ზუსტად 60 წლის წინათ, 1960 წლის 6-10 ივნისს, საფრანგეთში გაიმართა ევროპის პირველი საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალური ეტაპი, რომელშიც მონაწილეობდა 4 ქვეყნის ეროვნული ნაკრები _ საფრანგეთის, ჩეხოსლოვაკიის, იუგოსლავიისა და საბჭოთა კავშირის. ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა საბჭოთა კავშირის ნაკრებმა, რომლის ღირსებასაც 3 ქართველი იცავდა _ გივი ჩოხელი, სლავა მეტრეველი და მიხეილ მესხი (თბილისის “დინამოს” კიდევ ერთ წარგზავნილს _ ზაურ კალოევს, მიუხედავად იმისა, რომ განაცხადში იყო, არც ერთი მატჩი არ უთამაშია).
ევროპის ჩემპიონატის ჩატარების იდეა პირველად ფრანგმა ანრი დელონემ წამოაყენა 1927 წელს, მაგრამ იმ ბობოქარ პერიოდში ყურადღება არავინ მიაქცია _ კაცობრიობა იარაღს იმარაგებდა მეორე მსოფლიო ომის დასაწყებად.
ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ჩატარებაზე კვლავ დაფიქრდნენ მხოლოდ XX საუკუნის 50-იან წლებში. ბოლო წინაღობა გაქრა 1954 წელს უეფას (ევროპის საფეხბურთო ასოციაციების კავშირის) დაარსების შემდეგ. სხვათა შორის, უეფას პირველი პრეზიდენტი სწორედ ანრი დელონე იყო, მაგრამ თავისი იდეის განხორციელებას ის ვერ მოესწრო _ 1955 წელს გარდაიცვალა.
ანრი დელონეს ჩანაფიქრს ხორცი შეასხა მისმა შვილმა პიერმა. თავდაპირველად საქმე ძალიან ნელა მიიწევდა _ ფუნქციონერთა ჯგუფი ბელგიის საფეხბურთო ფედერაციის ხელმძღვანელის მეთაურობით შეეცადა, ტურნირის სტატუსის დაკნინებას და მისგან მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურის შექმნას. მაგრამ ამ მიდგომას მხარი არ დაუჭირა უეფას წევრების უმრავლესობამ და 1957 წლის მარტში კელნში გამოქვეყნდა “ევროპის ერების თასის” საბოლოო პროექტი.
ახალ ტურნირს უეფას 27 წევრიდან მხოლოდ 15-მა დაუჭირა მხარი. აღსანიშნავია, რომ ტურნირში მონაწილეობაზე უარი თქვეს გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ (1954 წლის მსოფლიო ჩემპიონმა), იტალიამ, ინგლისმა, ბელგიამ და სხვ.
ბრიტანელებმა და დასავლეთ გერმანელებმა თავიანთი პოზიცია კალენდარში თავისუფალი თარიღის არარსებობით გაამართლეს, თუმცა სინამდვილეში პრობლემა უფრო პროზაული იყო _ მათ არ სჯეროდათ ტურნირის პერსპექტივის და მას ნაკლებად პრესტიჟულად მიიჩნევდნენ.
სულ ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 17 გუნდი მონაწილეობდა, ერთით მეტი მერვედფინალების გასამართავად, ამიტომ ერთი საგზურის მფლობელის ვინაობა გაირკვა საკვალიფიკაციო მატჩში ჩეხოსლოვაკიასა და ირლანდიას შორის. გაიმარჯვეს ჩეხებმა მასოპიესტას მეთაურობით.
საბჭოთა კავშირის ნაკრებმა, რომლის ღირსებასაც საქართველოს ოთხი წარმომადგენელი იცავდა, ტურნირი მერვედფინალიდან დაიწყო უნგრეთის ნაკრების წინააღმდეგ და ორი შეხვედრის ჯამში გაიმარჯვა. პირველი შეხვედრა საბჭოთა ნაკრებმა 3:1 მოიგო. ბურთები საბჭოელთა მხრიდან გაიტანეს ანატოლი ილინმა, ვალენტინ ივანოვმა და სლავა მეტრეველმა. როგორც იმდროინდელი პრესა წერდა, განსაკუთრებით ლამაზი იყო სლავა მეტრეველის გოლი _ ძლიერი დარტყმით გატანილი ბურთი ხარიხის ქვეშ. უნგრელებთან საპასუხო მატჩი საბჭოთა ნაკრებმა ერთი წლის (!) შემდეგ გამართა _ 1959 წლის სექტემბერში და იური ვოინოვის გოლით გაიმარჯვა _ 1:0.
შემდეგი მატჩი სსრკ-ის ნაკრებს იმხანად მსოფლიოში ერთ-ერთ ძლიერ ნაკრებთან უნდა ეთამაშა, რომლის ღირსებასაც იცავდნენ არგენტინიდან გადასული ალფრედო დი სტეფანო, აგრეთვე, ლუის სუარეს მირამონტესი, პაკო ჰენტო და “ფურია როხას” (“წითელი ფურია” _ ასე ეძახიან ესპანეთის ნაკრებს) სხვა ლეგენდები. ნაკრებს ხელმძღვანელობდა სახელგანთქმული მწვრთნელი ელენიო ერერა.
იმ პერიოდის ესპანეთის ნაკრები უპირობო ფავორიტი იქნებოდა სხვა ნაკრებთან შეხვედრაში, ოღონდ არა საბჭოთა ნაკრებთან, რომელიც 1956 წლის ოლიმპიური ჩემპიონი იყო. სსრკ-ის იმჟამინდელი ნაკრების კოზირი იყო ლევ იაშინი, რომელიც ერთადერთია მეკარეებს შორის, ვინც ევროპის საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი პრესტიჟული ჯილდო “ოქროს ბურთი” მოიპოვა. იაშინის გარდა დასავლური პრესა გამოარჩევდა ნახევარმცველ იგორ ნეტოს. აგრეთვე, ტექნიკურ და სწრაფ გარემარბებს _ სლავა მეტრეველსა და მიხეილ მესხს.
ესპანეთის ნაკრებთან შეხვედრამდე მოსამზადებელ მატჩში სსრკ-ის ნაკრებმა 7:1 გაანადგურა პოლონეთის გუნდი. ამის შემდეგ ესპანეთის დიქტატორმა ფრანსისკო ფრანკომ, რომელიც დარწმუნებული არ იყო თავისი ქვეყნის გუნდის გამარჯვებაში, მოკოვში გამგზავრება აუკრძალა ესპანეთის ნაკრებს (აეროპორტიდან დააბრუნა) _ იდეოლოგიური მოტივებით.
მატჩის ჩატარებაზე უარის თქმის გამო ესპანეთი ტურნირიდან მოხსნეს. სსრკ კი გაემგზავრა საფრანგეთში, სადაც მას მასპინძელთა გუნდის გარდა ჩეხოსლოვაკიისა და იუგოსლავიის ნაკრებები ელოდნენ.
ნახევარფინალში სსრკ ჩეხოსლოვაკიას შეხვდა და ძალების დაუძაბავად გაიმარჯვა ვალენტინ ივანოვისა (2) და ვიქტორ პონედელნიკის გოლებით. გაცილებით საინტერესო იყო საფრანგეთისა და იუგოსლავიის მატჩი, რომელშიც, ტრავმირებული რაიმონ კოპასა და ჟიუსტ ფონტერის არყოფნის მიუხედავად, ფავორიტად მაინც ფრანგები მიიჩნეოდნენ, მაგრამ დამარცხდნენ 4:5.
ფინალური თამაში (გაიმართა პარიზის პარკ დე პრენსზე) კი თითქმის თანაბარი იყო. იუგოსლაველებმა უკეთ ჩაატარეს პირველი ტაიმი და მილან გალიჩის დარტყმით დაწინაურდნენ 1:0. მატჩის მეორე ნახევარში უფრო მონდომებით ათამაშდა საბჭოთა ნაკრები და სლავა მეტრეველმა ანგარიში გაათანაბრა, დამატებით დროში კი მიხეილ მესხმა თავგზა აუბნია იუგოსლავიელთა მარჯვენა მცველს, შემდეგ ბურთი მეტოქის საჯარიმო მოედანზე ჩააწოდა და ვიქტორ პონედელნიკმა თავური დარტყმით გამარჯვების ბურთი გაიტანა.
საბჭოთა კავშირის ნაკრებმა ევროპის პირველი ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
საბჭოთა ნაკრების შემადგენლობა 1960 წლის ჩემპიონატზე:
მეკარეები: ლევ იაშინი და ვლადიმერ მასლაჩენკო.
მცველები: ვლადიმერ კესარევი, გივი ჩოხელი, ანატოლი მასლიონკინი, ანატოლი კრუტიკოვი.
ნახევარმცველები: იური ვოინოვი, იგორ ნეტო, ვიქტორ ცარიოვი.
თავდამსხმელები: სლავა მეტრეველი, ვალენტინ ივანოვი, ვიქტორ პონედელნიკი, მიხეილ მესხი, ვალენტინ ბუბუკინი, იური კოვალიოვი, გერმან აპუხტინი, ზაურ კალოევი.
მოამზადა
ნიკა კორინთელმა