ქართველი დემოგრაფები, სპეციალისტები, კარგა ხანია, განგაშის ზარებს არისხებენ ქვეყანაში შექმნილი კატასტროფული დემოგრაფიული ვითარების გამო. მეზობელ ქვეყნებში მოსახლეობის რაოდენობა განუხრელად იმატებს, საქართველოში კი, ვითარების გაუმჯობესების მცდელობის მიუხედავად, დემოგრაფიული მდგომარეობა კატასტროფულია.
ამას მოწმობს 2014 წელს ჩატარებული საყოველთაო აღწერის მონაცემები, რომელთა მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა 1992-2014 წლებში 5,4 მლნ–დან 3,7 მლნ–მდე შემცირდა. საქართველოში შექმნილ მწვავე დემოგრაფიულ ვითარებას ეძღვნება ცნობილი ქართველი დემოგრაფის, პროფესორ ანზორ თოთაძის ნაშრომი “რად არ გაფიქრებს შენი მოდგმის გადაშენება, ანუ თანამედროვე დემოგრაფიული ვითარება ეროვნული კატასტროფის ტოლფასია”, რომელიც მან 2017 წელს წიგნად გამოსცა. წინამდებარე წერილს სწორედ ამ წიგნიდან მოყვანილი მონაცემები დაედო საფუძვლად.
ყველაზე მძიმე დემოგრაფიული ვითარება პოსტსაბჭოთა ქვეყნებში
თბილისი და, საერთოდ, საქართველო XIX საუკუნიდან ითვლებოდა ამიერკავკასიის, და, შეიძლება ითქვას, კავკასიის ცენტრად, რასაც სხვა მნიშვნელოვან მოვლენებთან ერთად ადასტურებს, ერთი მეტად საგულისხმო ფაქტი: 1877 წელს ამიერკავკასიაში გამოწერილი ჰქონდათ რუსეთში გამოცემული 41 დასახელების 1428 ეგზემპლარი ჟურნალ–გაზეთი, მათგან 1072 ეგზემპლარი, ანუ 75 პროცენტი _ საქართველოში: კერძოდ, თბილისის გუბერნიაში _ 816 ეგზემპლარი, მათ შორის, მხოლოდ თბილისში _ 686, ერევნის გუბერნიაში _ 100, ბაქოს გუბერნიაში _ 196, ქუთაისის გუბერნიაში _ 256 და დაღესტნის ოლქში _ 60 (იმ პერიოდში დაღესტნის ოლქი ამიერკავკასიაში შედიოდა). გარდა ამისა, თბილისი იღებდა 9 დასახელების 44 ცალ სპეციალურ გამოცემას: კიევის სასულიერო აკადემიის შრომებს (6 ეგზემპლარს); გამოცემებს მიწათმოქმედების, მებაღეობის, მებოსტნეობის (18), თანამედროვე მედიცინის (4) შესახებ; მედიცინის სიახლეებსა (2) და სხვ. ამასთანავე, ძირითადად, მხოლოდ თბილისში ჰქონდათ გამოწერილი 100-ზე მეტი უცხოური პერიოდული გამოცემა, კერძოდ, Der Bazar (16 ეგზემპლარი), Iლლუსტრაციონ-ი(10), Allgmeine Zeitung-ი (9) და სხვ. სრულიად კავკასიისთვის თბილისში რუსულ ენაზე გამოდიოდა გაზეთი “კავკაზი”, “ლიტერატურული ფურცელი”, “კავკასიის სამედიცინო საზოგადოების ოქმები”, კავკასიის სამედიცინო საზოგადოების “სამედიცინო კრებული”, “კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების ჩანაწერები”, “რუსული გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილების ჩანაწერები” და სხვ. საკითხის უფრო ნათლად წარმოსაჩენად შეიძლება აღინიშნოს: 1865 წელს თბილისის გუბერნიაში 602 954 კაცი ცხოვრობდა, ხოლო ერევნის გუბერნიაში _ 437 719, ამავე წელს, როგორც ზემოთ ითქვა, თბილისის გუბერნიაში რუსეთში გამოცემული ჟურნალ-გაზეთების 816 ეგზემპლარი იყო გამოწერილი, ხოლო ერევნის გუბერნიაში _ 100. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველ 10 ათას კაცზე თბილისის გუბერნიაში გამოწერილი იყო ჟურნალ-გაზეთების 13 ეგზემპლარი, ხოლო ერევნის გუბერნიაში _ 2, ანუ 6,5-ჯერ ნაკლები. ანალოგიური ვითარება იყო ბაქოს გუბერნიასთან შედარებითაც.
საქართველოსა და თბილისის კავკასიის ცენტრად აღიარება მრავალმა ფაქტორმა განაპირობა. საქართველოს მოსახლეობა XIX საუკუნესა და განსაკუთრებით მის მეორე ნახევარში შესამჩნევად მრავალრიცხოვანი იყო მეზობელი აზერბაიჯანისა და სომხეთის მოსახლეობასთან შედარებით. 1865 წელს თბილისის მოსახლეობა 67 770 კაცს შეადგენდა, ბაქოსი _ 14 715-ს, ხოლო ერევნისა _ 14 070 კაცს. განათლების დონე საქართველოში უფრო მაღალი იყო, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში. რუსეთისა და საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ერთმორწმუნე იყო _ მართლმადიდებელ სარწმუნოებას აღიარებდა და საქართველო უშუალოდ ესაზღვრებოდა რუსეთს. ამასთანავე, სამეფოებად და სამთავროებად დაშლილ საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარების ნიშნები შედარებით გამოხატული ჰქონდა.
ამჟამად ვითარება შეიცვალა. თუ საგანგებო ღონისძიებები არ განვახორციელეთ, ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის სახიფათო შემცირების პერსპექტივა გარდაუვალია. ჩვენ თანდათანობით ვთმობთ პოზიციებს რეგიონში. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა გადაულახავ ბარიერად ეღობება საქართველოს სახელმწიფოებრივი ცხოვრების წარმატებული განვითარების ყველა სფეროს.
XX საუკუნის ბოლოსა და XXI საუკუნის დასაწყისში საქართველომ თავისი ტერიტორიის 30 პროცენტზე მეტი დაკარგა. დღეს ქართული მიწა გროშებად იყიდება და უცხოელის ხელში გადადის. სამწუხაროდ, ზოგიერთისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ დაეპატრონება ჩვენს ეროვნულ სიმდიდრეს, ოღონდ დღევანდელი უმწეო და გაჭირვებული ყოფა გადააგოროს. თბილისში ერთი მნიშვნელოვანი შენობაც აღარ დარჩა, რომ არ გაგვეყიდა, ასეა რეგიონებშიც და ამას ინვესტიციას ვუწოდებთ. ადრე თბილისში ეკონომიკის ოთხი ინსტიტუტი არსებობდა, რომლებსაც ფილიალები რეგიონებშიც ჰქონდა, ახლა კი… მეცნიერების ხმას ისედაც არავინ უგდებს ყურს. მძიმეა ამის თქმა, მაგრამ ოქტომბრის რევოლუციამ სულზე მოგვისწრო, რადგან ქართველების ეროვნული სიმდიდრის დიდი ნაწილი სხვის ხელში იყო გადასული _ რასაც ჩვენ ვფანტავდით, იმას სხვა იღებდა. ისტორია გამეორდა, მაგრამ მაინც ვერაფერი ვისწავლეთ. აი რას ამბობდა ჩვენს ცხოვრებაზე გენიოსი პოეტი და მოაზროვნე ვაჟა–ფშაველა: “საქართველო დღეს წააგავს მსუქან დუმას, გარეშე კაცი მიეტანა ამ დუმას და ნელ–ნელა ათლის კაი–კაი ნაჭრებს… ჩვენი ტერიტორია სხვის ხელში გადადის და ჩვენ, ქართველები, ამ დუმის თლას ან მიწა–წყლის გადასვლას სხვის ხელში როდი ვეწინააღმდეგებით სასტიკად, როგორ ეკადრება ასეთი საქციელი ჩვენს კეთილშობილებას… თუ ამ გზით ვიარეთ, უეჭველია, ჩვენი ტერიტორია მალე დაიფუყება და საქართველოს ნიადაგზე ისე აჭრელდება სხვადასხვა ტომთა და ერთა სოფელ–დაბანი, რომ თვით დახელოვნებული ეთნოგრაფი, განსვენებული ლ. ზაგურსკი რომ წამოდგეს საფლავიდან, ვეღარ იცნობს აქაურობას და დაიკივლებს: ეს რა ქვეყანაა _ საქართველოა თუ ეთნოგრაფიული გამოფენაო!”
სამწუხაროა, რომ ვივიწყებთ წარსულის გამოცდილებას, იმას, რასაც გვირჩევდნენ ჩვენი წინაპრები, რათა მომავალი უკეთ მოგვეწყო. დავივიწყეთ, რომ “მხოლოდ წარსულის ცოდნით დაუცავს ყოველს ერს თავისი ეროვნება, თავისი არსებობა, თავისი ვინაობა” (ილია ჭავჭავაძე). ისიც მეტად სამწუხაროა, რომ დღეს მსოფლიოში ადამიანები დღევანდელი დღით აპირებენ ცხოვრებას, ივიწყებენ მარადიულ ფასეულობებს, რომელთა გარეშე ცხოვრება დაიცლება ადამიანური გრძნობებისგან, ურთიერთობებისგან, სულიერად გამარტივდება, ერთფეროვანი და, აქედან გამომდინარე, უაღრესად უინტერესო გახდება.
საქართველოში დემოგრაფიული ვითარება, როგორც მონაცემების ანალიზმა გვიჩვენა, შეიძლება ითქვას, ყველაზე მძიმეა პოსტსაბჭოთა და მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, ამიტომ, ქვეყანაში ავტოქტონური მოსახლეობის პერმანენტული შემცირებისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში ჩამოყალიბებული დემოგრაფიული ბალანსის დარღვევის შემთხვევაში, საქართველოს ძალიან გაუჭირდება თავისი სტრატეგიული, გეოპოლიტიკური, გეოეკონომიკური და, საერთოდ, ეროვნული ამოცანების განხორციელება, საფრთხე შეექმნება მის სულიერ და ტერიტორიულ მთლიანობას, ადრინდელ მიმზიდველობას დაკარგავს ჩვენი ერისთვის დამახასიათებელი ნიშან–თვისებები, ტრადიციები და წეს–ჩვეულებები. ასეთ ვითარებაში გარდაუვალი იქნება ეროვნული ცნობიერების დაქვეითება, საბოლოოდ კი _ ერის გენოფონდის ცვლილება. ყოველივე ეს განსაკუთრებით საშიშია ქვეყნისათვის, რადგან იგი ისეთ უნიკალურ, მრავალგანზომილებიან რეგიონში მდებარეობს, სადაც ბევრია ზესახელმწიფოების ინტერესების გადაკვეთის წერტილი და, აქედან გამომდინარე, გაძნელებულია საკუთარი ინტერესების დაცვა.
საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა რეგიონების მიხედვით
საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი მატება მნიშვნელოვნად განსხვავდება რეგიონების მიხედვით. ბოლო წლებში, ძირითადად, ქართველებით დასახლებულ რეგიონებში შემცირდა მოსახლეობა.
(იხ. ცხრილი #1)
საგანგაშოა, რომ უკვე, რაც უნდა გაუმჯობესდეს საარსებო პირობები, შობადობა კიდევ უფრო შემცირდება. ეს პროცესი გამოკვეთილად (თუ ასე გაგრძელდა და რადიკალური ზომები არ მივიღეთ), დაახლოებით 10 წელიწადში იჩენს თავს და პიკს 2020-იანი წლების შუაში მიაღწევს. ამის მიზეზია სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურის გაუარესება.
საქართველოში დაბადებული გოგონების რაოდენობა ათწლეულების მიხედვით
1960-2009 წლებში
აქტიური დემოგრაფიული პოლიტიკის გატარების შემთხვევაში, რომელიც ხანგრძლივ პერიოდზე უნდა იყოს გათვლილი, ჩვენ შეგვიძლია ეს პროცესი შევანელოთ და სასურველ შედეგს მხოლოდ საკმაო დროის გავლის შემდეგ მივაღწიოთ. საკმარისია, ითქვას, რომ 1980-1989 წლებში, ანუ 10 წელიწადში საქართველოში 455 ათასი გოგონა დაიბადა (1980-1989 წლების მონაცემებს გამოკლებულია აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შესაბამისი დემოგრაფიული მაჩვენებლები, კერძოდ, ამავე წლებში დაბადებული გოგონების რაოდენობა), ხოლო 2000-2009 წლებში _ 237 ათასი გოგონა, ანუ 219 ათასით ნაკლები 1980-1989 წლებთან შედარებით.
(იხ. ცხრილი #3)
2014 წლის 5 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობამ 3 713 804 კაცი შეადგინა და წინა, 2002 წლის აღწერასთან შედარებით, 657 731 კაცით შემცირდა. თბილისის გარდა, ყველა რეგიონში საგრძნობლად შემცირდა მოსახლეობის რაოდენობა. თბილისის მოსახლეობის მატებაც (2,5 პროცენტით, 27 039 კაცით) მცხეთისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ზოგიერთი სოფლის თბილისთან შემოერთებამ განაპირობა. წინა, 2002 წლის აღწერასთან შედარებით, მოსახლეობა ყველაზე მეტად შემცირდა რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის (37,4 პროცენტი) და სამეგრელო ზემო სვანეთის (29,0 პროცენტი) რეგიონებში, ხოლო ყველაზე ნაკლებად _ აჭარაში (10,6 პროცენტი). ყველაზე მეტი კლება ქვეყნის ყველაზე ხალხმრავალ რეგიონში _ იმერეთში _ აღირიცხა. გასული 12 წლის განმავლობაში მისი მოსახლეობა 165 760 კაცით შემცირდა. ასე რომ გაგრძელდეს, 30 წელიწადში, და შეიძლება გაცილებით ადრეც, იმერეთი მოსახლეობისაგან დაიცლება. ანალოგიური ბედი ელის სამეგრელოს, გურიასა და სხვა რეგიონებსაც. აღარაფერს ვამბობთ რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთზე, რომელიც, ფაქტობრივად, გაუკაცრიელდა.
განსაკუთრებით საგანგაშოა საქართველოში სოციალურ–ეკონომიკური და კულტურული თვალსაზრისით მეორე ქალაქის _ ქუთაისის _ მოსახლეობის ყოველწლიური კლება, თანაც დიდი რაოდენობით.
2014 წელს ქუთაისის მოსახლეობის რაოდენობა 148 ათას კაცს შეადგენდა, 2002 წელს _ 186 ათასს, ხოლო 1989 წელს _ 233 ათას კაცს. ამრიგად, 2014 წელს ქუთაისის მოსახლეობა 85 ათასი კაცით შემცირდა. ქუთაისს უკვე მოსახლეობის რაოდენობით გაუსწრო ბათუმმა.
დემოგრაფიული ვითარება სოფლებში
(იხ. ცხრილი #4)
მოსახლეობის ბოლო ორ აღწერას შორის პერიოდში (2002-2014 წლები) მნიშვნელოვნად შემცირდა ქალაქისა და განსაკუთრებით _ სოფლის მოსახლეობა. 2014 წელს ქალაქის მოსახლეობამ 2 122 623 კაცი, ხოლო სოფლის მოსახლეობამ 1 591 181 კაცი შეადგინა და 2002 წელთან შედარებით, შესაბამისად, 162 173 და 495 558 კაცით შემცირდა.
აღნიშნულ პერიოდში თითქმის 500 ათასი კაცით შემცირდა სოფლის მოსახლეობა, ხოლო 1989 წელთან შედარებით _ 818 308 კაცით. ეს იმას ნიშნავს, რომ სოფელი დაიცალა ფერტილური ასაკის მოსახლეობისგან _ მათი დიდი ნაწილი ქალაქში გადასახლდა, ხოლო ნაწილი საზღვარგარეთ წავიდა. ამის შედეგად სოფლად საგრძნობლად შემცირდა დაბადებულ ბავშვთა რაოდენობა, შედეგად _ სახლკარი და მარჩენალი მიწაც უპატრონოდ დარჩა, სოფელი გაჩანაგდა. 1970-1979 წლებში, საქართველოში 792 371 ბავშვი დაიბადა, მათგან სოფლად _ 390-721, ანუ ნახევარი _ 50,7 პროცენტი. 2000-2009 წლებში, ისევ ათ წელიწადში კი საქართველოში დაბადებულ ბავშვთა რაოდენობამ 502 296 ბავშვი შეადგინა, მათგან სოფლად 153 379 ბავშვი დაიბადა, ანუ 30,5 პროცენტი. კახეთში ამავე პერიოდში სოფლად დაბადებულ ბავშვთა რაოდენობა 60 943-დან 20614 ბავშვამდე შემცირდა.
სოფლის მოსახლეობაზე აუცილებელია ისიც ითქვას, რომ ცალკეული რეგიონები საერთოდ იცლება მოსახლეობისგან. 2002-2014 წლებში განსაკუთრებით შემცირდა სოფლის მოსახლეობა დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, 283 157 კაცით, მაშინ, როდესაც ამ მაჩვენებელმა აღმოსავლეთ საქართველოში 210 445 კაცი შეადგინა.
ეს მონაცემები თავისთავად ყვირის და შეუძლებელია, ვისაც “საქართველოს საოცნებო სერები” უყვარს, ვისაც ოდესმე მაინც უგრძნია მშობლიური მიწის, ბალახისა და ტყის სურნელი, “ფერი დაბინდულ ქლიავის”, ვისაც თავისი დიდი ისტორია გაუთავისებია, გული მაინც მშვიდად უცემდეს და სამშობლოს ასეთმა ვითარებამ არ შეაშფოთოს, მოახლოებული დასასრული არ შეიცნოს და მწვავე რეალობას არ დაუპირისპირდეს. და ეს სრულიადაც არ არის მოჩვენებითი პატრიოტიზმი. გლობალიზაციის პირობებში განსაკუთრებით რთულია მიწა-წყლის, კულტურის, ეროვნული სულიერი ცხოვრების დაცვა, როდესაც კოსმოპოლიტიზმის ამღვრეული მორევი ჩათრევასა და შთანთქმას გიპირებს, როდესაც ამ სენით იწამლება ახალგაზრდობა და როდესაც ამ ყველაფერს არა მხოლოდ უცხო ძალები მოურიდებლად, უტიფრად გვახვევენ თავს, არამედ შენი სისხლი და ხორციც ჩართულია ამ პროცესში; თავგამოდებით იბრძვის იმ ეროვნული ფასეულობების წინააღმდეგ, რომლისთვისაც ღირს ერის სიცოცხლე.
დასასრული
შემდეგ ნომერში