Home რუბრიკები პოლიტიკა გარდაუვალი სააკაშვილი თუ გარდაუვალი გაპანღურება

გარდაუვალი სააკაშვილი თუ გარდაუვალი გაპანღურება

GEWORLD.GE:
ფული… ბევრი ფული!!! აი, რა აშფოთებთ და აღაფრთოვანებთ ქართველ პოლიტიკოსებს! ნათქვამია, «ფულს სუნი არ აქვსო», მაგრამ ისტორიული გამოცდილება გვასწავლის, რომ ფულს ყოველთვის ასდის ძალაუფლებისა და ყოვლისშემძლეობის «სუნი». ბიზნესი და პოლიტიკა გარკვეულწილად «თანამეცხედრეები» არიან, ისევე, როგორც ფული და ძალაუფლება, მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ყველა ბიზნესმენი პოლიტიკით არის დაინტერესებული.
ასე ეგონა ყველას მანამ, სანამ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური პარტიის შექმნისა და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში აბსოლუტური უმრავლესობით მოსვლის შესახებ განცხადებას გააკეთებდა: «მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელისუფლების ტოტალურმა მონოპოლიზებამ და ჩატარებულმა კონსტიტუციურმა ცვლილებებმა, რომელთა მიხედვითაც ნათლად ვლინდება სააკაშვილის სურვილი, ყველანაირი კონსტიტუციური ვადის ამოწურვის მიუხედავად, შეინარჩუნოს ძალაუფლება და დარჩეს ხელისუფლების სათავეში, მიმაღებინა გადაწყვეტილება, შევქმნა პოლიტიკური პარტია და მონაწილეობა მივიღო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში».

მართალია, ივანიშვილის ბიზნესიდან პოლიტიკაში გადასვლას საზოგადოება არ ელოდა, მაგრამ ეს სულაც არ არის პირველი შემთხვევა, როცა მილიარდერი ბიზნესმენი პოლიტიკაში ერთვება. მსოფლიოში ასეთი უამრავი ფაქტი არსებობს. თუმცა ისეთი ადამიანისგან, რომელიც საჯაროობას გაურბის და ქველმოქმედებასაც ყოველგვარი პოპულიზმის გარეშე აკეთებს, ნამდვილად მოულოდნელი იყო.
ბიძინა ივანიშვილის საკმაოდ მწვავე განცხადება, ეჭვგარეშეა, რომ არასასიამოვნო მოულოდნელობა იყო სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენლებისთვის და სასიხარულო _ ოპოზიციის ნაწილისთვის.
ამ უკანასკნელთა სიხარულის მიზეზი გასაგებია: ივანიშვილთან შესაძლო პარტნიორობა და, რა თქმა უნდა, დამათრობელი ძალის მქონე მილიარდების სურნელი.
მაგრამ სწორედ ამ მილიარდების სურნელი აშფოთებს და ზარავს სააკაშვილს, რადგან მას პოლიტიკურ «ტატამზე» არა მარტო მძლავრი ფინანსური რესურსების მქონე პიროვნება დაუპირისპირდება, არამედ, შესაძლოა, პარტიაც დაეშალოს, ვინაიდან მილიარდების სურნელი მათთვისაც არანაკლებ მიმზიდველია.
თუკი პატარკაციშვილის შემთხვევაში უსახო თუ ბრტყელსახიანი «ნაციონალები» ლამის ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო მეტად გალანძღავდა, ივანიშვილთან დაკავშირებით სიტუაცია კარდინალურად შეცვლილია, რადგან «ნაციონალები», ორიოდე დეპუტატის გარდა, მისი განცხადების შეფასებისგან თავს იკავებენ, რაც მეტად უჩვეულოა «ნაციონალებისთვის» და გარკვეულწილად მიანიშნებს იმაზე, რომ ივანიშვილის მილიარდების ძალას მმართველ პარტიაშიც აღიარებენ და არ სურთ, მასთან მისასვლელი გზა წარმავალი სააკაშვილის გამო მოიჭრან.
შექმნილი მდგომარეობა გარკვეულწილად გვაიძულებს, ვივარაუდოთ, რომ უახლოეს მომავალში სააკაშვილს «მონოლითური პარტია» ხუხულასავით დაეშლება, რაც მისი პოლიტიკური მოღვაწეობის დასასრულის დასაწყისი გახდება, ანუ ივანიშვილის პოლიტიკური გააქტიურება, შესაძლოა, სააკაშვილისთვის სასიკვდილო ინექცია აღმოჩნდეს და მიხეილის პოლიტიკური გეგმები თავდაყირა დააყენოს. მითუმეტეს, როგორც ბატონი ბიძინა აცხადებს, ის არ დაუშვებს სააკაშვილის კვლავ ხელისუფლების სათავეში დარჩენას და გამოთქვამს მზადყოფნას: «პრემიერის ან პარლამენტის თავმჯდომარის რანგში მონაწილეობა მივიღო ახალი მთავრობის ჩამოყალიბებაში და პასუხისმგებლობა ვიკისრო მის ნორმალურ ფუნქციონირებაზე, რათა ბოლომდე აღმოიფხვრას ისეთი მასშტაბის ელიტარული კორუფცია, რომელშიც სააკაშვილის ახლანდელი მთავრობის მაღალი ეშელონებია ჩაფლული».
შეიძლება ითქვას, ამ განცხადებით ივანიშვილმა მაღალ მიხეილს შოკისმომგვრელი ალიყური უთავაზა. მითუმეტეს განცხადების სრული ტექსტი საზოგადოებას 7 ოქტომბერს გააცნეს, სწორედ იმ დღეს, როცა ნიკოლა სარკოზი კავკასიური ტურნეს ფარგლებში საქართველოში იმყოფებოდა და რისი საკუთარი პიარისთვის გამოყენება ჰქონდა სააკაშვილს დაგეგმილი. ივანიშვილის განცხადებამ კი სარკოზი-სააკაშვილის ემოციურ-დიდაქტიკური გამოსვლა გარკვეულწილად დაჩრდილა.
მითუმეტეს სარკოზისთვის გრანდიოზული შეხვედრისა და ოვაციების მოწყობა სააკაშვილის რეჟიმს სახელმწიფო პოლიტიკის რანგში ჰქონდა აყვანილი, რადგან 7 ოქტომბერს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ლამის სამოქალაქო მობილიზაცია გამოცხადდა და რეგიონებიდან თავისუფლების მოედნისკენ ხალხის უწყვეტი მასა მოემართებოდა. ზოგადად, ძალიან კარგია, როცა ჩვენს ქვეყანაში მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფოს ლიდერი ჩამოდის, მაგრამ ის მასკარადი, რაც სააკაშვილმა თავისუფლების მოედანზე მოაწყო, სხვა არაფერი იყო, თუ არა არასრულფასოვნების კომპლექსით დაავადებული ხელისუფლების უსახური პროვინციალიზმი, რომელიც ერის ღირსებას ფეხქვეშ თელავს და საკუთარი ძალაუფლების მხარდაჭერის სანაცვლოდ მზად არის, აღიაროს, რომ მისი ქვეყანა ნებისმიერი დიდი სახელმწიფოს პროვინციაა, ხოლო თვითონ მზად არის, პროკონსულის როლი შეასრულოს.
ივანიშვილი თავის განცხადებაში შეეხო ყველა იმ სიმახინჯეს, რომელიც საქართველოში არის გამეფებული და საზოგადოებას მოვლენების ობიექტურად აღქმაში ხელს უშლის: «დამთრგუნველია ყველა იმ სიცრუის მოსმენა, რაც საინფორმაციო საშუალებებიდან მოედინება. ყოველდღიური ტრაბახი და ტყუილების კორიანტელი სააკაშვილის მიღწევების შესახებ უაღრესად შეურაცხმყოფელია. აღმაშფოთებელია, რომ სააკაშვილი საზოგადოებას ასეთი დონის ბრიყვად მიიჩნევს. ქვეყნის პრეზიდენტის მიერ შექმნილი სიცრუის მანქანა არათუ ჩვეულებრივ მოქალაქეს, პროფესიონალ ანალიტიკოსსაც კი უძნელებს თეთრის შავისგან გარჩევას. სიცრუის ქსელში ჩართულმა ფსევდოოპოზიციურმა პოლიტიკოსებმა, პარტიებმა და საინფორმაციო საშუალებებმა ისეთი გარემო შექმნეს, რომ საზოგადოების პოლიტიკურად ყველაზე აქტიურ ნაწილსაც კი პოლიტიკის მიმართ უნდობლობა გაუჩინეს და საბოლოოდ დააკარგვინეს არჩევნების გზით რაიმეს შეცვლის იმედი».
დღეს საქართველოს წინაშე დგას დაუძლეველი პრობლემა _ პოლარიზაცია, რასაც უკურნებელი სენივით ღრმად აქვს ფესვები გადგმული საზოგადოებაში და ქვეყანას რეგრესისკენ მიაქანებს. მის გამოწვევაში, ხელისუფლებასთან ერთად, დიდი წვლილი ოპოზიციასაც მიუძღვის, ვინაიდან ხელისუფლების მხრიდან საზოგადოების «ჩემიანებად» და «მტრებად» დაყოფამ, ოპოზიციის მხრიდან კი მუდმივმა დაქსაქსულობამ, დაპირისპირებამ, ვიწროპარტიულმა დამოკიდებულებამ საზოგადოებისადმი ამ უკანასკნელთა აპათიური მდგომარეობა გამოიწვია. ივანიშვილის განცხადებამ საზოგადოებაში იმედის ნაპერწკალი გააღვივა. ტაკიმასხარა და უპრინციპო ოპოზიციის შემხედვარე ხალხს ხელისუფლების შეცვლისა და სახელმწიფოს განვითარების რწმენა ჰქონდა დაკარგული. ივანიშვილი კი, რომელიც ქართულ საზოგადოებას საქართველოს განვითარებას და გამთლიანებას ჰპირდება, შეიძლება ითქვას, რომ ქართველი ერისთვის ბოლო ნავსაყუდელია, რომელმაც შეიძლება შეუნარჩუნოს ღირსება და მეობა.
მაგრამ ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართვის პარალელურად სააკაშვილი შეეცდება, რამდენიმე «კონსტრუქციული» ოპოზიციური პარტია, სავარაუდოდ, მილიონ დოლარად პრივატიზებული «ახალი მემარჯვენეები» და «ქრისტიან-დემოკრატები» გაააქტიუროს და ივანიშვილის პარტიის დისკრედიტაციისთვის გამოიყენოს, რათა კიდევ ერთხელ გამოიწვიოს საზოგადოების დეზორიენტაცია; მითუმეტეს, რომ აღნიშნული პარტიის ლიდერებმა ივანიშვილის გადაწყვეტილებას მკვეთრად უარყოფითი შეფასება მისცეს და კრიტიკის ქარცეცხლი დაატეხეს. გარდა ამისა, «ნაციონალური» ტელეარხების მეშვეობით შეეცდება ივანიშვილის პერსონის დისკრედიტაციას, მისი, როგორც რუსი ოლიგარქის, იმიჯის შექმნით, რომელიც თითქოს რუსეთის პროექტია და მის გადაწყვეტილებას ქართულ, ეროვნულ ინტერესებთან საერთო არაფერი აქვს.
სააკაშვილი და მისი პროპაგანდისტული მანქანა მომავალშიაც ეცდება ივანიშვილის ლანძღვას, თუმცა მთავარია, რომ ქართულმა საზოგადოებამ ამჯერად მაინც შეძლოს ამ რეჟიმის გაპანღურება, წინააღმდეგ შემთხვევაში არამარტო 2012 და 2013 წლებში, არამედ შესაძლოა 2023 წელსაც სააკაშვილის რეჟიმში მოგვიწიოს ყოფნა.
დღეს ყველაზე მთავარია, ბიძინა ივანიშვილმა გაითვალისწინოს პატარკაციშვილის გამოცდილება, უფრო სწორად, არ უნდა დაუშვას ის შეცდომები, რომლებიც ბადრიმ დაუშვა და მის მიერ ჩამოყალიბებულ ახალ პოლიტიკურ გუნდს არ გააკაროს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ჭარბად არსებული «ფულისმოყვარული» პოლიტიკოსები, რომლებმაც თავის დროზე პატარკაციშვილს ფულის სანაცვლოდ ჯერ ერთგულება აღუთქვეს, მაგრამ  გადამწყვეტ მომენტში სააკაშვილის ოცდაათ ვერცხლს დახარბდნენ და, ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე, ბრძოლის ველზე მარტო დატოვეს, უფრო მეტიც _ დაუპირისპირდნენ კიდეც. ამ ღალატის მწარე შედეგი დღეს სახეზეა: პატარკაციშვილი საფლავში წევს, ხოლო პაატა დავითაია, გიორგი თარგამაძე და სხვა მოღალატეთა მთელი კოჰორტა ისევ პოლიტიკურ ავანსცენაზეა წამოჭიმული.
ზურაბ ჯამბურია
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here