Home რუბრიკები პოლიტიკა სააკაშვილს «ბიძინოფობია» განუვითარდა

სააკაშვილს «ბიძინოფობია» განუვითარდა

624

Geworld.ge
 11 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილსა და მის მეუღლეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა. პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ასეთი ნაბიჯების გადადგმას ყველაზე ოდიოზური, პალმიდან ჯერ კიდევ არჩამომძვრალი აფრიკელი დიქტატორებიც კი ერიდებიან, რადგან ეს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, ერთმნიშვნელოვნად ნეგატიური რეაქციის გარდა ვერაფერს გამოიწვევს. როგორი იქნება სააკაშვილის შემდეგი სვლა? ივანიშვილის სახლისკენ მიმავალი გზების ჩახერგვა ან სულაც ამ სახლის დანგრევა? არტილერიასაც ხომ არ გამოიყენებს? ვინ იცის, რა მოუვა თავში ადამიანს, რომლის შიშს, საყოველთაო აღიარებით, ძალიან დიდი და ფართოდ გახელილი თვალები აქვს.
 

11 ოქტომბრის, იურიდიული თვალსაზრისით, ფრიად საკამათო ბრძანებულებაში, ალბათ, იყო რაღაც უაღრესად მდაბიური, რაც იმ ადამიანების ქცევას მოაგონებდა, ძველად, კომუნალური ბინის საერთო სამზარეულოში რომ შეიპარებოდნენ ხოლმე და სხვის ქვაბში ჩუმად საპნის ნატეხებს ყრიდნენ ან სხვა, მომიჯნავე უმსგავსობას სჩადიოდნენ. კი იცოდნენ, რომ ამით მეზობელს განსაკუთრებულ ზიანს ვერ მიაყენებდნენ, მაგრამ იმითაც იყვნენ კმაყოფილები, რომ ცოტათი მაინც ანერვიულებდნენ. ნაკლებად სავარაუდოა, 11 ოქტომბრის ბრძანებულებამ ივანიშვილს პოლიტიკური გეგმების განხორციელებაში  რამდენადმე შესამჩნევი პრობლემები შეუქმნას, ხოლო ხელისუფლებას, გამოკვეთილად უარყოფითი რეაქციის გარდა, რაიმე სხვა შედეგი მოუტანოს; ამიტომ ორმაგად საინტერესოა, რატომ მოქმედებს სააკაშვილი ასე, კომუნალური სამზარეულოს დაუვიწყარ სტილში?
 
 
თითქმის გამორიცხულია, რომ ამის გაკეთება, ანუ, ფაქტობრივად, საკუთარი თავისთვის დარტყმის მიყენება, მისთვის რომელიმე დასავლელ კონსულტანტს ერჩია; ეს, 99%-იანი ალბათობით, სამამულო წარმოების იმპროვიზაციაა. თუ გახსოვთ, ადრე თბილისში უთვალავი სევდიანი ყმაწვილი დაიარებოდა, რომელთა მშობლებს უნდოდათ, მათი შვილი ახალი პაგანინი გამოსულიყო. ისინი ისე აკივლებდნენ ვიოლინოებს, მსმენელებს ერთდროულად ყველა კბილი რომ ატკივდებოდათ ხოლმე; სააკაშვილის 11 ოქტომბრის იმპროვიზაციამ, საზოგადოების რეაქციის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, დაახლოებით ასეთი ეფექტი გამოიწვია.
სხვათა შორის, ნორჩ სააკაშვილს გული არა კლასიკური მუსიკისკენ, არამედ კინოსკენ მიუწევდა და მისგან, იდეაში, ახალი პაგანინი კი არა, ახალი ფელინი უნდა გამოსულიყო. თუმცა, საბოლოოდ, მისგან არც ფელინი, არც პაგანინი და, კაცმა რომ თქვას, მუსოლინიც კი არ გამოვიდა. დუჩემ, მიუხედავად იმისა, რომ ფაშისტი და ნაძირალა გახლდათ, ომამდელ პერიოდში პრაქტიკულად დაამარცხა უმუშევრობა&სიღატაკე და ჯანდაცვა-სოცუზრუნველყოფის ძალიან საინტერესო რეფორმა ჩაატარა, რის გამოც მაჰათმა განდიმ და პრეზიდენტმა რუზველტმა ხოტბა არაერთგზის შეასხეს; ამასთანავე, მუსოლინი სიმამაცის ნაკლებობას არ უჩიოდა. სააკაშვილი აშკარად სხვა წონით კატეგორიაშია, თუ საქმე მაინც და მაინც ცნობილ დიქტატორებთან შედარებაზე მიდგა, მისი ადგილი, ალბათ, უფრო ფულხენსიო ბატისტას, ანასტასიო სომოსას და რაფაელ ტრუხილიოს გვერდითაა, თუ სათვალავში იმ გარემოებას არ ჩავაგდებთ, რომ ჩამოთვლილი ორანგუტანგები კრიტიკულ სიტუაციებში ვაჟკაცობის გამოკვეთილ დეფიციტს არ განიცდიდნენ.
გასულ კვირას სახელისუფლო პროპაგანდა შეშლილი თუთიყუშივით ისტერიულად «აწვებოდა პირველ ჩვენებას», იმის თაობაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი კრემლის აგენტია, მიუხედავად იმისა, რომ ამ მომენტისთვის უკვე გამოიკვეთა მისი ალიანსი, ორ, ვაშინგტონის მიმართ ყველაზე ლოიალურად განწყობილ პოლიტიკურ ძალასთან _ «რესპუბლიკურ პარტიასთან» და ირაკლი ალასანიას «თავისუფალ დემოკრატებთან»; ისინი კი იმდენად პროამერიკულები არიან, რომ მათზე უფრო პროამერიკულები მხოლოდ ასათიანის ქუჩაზე თუ მოიძებნებიან, ისიც _ ძნელად. სხვათა შორის, ამ ალიანსმა საპროტესტო ელექტორატში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, რადგან ზოგიერთი ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქე ირაკლი ალასანიას არ ენდობა, უფრო მეტი კი (რა დასამალია) «რესპუბლიკელებს» არ სწყალობს. წინა არჩევნებში ორივე ეს ძალა დაახლოებით ისე გამოიყურებოდა, როგორც რუმინეთის არმია პირველ, განსაკუთრებით კი მეორე, მსოფლიო ომში; ასეთ მოკავშირეს, როგორც წესი, მოწინააღმდეგეზე მეტი ყურადღება უნდა მიაქციო, ფეხსაცმლის თასმები შეუკრა, ცხვირი მოხოცო და, ზოგადად, ჭოჭინიდან არ ამოუშვა. თუმცა არის ერთი (შესაძლოა ერთადერთი) მნიშვნელოვანი პლუსიც: ამ ორ პარტიას ვაშინგტონთან კომუნიკაცია აწყობილი აქვს და, ამასთანავე, როგორც დავით ბერძენიშვილმა «მედიანიუსს» განუცხადა: «პოლიტიკურ გაერთიანებას, სადაც ჩვენ ვართ, პრორუსულობას ვერავინ დასწამებს»; ამ ინტერვიუში რესპუბლიკელების ერთ-ერთმა ლიდერმა სავსებით ადეკვატური მეტაფორა გამოიყენა და თქვა, რომ «რესპუბლიკური პარტია» (& «თავისუფალი დემოკრატები»), ამ თვალსაზრისით, ივანიშვილის «ფარი» გახდება.
მათთან ალიანსზე წასვლა, ივანიშვილის მხრიდან, ალბათ, მაინც პრაგმატული ნაბიჯი იყო. გავითვალისწინოთ, რომ ის ქმნის არა საკრუიზო იახტას, რომელიც ყველას მოეწონება, არამედ ყინულმჭრელს, ამ შემთხვევაში კი წინა პლანზე პრაგმატიზმი გამოდის. ალბათ, დაახლოებით ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ ივანიშვილის მიმართვის ის ნაწილიც, რომელიც ამჟამინდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს ეხებოდა, ზოგიერთ ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეს ის, შესაძლოა, ნაკლებად რადიკალურად და ზედმეტად ლმობიერად მოეჩვენა. თავი დავანებოთ ბანალურ ჭეშმარიტებას იმის თაობაზე, რომ შეშინებული ვირთხა კუთხეში არ უნდა მიამწყვდიო და გაქცევის შესაძლებლობა (ან ილუზია) უნდა დაუტოვო და შეეცადო სიტუაციას უფრო ზოგადი შეფასება მისცე. როდესაც კრახისკენ მიმავალი რეჟიმის წარმომადგენლებს შენთან მოსასვლელ გზას არ უჭრი ან სულაც პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას სთავაზობ, ეს მნიშვნელოვნად ზრდის იმის ალბათობას, რომ ხელისუფლების გადაბარების პროცესი უმტკივნეულოდ ჩაივლის და ქვეყანაში უმართავი პროცესები არ დაიწყება.
ეს კი უცხოელი პარტნიორების გადასახედიდან პასუხისმგებლობის გამოვლენას ნიშნავს.
საკმაოდ ზომიერად გაიჟღერა სამართალდამცავი სტრუქტურების გაჯანსაღების იდეამაც («ჯალათური ფუნქცია რომ მოვაშოროთ, შეიძლება საზოგადოებისთვის ძალზე სასარგებლო როლი ითამაშონ»). იმ ფონზე, როდესაც რეჟიმისგან დაზარალებულ ბევრ ადამიანს დღევანდელი სისტემის სრული, დაუყოვნებლივი, ლამის რიტუალური განადგურება სწყურია, ამ მოსაზრებამ შეიძლება დიდი პოპულარობა ვერ ჰპოვოს. თუმცა ივანიშვილმა, როგორც ჩანს, ამ შემთხვევაშიც პრაგმატული წინდახედულობის გამოვლენა ამჯობინა.
აქ, ალბათ, ერთი ისტორიული მაგალითის გახსენება დაგვჭირდება. 1917 წლის თებერვალში, რუსეთში მეფის ჩამოგდებას თან სახელისუფლო სტრუქტურების ანიჰილაცია სდევდა. მილიონობით ადამიანის გამოთავისუფლებულ ენერგიას პრაქტიკულად არაფერი აკავებდა და უზარმაზარმა იმპერიამ ქაოსში სწრაფი ჩაძირვა დაიწყო. ახალმა ხელისუფლებამ ქვეყანაზე კონტროლის აღდგენა ვერ მოახერხა და საბოლოოდ, ყოველივე ბოლშევიკური გადატრიალებით დაგვირგვინდა.
ენერგიის მსგავს ამოფრქვევას, სავარაუდოდ, სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლის შემთხვევაშიც უნდა ველოდოთ (მასშტაბები განსხვავებულია, თუმცა პრინციპი _ ერთი: უამრავ მოქალაქეს ერთდროულად საკუთარი თავისუფლების გამოვლენა და უფლებების დაფიქსირება მოუნდება). უცხოელი პარტნიორებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, ამ დროს ახალმა ხელისუფლებამ ქვეყანაზე კონტროლის შენარჩუნება შეძლოს. ივანიშვილი კი, ფაქტობრივად, მიანიშნებს, რომ ამ (ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან) საკითხთან მიმართებაში, აპირებს პრაგმატულად იმოქმედოს. ცხადია, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ხელისუფლების ის წარმომადგენლები, რომლებიც საზოგადოების მიერ ამა თუ იმ დანაშაულის ჩადენაში არიან ეჭვმიტანილნი, პასუხისმგებლობას გაექცევიან. უბრალოდ, ამა თუ იმ საქმის გამოძიებასა და სამართლიანობის აღდგენას, განხილულ ვარიანტში, არა მყისიერი ტოტალური ანგარიშსწორების, არამედ იურიდიულ ჩარჩოებში მოქცეული, დროში ერთობ გაწელილი პროცედურის სახე მიეცემა.
ალბათ, მეტისმეტად შორეულ პერსპექტივას შევეხეთ, სადამდეც ისეთივე გრძელი გზაა გასავლელი, როგორც კავკასიის მისადგომებიდან რაიხსტაგის ნანგრევებამდე; ეს «საომარი» შედარება შემთხვევითი სულაც არ არის, რადგან თავისი ყოვლისმომცველი დაუნდობლობით მომავალი პოლიტიკური წელიწადი, დიდი ალბათობით, სწორედ ტოტალურ ომს დაემსგავსება. როდესაც ოპოზიციური ამომრჩეველი ასეთი პერსპექტივის წინაშე დგება, ცდილობს, ჩე გევარას მსგავსი შემართების ლიდერი იპოვოს და პოლიტიკურ ბრძოლაში ასეთ «საველე მეთაურს» გაჰყვეს. ამ დროს შტაბის უფროსს არავინ ეძებს, არ ფიქრობს მასზე და ქართული პოლიტიკის უბედურება სწორედ ეს არის. შემდეგ გვიკვირს, თუ რატომ სრულდება ყოველივე ცალკეული რაზმების ქაოტური მოქმედებით და თავქუდმოგლეჯილი უკანდახევით.
ბიძინა ივანიშვილი არ არის «საველე მეთაურის» ტიპის პოლიტიკოსი. მეტიც, ასეთი პოლიტიკოსი მისგან, სავარაუდოდ, არ გამოვა. ის, ალბათ, უფრო გამოკვეთილი «შტაბისტია», რომლის სტიქია გეგმების შედგენა და პროცესის სტრატეგიული მართვაა. უახლეს ისტორიაში სულ სამი ასეთი პოლიტიკოსი გვყავდა (გვარებს არ ჩამოვთვლი, რადგან მინდა, ეს თემა ახლო მომავალში განვავრცოთ). ასეთი მოწინააღმდეგე სააკაშვილისთვის განსაკუთრებით საშიშია და, ალბათ, აქედან მოდის ხელისუფლების ეს ფსიქოტური რეაქცია, რომელიც აშლილი ვიოლინოს კივილს ჰგავს. როგორც ჩანს, მალე ფსიქიატრიის ქართულ სახელმძღვანელოებში ახალი თავი  _ «ბიძინოფობია» გაჩნდება.
გვემუქრება თუ არა «ბიძინომანია»? საფრთხე იმისა, რომ ამ ადამიანის სიტყვებს კრიტიკული გააზრების გარეშე მოვეკიდებით და კერპად ვაქცევთ, ისე, როგორც ეს გვჩვევია ხოლმე? დღეს უამრავი ადამიანი მოუთმენლად ელოდება ივანიშვილის ახალ გამოსვლებს (უბრალოდ, ნახეთ, რა აჟიოტაჟი სუფევს ქართულ ინტერნეტ-ფორუმებზე); ის ქვეყნის მთავარ (და ამ მომენტისთვის, პრაქტიკულად, ერთადერთ) ნიუსმეიკერად იქცა; მის სახლთან, ფაქტობრივად, პოლიტიკოსებისა და საზოგადო მოღვაწეების რიგი დგას; მოქალაქეები კითხულობენ, თუ როგორ ჩაეწერონ ივანიშვილის პარტიაში, რომელიც, თუ არ ვცდები, ჯერ არ არსებობს; სხვადასხვა გადაცემებში რეკავენ და ბიძინა ივანიშვილს პირდაპირ ეთერში ლოცავენ. ეს ემოციები ამ ეტაპზე სავსებით ბუნებრივი და გასაგებია, მაგრამ ხომ არ იმალება აქ კერპთაყვანისმცემლობის საფრთხე, რომლის ნიადაგზე შეიძლება ახალი დიქტატურა აღმოცენდეს? ევგენი შვარცის ცნობილი სიუჟეტის არ იყოს, შეძლებს თუ არა ახალი გმირი, დრაკონი ისე მოგვაშოროს, რომ მისი ადგილი თვითონ არ დაიკავოს?
ეს არა იმდენად ივანიშვილზე, რამდენადაც ჩვენზეა დამოკიდებული _ როგორიც იქნება საზოგადოება, ახალი ხელისუფლებაც ისეთი იქნება. რაც შეეხება პირადად ივანიშვილს, მის მოქმედებაში ჯერჯერობით არ ვლინდება არაფერი, რაც შეუზღუდავი ძალაუფლებისკენ პათოლოგიურ სწრაფვაზე მიანიშნებს, არაფერი ისეთი, რის დაფიქსირებაც მიხეილ სააკაშვილის ქცევასა და გამოსვლებში ჯერ კიდევ «ვარდების რევოლუციამდე» შეიძლებოდა.
შეიძლება ვინმემ იკითხოს, თუ რატომ ვსაუბრობ ახალ ხელისუფლებაზე ისე, თითქოს ძველი უკვე ისტორიის სანაგვეზეა. პრინციპში, ასეთ დროს მიღებულია შემდეგი კონსტრუქციების გამოყენება «ფართოდ გავრცელებული ვარაუდის თანახმად» ან «კულუარულ ინფორმაციაზე დაყრდნობით». თუმცა ჩავთვალოთ, რომ ეს, უბრალოდ, ინტუიციაა, ერთგვარი წინათგრძნობა იმისა, რომ ამჯერად სააკაშვილის მმართველობა ნამდვილად დასრულდება.
დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here