Home რუბრიკები პოლიტიკა მიხეილ დელიაგინი: ბიძინა ივანიშვილი ის ფიგურაა, რომელიც უდიდეს პატივისცემას იმსახურებს

მიხეილ დელიაგინი: ბიძინა ივანიშვილი ის ფიგურაა, რომელიც უდიდეს პატივისცემას იმსახურებს

803

GEWORLD.GE:
ადამიანები, რომლებსაც ქართულ ოპოზიციაში ვხედავთ, ერთობლივ ღონისძიებებს არ განახორციელებენ, საკმაოდ უცნაური და ხშირად უკიდურესად კომპრომენტირებულნი არიან. მიხეილ დელიაგინი რუსი ეკონომისტი, პუბლიცისტი და პოლიტიკოსია, რომელიც გლობალიზაციის პრობლემების ინსტიტუტს უდგას სათავეში. «საქართველო და მსოფლიომ» ბატონ დელიაგინს ქართულ-რუსული ურთიერთობის მიმდინარე პროცესების კომენტირება სთხოვა.
_ ბატონო მიხეილ, რა შეიცვლება რუსეთში ვლადიმერ პუტინის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ? როგორ აისახება შესაძლო ცვლილებები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე და როგორ გესახებათ ეს ურთიერთობა იმ პირობებში, როცა მიხეილ სააკაშვილი რუსეთის ხელისუფალთათვის «პოლიტიკური გვამი» და პიროვნებაა, ვისაც «ხელი არ ჩამოერთმევა»?

_ ვფიქრობ, რომ საერთო ჯამში არაფერი შეიცვლება და რუსულ-ქართულ ურთიერთობაზე არ აისახება. თუმცა სოჭის ოლიმპიადის თარიღის მოახლოება უეჭველად გაუფართოებს ბატონ სააკაშვილს ამ ოლიმპიადის წინააღმდეგ ახალი პროვოკაციების მოწყობის შესაძლებლობას. რაც შეეხება ურთიერთობას, ვერ ვხედავ რაიმე აუცილებლობას მასთან ურთიერთობის დასამყარებლად, ვის რად სჭირდება?
_ როგორი პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს რუსეთის პრემიერის ინიციატივას _ პოსტსაბჭოთა სივრცეში ევრაზიის კავშირის შექმნის შესახებ (სხვათა შორის დასავლეთის მასმედიამ მოასწრო ამ ინიციატივის სსრ კავშირის აღდგენის ინიციატივად მონათვლა)?
_ არიან ადამიანები, თითს აჩვენებ და ისტერიკულ სიცილს იწყებენ. დასავლეთში ბევრნი არიან ისეთები, ვისაც თითს აჩვენებ და დაუფიქრებლად აყვირდებიან საბჭოთა სამხედრო ყაიდის ადამიანების შესახებ. მესმის, რომ გული სწყდებათ, ევრაზიის კავშირში რომ არ მიიწვიეს, მაგრამ, სამწუხაროდ, არის ზოგიერთი გეოგრაფიული პრობლემა, რისიც არა გაეგებათ რა. ეტყობა, დიდი ხანია, რუკისთვის არ დაუხედავთ.
_ ერთის მხრივ, სოხუმისა და ცხინვალის აღიარება, მეორე მხრივ, _ საქართველო, რომელიც მნიშვნელოვანია, როგორც პარტნიორი და არა როგორც ნეოკონის საყვირი და იარაღი ამერიკის ხელში… თითქოს ჩიხია: იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მომავალი მთავრობა მოისურვებს, მოაწესრიგოს ურთიერთობა რუსეთთან, ფაქტია, რომ სოხუმისა და ცხინვალის აღიარება გადაულახავ წინაღობად დარჩება, ფორსმაჟორად. ამ სიტუაციიდან რა გამოსავალს ხედავთ?
_ რუსეთისთვის ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ, ეს საქართველოს პრობლემებია. თუ გჭირდებათ ურთიერთობის მოწესრიგება, მოაწესრიგეთ. თუ გსურთ ომების გაჩაღება და მშვიდობიანი მოსახლეობის გენოციდის მოწყობა, შეგიძლიათ ერთხელ კიდევ სცადოთ. შექმნილი სიტუაცია რუსეთს არავითარ უხერხულობას არ უქმნის, არც იმ ქართველებს შეექმნებათ რაიმე უხერხულობა, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ, ისინი კი საქართველოს მოსახლეობის 20 პროცენტს შეადგენენ. თუ მარგინალთა ჯგუფი, რომელიც თქვენს ქვეყანას მართავს, რაიმე უხერხულობას გრძნობს, მათ შეუძლიათ შეცვალონ ვითარება. მათი ნებაა! რუსეთში კი ყველაფერი რიგზეა.
_ საქართველოში არის ასეთი სამწუხარო ტენდენცია _ უახლესი ისტორიის «გადაწერის» მცდელობა: თხზავენ «ახალ ფაქტებს», კონსპიროლოგიურ ვერსიებს თუნდაც იმაზე, რომ დიდი სამამულო ომი სამარცხვინო ისტორიული ეპიზოდი იყო, რომ ფაშისტური გერმანია და საბჭოთა კავშირი ტოლფასი ბოროტება იყო, რომ ამ ომში დიადი გამარჯვება კი არ მოვიპოვეთ, არამედ სისხლიანი რეჟიმის თანამონაწილენი ვიყავით და ა.შ. თქვენი აზრით, ვის და რატომ აძლევს ხელს ისტორიის ფალსიფიცირება?
_ ისტორიის პოლიტიზირება არის პოსტსაბჭოთა სივრცეში ხალხთა ერთობის მოსპობის მცდელობა. უნდა გადაიწეროს მათი ისტორია და დაარწმუნონ ისინი, რომ ყველაფერი იყო ისე, როგორადაც დღეს ჩასჩიჩინებენ. თუ ადამიანები მეორე მსოფლიო ომს ისტორიის სამარცხვინო ეპიზოდად მიიჩნევენ, ლოგიკურად ჩნდება კითხვა: ვისთან ასოცირდებიან? თუ ფაშისტურ გერმანიასთან ასოცირდებიან, უეჭველად სამარცხვინო ეპიზოდია, მაგრამ, თუ ფაშისტურ გერმანიასთან არ აიგივებენ საკუთარ თავს, მაშინ შერცხვენის რაიმე მიზეზი არ შეიძლება არსებობდეს. ის, რომ ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ დიდი სამამულო ომი იყო სამარცხვინო მოვლენა, გულწრფელად დგანან ჰიტლერის პოზიციაზე, მაგრამ ჯერ კიდევ არ შეუძლიათ ამის აღიარება.
_ თქვენ საინტერესო მოსაზრებები გაქვთ ჩრდილოვანი მონოპოლისტური კლანებისა და მათი გავლენის შესახებ გლობალურ პროცესებზე, ასევე, «ახალ მომთაბარეთა» გლობალურ მმართველ კლასზე. რას ეტყვით ამის თაობაზე ჩვენს მკითხველს?
_ გლობალური სტრუქტურები მართლაც არსებობს, ისინი ეყრდნობა გლობალურ მონოპოლიებს, ემიჯნება აშშ-ს, თავისუფლდება ამ ქვეყანასთან ყოველგვარი კავშირებისგან. სამწუხაროდ, მათზე უკიდურესად ცოტა რამაა ცნობილი, თუ არ ჩავთვლით შიზოფრენულ ბოდვას «მსოფლიო მთავრობის» შესახებ, მსოფლიოს კულისებს მიღმა მოვლენებს და ა.შ. საქართველოზე ეს არ აისახება, რადგან ქვეყნის მასშტაბით სრულიად საკმარისია ის ხელფასი, რომელსაც ქართველ პოლიტიკოსებს უხდიან საყოველთაოდ ცნობილი და პატივცემული დასავლური ინსტიტუტები.
_ იცნობთ თუ არა ქართული ოპოზიციის სპექტრს და რას ფიქრობთ იმის შესახებ, რომ ცნობილი ბიზნესმენი და მეცენატი ბიძინა ივანიშვილი აპირებს საქართველოში პარტიის შექმნას?
_ თუ მხედველობაში გყავთ ბორის გრიგორის ძე ივანიშვილი, რომელიც ერთ დროს რუსულ საბანკო ბიზნესში მუშაობდა, მაშინ გეტყვით, რომ ეს არის ფიგურა, რომელიც იმსახურებს უდიდეს პატივისცემას. მე არაფერი ვიცი მისი პოლიტიკური შეხედულებების შესახებ, რომლებიც შეიძლება ფრიად ეგზოტიკურიც კი იყოს, მაგრამ იგი რუსეთში დღემდე ერთ-ერთ პატივსაცემ ადამიანად არის მიჩნეული. ჯერჯერობით ყველა, ვისაც ქართულ ოპოზიციაში ვხედავთ, არიან ადამიანები, რომელთაც ვერ მოუნახავთ საერთო ენა და ერთობლივი მოქმედებისთვის თავი არ დაუდგამთ, საკმაოდ უცნაურნი და ხშირად უაღრესად კომპრომენტირებულები არიან. შეიძლება ქართულ ოპოზიციაში ბევრია კარგი და შესანიშნავი ადამიანი, მაგრამ მე საგანგებოდ არ შემისწავლია ქართული შიდა ოპოზიცია. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა: თუ ქალბატონი ბურჯანაძე ხელისუფლებაში მოვა, ეს რუსეთისთვის სააკაშვილზე გაცილებით უარესი იქნება, რადგან პოლიტიკა არანაკლებ ანტირუსული იქნება.
ესაუბრა
ქეთა სოხაძე
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here