ერთხელ, მოციქული პეტრე ჰეროდეს ბრძანებით საპყრობილეში ჩასვეს და რკინის ორი ჯაჭვით შებოჭეს.
ღამით როდესაც პეტრეს ეძინა, გამოეცხადა ანგელოზი უფლისა, გააღვიძა იგი და უთხრა: “აღდეგ ადრე” და იმავე წუთს ხელბორკილები ძირს დაცვივდა. ანგელოზმა დახშულ კარში გაატარა და სამშვიდობოს გაიყვანა მოციქული. პეტრეს ეს ყველაფერი სიზმარი ეგონა, მაგრამ, როდესაც გათენდა და საკუთარი თავი ციხის მიღმა იხილა, მხოლოდ მაშინ მიხვდა, რომ ეს ყველაფერი ცხადად ხდებოდა.
ცნობა პეტრეს უცნაური განთავისუფლების შესახებ მთელ იერუსალიმს მოედო.
ჯაჭვებმა, რომლითაც შებოჭილი იყო წმინდა პეტრეს სხეული, სამკურნალო ძალა მიიღო. ცნობილია, რომ წმინდა მოციქულ პეტრეს ოფლით გაჟღენთილი თავზე შემოსაკრავი და თავშალი ავადმყოფებს კურნავდა.
დღესაც ამ ჯაჭვებთან რწმენით მიახლოებული სნეულები იკურნებიან სხვადასხვა სნეულებებისგან.
ეს სიწმინდე ამჟამად არის რომში.
შეგვეწიოს ყველას წმიდა პეტრე მოციქულის მადლი.
განსაკუთრებით სნეულთ, უმწეოთ და განსაცდელსა შინა მყოფთ.
დაახლოებით 42 წელს, ჰეროდე აგრიპას ბრძანებით, პეტრე მოციქული მაცხოვრის სიტყვის ქადაგებისთვის შეიპყრეს და ჯაჭვით შეკრული საკანში გამოკეტეს. “ლოცვაი გულს-მოდგინედ იყოფოდა ეკლესიათა მიერ ღმრთისა მიმართ მისთვის”. და აი, მოხდა სასწაული: “ანგელოზი უფლისაი ზედა მოადგა და ნათელი გამობრწყინდა სახლსა მას შინა, და სცა გუერდსა პეტრესა, და განაღვიძა იგი და ჰრქუა მას: “აღდეგ ადრე და დასცუეს ჯაჭუნი იგი ხელთაგან მისთა”. ანგელოზმა დახშულ კარში გაატარა და სამშვიდობოს გამოიყვანა მოციქული.
ქრისტიანებმა შეძლეს მოეპოვებინათ ეს ჯაჭვები და შეინახეს, როგორც სიწმიდე. მათთან რწმენით მიახლოებული სნეულები იკურნებოდნენ სხვადასხვა სალმობათაგან. ჯაჭვები იერუსალიმის ტაძარში ინახებოდა პატრიარქ იუბენალის დრომდე. ამ უკანასკნელმა კი იგი თეოდოსი უმცროსის მეუღლეს, ევდოკიას, აჩუქა. ევდოკიამ სიწმინდე კონსტანტინეპოლში ჩაიტანა, შემდეგ კი ერთი ჯაჭვი თავის ასულს, ევდუქსიას, გაუგზავნა. ევდუქსიამ რომში ტაძარი ააგო პეტრე მოციქულის სახელზე და სიწმიდე იქ დაასვენა. რომში ინახებოდა სხვა ჯაჭვებიც, რომლითაც ნეტარი აღსასრულის წინ იყო შეკრული. ყოველი წლის 16 იანვარს (ახალი სტილით 29 იანვარს) ამ სიწმინდეებს გამოაბრძანებდნენ ხოლმე თაყვანსაცემად.
* * *
პეტრე მოციქულის ჯაჭვთა თაყვანისცემის სახელობის ტაძარი მსოფლიოში მხოლოდ სამია: ერთი _ რომში, მეორე _ ესპანეთში და მესამე _ საქართველოში. ასევე, ღვთის წყალობით, წმიდა პეტრე მოციქულის თავის ქალა და მარჯვენა ფეხის წმიდა ნაწილი ჩვენთან, წმიდა ქეთევან წამებულის ტაძარში ინახება. იქვეა დასვენებული პავლე მოციქულის მარჯვენა ფეხის წმინდა ნაწილიც.
პეტრე მოციქულის ჩრდილიც კი კურნავდა სნეულთ, ამიტომ დედაქალაქის შემოსასვლელთან, ავჭალის მთაზე, მცირე ზომის ტაძარი აუშენებიათ ჩვენს წინაპრებს.
ეს მადლიანი სალოცავი თითქოს მფარველობას არ აკლებს თითოეულ ჩვენგანს და გზასაც ულოცავს მგზავრებს.
წმინდა პეტრე მოციქულის ჯაჭვთა თაყვანისცემის სახელობის ეკლესიის წარსულზე მცირე ცნობები მოგვეპოვება. ვიცით, რომ იგი 1742 წელს აუგია გაბრიელ ბერს და თავადაც იქვე განისვენებს. ტაძრის შორიახლოს სასწაულმოქმედი სამკურნალო ჯაჭვის წყაროა.
წმინდა პეტრე მოციქულის ტაძრის მაშენებელ ბერ გაბრიელს გუმბათის ნავში ჰქონია საცხოვრებელი სენაკი. თურმე, როგორც კი აშენდა ეს ტაძარი, მაშინვე სასწაულებრივად აღმოცენებულა მკურნალი წყალი, რომელსაც ჯაჭვის წყარო დარქმევია. აქ ძველად ჯაჭვის სახელით ცნობილი სოფელი ყოფილა. ჩანს, ეს მთიანი ადგილი დასახლებული იყო და აქ საქარავნო გზაც გადიოდა.
ყველა ავჭალელისთვის სანუკვარია წმინდა პეტრეს ტაძარი და მას ავჭალის განსაკუთრებულ მფარველად მიიჩნევენ. ყოველი წლის 29 იანვარს აქ იმართება დიდი საეკლესიო დღესასწაული. ამ დღეს ყველა ავჭალელი თავის სტუმრებთან ერთად მიემართება მაღლა მთაზე წმიდა პეტრე მოციქულის ტაძრისკენ.
იქ მოილოცავენ, შემდეგ უკან ბრუნდებიან და იმართება საერო ზეიმიც.
პეტრე და პავლე საოცარი მოშურნეობის და ღვაწლის გამო უფალმა მოციქულთა თავად დაადგინა. პავლე მოციქულის ცხოვრების მიხედვით, ის თავიდან ქრისტიანთა მდევნელი გახლდათ. უფალმა მას უდიდესი სასწაული დაანახვა _ როცა ქრისტიანების დევნა გადაწყვიტა, თვალისჩინი წაერთვა. მოძღვრის ლოცვით თვალი აეხილა და მას შემდეგ შეუდგა ქრისტეს სჯულს. ყოფილი სავლე გახდა პავლე, ქრისტეს სარწმუნოების უდიდესმა მქადაგებელმა მთელი რომი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე.
იგივე შეიძლება ითქვას პეტრე მოციქულზეც, რომელიც, ფაქტობრივად, გახდა კლდე. უფალმა მას უთხრა: შენ ხარ კლდე და ამ კლდეზე აღვაშენებ ჩემს ეკლესიას და “ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას”. პეტრე მოციქული უფალს ყოველთვის უდასტურებდა, რომ მზად იყო, მასთან ერთად აღსრულებულიყო. ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე, მასზე უფალმა დაუშვა და დაანახვა, რომ, თუ ადამიანის სარწმუნოება თავის ძალებზე იქნება დამყარებული და არა ღმერთზე, შეიძლება კაცი ადვილად განუდგეს ჭეშმარიტებას. პეტრემ სამგზის უარყო მაცხოვარი. შემდეგ იმხელა სინანულში ჩავარდა, რომ სახეზე ტირილით ღარები გაუჩნდა. თვალები მუდამ სისხლიანი და ცრემლიანი ჰქონდა. როცა ყოველ დილით მამალი იყივლებდა, გამუდმებით ცრემლი სდიოდა. მართლაც, სინანულია უმთავრესი გზა, რომლის საშუალებითაც ადამიანი უფალს უახლოვდება. სინანულის გარეშე შეუძლებელია ადამიანის გადარჩენა. პეტრე და პავლე მოციქულებს სინანული, სწორი სარწმუნოება და საოცარი მოშურნეობა რომ არ ჰქონოდათ, რის გამოც ისინი უფალმა გამოარჩია, ნამდვილად ვერ შეძლებდნენ წარმართებში ქრისტეს სარწმუნოების ქადაგებას.
პეტრე მოციქულმა სიცოცხლე, მისივე თხოვნით, ჯვარზე თავდაყირა გაკრულმა დაასრულა, რადგან უღირსად თვლიდა თავს, მაცხოვრის მსგავსად გაეკრათ ჯვარზე.