Home რუბრიკები პოლიტიკა ჩვეულებრივი ბანდიტიზმი ვანო მერაბიშვილი შვეიცარიული კომპანიის კუთვნილ აგარაკში შეიჭრა

ჩვეულებრივი ბანდიტიზმი ვანო მერაბიშვილი შვეიცარიული კომპანიის კუთვნილ აგარაკში შეიჭრა

936

GEWORLD.GE:
“ნაცხელისუფლების” ექსპროპრიაციულმა პოლიტიკამ მუტაცია განიცადა. “სახელმწიფოს სახელით” მოქმედი ნაცბობოლები თავიდანვე დახარბდნენ არამხოლოდ თანამდებობებს, არამედ ყველა სიკეთეს. თანაც სიხარბემ იმდენად სძლია, რომ არაფერს ერიდებოდნენ. ყველას გვახსოვს, “სხვისთვის ქონების ჩუქების სურვილით გულანთებული ადამიანები” შუაღამისას როგორ მიდიოდნენ ნოტარიუსთან და უფორმებდნენ ბიზნესწილებს თუ სხვა ქონებას მათთვის სრულიად უცნობ პირებს. მაგრამ ფაქტი, რომლის შესახებაც ახლა გიამბობთ, ნაცრეალობისთვისაც კი უპრეცედენტოა.
შინაგან საქმეთა მინისტრი უკანონოდ, ყოველგვარი საბუთის გარეშე ცხოვრობს კვარიათში, შვეიცარიული კომპანიის “მეტალიკ 1871”-ის კუთვნილ აგარაკზე. კომპანიამ არაერთხელ მისწერა პრემიერ-მინისტრს და იუსტიციის მინისტრს, გამოიყვანეთ ჩემი სახლიდან შინაგან საქმეთა მინისტრიო, მაგრამ ძნელი მისახვედრი არ არის, რისი და ვისი გამომყვანები არიან ზურაბ ადეიშვილი და, მით უმეტეს, ნიკა გილაური.

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტოგრაფების ცნობილ საქმესთან დაკავშირებით წლეულს, 4 აგვისტოს, ვებგვერდმა copoka.net-მა გამოაქვეყნა ფარული სატელეფონო ჩანაწერები. ერთ-ერთ ასეთ ჩანაწერში თითქოსდა  შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი საუბრობენ. “მერაბიშვილი” “ადეიშვილს” ახარბებს: “ბიჭო, როგორი პონტია, იცი, ისეთი გრილი ნიავია ზღვიდან, სულ ნიავია რაა. ვაბშე ვერა გრძნობ სიცხეს. აი ნიავია, ჩქარი კი არ არი, ნიავია რა…”
მაინც სად იყო მერაბიშვილი ამ “საუბრის” დროს და საიდან უბერავდა “სულ ნიავი”? თვითმხილველების თქმით, მინისტრი ოჯახთან და ამალასთან ერთად აგვისტოში კვარიათში ისვენებდა სწორედ იმ აგარაკზე, სადაც  ბანდიტურად შეიჭრა.
ამ აგარაკს კი ტრაგიკული ისტორია აქვს.
კვარიათში აგარაკი სახელმწიფო საწარმოების _ “მადნეულისა” და “კვარციტის” ყოფილმა ხელმძღვანელმა ზურაბ ლობჟანიძემ 1999 წელს ააშენა და მისი სიდედრის _ ფატი ფერაძის სახელზე იყო გაფორმებული.
ზურაბ ლობჟანიძემ “ვარდების რევოლუციას” გაასწრო და 2003 წლიდან ოჯახთან ერთად შვეიცარიაში ცხოვრობს. პოლიტიკური თავშესაფარიც მიიღო. შვეიცარიაში ცხოვრების პირობების შექმნის მიზნით კი საქართველოში ქონება მთლიანად გაასხვისა – თბილისში, კანდელაკის ქუჩაზე მდებარე ბინა, მარგიანის ქუჩაზე არსებული სახლი და ხელვაჩაურის რაიონის სოფელ გონიოში (კვარიათში) მდებარე აგარაკი. მაგრამ, რაკი “ვარდოსნებმა” ლობჟანიძე ხელში ვერ ჩაიგდეს და სხვებივით ვერ გამოწურეს, მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 15 მაისის ბრძანებით, ზემოაღნიშნულ, უკვე გასხვისებულ ქონებას ყადაღა დაედო.
ზურაბ ლობჟანიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე რამდენიმეჯერ აღიძრა. პირველი ორი ბრალდება მის სამსახურს უკავშირდებოდა. გამოძიება მტკიცებულებების არარსებობისა და სსსკ-ის ცალკეული მუხლების დეკრიმინალიზების შემდეგ შეწყდა, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ერთწლიანი გამოძიებით ხელისუფლებამ წარდგენილ ბრალდებათა დამადასტურებელი მტკიცებულებები ვერ მოიპოვა, მისი დევნა მაინც არ შეუწყვეტიათ.
მესამედ სს საქმე უკვე ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის დამზადების წაქეზების ბრალდებით აღძრეს და ხელვაჩაურის სასამართლომ 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ლობჟანიძეს და მის სიდედრს _ ფატი ფერაძეს, თუმცა დამატებით სასჯელად ქონების, ანუ ჯერ კიდევ 2004 წელს დალუქული სახლის ჩამორთმევა არც უხსენებიათ. საქმის მასალების მიხედვით, ზურაბ ლობჟანიძემ ფატი ფერაძე და ცნობილი ქართველი ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილი წააქეზა. ლობჟანიძეებმა კვარიათის სახლი, რომელიც ფატი ფერაძეზე იყო დარეგისტრირებული, ყაველაშვილს მიჰყიდეს. პროკურატურამ ამ საქმეზე ყაველაშვილის ეპიზოდი ცალკე გამოჰყო. ნიშანდობლივია, რომ იგი სასამართლო პროცესზე არც კი დაუკითხავთ, მიუხედავად იმისა, რომ მზად იყო, ჩვენება მიეცა და ხელშეკრულების ნამდვილობა დაედასტურებინა. პროკურატურასა და სასამართლოს მისი ჩვენება არაფერში სჭირდებოდა, ისედაც ნათელი იყო, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება ნამდვილი იყო.
ლობჟანიძე-ფერაძის სასამართლო პროცესამდე აგარაკს ახალი მეპატრონისთვის _ ყაველაშვილისთვის არ უცნობებიათ, რომ სახლი დალუქული იყო და დასასვენებლად ჩასული ფეხბურთელის ოჯახი სახლში ვერ შევიდა. ყაველაშვილებმა საკუთარი ქონების დაცვა სასამართლოს გზით სცადეს. ვერაფერს მიაღწიეს და ლობჟანიძეს ფულის უკან დაბრუნება მოსთხოვეს. ნასყიდობის ხელშეკრულება გაუქმდა და ყაველაშვილმა ფული უკან დაიბრუნა. ეს ფული ლობჟანიძეს შვეიცარულმა კომპანიამ “მეტალიკ 1871”-მა მისცა და სახლიც დაისაკუთრა.
მაგრამ შვეიცარიული კომპანია მხოლოდ იურიდიული მფლობელია, ლობჟანიძისა და ფერაძის კვარიათელი მეზობლები კი არც მალავენ, რომ ამ სახლში ხშირად ხედავენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს თანმხლებ პირებთან ერთად. აქაურთა თქმით, ვანო მერაბიშვილი 2009 წლიდან სისტემატურად სტუმრობს კვარიათს და გირგვლიანის მკვლელების განთავისუფლების აღსანიშნავი წვეულებაც აქ გადაიხადეს.
სახლში ავეჯიც გამოცვალეს და გაარემონტეს კიდეც, მეზობელთან საზიარო მისასვლელი გზის ნაცვლად კი ცალკე გზაც გაიყვანა მერაბიშვილმა და აგარაკიდან ზღვამდე არხიც გაჭრა _ შს მინისტრს და მის თანამეინახეებს სკუტერებით შეჯიბრი ძალიან ყვარებიათ და ღია ზღვაში გასასვლელიც ხსნილი აქვთ.
მერაბიშვილისთვის ცხოვრება მშვენიერია, ლობჟანიძეს და ფერაძეს კი “წითელი ცირკულარით” ეძებენ. არადა, ყველასთვის ცნობილია “ძებნილების” მისამართი. საქართველოს ხელისუფლებამ რამდენიმეჯერ მოითხოვა მათი ექსტრადირება, მაგრამ შვეიცარიის ხელისუფლებამ უარი უთხრა, რადგან შესაბამისი მტკიცებულებები ვერ წარადგინა. საქართველოს ხელისუფლებამ ლობჟანიძესა და მისი ოჯახის წევრებს, ვადის გასვლის შემდეგ, პასპორტებიც არ მისცა, ამიტომ შვეიცარიის ხელისუფლებამ 14 დღეში უზრუნველყო ისინი შვეიცარიის მოქალაქის პასპორტებით.
ზურაბ ლობჟანიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ მას არაერთგზის შესთავაზა გარიგება. 2003-2004 წლებში კოტე კემულარია, დავით ბეჟუაშვილი, ბადრი პატარკაციშვილი, ზურაბ ხარატიშვილი აქტიურობდნენ. ლობჟანიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ჟვანია, მიხეილ მაჭავარიანი, დავით და გელა ბეჟუაშვილები, კობა ნაყოფია, კოტე კემულარია, კახა ბენდუქიძე, თემურ ალასანია… “მოქალაქეთა კავშირი” და “ნაციონალური მოძრაობა” იყვნენ და არიან დაინტერესებული მისთვის პრობლემების შექმნით. შეუქმნეს კიდეც: ყველა წილი, რომელიც მას სხვადასხვა საწარმოში ჰქონდა, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე წაართვეს. ვანო მერაბიშვილი კი, კვარიათის სამსართულიანი სახლის გადაფორმების სანაცვლოდ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ჰპირდებოდა. ამ მიზნით შინაგან საქმეთა მინისტრმა ლობჟანიძეს მიუგზავნა… ჭყონდიდის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი _ მეუფე პეტრე (ცაავა)!
ბიზნესმენი არ აპირებს, მერაბიშვილს რამე გადაუფორმოს და ბრძოლას სტრასბურგის სასამართლოში განაგრძობს.
წარმოიდგინეთ ევროპელი მოსამართლეების გაოცება, როდესაც გაიგებენ, რომ ბიზნესმენისთვის წართმეულ სახლში შინაგან საქმეთა მინისტრი შეიჭრა და ნებივრობს “სულ ნიავზე”. ეს მათ გააკვირვებთ, ჩვენ კი სხვა რამ უფრო გვაინტერესებს: რატომ უნდა გასჩენოდა ყოვლისშემძლე შინაგან საქმეთა მინისტრს სხვისი ქონების ბანდიტური გზით ხელში ჩაგდების სურვილი, როცა ნებისმიერ ადგილზე შეეძლო ლობჟანიძე-ფერაძისეულ აგარაკზე გაცილებით უკეთესი აეშენებინა და არც შვეიცარიულ კომპანიასთან ექნებოდა სასამართლო პროცესები საქართველოს ხელისუფლებას?
პასუხი მარტივია და მის სიღრმეებს ვერც სტრასბურგელი მოსამართლეები ჩასწვდებიან და ვერც შვეიცარიელები მიხვდებიან _ თავდაჯერებულობა. მერაბიშვილი იმდენად დარწმუნებულია საკუთარ უძლეველობაში, რომ ჰგონია, კანონზე მაღლა დგას. ანდა ვის უკვირს ეს იმ ქვეყანაში, სადაც რამდენიმე კაცმა სახელმწიფო შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოდ გადააქცია. მაგრამ რეალობა იცვლება და ამ რეალობით გახურებულ შუბლს ვერ გაუგრილებს ზღვიდან მონაბერი “ისეთი გრილი ნიავი…”
ბონდო მძინარაშვილი
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here