Home რუბრიკები პოლიტიკა კოკომაც მაპზე უკეთესი მიიღო!

კოკომაც მაპზე უკეთესი მიიღო!

564

გასაჭირში ხელისუფლებისთვის ხელის გამწვდენი კოკო გამსახურდია პრეზიდენტის წარდგინებითა და პარლამენტის თანხმობით ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირსა და მეტეოროლოგიის მსოფლიო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დაამტკიცეს. დამტკიცებულმა გამსახურდიამ ამ თანამდებობაზე დასანიშნად აგრიმანი ვერ მიიღო. ახლა, ხუთი თვის შემდეგ ირკვევა, რომ გამსახურდიამ აგრიმანი ვერ მიიღო.

კარგად ინფორმირებული წყაროს თანახმად, „საქმე იმაშია, რომ ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირი და მეტეოროლოგიის მსოფლიო ორგანიზაცია გაეროს ეგიდით მოქმედებენ და ერთი კონკრეტული ორგანიზაციის შემადგენელი ნაწილებია, შესაბამისად, მათი ცალკე გამოყოფა არ ხდება. ამ ორგანიზაციების სათავო ოფისები შვეიცარიაშია განთავსებული და მათ შვეიცარიის კონფედერაციაში აკრედიტებული ელჩები ფარავენ. ასეა ყველა ქვეყნისთვის და ბუნებრივია, საქართველოსთვის გამონაკლისის დაშვება ვერ მოხდება”.
ძნელად წარმოსადგენია, რომ საქართველოს ხელისუფლებას ეს არ სცოდნოდა. უფრო სავარაუდოა, რომ, როგორც სჩვევიათ, კოკოც „გადააგდეს“, თან ისე, რომ ხუთი თვის განმავლობაში თავს ელჩად მიიჩნევდა. ამ დიდ გაუგებრობას იგი  „გარკეული ტიპის ტექნიკურ პრობლემებს“ უწოდებს და ფიქრობს, რომ „ახლა ყველაფერი მოგვარებული და გადაწყვეტილია“.
ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ კოკო გამსახურდია იმავე ფორმულით მოქმედებს, როგორითაც ჩვენი ხელისუფლება, – მაპზე უკეთესი რომ მიიღო! კოკომაც მუდმივ წარმომადგენლობაზე უკეთესი მიიღო – „უფლებამოსილების არეალი გაუფართოვდა და ახლა ევროკავშირში საგანგებო დავალებათა ელჩია“.
„ევროკავშირის მასშტაბით საგანგებო დავალებათა ელჩის სტატუსით მუშაობა სამი მიმართულებით მაქვს დავალებული. ეს დეოკუპაციასთან დაკავშირებულ საკითხებს, ინვესტიციების მოზიდვასა და ქართულ დიასპორებთან ურთიერთობებს ეხება. პარალელურად იმ ორგანიზაციებსაც დავფარავ, სადაც პარლამენტმა მუდმივმოქმედ ელჩად დამამტკიცა” – განაცხადა  გამსახურდიამ.
10 ოქტომბერს კი საგარეო საქმეთა სამინისტროში ტრადიციული ბრიფინგი გაიმართა.ჟურნალისტის შეკითხვაზე, არის თუ არა ბოლოს და ბოლოს გამსახურდია ელჩი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემჭეშმარიტად დიპლომატიური პასუხი გასცა:  „ტელეკომუნაკაციებისა და მეტროლოგიის ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად ბატონი გამსახურდია დანიშნულია. რაც შეეხება აგრემანთან დაკავშირებულ თემას, ეს ტექნიკური საკითხია, ნიუანსები ზუსტდება შვეიცარულ მხარესთან და ტექნიკურ ჭრილში ეს თავის გადაწყვეტილებას იპოვის“.
ვიდრე „ეს თავის გადაწყვეტილებას იპოვის“, კოკო გამსახურდია საკუთარ თავს „ევროკავშირის მასშტაბით საგანგებო დავალებათა ელჩად“ გრძნობს. შვეიცარიაში გახიზნული „დევნილი“, პირველი პრეზიდენტის პირველი ვაჟი, საკუთარი მამის სიკვდილის გარემოებათა გამომძიებელი კოკო გამსახურდია ყოველგვარი აგრიმანების გარეშეც კარგად გაართმევს თავს დეოკუპაციასაც, ინვესტიციების მოზიდვასა და დიასპორასთან ურთიერთობასა, მით უფრო, რომ მისი სტატუსი მაპზე უკეთესია – რაღაც იმდაგვარი, ამინდის მინისტრობას რომ ნიშნავს.
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here