Home რუბრიკები საზოგადოება როლანდ ჯალაღანია: ერთმანეთისკენ სწრაფვა სეპარატიზმი არაა…

როლანდ ჯალაღანია: ერთმანეთისკენ სწრაფვა სეპარატიზმი არაა…

GEWORLD.GE:
როგორც «საქართველო და მსოფლიოს» წინა ნომერში ვიუწყებოდით, 2011 წლის 28 სექტემბერს ენგურის ხიდზე შედგა მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა საქართველოსა და აფხაზეთის მეგრულენოვანი მოსახლეობის კულტურისა და მეგრული ენის განვითარებაზე მომუშავე კულტურული თანასაზოგადოების შექმნის საკითხებს. შეხვედრაზე გადაწყდა ქართულ-აფხაზური ერთობლივი საორგანიზაციო კომიტეტის შექმნის საკითხი, რომელიც იმუშავებს კოლხურ კულტურასა და მეგრულ ენასთან დაკავშირებული საერთაშორისო კონფერენციის მოწყობის საკითხებზე. ქართულ დელეგაციას აფხაზეთში მასპინძლობდნენ გაზეთ «გალის» მთავარი რედაქტორი ნუგზარ სალაყაია, გაზეთის რედაქციის თანამშრომლები მაყვალა ჩხოლარია, ნარგიზა ბასარია, სლავიკ ცაავა, პოეტები თენგიზ ფეტელავა, ნუგზარ შამუგია და სხვები. «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება გაზეთ «ილორის» მთავარი რედაქტორი როლანდ
ჯალაღანია.
_ ბატონო როლანდ, რა იყო აფხაზ კოლეგებთან თქვენი შეხვედრის მთავარი მიზანი და რა კონკრეტულ შედეგებს ელოდებით მათთან ინტენსიური კონტაქტების გაღრმავებისგან?
_ ამ შეხვედრის მთავარი მიზანი ჩვენ უკვე გავაჟღერეთ. გარდა იმისა, რომ არ უნდა დაიკარგოს თუნდაც პირადი კონტაქტები იმ აფხაზებთან, რომლებიც ჯერ შევარდნაძის ძალისხმევით ჩამოგვაშორეს, ახლა კი სააკაშვილის ძალისხმევით ცდილობენ, რომ საერთოდ დაგვავიწყონ. მე უამრავი მეგობარი მყავს აფხაზეთში, რომლებიც შეძლებისდაგვარად მეხმაურებიან. ნუთუ ეს არ იყო საკმარისი, რომ სიამოვნებით წავსულიყავი აფხაზების ინიციატივით გამართულ ღონისძიებაზე?
რაც შეეხება მოსალოდნელ შედეგებს, ის, რომ შეიქმნება საქართველოსა და აფხაზეთის მეგრულენოვანი მოსახლეობის კულტურისა და მეგრული ენის განვითარებაზე მომუშავე კულტურული თანასაზოგადოება, უკვე თავისთავად არის იმის იმედისმომცემი შედეგი, რომ აფხაზეთი და აფხაზები საბოლოოდ არ არიან ჩვენთვის დაკარგულები! იყო კიდევ ერთი კონკრეტული შედეგი _ გაზეთ «ილორის» რედკოლეგიის წევრად ავირჩიეთ გაზეთ «გალის» მთავარი რედაქტორი, ეროვნებით აფხაზი ნუგზარ სალაყაია, ხოლო თქვენი მონა-მორჩილი გახდა «გალის» რედკოლეგიის წევრი. დამისახელეთ მსგავსი რამ მას შემდეგ, რაც აფხაზეთთან ომი დამთავრდა. ვერ დამისახელებთ…
ასევე, ვაპირებთ, რომ შევქმნათ ქართულ-აფხაზური ერთობლივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც რეგისტრაციას გაივლის აფხაზეთსა და სამეგრელოში და იმუშავებს საქართველოსა და აფხაზეთის მეგრულენოვანი მოსახლეობის კულტურისა და მეგრული ენის განვითარებაზე. ან იქნებ ამის ანალოგიური რომელიმე ღონისძიება დამისახელოთ? ასეთი რამ დღემდე არ არსებობდა, რადგან საქართველოს ხელისუფლება ყოველნაირად ცდილობს, გაწყვიტოს ურთიერთობები, რათა არც სტრუქტურებს შორის აღსდგეს რაიმე კავშირები და არც ხალხებს შორის.
მე უკვე დავიმკვიდრე არმენოფობის სახელი ჩემი მკვეთრი საგაზეთო ინტერვიუების გამო, თუმცა არავის წამოუყენებია ბრალდება, რომ ტყუილი ვთქვი. ახლაც იგივე უნდა ვთქვა _ აფხაზეთის დაკარგვაში ბინძური სომხური ხელი ურევია, რადგან მათი რაოდენობა აფხაზეთში ომამდე  16 ათასი თუ იქნებოდა, ახლა კი 80 ათასია.
სწორედ სომხური ფული ტრიალებს მსოფლიოში სხვადასხვა ქვეყნის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების მიზნით. უტყუარი წყარო არსებობს, რომ საამისოდ სომხებს 90 მილიონი დოლარი აქვთ შეგროვებული. ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ საქართველოს სომხური ხელისუფლება ყოველნაირად ცდილობს, ჩაჭრას ქართულ-აფხაზური ურთიერთობები, რათა დევნილების დაბრუნებით იქ შეთესლილ სომხებს დისკომფორტი არ შეუქმნან. თანაც, დევნილთა საკითხის მოგვარებით ისინი ვეღარ მიიღებენ მათ დასახმარებლად საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოყოფილ მილიონებს, რომელთა დიდი წილი ჩინოვნიკთა ჯიბეებში ილექება. ახლა, როგორ ფიქრობთ, მათ გულზე ეხატებათ აფხაზებთან სიტუაციის დარეგულირება?
_ აფხაზებთან ძალიან ბევრი რამ გვაქვს დაგროვილი _ ტკივილიც, სითბოც, ნოსტალგიაც, პრეტენზიებიც. თქვენ, ცოტა არ იყოს, უცნაური რაკურსი შეარჩიეთ მათთან დიალოგისთვის.
_ დიალოგი დიალოგია. მთავარია, შეხვედრის მიზეზი წარმოიქმნას და ორმხრივი სურვილი გაჩნდეს, თორემ საკითხს მნიშვნელობა არ აქვს, თუ, რა თქმა უნდა, შეხვედრის მიზანი კონკრეტულად არ ეწინააღმდეგება რომელიმე მხარის ინტერესებს. ყველაფრის გადალახვა შეიძლება, თუ ორმხრივი ნება და მიტევების სურვილი არსებობს. თუ ქართულ-აფხაზურ ომში დაზარალებული ორშვილშეწირული მშობლები ერთმანეთთან შესახვედრად გზებს ეძებენ, რათა ერთმანეთს ხვედრი შეუმსუბუქონ, ჩვენ რატომ არ უნდა გავმართოთ დიალოგი იმ აფხაზებთან, რომელთაც დასაკარგად არ ვემეტებით? მართლაც, აფხაზებისა და ქართველების დაუძინებელი მტერი უნდა იყო, რომ ამგვარ შეხვედრებს ხელი შეუშალო, რაც მასობრივი შერიგების წინაპირობად შეიძლება იქცეს!
_ ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ, რას გაუსვამდით ხაზს, როგორც თქვენი შეხვედრის უმთავრეს და ხელშესახებ შედეგს?
_ დამამახსოვრდა ის სითბო, რაც აფხაზმა მასპინძლებმა გამოიჩინეს ჩვენ მიმართ. ყოველნაირად იგრძნობოდა, რომ ისინი მონატრებული იყვნენ ჩვენთან ურთიერთობას… ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე, ყველამ აღნიშნა, რომ სამეგრელო არის არა მხოლოდ საქართველოს ხერხემალი, არამედ ის ძალაც, რომელსაც ძალუძს, შეინარჩუნოს ქართულ-აფხაზური ისტორიული მეგობრულ-ნათესაური ურთიერთობები. განა ტყუილია ის, რომ სიტყვა «აფხაზი» საქართველოში ყოველთვის ასოცირდებოდა ვაჟკაცობასთან, პრინციპულობასთან, ზრდილობასთან, სტუმართმოყვარეობასა და უტყუარ თანადგომასთან. არ არსებობს ქართველ შემოქმედთა მიერ შექმნილი ნაწარმოები, სადაც აფხაზი ადამიანი უარყოფით^ გმირად იქნება წარმოდგენილი. მართლაც, დიდი იყო შთაგონების ძალა! და ეს შთაგონება არ უნდა წაიშალოს, ჩვენი მომავალი თაობები კარგად უნდა იცნობდნენ ჩვენს ტკივილიან წარსულს, რათა კვლავ  იმეგობრონ სასიკეთოდ მოსულ ხალხთან და კვლავ ერთად შეეგებონ მომხდურ მტერს! სწორედ ამის შემეცნება იყო ჩვენი შეხვედრის ძირითადი მიზანი!
_ თუ გეგმავთ და რა ფორმით ამ ურთიერთობების გაღრმავებას და, თქვენი აზრით, მეგრულ ენაზე, კოლხურ კულტურაზე აქცენტირება ხომ არ გამოიწვევს საზოგადოების იმ ნაწილის «შეშფოთებას», ვისაც დღედაღამ ყველაფერში სეპარატიზმი «ელანდება»?!
_ დიახ, გადავწყვიტეთ, რომ ახლო მომავალში კონფერენცია ჩავატაროთ გალში, რომელიც მიეძღვნება საქართველოსა და აფხაზეთის მეგრულენოვანი მოსახლეობის კულტურისა და მეგრული ენის განვითარების საკითხებს და აქვე შევქმნით ორმხრივ არასამთავრობო ორგანიზაციას.
რაც შეეხება ჩვენი შეხვედრის მიზანს და შედეგებს და «სეპარატიზმისადმი» კრთომას, ამაზე შესანიშნავად გასცა პასუხი შეხვედრის მონაწილემ, ბატონმა ლადო ქირიამ: «…შეიძლება მავანმა ამ შემოთავაზებაში მზაკვრული სულისკვეთება დაინახოს _ თუ როგორ უნდათ რუსებსა და აფხაზებს მეგრული ჩამოაცილონ ქართულს, გათიშონ ყოველივე მეგრული საერთო ქართული ცნობიერებიდან და ა.შ. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა: ასეთი რამის დაშვება მიუღებელია. ჩვენ აფხაზურ მხარეს განვუმარტეთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ბრძოლა მეგრული ენის შენარჩუნებისა და განვითარებისთვის მოხდება მხოლოდ და მხოლოდ ერთიან ქართულ სივრცეში, ხოლო რაც შეეხება აფხაზებს, თუ რატომ ამახვილებენ განსაკუთრებულ ყურადღებას მხოლოდ მეგრულზე და არა ქართულზე, ეს მათი სურვილია და ვერ შევედავებით. ჩვენ კი მათი ეს შემოთავაზება ხელიდან არ უნდა გავუშვათ, რადგან აფხაზეთში თანდათანობით იკარგება ყოველივე ქართული _ მეგრული კულტურის, ფოლკლორის შენარჩუნება და განვითარება იგივეა, რაც ქართული კულტურის, ფოლკლორისა და ენის შენარჩუნება და განვითარება…».
ასე რომ, ადამიანების ერთმანეთისკენ სწრაფვა სეპარატიზმი არაა და, რაც  უნდა ეცადოს ჩვენი მტერი, ქართველები და აფხაზები დასავიწყებლად ერთმანეთს ვერასოდეს გავიმეტებთ…
ესაუბრა
ლილი მიროტაძე
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here