Home რუბრიკები საზოგადოება ცოცხალთა პანთეონი რა ხდება მეცნიერებათა აკადემიაში

ცოცხალთა პანთეონი რა ხდება მეცნიერებათა აკადემიაში

1150

GEWORLD.GE:
საქართველოს პოლიტიკურ კაბადონზე ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ მეეზოვის ქუჩის ცოცხის ერთი მოსმით საზოგადოებრივი ცხოვრების პრობლემები მეორე პლანზე გადახვეტა. ნაგვის გროვასავით კუთხეში მიყარა. გაქექავ _ მტრისას! ხელს არ ახლებ, ავგიას თავლების ყროლს დაიკრავს. ორივე შემთხვევაში გადაუჭრელი რჩება: რომელი პრობლემა გადაწყვეტილა მივიწყების გამო?! საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაზე, რომელმაც დაარსების 70-ე წელიწადი უკვე მიითვალა, ვისაუბრებთ დღეს. აკადემიაზე, რომელიც როგორც კანონშია ჩაწერილი, «არის უძველესი ქართული აკადემიების _ გელათისა და იყალთოს აკადემიების მემკვიდრე, სახელმწიფოს მაღალი დონის ინტელექტუალური განვითარების ატრიბუტი, საქართველოს მთავრობის მეცნიერული მრჩეველი, საერთაშორისო მნიშვნელობის სამეცნიერო მიღწევებისა და მაღალი სამეცნიერო და სამოქალაქო ავტორიტეტის მქონე პირთა გაერთიანება». ასეა დაფიქსირებული შესაბამისი კანონის პრეამბულაში. ასეა კი სინამდვილეში? ამ შეკითხვით «საქართველო და მსოფლიომ» პროფესორ ლევან ბერძენიშვილს მიმართა.

როცა გარედან მტერსაც არ უბრმავებს თვალს
მტერი ანდაზის გავლენით მოხმობილი სიტყვაა: ბატონი ლევან ბერძენიშვილი, როგორც «კავკასიის» ეთერში ერთ-ერთი მისი საუბრისას აშკარად გამოჩნდა, მოყვარის პოზიციიდან აფასებს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრობლემას, რაც (პრობლემა) ჩვენი ქვეყნის განათლებული საზოგადოების სერიოზული შეშფოთების საგანია.
კარგა ხანია უკვე.
_ სამწუხაროდ, საქართველოში მეცნიერება იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, ძნელია, დაიჯერო ამ დარგს ვინმე საერთოდ რომ ხელმძღვანელობს. ასეთია, მე მგონი, შთაბეჭდილება ყველასი, ვისაც კი საქართველოსა და მეცნიერებაზე რაიმე წარმოდგენა აქვს. ჩვენი მეცნიერება ამჟამად არ გრძნობს პატრონაჟს არც სახელმწიფოს მხრიდან, არც მეცნიერებათა აკადემიის მხრიდან, არც, მით უმეტეს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან.
ეს ვითარება დიამეტრულად განსხვავდება იმისგან, რაც იყო თუნდაც საბჭოთა დროში, როცა მეცნიერებათა აკადემია ავად თუ კარგად ხელმძღვანელობდა მეცნიერების განვითარებას ქვეყანაში, ჰქონდა სათანაო ფინანსები და შესაბამისი ბაზაც, რომელიც ამის საშუალებას იძლეოდა.
თქვენს მკითხველებს მოეხსენებათ, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მეცნიერების გაქრობა საქართველოში, სულ უფრო მწირი დაფინანსების მიზეზით საბოლოოდ გაფორმდა 2003 წლის «ვარდების რევოლუციის» შემდეგ, როცა მეცნიერებათა აკადემიამ დააპირა, წინააღმდეგობა გაეწია ახალი ხელისუფლებისთვის.
ჩემი აზრით, ეს იყო ბატონ სააკაშვილის შურისძიება იმ ხალხზე, რომელიც მას არ თანაუგრძნობდა. ეს შურისძიება განხორციელდა რეფორმების სახით. ამ შემთხვევაში დაშვებული იქნა დანაშაული სახელმწიფოს მიერ და დანაშაულთან გაიგივებული შეცდომები და მცდარი წარმოდგენები თვით მეცნიერებათა აკადემიის მხრიდან.
ამ პერიოდში, სრულიად შემთხვევით და ძალიან ცოტა ხნის განმავლობაში ვფლობდი სრულ ინფორმაციას, როგორც მეცნიერებათა აკადემიის, ისე მის მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ, ვინაიდან საქართველოს პარლამენტში ვხელმძღვანელობდი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტს. ის მცირე დრო, რომელიც ამ თანამდებობაზე დავყავი (ოთხი თვის შემდეგ გადავდექი და ჩვენი პარტია ოპოზიციაში წავიდა), სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმის გასაგებად, რომ მეცნიერებათა აკადემია არ ცდილობდა რეფორმირებას, არ ცდილობდა, გამოეყენებინა არსებული ვითარება, ფაქტობრივად, დაუპირისპირდა ხელისუფლებას. ხოლო ხელისუფლებამ, როცა დაინახა, რომ მეცნიერებათა აკადემია არ იქცევა ისე, როგორც მას წარმოედგინა, ანუ არ უცხადებდა მას სრულ მორჩილებას, განიზრახა მისი მთლიანად განადგურება.
ის, რაც ახლა არსებობს და მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ჰქვია, ეს არის მიხეილ სააკაშვილის ჩანაფიქრის გადარჩენილი ნაწილი.
_ მზაკვრულად ჩაფიქრებული?
_ დიახ. მას უნდოდა მეცნიერებათა აკადემიის სრული განადგურება, ამ სახელის საერთოდ მოსპობა და მეცნიერების მთლიანი გადატანა არასტრუქტურიზებულ ფორმებში. ეს განზრახვა ნაწილობრივ განხორციელდა იმ კანონით, რომლითაც მეცნიერებათა აკადემიას ჩამოერთვა კუთვნილი ინსტიტუტები, რომლებსაც მიენიჭა დამოუკიდებლობა, რაც, ფაქტობრივად, მათ დაღუპვას ნიშნავდა.
_ ასეც მოხდა.
_ ასეც უნდა მომხდარიყო: მათი დიდი ნაწილი დაუფინანსებლობისა და უპატრონობის გამო განადგურდა. ხოლო იმ კლუბში, თუ რაც ჰქვია მეცნიერებათა აკადემიას დღეს, სადაც აკადემიკოსები უბრალოდ არსებობენ, ჩემი აზრით, დატოვებულები არიან იმდენი ხნით, რამდენი ხნითაც ღმერთმა სიცოცხლის უფლება მისცათ. ვინაიდან არანაირი პერსპექტივა მეცნიერებათა აკადემიის განვითარების, არანაირი საამისო სახელმწიფო გეგმა არ არსებობდა და არ არსებობს. დარჩენილია ოთხ ათეულამდე აკადემიკოსი, რომლებიც ზოგჯერ იკრიბებიან, ბჭობენ, რაღაცას წყვეტენ, მაგრამ მეცნიერებასთან შეხება არ აქვთ.
_ მეცნიერებათა აკადემიის შესახებ კანონში კი ნათქვამია, რომ იგი არის «საქართველოს მთავრობის მეცნიერული მრჩეველი». გსმენიათ რამე ასეთი რჩევების შესახებ?
_ იყო რამდენიმე რჩევა, რომლებიც ტერიტორიულ მთლიანობას შეეხებოდა, მაგრამ, ჯერ ერთი, ეს რჩევები არავის გაუთვალისწინებია და, მეორე, არა მგონია, ვინმემ დაიტრაბახოს, რომ ისინი მაღალი კვალიფიციურობით გამოირჩეოდა.
კანონში ჩაწერილი მთავრობის მრჩევლის ეს ფუნქცია სახუმარო ფუნქციაა, ვინაიდან მეცნიერებათა აკადემიას კი არა, საერთოდ არავის არ უსმენს საქართველოს ხელისუფლება.
მეეჭვება, რომ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს საერთოდ ჰქონდეს საქართველოს ხელისუფლებასთან სამეცნიერო თვალსაზრისით შეხების წერტილები. ჩემი აზრით, ბატონი თამაზ გამყრელიძე მოკლებულია პატივს, რომ იყოს თუნდაც უბრალო მრჩეველი მიხეილ სააკაშვილისა, ხოლო მეცნიერებათა აკადემიის პოზიცია და აზრი სააკაშვილს არც აინტერესებს, არც მოუსმენია და ეს აზრი არსად არ ყალიბდება. სხვათა შორის, კანონის მიხედვით, ჩვენ, ყველანი უნდა ვიყოთ ამ რჩევების თანამონაწილენი, უნდა ვკითხულობდეთ, ეს არ უნდა იყოს საიდუმლო რჩევები _ უნდა გამოქვეყნდეს, საყოველთაოდ მისაწვდომი უნდა იყოს.
კანონში ჩაწერილი ფუნქცია, სამწუხაროდ, ყალბია, რადგან არ სრულდება და არც არავინ ზრუნავს მის შესრულებაზე. სამწუხაროა, რომ საქართველოში კანონები არ მოქმედებს. მაგრამ მე პირადად ვერ ვხედავ შანსს, რომ ახლო მომავალში მეცნიერებათა აკადემია ამოქმედდეს იმ სიმძლავრით, როგორიც ქვეყანას სჭირდება, ვინაიდან, დაახლოებით, ასჯერ მეტი ფინანსები და რესურსია ამისთვის საჭირო.
მე მგონი, არც კადრებია მომზადებული სათანადოდ, იმათი, ვინც იმ აკადემიკოსებს უნდა ჩაენაცვლოს.
…შიგნიდან კი მოყვარეს აბრმავებს
მივყვეთ პროფესორ ლევან ბერძენიშვილის რეპლიკის კვალს და ვცადოთ, გავარკვიოთ, რას ფიქრობენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში შექმნილ მდგომარეობაზე ისინი, ვისთვისაც მეცნიერების ეს უმაღლესი ეროვნული ინსტიტუტი არის სამოღვაწეო სივრცე, ცხოვრების მიზანი და, თუ გნებავთ, _ საარსებო წყაროც.
«საქართველო და მსოფლიოს» უპასუხებს, თუ შეიძლება ასე ითქვას, განზოგადებული, კრებითი სახე აკადემიის წევრების, მაგრამ არა ანონიმურობას ამოფარებული ცრუ გულშემატკივარი.
ასე, ვგონებ, უკეთ ჩამოყალიბდება საერთო აზრი, სუბიექტური მინარევებისგან დაიწმინდება პოზიცია: არაფერი პირადული და მიკერძოებული!
შეკითხვების მაქსიმალური ობიექტურობისთვის კანონის პუნქტებით ვიხელმძღვანელოთ.
აკადემიის მიზნების განსაზღვრისას პირველსავე პუნქტში ჩაწერილია: «საქართველოში მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა მსოფლიო მიღწევათა შესაბამისად».
როგორ სრულდება ეს ფუნქცია?
_ სამწუხაროდ, აკადემია ამ ფუნქციას ვერ ასრულებს.
_ მიზეზი?
_ მიზეზი ბევრია _ ობიექტურიც და სუბიექტურიც. ობიექტური მიზეზია ის ე.წ. რეფორმა, რომელიც განხორციელდა «ვარდების რევოლუციის» შემდეგ, და რომელმაც აკადემია, როგორც ინსტიტუტი, არსებითად დაასუსტა. საქმე, უწინარეს ყოვლისა, ეხება მეცნიერებათა აკადემიის სისტემიდან სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების გაყვანას, რითაც დაიშალა ერთიანი სამეცნიერო ორგანიზმი, რომლის ერთობლიობა საკმაოდ დიდ პოტენციალს ქმნიდა, რაც ქვეყანას ხმარდებოდა.
რეფორმა ამერიკული სისტემის გადმოღებას ითვალისწინებდა: შტატებში აკადემიას არ გააჩნია ინსტიტუტები, ისინი თავმოყრილია უნივერსიტეტებში. ჩვენთან ეს ინსტიტუტები ჯერ გაიყვანეს სამინისტროს დაქვემდებარებაში როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირები. ამის გამო აკადემიის ხელმძღვანელობამ არაერთხელ დააფიქსირა თავისი პროტესტი, მაგრამ უშედეგოდ. ხოლო, როცა ეს ინსტიტუტები უნივერსიტეტებს შეუერთეს და აღნიშნული სტატუსი წაართვეს, აკადემია ამ რეორგანიზაციას დანაშაულის ტოლფასი დუმილით შეხვდა.
ამას მოჰყვა ბარბაროსული აქტი, როცა ილიას უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის, დემოგრაფიის, პოლიტოლოგიის, ბოტანიკის, ზოოლოგიის ტრადიციულ ინსტიტუტებს საერთოდ შეუწყვიტა დაფინანსება, რაც პრაქტიკულად მათი დახურვის ტოლფასი იყო.
წარმოუდგენელია, რომ პეტრე იბერისა და იოანე პეტრიწის ქვეყანაში არ არსებობდეს ფილოსოფიის ინსტიტუტი, ან ისეთი ბუმბერაზი ფსიქოლოგის, როგორიც დიმიტრი უზნაძე იყო, სამშობლოში არ იყოს ფსიქოლოგიის ინსტიტუტი… წარმოუდგენელია, მაგრამ ფაქტია. ეს არის სერიოზული დარტყმა ქართულ მეცნიერებაზე, მაგრამ ამ დემარშს მეცნიერებათა აკადემია კვლავ დუმილით შეხვდა.
_ სუბიექტური მიზეზებიც იყოო, ბრძანეთ თქვენ.
_ სუბიექტური სირთულეებიდან, უწინარეს ყოვლისა, აღსანიშნავია ის პასიურობა, რომელსაც აკადემიის ხელმძღვანელობა იჩენს. მისი უმთავრესი პრინციპია, არაფერი აკეთოს.
_ აკადემიის პრეზიდენტსაც გულისხმობთ?
_ უპირველეს ყოვლისა, მას! ერთადერთი, რისი გაკეთებითაც დაკავებულია აკადემიის ხელმძღვანელობა, არის იუბილეების მოწყობა.
_ ცუდი არ უნდა იყოს!
_ მაგრამ _ არც მთავარი აკადემიის საქმიანობაში. იშვიათად ტარდება აკადემიის საბჭოს სხდომები, იშვიათად განიხილება აქტუალური სამეცნიერო თემები, დასკვნები განსახორციელებლად მხოლოდ როგორც გამონაკლისი გადაეცემა ხელმძღვანელ სახელმწიფო სტრუქტურებს. კურიოზული დეტალია _ აკადემიური საბჭოს სამუშაო გეგმა მტკიცდება მას შემდეგ, რაც ამ გეგმის განხორციელების პერიოდი დაწყებულია.
_ უკან ჩანჩალს ჰგავს… კანონში ჩაწერილია აკადემიის ასეთი ფუნქციაც: «საქართველოს მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა და საზოგადოებრივ ცხოვრებასა და საერთაშორისო ასპარეზზე მისი წარმოჩენა». თუ აკადემიას ობიექტურად არ აქვს ამის გაკეთების საშუალება «წარმატებული» რეფორმის განხორციელების შედეგად, რატომ მიიწერეთ ეს «ალქიმიური» ფუნქცია?
_ აკადემიას აქვს უფლება, გამოითხოვოს სამეცნიერო ანგარიშები კვლევითი ინსტიტუტებიდან, უმაღლესი სასწავლებლებიდან, შეაფასოს და რეკომენდაციებით მიმართოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.
_ ესე იგი, უფლება არის. შედეგი?
_ ჩვენი სამეცნიერო სპექტრი _ ინსტიტუტები და უნივერსიტეტები ყოველთვის არ ეხმაურება აკადემიის ამ მოთხოვნას. ამიტომ კანონის ეს მუხლი დარღვეულია. რადგან აკადემიას არ აქვს პოლიტიკური მხარდაჭერა ხელისუფლების მხრიდან, ამიტომ მისი მოთხოვნა უმრავლეს შემთხვევაში იგნორირებულია.
_ აკადემია კი დუმს?
_ აკადემიის ხელმძღვანელობა პროტესტს არ აფიქსირებს, მოქმედებს პრინციპით: ოღონდ არავის ვაწყენინოთ! ამით არა მარტო აკადემია ზარალდება, ილახება მისი ავტორიტეტი, არამედ, რაც უფრო დიდი უბედურებაა, ზარალდება ქართული მეცნიერება.
_ ესე იგი, ეს ფუნქციაც მკვდარია. ვიკიპედია კი გვარწმუნებს, რომ «საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია სამეცნიერო კურირებას უწევს საქართველოს 40-ზე მეტ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტსა და ცენტრს. გვატყუებენ, ბატონებო?
_ აკადემია სამეცნიერო კურირებას არც ერთ სამეცნიერო ინსტიტუტს აღარ უწევს. ეს კი არა, მაგალითად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს რომელი ინსტიტუტებიც მიუერთეს, მათი წესდებებიც კი, აგერ წელიწად-ნახევარი გავიდა, დამტკიცებული არ არის, ჰაერში არის გამოკიდებული და არც არავინ იცის, დააფინანსებენ თუ არა.
აკადემია კი ამაზე კვლავ არ რეაგირებს.
_ ოღონდ ხელისუფლება არ გაღიზიანდეს?
_ სწორედ ამიტომ. ასეთ ვითარებაში რომელ სამეცნიერო კურირებაზე შეიძლება ლაპარაკი?! ხელისუფლებასაც ხელს აძლევს ეს დუმილი, რადგან, როცა არსაიდან პროტესტის ან თუნდაც შენიშვნის ხმა არ ისმის, იგი (ხელისუფლება) აკეთებს იმას, რაც თვითონ სურს.
აკადემიის ხელმძღვანელობა ვერ ხვდება ან არ სურს, გაიგოს, რომ აჩემებული დუმილით ხელს უწყობს საკუთარ ლიკვიდაციას _ მეცნიერებათა აკადემიის, როგორც ინსტიტუტის, დახურვას.
ეს ერთი. მეორე კი ის, რომ ასეთი პასიურობით უსაქმური სტრუქტურის იმიჯს იქმნის არა მარტო სამეცნიერო საზოგადოებაში, არამედ _ საქართველოს მოსახლეობაში: თუ არსებობს, რისთვის არსებობს?
როცა ფსევდორეფორმებზე, რომლებიც საქართველოს მეცნიერებას ზიანს აყენებს, აკადემია ხმას არ იღებს, ბუნებრივად დგება საკითხი მისი არსებობის მიზანშეწონილობის შესახებ.
_ ერთ მშვენიერ დღეს ჩამოჰკრავს ზარი და მიახურავენ მეცნიერებათა აკადემიას…
_ ხელისუფლებასაც ეს უნდა: მომწიფდეს საზოგადოებრივი აზრი ამ უფუნქციო სტრუქტურის გაუქმების შესახებ, რათა ხვალ თუ ზეგ, როცა მიიღებენ ასეთ გადაწყვეტილებას, ამან არ გამოიწვიოს ისეთივე ვნებათაღელვა, როგორიც, მაგალითად, რობერტ სტურუას გათავისუფლებას მოჰყვა.
_ ესე იგი, მეცნიერებათა აკადემია ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, რომლებიც ჩამოთვალეთ, საკუთარ საფლავს ითხრის?
_ სამწუხაროდ, ასეა.
უმოქმედობა, რომელსაც საფუძვლად უდევს ატავისტური პრინციპი _ ოღონდ ზემოთ ვინმეს რამე არ ეწყინოს, არის დადასტურება იმისა, რომ აკადემია ჩაყენებულია თვითკვდომის რეჟიმში.
ეს აიხსნება, პირველი, აკადემიის ნამდვილ წევრთა ასაკობრივი პრობლემით. მათი საშუალო ასაკი 82 წელიწადია. აკადემიის დღეს დარჩენილი 41 წევრიდან ხუთი 90 წელსაა გადაცილებული, 80-ზე მეტი წლისაა 23, ორია 70 წლამდე ასაკის.
_ ამით რისი თქმა გსურთ?
_ ელემენტარულ კანონზომიერებას შეგახსენებთ: რაც უფრო ხანდაზმულია ადამიანი, მით უფრო შენელებულია მისი აქტიურობა.
მაგრამ ამ ასაკობრივ სივრცეში აკადემიას ჰყავს გამორჩეული წევრებიც, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი ქვეყნის სამეცნიერო თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მაგალითისთვის შეიძლება ბატონ შოთა ნადირაშვილის დასახელება, რომელიც არა მარტო დიდი მეცნიერი, დიდი ფსიქოლოგი გახლდათ, არამედ დიდი მოქალაქეც იყო. სამწუხაროდ, იგი ახლახან წავიდა ამ ცხოვრებიდან. მაგრამ ასეთი ენერგიული წევრები აკადემიაში უფრო გამონაკლისია და ისინი ამინდს ვერ ქმნიან. დღევანდელი ხელმძღვანელობა კი, პირადად პრეზიდენტი თამაზ გამყრელიძე, დიდი სახელისა და აღიარების მიუხედავად მსოფლიო სამეცნიერო წრეებში, აბსოლუტურად უმოქმედო და უუნაროა ამ ორგანიზმის მართვის თვალსაზრისით, რაც ხელისუფლების სტრატეგიულ მიზნებს ემთხვევა.
_ კანონმდებელმა აკადემიის ნამდვილ წევრებსა და წევრ-კორესპონდენტებს ჩვენი დროისთვის მაღალი ანაზღაურება დაუწესა _ თვეში არანაკლებ 1600 ლარის, ნამდვილ წევრებს და 1000 ლარი წევრ-კორესპონდენტებს მთელი სიცოცხლის განმავლობაში. ისე ხომ არ გამოდის, როგორც მოკლემეტრაჟიან კინოფილმ «ქვევრში», რომლის გაბრაზებული გმირი ერთხელ წამოიძახებს: «ტყუილად გაჭმევთ პურსა!»
_ ამ ვითარებას მასმედიამ ბევრჯერ მიაქცია ყურადღება. თუ აკადემია არ იძლევა ისეთ პროდუქტს, რომელიც გამოადგება ქვეყანას, მეცნიერებას, რა გასაკვირია, რომ საზოგადოებაში იქმნება ნეგატიური განწყობილება აკადემიკოსებისა და მათი «საკრებულოს» მიმართ?!
თუმცა ისიც სათქმელია, რომ აკადემიას ჰყავს თავიანთი საქმიანობით, საერთაშორისო კავშირებით, მსოფლიო ფორუმებში ინტენსიური მონაწილეობით, სამეცნიერო მოღვაწეობით გამორჩეული მეცნიერები, ისინი აკადემიის ხელმძღვანელობაშიც არიან.
_ კონკრეტულად დაასახელებთ?
_ არა! დასახელებით შეიძლება მათ დათვური სამსახური გავუწიოთ. გეტყვით, რომ დღეს საქართველოს სამეცნიერო სივრცეში აშკარად გამოკვეთილი ძლიერი სკოლები ფუნქციონირებს, მათ შორის, _ ტრადიციული მათემატიკური სკოლა, ფიზიკოსთა რეიტინგული სკოლა, აშკარად პროგრესულია სამეცნიერო კვლევები მედიცინაში, ასევე _ ისტორიაში, ბიოლოგიაში, ენათმეცნიერებაში…
_ სიტყვამ მოიტანა და შეგეკითხებით: კანონი აკადემიას ავალებს სახელმწიფო ენაზე ზრუნვას. რატომ არ ჩანს ქართული ენის დაკნინების მცდელობის წინააღმდეგ მეცნიერებათა აკადემიის გამოკვეთილი პოზიცია?
_ არ შეიძლება, ადამიანი  მიმართულებით იყოს პასიური და N+1 მიმართულებით _ აქტიური. თუ პასიურია, პასიურია საერთოდ. ფაქტია, რომ ქართული ენა დაბინძურებულია, ივსება ბარბარიზმებით, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ამის წინააღმდეგ გამოდიან ცალკეული მეცნიერები თავიანთი პუბლიკაციებით, აკადემია კი თავის პოზიციას არ აფიქსირებს. მიზეზი თავის დაზღვევის გარანტირებაა, რაც უკვე არაერთხელ ვახსენეთ: «…как бы не вышло!»
ჩეხოვის «ადამიანი ფუტლიარში» _ ხომ გახსოვთ ბელიკოვი? ბერძნული ენის მასწავლებელი, რომელიც, «ყოველთვის, ძალიან კარგ ამინდშიც, კალოშებითა და ქოლგით გამოდიოდა და აუცილებლად _ დაბამბული პალტოთი». თავს იზღვევდა _ რა იცი, რა შეიძლება მოხდეს.
_ ცნობილია, რომ რაოდენობრიობა თვისობრიობაში გადადის. მცირე რაოდენობა ნაკლებ პერსპექტიულია. აკადემიის ნამდვილ წევრთა კანონით განსაზღვრული რაოდენობა _ 70 დღეს მხოლოდ 41 პიროვნებითაა წარმოდგენილი. რა უშლის ხელს ახალი ნამდვილი წევრებით აკადემიის შევსებას?
_ აკადემიის ასაკოვან წევრებს, რომელთა წილი საერთო რაოდენობის 95 პროცენტს შეადგენს, კომფორტული გარემო, ღირსეული პირობები უნდა შეუქმნა, მაგრამ უეჭველია ისიც, რომ აკადემიას «ახალი სისხლი» სჭირდება. სამწუხაროდ, ბოლო ათი წლის განმავლობაში ნამდვილი წევრების არჩევნები არ ჩატარებულა, მიუხედავად იმისა, რომ არავითარი ობიექტური მიზეზები ამ პროცესს ხელს არ უშლიდა. ამის ფინანსური რესურსიც არსებობდა _ 305 ათასი ლარი, მაგრამ გამოუყენებლობის გამო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2012 წლის ბიუჯეტში ეს თანხა აღარ შეიტანა და დაფინანსება დამატებით კიდევ 100 ათასით შეამცირა. ლოგიკურია _ სხვა მიმართულებაზე გამოიყენებს.
ასე და ამრიგად, მივადექით პრინციპულ საკითხს: არც ხელისუფლებას უნდა, რომ ჰქონდეს მეცნიერებათა აკადემია, არც აკადემია ცდილობს თავის გადარჩენას.
_ გვყავს კი მეცნიერთა კადრები აკადემიკოსთა რიგების შესავსებად?
_ რა თქმა უნდა, გვყავს. ჯერ კიდევ 20-30 წლის წინათ, როცა საქართველოში მეცნიერება ძალიან პოპულარული იყო, მსოფლიო ასპარეზზე ქართველი მეცნიერების წარმატებები ყოველთვის კარგად იყო წარმოჩენილი. დღეს მეცნიერება იმდენად არაპოპულარული გახდა და ხელისუფლებაც ამას ყოველმხრივ ხელს უწყობს, რომ საზოგადოებრიობისთვის უმეტესად უცნობია ეს წარმატებები. თუმცა გამოჩენილი მეცნიერები, საბედნიეროდ, გვყავს, მაღალი რეიტინგი აქვს მათ პუბლიკაციებს, მაღალია მათი ციტირების ინდექსი საერთაშორისო პერიოდიკაში და ა. შ. «უკანასკნელი მოჰიკანები», რომლებიც ქართული ინტელიგენციის «ჩარეცხვის» პოლიტიკას გადაურჩნენ, ჯერ კიდევ არსებობენ. ამათი დაფასება და აკადემიაში მოსვლა იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ ახალგაზრდობაში გაჩნდეს მისწრაფება მეცნიერებისკენ.
_ კანონმა აკადემიას საქართველოს მთავრობის მეცნიერული მრჩევლის სტატუსი მიანიჭა.
_ მთავრობას მრჩეველი არ სჭირდება. «მრჩეველი» აქტიურად უნდა მუშაობდეს იმ პრობლემებზე, რომლებიც ქვეყანას აქვს. როგორ რჩევებს წარუდგენს აკადემია მთავრობას, ფართო საზოგადოებისთვის უნდა იყოს ცნობილი. ერთია, არის თუ არა მთავრობა მომსმენი, მაგრამ აკადემიაც ხომ უნდა იყოს მიმტანი?!
_ მთავრობას არ სჭირდება თუ არ სურს მოსმენა?
_ როგორ არ სჭირდება, მაგრამ ინტელექტუალური შრომის პროდუქტის გამოყენების სურვილი ძალიან დაბალია. არადა, ვიცით, რომ ხელის ცეცებით ცდილობენ საკითხების გადაწყვეტის გზების მოძებნას. აკადემია არ უნდა ასვენებდეს ხელისუფლებას: თვე არ უნდა გადიოდეს, კონკრეტულ პროგრამას, პროექტს, წინადადებას არ აწვდიდეს.
_ დაბოლოს: მოუსმენია ეს კრიტიკული შენიშვნები აკადემიის პრეზიდენტს, ბატონ თამაზ გამყრელიძეს?
_ არც მოუსმენია და არც ცდილობს, ჩასწვდეს აკადემიაში დღეს არსებულ პრობლემებს. იქნებ, ამ საუბრის გამოქვეყნების შემდეგ დაინტერესდეს. ნუ გადავიწურავთ იმედს.
არმაზ სანებლიძე
P.S. რაგინდ უცნაურად შეიძლება მოგეჩვენოთ, ფიზიკის კანონი _ ნიუტონის მესამე კანონის სახელით ცნობილი, რომ ყოველგვარი ქმედება უკუქმედების ტოლია _ დარღვეულია მაინც და მაინც მეცნიერების ბასტიონთან მიმართებაში: საქართველოს ხელისუფლება ისე ზემოქმედებს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაზე, რომ უკუქმედების სახსენებელიც არსადაა.
ეს, სხვათა შორის, არსებული მდგომარეობის ანომალიური ბუნების დამადასტურებელია.
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here