრა. მისმა რძალმა დოქით ღვინოც შემოდგა მაგიდაზე. ვიდრე პირველ სადღეგრძელოს იტყოდა, თავად დაიწყო ბიძინა ივანიშვილზე ლაპარაკი:
_ შვილო და ძმაო, ასე, 12 წლის წინ რომ მოსულიყავი ამ ოჯახში, ვერც სუფრას გაგიწყობდი, ვერც ღვინოს დაგახვედრებდი და რიგიანად ვერ გიმასპინძლებდი. ახლა ჭორვილაში რომელ ოჯახშიც არ უნდა შეხვიდე, ღვთისა და ბიძინას მადლით, რამდენიმე ნაუცბათევ სტუმარს ხელად უმასპინძლებენ, ხოლო თუ ორიოდ საათით ადრე გააფრთხილე, მაშინ ოციოდე კაცსაც გაისტუმრებენ ისე, რომ გარეთ არ გავლენ რაიმეს მოსასესხებლად.
_ ბატონო ტარიელ, თქვენზე მითხრეს, ძალიან უჭირდა და ბიძინამ მოათქმევინა სულიო.
_ კი, ასე იყო, მიჭირდა და ჭირი რა დასამალი და სასირცხვილოა? ბიძინა როცა ჩამოვიდა მოსკოვიდან, როცა შეძლებული კაცი გახდა, ერთ-ერთი პირველი ვიყავი, სახურავი რომ გამომიცვალა, სამშენებლო მასალა მომცა. მერე დამიძახა _ “ქუცურა”, ჭორვილა ხელახლა უნდა ავაშენო, დამიდექი გვერდითო. დავუდგებოდი, აბა, ასეთ სამადლო საქმეში არ დავუდგებოდი? პირველი “კოვშიანი” ტრაქტორი მე მყავდა აქ, ნახევარი ჭორვილას სახლების ფუნდამენტი ამ ტრაქტორმა ამოიღო, ბიძინას სახლზეც ვიმუშავე. გვარიანად მიხდიდა ხელფასს. მე შენ გეტყვი, დააგვიანებდა.
_ ბატონი ბიძინაც “ქუცურას” გეძახით?
_ კი, “ქუცურას” მეძახის, ასე მეძახიან ბავშვობიდან და… 16 ბავშვი ვიყავით ჭორვილას სკოლაში. მე უფროსი ვარ ბიძინაზე ერთი წლით. რაღა დასამალია და ჩავრჩი ერთი წელი კლასში და ბიძინას კლასელები წამომეწივნენ. ისე, სკოლა ერთად დავამთავრეთ.
_ როგორი ბავშვი იყო ბატონი ბიძინა?
_ ნიჭიერი ბიჭი იყო, მუყაითი და შრომისმოყვარე. დროის ფასი იცოდა ბავშვობიდანვე, არც სკოლას და სწავლას აკლდებოდა, არც გართობასა და თამაშს და ოჯახსაც დიდი კაცივით ეხმარებოდა. ძალიან მშრომელი ოჯახი ჰყავდა, ოთხი უფროსი და-ძმა ჰყავს, თავად ნაბოლარაა. მამამისი, ცხონებული გრიშა, დიდებული კაცი იყო, კოლმეურნეობის ბრიგადირად მუშაობდა ერთხანს.
_ ის სიკეთე და გულუხვობა, ახლა ბატონ ბიძინას ცხოვრების წესად რომ ექცა, ბავშვობიდან მოსდევს?
_ არ ულხინდა ბიძინას ოჯახს, უჭირდა, სხვაზე მეტად და სხვაზე ნაკლებად, მაგრამ მადლიანი ბიჭი იყო ბიძინა. თუ რაიმე ებადა, შუაზე გაგიყოფდა. დიდი ჩხუბისთავი არ იყო, მარა, თუ მეგობარს უჭირდა, კიდეც იჩხუბებდა, არასდროს არ დაიმალებოდა და არ განაპირდებოდა. ახლა ამ ყველაფერს იმიტომ არ ვამბობ, რომ ბიძინა დიდი კაცია. სხვაგვარი რომ ყოფილიყო, ამხელა ფულს იშოვნიდა? ამდენ სიკეთეს ასე უანგაროდ დათესდა? კი, ფულს ძაღლები და მამაძაღლებიც კი შოულობენ, მაგრამ ბიძინამ პატიოსნად იშოვა. ეგ ისეთი კაცია, სხვას არ წაართმევდა, სხვისას არ მიითვისებდა. ფულის ხარჯვაზე არ ეტყობა, რავარი კაცია?
_ ყველაზე ახლოს ვისთან იყო ბიძინა კლასში?
_ “ჟიგული წერეთელთან” იყო ყველაზე ახლოს. “ჟიგულის” სერაპიონი ჰქვია, მარა არავის ახსოვს მისი ეს სახელი. სულ ერთად იყვნენ, ერთ მერხზე გაატარეს მთელი ის წლები, თუმცა ყველა კლასელთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა.
_ და ყველას ეხმარება, არა, ახლა?
_ კი, ყველას დაუნიშნა ყოველთვიურად ფული. ვისაც როგორც უჭირს თუ ულხინს, ისე ეხმარება. ვიღაცა შეიძლება კლასელი არ იყოს, მაგრამ მეტად უჭირდეს, მას მეტს უხდის, კლასელს კი, რომელსაც ნაკლებად უჭირს,  შედარებით ნაკლებს. მოკლედ, არაფერი ეშლება.
_ თქვენ რამდენს გიხდით, თუ დასამალი არ არის?
_ 500 ლარს თვეში. ჩემი შვილიც ბიძინას ფირმაში მუშაობს, იმიტომ არა _ ჩემი ბიჭი რომაა. წაიყვანა, ასწავლა საქმე და მერე დაასაქმა, სოლიდური ხელფასიც მისცა. მისით უდგას ჩემს ოჯახს სული. ქორწილიც გადაუხადა ჩემს ბიჭის და ფულიც მისცა საჩუქრად.
_ ბავშვობისდროინდელს გაიხსენებთ კიდევ?
_ ცუდი არაფერი მაგონდება, ცუდს და ავს ერიდებოდა ბიძინა, არ გარეულა საშარო საქმეში არასდროს, და ამხელა კაცი ხომ არ მოგატყუებთ?
_ გოგოს გულისთვის ერთხელაც არ უჩხუბია?
_ არ მახსოვს მაგისთანა რამ. შეიძლება მოსწონდა ვინმე, მარა ჩემთვის არ უთქვამს და ჩხუბზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. დასამალი რაა, მასეთი რამ რომ ყოფილიყო, გეტყოდი. ისე, კი უჩხუბია პატარაობისას, გალახულა კიდეც, მარა წყენა არ ჩაუდვია გულში, სამაგიეროს გადახდაზე არ უფიქრია. ბავშვები ვიყავით, ხან ერთი გაილახებოდა, ხან მეორე. ასე იყო…
_ კლასის ქეიფებს ხომ ვერ გაიხსენებთ? სვამდა ბიძინა?
_ 2-3 ჭიქას დალევდა. წყნარი, ჩუმი ბავშვი იყო. იუმორის გრძნობას არ უჩიოდა, საერთო მხიარულებაში მონაწილეობდა, მაგრამ ყურადღების ცენტრში არ უყვარდა ყოფნა. ეს თვისება ბავშობიდან მოსდევს _ დღემდე ათასობით ადამიანს დახმარებია და ყველას ერთადერთს სთხოვს, _ ნუ გაამხელთ, რომ მე დაგეხმარეთო. 90-იან წლებში დაიწყო სიკეთის თესვა ბიძინამ. აქაც და სხვაგანაც, საქართველოში. 5-6 წელი ისე გავიდა, მისი გაკეთებული საქმეების კი არა, მისი გვარ-სახელიც კი არ იცოდა არავინ. მერე ერთ რუსულ გაზეთში დაიბეჭდა, ბიძინა ივანიშვილი მილიარდერიაო და ასე გაიგო საერთოდ ხალხმა მისი არსებობა. ბიძინას მთელი მადლიც მაგაშია _ ისე აფრქვევს ამდენ სითბოს და სიკეთეს, მადლობას არათუ არ თხოულობს, პირიქით, უშლის ხალხს _ სამადლობელი არაფერი გამიკეთებია თქვენთვის, რაღაც ქონება მაქვს თქვენზე მეტი, მოვალე ვარ და უნდა დაგეხმაროთო. რატომაა მოვალე, ეს ვერ გაიგო ვერავინ.
_ თქვენ თუ გაიგეთ?
_ კეთილშობილი კაცია, დიდი გულის პატრონია, როცა სხვას უჭირს, თავს ვერ გრძნობს ბედნიერად. ფული არაა მისთვის ყველაფერი, ბიძინას მილიარდები ახლა აქვს, მაგრამ მცირე შეძლება გაუჩნდა თუ არა, ჯერ სხვებს აუშენა სახლ-კარი, ჯერ სხვისი ღობე-ყორე გაამაგრა, ჯერ სხვისი მშიერი შვილები დააპურა და მერე აიშენა სახლი, მერე მიხედა საკუთარ და-ძმას. ა, მე ასე მესმის ეს ყველაფერი.
ბიძინა ივანიშვილმა საჩხერეში არა მარტო ფული დახარჯა, მადლი დადო. დღეს საჩხერეში კაცს რომ უეცრად სოლიდური თანხა დასჭირდეს სასწრაფოდ, უცებ მოისესხებს მეზობლებში, მეგობრებსა და ნათესავებში, შორს წასვლა არ დასჭირდება. ერთი, რომ ბიძინა ივანიშვილის წყალობით სხვისი ხელის გამართვის საშუალება ყველას აქვს; მეორეც, ხალხი ფიქრობს _ თუ ბიძინა ჩვენ გვეხმარება, მისი მოცემული ფულით ჩვენც მოვალენი ვართ, სხვას დავეხმაროთო. პატარ-პატარა ქველმოქმედების ფაქტები გახშირდა საჩხერეში, გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ხალხმა სიკეთის კეთება დაიწყო _ ზოგადად, სიქველე სახასიათო თვისებაა, მაგრამ ქონებაზეც არის დამოკიდებული.
კი, ისეთებიც გამოერევიან, კაპიკს რომ ვერ გააგდებინებ, მაგრამ ცოტანი არიან ასეთები. ხალხის უდიდესი ნაწილი მზადაა, გვერდში დაუდგეს ერთმანეთს.
საჩხერეში “ნაცმოძრაობა” “დიდ ღალატს” გეგმავს
საჩხერეში “ნაცხელისუფლებას”, შეიძლება ითქვას, ფეხისმოსაკიდებელი ადგილი აღარ დარჩა, რადგან ამ რაიონის მთელი მოსახლეობა ბიძინა ივანიშვილს ცალსახა და უყოყმანო მხარდამჭერია. “ბიძინას თუ დასჭირდა, ომში გავყვებით,” _ აი, ასეთია თითოეული საჩხერელის დამოკიდებულება ამ კაცის მიმართ. თუმცა ხელისუფლება, ცხადია, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ყველანაირად ეცდება, რომ ხალხის ერთი ნაწილი მაინც დაუპირისპიროს ივანიშვილს. იმდენად, რამდენადაც ადამიანის ბუნებას, მის სისუსტეებს მეტ-ნაკლებად ვიცნობ, არაერთი ორგულობა და ღალატი მინახავს ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში საქართველოში. უნდა ვივარაუდოთ, რომ “ნაცმოძრაობა” ვიღაც-ვიღაცების გადმობირებასა და დაშინებას შეძლებს _ ფულით, შანტაჟით, მუქარით, ქონების წართმევით, შვილების, ოჯახის წევრების ამოწყვეტითა და ათასი უბედურებით, რაც, არაერთგზის უქნიათ.
მოსალოდნელია, რომ განსაკუთრებით საბიუჯეტო უწყებებში მომუშავე საჩხერელებზე განხორციელდეს ზეწოლა, ამ ხალხს დაემუქრებიან _ სამსახურიდან გაგიშვებთ, თუ გვერდით არ დაგვიდგებით  და არ იპოვით ისეთ საჩხერლებს, რომლებიც აუგს იტყვიან ბიძინაზეო. არადა, საჩხერეში არ ცხოვრობს ადამიანი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის სიკეთე არ ეგრძნოს. სულ მცირე, თუ საჩხერეში ცხოვრობ და ბიძინა ივანიშვილისგან არანაირ ფინანსურ დახმარებას არ ღებულობ, იმ 5 წელს რას უშვრები, ეს კაცი გაზისა და დენის გადასახადს რომ გიხდიდა? მთელი ოჯახის ჯანმრთელობა დაზღვეული რომ გქონდა? დავიჯერო, ამ ათი წლის მანძილზე ოჯახის რომელიმე წევრს კბილი ერთხელაც არ ასტკიებია და არ გამოუყენებია ეს პოლისი?! ანდა, მათი შვილები თუ შვილიშვილები რომ დადიოდნენ იმ ახლადაშენებულ კომპიუტერიზებულ სკოლებში, ეს არ ნიშნავს არაფერს?
მოკლედ, ყველამ იცოდეს: თუ ვინმე გამოჭენდა რომელიმე “ნაციონალური” ტელევიზიით და თქვა, საჩხერელი ვარ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი არ დამხმარებიაო, არ დაუჯეროთ. ასეთ ადამიანს, საჩხერეში მცხოვრებს, ვერ ნახავთ, შესაძლოა, ისეთი მოიძებნოს, საჩხერეში რომაა რეგისტრირებული და თბილისში ან სხვა ქალაქში რომ ცხოვრობს.
“ნაცხელისუფლება”, ადგილობრივ ჩინოვნიკებთან ერთად გეგმავს საჩხერეში ოპოზიცია შეუქმნას ჯერაც პოლიტიკაში ხეირიანად დაუმკვიდრებელ ბიძინა ივანიშვილს. იქაური ჩინოსნები კი ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდნენ. საჩხერლები ამბობენ, გამგებელს, ზურაბ ცერცვაძეს თან გადაჰყვა ბიძინა _ რისი აშენებაც სთხოვა, ყველაფერი აუშენა, თანაც ყველაფერი გამგეობის ბალანსზე გადავიდა. დადიოდა ცერცვაძე დიდი მაკრატლით და ყოველ თვე ბიძინას მიერ აშენებულ თითო ობიექტს ხსნიდა. საჩხერეში კი იცოდნენ, რომ ეს ყველაფერი ბიძინას გაკეთებული იყო, მაგრამ “ნაცტელევიზიები” ამ ყველაფერს ადგილობრივი ან ცენტრალური ხელისუფლების წარმატებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებად ასაღებდნენ. ამას გარდა, ზურაბ ცერცვაძისთვისა და მისი ოჯახისთვის ბიძინა ივანიშვილს არაერთხელ გაუმართავს ხელი.
საჩხერის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ აბჟანდაძეც უხერხულ მდგომარეობაში უნდა იყოს. მასაც არაერთი სიკეთე გაუკეთა ბიძინა ივანიშვილმა, მისი ქალიშვილი ამჟამადაც “ქართუ ჯგუფში” მუშაობს და, ცერცვაძისა არ იყოს, მისი ხათრით, შუამავლობით, ბატონი ბიძინა ბევრ გაჭირვებულს დახმარებია, თანაც _ არამარტო საჩხერეში.
საჩხერის პოლიციის უფროსზე მხოლოდ ამას ვიტყვი _ გოჩა ბახტურიძეს ბიძინა ივანიშვილმა ისეთი ორსართულიანი სახლი წამოუჭიმა საჩხერის ცენტრში, თვალს მოგტაცებთ. ცხადია, ავეჯით, საყოფაცხოვრებო ტექნიკით გაწყობილ სახლში შეუშვა ბახტურიძის ოჯახი ბატონმა ბიძინამ. სხვა ჩინოსანთა დარად, ბახტურიძის მეგობარ-ნათესავებიც მრავლად მუშაობენ ივანიშვილის ბიზნეს-სტრუქტურებში და ბახტურიძის შუამავლობით, მრავალი წყალობაც გაუღია. საჩხერეში ამბობენ, რომ მათზე ახლა დიდი ზეწოლა მიდის, რათა დაივიწყონ ყველა მადლი და სიკეთე ივანიშვილისა და მის წინააღმდეგ ნებისმიერი ბინძური მეთოდებით იმოქმედონ.
ზეწოლის ქვეშ არიან სხვა, შედარებით დაბალი რანგის ჩინოსნებიც _ საკრებულოს წევრები, სოფლების გამგებლები, სკოლების დირექტორები, პედაგოგები, ექიმები… ყველა ის ადამიანი, ვისაც ხელფასს მთლიანად ან ნაწილობრივ ივანიშვილი უხდის. ამდენი წელი ამ ხალხს სულს უბერავდა, გასაჭირში არც ერთი მათგანი არ მიუტოვებია და ცხოვრების ტვირთი შეუმსუბუქა ისე, როგორც არსად არავის არავისთვის _ მთელ საქართველოში.
მოკლედ, ხელისუფლებას სურს, ღალატისა და უმადურობის სარბიელად გადააქციოს საჩხერე. მალე საჩხერეში ერთმანეთს დაუპირისპირდება სიკეთე და ბოროტება, ერთგულება და ღალატი, გამტანობა და გაუტანლობა, დიდსულოვნება და სულმოკლეობა, რაინდობა და ლაჩრობა, შური და უშურველობა, სიხარბე და ზნეკეთილობა, სიყვარული და სიძულვილი.
ვნახოთ, რომელი გაიმარჯვებს.
ლევან ჯავახიშვილი
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here