Home რუბრიკები საზოგადოება პრეზიდენტი, დაცვის უფროსი, თურქი ბიზნესმენი და სიყვარული «ინტურისტში»

პრეზიდენტი, დაცვის უფროსი, თურქი ბიზნესმენი და სიყვარული «ინტურისტში»

643

GEWORLD.GE:
მიხეილ სააკაშვილის უაზრო ხუნტრუცობის, თავაშვებული ღრეობებისა და გიჟობანას შესახებ იმდენი ითქვა და დაიწერა, რომ ბევრი ისტორია ლეგენდად შემორჩება და შთამომავლობიდან შთამომავლობას გადაეცემა. მოკლედ, პერსონაჟი სახელად «პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი» ქართულ ეპოსს უეჭველად შემორჩება ზღაპრებისა თუ თქმულებების სახით.
საგულისხმოა, რომ ახლა «ნაციონალებიც» კი აღარ მალავენ თავიანთი დიდბელადის უმსგავს, გაუწონასწორებელ და, არათუ პრეზიდენტისთვის, უბრალოდ, მოწიფული მამაკაცისთვის შეუფერებელ საქციელს. დიახ, ჯერჯერობით «ნაციონალური წვრილფეხობა» უკვე ხმამაღლა ლაპარაკობს იმაზე, რაც საკუთარი თვალით უნახავს _ პრეზიდენტის სამარცხვინო საქციელი. ერთ-ერთი ასეთი პიროვნება, რომელიც ამჟამადაც მამალ «ნაციონალად» ითვლება, თავად დამიკავშირდა და მიშას მორიგი გიჟმაჟური თავგადასავალი მომითხრო.

ეს ამბავი ბათუმში, სასტუმრო «ინტურისტში» მოხდა ზუსტად იმ დღეს, როცა ინგლისში მოღვაწე ქართველი მომღერალი ქეთი მელუა ბათუმის ბულვარში კონცერტს მართავდა, ანუ 2009 წლის ივლისში.
«საქართველო და მსოფლიო», მოგეხსენებათ, ინკოგნიტო რესპონდენტების მონათხრობს და, მით უმეტეს, ასეთ დელიკატურ თემაზე, არ აქვეყნებს ხოლმე. მაგრამ ამჯერად გადავწყვიტეთ, თქვენთვისაც გაგვეცნო ერთი «ნაცურ-ანცური» ისტორია. ბუნებრივია, ყველა ინფორმაციას გადამოწმება სჭირდება, თუმცა, ვინ, რომელი ჩინოვნიკი თუ სასტუმროს თანამშრომელი დაგვიდასტურებდა? ამიტომაც გთავაზობთ უცვლელად და დასკვნები თქვენ თვითონ გამოიტანეთ, რამდენად შეესაბამება სიმართლეს, ანდა შეიძლებოდა თუ არა, მსგავსი რამ მომხდარიყო.
მოკლედ, ქეთი მელუას კონცერტზე მთელი «ნაცელიტა» გაემგზავრა. იმჟამად ჯერ დასრულებული არ იყო ბათუმის «რადისონი», «მერიოტი» და სხვა სასტუმროები, ყველაზე უკეთესი და პრესტიჟული ახლადგარემონტებულ-გადაკეთებული «ინტურისტი» იყო, ამიტომაც მთელმა ნაცბომონდმა «ინტურისტში» მოიყარა თავი. იქვე დაბინავდა მიხეილ სააკაშვილიც, რომელიც ცოლ-შვილის გარეშე იმყოფებოდა ბათუმში.
ვიდრე ჩვენს რესპონდენტს მოვუსმენთ, მანამდე განვმარტავ, _ ეს კაცი პრესით გამოჩენას ყველასთვის გასაგები მიზეზის გამო ერიდება _ არ სურს, ჩვენმა ძალოვანებმა საკუთარი გვარ-სახელი დაავიწყონ, ოჯახი და სანათესაო აუწიოკონ და თავად ციხეში გამოამწყვდიონ, შესაძლოა, რეაქტიული ბომბდამშენის სახლის სარდაფში გადამალვის ბრალდებით. ახლა კი მოვუსმინოთ:
_ მე არანაირ ოფიციალურ დელეგაციაში არ შევდიოდი თავიდან, მაგრამ ძალიან მინდოდა ქეთი მელუას კონცერტზე დასწრება. ცოლი წავიყვანე და ჩავედი ბათუმში. ჩვენ სულ სხვა სასტუმროში დავბინავდით, თუმცა «ინტურისტში» ცხოვრობდნენ ჩემი მეგობრები, თანამშრომლები და მათთან მივდიოდი, ერთად ვსვამდით, ვერთობოდით. კონცერტამდე ორი დღით ადრე ჩავედით ყველანი. გეხსომებათ, მელუას კონცერტი ბულვარში, ღია ცის ქვეშ გაიმართა. კონცერტის დაწყებამდე გაწვიმდა, ცელოფნები დაგვირიგეს, მაგრამ, ვისაც ქოლგა არ გვქონდა, ამან ვერ გვიშველა. მელუამ რეპერტუარი შეამოკლა, ნახევარი საათით ადრე დაამთავრა კონცერტი და მე და ჩემი მეუღლე მაშინვე სასტუმროში წავედით მანქანით. ჩვენი სასტუმროც იქვე იყო, «ინტურისტთან» ახლოს. სველი ტანისამოსი გამოვიცვალეთ, წვიმამ გადაიღო და ფეხით წავედით «ინტურისტში». იქ ცოტა დავლიეთ, კარგი დრო გავატარეთ.
შუა ქეიფში ვიყავით, ცოტა თავი ამტკივდა და რესტორნიდან სუფთა ჰაერზე გამოვედი, 10 წუთი სასტუმროს ეზოში ვიდექი, მერე ჰოლში შევედი, სავარძელში ჩავჯექი, 10 წუთიც აქ ვიჯდები და მერე შევბრუნდები რესტორანში-მეთქი. ამ დროს შემოიშხუილა სააკაშვილმა, უკან დაცვა მოჰყვება, სულ უკან _ ალანა გაგლოევა. კი, «ნაციონალი» ვარ, სახელმწიფო სამსახურში ვმუშაობ, მაგრამ, «ცოცხალი პრეზიდენტის» ნახვა იშვიათად მიწევს. გავაყოლე თვალი. მიშა და ალანა ცალკე ლიფტით ავიდნენ _ ჯერ მიშა შევიდა ლიფტში, მერე _ ალანა. დაცვის 4 წევრი აჰყვა მათ მეორე ლიფტით.
დაცვის ბიჭებს რა სიფათები ჰქონდათ, იცი? გასაცოდავებული, გადაღლილები _ უკვე, სადღაც, ღამის 12 საათია, შეიძლება, _ მეტიც, და მთელი დღე მიშას დევნაში, აბა, რა მოუვიდოდათ? დაცვამ იფიქრა, ახლა კი გვეშველა ყველასო, თურმე ისინიც შევიდნენ ნომრებში, შხაპს მივიღებთ, ცოტას ამოვისუნთქებთო. ზოგი მისავათებული წამოწვა დასასვენებლად. ეს მერე გავიგე, რომ ასე იყო, თუმცა, რასაც ახლა გეტყვი, იქიდან ყველა ამავე დასკვნას გააკეთებს.
20 წუთია, ალბათ, გასული, რაც «დელეგაცია» მაღლა ავიდა. მე სიგარეტს ვეწევი და წუთი-წუთზე უნდა შევბრუნდე რესტორანში. ამ დროს იღება ლიფტის კარი, მიშა გამოდის, ჩამიქროლა გვერდით, თან სპორტულ მაისურს იცვამს და ისწორებს. რესტორნის შესასვლელთან ვიჯექი. გაიღო მეორე ლიფტის კარი და მორბის დაცვის ორი წევრი, ერთი შარვლის ღილებს იკრავს, მეორე პერანგისას და თან შარვალში იტანიებს ამ პერანგს, ეგ რა არის. ამათ ლიფტით მოასწრეს ჩამოსვლა. ეს ორი მოწესრიგდა, შედიან რესტორანში და თან რაციაზე რაღაცას ლაპარაკობენ. კიბეზე ჩამოირბინა დაცვის მესამე წევრმა (გინდ დამიჯერე, გინდ _ არა), პერანგი უკუღმა ეცვა, კიბე ჩამოათავა, გაიხადა, შეატრიალა, წაღმა ჩაიცვა, ჩაიკეცა შარვალში, ქამარი შეიკრა და შევარდა ისიც რესტორანში. ისეთ დღეში ვარ, არ ვიცი, გავიცინო თუ არა. მაგრამ მეოთხე უნდა გენახა. ჩამოირბინა იმანაც კიბეზე, «ბრეტელებიანი» თეთრი მაისურით, ხელში უჭირავს პერანგი, ქამარი _ კაბურით და შიგ იარაღით, რაცია და მხარზე ჰკიდია თეთრი პირსახოცი ოქროსფერი წარწერით «intourist». ეტყობა, შხაპი მიიღო, როცა რაციით უთხრეს, სააკაშვილი დაბლა ჩადისო, რისი ჩაცმაც მოასწრო, მოასწრო, რისიც ვერა და, კი გითხარი, ხელში ეჭირა. თმა სველი ჰქონდა, ეტყობა, პირსახოცით იმშრალებდა გზა და გზა _ კიბეზე. მეხუთე სართულზეა «ინტურისტში» საპრეზიდენტო ნომერი და ხუთი სართული იმშრალებდა. ამანაც ჩაიცვა პერანგი, ქამარი შემოირტყა, პირსახოცი ურნაში ჩააგდო და შევარდა რესტორანში. გაოგნებული ვიყავი. ათიოდე წუთი გავიდა და ალანა გაგლოევა ჩამოვიდა ლიფტით, გავიდა რესტორნიდან, იქ მანქანა ელოდებოდა, ჩაჯდა და სადღაც წავიდა.
_ რატომ დაემართათ ასეთი ელეთ-მელეთი მიშას და მის დაცვას?
_ ეგ რესტორანში შესვლის მერე გავარკვიე ნაწილობრივ, სრულიად კი, _ შემდეგ დღეებში. შევედი რესტორანში…
_ ვიდრე რესტორანში შეხვალ, ის მითხარი, შენ გარდა, ამ სეირს სხვაც ხომ არ უცქერდა?
_ კი, სასტუმროს რეგისტრატორი გოგონები, მგონი, სამნი იყვნენ, მე რეგისტრატურის წინ ვიჯექი და მათ გაოცებულ სიფათებსაც მოვკარი თვალი. იქვეა რომელიღაც ბანკის წარმომადგენლობა. ერთი გოგონაც იქ იჯდა. მინიმუმ ხუთმა კაცმა ვნახეთ ეს უფასო სანახაობა.
_ ახლა რესტორანში რა მოხდა, ის მითხარი.
_ შევედი რესტორანში, ჩემს მაგიდასთან ვიდრე მივიდოდი, დავინახე, ერთ მაგიდას უსხედან სააკაშვილი, ლევან ვარშალომიძე, მათ შუაში _ ვიღაც ულვაშებიანი ტიპი, ზურგით კი ორნი სხედან. ორი მაგიდა, მათ გვერდით და წინ, დაცვას უკავია. ახლა უკვე 6 კაცი იყო დაცვა. დავჯექი ჩემს ადგილას. მე არ ვყვები არაფერს, ისე ვიკითხე, ეს ვარშალომიძე აქ საიდან გაჩნდა-მეთქი. ცოტა ხნის წინ შემოვიდა, იმ 3 კაცს თურქულად ელაპარაკებოდაო.
თურმე რაში ყოფილა საქმე: ის ულვაშა, მიშას და ლევანის შუაში რომ უჯდა, თურქი ბიზნესმენი ყოფილა, ორნი _ მისი თანხმლებნი. სააკაშვილს ამ ბიზნესმენთან «ინტურისტში» შეხვედრა ჰქონია დანიშნული. ეს სწორედ ის თურქია, «შერატონი» რომ ააშენა მისმა კომპანიამ. ცხადია, მაგიდაც შეკვეთილი ჰქონდათ. მოვიდნენ ვარშალომიძე და ეს თურქი ბიზნესმენი, დასხდნენ, ელოდებიან მიშას, მიშა კი არ მოდის… ვარშალომიძემ დაურეკა მიშას, მოვიყვანე ეს კაცი და გელოდებითო. მიშას დავიწყებია ეს შეხვედრა, გართობა მოუნდა საპრეზიდენტო ნომერში, ეტყობა. სასწრაფოდ ჩაიცვა…
_ გახდილი იყო ნომერში?
_ აბა, რა იყო?! მთელი სასტუმრო და მთელი ბათუმი ლაპარაკობდა მეორე დღეს… მიშამ ლამის თურქი ბიზნესმენი გადააგდოო. მე აქამდე ეს ამბავი არავისთვის მომიყოლია, ეტყობა, სასტუმროს თანამშრომლებმა გაახმაურეს. ხომ გითხარი, ჩემ გარდა, მინიმუმ, ოთხმა კაცმა ნახა ეს «კონცერტი». ახლა, დაცვის იმ ორ ბიჭს ვინ შეეჩეხა კიბეზე _ სასტუმროს თანამშრომელი ან სტუმარი, ვინ იცის? ან იმ მეხუთე სართულზე იქნებ ვინმემ კიდევ ნახა ამათი გიჟობანა? სასტუმროს მომსახურე პერსონალი ხომ იქნებოდა უეჭველი იქ, პრეზიდენტის ნომერში, ეგებ რამე დასჭირდეს? თან პირადი დაცვის 4 წევრიც ნომრებშია.
ახლა ისევ საპრეზიდენტო ნომერს დავუბრუნდეთ. ვარშალომიძემ მიშას დაურეკა, _ გელოდებითო. მიშა სასწრაფოდ გამოვიდა ნომრიდან. ამ დროს დაცვის უფროსი მოპირდაპირე ნომერშია, კარი ღია აქვს, ფეხზე და ტანთ გახდილი აქვს და ისვენებს.
_ ეგ საიდან იცი?
_ ვიცი, ბევრი რამე ვიცი. დაცვის უფროსმა რაციაში ჩასძახა _ «ობიექტი #1 დაიძრა»! აი, ამის მერე ატყდა ის ალიაქოთი. ლიფტიდან ორი კაცი რომ გამოვარდა გიჟივით, ერთი მათგანი პირადი დაცვის უფროსია. ისიც გავიგე, რომ კიბეზე რომ მორბოდა დაცვის ორი წევრი, ერთს ფეხი გადაბრუნებია, კინაღამ მოუტეხია. მეორე დღეს, კოჭგასიებული თბილისში გამოისტუმრეს და სხვამ ჩაანაცვლა.
_ ბოლოს და ბოლოს, შედგა მოლაპარაკება სააკაშვილსა და იმ თურქ ბიზნესმენს შორის?
_ კი, ალბათ, მოილაპარაკეს, ფაქტია, სასტუმრო იმ კაცმა ააშენა.
ერთსაც გეტყვი და დავამთავრებ. რესტორანში ვართ ერთად და უკრაინელი ჟურნალისტები შემოვიდნენ, პრესის ჟურნალისტები. ჩემ გვერდით მაგიდასთან დასხდნენ. სააკაშვილი დაინახეს და თვალებს არ უჯერებდნენ _ ეს მიშაა თუ არაო. მიშაა-მეთქი, _ ვუთხარი. ნახე, რა უშუალო ადამიანია, ჩვეულებრივ სასტუმროში, რესტორანში ზის, ჩვეულებრივად ჭამს, სვამსო. მერე იკითხეს, რომ ვთხოვოთ, სურათს გადაიღებს ჩვენთანო? კი, მიდით, გადაიღებს-მეთქი. სამი გოგო და ერთი ბიჭი იყვნენ _ შორტებში, ბოტასებში, მაისურებში… მივიდნენ. მიშამ მართლა გადაიღო მათთან სურათები. ვარშალომიძე უღებდა იმათი აპარატურით. დაბრუნდნენ ეს ჟურნალისტები უკან, დასხდნენ თავიანთ მაგიდასთან და აჭყლოპინებულები არიან, _ რა მაგარი პრეზიდენტი გყავთ, იუშჩენკოს ჯერ ხომ ვერსად წააწყდები და, შორტებსა და ბოტასებში რომ იყო და სურათის გადაღება სთხოვო, ხომ გაგიხეთქა თავი მისმა დაცვამო. გულში ვიფიქრე, იუშჩენკო სერიოზული კაცია, მიშა ტინგიცაა, თქვენ ის გენახათ, რაც მე ვნახე ფოიეში, სხვანაირად იჭიკჭიკებდით-მეთქი.
მერე, სხვათა შორის, ვინც დარბაზში იყო, ყველამ გადაიღო მიშასთან სურათები. არა, უშუალო არის, მაგრამ რა ხეირი?
_ აქამდე რატომ არ მოუყევი ჟურნალისტებს ეს ამბავი?
_ მეშინოდა, რადგან ვიცი, რომ ყველა სასტუმროში უამრავი ვიდეოთვალია დამონტაჟებული და ამ ჩანაწერებს გარკვეული პერიოდის მანძილზე ინახავენ. ახლა, თუ ყვები, რეალურად უნდა მოყვე _ სად, როდის მოხდა ყველაფერი, არა? ზღაპრებს ხომ არ მოვყვებოდი? სიმართლე მეთქვა და ამოქექავდნენ იმ დღის ჩანაწერს, რა ძნელი მისაგნებია _ ქეთი მელუას კონცერტი როდის იყო, რა უნდა მაგის გაგებას? დაატრიალებდნენ იმ ჩანაწერს, ის ხომ იქნება დაფიქსირებული, პრეზიდენტი როდის შევიდა და გამოვიდა სასტუმროდან და მორჩა, იოლად ნახავდნენ იმასაც, ვინც იჯდა ჰოლში, ვინ აბოლებდა სიგარეტს და ვინ ნახა ეს ყველაფერი. ახლა, უკვე იმდენი ხანი გავიდა, დარწმუნებული ვარ, რომ იმ დღის ჩანაწერი აღარ ექნებათ.
_ სხვა საინტერესო დეტალებსაც ხომ არ გაიხსენებთ იმ სკანდალური საღამოდან?
_ რაც ვნახე, ყველაფერი მოგიყევი, მეტი აღარაფერი მახსენდება. ისე, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მიშას და მისი კამპანიის ტუტუცობებს შევესწარი, სხვა დროსაც მინახავს უცნაური, პრეზიდენტისთვის, მინისტრისთვის, დეპუტატისთვის თუ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნისთვის შეუფერებელიო საქციელი. მაგრამ «ბრეტელებიან» «მაიკებში» პრეზიდენტის დაცვის უფროსი, დაცვის წევრები, თან პირსახოცით ხელში და ელვაგახსნილი შარვლებით პირველად ვნახე. «მაიკებიანი» დაცვის ბიჭები ჰოლივუდურ ფილმებში მყავდა ნანახი, ისიც იმ დროს, როცა ფილმში პრეზიდენტს ტერაქტს უწყობენ ან უცხოპლანეტელებთან ომი იწყება. აი, მიშამ კი ეს ყველაფერი «ლაივში» მანახა. მართლა მაგარია მიშა, აბა, რა არის?!
ჯაბა ლეონიძე
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here