Home რუბრიკები პოლიტიკა ევრაზიული კავშირის მითები და რეალობა

ევრაზიული კავშირის მითები და რეალობა

GEWORLD.GE:
პოლიტიკურ ავანსცენაზე ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ, თბილისში ნიკოლა სარკოზის ვიზიტმა და ამ ორ მოვლენასთან დაკავშირებულმა აურზაურმა ერთობ დაჩრდილა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც საქართველოს პირდაპირ თუ არა, ირიბად მაინც ეხება. ის მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში კვლავინდებურად რჩება. საუბარია ვლადიმერ პუტინის ინიციატივაზე, რომელიც პოსტსაბჭოთა ქვეყნების ინტეგრაციის გაღრმავებას გულისხმობს. მიხეილ სააკაშვილმა პუტინის ეს წამოწყება უარყოფით კონტექსტში ორგზის მოიხსენია და ,,ახალი საბჭოთა კავშირის» შექმნა უწოდა. ალბათ, ურიგო არ იქნება, გავერკვეთ, თუ რას ქმნის პუტინი _ ახალ კავშირს, ძველ იმპერიას თუ რაიმე სხვას.

ნადირობა წითელ დრაკონზე
3 ოქტომბერს გაზეთ «Известия»-ში ვლადიმერ პუტინმა გამოაქვეყნა წერილი ევრაზიული ინტეგრაციის შესახებ; ეს იყო პირველი პროგრამული განცხადება მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ის კვლავ პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს. ცხადი შეიქნა, რომ პუტინმა არა მხოლოდ ჩამოაყალიბა ცენტრალური იდეა, რომლითაც მომავალი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში იხელმძღვანელებს, არამედ სერიოზული გეოპოლიტიკური განაცხადიც გააკეთა.
შედარება საბჭოთა კავშირთან, რომელიც, ერთი შეხედვით, ზედაპირზე დევს, მართებული, ალბათ, მაინც არ არის. საბჭოთა კავშირი (და კომუნისტური იდეა) გლობალური დომინირებისკენ მიისწრაფოდა, ხოლო პუტინი აპირებს რუსეთის ლტოლვა ლიდერობისკენ რეგიონული ინტეგრაციის კალაპოტში მოაქციოს. ეს სხვაობა ძნელადშესამჩნევია, მაგრამ ნამდვილად არის და მას პრინციპული ხასიათი აქვს. პუტინის ინიციატივას, საბოლოო ჯამში, «მრავალპოლარული სამყაროს» მოდელთან მივყავართ, რომლის ფარგლებში ესა თუ ის მოთამაშე გლობალურ საკითხებში მისი აზრის გათვალისწინებას კი მოითხოვს, მაგრამ გავლენის პროეცირებას მხოლოდ გარკვეულ ჩარჩოებში ახდენს. განხილულ შემთხვევაში საუბარი ეხება ძლიერი რეგიონული ცენტრის შექმნას და არა პრეტენზიას პლანეტარული მასშტაბის ჰეგემონიაზე.
როგორი იქნება დასავლეთის რეაქცია ამ წამოწყებაზე? ერთი შეხედვით, კრემლის ნებისმიერმა ნაბიჯმა, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცის ინტეგრაციისკენ იქნება მიმართული, ვაშინგტონსა და ევროპულ დედაქალაქებში მხოლოდ გაღიზიანება და მოსკოვისთვის ხელის შეშლის სურვილი უნდა გააღვივოს. თუმცა არის ერთი ნიუანსი, უფრო სწორად კი უზარმაზარი მნიშვნელობის ფაქტორი, რომელიც ამ მოსაზრებას თავდაყირა აყენებს: რესურსებით მდიდარი ცენტრალური აზიის რესპუბლიკების მიბმა მოსკოვზე, გზას ჩინეთის გავლენის, შესაბამისად, მისი ძლიერების ზვავისებურ ზრდას გადაუღობავს.
ვაშინგტონი პეკინს XXI საუკუნეში მთავარ მოწინააღმდეგედ განიხილავს და მისი გაძლიერება ნამდვილად არ სურს. თავად ამერიკელებს არ შეუძლიათ შუა აზიის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ფეხი მყარად მოიკიდონ. ამასთანავე, მალე ისინი ავღანეთიდანაც წავლენ. ჩინელები კი სულ უფრო წინ მიიწევენ, ისინი პაკისტანსა და ავღანეთში უმსხვილესი ინვესტორები გახდნენ. აშშ-ის აზიური კვლევების ეროვნული ბიუროს ბოლო მოხსენების თანახმად, «ინფრასტრუქტურული პროექტებითა და ულევი კრედიტებით შეიარაღებულ ჩინეთს, რომელიც ენერგომატარებლების უმსხვილესი მომხმარებელია, გრძელვადიან პერსპექტივაში შეეძლება ამ ქვეყნებს (შუა აზიის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს) რუსეთზე გაცილებით მეტი შესთავაზოს».
საერთოდ, ანგლო-ამერიკული სამყაროს ისტორიაში პერიოდულად დგება მომენტი, როდესაც ის იძულებული ხდება, რუსეთთან ალიანსზე წავიდეს, იმისთვის, რომ სხვა, უფრო საშიში მოწინააღმდეგე შეაჩეროს. ასე იყო ნაპოლეონის ეპოქაში და ორივე მსოფლიო ომის დროს; ისტორიული დეკორაციები იცვლება, თუმცა სცენარი იგივე რჩება. თუ ჩინელებს რუსეთი არ შეაკავებს, მათ წინსვლას შუა აზიაში, სავარაუდოდ, სხვა ვერავინ შეაფერხებს. ვაშინგტონი იძულებულია, ან შუა აზიაში რუსეთის პოზიციების განმტკიცებას შეეგუოს, ან პასიურად მიადევნოს თვალი იმას, თუ როგორ ჩაყლაპავს ამ უმდიდრეს რეგიონს გაუმაძღარი ჩინური დრაკონი.
იაპონურმა Diplomat-მა თავისი წერილი პუტინის «ევრაზიულ მანიფესტზე» შემდეგი ფრაზით დაიწყო: «პუტინმა ჩინეთს ხელთათმანი ესროლა». «საუბარი არა საბჭოთა იმპერიის აღდგენას, არამედ შუა აზიაში ჩინურ კონკურენციაზე პასუხის გაცემას ეხება,» _ წერდა Le Figaro.
პოსტულატი იმის თაობაზე, რომ პუტინის ინიციატივა ერთმნიშვნელოვნად ანტიდასავლურია, ცენტრალურ აზიასთან მიმართებაში ეჭვქვეშ დგება, რადგან იქ მოსკოვისა და ვაშინგტონის ინტერესები ერთმანეთს მნიშვნელოვნად ემთხვევა. ყურადღება მივაქციოთ კიდევ ერთ გარემოებას: ერთი შეხედვით, პოსტსაბჭოთა ინტეგრაციის საკვანძო ელემენტი უკრაინაა. მისი შესვლა საბაჟო კავშირსა და ერთიან ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესში გარდატეხას შეიტანს და მას, სავარაუდოდ, შეუქცევადს გახდის. მაგრამ, ვიდრე მოსკოვი კიევთან ამ თემაზე დროში გაწელილ, ემოციურ დისკუსიებს აწარმოებს, ის ამავე დროს ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ «საბაჟო კავშირში» რაც შეიძლება მალე ყირგიზეთი და ტაჯიკეთი გაწევრიანდნენ. ეკონომიკური თვალსაზრისით, ეს ორი ქვეყანა განსაკუთრებულს არაფერს წარმოადგენს, თუმცა ამ კონტექსტში ისინი უნდა განვიხილოთ როგორც შუა აზიის სამხრეთის (სამხრეთ-აღმოსავლეთის) კარიბჭე. აქ საქმე მხოლოდ ჩინური ექსპანსიის შეჩერებას როდი ეხება, ამერიკელები ახლო მომავალში ავღანეთს დატოვებენ და კრემლს უნდა, იქ წარმოქმნილი ქაოსის ტალღა სსრკ-ის ყოფილ საზღვართან შეაჩეროს (ეს პრობლემა დღის წესრიგში დააყენებს შუა აზიის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისა და რუსეთის თანამშრომლობას უსაფრთხოების სფეროში).
აზიაში კრემლსა და თეთრ სახლს საერთო ენის გამონახვა ნამდვილად შეუძლიათ, თუმცა პუტინის ევრაზიულ პროექტს მხოლოდ აღმოსავლური განზომილება არ აქვს. რა პერსპექტივა აქვს მას დასავლეთის მიმართულებით, კერძოდ კი უკრაინაში? ვიდრე ამ თემის განხილვას შევუდგებით, ალბათ, უნდა აღვნიშნოთ, რომ პუტინი არ გაახმაურებდა თავის ინიციატივას, თუ ეცოდინებოდა, რომ ამის შემდეგ მთელი დასავლური სამყარო აუმხედრდებოდა და რუსეთის წინააღმდეგ ქმედითი შემაკავებელი პოლიტიკის გატარებას დაიწყებდა; მან განცხადებისთვის საკმაოდ კარგი მომენტი შეარჩია.
დასავლეთის ფრონტზე მნიშვნელოვანი ცვლილებებია
3 ოქტომბრის წერილში პუტინი მიანიშნებს, რომ ინტეგრაციის ოპტიმალურ მოდელად, ერთგვარ ნიმუშად ევროკავშირს განიხილავს. მაგრამ არის ერთი გარემოება, რომელიც ევროკავშირსა და ჰიპოთეტურ «ევრაზიულ კავშირს» ერთმანეთისგან განასხვავებს: ევროკავშირის მთავარი ქვეყნები, ერთმანეთის თანაზომადია, რუსეთი კი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე გაცილებით ძლიერია და ნებისმიერ პოსტსაბჭოთა გაერთიანებაში აპრიორი დომინანტური იქნება. ამ ფაქტის გაცნობიერებამ შეიძლება დააფრთხოს მეზობელი ქვეყნების ელიტები, რადგან მის მიღმა საკუთარი ძალაუფლების შეზღუდვის საფრთხეს დაინახავენ. რუსეთი იძულებული იქნება, ფრთხილად იმოქმედოს, რათა მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტის ხელყოფაში, აგრესიულ იმპერიალიზმში არ დაადანაშაულონ.
უკრაინის ნებისმიერი პრეზიდენტი, რომელიც «ერთიან ეკონომიკურ სივრცეში» ქვეყნის შეყვანას დააპირებს, ამით უმწვავეს დისკუსიებს და, სავარაუდოდ, პოლიტიკურ კრიზისსაც კი გამოიწვევს. საერთოდ, კიევში ეს საკითხი განიხილება როგორც არჩევანი ევროპასა და რუსეთს შორის, პრინციპით «ან ერთი, ან მეორე». პუტინმა თავის წერილში სცადა, გაეტარებინა აზრი, რომ ევრაზიული კავშირი ევროკავშირის  საპირწონედ არ იქმნება და მასთან თანამშრომლობაზეა ორიენტირებული, რაც, კომენტატორების აზრით, სწორედ უკრაინული აუდიტორიისადმი მიმართვას წარმოადგენდა. ერთის მხრივ, უკრაინისთვის ძალზე მიმზიდველია ბაზარი 200 მილიონამდე მომხმარებლით, უზარმაზარი სივრცე შეუზღუდავი ვაჭრობის, გადაადგილების, ბიზნესის წარმოებისა და საწარმოთა კოოპერაციის შესაძლებლობით, მაგრამ კიევში შიშობენ, რომ ეს პერსპექტივა რაღაც მომენტში შეიძლება უკრაინის სუვერენიტეტთან წინააღმდეგობაში მოვიდეს.
თუმცა აქ, ისევე როგორც შუა აზიაში, პუტინს ერთგვარი «დროის ბონუსი» აქვს. დღეს ევროკავშირი კრიზისულ მდგომარეობაშია და არ შეუძლია კიევს რაიმე პრინციპულად ახალი შესთავაზოს, უკრაინელებს კი, თავის მხრივ, «ევროპულ მოსაცდელში» ლოდინი და შენიშვნების მოსმენა მობეზრდათ; ევრაზიული პერსპექტივა კი გაცილებით ახლო და ხელშესახები ჩანს. მიმდინარე წლის დასაწყისში კიევში კეთდებოდა განცხადებები იმის თაობაზე, რომ უკრაინა საბაჟო კავშირში არ გაწევრიანდება, შემდეგ ტონალობა შერბილდა, გასულ კვირას კი უკრაინის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ვალერი მუნტიანი პირდაპირ შევაჭრებაზე გადავიდა და ვრცლად ისაუბრა იმ  პირობებზე, რომელთა შესრულების შემთხვევაში უკრაინა შეიძლება საბაჟო კავშირს შეუერთდეს: ამისთვის რუსეთს (არაპირდაპირი ფორმით) 5 მილიარდამდე დოლარის გაღება დასჭირდება და უკრაინისთვის გაზის იმავე ფასში მიყიდვა, რომლითაც მას რუსეთის მომხმარებლები ყიდულობენ. მოლაპარაკებები და კამათი ამ თემის გარშემო გრძელდება. თუმცა, როგორც ჩანს, უკრაინა ნელ-ნელა აღმოსავლეთისკენ იხრება. სინამდვილეში, ყველაფერი, ალბათ, გაცილებით ადრე გადაწყდა, მაშინ, როდესაც იუშჩენკომ ხელისუფლება დათმო და ვაშინგტონი, ფაქტობრივად, უკრაინაში რუსეთის გავლენის მკვეთრ გაზრდას დაეთანხმა.
ალბათ, ყველას გვახსოვს, თუ რაოდენ დიდ გაკვირვებას იწვევდა მაშინ კომენტატორებში ძია სემის ეს უკანდახევა გაბრძოლების გარეშე, როდესაც თითქოსდა სრული შესაძლებლობა ჰქონდა, უკრაინაში «ნარინჯისფერი რევოლუციის» შემდეგ მოპოვებული პოზიციები კბილებით დაეცვა.
აღქმის სტერეოტიპებს თავს თუ დავანებებთ, შეიძლება შეგვექმნას მყარი შთაბეჭდილება, რომ ვაშინგტონი რუსეთს განგებ აძლიერებს, ყოველ  შემთხვევაში, წინააღმდეგობას არ უწევს მას. მსგავსმა ერეტიკულმა აზრებმა ფართო გავრცელება რომ არ ჰპოვოს, აშშ-ის სენატორები დროდადრო აკეთებენ განცხადებებს «ცივი ომის» სტილში, იბეჭდება უამრავი პუბლიკაცია, სადაც სხვადასხვა რანგის კომენტატორები კრემლს თითს უქნევენ და ა.შ. თუმცა იმისთვის, რომ უკეთ გავერკვეთ, თუ როგორია ვაშინგტონის რეალური პოლიტიკა, ალბათ, მიზანშეწონილი იქნება, წარმოვიდგინოთ სასწორი, რომლის ერთ მხარეს დევს უკრაინა, ყაზახეთი და ბელარუსი მთელი თავისი, მართლაც რომ უზარმაზარი, სიმდიდრით; სასწორის მეორე მხარეს კი _ მთელი ეს განცხადებები და პუბლიკაციები, ანუ არაფერი, ფარატინა ქაღალდებისა და ცარიელი სიტყვების გარდა. ფაქტია, ბოლო წლებში კრემლმა არა მხოლოდ გააძლიერა გავლენა პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ მომავალი «ევრაზიული კავშირის» ინსტიტუციონალური კარკასის აგებასაც შეუდგა.
დღევანდელი ტენდენციების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ეს პროცესი ადრე თუ გვიან (ამ ტემპით თუ გააგრძელებენ, ძალიან მალე) დასრულდება მძლავრი კავშირის შექმნით, ერთიანი ვალუტით, უსაფრთხოების ერთიანი სისტემით, მთელი რიგი აღმასრულებელი სტრუქტურებით, საპარლამენტო ასამბლეით, შეთანხმებული საგარეო პოლიტიკით და ა.შ.; ამ ეტაპიდან კი, ერთიანი სახელმწიფოს შექმნამდე ერთი ნაბიჯიღა დარჩება. თუმცა ამ ბოლო ნაბიჯს ხელშესახებ პერსპექტივაში კრემლი, ალბათ, მაინც არ გადადგამს. ყოველივე ეს მალევე რეალობად გადაიქცევა, თუ ვაშინგტონი ამ პროცესს აქტიურად არ შეეწინააღმდეგება. მაგრამ, როგორც ვხედავთ, ის მოსკოვს რეალურად ხელს არ უშლის.
კავკასიაში ყველაფერი ძველებურადაა
სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის განხილული პრობლემატიკა დიდად აქტუალური დღესდღეობით არ არის. მათ საბაჟო კავშირში არავინ ეპატიჟება (თუ სათვალავში ძალიან ზოგად დეკლარაციებს არ ჩავაგდებთ) და მასში გაწევრიანების სურვილს არც თვითონ გამოხატავენ. იგივე შეიძლება ითქვას სხვა ევრაზიულ სტრუქტურებზე, რომელთაგან ზოგი შექმნის პროცესში, ზოგი კი ჯერ კიდევ ჩანაფიქრის სტადიაშია. სამხრეთ კავკასიაში რუსეთი არ ჩქარობს: დღეს მთავარ პრიორიტეტს მისთვის შუა აზია და უკრაინა წარმოადგენს, ძალთა კონცენტრაცია სწორედ ამ ორი მიმართულებით ხდება.
ჩვენ მივეჩვიეთ აზრს იმის თაობაზე, რომ სამხრეთ კავკასია, კერძოდ კი საქართველო, სამყაროს ღერძია, რომლის გარშემო მთელი მსოფლიო გეოპოლიტიკა ბრუნავს. სინამდვილეში კი საქმე გაცილებით პროზაულადაა. სომხეთის (პირდაპირ) და საქართველოს (ირიბად) ტერიტორიასა და საჰაერო სივრცეს, სამხედრო თვალსაზრისით, რუსეთი აკონტროლებს. სხვა ქვეყნის ან სამხედრო ბლოკი ასეთ ვითარებში ამ ტერიტორიაზე თავის ჯარს არ განალაგებს. ეს რუსეთთან ღია კონფრონტაციაში შესვლას ნიშნავს, რაც, როგორც ვატყობთ, არავის უღირს. ამ ტერიტორიაზე აზერბაიჯანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კომუნიკაციებიც გადის. ეკონომიკური თვალსაზრისით, რუსულმა კაპიტალმა საქართველოსა და სომხეთში ხელში ჩაიგდო ყველა ობიექტი, რომელიც მოისურვა, სხვა სტრატეგიული მნიშვნელობის ინვესტორი ამ ორ ქვეყანაში არ დაიარება, მათ შორის იმის გამო, რომ საქართველოს უსაფრთხოების არანაირი გარანტია არ გააჩნია. ამ ეტაპზე, კრემლი, როგორც ჩანს, მიღწეული შედეგით დაკმაყოფილდა, რადგან, მისი აზრით, შექმნა სიტუაცია, როდესაც ის ქვეყნები (ბლოკები), რომელთაც კონკურენტად მიიჩნევს, ამ რეგიონში მყარად ვერ დამკვიდრდებიან. იმის მიუხედავად, რომ სიტუაცია სამხრეთ კავკასიაში, ერთი შეხედვით, დუღს და ჩქეფს, სინამდვილეში («დიდი თამაშის» გადასახედიდან) ის, ალბათ, შეიძლება გაყინულად ჩაითვალოს.
სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მოზიდვას «ევრაზიული კავშირში» კრემლი, ალბათ, მოგვიანებით, მისი ფორმირების დასკვნით ეტაპზე შეეცდება. შეიძლება ვივარაუდოდ, რომ (როგორც მინიმუმი) მომავალი 5-6 წლის განმავლობაში ამ საკითხს მოსკოვში არავინ დააყენებს. ეს, ალბათ, საკმარისი დრო არის იმისთვის, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდინარე ინტეგრაციულ პროცესს დავაკვირდეთ, გავაანალიზოთ ის და საკუთარი პოზიცია ჩამოვაყალიბოთ.
დიმიტრი მონიავა
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here