Home რუბრიკები საზოგადოება ავთანდილ სულაბერიძე: ქართველი ხალხის ტოტალურ გენოციდს ხელისუფლება უდგას სათავეში

ავთანდილ სულაბერიძე: ქართველი ხალხის ტოტალურ გენოციდს ხელისუფლება უდგას სათავეში

895

GEWORLD.GE:
საქართველოში არსებულ დემოგრაფიულ მდგომარეობასა და პრობლემებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ავთანდილ სულაბერიძე.
_ ბატონო ავთანდილ, 3 ოქტომბერს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც საქართველოს ადამიანის დაბადებამდე სქესის შერჩევისა და ამის საფუძველზე ლეგალური აბორტის აკრძალვისკენ მოუწოდებს. თქვენი აზრით, რამ განაპირობა ამ რეზოლუციის მიღება?

_ ვიდრე რეზოლუციაზე ვისაუბრებთ, მოკლედ გაგაცნობთ იმ დემოგრაფიულ სტატისტიკას, რომელიც ბოლო წლების მანძილზე დაფიქსირდა ჩვენს ქვეყანაში. დავიწყოთ იმით, რომ ნორმაა, როცა ას გოგოზე იბადება ას ოთხიდან ას შვიდამდე ბიჭი. ეს არის კანონზომიერი პროცესი, რომელიც ნაკლებად ირღვევა ხოლმე და, თუ ირღვევა, ომის ან რამე სხვა სახის სოციალური კატაკლიზმების შედეგად.
ჯერ კიდევ 2010 წელს, როცა ფრანგი მეცნიერი ჟან ვალენი ჩამოვიდა თბილისში, მან თქვა, რომ საქართველოში ხდება სქესობრივი დისკრიმინაცია შობადობაში, ჩვენ კი მაშინვე ვუთხარით, რომ სინამდვილეში აქ სულ სხვა მდგომარეობაა და ის მონაცემი, რომელზე დაყრდნობითაც ვალენი საუბრობდა, იყო არასწორი. არასწორი იყო იმდენად, რამდენადაც თვითონ აღრიცხვა ხდებოდა არასწორად და, სხვათა შორის, ამის შესახებ მე რამდენიმე ხნის შემდეგ იმავე ევროპის ასოციაციის ვენის კონფერენციაზეც განვაცხადე. იქვე იყო პროფესორი გია წულაძეც და სხვებიც, რომლებმაც ასევე ანალოგიურად ისაუბრეს ამ პრობლემაზე.
მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ რეალურად არავითარი დისკრიმინაცია საქართველოში არ ხდებოდა, პირიქით, სქესთა შორის ბალანსი ნორმაში იყო და ამას მოწმობს ელემენტარული სტატისტიკაც. მაგალითად, 1993 წელს დაფიქსირდა ას შვიდი ბიჭი ას გოგოზე, 1995 წელს კი ამ მაჩვენებელმა ას ცხრა ბიჭამდე მიაღწია და ამით მოხდა ერთგვარი კომპენსირება სამოქალაქო ომის შემდგომ პერიოდში, რაც თავის დროზე აღინიშნა საფრანგეთში. შემდეგ წლებში უკვე ფიქსირდება ას თერთმეტი ბიჭი ას გოგოზე და სტაბილიზაცია იყო სწორედ ამ ას თერთმეტის ფარგლებში, ანუ, როგორც გითხარით, სინამდვილეში არავითარ დისკრიმინაციას ადგილი არ ჰქონია და იმავე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაც, რომლის რეზოლუციაშიც წერია, რომ თურმე ამ მხრივ საქართველოში არცთუ სახარბიელო მდგომარეობაა, არის შეცდომაში შეყვანილი, რაც, ჩემი აზრით, კონკრეტული ადამიანების მხრიდან შეგნებულად და მიზანმიმართულად კეთდება.
_ ვის გულისხმობთ?
_ როგორც გითხარით, 1995 წლიდან სქესთა შორის ბალანსი შობადობაში იყო ას თერთმეტი ბიჭი ას გოგოზე, რაც, შეიძლება, ნორმაზე ოდნავ მაღალი მაჩვენებელია, მაგრამ არა _ საგანგაშო და შემაშფოთებელი; 2010 წელს კი, როცა ჟან ვალენი ჩამოვიდა, ეს მონაცემი უცებ შეიცვალა და ას თერთმეტიდან პირდაპირ ას ოცდაშვიდზე გადახტა, რაც პირადად ჩემთვის, უბრალოდ, წარმოუდგენელი ციფრია. ამიტომ მიმაჩნია და ხმამაღლა ვამბობ, რომ მოხდა მონაცემების შეგნებულად დამახინჯება, რათა ვიღაც-ვიღაცებს გრანტი მიეღოთ და მილიონები ჩაეჯიბათ. ის კი არა, თვითონ მსოფლიო ბანკის წარმომადგენელიც გაოცებული იყო, კაცი იძახდა, ვერაფერი გამიგია თქვენი მონაცემებისო.
_ დაგვიკონკრეტეთ, ვინ დაამახინჯა ეს მონაცემები?
_ სახელებსა და გვარებს ნამდვილად ვერ ჩამოგითვლით, მაგრამ ზოგადად ამ ყველაფრის უკან დგანან ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებსაც აქვთ გარკვეული კავშირები მთელ რიგ ე. წ. არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სწორედ ამ ორგანიზაციების მეშვეობით, მათი კვლევების საშუალებით ახერხებენ იმას, რომ თვით ევროსაბჭოს ასამბლეაც კი შეცდომაში შეიყვანონ. სხვათა შორის, ამასწინათ ევროკომისიის წარმომადგენელი, ქალბატონი სტამპი იყო ჩამოსული და ცოცხალი თავით არ გვანახეს, შეახვედრეს მხოლოდ ისინი, ვინც თვითონ აწყობდათ. თუნდაც ეს ფაქტი არ მოწმობს, რომ ესენი რეალურ მონაცემებს ამახინჯებენ და რაღაც-რაღაცებს მალავენ?! ყველა «სიკეთესთან» ერთად ეს ადამიანები იმასაც აკეთებენ, რომ ქართველი ხალხი და საქართველო, ევროპელების თვალში გამოჩნდეს განუვითარებელ, ჩამორჩენილ, ბარბაროსების ქვეყნად.
_ ანუ თქვენ მოითხოვეთ სტამპთან შეხვედრა და უარი გითხრეს?
_ არა, ჩვენ არც ვიცოდით, რომ სტამპი საქართველოში იყო, ვინაიდან ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, დამალა ეს ამბავი. ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის არავის უცნობებია, რომ ის თბილისში იმყოფებოდა, შეხვედრის შემოთავაზებაზე ხომ საერთოდ ლაპარაკიც ზედმეტია.
_ სააკაშვილი ხშირად ამბობს ხოლმე თავის გამოსვლებში, რომ შობადობის ზრდა მისი პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია და ყველაფერს გააკეთებენ, რათა რეალურად ეს მოხდეს. თქვენი აზრით, ესეც ჩვეულებრივი ფარსია?
_ ერთია, როცა ვიღაც რაღაც განცხადებებს აკეთებს და მაღალფარდოვან სიტყვებს ამბობს, მაგრამ მთავარი და გადამწყვეტია შედეგი. ქვეყანაში, სადაც იხურება დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტი, სადაც უარს ამბობენ სპეციალისტებზე და, ფაქტობრივად, არ არსებობს არანაირი სახელმწიფო პროგრამა დემოგრაფიული პრობლემების მოსაგვარებლად, არავინ მითხრას, რომ იქ ვინმეს შობადობის ზრდა პრიორიტეტად აქვს დასახული. ეს აბსურდია. ასე რომ, რასაკვირველია, ხელისუფლება ყოველთვის შეეცდება, ხალხს თავი მოაჩვენოს ვითომდა რაღაც მზრუნველ ძალად, მაგრამ, მეორეს მხრივ, რეალობა გვიჩვენებს, რომ დემოგრაფია ამათთვის არ არის მნიშვნელოვანი სფერო და მეტიც _ მათ საერთოდ არ სჭირდებათ ეს მიმართულება. ამიტომაც შეუწყვიტეს დაფინანსება თავის დროზე სოციოლოგიის ინსტიტუტს, რაც, ფაქტობრივად, მის გაუქმებას ნიშნავდა და, სამწუხაროდ, ამ ყველაფრის უმძიმეს შედეგებს მალე მოიმკის საქართველო, როცა მომავალში კიდევ უფრო დიდი პრობლემების წინაშე აღმოვჩნდებით, დემოგრაფიული თვალსაზრით, ვიდრე დღეს გვაქვს.
_ როცა დემოგრაფიის ინსტიტუტი გაუქმდა, რა დასახელდა ამის მიზეზად, რამ გვაიძულაო ამ გადაწყვეტილების მიღება, არ განუმარტავთ?
_ არავითარი განმარტება არ ყოფილა, უბრალოდ, შეგვიწყვიტეს დაფინანსება და მორჩა. ეს იყო განათლების სამინისტროს დადგენილება, სადაც შავით თეთრზე ეწერა, რომ დემოგრაფია არ არის პრიორიტეტული მიმართულება.
იმავე დადგენილების თანახმად, ასევე დაფინანსება შეუწყვიტეს ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის, პოლიტოლოგიისა და მთელი რიგი სხვა მნიშვნელოვანი დარგების კვლევით ინსტიტუტებს; ფაქტობრივად, არსებობა შეწყვიტა უზნაძის სკოლამ, რომელიც მთელ საბჭოთა კავშირში იყო ერთ-ერთი უძლიერესი და ეს ყველაფერი მოხდა მაშინ, როცა, მაპატიეთ და, მილიონები იხარჯება ათასგვარ სულელურ კონცერტებზე, ღრიანცელზე და დროსტარებაზე… არ მინდოდა, მეთქვა, მაგრამ ვინც ამ დადგენილებას ხელი მოაწერა, იმ ადამიანმა, ფაქტობრივად, ხელი მოაწერა ქართული მეცნიერების მოშლასა და მკვლელობას. მხედველობაში მყავს განათლების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე, რომელსაც, ამ ანტიეროვნული საქციელის გამო, დარწმუნებული ვარ, მომავალში დაწყევლის და შეაჩვენებს შთამომავლობა.
ასევე მინდა, ვთქვა ბურჯანაძეზეც, რომელმაც, მახსოვს, 2005 წლის დეკემბერში განაცხადა, _ ძალიან ცუდი დემოგრაფია გვაქვს და ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად სასწრაფოდ რამე ზომები უნდა მივიღოთო. მაგ დალოცვილს ხუთი წერილი გავუგზავნეთ ინსტიტუტიდან თავის დროზე, როცა პარლამენტის თავმჯდომარე იყო და შევთავაზეთ თანამშრომლობა ამ საკითხში, მაგრამ, არათუ უარიც არ გვაღირსა, პასუხიც კი არ გაგვცა; არ გაგვცა იმიტომ, რომ რეალურად მას არ აინტერესებდა, რა მდგომარეობა იყო ქვეყანაში დემოგრაფიული თვალსაზრისით და რა გზით შეიძლებოდა ამ პრობლემების გადაჭრა. სამაგიეროდ აინტერესებდა ბიზნესი, ფული და წყნეთის ვილა, ერთ ლარად ნაყიდი, რომელსაც მერეც არ თმობდა, სანამ ძალით არ წაგლიჯეს.
_ მოდით, ასე შევხედოთ საკითხს, დაიხურა დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტი. რა დააკლდა ამით რეალურად ქვეყანას და როგორ აისახება ეს ყველაფერი ჩვენს ყოველდღიურობაში?
_ როგორ აისახება და უკვე დაწყებულია ქართული ოჯახის დაშლა-დანგრევის პროცესი და ამას მოწმობს ის სტატისტიკა, რომელიც გვიჩვენებს, რომ ბოლო წლებში განსაკუთრებით მოიმატა განქორწინებათა რაოდენობამ. შედეგად სახეზე გვაქვს ასეთი რეალობა, რომ მოსახლეობის თოთხმეტ პროცენტზე მეტი არის სამოცდახუთ წელს გადაცილებული. ეს კი, თავის მხრივ, იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ დაბერებული ერი და ქვეყანა, რაც თავისთავად უკიდურესად საგანგაშო და დამაფიქრებელია.
_ მთავარი უბედურება, ალბათ, მაინც ისაა, რომ ეს ყველაფერი ხდება ხელისუფლების პოლიტიკის შედეგად.
_ რასაკვირველია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დღეს საქართველოდან გაცილებით მეტი ქართველი გადის, ვიდრე შემოდის, ანუ უკან აღარ ბრუნდებიან. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მიგრაციის კანონია _ გასულის ადგილს შემოსული იკავებს, მივალთ იმ დასკვნამდე, რომ, თუ ეს პროცესები არ შეჩერდება, მალე ჩვენს ქვეყანაში ჩვენვე აღმოვჩნდებით ეთნიკურ უმცირესობაში. ვიღაცას ამაზე შეიძლება გაეცინოს და იფიქროს, რომ ვაჭარბებ, მაგრამ ეს საფრთხე რეალურია და ამას ძალიან კარგად აცნობიერებენ ხელისუფლებაშიც. უბედურებაც ეგაა სწორედ, _ ყველაფერი იციან, ყველაფერს ხედავენ და ყურსაც არავინ იბერტყავს. ერი კი ნელ-ნელა დაღუპვის გზაზე დგება, რადგან გამოსავალი ამ ვითარებაში რეალურად არ არსებობს და არც არავინ ცდილობს, რამენაირად გადაიჭრას ეს პრობლემები.
_ თქვენ მაინც რაში ხედავთ ამ გამოსავალს, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საერთო დემოგრაფიული სურათი რადიკალურად თუ არა, ნაწილობრივ მაინც უკეთესობით შეიცვალოს?
_ ამაზე ნაწილობრივ უკვე ვისაუბრე. პირველ რიგში, უნდა შემუშავდეს სახელმწიფო პროგრამა, უნდა ამოქმედდეს შესაბამისი კვლევითი ორგანიზაციები, რომლებიც დაადგენენ და გაანალიზებენ ყველა იმ მიზეზს (დიდწილად ეს უკვე შესწავლილია კიდეც), რომელიც მოცემულ პერიოდში აფერხებს კონკრეტული დემოგრაფიული პროცესების პოზიტიურად წარმართვას და უნდა შეიქმნას გარკვეული სტრატეგია ამ მიზეზებისა და დაბრკოლებების აღმოსაფხვრელად. ეს ყველაფერი, ერთი შეხედვით, თითქოსდა მარტივია, მაგრამ რეალურად ამას თან სდევს უამრავი სირთულე, ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ხელისუფლების კეთილი ნებისა და სერიოზული ჩარევის გარეშე, ამის მიღწევა შეუძლებელია, თუმცა დღევანდელ ხელისუფლებას ნამდვილად არ ეტყობა, რომ ამ საკითხზე ფიქრობს და საერთოდ, პრობლემების ჭრილში განიხილავდეს ამ მართლაც საგანგაშო პრობლემას; პირიქით, დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ეწყობა ქართველი ხალხის ტოტალური გენოციდი, რომლის სათავეშიც დგანან ისეთი ადამიანები, როგორიცაა, მაგალითად, ნოდარ სურგულაძე. მერწმუნეთ, ასეთი ადამიანები კიდევ არაერთი და ორია საქართველოში და, სანამ ისინი ხელისუფლებაში არიან, სანამ მათ რამე საქვეყნო საქმე აბარიათ და სერიოზულ თანამდებობებზე ხელი მიუწვდებათ, საქართველოს და ქართველ ხალხს არაფერი ეშველებათ. ასე რომ, გამოსავალზე რადგან მეკითხებით, თეორიულად ეს გამოსავალი მდგომარეობს იმაში, რაც მოგახსენეთ, რეალურად კი ამ ყველაფრის განხორციელება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, თუ ოდესმე ეყოლება საქართველოს ნორმალური, გონიერი და, რაც მთავარია, ხალხის ინტერესებით მოქმედი, კეთილსინდისიერი ხელისუფლება.
ესაუბრა
ჯაბა ჟვანია
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here